სიახლეები

რას გვიამბობენ თითები

02.05.2015 • 2010
რას გვიამბობენ თითები

მერი ჯაღათაშვილი

„მყავს მეუღლე, რვა წლის შვილი და მეგობრები, რომლებიც ჩემსავით ჟესტების ენით საუბრობენ. რომ არ მოვიწყინოთ, ვცდილობთ, ცხოვრება ჩვენ თვითონ გავიმრავალფეროვნოთ. პრობლემების მიუხედავად მაინც ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას და საუბარს“, – ამბობს მერი ჯაღათაშვილი. მას ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შევხვდით. ის სკოლის მოხალისე მოსწავლეებს ჟესტების ენას ასწავლის.

„ეს გაკვეთილები ბედის საჩუქარია“, – ამბობს მერი. ის ერთ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და ასე დაიწყო ყველაფერი.

„ნინო ჩემით დაინტერესდა და ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა. ახლა აქ ვარ და სკოლის მოსწავლეებს ჟესტებით საუბარს ვასწავლი. ბედნიერი ვარ, რადგან მათ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ“.

მერი თერთმეტი წელი სწავლობდა თბილისში, სპეციალურ სკოლაში, თუმცა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო:

„ოჯახი ბათუმში შევქმენი და ახლა ამ ქალაქში ვცხოვრობ. რადგან სმენის პრობლემები მაქვს, სწავლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. პროფესია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ფიზიკური სამუშაო შევასრულო, თუმცა სამსახური მაინც არ არის. სმენის არმქონე თითქმის ყველა ადამიანი დაუსაქმებელია. ორი თუ სამი ადამიანი ვიცი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, სულ ეს არის“, – ამბობს მერი.

მერის იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან ისეთი დამსაქმებლები, რომლებიც მათ ელემენტარულ სამუშაოს მაინც მისცემენ და სახელმწიფო შემწეობაზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი.

„გვითხრეს, რომ ახალი სასტუმრო აშენდა და ოცამდე სმენადაქვეითებულს დაგვპირდნენ დასაქმებას. ვნახოთ რა გამოვა. ბევრ ადგილზე მითხრეს უარი. პენსია ასი ლარი მაქვს და სოციალურ დახმარებას ვიღებ – ეს არის ჩემი შემოსავალი. ჩემს შვილს სმენითი პრობლემები არ აქვს, ამიტომ მინდა მას კარგი განათლება მივცე“, – გვეუბნება მერი.

სმენადაქვეითებული ადამიანების სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ. მერი ამბობს, რომ სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაც პირობითია:
„წლების წინ აბუსერიძის ქუჩაზე ყოფილი საწარმოს შენობაში ერთი ოთახი იყო გამოყოფილი და დღესაც ამ ოთახში ვიკრიბებით ხოლმე. იქ ერთი ტელევიზორი დგას და გვპირდებიან კომპიუტერსაც. სხვა განსაკუთრებული ჩვენთვის არაფერია“.

მერისთან საუბარში ჟესტების ენის სპეციალისტი შორენა ლომაძე გვეხმარება. ის ამბობს, რომ ამ ერთ ოთახში ზოგჯერ სმენის პრობლემების მქონე ადამიანები ფილმებსაც უყურებენ, ის კი მათ შინაარსის გაგებაში ეხმარება.

„ვისაც სკოლის განათლება აქვს, მათ წერა-კითხვა შეუძლიათ, თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან და მათთვის ძალიან რთულია კომუნიკაცია“, – ამბობს შორენა ლომაძე.

იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც ჟესტების ენა არ იცის, მერის სწორედ ანბანის ცოდნა ეხმარება:

„თუ ძალიან გამიჭირდა და ვერ მივახვედრე რა მინდა, ვთქვათ, მაღაზიაში ან ბაზარში, ფურცელზე ან ტელეფონში ვწერ და ვაჩვენებ. ბუნებრივია, ვერავის დავავალდებულებ, რომ ჟესტების ენა ისწავლოს. ეს, უბრალოდ, თანადგომის ამბავია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს ბავშვები დაინტერესდნენ, ისინი მომავლის თაობაა და დროთა განმავლობაში ალბათ ჩვენც უფრო მეტ ადამიანთან შევძლებთ ურთიერთობას“, – ამბობს მერი.

ნინო ჩხაიძე მერისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს: „ჟესტურ ენაზე ფიქრი მერის გაცნობის შემდეგ დავიწყე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთი აქცია იყო, გამაჩერა და ხელებით მეკითხებოდა რა ხდებაო. ძალიან შევწუხდი, რომ არ შემეძლო ახსნა“.

ნინო ამ ამბის შემდეგ მერის კიდევ დაუკავშირდა და რამდენჯერმე შეხვდნენ. „ვთხოვე, ესწავლებინა ჟესტების ენა. ხან სახლში დავდიოდი მასთან, ხან კაფეში მივდიოდით ერთად, მერე ოფისშიც მოვიდა. ჟესტების სწავლის საჭიროება რეალურად გაჩნდა“.

ნინო ამბობს, რომ მერის ახალი მეგობრების შეძენის ალტერნატივა არ ჰქონდა და მაშინ მიხვდა, რომ რაღაცის შეცვლა აუცილებელი იყო.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, თუ ვის უნდა აეღო შშმ პირთა კლუბის ორგანიზება და ჩვენ შეგვარჩიეს. ამ პროგრამაში საბაზისო დონეზე ჩავდეთ მოსწავლეებისთვის ჟესტების ენის შესწავლა, რადგან ისინი ყველაზე მოტივირებული და ენერგიულები არიან“.

ჟესტების ენის შესწავლის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

„ვინც გამოგვეხმაურა, მივიღეთ. ბათუმის თითქმის ყველა სკოლიდან ორ-ორი მოსწავლე შევარჩიეთ. აპრილის ბოლოს ამ მოსწავლეებმა ჟესტების ენაზე ღონისძიება უნდა გააკეთონ და ტემპი ისეთია, რომ ალბათ წარმატებული იქნება“.

ნინო ამბობს, რომ სახელმწიფოს შშმ პირების მიმართ ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ რეალურად მათი საჭიროებებისთვის ნაკლები კეთდება.
„ჟესტების ენის შესასწავლი პროექტი ჩვენთან დასრულდა. თუმცა, თუ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იქნება, ალბათ სახელმწიფოც მეტ ყურადღებას გამოიჩენს“.

ყველაზე მთავარი, როგორც ნინო ამბობს, ამ ყველაფერში არის ის, რომ ხვალ მერის ახალი მეგობრები ქუჩაში შეხვდებიან, ჟესტების ენით მიესალმებიან და მოიკითხავენ. „ურთიერთობის დასაწყისისთვის ეს საკმარისია, ამ ურთიერთობის გაგრძელების სურვილი კი, თავისით ჩნდება“.

გადაბეჭდვის წესი