არაგონივრული ხელფასები სახელმწიფო საწარმოებში

 

სახელმწიფო შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ იგივე „ხოფის ბაზრობა უარს ამბობს ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციიის გასაჯაროებაზე
სახელმწიფო შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ იგივე „ხოფის ბაზრობა უარს ამბობს ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციიის გასაჯაროებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ `სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის“ მიხედვით, სახელმწიფო წილობრივი მონაცემებით შექმნილი საწარმოების მართვის დაგეგმილი წესი ბევრ გამოწვევასთან ერთად კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. აუდიტის სამსახური მიუთითებს იმაზე, რომ საწარმოს ხელმძღვანელები პირადი შეხედულებით განკარგავენ თანხას. ამ ტიპის დაწესებულებებში თანამშრომლებს ძირითადად არ არჩევენ კონკურსის წესით, არ აქვთ წინასწარ დამტკიცებული შტატების რაოდენობა, არ ახასიათებთ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე ისეთი სახელმწიფო საწარმო, რომელთა ხელმძღვანელების ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერის ერთად აღებულ ანაზღაურებაზე ბევრად მაღალია. (პრეზიდენტის ხელფასი 6 900 ლარია, ხოლო პრემიერ-მინისტრის – 4 250 ლარი).

 

აუდიტორის შეფასებით, საწარმოების ხელმძღვანელი პირები შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ: „შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებად უნდა ჩაითვალოს თანხა, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს (სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) იმყოფება ფონდის მფლობელობაში და მართვის უფლებით გადაცემული აქვს ენერგეტიკის სამინისტროს) ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა 2012-2013 წლებში აიღო. 2012 წელს ადმინისტრაციის სამმა თანამშრომელმა 361.5 ათასი ლარი, ხოლო 2013 წელს – ორმა თანამშრომელმა 327.4 ათასი ლარი აიღო“.

 

აუდიტის ანგარიშში მითითებული არ არის არც ერთი იმ პირის სახელი, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ზემოთ დასახელებული სოლიდური თანხა მიიღეს.

 

2013 წლის სექტემბრიდან ესკოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა. შესაბამისად, ვახტანგ ამბოკაძეს წელიწადში მინიმუმ 163 700 ლარი, ანუ ყოველთვიურად 13 641 ლარი უნდა ჰქონდეს მიღებული.

 

აუდიტის სამსახური პირდაპირ წერს, რომ ამ ოდენობის თანხის აღება ერთი პირის მიერ მინიმუმ არაგონივრულია. უფრო მეტიც, აუდიტორის აზრით, „აღნიშნულ საწარმოს მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს – მისი საქმიანობის მიზანი საბალანსო ელექტროენერგიის წარმოებაა და მოგების გაზრდაზე ნაკლებად არის ორიენტირებული, მაგალითად, 2013 წლის მოგებამ დაახლოებით 909 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, საწარმოს კომერციული თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოუტანია, თავისი ფუნქციის – საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა, გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა-განხორციელებისათვის ასეთი ოდენობის შრომის ანაზღაურების აღება არაგონივრულად უნდა ჩაითვალოს“.

 

ამ ერთი კონკრეტული მაგალითიდანაც კი ნათლად ჩანს, თუ რა სახის პრობლემა არსებობს სახელმწიფო შპს-ებთან მიმართებაში. საქართველოში კი გაცილებით მაღალშემოსავლიანი საწარმოებიც არსებობს, ვიდრე ესკოა, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია საქართველოს რკინიგზა. ამ ორგანიზაციას არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში თავისი ხარჯებისა თუ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არასდროს გაუსაჯაროებია.

 

ანალოგიური სურათია აჭარის ავტონომიასა თუ მუნიციპალიტეტებში. 2012 წელს აჭარაში 97 საწარმო არსებობდა, სადაც 4 472 ადამიანი მუშაობდა. მათ ხელფასებში 25.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აუდიტის ინფორმაციით, ამ საწარმოებმა წელი 3.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. მართალია, 2013 წელს მდგომარეობა შეიცვალა – საწარმოების რაოდენობა 63-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა – 671-მდე, ხოლო მათ ხელფასებში ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათთვის 2013 წელიც ზარალით დასრულდა – ზარალმა ზუსტად 400 ათასი ლარი შეადგინა.

 

სწორედ ამ ტენდენციაზე მიანიშნებს აუდიტორი, როდესაც წერს, რომ საწარმოები ცდილობენ, თავიანთი შემოსავლები მაქსიმალურად თავადვე აითვისონ ხელფასებსა თუ სხვა საჭიროებებში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოებისა, აუდიტორი სხვა შემთხვევებსაც განიხილავს, რაც კონკრეტულად აჭარას უკავშირდება. აუდიტის სამსახური 2015 წლის 29 იანვრის ფინანსური და შესაბამისობის ანგარიშში შპს „ბათუმის #1 პოლიკლინიკაზე“  წერს: „პოლიკლინიკის 2013 წლის შემოსავალი იყო 1 313 865 ლარი“. ამ საწარმოს ძირითადი ფინანსური წყარო სახელმწიფო პროგრამაა – 683 106 ლარი.

 

დასკვნაში საუბარია პოლიკლინიკის დირექტორის, თენგიზ შერვაშიძის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელფასს ეხება. დასკვნაში ვკითხულობთ: „დირექტორის 2013 წლის ხელფასმა შეადგინა 37 037 ლარი, საიდანაც პარტნიორის მიერ დანიშნული ხელფასი შეადგენს 14 400 ლარს, ხოლო დანარჩენის… დარიცხვა და გაცემა განხორციელებულია პარტნიორთან შეთანხმების გარეშე“.

 

ბათუმის „#1 პოლიკლინიკის დირექტორის“ ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის განმავლობაში 3 086 ლარი ყოფილა.

 

თენგიზ შერვაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას და ამის შესახებ მათ წერილობითაც აცნობა. საწარმოს დირექტორმა მეტი განმარტების მოცემა მოუცლელობის მიზეზით არ ისურვა. „დამირეკეთ ორშაბათს“, – თქვა მან.

 

თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს აუდიტორი „ბათუმის ბულვარსაც“.

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2012-2013 წელბში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები მათი გამოშვების წლებისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით 21 118 ლარის ფულადი სახსრების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

 

ბულვარის დირექტორი გიორგი ზირაქიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მითითებულ წლებში გარემონტებული მანქანა დღემდე მუშაობს. საანგარიშო პერიოდში ბულვარის ხელმძღვანელი ვანო ჭეიშვილი იყო.

 

კიდევ ერთი საწარმო, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, არის შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, რომელიც ბათუმში ცნობილია, როგორც  „ხოფის ბაზრობა“. საწარმოს დირექტორი არჩილ კახიძე პარალელურად კიდევ ერთი სახელმწიფო საწარმოს – შპს „აჭარინტერავტოსერვისის“ დირექტორიცაა. ის უარს ამბობს ბაზრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციის დასახელებაზე. „ციფრებს ვერ მოგცემთ, რა მოგება გვრჩება, რამდენს ვიხდით ბიუჯეტში. გეტყვით ერთს, რომ ყოველწლიურად მატება გვაქვს 5-7%-ით“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ კახაძემ. დირექტორის შეთავაზება ბიუჯეტში შენატანებისა თუ მოგების შესახებ ინფორმაციის წერილობით გამოთხოვაზე, საბოლოო ჯამში უარით დასრულდა. „მიმართეთ სამინისტროს და იმან მოგაწოდოთ ინფორმაცია, მე ციფრებს ვერ გეტყვით“, – გვითხრა დირექტორმა.

 

ამ საწარმოს მიერ თუნდაც ბიუჯეტში შენატანების გასაჯაროებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც უარი თქვეს. უარის თქმის არგუმენტი – „ეს საწარმოს კომერციული საიდუმლოებაა“.

 

„ხოფის ბაზრობის“ მოქმედი დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზრობას 1400 ობიექტთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

 

შპს Goderdzi Resorts (ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი) –   ესეც სახელმწიფო საწარმოა, რომელიც ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. საწარმო გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტს აშენებს. კომპანიის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე თავის დამფუძნებელთან შეთანხმებით  „ბათუმელების“ ყველა კითხვას პასუხობს. ამ თვალსაზრისით ის გამონაკლისია, თუმცა, კომპანიას ჯერ საკუთარი შემოსავლები ანუ „კომერციული საიდუმლოებები“ არც გააჩნია. გასულ წელს კომპანიას აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

 

„ჩვენ საჯარო უწყება არ ვართ და არ გვავალებს კანონი გვქონდეს დამტკიცებული საშტატო განრიგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს საშტატო განრიგი. ამ ეტაპზე აუცილებელი პერსონალია დასაქმებული, – დირექტორის ჩათვლით 18 ადამიანი მუშაობს. საშტატო განრიგი კი, დაახლოებით 50 ადამიანზეა. 2013 წელს დასაქმებული პერსონალი მეტი იყო, სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიას ეხმარებოდა ადგილობრივი მუშახელი“, – ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

 

დირექტორის თქმით, საზოგადოებას შიდა აუდიტის სამსახური არ ჰყავს: „ამას არც კანონი გვავალდებულებს, რადგან არ ვართ საჯარო უწყება, მაგრამ ყოველწლიურად ჩვენი დამფუძნებლის შიდააუდიტი გვამოწმებს“.

 

ჯემალ ბოლქვაძე აცხადებს, რომ საწარმო წელს ჯამში ნახევარმილიონიანი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: `ტენდერს გამოვაცხადებთ კეთილმოწყობით სამუშაოებზე. წელს, ზამთრის სეზონზე, კურორტი სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას – კურორტს ერთდროულად შეუძლია ღამისთევით 120 ადამიანი განათავსოს. ენერგო, წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა, სათხილამურო, საბაგირო გზები კი, 3500 ადამიანზეა გათვლილი, თუ კერძო სექტორი დაინტერესდება ამ კურორტით“.

 

ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადეს. ამ ფულით მოეწყო საბაგირო გზები, 6 ცალი კოტეჯი… შენდება პერსონალის საცხოვრებელი სახლი. მაღალი შესყიდვიდან გამომდინარე საწარმო ბიუჯეტში ნაღდ ფულს არ იხდის. „დღგ-ში გვაქვს მეტობა და საგადასახადო ვალდებულებებს ამით ვფარავთ“, – ამბობს დირექტორი.

 

თავისი საწარმოები აქვს ბათუმის მერიას და სხვა მუნიციპალიტეტებსაც. ბათუმის მერიაში მათი საწარმოების მუშაობის ამსახველი ინფორმაციის მოწოდებაზე `ბათუმელებს“ ზეპირსიტყვიერად უთხრეს უარი. უარის თქმის მოტივი ამ შემთხვევაშიც „ინფორმაციის კომერციულობაა“.

სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

“გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს დროული, ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიება. შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს გამოძიების სსკ 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარმოების საჭიროება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა და გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

სახელმწიფო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ; მხოლოდ პოსტ–ფაქტუმ განხორციელებული რეაგირება, რასაკვირველია, საკმარისი არ არის.

ასეთი სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სათანადო ფუნქციონირება, რომ ეს არის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით”-წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

დღეს, გამთენიის დაახლოებით 5 საათზე, ქობულეთში სასტუმრი “არმაზი” დაიწვა, ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ხანძრის დროს სამი მოზარდის, დაახლოებით, 10, 11 და 12 წლის ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოზარდები ბათუმში კონცერტის გასამართად ჩამოვიდნენ რუსთავიდან და ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ იყვნენ დაბინავებული. ისინი ანსამბლის წევრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას ქობულეთში მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობაზე. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის, 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები, მასწავლებლები და მოზარდების მშობლები. ხანძრმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“

დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა სასტუმროს მფლობელის, შერმადინ ართმელიძის განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ ბავშვები ნომერში ჩაკეტილი ჰყავდათ

“ნომერში ჩაკეტილი ყავდათ, მე არ ვიცი ვინ ჩაკეტა”– აცხადებს ართმელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ბათუმელებმა” ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მაშველთან გადაამოწმა, რომელიც ქობულეთში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და სასტუმროს შენობიდან ბავშვები გამოიყვანა. კარის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ის არ ადასტურებს.

მაშველი, რომელსაც “ბათუმელები” ესაუბრა, ამბობს, რომ მას ქობულეთში, სასტუმროში გამთენისას მომხდარი ხანძრის ჩაქრობისას ბავშვების ოთახის კარი ჩაკეტილი არ დახვედრია, მისი თქმით,  ბავშვები ჯერ კვამლისგან გაიგუდნენ და გვამები შემდეგ დაიწვა:

„პოლიციის თანამშრომელმა დაინახა ხანძარი, პატრული მივარდა სახანძროში… მესამე სართულზე ასვლა უკვე იყო შეუძლებელი, რადგან ხის კიბე, რომელიც სასტუმროში იყო ჩამოვარდა. მასწავლებლებთან ერთად იყვნენ მშობლებიც, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბავშვებთან ერთად იყვნენ როგორც მასწავლებლები ისე მშობლები. ბავშვები არიან კვამლისგან გაგუდულები. როცა მათ ოთახში შევედით სამივე ერთად იწვა,”– განაცხადა მან.

პრეზიდენტის განცხადება ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

 

გიორგი მარგველაშვილი

დაღუპული სამი მოზარდის მშობლები კი  ამ წუთებში ბათუმში იმყოფებიან. ისინი ექსპერტზის დასრულებას ელოდებიან და ცხედრების ნახვას ითხოვენ.

უბედური შემთხვევა, დღეს გამთენიოს დაახლოებით 5 საათზე მოხდა. ფესტივალზე ანსამბლ “სიხარულის” წევრები  ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები. სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა, სამი მოზარდის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

 

დაღუპული მოზარდის მამა

 

წინასწარი და დაუზუსტებელი ცნობით, [დაღუპულების ნათესავების ცნობით] ბავშვებს ეძინათ ხანძარი კი სასტუმროში კონდიციონერისგან გაჩნდა, სწორედ იმ ოთახში სადაც სამ მოზარდს ეძინა. გამოძიება მიმდინარეობს.

უბედურ შემთხვევას პრემიე-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილიც გამოეხმაურა: “უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.
უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის – 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.
შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს”-წერს ირაკლი ღარიბაშილი სოციალურ ქსელში.

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები ცხედრების ნახვას ითხოვენ

 

ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” 10 მაისს, დილის 5 საათზეგაჩნდა.  ხანძარმა  სასტუმრო მთლიანად გაანადგურა.  ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

 

 

სასტუმრო არმაზი ხანძრის შემდეგ (ფოტო)

 

ნახანძრალი სასტუმრო „არმაზი“ ახლა ასე გამოიყურება
ნახანძრალი სასტუმრო „არმაზი“ ახლა ასე გამოიყურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

ნახანძრალი სასტუმრო „არმაზი“ ახლა ასე გამოიყურება
ნახანძრალი სასტუმრო „არმაზი“ ახლა ასე გამოიყურება

ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან პოლიციელებმა და მაშველებმა 45 ადამიანი ამოიყვანეს

 

ხანძრმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“

 

სასტუმროში მყოფი ადამანების ევაკუაციასა და ხანძრის ჩაქრობაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების ცხრა ჯგუფი მუშაობდა. 

გამგებელი: ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

მოზარდები ბათუმში, კონცერტის გასამართად რუსთავიდან ჩამოვიდნენ და ქობულეთში სასტუმრო არმაზში იყვნენ დაბინავებულები. ისინი ანსამბლის წევრები იყვნენ.

 

თბილისის ”ლელო” საქართველოს ჩემპიონია

 „ლელო“ ფინალში თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდა და 30:21 დაამარცხა. შეხვედრა 9 მაისს, 16:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

l ტაიმი





ll ტაიმი





ფოტოები: საქართველოს რაგბის კავშირი | თამუნა ყულუმბეგაშვილი

ორი ”დინამოს” შეხვედრა ფრედ დასრულდა [ფოტო | ვიდეო]

თბილისის ”დინამო” 0-0 ბათუმის ”დინამო” | 9 მაისი 2015

27-ე ტურში 9 მაისს კიდევ ოთხი თამაში გაიმართა:

„დილა“ 1 – 0 „კოლხეთი 1913“;
„გურია“ 3 – 1 „სამტრედია“;
„ტორპედო“ 1 – 0 „ბოლნისი“;
„ზუგდიდი“ 1 – 1 „ჩიხურა“.

დღევანდელი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გორის „დილა“ იმყოფება, მას მოჰყვებიან ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“. სამივე გუნდს ევროთასებზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს.

ქობულეთი, “ჩელე-არენა” 

ანგარიში

ბათუმში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის მეორე დღე

 

დღეს ბათუმელებისთვის და ფესტივალზე ჩამოსული სტუმრებისთვის ვარდენ არუთინიანი, (Vardan Harutyunyan – (Armenia), რაფ გიოლესიანი (Raf Gyoletsyan – (Armenia), ლუკაზ ზალანკიევიჩი (Lukasz Szalankiewicz – (Poland) და ნიკა მაჩაიძე (Nika Machaidze – (Georgia) დაუკრავენ. Soundspring-ის ბათუმში მეორედ ტარდება და მისი მიზანი მუსიკაში ექსპერიმენტის მნიშვნელობის დაფიქსირება, თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა და მუსიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარებაა. მუსიკალური ფესტივალი აჭარის განათლების, კულტრურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

 

 

ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია გაიყიდება

 

სამთავრობო რეზიდენტია ბობოყვათში

 

“სამთავრობო რეზიდენციასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ის პრივატიზების ობიექტთა ნუსხასი მოხვდებოდა. ბობოყვათის რეზიდენცია კონკრეტული პირობებით უნდა გაიყიდოს. სპეციალური საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში, ინვესტორს აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ დამატებითი თანხის დაბანდება, როგორც მახსოვს დაახლოებით 25 მილიონამდე ინვესტიციაზე იყო საუბარი“ -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


 საქართველოს მთავრობამ, ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად საჯარო უწყებებში „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე“ დაიწყო საუბარი. პარალელურად კი, მთავრობა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქონებას ყიდის. ამ სიაში ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაც მოხდა.

 
ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის დასასვენებელ სანატორიუმად გადაკეთების ინიციატვით 2013 წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გამოვიდა: 

„ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს, ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდი. მინდა, ამიერიდან ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დასასვენებლად გამოვიყენოთ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასასვენებელ სახლად. ალბათ რაღაცებს შეცვლა დაჭირდება ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი სამხედროები ისვენებდნენ  ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი მებრძოლები ჩამოდიოდნენ რეაბილიტაციისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მეომრების ოჯახის წევრები, რომლებმაც თავი შეწირეს სამშობლოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 
 

მთავრობის საჩუქრები 46 ვეტერანს ბათუმში

ღონისძიებაზე ვეტერანებს ყვავილები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.  ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანს გადასცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 14 მეომრის ოჯახის წევრებს – 200 ლარი.
დღესვე კონოთეატრ აპოლოში ფილმის “ჯარისკაცის მამა” ჩვენება გაიმართა, რომელსაც ვეტერანები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სოხუმიდან ბერლინამდე

სერგო ტაბაღუა ომში 1942 წლის დეკემბერში გაიწვიეს. “სამხედრო ტანსაცმელიც კი არ მეცვა, ისე წამიყვანეს. ფეხსაცმელზე კალოშები მქონდა ამოცმული, ასე მაშინ შეძლებული ადამიანები იცვამდნენ, ბევრი ჯარისკაცი კი ქალამნებით იყო წამოსული”, – იხსენებს ის.

90 წლის ყოფილი ეფრეიტორი გვიყვება, რომ გერმანელები იმ დროს მამისონის უღელტეხილზე იყვნენ. “თოფის მსროლელი აღარ იყო დარჩენილი, ამიტომ გამოიძახეს დამატებითი ძალები. სოხუმიდან ლაზარევსკში ფეხით წაგვიყვანეს, 150 კილომეტრის გავლა მოგვიხდა თოვლსა და ყინვაში. ფეხსაცმელები დამეხა, ფეხზე ძვლივს ვიდექი. 10-20 ათასამდე ვირით და ჯორით ეზიდებოდნენ ქვემეხებს. განუწყვეტელ სროლაში ვიყავით. ერთი ბომბი ისე ახლოს დაეცა, ყურის აპკები დამისკდა და სისხლი წამომივიდა. ამ ბრძოლების დროს ჩვენი 200-კაციანი პოლკიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა”.

მამისონის უღელტეხილის გათავისუფლების შემდეგ სამხედრო ნაწილებმა კრასნოდარის მხარეს გადაინაცვლეს: „ირგვლივ, ყველგან მოცელილი ხეები და დაღუპულთა ცხედრები ეყარა. უმძიმესი ბრძოლები გადავიტანეთ ქერჩშიც 1944 წელს. საბრძოლო გამოცდილება ნაკლებად მქონდა, მაგრამ ინტელექტი მეხმარებოდა საბრძოლო დავალებების შესრულებაში. ამის გამო პატივს მცემდნენ. არც ერთი დავალება არ ჩამიგდია” – ამბობს სერგო ტაბაღუა.

ვოიკოვის ქარხანასთან, რომელიც გერმანელებს ეკავათ, შეტაკებები გაიმართა. ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ამ ბრძოლების დროს დაიღუპა. სერგო ტაბაღუა ამბობს, რომ მაშინ გენერლებმა სერიოზული ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს.

“ქვის სამტეხლოებში ასობით ადამიანი ჩახოცეს. აღარ გვქონდა საჭმელ-სასმელი. ღამეები არ გვეძინა. ერთ საღამოს “სილიოტკა” ვჭამეთ და წყალი მოგვწყურდა. ერთი ჭა იყო ჩვენსა და გერმანელებს შორის და ღამით ჩუმად ვიპარებოდით ამ ჭასთან. ერთ საღამოს გერმანელებმა ჩვენი კაცი მოკლეს და ჭაში ჩააგდეს. მეორე რომ გავგზავნეთ, მან მოიტანა წყალი, თუმცა ღამე იყო და ვერ დავინახეთ, რომ წყალი სისხლით იყო სავსე. დილით აღმონაჩინეთ, რომ სისხლიანი წყალი დაგვილევია”.

სამკვირიანი შეტევის შემდეგ გერმანელებმა ქერჩიდან დაიხიეს. “შევვარდით მათ გამთბარ მიწურებში, მაგიდებზე დაყრილი იყო სასმელ-საჭმელი და დავესიეთ ნაშიმშილევი ჯარისკაცები. კამანდირი ყვიროდა – “ხელი არ ახლოთ”, “არ ჭამოთ”, მაგრამ ვინ უსმენდა…”

სერგო ტაბაღუა დაზვერვის ერთ-ერთ ამბავსაც იხსენებს: “ლატვიაში, მდინარე დაუგავაზე უნდა გადავსულიყავით, მეორე მხარე უნდა დაგვეზვერა. მდინარე გაყინული იყო და ზედ მივხოხავდით. როცა ჩამობნელდა, ვეღარაფერი დავინახე, ქათმის სიბრმავე დამემართა. სულ სამი ვიყავით, ერთ-ერთი იყო ლაპანსკოე, შუახნის კაცი, რომელიც მამასავით მყავდა და ძალიან შეწუხდა ამ ამბით. მეორემ უთხრა ჩემზე, მოვკლათ და ჩვენ გავაგრძელოთ გზაო. გაგიჟდა ლაპანსკოე, ფეხზე “პარტიანკები” შემოიხსნა, შუაზე გაჭრა და ხელზე მიმიბა. ასე გადამიყვანა მეორე მხარეს.

შემდეგ იყო პოზნანი. პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც ბრძოლის შედეგად მიწასთან იყო გასწორებული”. “იქ აღარც კი გავჩერებულვართ. ყველგან ნანგრევები იყო” – იხსნებს სერგო ტაბაღუა.

„მე არტილერიის ცალკეულ პოლკში ვიბრძოდი. ეს პოლკი პირდაპირ სტალინს ემორჩილებოდა და კრიტიკული სიტუაციების დროს იყო დამხმარე ძალა. ბოლო შეტევის დროს ჟუკოვის არმიაში მოვხვდი, სწორედ მან გამოიყენა 200 პროჟექტორი ფრონტის ხაზზე, რომელიც მოწინააღმდეგეს თვალს სჭრიდა, ჩვენ კი წინ მივიწევდით. 16-17-18 მაისს ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. გინახავთ ყვავ-ყორნების ომი როდისმე?” – გვეკითხება ვეტერანი და საუბარს აგრძელებს –  „მე მინახავს. ნისკარტებით კლავენ მოწინააღმდეგეს. სწორედ ყვავ-ყორნების ომს ჰგავდა თვითმფრინავების მაშინდელი შეტევა. თვითმფრინავები მე უნდა ამომეღო მიზანში და შემდეგ ნიშანი მიმეცა. წარმოიდგინეთ რა განცდა მექნებოდა, მფრინავების დაჭიმულ სახეებს სულ ახლოდან ვხედავდი და მათი სიცოცხლე დამოკიდებული იყო ჩემს სიტყვებზე,- “არის მიზანი”.

1945 წლის სამი მაისი იყო, როცა სერგო ტაბაღუა ბერლინში შევიდა. “რვაში რაიხსტაგზე ჩემი გვარი დავაწერე. იმდენი წარწერა გაკეთდა ამ კედელზე, წლების შემდეგ რომ ვნახე, ჩემი გვარიდან მარტო “გ” იყო დარჩენილი.

ერთი წელი გერმანიაში დავრჩი. ქარხნებს დემონტაჟს ვუკეთებდით და საბჭოთა კავშირში ვაგზავნიდით. პიანინოებით და ათასგვარი ნივთებით დატვირთული ასობით ეშელონი იგზავნებოდა საბჭოთა კავშირში.

ერთხელ ორი გერმანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დავატყვევე. ის ოფიცერი ომის შემდეგ, ორი ათას ევროს იღებდა პენსიას, ჩვენ კი რასაც ვიღებთ, ყველასთვის ცნობილია. იმ გერმანელმა ოფიცერმა მომძებნა გერმანიაში ყოფნის დროს და წლების განმავლობაში გვქონდა მიმოწერაც. ბოდიშს იხდიდა, ამბობდა, ჰიტლერს არ უნდა ავყოლოდითო”.

ვეტერანი ამბობს, რომ ომის მიუხედავად, აოცებდა გერმანიის განვითარება და სილამაზე: “ვნატრობდი, როდის მივა ჩვენი ქვეყანა აქამდე-მეთქი. ყველა ქუჩა მოასფალტებული იყო, ყველა სოფელში ბუნებრივი გაზი იყო შეყვანილი. ბავშვის ეტლი პირველად იქ დავინახე… არ ვიცი, რატომ ვერ შევძელით ჩვენ დღემდე განვითარება. ალბათ იმის ბრალია, რომ სულ სხვაზე ვიყავით დამოკიდებული და ჩვენი ცხოვრება არ გვქონია”.

ოთხწლიანი ომის მიუხედავად, სერგო ტაბაღუას სამწლიანი სამხედრო სამსახური მაინც მოახდევინეს. „სამხედრო სამედიცინო სასწავლებელში უნდოდათ რომ წავსულიყავი, ჩამრიცხეს კიდეც, მაგრამ მე უარი ვთქვი. არ მინდოდა მთელი ცხოვრება შინელში გამეტარებინა. ამის გამო 12 დღით ნაუბახტშიც ჩამსვეს. ომში წასვლამდე საინჟინროზე მქონდა ჩაბარებული, თუმცა საბოლოოდ ისტორიკოსი გამოვედი და მთელი ჩემი ცხოვრება ომის ამბებზე ვწერდი. დისერტაციაც ომის თემაზე დავიცავი.

საშინელებაა ომი, კაცმა როგორ უნდა მოკლა კაცი, მაგრამ ომში ამას ვერ აანალიზებ. შენ თუ არა, ის მოგკლავს, ეს ომის კანონია. წლები ისე გავიდა, ძილში სულ “агоонь” ვიძახდი და ისე მეღვიძებოდა. მგონია, რომ ასეთი ომი აღარ იქნება”.

90 წლის ვეტერანი განაწყენებულია, რადგან როგორც ამბობს, აჭარის მთავრობამ წიგნის გამოცემაზე უარი უთხრა: “ფინანსები არ გვაქვსო, მითხრეს. ომის შემდეგ 70 წელი ვიცოცხლე. ვალდებული ვარ, იმ ადამიანების ხსოვნაზე ვიზრუნო, ვისი საფლავიც კი არავინ იცის, სადაა”.

ადამიანების ჩხრეკის, დაკავებისა და ქონების დაყადაღების სტატისტიკა ბათუმში

 

წინასწარ გამოძიებაში ასევე 2 საქმე დაბრუნდა; საგამოძიებო ორგანოდან სასამართლოში 380 შუამდგომლობა შევიდა. მათ შორის პირის დაკავებაზე – 74; დაკმაყოფილდა -56. ქონების დაყადაღებაზე შევიდა შუამდგომლობა – 52-ჯერ, დაკმაყოფილდა – 51; ასევე შევიდა სხვა სახის შუამდგომლობა – 22, დაკმაყოფილდა – 18; ჩხრეკაზე შევიდა – 178 შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა – 77.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსამართლეებმა განიხილეს – 330 შუამდგომლობა. მათ შორის პატიმრობაზე შევიდა 132 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 67; გირაოს შეფარდებაზე შევიდა – 180 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 61; გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შევიდა 18 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა -16; აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შევიდა 1 შუამდგომლობა და არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს, სულ სასამართლოში შევიდა 189 საქმე, დასრულდა -168. მეწარმის საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით სასამართლოში შევიდა 11 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 10; არანებაყოფილებითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ შევიდა 2 შუამდგომლობა და ორივე დაკმაყოფილდა. 
სამოქალაქო სამართლის 725 საქმე შევიდა განსახილველად ბათუმის სასამართლოში, დასრულდა 658 საქმე.

ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვება გეორგიევსკის ლენტებით აღნიშნეს

 


“ბათუმელების” კითხვაზე, თუ რატომ აღნიშნავდნენ ფაშიზმზე გამარჯვებას გეორგიევსკის ლენტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ხიდი რუსეთ საქართველოს მეგობრობის” დამფუძნებელი სოსო ქორიძე პასუხობს:

“ისტორიულად ეს ლენტები არის ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო. რიგითი მებრძოლებისთვის იყო დიდების ორდენები, რომელსაც კიდებდნენ მეომრებს. რაის დამპყრობელია ეს. ეს არის განთავისუფლების სიმბოლო.” 


ეორგიევსკის ლენტა არ ჰქონიათ  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს. 


“მინდა გითხათ, რომ ვეტერანებს ლენტა არ უკეთიათ. ეს ადამიანები, ვისაც ლენტები უკეთიათ, არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ უერთდებიან ფაშიზმზე გამარჯვებას და ახლა ჩვენ ვერ ავუკრძალავთ. დააკვირდით, არც ერთ ვეტერანს ლენტა არ უკეთია, იმიტომ რომ მათ იციან რას ნიშნავს ეს ლენტა,” – განაცხადა საქართველოს ვეტერანთა საქმეების აჭარის სამმართველოს უფროსმა თემურ ზაქარაძემ. 





ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან

„ვეზირე უჩვეულოდ კეთილი იყო დღეს, თავისი მოგებული ფხალლობია გაგვინაწილა,“ – ეშმაკურად გაკვესა ემინემ თვალები და იკითხა: „კუჭუბანა-სავარცხალაც“ ხომ არ გვეთამაშა. თუმცა თამაშის მსურველი ვერავინ იპოვა.

ფადიმეს და ასიეს გასართობი უკვე ეპოვათ – „აბლავ, სახლში შემომიშვის“ თამაშობდნენ, ვეზირე და უმიანი კი, უყურებდნენ. ემინემ თავდაპირველად მათთან შეერთება გადაწყვიტა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ცეცხლთან ჩამოჯდა და დილას მინდორში გადახდენილი ამბავი გაიხსენა.

დილით მინდორში ახალმოსული საწრიპინა (ტყის ფურისულა) შეამჩნიეს. საწრიპინას წვრილი რტოები ფრთხილად მოწყვიტეს, ისე რომ ყვავილები არ დაზიანებულიყო, რტოები ყველამ დაირიგა და ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ყვავილის რტოში სულს უბერავდნენ და შედეგად ყვავილი გამოსცემდა უცნაურ ხმას, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა – „წუუუ“. ვისი ხმაც ყველაზე გვიან გაჩერდებოდა, მოგებულადაც ის ითვლებოდა. წაგებულ ბავშვებს საწრიპინა უნდა შეეგროვებინათ, მისგან ფხალლობია გაეკეთებინათ და მოგებულს გამასპინძლებოდნენ.

ძველად აჭარაში ბავშვები ათასგვარი გასართობით იქცევდნენ თავს. თამაშებს თვითონ იგონებდნენ ან მათზე უფროსებისგან სწავლობდნენ. იმის გამო, რომ ადრე სათამაშოების ყიდვის საშუალება ნაკლებად ჰქონდათ, სათამაშოებსაც თვითონ აკეთებდნენ. ზოგიერთ თამაშს კი სათამაშო საერთოდ არ სჭირდებოდა. ამისთვის საკუთარი ხელები და ფანტაზია საკმარისი იყო. სწორედ ასეთი თამაშია „აბლავ, სახლში შემომიშვი“.

„დავდგებოდით ორნი. მე ჩემს ხელებს გავუტოლებდი ერთმანეთს და მერე თითებს გავშლიდი. ხელის თითები კიბეებივით მქონდა გაშლილი. მერე მოვიდოდა ბავშვი, ვინც ჩემთან ერთად თამაშობდა. ის ბავშვი პირველ ტყუპ თითზე მიმადებდა თავის თითს და მეტყოდა: „აბლავ სახლში შემომიშვი“. მე ვეუბნებოდი ზევით ამოდი და შემოგიშვებ.

მერე ხელს მეორე შეტყუპებულ თითზე დამადებდა და ისევ მეტყოდა: „აბლავ, სახლში შემომიშვი“. მე ისევ ვეტყოდი: ზემოთ ამოდი და შემოგიშვებ. ასე მეორდებოდა მანამ, სანამ ცერა თითამდე არ ამოვიდოდა. ცერს რომ მოაღწევდა, მე შევეკითხებოდი ისევ: რა გინდა? ის მიპასუხებდა: ფქვილი მინდა. მე ვეტყოდი: წაიღე მერე. ძაღლი მიკბენს – იყო ჩემთან ერთად მოთამაშის პასუხი. მე ვეტყოდი: დაბმულია, ჩადი და ამოიტანე. თითებს ოდნავ გავწევდი და ის თავის თითს ჩაჰყოფდა „ფქვილის ამოსატანად“.

როგორც კი თითს ჩაჰყოფდა ჩემს თითებში, სწრაფად მოვმუჭავდი ხელს, თუ დავიჭერდი, წააგებდა, თუ ვერ დავიჭერდი – მოიგებდა. და ასე ვაგრძელებდით თამაშს სანამ არ მოგვბეზრდებოდა,“ – იხსენებს ქედაში, სოფელ ხარაულაში ფინაულების უბანში მცხოვრები ფადიმე ზაქარაძე.

ზაქარაშვილების უბანში მცხოვრები შემსინურ ზაქარაძე კი იმას იხსენებს, თუ როგორ თამაშობდნენ ბავშვობაში კაკლით გაკეთებული საბზრიალოთი, რომელსაც აჭარაში „კაკლი ხეჭეპოს საბზღრიალას“ უწოდებდნენ.

„კაკლობა რომ დაიწყებოდა, სამწყესურში წავიდოდით ბავშვები ზროხების მოსამწყემსად. თან წავიღებდით მაგარ ძაფს, რომელსაც ჩვენში „კირნაფძაფებს“ ვეძახდით. მუხით ან თელით დიდ, ხოშორ კაკალს გავხვრეტდით ოთხ ადგილას, მერე კირნაფძაფს გავუყრიდით ჯვარედინად, მერე წამოვიცვამდით სალოკველა (საჩვენებელ) თითებზე. დავატრიალებდით, დავატრიალებდით და გადაიგრიხებოდა, მერე ძაფებს გან-გან გავწევდით და ისეთ ხმას გამოსცემდა ეს ჩვენ მიერ გაკეთებული სათამაშო, თითქოს საიდანღაც ფუტკრის სკა გამოუშვესო. მსგავსი საბზრიალოები სხვებსაც ჰქონდათ, ყველანი ერთად დავიწყებდით ბზრიალს, ვისი საბზრიალოც ყველაზე ადრე გაჩერდებოდა, ის ითვლებოდა წაგებულად. ჩვენ ყველას ტანსაცმლის უბეები კაკლებით გვქონდა სავსე. ვინც მოიგებდა თამაშს, ეს კაკალი სულ იმას რჩებოდა“.

შემსინურ ზაქარაძე კიდევ ერთ თამაშს იხსენებს, რომელსაც „ეფენდელა“ ეწოდება და ძველად აჭარელი ბავშვები თამაშობდნენ.

„ბავშვები ერთად რომ მოვიყრიდით თავს, ხელის თითებს დავაწყობდით მიწაზე ყველა. მერე ერთი ჩვენს თითებზე დათვლას დაიწყებდა და იტყოდა ასეთ ლექსს:

„ელა, მელა ეფენდელა, სალი, სური, სელმუსაღა, სელუმგიდან ჩაქმანაღა, ახოს, მახოს დათვმა გნახოს, ჩემმა თხამ დურო ჭამოს, ჰაცხან მივდეს იქ ჩეიმარხოს“.

თითო სიტყვა თითო თითს მოუდიოდა. ბოლო სიტყვა ვის ხელის თითსაც მოუწევდა, ის გავარდებოდა. ასე ვთამაშობდით მანამ, სანამ ყველა არ გავარდებოდა. ბოლოს ვინც დარჩებოდა, ის იყო გამარჯვებული“.
ხახულაშვილების უბანში მცხოვრები ემინე დავითაძე ხალხურ თამაშს იხსენებს, რომელსაც აჭარაში „საკორწიალას“ ეძახდნენ, ანუ საქანელას.

„დიდ ხეზე ჩამოვაბამდით ბაწარს და მაგრად გავკოჭადით. გავუდებდით ფიცარს და ვიწყებდით ქანაობას. ქანაობის დროს აუცილებლად უნდა გვეთქვა ეს ლექსი: „აჭარა და თათმანი, ჯიბეში მაქვს ბათმანი, სახლიკისერ დემირ ხანა, გესტუმრები ევლიხანა, ოფლი მდის და ვსველდები, შენ რომ გამახსენდები. მცივა, მცივა ვბერდები, ემიას სახლში შევძვრები, პაწაი აბლაი კოკვას მომცემს, დიდ ტაიასთან შევშპები“. თამაშის არსი ის იყო, რომ ლექსის თქმას რა ადგილიდანაც დაიწყებდი, იქ უნდა დაგემთავრებინა ქანაობა ლექსის ბოლო სტრიქონზე. თუ ვერ დაამთავრებდი, წაგებული იყავი. ამიტომ საქანელა სხვისთვის უნდა დაგეთმო“.

სუმიან ბერიძე იხსენებს თამაშს, რომელსაც „ქალამნის ღვედი ვინ ჭამა?“ ერქვა.

„ბავშვები დავმალავდით ერთ მუჭში ლობიოს მარცვალს და შევეკითხებოდით ჩვენთან ერთად მოთამაშეს: ჩივთ მუ თექ? თუ გამოიცნობდა რომელ ხელში იყო მაშინ ჩივთი იყო, თუ ვერ გამოიცნობდა, მაშინ – თექი. წაგებული მიგვყავდა წყლიან ლეგენთან (ტაშტი), სადაც ჩაწყობილი იყო ძველი ქალამნები, ლეგენში თავი უნდა ჩაეყო და კბილებით ამოეღო ის ქალამანი. ბავშვები ამის შემყურე სიცილით ვიხოცებოდით და თან ვიძახოდით „ქალამნის ღვედი ვინ ჭამა?“.

აჭარაში ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი თამაში, როგორიცაა „კუჭუბანა-სავარცხალა“.

„დავდგებოდით ერთმანეთისკენ ზურგებით, ხელებს ჩავჭიდებდით, ხან მე გადავწევდი ზურგზე, ხან ის გადამწევდა. ამ გადაწევა-გადმოწევაში ერთმანეთს ვეუბნებოდით:

– კუჭუბანა-სავარცხელა,
– კიდობანა – ნარცხი ნურცხაი ვინა ჭამა,
– ერბო კვერცხი ვინა ჭამა?

ამ გადაწევა-გადმოწევაში, რომელსაც ხელი გაგვეშვებოდა, ის იქნებოდა წაგებული. თამაშს თავიდან ვიწყებდით. ბოლოს ვითვლიდით, ვის რამდენჯერ გაეშვა ხელი და ვისაც მეტი ექნებოდა, ის აგებდა. წაგებულს მოგებულისთვის საღამოს ერბო-კვერცხი უნდა ეჭმია. ამ თამაშის წესი ის იყო, რომ სულ რომ შიმშილით სული გაგძრომოდა, მოგებულის ერბო-კვერცხს ვერ შეჭამდი“, – იხსენებს 96 წლის როხსეთ ზაქარაძე.

„იუზუგი“ ანუ იგივე „კაკლიხეჭეპობია“ ერქვა თამაშს, რომლისთვისას კაკლის ნაჭუჭები იყო საჭირო. შეიკრიბებოდნენ ბავშვები, აიღებდნენ ათ კაკალს და გატეხდნენ. ნაჭუჭებს გამოასუფთავებდნენ და გადმოაბრუნებდნენ. ერთი ნაჭუჭის ქვეშ დადებდნენ სიმინდის მარცვალს. ვინც პირველ და მეორე ცდაზე ნახავდა ნაჭუჭში სიმინდის მარცვალს, მოგებული იყო. თუმცა საბოლოო მოგებისთვის ექვსჯერ უნდა ენახა. გამარჯვებულს ჯილდოდ ერთი ვედრო კაკალი ერგებოდა.

„ჩემი ტყუპი თხილი“ – ასე ერქვა თამაშს, რომლითაც საძოვარზე, ძროხების სამწყესად წასული ბავშვები ირთობდნენ თავს.
„ძროხებს რომ ვაძოვებდით მთაში, მინდორში ძალიან ბევრი ქვათხილა (წვრილი, მაგარ ქერქიანი თხილი) იყო. დავკრეფდით ამ თხილებს, დავივსებდით ჯიბეებს, წამოვწვებოდით ქვებზე და ვტეხავდით. რომელშიც იქნებოდა ტყუპი თხილი, იმას ცალკე გადავდებდით და ჩემთან ერთად ვინც იყო, იმასთან ერთად გავიყოფდი. ერთს მე შევჭამდი, ერთს – ის და თან დავნიძლავდებოდით 100 კაკალ ან მეტი რაოდენობის თხილზე. ნიძლავი დგებოდა ასეთი სიტყვებით:

„- ბესა, ბესა, ოლსუნ?
– ოლსუნ!
– იმ დუნიას ბორჯი ოლსუნ?
– ოლსუნ!“

მეორე დილით ერთმანეთს რომ შევხვდებოდით, ვინც მოასწრებდა თქმას „ჩემი ტყუპი თხილიო“, ის იქნებოდა მოგებული. წაგებულს იმდენი თხილი უნდა მიეცა მოგებულისთვის, რამდენზეც დანიძლავდნენ,“ – იხსენებს ემინე დავითაძე.

„ქორი ნენეის თამაშის“ სახელითაა ცნობილი კიდევ ერთი თამაში, რომლითაც ბავშვები ერთობოდნენ. დააჯენდნენ ერთ ბავშვს თვალებახვეულს და ჰკითხავდნენ: – ქორი ნენეი რამდენი თითი გაქვს? ათიო იტყოდა, თვალებიდან სახვევს მოიხსნიდა, წინასწარ შერჩეული ჯირკისკენ გაიქცეოდა და ხელს დაარტყამდა. ჯირკისკენ გარბოდნენ სხვა ბავშვებიც. ვინც ყველაზე ბოლოს მივიდოდა ჯირკთან, შემდეგ ის ხდებოდა ქორი ნენე.

კენჭობიას ეძახდნენ თამაშს, რომლისთვისაც მხოლოდ ქვები იყო საჭირო. აირჩევდნენ ხუთ ბრტყელ ქვას, დააწყობდნენ ერთმანეთზე, ძირში დადებულ ქვას დედო ქვას ეძახდნენ. გადათვლიდნენ რამდენიმე ნაბიჯს და ამ დაწყობილ ქვებს სხვა ქვებს ესროდნენ. ისე უნდა ჩამოეყარათ ქვა, რომ დედო ქვა არ ჩამოვარდნილიყო. დედო ქვას ვისი ნასროლი ქვაც მოხვდებოდა, ის მოთამაშე თამაშიდან ვარდებოდა.
აჭარული თამაში ადუმბილაი, რომელსაც სხვაგვარად ბილაიჯოხსაც ეძახიან, თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბეისბოლს.

ბილაჯოხის სათამაშოდ ბავშვები გათლიდნენ ორ ჯოხს. ერთს გრძელს, ერთს მოკლეს. აიღებდნენ ერთ ქვას და დადებდნენ. ამ ქვასთან დადგებოდა ერთი მოთამაშე გრძელი ჯოხით ხელში, მეორე მოთამაშე მოკლე ჯოხს გაიქნევდა. ქვასთან ვინც იდგა, ის ცდილობდა ამ პატარა ჯოხისთვის თავისი ჯოხი მოერტყა და გადაეგდო. ამის შემდეგ გაიქცეოდა გადაგდებულ ჯოხთან და იქიდან შეეცდებოდა ეს ჯოხი ქვისთვის მოერტყა. მოთამაშე, ვინც პირველმა ჯოხი ისროლა, ამჯერად უკვე ქვას იცავდა. თუ ჯოხი ქვას მოხვდებოდა, ქვის მცველი იყო წაგებული, თუ მოიგერიებდა, მაშინ იგებდა. ქვიდან რაც უფრო შორს გადააგდებდა ჯოხს, მით მეტ ქულას დაიწერდა.

ზოგიერთი ძველი თამაში სამეურნეო დანიშნულებითაც კი გამოიყენებოდა. მაგალითად, ასეთი თამაში იყო ფაცერობია. დანებითა და წალდებით შეიარაღებული სამი ან ოთხი ბიჭი შეიკრიბებოდა, დათქვამდნენ ადგილს და იმ ადგილიდან გაიქცეოდნენ თხილის წკნელების მოსაჭრელად. მოჭრიდნენ წკნელებს, მიიტანდნენ დათქმულ ადგილას, მერე მოჭრიდნენ სუროს, გაატყავებდნენ, თხილის წკნელებისგან მოქსოვდნენ თევზის დასაჭერ ფაცერს. ვინც პირველი დაასრულებდა ქსოვას, ის იყო მოგებული. მერე დაელოდებოდა დანარჩენებს, როცა ყველა მორჩებოდა ქსოვას, წავიდოდნენ მდინარეზე ამ ფაცერების დასაგებად. დააგებდნენ ფაცერს და დატოვებდნენ ერთი დღით. მეორე დილით მივიდოდნენ, შეამოწმებდნენ. სამივე ფაცერში რამდენი თევზიც იქნებოდა, ყველა იმას ეკუთვნოდა, ვინც პირველად მოქსოვა ეს ფაცერი.

გარდა თამაშების გამოგონებისა, ბავშვები „მუსიკალურ საკრავებსაც“ იგონებდნენ, რომლითაც კარგად ერთობოდნენ. ერთ-ერთ ასეთ საკრავს „ხაპილერწი ხობო“ ჰქვია. მოჭრიდნენ ხაპს, იგივე გოგრას, მოაჭრიდნენ ყუნწს, ამ ყუნწს გაუკეთებდნენ ბოლოზე დანით პატარა ნახვრეტს. მზად რომ იქნებოდა, ჩაჰბერავდნენ სულს და ეს „ხაპილერწი ხობო“ გამოსცემდა ისეთ ხმას, როგორიც ხბოს ბღავილია.


მასალები, რომელზე დაყრდნობითაც „ბათუმელებმა“ მოამზადა სტატია, მოპოვებულია ფოლკლორის სპეციალისტის ქეთევან საფარიძის მიერ. ასევე „ბათუმელები“ მადლობას უხდის ქედის კულტურის ცენტრის ფოლკლორის სპეციალისტებს – ლეილა ბეჟანიძესა და ლია მახარაძეს მასალაზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისათვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა

 

გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში რამდერნიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბათუმის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აჭარის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სანაპიროს დაცვის გაუმჯობესებაა. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება და გამყარება, პირველ რიგში, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან მიმართებაში.

 

ორთვინ ჰენიგი საქართველოში 2010 წლის 14 მაისიდან მსახურობს. მანამდე კი მოსკოვში, ქაბულში, ბრიუსელსა და გერმანიის წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა.

 

 

 

ნინო ლომჯარია – ”ქედაში გენდერული ნიშნით ხდებოდა კონკურსანტების დისკრიმინაცია”

„სამართლიანი არჩევნები“ ამ მხრივ დაზარალებული პირების იურიდიულ დახმარებას, კერძოდ, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კონსულტაციას და სასამართლოში წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

  შეხვედრაზე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზეც ისაუბრა. მონიტორინგი ოქტომბრის თვიდან დღემდე თვითმმართველობებში მიმდინარე ატესტაცია/კონკურსების პროცესზე მიმდინარეობს.

“იყო შემთხვევები, როცა იყვნენ კვალიფიციური კადრები, თუმცა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეშალა კონკურსი და ხელახლა დაინიშნა, მაშინ როცა მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობდა. სხვა მხრივ შეიძლება ითქვას, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში გასაუბრებების პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, კონკურსანტებისადმი იყო მეტ-ნაკლებად თანაბარი მიდგომა, თუმცა ჩვენს ანგარიშებში მოხვდა შემთხვევები, როცა პოლიტიკური ნიშნის შეკითხვები დაისვეს კონკურსანტთან, კერძოდ მათი წარსული პოლიტიკური საქმიანობის შესახებ” – ამბობს ნინო ლომჯარია. მისივე თქმით,  დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც  გენდერულ უთანასწორობას ეხებოდა. „ქედაში გვქონდა შემთხვევა, როცა გენდერული ნიშნით ხდებოდა კონკურსანტების დისკრიმინაცია, როცა კომისიის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ქალი კონკურსანტები არ შეესაბამებოდნენ და ვერ გაართმევდნენ თავს იმ ვალდებულებებს, რასაც დასაკავებელი თანამდებობა ითვალისწინებდა” – ამბობს ის.

 ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა მთავარი უარყოფითი ტენდენციები საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით.

“მართალია, ზოგიერთ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად მართებულად გამოცხადდა, მაგრამ გარკვეულ პოზიციებზე კონკურსი მიზანმიმართულად  გამოცხადდა  ჩაშლილად  მიუხედავად იმისა, რომ კომისიას არჩევის ალტერნატივა ჰქონდა;

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რიგ პოზიციებზე შერჩეული იქნა სუსტი კადრები, გარკვეულ შემთხვევაში, კომისიას ჰქონდა უკეთესის შერჩევის ალტერნატივა, გარკვეულ შემთხვევაში კი _ არა და უმჯობესი იქნებოდა სუსტი კადრების შერჩევას კონკურსი ჩაშლილად გამოეცხადებინათ.

გამარჯვებულებად უმეტესწილად ძველი კარდების გამოვლენა მოხდა, ახალი კადრები გვევლინებიან ძირითადად სპეციალისტების ან ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების ან მათი თანაშემწეების პოზიციებზე”.

ვეტერანები ”პროგრეს ბანკისგან” საჩუქრად 50 ლარს მიიღებენ

 

“„პროგრეს ბანკი“ ულოცავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და საჩუქრის სახით, თბილისსა და ბათუმში რეგისტრირებულ ვეტერანებს, 50 ლარს ჩაურიცხავს საპენსიო ანგარიშზე, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენენ როგორც კომუნალური გადასახადების დასაფარად, ასევე სხვა მიზნებისთვის” – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“პროგრეს ბანკის” სოციალური აქცია წელს პირველად განხორციელდა და მათივე ცნობით, აქციას ყოველწლიური სახე მიეცემა, კერძოდ კი „პროგრეს ბანკის“ მენეჯმენტის ინიციატივით, ვეტერანები მსგავსი ტიპის ფინანსურ დახმარებას ყოველი წლის მაისში მიიღებენ.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ’’Made in Kaliningrad’’

 

 

პროექტის საშუალებით დამთვალიერებელს საშუალება ექნება უკეთ გაეცნოს მეზობელ ქვეყნებსა და მოსახლეობას იმ თანამედროვე არტისტების შემოქმედების მეშვეობით, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ აქტუალურ საკითხებსა თუ არსებულ პრობლემებზე.


 

მონაწილეები: ოლეგ ბლიასბლიასი, იური ვასილევი, ალექსეი ჩებიკინი, ალექნდრე პოდოპრიგოვი , ელენა ცვეტაევა, ევგენი უმანსკი, ჯუფი ”სან დონატო”, ჯგუფი ”ნაზი ქალები”, ჯგუფი ”საერთო შეცბუნება”, ევგენი პალამარჩუკი, დიმიტრი სელინი, დანილ აკიმოვი, Topp & Dubio (ნიდერლანდები).

გამოფენის კურატორი: ევგენი უმანსკი (БФ ГЦСИ).

გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება.

ურთიერთაგაგების მემორანდუმი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასა და ბათუმის მერიას შორის

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა და ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერმა გიორგი ერმაკოვმა.

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია: ხელი შეუწყოს ბათუმის ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებას, ასევე შეიმუშაოს ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვის, მცირე და საშუალო ბიზნესის და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, მათ შორის, დამწყები მცირე ბიზნესის მხარდაჭერის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და გარემოს დაცვის სტრატეგიების (ქ.ბათუმი- მწვანე ქალაქის) ურბანული განვითარების თვალსაზრისით.

 „მემორანდუმი ითვალისწინებს საკმაოდ ფართო საკითხებს, მათ შორის ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული უმუშევრობის შემცირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. მისი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ქალაქის შეუქცევადი და მდგრადი განვითარება. მნიშვნელოვანია ის, რომ გაეროს განვითარების პროგრამა პროექტში მოიყვანს საერთაშორისო, გლობალურ ექსპერტიზას იმისთვის, რომ ქალაქის ადგილობრივ დინამიურ ენერგიასთან ერთად, ძალიან კონკრეტული შედეგები შექმნას. აქცენტები იქნება გაკეთებული ასევე იმაზე, რომ ქალაქის ყველა მოსახლემ იგრძნოს კონკრეტული შედეგები საკუთარ თავზე. ასევე,  ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ჩარჩოებში, ეს უნდა იყოს ასახული ქალაქის ეკოლოგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული განვითარების კუთხით ამ სტრატეგიის გათვიცნობიერება და მართვა ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართევლო და ბათუმი არის შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი  ლიდერი, საქართველო  როგორც ქვეყანა, ბათუმი როგორც ქალაქი და მოხარული ვარ იმით, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს” – განაცხადა შომბი შარპმა.

 

 

პროექტში თანამონაწილეობის ფარგლებში ბათუმის მერია ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან ხორციელდება.

„ბათუმური ქრონიკები“ – ახალი გაზეთი ბათუმში

„ბათუმური ქრონიკები“ მხოლოდ გაზეთი არ არის, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ბათუმის განვითარების სააგენტო პოტენციალში. ამ გაზეთს აქვს უნიკალური სტრუქტურა, რადგანაც ჩვენ შევძელით და მოვიცავით მთელი ქალაქის აგრესიულად დაპირისპირებული ჯგუფები. ჩვენ შევქმენით თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცე და გავუხსენით ყველა ჯგუფს ეს მოედანი,“ – განაცხადა ახალი გაზეთის პრეზენტაციაზე „ბათუმური ქრონიკების“ კონსულტანტმა დავით ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, გაზეთის პარალელურად დაგეგმილია საინფორმაციო სააგენტოს შექმნაც.

დღეისათვის „ბათუმური ქრონიკების“ ორი ნომერია მხოლოდ გამოსული. გაზეთი 14-გვერდიანია და მისი ფასი 50 თეთრია, ტირაჟი _ 1000. როგორც დავით ჩხარტიშვილმა განმარტა, საცალო ქსელში გაყიდვაში 200 ეგზემპლარი გადის, ხოლო დანარჩენი უფასოდ რიგდება უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში.

გაზეთ „ბათუმური ქრონიკების“ მთავარი დამფინანსებელი ბიზნესმენი გოჩა გუგუნავაა. გუგუნავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.

გოჩა გუგუნავა გაზეთის პრეზენტაციაზე

ბათუმის ”დინამო” VS თბილისის ”დინამო” – ბოლო მატჩი გულშემატკივრის გარეშე

საქართვევლოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩს, ბათუმის „დინამოს“ მეკარე მიხეილ ალავიძე გამოტოვებს. მას ტრავმა აწუხებს.

„მარჯვენა მხარის მყესი მაქვს დაჭიმული, დღეს გადაწყდა, რომ მე თბილისის „დინამოსთან“ ვერ ვითამაშებ“ – განუცხადა „ბათუმელებს“ მიხეილ ალავიძემ.

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ლანჩხუთის „გურიასთან“ თამაშის დროს მიიღო, მიუხედავად ამისა ამ შეხვედრის მატჩი ბოლომდე ჩაატარა, თუმცა „საჩხერესთან“ თამაში ვეღარ შეძლო.

მიხეილ ალავიძე ბათუმის „დინამოში“ ზედიზედ ორი სეზონია თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

თუ რა მოლოდინი აქვს თავისი გუნდისგან, გვეუბნება, რომ:  „წინასწარ ძნელი სათქმელია, შედეგის პროგნოზირება, მაგრამ ვიცი, რომ ურთულესი თამაში იქნება“.

პირველ წრეში „დინამოელების“ დაპირისპირება ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით, გელა გოგიტიძის გოლით (1:0) დასრულდა.

რაც შეეხება ბათუმისი „დინამოს“ საგულშემატკივრო ტრიბუნებს ის ცარიელი იქნება, რადგან წინა თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრების მიერ მსაჯების შეურაცხყოფის გამო ფულადი ჯარიმითა და საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამ შეხვედრით ბათუმის „დინამოელები“ სასჯელს იხდიან.

თუმცა, ბთ “დინამოს” გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამხნევებას ტრიბუნებს მიღმიდან აპირებენ, ისე, როგორც ეს გააკეთეს 11 აპრილს „სამტრედიასთან“ და 25 აპრილს „გურიასთან“.

ფანკლუბი ”შავი ზღვის მეკობრეები” გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ სტადიონზე შესვლა აკრძალულია

ბათუმის დინამოს ფანკლუბი | სამტრედია 0:1 ბათუმის დინამო | 11 აპრილი 2015

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბი | გურია 1:2 ბათუმის დინამო

შფოთვითი აშლილობის მიზეზები

ქალბატონო სალომე, რა სახის შფოთვითი დარღვევები (ნევროზი) არსებობს?

შფოთვითი დარღვევები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დარღვევას აერთიანებს. მაგალითად, ნევრასთენია, რომელიც ნევროზის ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული ფორმაა. ამ დროს პაციენტს აქვს შფოთვა, ჰგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, აქვს ცუდი წინასწარგანწყობა, შეიძლება აღენიშნებოდეს წნევის მატება ან კლება, უცივდება ხელები, გამძაფრებული აქვს შეგრძნებები.

ისტერიული ნევროზი, ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.

ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ – კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს – ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემომყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ჰიპოქონდრიული ნევროზი, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია იმაში, რომ მას რაღაც დაავადება სჭირს. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმს, იტარებენ უამრავ კვლევას იმ დაავადებებზე, რომლებიც ჰგონიათ, რომ აქვთ და რეალურად გრძნობენ კიდეც ამ სიმპტომებს. როცა დგინდება, რომ არანაირი ორგანული დაავადება არ სჭირთ, მიდიან სხვა ექიმთან და მთელი ცხოვრება დადიან ასე დაავადების ძიებაში.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ კომპულსიურ-ობსესიური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს აკვიატებული აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამორჩეული ტანსაცმელი და ფიქრობდეს, რომ თუ მას ვერ ჩაიცვამს, გამოცდას ვერ ჩააბარებს. ასევე ქცევითი აკვიატება (კომპულსია) – შეიძლება ადამიანი გამუდმებით ფიქრობდეს, რომ კარი დარჩა ღია და ამის შესამოწმებლად ადგეს ღამით – შეამოწმოს, შემდეგ დაწვეს და ისევ გაახსენდეს ”კარი ხომ არ დარჩა ღია”… ოღონდ ეს არ ხდება ერთხელ, ასე დგება რამდენჯერმე ერთი ღამის განმავლობაში. ან ჰგონია, რომ რაღაც დარჩა ჩართული და სახლიდან გასული შესაძლოა უკან მიბრუნდეს რამდენჯერმე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის კიდევ დამახასიათებელია ხელების ხშირი დაბანა და რიტუალური მოქმედებები, მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ნახევარი საათი იბანოს ხელი, რადგან აწუხებს ხელზე მიკრობები, ან ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადოს კონკრეტული თანმიმდევრობით, მაგალითად, ჯერ მაისური, შემდეგ შარვალი, თორემ შესაძლოა რამე ცუდი შეემთხვას.

პანიკური შეტევები – როცა ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება ეუფლება (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და სხვა. თუ ასეთი შეტევა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეგემთხვათ, ეს არ მიიჩნევა დარღვევად. იმისთვის, რომ პანიკური შეტევების დიაგნოზი დაისვას, ასეთი გამოვლინებები ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. შესაძლოა ზოგს ყოველ კვირაში ან ყოველ დღეც კი ჰქონდეს.
გარდა ამისა, არსებობს ფობიური, დეპრესიული და სხვა სახის ნევროზები.

რა ხდება შფოთვითი დარღვევების მიზეზი?

შფოთვითი დარღვევების მაპროვოცირებელი ხშირად არის გარემოფაქტორები – იქნება ეს ნერვიულობა, ახლობლის გარდაცვალება, სტრესი, სირთულეები პირად ურთიერთობებში, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცვლილებები (ანუ როცა ახალი ადამიანი შემოდის შენს ცხოვრებაში და ისეც მთელი რიგი ჰორმონული ცვლილებები ხდება ორგანიზმში), ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა. შფოთვითი დარღვევების მიზეზი შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის (ეფედრინის, კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და სხვა) არასასურველი გვერდითი მოვლენებიც იყოს, ასევე ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, ფარისებური ჯირკვლის დაავადებები).

რამდენად ხშირია შფოთვითი აშლილობები ბავშვებში და რა ხდება ამის მიზეზი?

ჩემს პრაქტიკაში ეს საკმაოდ ხშირია. ამ დროს ბავშვები არიან აგრესიულები, ჰიპერაქტიურები, არ უჯერებენ მშობლებს, ადვილად ღიზიანდებიან და უბრალო შენიშვნაზე შეიძლება ფეთქებადი ხასიათი გამოავლინონ – დაწვნენ იატაკზე, ისტერიკა დაემართოთ და შესაძლოა კრუნჩხვებშიც კი ჩავარდნენ. ისინი დაუმორჩილებლები არიან როგორც სახლში, ისე სკოლაში. ამის მიზეზი ძირითადად მშობლებიდან მოდის, მაგალითად, თუ მშობლებს შორის არის უთანხმოება, სახლში ხშირად არის ჩხუბი, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს მშობლის ან მშობლების ალკოჰოლიზმი; ზედმეტად მკაცრი აღზრდა ან პირიქით – ბავშვის განებივრება. შფოთვითი დარღვევები შედარებით უფრო ხშირია ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებში, სადაც ბავშვები მშობლის სითბოს ვერ გრძნობენ. ბავშვებში ხშირია სკოლის ნევროზიც, რომლის დროსაც ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, ამის მიზეზი ბულინგი ან სკოლასთან დაკავშირებული სხვა სტრესი ხდება.

რა პროფილის ექიმს უნდა მივმართოთ და როდის?

როცა ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ის ეგრევე გარბის ექიმთან, რომ რაიმე მძიმე დაავადება არ სჭირდეს. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ფიქრობენ, რომ ეს სტრესია და მალე თავისით გადავა. ნებისმიერი უმნიშვნელო სტრესი შესაძლოა საკმაოდ მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს, რადგან იგი უშუალოდ ორგანოებზე მოქმედებს. ორგანიზმში ყველაფერი კავშირშია და სტრესიდან იწყება ყველაფერი, ამიტომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა – ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა იყოს.

იმ დროს, როცა შფოთვა და უგუნებობა, ან აკვიატებული აზრები თუ მოქმედებები ადამიანს ხელს უშლის სხვებთან კომუნიკაციაში, აბრკოლებს პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში, აწუხებს მას ან მის გარშემომყოფებს – ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ მან ექიმს უნდა მიმართოს.

სამწუხაროდ, პაციენტები შფოთვითი აშლილობებით ხშირად არ მიდიან სწორ ადრესატთან და იმის ძიებაში, თუ რატომ უოფლიანდებათ ხელის გულები, შესაძლოა ყველა ექიმი მოიარონ. ხდება ისეც, რომ მიდიან ნევროლოგთან, საიდანაც ამისამართებენ ჩვენთან, ისიც უკვე დაგვიანებულ შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში ადამიანებმა უნდა მიმართონ ფსიქიატრს.

როგორ მკურნალობენ შფოთვით აშლილობას?

მკურნალობის მეთოდი ორგვარია – ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა, ან ორივე ერთად. გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. თერაპიის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია, თუმცა საამისოდ საშუალოდ ექვსი თვეა საჭირო. ბავშვების შემთხვევაში, თუ ძალიან მძიმე შემთხვევა არ არის, ვერიდებით მედიკამენტოზურ მკურნალობას და მხოლოდ ფსიქოთერაპიას ვრთავთ. ზოგჯერ საჭირო ხდება მცირე დოზით მედიკამენტების მიღებაც.

რა შეიძლება გაკეთდეს შფოთვითი აშლილობის პრევენციისთვის?

პრევენციისთვის ისევე, როგორც მკურნალობისთვის, კარგია ფეხით სიარული, სასურველია ადამიანი დაკავდეს სპორტის რომელიმე სახეობით, ხშირად უნდა გავიდეს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ასევე, აუცილებელია შესვენება სამუშაოსგან, სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ ორი წელი ისე გავა, ადამიანი შვებულებაში არ გადის, საზღვარგარეთ კი აიძულებენ კიდეც დასაქმებულს, რომ თავისი შვებულება გამოიყენოს, რადგან გადაღლის შემთხვევაში მისი მუშაობის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. აუცილებელია წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც დაისვენოთ, თან ისე, რომ ქალაქიდან გახვიდეთ, რადგან გარემოს შეცვლას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც მეტ ხანს შეისვენებთ, უკეთესია, ყველაზე ცოტა ერთი კვირაა.

წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

„როცა ციხეში შემიყვანეს, ზაზა ჯიქია შემხვდა სხვა თანამშრომლებთან ერთად. ჯიქიამ მითხრა დაიჩოქეო, არ დავიჩოქე, ჯერ წიხლები, მერე დუბინკა მირტყა… წამალი ან ექიმი რომ მომეთხოვა, ამის გამო მთელ კამერას სცემდნენ. ჩვენს საკანში ერთი ახალგაზრდა მეგრელი ბიჭი იყო, ტუბი ჰქონდა, წამალი მოითხოვა, რა გტკივაო ჰკითხეს, ზურგის არე აჩვენა. ნეკნებში ურტყეს დუბინკა… დაგვაჩოქებდნენ და თავჩახრილებს გვირტყამდნენ…“ – ეს ამონარადია 27 წლის მამაკაცის ჩვენებიდან.

იგი სასჯელს ბათუმის მესამე საპყრობილეში მაშინ იხდიდა, როცა ბათუმის ციხის დირექტორი იყო გიორგი ვეკუა, მოადგილე კი – ზაზა ჯიქია.

ამ სტატიაში მას მოვიხსენიებთ როგორც პირობითად ცოტნეს.

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მას ადვოკატი, რომელსაც ციხეში წამების შესახებ უყვებოდა, ცოტნემ უპასუხა, რომ მის უფლებებს მაშინ ადვოკატი პაატა ბოლქვაძე იცავდა. საქმე იმაშია, რომ იგივე ადვოკატი ახლა ზაზა ჯიქიას იცავს. პაატა ბოლქვაძის კითხვამ, ჰყავს თუ არა მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ჯიქია სცემდა, ცოტნე გააღიზიანა: `პაატა, შენ ხომ მაინც იცოდი, რაც ხდებოდა ციხეში, როგორ მეკითხები ამას?! პატიმრები დალურჯებულები ვიყავით ცემისგან. ყველამ იცოდით, იქ რაც ხდებოდა“.
მოსამართლემ მოწმეს სიმშივიდისკენ მოუწოდა, ადვოკატმა კი კითხვა ასე შეცვალა – რამდენჯერ გცემეს ციხეში? ცოტნემ თქვა, რომ ამას ვერ დაითვლის, რადგან სცემდნენ თითქმის ყოველ დღე – აჩერებდნენ პირით კედლისკენ და თავზე ხელებშემოდებულებს ურტყამდნენ.

სასამართლო პროცესზე კიდევ ერთმა მოწმემ თქვა, რომ ის სამჯერ სცემეს. ამ სტატიაში მას პირობითად უჩა ერქმევა. მან ადვოკატებსა და პროკურორებს სთხოვა, კითხვები ხმამაღლა დაესვათ.

ფრაგმენტი უჩას მონათხრობიდან: ”მითხრეს, ექიმის კაბინეტში უნდა შეგამოწმოთო. ვუთხარი, რომ სპორტსმენი ვარ და ჯანმრთელობა არ მაწუხებდა. ზაზა ჯიქიამ ექიმის კაბინეტში მკითხა, კაცი რატომ დაჭერიო. ვუთხარი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ჩემს ძმას დასცინეს და იმიტომ-მეთქი. ამ პასუხის შემდეგ ჯიქიამ მცემა, ჯერ წიხლებით, მერე – დუბინკით… კამერიდან მესამედაც ისევ საცემად გამომიყვანეს, თმები რატომ გაქვს გრძელიო, ცემა-ცემით ეზოში მივყავდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა გზაში სახელი და გვარი მკითხა და მერე მამაჩემი მიხსენა, მისი რა ხარო-მკითხა, შვილი-მეთქი რომ ვუთხარი, მერე აღარავის ვუცემივარ. ის კაცი ჩვენი ნათესავია, ციხეზე მუშაობდა. სცემდნენ ყველას, უმიზეზოდ. მე ცემისგან ყურის ნერვი დამიზიანდა, ექიმმა მითხრა ოპერაცია არ შველისო, სმენა მიქვეითდება“.

დაზარალებულები გიორგი ვეკუას ვერ სცნობენ, სამაგიეროდ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყველა ხელს ადებს ზაზა ჯიქიას. პატიმრები ამას იმით ხსნიან, რომ ვეკუა საკნებში იშვიათად შედიოდა, მით უფრო, რომ ცემის დროს ისინი ვერ ხედავდნენ მოძალადეს. პატიმრების ჩვენების მიხედვით, ჯიქიას სხვებისგან განსხვავებით ნიღაბი არასოდეს ეკეთა.

ამონარიდი კიდევ ერთი პატიმრის ჩვენებიდან. მას პირობითად საბას ვუწოდებთ, ის ახლაც პატიმარია: ”მე მაწამეს, 42 წლის ვარ, მაგრამ კაცად აღარ ვარგივარ, მტკივა თირკმელი, ღვიძლი. ექიმის კაბინეტში მცემეს. პირველად ექიმმა ამომარტყა წიხლი, როცა გაიგო, რომ საზღვარზე ნარკოტიკი სწორი ნაწლავით შემოვიტანე. მცემა დაახლოებით ათმა კაცმა, ნეკნები ისე დამიზიანდა, 13 დღე ვერც ვჯდებოდი და ვერც ვწვებოდი, ფეხზე ვიდექი, გამაშიშვლეს და ისე მცემეს. სულ მცემდნენ, სულში გვაფურთხებდნენ“…

„გყავს თუ არა მოწმე“? – ადვოკატის ამ ტრადიციულ კითხვაზე საბამ უპასუხა, რომ ის 34-ე საკანში იყო შესახლებული და ყველა ხედავდა ამას: ”მე სხვების სახელსა და გვარს არ დავასახელებ და თქვენ ვერ დამავალდებულებთ“. მოწმის ამ პასუხზე მოსამართლემ განმარტა: ”თუ მოწმე ჩვენებას არ მისცემს სასამართლოს, მას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩვენებაზე უარის თქმის გამო“.

მოსამართლის ამ განმარტების შემდეგ პროკურორმა საბას უთხრა: ”თქვენ ჩვენება შეიძლება არ მისცეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში ვალდებული ხართ სასამართლოს უთხრათ, თუ არ გახსოვთ ვინ უყურებდა თქვენ ცემას, მაშინ აგვიღწერეთ, როგორი იყო: დაბალი, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, კანონით დასჯადია, თუ თქვენ ინფორმაციას დამალავთ…“ პროკურორის ამ კომენტარის შემდეგ პატიმარმა თქვა, რომ საკანში 28 ადამიანი იყო და სახელები და გვარები არ ახსოვს. მათ შორის იყვნენ დაბლებიც, გამხდრებიც, მაღლებიც და მსუქნებიც: `რომელი ერთი აღვწერო? მე მგონია, რომ არაა სწორი სხვებზე ვილაპარაკო, რაც მე მეხება, იმის შესახებ მოვყევი ყველაფერი“.

„თქვენ ქურდული სამყაროს წევრი ხართ?“ – ჰკითხა მოწმეს გიორგი ვეკუას ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.საბამ ქურდულ სამყაროსთან წევრობა უარყო.

კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ახლაც პატიმრობაში იმყოფება, ბადრაგმა ბათუმის სასამართლოში აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანა. მას სტატიაში პირობითად ანდრო ვუწოდეთ. ანდრომ თქვა, რომ ის საკანსა და ციხის დერეფანში რამდენჯერმე სცემეს. ერთხელ კი ეს ძალადობა იმით დასრულდა, რომ ხელი ამოუვარდა და მან თავად ჩაისვა ხელი სახსარში: ”ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ გაუპარსავი ვიყავი, მამა დამეღუპა და არ ვიპარსავდი. მესამე საკანში ვიხდიდი სასჯელს”. ადვოკატის კითხვაზე, საიდან გაიგო მამის გარდაცვალების შესახებ, პატიმარმა უთხრა, რომ ”ტელევიზიით”.

”თქვენ ქურდული სვირინგი გაქვთ?” – ისევ გიორგი ვეკუას ადვოკატმა ჰკითხა მოწმეს. ამ საქმის ადვოკატებისთვის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას ანდრომ ასე უპასუხა: ”სვირინგი გავიკეთე სალონში, როცა 13 წლის ვიყავი, ეს ქურდული არ არის“; „ანუ, თქვენ იცით როგორია ქურდული სვირინგი?“ – ეს ადვოკატის მორიგი კითხვა იყო.

გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

„პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: სტატუსით ბოროტად ვსარგებლობ

 

ქალბატონო სვეტა, რისი გაკეთების საშუალება მოგცათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსმა?

შეიძლება ითქვას, რომ ბოროტად ვსარგებლობ ამ სტატუსით. უფრო იოლად ვახერხებ ჩინოვნიკებთან შეხვედრას, შევდივარ მათ კაბინეტებში, რაც ადამიანების დახმარებას მიადვილებს. დეპუტატობამდეც ვცდილობდი, მაგრამ მიჭირდა. ახლა დრო შემცირდა, უფრო სწრაფად ვახერხებ ამბის დანიშნულების ადგილზე მიტანას.

მაინც რა თხოვნებით მოგმართავენ?

ძირითადად სოციალური პრობლემების გამო მომმართავენ. ეს ჩემი სფეროა თავიდანვე. ხანდახან კოლეგები მეხუმრებიან, შენ ისეთებს ეხმარები, რომლებიც ჩვენ ხმას არ გვაძლევენო. ჩემთან მოდიან უსაბუთო ადამიანები, მოქალაქეობის არმქონე პირები. ვეხმარები დოკუმენტების აღდგენაში, პირადობის მოწმობის აღებაში, ნათესავებთან დაკავშირებაში, სამშობლოში დაბრუნების საკითხების მოგვარებაში და ასე შემდეგ.

აღმასრულებელი ორგანო თქვენი ჩარევით უფრო აქტიურად აგვარებს ამ პრობლემებს, თუ გიხდებათ მათი დარწმუნება?

რომ ვთქვა დიდ შეღავათს მიწევენ, რადგან დეპუტატი ვარ, ასეც არ არის. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი, მაშინაც იგივე ბარიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრთხიან, რომ მერე `რამე არ იყოს~. ამ დრომდე ბევრს დავრბოდი, ახლა ხშირად ტელეფონითაც შესაძლებელია რაღაცის მოგვარება. ეს არის ჩემი შეღავათი.

თქვენი მთავარი ფუნქცია მაინც საკანონმდებლო საქმიანობაა, ამ მიმართულებით რა გააკეთეთ ორი წლის განმავლობაში?

დიახ, ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. 2011 წელს სასამართლოში რომ დავრბოდი თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით, მაშინ წავაწყდი ასეთ პრობლემას: ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ თქვენ შეიტანთ საჩივარს სამთავრობო დაწესებულებაში და ელოდებით პასუხს, გგონიათ, რომ ის ვალდებულია გიპასუხოთ და არ გპასუხობთ დადგენილ ვადებში, შემდეგ აღმოჩნდება, რომ პასუხის ვერ მიღება ნიშნავს თქვენს თხოვნაზე უარის თქმას. ანუ პასუხის ვერ მიღება ავტომატურად უარს ნიშნავს. ეს არის 177-ე მუხლი, მეორე პუნქტი (ავტ: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.) მე ვფიქრობ, ეს ჩანაწერი შესაცვლელია. ვაპირებ შევხვდე საქართველოს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს, მასთან უნდა გავიარო კონსულტაცია, ეს მუხლი უნდა ამოვიღოთ ან ცვლილება შევიტანოთ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ვალდებული უნდა იყოს უპასუხოს მოქალაქეს, ხოლო თუ მის კომპეტენციაში არ არის, გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს.

თუნდაც პასუხი უარს გულისხმობდეს?

დიახ, თუნდაც ეს იყოს უარი. ასევე, უარის შემთხვევაში საჯარო მოხელე ვალდებული უნდა იყოს განმარტოს – რატომ. სასამართლოში წავაწყდი ამ პრობლემას, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა ეს ჩანაწერი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის წარმომადგენელმა. ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო მოამზადებს კანონპროექტს, რომლის ინიციატორი ვარ და პროექტის ავტორიც მე ვიქნები.

დეპუტატის ერთი სამუშაო დღე აღმიწერეთ, უკვე ისაუბრეთ იმაზე, რაც გამარტივდა. სირთულეებს სად წააწყდით?

წერილები როცა შემოდიოდა, მათ ვამისამართებდი კომპეტენციის მიხედვით. ცოტა ხანში შევნიშნე, რომ პასუხები ჰგავდა ერთმანეთს, ტექსტი – ერთი და იგივე, მხოლოდ სახელ-გვარები და რიცხვი იყო შეცვლილი. ეს წერილები მოდიოდა გამგეობებიდან, საკრებულოებიდან და სხვა სტრუქტურებიდან. ახლა როდესაც შემოდის წერილი, რომელიც მოქალაქემ ჩემს სახელზე დაწერა, მივდივარ მასთან ადგილზე შესასწავლად. და იცით რა აღმოვაჩინე? – მოქალაქე, რომელიც აღელვებულია, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრეს, განცხადებაში წერს არა იმდენს, რამდენადაც მას უჭირს. მას უფრო მეტი პრობლემა აქვს, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოხატავს ამას თავის განცხადებაში.

მაინც უმეტესწილად რა შინაარსისაა სტრუქტურებიდან მოსული ერთი და იგივე პასუხები?

ძირითადად სტანდარტული: დაფინანსება არ გვაქვს; ბიუჯეტი ამოწურულია; არ ექვემდებარება კრიტერიუმებს. პასუხები რომ შევისწავლე, მივხვდი, რომ ისინი მზადდებოდა ზერელედ და გაცხადება რეალურად არ იყო შესწავლილი, ზოგჯერ წაკითხულიც კი.

გარკვეულწილად უკვე უპასუხეთ ამ კითხვას, როცა წერილების პასუხებზე საუბრობდით, მაგრამ როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, მაინც მინდა გკითხოთ, როგორ მუშაობს მთავრობა? დააკონკრეტეთ, ვინ უფრო კარგად, ვინ ნაკლებად კარგად?

ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. იმიტომ არ ვაქებ, რომ მე ჯანდაცვის კომისიაში ვმუშაობ. ხშირად, როცა ადამიანი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით და დარჩენილი ოცდაათი პროცენტის გადახდის საშუალება არ აქვს, ისინი ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან აფინანსებენ. ამ სფეროში მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია, როგორ ისარგებლოს ამ პროგრამებით, რა უფლებები აქვთ. ცოტა განაწყენებული ვარ ეკონომიკის სამინისტროზე, რადგან დღემდე მაქვს პრობლემა თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაავალდებულა მთავრობა, რომ იმ შენობის სანაცვლოდ, სადაც თავშესაფარი გვქონდა, უნდა გადმოგვეცეს სხვა ფართობი. იმედი მაქვს, ეს დროის ამბავია და ამის აღსრულებას წინ არაფერი უდგას. ეს გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო სასამართლომ, თუმცა ახალ მთავრობასაც არ აღუსრულებია ჯერ.

განვითარებულმა მოვლენებმა უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა, თქვენ ეს დისკომფორტს არ გიქმნით?

ჩვენ ადამიანები ვართ და ვცდებით. არ მაქვს უფლება განვსაჯო რომელიმე კოლეგის საქციელი. შეუცდომელი არავინაა, ვცდილობთ გამოვასწოროთ და აღვიდგინოთ მოსახლეობის ნდობა, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

 

ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო დამოკიდებული კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი, თქვენზე ზეწოლაზეც საუბრობდნენ. ეს მართალია?

მე მხარი დავუჭირე კონკრეტული პირების გადაყენების საკითხს, რადგან მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს შენჯღრევა და ეს გამოვიდა. სხვა ყველაფერი უნებლიეთ განვითარდა. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით მივიღე მაშინ ეს გადაწყვეტილება.

იყო მცდელობა, რომ დაერწმუნებინეთ, არ მიგეღოთ ეს გადაწყვეტილება?

ნეტა ვის ვანაღვლებ. არ ვიყავი არც მაშინ ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან მოლაპარაკებაზე. ეს ყველაფერი დროებითია და მე ნაკლებად ვიყავი ჩართული იმ ყველაფერში. იმდენი გაჭირვებულის განცხადება მქონდა მაშინ შესასწავლი, სხვა ამბებისთვის არ მეცალა. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, რომ გარიყული ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ძალისხმევა ამ განცხადებებზე მქონდა გადატანილი.

მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სახლში მოვიდა თქვენთან, ზუსტად იმ დაპირისპირების დროს…

ექიმის ცნობა მოგიტანოთ? ის მართლა სანახავად მოვიდა, ავად ვიყავი. გგონიათ იოლი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ? ამ ადამიანების უკან ოჯახებია. ეს მძიმე დარტყმა იყო და მე დღესაც განვიცდი. მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ასე იყო საჭირო, შეიძლება ვცდებოდი.

”ქართული ოცნების” წევრად დარჩით, როგორ მოახერხეთ ეს? ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს, რომელიც თქვენსავით კოალიციის წევრების გადადგომას დაეთანხმა, მას მოღალატეც უწოდეს…

არ ვიცი, ფრაქციის სხდომაზე მე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვას მხარი არ დავუჭირე. რატომ გარიცხეს მხოლოდ ჯემალ ფუტკარაძე და არა მეც, ამაზე ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეთ.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი: „ელიტური კორუფცია ლევან ვარშალომიძეს მოჰკითხონ“

 

 

დავით ბალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ დემაგოგიას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ერთადერთი კომპანიაა, ვისაც მსგავსი პროექტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მე ხაზგასმით შემიძლია ავღნიშნო, რომ  2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა,  კომპანია „ანაგი“-ს აჭარაში ერთი პროექტიც არ განუხორციელებია და აჭარის ბაზარზე არ ოპერირებს. მე ეს შემიძლია შევაფასო როგორც რეგიონისთვის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის დაკარგვად, რადგან ბევრი საინტერესო პროექტები შეეძლო განეხორციელებინა.

 

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, ეს შეუძლიათ ლევან ვარშალომიძეს მოჰკითხონ, მათი მმართველოს პერიოდში განხორციელებული პროექტების 80 პროცენტი განახორციელეს პორდაპირი მიყიდვის წესით და შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის წესში მოძებნონ კორუფციული გარიგებები.

 

ის, რომ ტენდერით გამოცხადებული  პირობები რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ერგება, ეს არის სრული აბსურდი და კიდევ ერთი ტყუილი რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა.

 

ეს ტენდერი  ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული, გამარჯვებული კომპანია იყო „ზიმო“, მაგრამ მოხდა მისთვის ხარვეზის მიცემა, რადგან  საგადასახადო დავალიანება ჰქონდა და ვერ გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამიტომ, იგივე ტენდერი გამოცხადდა მეორედ, იგივე პირობებით. თუ „ანაგი“-სთვის იყო ეს ტენდერი მორგებული, შეეძლო პირველ ტენდერშიც მიეღო მონაწილეობა და მოეგო.

 

რაც შეეხება 15 მილიონს, მე შემიძლია ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია  დაგისახელოთ  რომელსაც 15 მილიონზე მეტი ბრუნვა შეიძლება ჰქონდეს სამი წლის განმავლობაში“.   

 

 

 

წალკის მუნიციპალიტეტში ხუთსულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

 

 

წალკა

 

„პოლიცია მოვიდა და იძულების წესით დაგვატოვებინეს სახლი. ყველაფერი,  ავეჯის ჩათვლით, გარეთ ყრია.  ჩემი ქონების  ხელყოფაზე პასუხს არავინ აგებს? სახელმწიფოს აქვს უფლება ქუჩაში დამტოვოს და ქონება გამინიავოს? “- კითხულობს რამინ ლომიძე.

 

ეკომიგრანტი ამბობს, რომ  საცხოვრებელი სახლი ცხრა წლის წინ ადგილობრივი ბერძნის  გრიშა ჩიქნიზოვასგან შეისყიდა, თუმცა მისი ოფიციალურად გაფორმება ვერ შეძლო:

 

„ სახლის მეპატრონეს, მოწმეების თანდასწრებით 2  500  დოლარი გადავუხადე, დარჩენილი 1 500 დოლარი კი სახლის გაფორმების შემდეგ უნდა მიმეცა.  სახლის გადმოსაფორმებლად  ჩამოსვლა მას რამდენჯერმე ვთხოვე, მაგრამ მეუბნებოდა, რომ არ ეცალა. ახლა დაბრუნდა და ითხოვს, რომ სახლი დავუბრუნო“.

 

როგორც რამინ ლომიძე გვეუბნება, სახლის იურიდიული მეპატრონე სახლის საფასურის ნაწილის გადახდის ფაქტს არ უარყოფს: „ის, რომ თანხის ნაწილი გადახდილი მაქვს, პოლიციაშიც ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს თანხა ქირავნობის იყო და არა შესყიდვის. ამიტომ იმ თანხის  დაბრუნებაზეც უარს ამბობს“.  

 

ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია, როგორც გამოსახლებული ეკომიგრანტი ამბობს, რამინ ლომიძეს სასამართლოში წასვლას ურჩევს:  „სასამართლო სანამ შედგება, თვეები გავა, მე კი მთელი ოჯახით გარეთ დამტოვეს“.   

 

რამინ ლომიძის ოჯახმა ცხრა წლის წინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბეღლები მეწყრული პროცესების გამო დატოვა. 

ქალების ხმა ლიტერატურაში – შეხვედრა ლია ლიქოკელთან ბათუმში

 

„ქალების ხმა ლიტერატურაში“

 

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

დისკუსიის მომხსენებელი იქნება პოეტი ლია ლიქოკელი, ლიტერატურული პრემია “საბა 2014”-ის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურსს „წერო 2014“-ის გამარჯვებული.

 

 

დასწრება თავისუფალია. დასაწყისი: 18 საათზე.

 

 

დისკუსიის მოდერატორია  ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.  შეხვედრის ორგანიზატორია გაზეთი „ბათუმელები“. 

 

მის: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64;

 

 

 

 

 

ბათუმში ქირავდება ბინა

 

ბინას აქვს აივანი, შეყვანილია ბუნებრივი აირი, ბინაში არის  ასევე ცენტრელური გათბობა და კონდიციონერი.

 

მისამართი, ბათუმი, ტაბაძის  ქუჩა

 

ფასი 400 დოლარი.

 

 ტელეფონი ნომერი:  599 16 53 53

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისა და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე

„სატენდერო პირობების მიხედვით, სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის მშენებლობები აქვთ განხორციელებული. როცა დოკუმენტაცია შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებს აჭარაში მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია  აკმაყოფილებს. ეს არის კომპანია „ანაგი“, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე  ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა“-აცხადებს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის მიერ გამოცხადებული ტენდერი ელიტური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი, დავით ბალაძეს კანადაში ვიზიტის დროსაც ახლდა. ამ ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ბევრი კითხვა ჩნდება და ვფიქრობ, საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ როცა არ არის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებული და არ არის ცნობილი ტენდერში მონაწილე პირების ვინაობა, რის საფუძველზე აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისa და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე განცხადებას? – რეზო ხარაზი პასუხობს, რომ ეს მათი ვარაუდია:

„ეს არის ჩვენი ვარაუდი, ეჭვი გვაქვს“.

რეზო ხარაზი აღნიშნულ  კომპანიებს ვერ ასახელებს.

სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 27 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო თანხა სამი მილიონ 286,400 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სოციალური სახლის მშენებლობა მომავალი წლის ივნისში დაასრულოს. ტენდერი ელექტრონულია, სატენდერო წინადადებების მიღება  13 მაისიდან იწყება.

რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

რას ედავებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“

 

„მოვიდნენ, ნაკაწრები აღინიშნება მრიცხველზეო, შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი და 15 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. მრიცხველი არის გარეთ, ეზოში, რკინის ყუთში და ეს ყუთი კიდევ ბოქლომით იყო ჩაკეტილი. ბოქლომიც „ენერგო-პრო ჯორჯიასია~, ამიტომ ჩვენ წვდომა არ გვქონია. ვერანაირად დავაზიანებდით. ამასთან, დასკვნა არსებობს, რომ მეტროლოგიურად სწორად მუშაობს მრიცხველი. როცა მრიცხველი არის გარეთ, ლიცენზიანტია პასუხისმგებელი. მხოლოდ ნაკაწრის არსებობა, თუ სხვა რამ არ დასტურდება, არ ნიშნავს დატაცებას“, – აცხადებენ „ირინას  აფთიაქში“.

 

„სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ „შესაძლებელია ელექტროენერგიის დატაცება“. ასეთ „დარღვევას“ არ ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსი, რას ნიშნავს შესაძლებელია? – ეს აბსურდია. კოდექსი ითვალისწინებს დატაცებას ან წესების დარღვევით მოხმარებას. „ენერგო-პროში“ შეცვალეს ფორმულირება – რადგან არ დგინდებოდა დატაცება, ჩაწერეს მოხმარების წესების დარღვევა“, – ამბობს „ირინა შანიძე და კომპანიას“ ადვოკატი ვალერი გიორგაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხის განხილვისას სემეკში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს ჰკითხეს, ჩაატარა თუ არა კომპანიამ შიდა მოკვლევა, გამოიკვეთა თუ არა მათივე თანამშრომლის შესაძლო ბრალეულობა და ა.შ. „ენერგო-პროს“ პასუხი ასეთი იყო: „რომც იყოს ჩვენი თანამშრომელი რაიმე კავშირში, ეს საქმის არსს არ ცვლის“.

 

`ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე მრიცხველზე „აღმოჩენილი ნაკაწრებისა“ და დენის „შესაძლო დატაცების“ გამოა დაჯარიმებული „ფრანგული სკოლაც“ – 1200 ლარით. შპს ,,ოპტიმუმ რ“ კი, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იმის გამო გააფრთხილა, რომ მისი მრიცხველიდან „შესაძლებელი იყო დატაცება“. 

 

„ოქმი დამიწერეს, მაგრამ გავასაჩივრე. ჩემი მიზეზით არ იყო ის, რის გამოც გაფრთხილება მომცეს. ოთხი კარადა იყო ეზოში და ოთხივე როგორც კი დააყენა ენერგოკომპანიამ, მას შემდეგ იყო ღია. პასუხი მოვიდა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობს, მაგრამ შესაძლებელი იყო დატაცებაო. ყუთიც მე მაყიდინეს, 140 ლარი გადავიხადე. ოთხჯერ ვიყავი თბილისში და ბოლოს სემეკში გავასაჩივრე. არაფერი მომიპარავს და არავითარ გაფრთხილებას არ მივიღებ „ენერგო-პროსგან“. სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. თუ სემეკი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც წესით უნდა მიიღოს, ალბათ სასამართლოს მივმართავ“ – აღნიშნა სატელეფონო საუბარში შპს ,,ოპტიმუმ რ“-ის ხელმძღვანელმა რუსუდან ჭიჭინაძემ.

 

სემეკში აცხადებენ, რომ დავებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებენ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი გვითხრეს, რომ დაელოდებიან სემეკის გადაწყვეტილებებს და იმის მიხედვით იმოქმედებენ – ან დაემორჩილებიან, ან გაასაჩივრებენ. დავების განხილვა სემეკში დღეს, 7 მაისის სხდომაზეა ჩანიშნული.

 

დღეს სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯიასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვაა ჩანიშნული, მათ შორის: ზეპირი მოსმენები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოქალაქეების – გივი მაისურაძისა და ნადიმ ხმალაძის დავის შესახებ.

 

სემეკის მონაცემებით, „ენერგო-პრომ” ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გასულ წელს კომპენსაციის სახით გასცა 197 ათას 70 ლარი. 2014 წლის განმავლობაში კომპანიის ქოლ-ცენტრს მიმართა 97 156-მა მომხმარებელმა; მოუწოდებელმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10 349 282 კვტ/სთ; დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტის 36 240 შემთხვევა (აქედან, გეგმიური 17 353, არაგეგმიური – 18 887).

ბათუმის მერიამ შარშან ნარკოზით 2785 ძაღლი და კატა დააძინა

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან  298 ათას 185 ლარი და 83 თეთრი დახარჯა. მომსახურება კი შპს „CEBEP”-მა გასწია. ბათუმის მიმდინარე, 2015 წლის ბიუჯეტიდან ანალოგიური ღონისძიებისთვის სპეციალური ქვეპროგრამა 200 ათასი ლარითაა დაფინანსებული.

 

„ღონისძიების [მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობა] ფარგლებში განხორციელდება მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის: 5000 ერთეული ცხოველის (მიუსაფარი ძაღლების, კატების) დაჭერა და ტრანსპორტირება; განხორციელდება ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული), სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა, კასტრაცია“ – აღნიშნულია მერიის ქვეპროგრამაში.

 

Exit mobile version