Batumelebi | რამდენით ფინანსდებიან სპორტული კლუბები მერიისგან რამდენით ფინანსდებიან სპორტული კლუბები მერიისგან – Batumelebi
RU | GE  

რამდენით ფინანსდებიან სპორტული კლუბები მერიისგან

 

ბათუმის მერია თავისი ბიუჯეტიდან 10 სპორტულ ორგანიზაციას 2 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს. სპორტული ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი ბოლო ორი წლის ბიუჯეტებით ჩანს, რომ მერიამ წელს ოთხ კლუბს გაუზარდა, ხოლო სამ კლუბს შეუმცირა დაფინანსება. დანარჩენ სამ კლუბს ჩვენთვის 2014 წლის ბიუჯეტი ჯერ არ მოუწოდებია.

 

 

წყალბურთის კლუბი ”ბათუმი”

დირექტორის ჩათვლით ამჟამად წყალბურთის კლუბში რვა ადამიანია დასაქმებული – 5 მწვრთნელი, იურისტი და ბუღალტერი. მათთვის ყოველთვიური ხელზე გასაცემი თანხა ჯამში 4260 ლარია. მწვრთნელების საშუალო ხელფასი 500 ლარია. ერთი და იმავე რაოდენობის ხელფასი (720 ლარი) აქვთ უფროს მწვრთნელსა და დირექტორს.
გასულ წელს წყალბურთის კლუბის ბიუჯეტი 80 000 ლარი იყო, წელს კი – 100 000 ლარი გახდა. კონკრეტულად, სახელფასო ფონდი 11 638 ლარით გაიზარდა.
კლუბს ბიუჯეტის გეგმაში 7800 ლარი მივლინებებზე (კვების, ტრანსპორტისა და სასტუმროს ხარჯები) აქვს გაწერილი, ეს ნაწილი გასულ წელთან შედარებით 520 ლარით შემცირდა.
გაიზარდა აუზის მომსახურების ხარჯი. წელს ამ მომსახურებაზე 28 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

ხელბურთის კლუბი „ბათუმი“


მიმდინარე წელს ხელბურთის კლუბის დაფინანსება 18 500 ლარით გაიზარდა. უშუალოდ მერიისგან კლუბი 180 000 ლარს მიიღებს.
კლუბში 22 ადამიანია დასაქმებული, აქედან 13 სპორტსმენი, ექვსი მწვრთნელი და ადმინისტრაციის კიდევ სამი თანამშრომელი დირექტორის ჩათვლით. ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს აქვთ – 950 ლარი. მიუხედავად ბიუჯეტის ზრდისა, ეს ცვლილება არც სპორტსმენების და არც ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე არ ასახულა. კლუბში სპორტსმენების საშუალო ხელფასი 572 ლარია, მაქსიმალური კი – 750 ლარი (მხოლოდ ერთი სპორტსმენი იღებს).

 

 

სარაგბო კლუბი „ბათუმი“


სარაგბო კლუბი „ბათუმი“, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ შემდეგ ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი კლუბია ბათუმში. 2015 წელს მის განკარგულებაში 1 246 851 ლარია. ბათუმის მერიამ კლუბი 700 000 ლარით (გასულ წელთან შედარებით 100 900 ლარით მეტით) დააფინანსა. მიუხედავად ამისა, კლუბის საერთო ბიუჯეტი წელს 195 143 ლარითაა შემცირებული.
მერიის გარდა „ბათუმს“ დაფინანსების კიდევ ორი წყარო აქვს – საკუთარი ანგარიშიდან მიღებული საპროცენტო სარგებელი და საქართველოს რაგბის კავშირიდან მიღებული ყოველწლიური 400 000 ლარი.
კლუბის ბუღალტრის, ზურაბ ცენტერაძის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირება საკუთარი სახსრების შემცირებითაა გამოწვეული: „წინა წელს თანამშრომლები უფრო ნაკლები გვყავდა, ნაკლები ხელფასი იყო. წელს გაიზარდა გუნდი, ხელფასები და შემცირდა საკუთარი სახსრები და წლის ნაშთი“.
სარაგბო კლუბ „ბათუმში“ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 17 ადამიანით გაიზარდა. ამჟამად სპორტსმენებიანად კლუბი 78 ადამიანს ითვლის. აქედან 61 საშტატო, 17 კი – შტატგარეშე თანამშრომელია. საშტატო ერთეულში 45 მორაგბეა, შტატგარეშე კი – შვიდი. 14 პირი ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობს.
ბათუმის სარაგბო კლუბის დირექტორის ხელფასი ხელზე 1300 ლარია. 1100 ლარი ერიცხება მის მოადგილეს, ხოლო მთავარ მწვრთნელს დავით გუგუშვილს, 3000 ლარი – ყველაზე მაღალი ხელფასი კლუბში.
კლუბში რაგბისტების საშუალო ხელფასი ხელზე 866 ლარია, მინიმალური ხელფასი – 100 ლარს, მაქსიმალური კი – 2500 ლარს შეადგენს.

 

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“


კლუბის დირექტორის ხელფასი 1650 ლარია, მთავარი მწვრთნელის კი – 3750 ლარი. კლუბში 23 თანამშრომელია. მათი ყოველთვიური სახელფასო ფონდი 67 671 ლარს შეადგენს.
`ბათუმი 2010~-ს 14 კალათბურთელი ჰყავს, ამათგან 3 უცხოელი მოთამაშეა. ისინი ბათუმში, სპორტულ კლუბებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან. მაგალითად, ერთ-ერთი უცხოელი მოთამაშის ყოველთვიური ხელფასი 13 170 ლარია (6 875 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი), ხოლო დანარჩენი ორი უცხოელის ხელფასი 9 578 ლარს (5000 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი) შეადგენს.
ქართველი კალათბურთელების ხელფასი 100 ლარიდან იწყება და 2500 ლარამდე აღწევს.

 

 

ბათუმის ”დინამო”


ბათუმის ”დინამო” ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სპორტული კლუბია. კლუბისგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის ”დინამოში” 87 ადამიანი მუშაობს. მათგან 19 ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია, 27 კი – ძირითადი გუნდის ფეხბურთელი. ”დინამოში” ფეხბურთელების საშუალო ხელფასი 2025 ლარია. საერთო ჯამში კი, მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი 54 700 ლარია.
”ბათუმელებმა” ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტული კლუბებისგან, ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ბათუმის ”დინამოსგანაც” გამოითხოვა, თუმცა მას ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია.

 

 

ფრენბურთის კლუბი ”ბათუმი”

კლუბის წლევანდელი ბიუჯეტი 114 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით ეს თანხა 19 000 ლარით გაიზარდა. ფრენბურთის კლუბში 14 სპორტსმენი, ოთხი მწვრთნელი, კლუბის დირექტორი და ბუღალტერი მუშაობს. მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი ჯამში 5 950 ლარია.
მწვრთნელის საშუალო ანაზღაურება 390 ლარია, სპორტსმენებისა კი – 287 ლარი. კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორს – 850 ლარი და ბუღალტერს – 700 ლარი აქვთ.

 

 

„სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“


2015 წელს „სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში” 38 ადამიანი მუშაობს: დირექტორი (ხელფასი 1600 ლარი), ხუთი მწვრთნელი (თითოეულის ხელფასი – 900 ლარი), ორი ყინულის მომვლელი (450 ლარი), რვა მემანქანე (450 ლარი), სამი ელქტრიკოსი (400 ლარი), ხუთი დამლაგებელი (400 ლარი) და სხვა ტექნიკური საკითხის სპეციალისტები მუშაობენ. შარშანდელთან შედარებით ხელფასი მხოლოდ დამლაგებლებს – 20 ლარით გაეზარდათ.
”სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა” 2015 წელს ორი საშტატო ერთეული მწვრთნელ-ქორეოგრაფი (900 ლარი) და ჰოკეის სპეციალისტი (1200 ლარი) დაამატა. ეს თანამდებობები ამჟამად ვაკანტურია.
მოთხოვნის მიუხედავად ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ”ბათუმელებისთვის” არც ”სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს” მოუწოდებია.

 

 

„ბათუმის საცხენოსნო კლუბი“


”ბათუმის საცხენოსნო კლუბში” ხუთი ადამიანია დასაქმებული: სპორტსმენი, მეჯინიბე, მთავარი ინსტრუქტორი, ბუღალტერი და დირექტორი. მათი ყოველთვიური ხელფასის ჯამი 4450 ლარია.
2015 წელს მერიამ საცხენოსნო სპორტს დაფინანსება 34 000 ლარით შეუმცირა და 116 000 ლარით აფინანსებს. აქედან პრემიის ჩათვლით სახელფასო ფონდი 52 275 ლარია.
წელს კლუბში ხუთივე დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 31%-ით გაიზარდა.

 

 

ბათუმის ავტოდრომი


ბათუმის ავტოდრომი ახალშექმნილი სპორტული ორგანიზაციაა, რომლის ამოცანა ავტოსპორტის პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობაა.
ავტოდრომის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 1200 ლარით შემცირდა და წელს იგი 83 800 ლარს შეადგენს.
წელს ხელფასი მხოლოდ ერთ მრბოლელს, 375 ლარიდან 700 ლარამდე გაეზარდა.
ავტოდრომში ხუთი ადამიანია დასაქმებული: კლუბის დირექტორი, მსაჯი, ბუღალტერი, ადმინისტრაციის მენეჯერი და ტექნიკური სპეციალისტი. მათ საზღაურზე ყოველთვიურად ჯამში 3450 ლარი გაიცემა. ავტოდრომში მინიმალურ ხელფასს – 400 ლარს, ტექნიკური სპეციალისტი და ბუღალტერი, ხოლო მაქსიმალურს – 1250 ლარს კლუბის დირექტორი იღებს.

 

 

საჭადრაკო კლუბი „ნონა“


„ნონას“ ბიუჯეტი 2014 წელს 142 300 ლარი იყო. წელს კი მის განკარგულებაში 259 000 ლარი იქნება.
”ნონაში” სულ ცხრა ადამიანი მუშაობს (4 შტატგარეშე). მოჭადრაკეების საშუალო ხელფასი 600 ლარია, მინიმალური – 400 ლარი, მაქსიმალური კი – 800 ლარი.
კლუბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კლუბი `ნონა~ რამდენიმე მწვრთნელს მოიწვევს. შარშან ამავე ჩემპიონატებისთვის კლუბმა ექვსი მწვრთნელი მოიწვია, რომელთა საერთო ანაზღაურებისთვის 29 338 ლარი დაიხარჯა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი