სიახლეები

ნეპოტიზმის დასჯა კანონმდებლობით თუ რეპუტაციის შელახვით?

03.05.2015 • 3318
ნეპოტიზმის დასჯა კანონმდებლობით თუ რეპუტაციის შელახვით?

 

 თანამდებობის პირი, რომელმაც საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით დაარღვია კონკურსის წესები ან მისთვის სასურველ პირს შერჩევის კრიტერიუმი მოარგო, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. თუ საჯარო მოხელემ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამ შინაარსის ცვლილების შეტანას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ითხოვს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს ნეპოტიზმთან ბრძოლას. 


რას ფიქრობენ მაღალჩინოსნები აჭარაში კანონის ამგვარად ცვლილების შესახებ? – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთეს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ბესო შერვაშიძის თქმით, ავთანდილ ბერიძე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ნეპოტიზმი დასჯადი შეიძლება გახდეს, ჯერ არ იცნობს და, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ არჩილ ხაბაძე ნეპოტიზმზე საუბრისგან ამჯერად თავს შეიკავებს.

 

„ქართველები რიცხობრივად პატარა ერი ვართ, ამიტომ ნეპოტიზმის თემა აქ ცოტა სხვა ასპექტში შეიძლება წარმოდგეს, პრობლემის მხრივაც და კანონის მხრივაც. რა ნიუანსებით მოხდება ამის მიღება ან არ მიღება, ამას დრო გვაჩვენებს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა დგას იმის გამო, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და შეიძლება სახელმწიფო მოხელემ რაღაც დოზით დაუშვას ეს შეცდომა. ამიტომ მე კანონის მიღებას მივესალმები“, – ამბობს კაკო ძნელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის მოსაზრებით, ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ნეპოტიზმი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ უნდა იყოს:

 

„მე ვფიქრობ, რომ ეს ნეპოტიზმთან ბრძოლის არასწორი ფორმაა. ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯებოდეს. ვერც ერთ ჩემს ნათესავს, ვერც შორეულს, ვერც ახლო ნათესავს ვერ ნახავთ თანამდებობაზე აჭარაში, მაგრამ თუ რაიმე მსგავსი ფაქტი აღმოჩნდება, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელმაც ნეპოტიზმით დანიშნა ვინმე სამსახურში.

 

ნეპოტიზმის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. მაგალითად, მე თუ ვინმე დავნიშნე ნეპოტიზმით და ეს დამიდასტურდა, მომთხოვონ კანონით, რომ მე ის ადამიანი გავუშვა სამსახურიდან. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ან საერთოდ მოვკვეთოთ კაცი სამსახურიდან – მე ამას არ ვეთანხმები. მითუმეტეს, თუ დაიჭერენ, ეს ხომ საერთოდ მიუღებელია. როცა ხმაურდება ასეთი ფაქტი, იმ ადამიანის რეპუტაცია ილახება – ესეც ერთგვარი დასჯაა.“

 

კომენტარზე უარი არ უთქვამს, თუმცა კითხვებზე, უნდა იყოს თუ არა ნეპოტიზმი დასჯადი, ან უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა ინიცირებული პროექტი ნეპოტიზმის დასჯადობის შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე არ პასუხობს. მინისტრი მხოლოდ კონკურსებზე კომენტარით შემოიფარგლა: „საჯარო და კერძო სექტორში კადრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონკრეტული პირის კეთილსინდისიერება მასზე დაკისრებული საქმიანობის შესრულებისას. კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობა შპს-ებში კონკურსის წესით კადრების შერჩევას არ ითვალისწინებს, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა მხოლოდ მაღალი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ სამინისტროს შპს-ში სპეციალისტთა შერჩევა კონკურსით მოხდა. ჩვენი პრიორიტეტია არა შეივსოს ვაკანტური პოზიცია, არამედ შეირჩეს მაღალკვალიფიციური კადრები.“

 

მინისტრის ეს კომენტარი „ბათუმელებმა“ პრესსამსახურის დახმარებით, წერილობით მიიღო. კითხვების დაკონკრეტებისას დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „თქვენ გაქვთ ჩემი კომენტარი.“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ასევე მოახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

 

პარლამენტში „ქართული ოცნების~ ფრაქციის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით დამატებითი კანონპროექტის დამტკიცება საჭირო არ არის, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ნეპოტიზმი ისედაც იკრძალება. კანონპროექტის ავტორების თქმით კი, „პრაქტიკაში თითქმის არ ხდება აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაციით გამოყენება.“

გადაბეჭდვის წესი