სიახლეები

სამი მაჟორიტარი ბათუმის საკრებულოდან

02.05.2015 • 2117
სამი მაჟორიტარი ბათუმის საკრებულოდან

მაჟორიტარი ფრანგული სიტყვაა და ქართულად უმრავლესობას ნიშნავს. ქართული კანონმდებლობით საკრებულოს მაჟორიტარი არის პირი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ კონკრეტულ უბანში ხმების 50%-ზე მეტი მოაგროვა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი მან, როგორც ხალხის რჩეულმა, საკრებულოში ამ უბნის ინტერესების დაცვა და მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. საკრებულოს სხვა პირებთან ერთად მიიღოს ხალხისა და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, აკონტროლოს მერიის მუშაობა და ბიუჯეტის ხარჯვა. 

ბათუმის საკრებულოში ათი მაჟორიტარია, არჩევნებზე ათივემ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით იყარა კენჭი. „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, ორი მაჟორიტარი – კობა ჩხაიძე და ჯაბა ბერიძე ოპოზიციაში გადავიდა.

თუ როგორ აფასებს ამომრჩეველი თავისი უბნის მაჟორიტარის მუშაობას საკრებულოში, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამომრჩეველი გასულ კვირას ბათუმის სამ უბანში ე.წ. ბონი-გოროდოკში, ჭაობის დასახლებასა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოკითხა. რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ.

გამოკითხულთაგან უმეტესობა ამბობს, რომ არ იცის ვინ წარმოადგენს მის ინტერესებს საკრებულოში და არც ის სახელი და გვარი ახსოვს, რაც ცხრა თვის წინ საარჩევნო ბიულეტენზე შემოხაზა. კითხვაზე, ვის მიეცით ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე? – უმეტესობა პასუხობს, რომ ხმა „ოცნებას“ მისცა.

იშვიათად გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც მაჟორიტარს იცნობენ, მისი ტელეფონის ნომერი საკუთარ ტელეფონში აქვთ ჩაწერილი და მასთან დახმარების სათხოვნელადაც მისულან. „თეიმურაზ ბასილაძეა ჩვენი მაჟორიტარი. ყველას ეხმარება, კარგი კაცია“, – ამბობს ნონა ზაქარაძე. ის ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს.

„დილით რომ გამოვალ სახლიდან, საღამომდე სამსახურში ვარ, სახლში გვიან ვბრუნდები, მაჟორიტარი სად უნდა მენახა“, – ამბობს როინ გორგოშაძე, რომელიც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობს.

21 წლის ლუკასთვის, რომელიც ჭაობის დასახლებაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი, ამიტომ არც აინტერესებს. „არ ვიცი ვინ არის, გიორგი იქნება, ან ლუკა, ან დავითი. რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?“- ამბობს ლუკა. ის ფიქრობს, რომ შეიძლება იცნობდეს კიდევაც მაჟორიტარს, შეიძლება შეხვედრია კიდევაც, მაგრამ არც მაშინ ეცოდინებოდა და არც ახლა იცის, რომ ის მისი უბნის მაჟორიტარია.

არის ბევრად განსხვავებული დამოკიდებულებაც: „ირაკლი მიქელაძე რომელია? – ჩვენი რომანის ბიჭი? – ჰოო, მაი დეპუტატია. ჭკვიანი ბაღანა ჩანდა თავიდანვე. არაფერი არ გვითხოვია მისთვის. რა უნდა გვეთხოვა?“

ბონი-გოროდოკის, ჭაობის დასახლებისა და შემოერთებული ტერიტორიების ამომრჩეველს ძირითადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პრობლემები აწუხებს, ითხოვენ ბავშვთა ბაღების მშენებლობას. ამ უბნების მაჟორიტარების თქმით, საკუთარ ამომრჩეველთან კონტაქტს ძირითადად ტერიტორიული ორგანოების ოფისებში ან რწმუნებულების დახმარებით აწარმოებენ.

თეიმურაზ ბასილაძე
თეიმურაზ ბასილაძე

თეიმურაზ ბასილაძეს, რომელიც კახაბრის უბნის მაჟორიტარია, ამომრჩეველთან ურთიერთობაში წინა წლებში რწმუნებულად მუშაობის გამოცდილება ეხმარება. მან „ბათუმელებთან“ დეტალურად აღწერა მის სამაჟორიტარო უბანში არსებული პრობლემები და მოსახლეობის სურვილებიც. ამ დრომდე ის ამ უბნის მაჟორიტარის მოვალეობის შესრულების გარდა სხვა საქმით არ იყო დაკავებული, მაგრამ ახლა კიდევ ერთი სამსახური დაემატა: „ახლახან საგზაო დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა.“

საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირები არ არიან, უფლება აქვთ სხვა სამსახურებშიც დასაქმდნენ. ჭაობის უბნის მაჟორიტარის თემურ ყურაშვილის განმარტებით, ეს საკრებულოს წევრის მუშაობას ხელს არ შეუშლის, რადგან მისივე თქმით, კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრი მაჟორიტარის მოვალეობის შესასრულებლად პერიოდულად სამსახურიდან რამდენიმე საათით უნდა გათავისუფლდეს.

მაჟორიტარის უფლებამოსილების ხარჯი თვეში რვაასი ლარია. პერიოდულად მათ სატელეფონო ხარჯებსაც უნაზღაურებენ. მაჟორიტარს არ ეძლევა სახელმწიფო მანქანა, თუმცა პერიოდულად მას შეუძლია საკრებულოს მორიგე მანქანა გამოიყენოს. მაჟორიტარს არც საწვავის ხარჯებს უნაზღაურებენ.
იმაზე, რომ მაჟორიტარის ანაზღაურება მცირეა და ამიტომაც ხშირად ისინი პარალელურად სამუშაოს ეძებენ, `ბათუმელებს~ საკრებულოს სამივე მაჟორიტარმა უთხრა.

თემურ ყურაშვილი
თემურ ყურაშვილი

თავისი უბნის პრობლემები, კონკრეტული ქუჩების, სახლებისა და ზოგჯერ კონკრეტული გვარებითაც კი კარგად იცის ჭაობის დასახლების მაჟორიტარმა თემურ ყურაშვილმა. ის ამ ეტაპზე ავარიული სახლების და ამ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლა-მოგვარებით არის დაკავებული. კითხვაზე, რატომ ვერ იცნობენ მას სამაჟორიტარო უბანში? პასუხობს: „მიკვირს, რომ ვერ დამასახელეს.“

ირაკლი მიქელაძე
ირაკლი მიქელაძე

ირაკლი მიქელაძის თქმით კი, მის სამაჟორიტარო უბანში ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები და გაზიფიკაციაა. ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე აეროპორტის უბნის მაჟორიტარია. ირაკლი მიქელაძის თქმით, რასაც ის აუცილებლად გააკეთებს, მის უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლია: „ეს ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში უნდა დასრულდეს და უნდა ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში ეს გაკეთდა.“

ბოლო პერიოდში საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაზე საუბრობენ. ცვლილების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას გაზრდის. ამაზე საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა.

თემურ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში იზრდება არჩეული პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ირაკლი მოქელაძის თმით, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ხალხთან, რომელმაც ის აირჩია, რადგან მომავალში იმავე უბანში ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს. თუმცა ამბობს, რომ არა „ქართული ოცნება“, მას ხალხი არ აირჩევდა: „ეს იყო პიროვნებას პლუს პარტიის იდეოლოგია. რომ ვთქვა, მე, ირაკლი მიქელაძემ მოვიგე არჩევნები, აბსურდი იქნება.“

გადაბეჭდვის წესი