სიახლეები

კონსულტაციები მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში

01.05.2015 • 2533
კონსულტაციები მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში

 

ბათუმის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები
ბათუმის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასოდ ემსახურება. ბათუმის ფსიქოლოგიურ ცენტრში ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ფსიქოლოგ მარიამ სტეფნაძის თქმით, კვირაში დაახლოებით ხუთ ბავშვს უწევენ ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ბავშვები ცენტრში, ძირითადად, სკოლიდან ხვდებიან მანდატურის, მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით.

 

„ჩვენი ცენტრი ემსახურება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბათუმისა და მთლიანად აჭარის მასშტაბით. ჩვენთან მომართვისთვის რამე განსაკუთრებული წესი არ არსებობს. მომართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბავშვზე ზრუნავს და ბავშვის აღზრდის სფეროშია ჩართული. იქნება ეს მანდატური, ოჯახის წევრი თუ პედაგოგი. არასრულწლოვანი უნდა მოვიდეს მშობელთან ან მეურვესთან ერთად. მარტო მასწავლებელი ან მანდატური ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, ვიღაცა კლასში მოსწავლეს ვერ აწყნარებს, ადგეს და დამირეკოს, რომ პრობლემური ბავშვი ჰყავს და ეს ბავშვი ჩემთან უნდა მოვიდეს, ასე არ ხდება“, – ამბობს ბათუმის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი მულტიდისციპლინარულია. ეს ნიშნავს, რომ მოზარდები ცენტრში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას იღებენ. იქნება ეს ფსიქოკორექცია თუ ფსიქოთერაპია. პარალელურად, სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს იმაზე, თუ რა გარე ფაქტორებმა გამოიწვია ბავშვის ემოციური პრობლემები.

 

„ხშირად ხდება, რომ ცენტრში აგზავნიან ბავშვს, რომელიც, უბრალოდ, ცელქია. პირველივე კონსულტაციის შემდეგ ასეთი ბავშვი უბრუნდება სკოლას და ვწყვეტთ მასთან მუშაობას. არის ბავშვების კატეგორია, რომლებთანაც ვმუშაობთ ინდივიდუალურად. როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემა არსებობს მშობლისა და ბავშვისაც – ჯაჭვური რეაქციაა ხოლმე, როგორც წესი. ამიტომ ერთობლივად ვმუშაობთ მშობელთან და ბავშვთან. ცალ-ცალკე ეფექტს არ იძლევა. 6-7 სამუშაო შეხვედრა ტარდება მათთან და როდესაც ინდივიდუალური მუშაობის შედეგს ვხედავთ, შემდეგ გადადის ბავშვი ჯგუფში. უმრავლეს შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვაღწევთ“, – ამბობს ცენტრის ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.

 

კითხვაზე, რამდენადაა დაცული კონფიდენციალობა და ვის მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ როგორ მუშაობენ მოზარდთან, ცენტრის ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ინფორმაცია მოზარდის შესახებ მაქსიმალურადაა დაცული.

 

„კონფიდენციალობის გარეშე არ გვენდობა არც ბავშვი და არც მშობელი. ეს არის ყველაზე მკაცრი წესი, რომელსაც ვიცავთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მანდატურმა გამოუშვა, ის რეფერატს აგზავნის. ამის შემდეგ მანდატური აღარ არის საქმის კურსში თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს, რა მუშაობა მიმდინარეობს მასთან და ა.შ. მას შეუძლია მხოლოდ დინამიკაში დააკვირდეს – თუ აგრესიული იყო ბავშვი სკოლაში, როგორ შეიცვალა. სხვა ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით მას არ აქვს“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.
„მუშაობის ორმა წელმა ერთი რამ გვაჩვენა, იმდენად საინტერესოა ჯგუფური სამუშაოები, რომ მერე აღარ ეშინიათ. პირიქით მოჰყავთ აქ ბავშვები, თანაკლასელები,“ – ამბობს ცენტრის კიდევ ერთი ფსიქოლოგი ია ძაგანია.

 

ია ძაგანიას თქმით, ბავშვებთან მუშაობის პროცესში დიდი როლი ენიჭება მშობლებს. თუ როგორი შედეგი დადგება ბავშვთან მიმართებაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითანამშრომლებენ მშობლები ფსიქოლოგთან.

 

„ინდივიდუალური მუშაობა კვირაში მშობლებთან ერთი საათია და ამ ერთ საათში გლობალურ ცვლილებებს ელოდებიან. რეალურად თუ თვითონ არ შეცვალეს აღზრდის სტილი, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ შედეგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იმუშავებენ მშობლები. ზოგი კარგად თანამშრომლობს, ზოგი – არა. რთულია დაინახო საკუთარ თავში პრობლემა. ამაში როდესაც ვინმე გეხმარება, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევ. რთულია გააცნობიერო, რომ შვილის აგრესიული ქცევა, შესაძლოა შენი ბრალიც იყოს. თუ მშობელი არ თანამშრომლობს, შედეგიც ნაკლები დგება“, – ამბობს ია ძაგანია.

 

„ზედმეტი კომპიუტერიზაცია ხშირად ბავშვის აგრესიულ ქცევას უდგას სათავეში. ბავშვი ტექნიკასთანაა მიჯაჭვული, ამ შემთხვევაში მშობლის როლი იკარგება. როცა ბავშვი ჩუმად ზის კომპიუტერთან, მშობელი არის ბედნიერი. ხშირ შემთხვევაში ეს გვაძლევს ისეთ შედეგს, როგორიც არის ურთიერთობების პრობლემები, აგრესიული ქცევა, მშობლებსა და ბავშვებს შორის დაძაბულობა და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.

 

ფსიქოლოგების თქმით, ბავშვის ემოციურ და ქცევით პრობლემებს მშობლების სიმკაცრე ან აღზრდის არასწორი მეთოდი იწვევს. ხშირად ერთი კონსულტაციაა საჭირო იმისთვის, რომ შედეგი დადგეს ან არ დადგეს.

 

„გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, მშობელი შვილს ექცეოდა ძალიან მკაცრად, თვლიდა, რომ თუ არ გაათამამებდა და ბავშვს გაზრდიდა სიმკაცრით, ის კარგად გაიზრდებოდა. როცა ვუთხარით, რომ ეს არის არასწორი და ბავშვს ხელი არ უნდა დაარტყას, ადგა და წავიდა. ამ ბავშვთან ვეღარ მოვახერხეთ მუშაობა“.

 

სპეციალისტების თქმით, პირველი კონსულტაციის მაქსიმალური შედეგი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე: `სეანსის დროს მშობელი იწყებს საუბარს პრობლემაზე, თავის შვილზე. როდესაც ადამიანი საუბრობს და თან თავის ნათქვამს უსმენს, ყოფილა შემთხვევა, საუბრის დროს მიმხდარა – „მე მგონი ჩემს შვილს არაფერი სჭირს. მეც რომ ვყოფილიყავი მის მდგომარეობაში, შეიძლება მეც მოვქცეულიყავი ასე~. როდესაც პრობლემა მშობელშია, ჩვენ ვცდილობთ მათ შვილის ტყავი მოვარგოთ და დავანახოთ, რას იგრძნობდნენ მათ ადგილას. ხშირად მშობელი ფიქრობს _ „მე, მე, მე~ და არ ფიქრობს, რას განიცდის ბავშვი“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.

 

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვები მიიყვანონ ფსიქოლოგიურ ცენტრში:

„პირველ რიგში იმიტომ უნდა მოიყვანონ, რომ გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა. გაიზარდონ თვითონ როგორც მშობლები, როგორც პიროვნებები და როგორც შვილის აღმზრდელები. ისწავლონ სწორი აღზრდა და პრობლემებთან გამკლავება. როცა გარდატეხის ასაკზე ვლაპარაკობთ, ხშირია პრობლემები, მშობელი ვეღარ უმკლავდება და მოდის ჩვენთან. აუცილებელია დროული ჩართულობა. ძირითადად მოჰყავთ მაშინ, როდესაც სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. ძალიან დიდი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“.

გადაბეჭდვის წესი