ინტერკულტურული ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ფოტო]


 სომხეთის კუთხე.

 საქართველოს კუთხე.

 რუსეთის კუთხე.

 თურქეთის კუთხე.

აზერბაიჯანის კუთხე.

პროექტს “მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში” სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ამავე პროექტის ფარგლებში,  25 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, „ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის“ წევრმა, დოქტორმა ოლივერ რაისნერმა ღია ლექცია წაიკითხა თემაზე – „ევროპული გამოცდილება ინტერკულტურულ განათლებაში“.

სინერჯი ჯგუფი ბათუმში უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ორგანიზაციული სტრუქტურების სემინარზე იწვევს

 

სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ რეალური ქართული კომპანიების მაგალითზე მოისმინონ ორგანიზაციულ მოწყობასა და სტრუქტურაში გავრცელებული ხარვეზები და მათი გადაწყვეტის გზები. ასევე, გაიგონ სტრუქტურის წესები, რომელთა დარღვევა ორგანიზაციაში სისტემურ პრობლემებს იწვევს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია სტრუქტურის ფორმირებისას ან ცვლილებისას.

 

სემინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს და დასწრების ინტერესი გამოხატონ 25 ივნისამდე.

სინერჯი ჯგუფი 15 წელია ეხმარება კერძო და საჯარო ორგანიზაციებს ისე გადაანაწილონ თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობები, ძალაუფლება და როლები და შექმნან კომუნიკაცია-კოორდინაციის ისეთი მექანიზმები, რომელიც მათ ბევრად უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გირაო ბრალდებულ მაღალჩინოსნებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არჩილ ვანაძეს და მის ყოფილ თანამშრომელს ლაშა ბოლქვაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება, რის გამოც პროკურორის მტკიცებით, სახელმწიფო დაზარალდა.

„გამომდინარე იქედან, რომ ისინი დასაკითხი მოწმეების ხელმძღვანელები და თანამშრომელბი იყვნენ, მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ მოწმეებზე ან გაანადგურონ, გადამალონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტები. თუმცა რადგან ეს დანაშაული არის გაუფრთხილებლობით გამოწვეული, შესაძლოა გამოყენებული იქნას გირაო 20 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პროკურორმა აღკვეთის პროცესზე.

ბრალდებულების ადვოკატების ინფორმაციით, ორივე ბრალდებული აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და თავად აწვდიდა საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ მიმალვის მცირე საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია და გირაოს სახით მათ მხოლოდ 2000-2000 ლარი შეეფარდა.

დღეს სასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ამას სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს. არჩილ ვანაძე ჯერჯერობით თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილი განიხილავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულები ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონი“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა (ლაშა ბოლქვაძე ამ დროს მერიის საფინანსო სამსახურის  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ) კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსს აცხადებს

სასამართლოში უფასო სტაჟირების ვადა 6 (ექვსი) თვე იქნება.

სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს სტაჟირების სერტიფიკატი გადაეცემა.

სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობის და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;

ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;

ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.

“ე”, “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

  

დაინტერესებულმა პირებმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მისამართი: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) უნდა წარადგინონ:

ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);

ბ) CV;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს  სამი  კვირისა.

საბუთების წარდგენის ვადაა 2015 წლის 05 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.


სახალხო დამცველი სქესის ჩანაწერის შეცვლასა და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე

 

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ ტრანსგენდერები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლი განსაზღვრავს გარემოებათა ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მითითებულია „სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან გვარის შეცვლა“. თუმცა, არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთვის, ასევე არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მიზნებისათვის რა მიიჩნევა „სქესის შეცვლად“.

”კანონით დადგენილი წესის ბუნდოვანების გამო მნიშვნელოვანია საკითხი დარეგულირდეს სპეციალური წესით, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით. სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ტრანსგენდერებს განახორციელონ თავიანთი ფუნდამენტური უფლებები და მოახდინონ საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია”, – წერია იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილ წინადადებაში.

”ბათუმელებს” იუსტიციის სამინისტროში განუმარტეს, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება. შესაბამისად, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

 

დღეის მონაცემებით საქართველოში ტუბერკულოზის 4000 შემთხვევაა რეგისტრირებული. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველწლიურად 500-550 ახალი შემთხვევა აჭარის რეგიონში ფიქსირდება, რომელთაგან დაახლოებით 40-45 შემთხვევა ტუბერკულოზის რეზისტენტული – გართულებული ფორმის შემთხვევებია. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

1996 წელთან შედარებით [ამ წელს საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამა ამოქმედდა], როცა ტუბერკულოზით დაავადებული 12 800 ადამიანი იყო რეგისტრირებული, დღევანდელი მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული, თუმცა ”ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, ნანა ქირიას თქმით, დღეისთვის რეგისტრირებულ პაციენტებში იმატა რეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითმა წილმა. ”ახალ შემთხვევებში 11%-ია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითი წილი, წარსულში ნამკურნალევ პაციენტებში კი – 38%. საშუალოდ ამ 4000 ადამიანიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულია 32% (1280 ადამიანი)”, – ამბობს ის.
ტუბერკულოზის რეზისტენტული (MDR) და მულტირეზისტენტული (XDR) ფორმები დაავადების გართულებული, უფრო მძიმე ფორმაა, რომლის განკურნებაც უფრო რთული და ხანგრძლივია. თუ ტუბერკულოზის ჩვეულებრივი ფორმა I რიგის, ანუ ძირითად ტუბსაწინააღმდეგო წამლებზე მგრძნობიარეა, ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორის მკურნალობისთვის საჭირო ხდება II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლების გამოყენება.

თუ აქამდე რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს II რიგის ხარისხიანი მედიკამენტებისთვის საზღვარგარეთ (ძირითადად საფრანგეთში) უწევდათ გამგზავრება, ახლა ამ მედიკამენტების მიღება პაციენტებს საქართველოში – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ. “ჩვენ ხელი მიგვიწვდება ყველა იმ ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ არის რეკომენდებული. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ გაფართოებული რეზისტენტობა და ახალი მედიკამენტებით მკურნალობენ, მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი რეზისტენტობა განვითარდება, რომ ამ ახალ მედიკამენტებსაც დავკარგავთ. ეს კი იმიტომ არის ცუდი, რომ კიდევ ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის გამძლე ფორმების სამკურნალოდ 2021 წლამდე აღარ იქნება. ეს ახალი მედიკამენტებიც ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად შეიქმნა”, – ამბობს ნანა ქირია.

 

ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია ბედაქილინი (Bedaquiline), რომელიც ჯანმო-მ 2014 წლის დეკემბერში შეიტანა ტუბერკულოზის მართვის შესახებ გაიდლაინში და რომლის პირველი პროგრამული პარტიაც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც პირველი დაიწყება ბედაქილინის პროგრამულად გამოყენება. კიდევ ერთი ახალი მედიკამენტი, რომელიც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკუნრალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში 3 კვირის წინ შევიდა – დელამანიდია (Delamanid). ნანა ქირიას თქმით, როცა ბევრ მედიკამენტზეა რეზისტენტობა, იქ ერთი მედიკამენტის დამატება არ არის ეფექტური. “საჭიროა კიდევ ორი ან სამი წამლის დამატება, რისი საშუალებაც ჩვენ უკვე გვაქვს, რადგანაც “ბედაქილინის” და “დელამანიდის” გარდა, ჯანმოს მიერ აღიარებული კიდევ რამდენიმე ახალი მედიკამენტი დავამატეთ პროგრამაში”, – ამბობს ის.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორი დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ II რიგის, ახალ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებს გარკვეული გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელთა მართვაც პროგრამითვეა გათვალისწინებული და სახელმწიფომ საამისოდ საჭირო მედიკამენტებიც შეიძინა.

ნანა ქირიას თქმით, გვერდითი მოვლენები ვლინდება მაშინ, როცა პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს: “მაგალითად, ბავშვები ამ მედიკამენტებს ძალიან კარგად იტანენ და მათში არანაირი გვერდითი რეაქციები არ ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ორგანიზმი აბსოლუტურად სტერილურია და მას სხვა თანმხლები დაავადება არ აქვს. ჩვენი პაციენტების 80%-ს აქვს თანმხლები დაავადებები – ვირუსული ჰეპატიტები, დიაბეტი, წყლულოვანი დაავადებები და სხვა. ადამიანს პროგრამაში ჩართვამდე და ჩართვის შემდეგ, გამოკვლევების მთელ სპექტრს ვუტარებთ, რათა დავადგინოთ ექნება თუ არა ამ პაციენტში მედიკამენტს გვერდითი მოვლენები”.

სპეციალისტების თქმით, ახალი მედიკამენტები ეფექტურია. ტუბერკულოზის მკურნალობის მიზანი ორგანიზმში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის განაგურებაა, ამ პრეპარატების გამოყენების შედეგად კი თითქმის ყველაგან მოხდა ბაქტერიოლოგიური კონვერსია, ანუ დათესვისას ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები აღარ იზრდებოდა.
“ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებების ცენტრში” მდგრადი ფორმის ტუბერკულოზს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამი აჭარიდანაა. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, პაციენტები აჭარიდან სულ მალე დაბრუნდებიან რეგიონში და ადგილზე გააგრძელებენ მკურნალობას.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის თქმით, რეზისტენტული ფორმის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეწყვეტილი მკურნალობაა. “როცა ავადმყოფები სხვადასხვა დროს არ ასრულებენ მკურნალობის კურსს ბოლომდე, ეს ხდება იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ შეიქმნას (MDR) რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზი. ამ ხნის განმავლობაში მიკრობმაც განიცადა მუტაცია, შეეგუა გარემოს. იგი ცდილობს გადარჩენას და უფრო გამძლეც გახდა მედიკამენტების მიმართ”, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.
რეზისტენტული ტუბერკულოზის გადადება შესაძლებელია ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე უკვე წამალმდეგი ბაქტერიებით, ანუ პირველადად რეზისტენტული ფორმით ავადდება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სრულად აფინანსებს, დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, არიან პაციენტები, ვისაც არ სურთ მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება: “ამ კანონმდებლობის შემოღება, სწორედ იმიტომ გახდა სავალდებულო, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზის ბაცილგამომყოფი ავადმყოფები წყვეტენ ან თავიდანვე უარს აცხადებენ მკურნალობაზე. მიზეზი ამისა სხვადასხვაა, ზოგი სოციალურ მდგომარეობას ასახელებს, ზოგს დიაგნოზის გახმაურება არ უნდა”.
`ეს ძირითადად ე.წ. ასოციალური ადამიანები არიან – ალკოჰოლდამოკიდებულები, კრიმინალური წარსულის მქონენი, რომელთაც უჭირთ ერთ ადგილზე დიდ ხანს გაჩერება, ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ სამოქალაქო და პენიტენციალურ სისტემას შორის. ვფიქრობ, ასეთი ძალიან ცოტა შემთხვევა იქნება, მაგრამ ამ კანონის მიღება აუცილებელია”, – განმარტავს ნანა ქირია.

ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ბაქტერიაგამოყოფა, ანუ საშიში არიან საზოგადოებისთვის, მაგრამ უარს აცხადებენ მკურნალობაზე – კანონპროექტი არანებაყოფლობით იზოლაციას ითვალისწინებს. “ტუბერკულოზის ბაქტერიაგმომყოფ ერთ ადამიანს შეუძლია წლის განმავლობაში 10-14 ჯანმრთელი ადამიანი დაასნებოვნოს. ზოგიერთი ასეთი პაციენტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუშაობს, ზოგი მართავს ავტობუსს, ზოგიერთი კვების ობიექტში მუშაობს. ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და როცა ასეთ პაციენტს არ უნდა მკურნალობა, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დავავალდებულოთ იგი და ამით დავიცვათ საზოგადოება” – ამბობს ნანა ქირია. მისივე განმარტებით, პაციენტის იზოლაცია ხდება საავადმყოფოს პირობებში, სადაც ბაქტერიამომყოფი პაციენტი არ მკურნალობს, ის, უბრალოდ, იზოლირებულია და ვერ ტოვებს საავადმყოფოს ტერიტორიას. “თუ პაციენტი დათანხმდება მკურნალობაზე, ჩვეულებრივად მოხდება მისი ინტეგრაცია პროგრამაში”, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, აქამდე ასეთი შემთხვევები ადამიანის უფლებების დარღვევად განიხილებოდა. მისივე თქმით, ახლა ასეთი პაციენტების არანებაყოფლობითი იზოლაცია, ამავე პაციენტების უფლებების მაქსიმალური დაცვით, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ ტუბერკულოზის დროს ავადმყოფი დიდ ხანს ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და ამით შეგულიანებული პაციენტები უარს ამბობენ მკურნალობაზე: “ამიტომაც არის ეს დაავადება განსაკუთრებით მავნე, სანამ ენერგია აქვთ არ უნდათ მკურნალობა, ხოლო როდესაც დაუძლურდებიან, თავისით მოდიან სტაციონარში”.

ტუბერკულოზის მართვის ახალ კანონპროექტში, ტუბერკულოზის პროგრამის ბენეფიციარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების სახით გარკვეული სოციალური გარანტიებიც არის გათვალისწინებული. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, თანხის მოცულობა ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ თანხას მიიღებენ პროგრამის ის ბენეფიციარები, რომლებიც ბოლომდე მიიყვანენ მკურნალობის კურსს.

ოპოზიციის ანგარიში ხალხს


სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი


ბატონო სულხან, რისი გაკეთება შეძლო თქვენმა ფრაქციამ ამომრჩევლისთვის ჯერ კოალიციაში მუშაობის დროს და ახლა ოპოზიციაში?

 ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი თავი ეხებოდა ადამიანის უფლებებს. ამ კუთხით, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ამომრჩევლის წინაშე პირნათელი ვარ, რადგან აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩემი ინიციატივით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. მანამდე ეს კომისია არ არსებობდა. ასობით მოქალაქემ მიმართა ამ კომისიას და ბევრი მათგანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა მოხერხდა. ასეთი კომისიის არარსებობა იყო დიდი შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორებულია. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი საბჭოს შემდეგ მოწვევებში კომისია მეტ გამოცდილებას მიიღებს და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მისი მუშაობა.

ასევე გამოვყოფდი აჭარის ტელევიზიის საკითხს, რომელსაც ჩვენი ფრაქცია აქტიურად უჭერდა მხარს. დღეს აჭარის ტელევიზია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი მრჩეველთა საბჭოთი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. მრჩეველთა საბჭოში ჩვენი ფრაქციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ობიექტური ჟურნალისტია, ჩვენ აქ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ასევე იყო საბიუჯეტო საკითხები, ჩვენ აქტიურად ვლობირებდით მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტებში უამრავი პრობლემაა, რაც ფინანსური სახსრების გარეშე ვერ გადაწყდება. 2012 წლიდან, ვიდრე ჩვენ ვიყავით კოალიციაში, ყოველ წელს იზრდებოდა მუნიციპალიტეტების დაფინანსება. როგორც კი ეს მიდგომა შეიცვალა, ჩვენ ბიუჯეტს მხარი აღარ დავუჭირეთ. შემდეგ ჩვენ წავედით ოპოზიციაში და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დაიშალა.

 

 

მუშაობს თუ არა ადამიანის უფლებების კომისია ისე, როგორც გქონდათ წარმოდგენილი, როცა მისი შექმნის ინიციატივით გამოხვედით?

როცა ვქმნიდით ამ კომისიას, ზუსტად ვიცოდი – ეს იქნებოდა ახალი ხილი უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის წლები დასჭირდება. უამრავმა ადამიანმა ამ კომისიაში კონკრეტული რეკომენდაცია მიიღო.

 

 

 რა ინტენსივობით ხვდებით ამომრჩეველს?

მე არ მივეკუთვნები დეპუატატების იმ კატეგორიას, რომლებიც ძირითადად კაბინეტური შრომით არიან დაკავებული. არც ამაშია დასაძრახი არაფერი, უბრალოდ, უპირატებას ვანიჭებ ხალხთან მისვლას – არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა მე, როგორც დეპუტატს, მომმართეს და შეხვედრაზე უარი ვთქვი. გარდა ამისა, ჩვენ, `თავისუფალ დემოკრატებს~ გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი. შეხვედრების ნაწილი შუქდება მედიით, ბევრგან არც ვეძახით მედიას. პრობლემები, რაზედაც მომმართავენ, არის სხვადასხვა, ნაწილის მოგვარებას პირადად ვახერხებ, ზოგჯერ რეკომენდატორის ან კონსულტანტის ფუნქცია მაქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ურთულესი პრობლემების წინაშეა. მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ პატარა წარმატებაც გახარებს და ენერგიას გძენს.

 

 

 კანონშემოქმედებით საქმიანობას გიწუნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. რას იტყვით ამაზე?

 ამ კუთხით ნამდვილად აქვს უმაღლეს საბჭოს პრობლემა და პრობლემა არ არის მხოლოდ უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის საკითხი. ეს არის კანონმდებლობის საკითხი, რაც არეგულირებს ინიციატივებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვამზადებთ ორ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად. მაქსიმალურად ვეცდებით ეს პროექტები ბოლომდე გავიტანოთ. პირველი ეს არის ეკომიგრანტების საკითხი, ხოლო მეორე ჯარიმების ლიბერალიზაციის საკითხს ეხება.

 

 

ცოტა ხნის წინ თქვენი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობა შეუძლებელია

 კრიზისმა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, ბუნებრივია, თავისი დაღი დაასვა მუშაობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდეს. ჩვენ უკვე გვაქვს კანონპროექტები, რომლებსაც პარლამენტში ლობირებას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ გაუწევს.

 

 

 ათბალიანი სისტემით შეაფასეთ უმაღლესი საბჭოს მუშაობა რამდენს დაუწერდით?

 ეს უმაღლესი საბჭო აკადემიურობით, პოლიტიკური პროფესიონალიზმით დიდ შეფასებას ვერ იმსახურებს. რაც შეეხება პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, ეს ნამდვილად არის უმაღლეს საბჭოში.

 

 

თქვენი ფრაქცია როგორ აფასებს მთავრობის მუშაობას?

 მუშაობის შეფასების კანონით დადგენილი კრიტერიუმები არ არსებობს. ყველაზე კარგი შემფასებელი მოქალაქეა. უმაღლეს საბჭოს დღეს რთული დღეები უდგას. პოლიტკური სიტუაცია დაძაბულია და ეს საკანონმდებლო საქმიანობას ძალიან უშლის ხელს. მაგრამ უმაღლესი საბჭოს ძირითადი ფუნქცია მაინც საბიუჯეტო კონტროლი და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგია, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ისეთ სიტუაციაში, როგორიც მთელ ქვეყანაშია, ვინც იტყვის, რომ კმაყოფილია თავისი საქმიანობით, ის პატივმოყვარეა. ჩემს საქმიანობას ზომიერად ვაფასებ.

ზაფხულის სპორტი ზღვის პირას

საქართველოს პირველი ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში | ბათუმი 2014 წელი

ბათუმის ზღვისპირა ზოლში საერთაშორისო სტანდარტების ორი ქვიშის მოედანია. მათზე სხვადასახვა ტურნირი იმართება ყოველწლიურად, რომლებსაც შესაბამისი ფედერაციები უწევენ ორგანიზებას. შეჯიბრებებს ფინანსურ ორგანიზებას ბათუმის მერია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ან საკუთარი ძალებით ფედერაციები ახორციელებენ. ქვიშის მოედნები გვერდიგვერდ მდებარეობს. ერთი მოედანი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაარემონტეს, მერიის ბალანსზეა და 900 მაყურებელს იტევს. მეორე მოედანი კი კერძო საკუთრებაა. სპორტის ამ სახეობებში ძირითადად ის სპორტსმენები ასპარეზობენ, რომლებიც კლასიკურ სახეობებში, ზოგ შემთხვევაში კი ყოფილი სპორტსმენებისგან ან მოყვარულებისგან ყალიბდება გუნდი.

ქვიშის ფეხბურთი

აჭარაში ქვიშის ფეხბურთის შედეგი უპრეცედენტოა. საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე არსებული ქვიშის ფეხბურთის გუნდი (ბათუმის „დინამოს“ სახელით ასპარეზობს) 2014 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, რითაც ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. „ეს არის პირველი შემთხვევა არა მარტო ქვიშის სახეობაში, არამედ იმაშიც, რომ აჭარიდან მიდის კლუბი ევროპის თასის პირველობაზე“, – გვითხრა აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ. საპლაჟო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის (EURO WINNERS CUP CATANIA 2015) გათამაშება იტალიაში, სიცილიის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კატანიაში 2 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. „დინამო“ იტალიაში 30 მაისს გაემგზავრა, 31 მაისსა და პირველ ივნისს ღია ვარჯიშები ჩაატარა. 2 ივნისს კი, თბილისის დროით 13:00 საათზე, ტურნირის გახსნით შეხვედრაში ითამაშა კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე,  სადაც „დინამომ“ ბულგარეთის ჩემპიონს „ოდესუს“ 2-0 მოუგო.

ჯაბა ჭანტურიას თქმით, ქვიშის ფეხბურთი აქტიურად ვითარდება ბათუმში და იზრდება ღონისძიებების რაოდენობა.

ქვიშის ფეხბურთში ფედერაციას წელს რამდენიმე შეჯიბრება აქვს დაგეგმილი.

  • 4-8 ივნისი – სასკოლო ჩემპიონატი;
  • 9-13 ივნისი – აჭარის ჩემპიონატი სტუდენტებს შორის
  • 7-15 ივლისი – საქართველოს ჩემპიონატი (რიგით მეორე)
  • 2-7 აგვისტო -აჭარის ჩემპიონატი (დიდებს შორის)
  • 5-7 სექტემბერი – საერთაშორისო ფესტივალი ქვიშის ხელბურთსა და ფეხბურთში.

ქვიშის ფრენბურთი

ფრენბურთში ჯერ კლასიკური ფრენბურთის სეზონი არ დამთავრებულა. აჭარის  რენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხათუნა გიორგაძის ცნობით, ქვიშის ფრენბურთის სეზონი აგვისტოში დაიწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ჩატარდება ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – „შავი ზღვის დედოფლები“, საქართველოს ჩემპიონატი, სეზონს დაასრულებს აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი.

მანამდე კი კლასიკური ფრენბურთის სეზონი მიმდინარეობს და ბათუმის სასპორტო სკოლის

გოგონათა ნაკრები ფრენბურთში, ბარსელონის თასზე საასპარეზოდ 25 ივლისს ესპანეთში გაემგზავრება. საერთაშორისო ტურნირი ქალთა ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი ბარსელონის თასი 2015, კამპ ნოუზე 26-28 ივნისს ჩატარდება.

ქვიშის რაგბი

25-26 ივლისს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება ბათუმში ქვიშის რაგბიში. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ დუგლაძის თქმით, ამ ტურნირზე წელს ორი ბრიტანული გუნდი ჩამოვა, მათ შორის იქნება ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრი ჯოშ კრონფელდი. „უკვე ტრადიციულია და საერთაშორისო გახდა ეს ტურნირი. ჯოშ კრონფელდი, ზელანდიელი კაპიტანი – ზელანდიის ნაკრებში 90-იან წლებში თამაშობდა. ვფიქრობ, მისი ჩამოსვლა ქართული სარაგბო სამყაროსთვის დიდი პატივია“. ამ ტურნირის ორგანიზატორები არიან ბათუმის მერია და საქართველოს რაგბის კავშირი. მასში 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ქვიშის ხელბურთი აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის ბაზაზე არსებობს ქვიშის ხელბურთიც. ჯგუფს, რომელშიც 14 სპორტსმენია, მერაბ ჭანტურია წვრთნის. ის ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ გოგონებიც ჰყავდათ, ახლა კი გუნდში მხოლოდ ბიჭები არიან, რადგან ხელბურთისადმი ინტერესმა იკლო.

ბათუმის ქვიშის ხელბურთის გუნდმა 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოიგო, რომელიც თბილისში აკვაპარკ „ჯინო პარადაიზში“ გაიმართა, მეორე ეტაპი 5-7 ივნისს ყვარელში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონის ვინაობა კი მეოთხე ტურის ჩემდეგ გაირკვევა.

ქვიშის ჭიდაობა

ქვიშის ჭიდაობაში შედარებით ნაკლები ღონისძიებებია. მასშიც ის სპორტსმენები არიან ჩართულები, ვინც თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში გამოდიან. ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის თქმით, ბათუმში ქვიშაში მოჭიდავეები სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობენ.

„ქვიშის ჭიდაობის ელემენტების გამოყენებით, ქვიშის გარეშე ვვარჯიშობთ დარბაზში, რომ უცხო არ იყოს, როცა შეკრებები დაიწყება მსოფლიო ასპარეზობისთვის. ეს ოლიმპიური სახეობა არ არის, არაა ისეთი მასობრივი, როგორც თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა. ამ სახეობაში ბავშვები არ გვყავს. მხოლოდ დიდების მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოვდივართ“.

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი 2011 წლის ივლისში ბათუმშიც ჩატარდა. ეს იყო რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი ამ სახეობაში, სადაც 11 ქვეყნიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთში 11-12 ივლისს გაიმართება. როგორც ჯემალ კილაძემ უთხრა „ბათუმელებს“, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას. თუკი დადებითად გადაწყდება ეს საკითხი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ეროვნული ნაკრების ჩამოსაყალიბებლად.

 

 

 

„ბეთლემის“ ათი წლის იუბილე

 

„ბეთლემი“ 2005 წელს იმედა ფარტენაძისა და ნოდარ კახიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, ამ დროისთვის ანსამბლში 22 მოცეკვავეა. ანსამბლის ხელმძღვანელი იმედა ფარტენაძეა, ხოლო ქორეოგრაფი მზია ტუნაძე.

„დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, იმ დროისთვის მხოლოდ უხუცესები იყვნენ ანსამბლში, დროთა განმავლობაში ახალგაზრდები ჩაენაცვლნენ მათ და ანსამბლიც გაახალგაზრდავდა“ – აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი იმედა ფარტენაძე.

მზია ტუნაძე ანსამბლის ქორეოგრაფია „ბეთლემის“ დაარსებიდან დღემდე: „ცეკვის ცხრა სახეობას ვასრულებთ. მარტო აჭარულის ხუთი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული. ჩვენს რეპერტუარში არის, როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე ცეკვები. აგრეთვე ადგილობრივი, ქედისთვის დამახასიათებელი ძველი ცეკვა „შრომის ზეიმი“, თუმცა სახელი შევუცვალე და „შემოდგომა ქედაში“ დავარქვი, იქედან გამომდინარე, რომ ვაზი ჩვენთვის ტრადიციული კულტურაა, ცეკვა ვაზის გამოყვანაზე ავაგე“.

ანსამბლს, იუბილე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ ბერიძემ მიულოცა და ანსამბლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნოდარ კახიძე, ისრაფილ დიასამიძე, დავით ღოღობერიძე, მზია ტუნაძე და იმედა ფარტენაძე დააჯილდოვა.

„დავლურის“ საცეკვაო ფორმის შეძენას დაჰპირდა ანსამბლს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა თევზაძე: „მინდა გაცნობოთ, რომ სამინისტრო წელს „ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში „ბეთლემს“ სასცენო ფორმას შეუძენს. სამინისტროში ყოველწლიურად მოდის მოწვევები საზღვარგარეთიდან, ირჩევა საუკეთესო კოლექტივები, გასულ წელს ქედის ანსამბლი ორჯერ იყო თურქეთის რესპუბლიკაში ფესტივალზე, წელსაც შეუძლიათ მოწვევის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა“ .

შორენა კარანაძე, ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი: „ანსამბლი იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდები ცეკვავენ ფოლკლორს. ფრიდონ სულაბერიძის შეფასებას გავიხსენებ, რომელმაც თქვა – აღტაცებული ვარ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდები ასე შესანიშნავად ცეკვავენ, იხსენებენ მამაპაპისეულ ილეთებს და ასრულებენ“.

საიუბილეო საღამოზე ბეთლემთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ანსამბლები ღებულობდნენ.

ვაკანსიები ბათუმის მერიაში, ქედის გამგეობასა და აჭარის მთავრობაში

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით აჭარის მთავრობის აპარატში მთავარი სპეციალისტის ორი ვაკანტური ადგილია: საერთაშორისო ურთიერთობათა და მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში [ანაზღაურება თითოეულზე თვეში 1070 ლარი]. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა კი 2015 წლის 6 ივნისია.

 

27 ვაკანსიაა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. ბიუროს მონაცემებით აღნიშნულ ვაკანსიებზე განცხადებების შეტანის ბოლო ვადა ხვალ, 2015 წლის 5 ივნისს იწურება. ბათუმის მერიაში ადმინისტრაციის სხვადასხვა განყოფილებებსა და სამსახურებს სჭირდებათ სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტები. ვაკანტურია მერის წარმომადგენლების თანამდებობები კახაბრის, ბონი-გოროდოკისა და ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

11 ვაკანური ადგილია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ამ ვაკანსიებზეც განცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი 2015 წლის 7 ივნისია. ვაკანტურია გამგებლის თანაშემწის ადგილი გენდერული თანასწორობის საკითხებში, ასევე გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;  მთავარი სპეციალისტის ვაკანსიებია წონიარისის, დანდალოს, ცხმორისის, დაბა ქედის, პირველი მაისის, მერისის, მახუნცეთის ოქტომბრისა და ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

საჯარო სამსახურებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე  www.hr.gov.ge. კანდიდატები აქვე გაეცნობიან სამუშაოს აღწერილობას, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და სხვა დამატებით ინფორმაციას.

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიები საბოლოო გადაწყვეტილებებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან სხვადასხვა [1-დან 3-თვემდე] პერიოდში მიიღებენ.

 

ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი.

 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულები ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონი“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი. 

 

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ვანაძე სამსახურში არ იმყოფება, თუმცა  თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის. 

ლიტერატურული ფესტივალი ‘ინსომნია’ ბათუმში გაიმართება

 

ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეები 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით სათითაოდ წიგნის მაღაზიაში დარჩებიან ღამით, სადაც უნდა დაწერონ მოთხრობა, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრში. 

 

მონაწილეებს “ინსომნიას” ჟიური ფობიოგრაფიების მეშვეობით შეარჩევს. “მოგვწერეთ თქვენი შიშები ელ.მისამართზე fest.insomnia@gmail.com 8-დან 25 ივნისის ჩათვლით და გახდი ინსომნიაკი” – აღნიშნულია “ინსომნიას” ფეისბუქგვერდზე. 

 

წელს ჟიურის წევრები არიან: ნატო დავითაშვილი, მოლი ბლუმი, სალომე ბენიძე, თევდორე მირიჯანაშვილი და ნიკა სამუშია. 

 

ფესტივალის დასრულების შემდეგ მონაწილეების მიერ ფესტივალის ფარგლებში დაწერილი მოთხრობების კრებული გამოიცემა. 


მაღაზია წიგნები ბათუმში
მაღაზია წიგნები ბათუმში

ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტები და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


ილია ო. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იგი ასევე მის მიერ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, სხვადასხვა ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის 4 ფაქტსაც აღიარებს.


გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

სწავლება მიზნად ისახავს ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობასა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას.

 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის 30-მდე მონაწილე ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: ტურიზმის განვითარების ხედვა და სტრატეგია, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები,   ტურიზმი და ეკოლოგია და ტურიზმი გლობალურ დონეზე. ქართველი და გერმანელი სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მტირალას ეროვნულ პარკში ვორკშოფებს მოაწყობენ და აჭარის მუნიციპალიტეტებში გაემგზავრებიან აგრო, ეთნო და ეკო ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად.


10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ჩრდილოეთით, მწვანე კონცხზე, ზღვისპირას გაშენებული საუკუნის ბაღი იდეალური ადგილია დასასვენებლად.   ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული და იქ მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მტირალას პარკი

თუ ბუნებაში დასვენება, ლაშქრობა, მდინარის ცივ წყალში ბანაობა გიყვართ – მაშინ მტირალას ეროვნული პარკს უნდა ეწვიოთ. მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ზიპლაინით სარგებლობა შეუძლიათ.  ზიპლაინი-ხეებს შორის დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომელზეც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება.

პარკში შესვლა უფასოა. არის საპიკნიკე და კარვის გასაშლელი ადგილები.

„ბეწვის ხიდი” მტირალას დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე.
კინტრიშის ნაკრძალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში მდებარე კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ერთ-ერთია იმ ადგილებიდან რაც შეიძლება აჭარაში ნახოთ. გზად კინტრიშის ნაკრძალისკენ ცხემოვანის თაღოვანი, ნათალი ქვით ნაგები ხიდი უნდა გაიაროთ.  კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე შეიგიძლიათ ნახოთ ორი ტბა  ტბიყელი და დიდვაკე,  ასევე ნაკრძალთან ახლოსაა ტბა, რომელსაც სიძერძალი ჰქვია.

კინტრიშის ხეობა ფოტო: ბექა ბოლქვაძე

მწვანე ტბა

მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე,  ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე.

მწვანე ტბა
მწვანე ტბა. ფოტო: თამარ ნერგაძე

ბეშუმი

მწვანე ტბასთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმი. ძველი აჭარული არქიტექტურით ნაგები საზაფხულო სახლების გვერდით თანამედროვე კოტეჯის ტიპის სახლების ნახვაც შეგიძლიათ. კურორტი საზაფხულოა. თუკი ოდესმე ნისლიან ბეშუმში მოხვდებით, ამ კადრის დავიწყებას ვერ შეძლებთ.

ბეშუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჩირუხი

ჩირუხი ბეშუმის მსგავსად საზაფხულო დასასვენებელი ადგილია. აქ ძირითადად მემთეურები მიდიან. ჩირუხი ბეშუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული ხართ, ეს ადგილი თქვენთვისაა. ჩირუხიდან შესაძლებელია ბეშუმში გადასვლა, თეთრობის უღელტეხილის გადავლით. მთა თეთრობის ძირას საზაფხულო იაილაა – შუამთა. მარშრუტის დაფარვა ორ დღეშია შესაძლებელი.

ჩირუხი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მაჭახლის ხეობა

იქ სადაც მაჭახლისწყალი და ჭოროხი ერთმანეთს უერთდება იწყება მაჭახლის ხეობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბევრი კარგი ადგილია, რომლის ნახვაც ტურისტებისთვის საინტერესოა, მაგრამ მაჭახლის ხეობა განსაკუთრებულია. მაჭახლის ხეობის ბოლო სოფელში, ზემო ჩხუტუნეთში მდებარეობს მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სხალთის ხეობა – სხალთის მონასტერი

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აჭარაში შეგიძლიათ ნახოთ არის სხალთის ხეობა. ხეობისკენ გზად, სოფელ ფურტიოში საზაფხულო პაბია, სადაც უგემრიელესი ლუდისა და ყავის დალევაა შესაძლებელი. იქვეა ცივი წყარო, სადაც ადგილობრივები ხილს და ბოსტნეულს ყიდიან.  სოფელ სხალთაში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ  მე-12 საუკუნეში აგებული სხალთის მონასტერი.

სხალთის მონასტერი ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ხიხანის ციხე

X-XII საუკუნეებში აგებული ხიხანის ციხე ერთ-ერთი მიუვალი ციხეა საქართველოში. ციხესიმაგრე მთის წვერზე დგას და იქ მოხვედრა ვიწრო საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი. ხიხანის ციხე საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ამიტომ იქ მოსახვედრად პირადობის მოწმობაა საჭირო. ციხემდე მისასვლელ გზაზე სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, რომელსაც საბუთების წარდგენის შემდეგ დაუბრკოლებლად გაივლით და ხიხანის ციხეზეც ახვალთ.

ხიხანის ციხე ფოტო: ბექა ბოლქვაძე

სოფელი თაგო

ხულოსა და სოფელ თაგოს ერთმანეთთან საბაგიორ გზა აკავშირებს. საბაგირო გზა ზღვის დონიდან 1000 მეტრზეა. საბაგიროთი გასეირნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კი საბაგიროდან პარაშუტითაც ხტებიან.

თაგოს საბაგირო გზა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

რატომ დააკავეს შშმ ქალი

 

მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროკურორი ქეთევან ადამია პატიმრისთვის აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის – პატიმრობის გამოყენებას იმ არგუმენტით ითხოვდა, რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებული შესაძლოა გამოძიებას მოსალოდნელი სასჯელის შიშით მიემალოს ან ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულების მოპოვებას. ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა.
ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქვს ცხრა კლასის განათლება, არის ქვრივი და ჰყავს ერთი შვილი. მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, სახლი არ აქვს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 25 მაისს თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა გასაღების მიზნით. ბრალდებულს პირადი ჩხრეკა, როგორც პროკურორი ამბობს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაუტარდა.

ადვოკატი ბრალდებულს სახელმწიფომ დაუნიშნა. 45 წლის ქალის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული ბიუროს იურისტი ნუგზარ გრძელიძე იცავს. ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ პატიმრობა უკიდურესად მძიმე და მკაცრი სასჯელის ზომაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. მან ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლება გირაოს – სამი ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, როგორ შეძლებდა გირაოს საფასურის გადახდას. პატიმარმა უპასუხა: პენსიით. ადვოკატმა დასძინა, რომ ბრალდებულის შვილი თურქეთში მუშაობს და ის უზრუნველყოფს გირაოს თანხის გადახდას.
მოსამართლის მორიგ კითხვაზე  ვისთან იცხოვრებდა ის? ბრალდებულმა უპასუხა: „სოფელში, დაქალთან“.
მოსამართლემ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა ბრალდებულის დაპატიმრება.

ეს დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. მან თქვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება არ შეუძენია, გამოატანეს.
მოსამართლემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ეს არის მესამე ქალი, ვინც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს.

საკრებულოს წევრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა ხელვაჩურის საკრებულოს წევრის, ასლან კახიძის სარჩელი, მისი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით: „თავისუფალი დემოკრატები ხაზგასმისთ ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება, რადგან ასლან კახიძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით  გაათავისუფლეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ბათუმის  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ჩვენ არ დავუშვებთ მოქალაქეთა მიმართ დისკრიმინაციას და დევნას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით და ამ ბრძოლაში ვიქნებით პრინციპულები“-განაცხადა კობა ჩხეიძემ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს „საერთაშოროს გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში ასლან კახიძის უფლებებს.

 

ასლან კახიძე საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მისმა კოლეგებმა კახიძის თანამდებობიდან გადადგომა გასულ წელს მოითხოვეს, მაშინ როცა თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება, ანუ უმრავლესობის რიგები დატოვეს: „ამ მოტივით მოითხოვეს მისი თანამდებობიდან გადაყენება,  ამ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დისკრიმინაციული, მართალია პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, [საკრებულოს წევრებს უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ საკრებულოს თვამჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება] მაგრამ მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და პირის დიკრიმინაცია მისი პოლიტიკური მოსაზრებებისა და თავისუფალი  შეხედულებების გამო.  მიუხედავად იმისა რომ გადაწყვეტილების განმარტების დროს მოსამართლემ აღნიშნა რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, განაცხადა, რომ ამას გავლება არ მოუხდენია მის გათავისუფლებაზე“-ამბობს ანა ბერძენიშვილი“ბათუმელებთან“ საუბრისას.

ახალი შადრევნები ბათუმის ბულვარში

ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულვარში, პრომინადზე სულ 16 ერთეული შადრევანი განთავსდა.

შადრევანს აქვს ონკანი,  ეკონომიურია და საშუალებას მისცემს ბულვარს წყლის ხარჯი მაქსიმალურად შეამციროს, ასევე ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

სასმელი წყლის ახალი შადრევნები ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული ტენდერით, 14 960 ლარად შეისყიდა.

ახალი ინვესტიცია ბათუმში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალ ბულვარში შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220-200-ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას დაიწყებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას კი მსოფლიოში ცნობილი ბრენდები უზრუნველყოფენ.

 

ახალ ბულვარში შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით, საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220-ნომრიანი სასტუმო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე განთავსდება  სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელში უნდა დასრულდეს, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდეს.

 

შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ კი ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. სამინისტროსთან დადებული შეთანხმების თანახმად კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტორიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს.

 

პროექტის განხორცილება მიმდინარე წელს დაიწყება. ხელშეკრულების მიხედვით, შპს  „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება.

 

„მეტრო ატლას ჯორჯია“ სააქციო საზოგადოებაა და ის 2012 წერლს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. „ეარ მერიდიანსი“ კი 2015 წლის 13 მაისს რუსეთის მოქალაქემ რაფიყ კაიტამბამ დააფუძნა და კომპანიის 100% -ს თავად ფლობს. 

ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალ შენობას გადასცემენ

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში სასწრაფო დახმარების 2 ეკიპაჟია მობილიზებული.  წლების განმავლობაში ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის 24 თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. ახალი, კეთილმოწყობილი 60 კვ. მეტრი შენობა, რომელიც მთლიანად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩაქვის რაიონული ცენტრს გადაეცა, ხუთი ოთახისგან შედგება. აქვეა გამოყოფილი მოსასვენებელი ოთახები ექიმის, ექთნისა და მძღოლისთვის. ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადასცეს, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ახალი ადმინისტრაციული შენობა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას რაიონული ცენტრების შენობები წარმოადგენს, სადაც არ არის შესაბამისი პირობები მომსახურე პერსონალის განთავსებისა და დასვენებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სსდ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები უკვე გადასცეს დმანისში, ქუთაისში, თიანეთსა და ყვარელში.

 

სასამართლომ ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოიტანა

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყოფილ ქმარზე მოძალადე ქალის საქმე მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განიხილა. მას უბნის ინსპექტორმა სთხოვა დამცავი ორდერის გაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლთან მიახლოებას მოძალადე უნდა მოერიდოს როგორც მის სამუშაო ტერიტორიაზე, ასევე სახლში.

როგორც უბნის ინსპექტორი მოსამართლეს მოუყვა, ისინი ორი წლის წინ განქორწინდნენ, ქონება სასამართლოს გზით არის გაყოფილი, თუმცა დავა მიწაზე ისევ გრძელდება. მისივე ინფორმაციით, მამაკაცმა 2015 წელს მეორე ცოლი შეირთო და ბავშვს ელოდება, თუმცა მას და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას მისი ყოფილი ცოლი კვლავაც აყენებს.

 

“შემომივარდა სახლში, ჩამიმტვრია ფანჯარა, გამოვიძახე პოლიცია, ერთხელ შინ დამხვდა, სახლის გასაღები ჰქონია და კარები გააღო. მეუბნება, რომ არ გამახარებს, მლანძღავს. მე ვტაქსაობ, 26 მაისს შევარდა ჩემს ბოსტანში, თავს დაესხა დედაჩემს, მიწაზე ჰყავდა გაგდებული, ზემოდან შედგა წიხლებით, გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მემუქრება. მე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ, შემიძლია წაგაკითხოთ მესიჯები”, – უთხრა მოსამართლეს მამაკაცმა.

 

სასამართლო პროცესს ძალადობაში ბრალდებული ქალიც ესწრებოდა, რომელმაც ყოფილი ქმარი ღალატში დაადანაშაულა: “რაც მოყვა, ნაწილობრივ ტყუილია. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს -18 და 21 წლისანი არიან, ორივე ჩემთან ცხოვრობს. თავს მე დამესხნენ ჩემი ყოფილი მული და დედამთილი. მე ვარ მოძალადე? მე ისეთი ძლიერი ვარ, რომ ორი ქალი ვცემე? მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, პირიქით, მე ვარ შეურაცხყოფილი”.

 

მოსამართლე დაინტერესდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თუ ატარებდა ძალადობაში ბრალდებული ქალი იარაღს. მან უპასუხა, რომ იარაღის ტარება მას არ ევალება და არც იცის გამოყენება.

მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებულ ქალს ათი დღის განმავლობაში აუკრძალა მისი ყოფილი ქმრის სახლთან და სამსახურთან მიახლოება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის ზომები გააცნო. მათ საერთო მიწის ნაკვეთი გაყოფილი აქვთ და მიწას ერთმანეთის მეზობლად ამუშავებენ.

 

2015 წლის 15 მაისის მონაცემებით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა არის 183. მათ შორის რამდენი იყო ქალი და რამდენი მამაკაცი, გაურკვეველია, რადგან სქესის მიხედვით სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული არ აქვს.

აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ბათუმში

„რაც უფრო კარგს მოვწევთ, მით უფრო კარგები ვიქნებით“, – ამბობს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილე ელიონორ კუზანოვი. ის აქციის მონაწილე ოთხ გოგონათაგან ერთ-ერთია.

„სირცხვილია, როცა მარიხუანას მოწევისთვის ადამიანებს უზარმაზარ ჯარიმებს ახდევინებენ“, – ამბობს ელიონორის კიდევ ერთი მეგობარი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მიშა არველაძე იზიარებს ელიონორის აზრს შიშთან დაკავშირებით:

„ამ აქციაზე ბევრი ვერ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არის ამის გამო კანონით დასჯილი. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ მინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, თვითონ რომ აირჩიოს ადამიანმა ღვინის სახლი უნდა თუ წითელი ქუდი. თუ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ თქვა, რომ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი და თუ ჩვენი აქცენტი მაგისკენ მიდის, რომ ევროპელები უნდა გავხდეთ, მაშინ მოვიქცეთ ისე, როგორც იქ იქცევიან, ერთ ასპექტში მაინც. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და რაც ვნახე, მივხვდი, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი. მე თუ უნდა მოვწიო და ამით არავის არ დავაზარალებ, ამის გამო რატომ უნდა დავისაჯო. რა ვქნათ ახლა, ვამტკიცოთ სიგარეტი ჯობია, ალკოჰოლი თუ მარიხუანა? ალკოჰოლი უფრო მავნე რომაა, ვიდრე მარიხუანა, მე მგონი ამას დიდი განათლება არ სჭირდება. არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი კანონი, რომ მარიხუანას მოწევისთვის 20-23 წლით დაგაპატიმრონ. ეს სირცხვილია.“

მიშა არველაძის თქმით, მას რომ შეეძლოს „მარიხუანით რეაბილიტაციის კურსებს შემოიღებდა“, რადგან „მასმედიით დაზიანებული და გაბოროტებული სიტუაციის შესაცვლელად ჩვენმა საზოგადოებამ მარიხუანა წამალივით უნდა მოიხმაროს“.

მუხრან ვახტანგაძე სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდება

 

 

 

მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე  1973 წლის 22 იანვარს არის დაბადებული. ის 2000 წელს, ავსტრალიის „სიდნეის „ ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა, 

2001 წელს _ საბერძნეთის ქალაქ პეტრაში, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი;

2003 წელს _ ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო;

2003 წელს _ ალმა–ატა– მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდაიკავა;

2004 წელს თბილისი–მსოფლიო თასზე–პირველი ადგილი.

მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს ღირსების,  2001 – 2003 წლებში კი  ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.  

სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

 

 

კვირეულის გახსნა

 

უნივერსიტეტის ინიციატივით დაიგეგმა, შემუშავდეს ინიციატივა სელიმ ხიმშიაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა საიუბილეო ფოლკლორული კონცერტი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ტბეთის“, გოგონათა ანსამბლ ,,თირინისა“  და ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

 

კვირეულის ფარგლებში 4 ივნისს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტში სტარტს აიღებს სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. 10 ივნისს კი მოეწყობა სტუდენტთა სპორტული ლაშქრობა  ხიხანის ციხესა და სხალთა-ხიხანის ხეობაში. 

 
 
კვირეულის ფარგლებში აჭარის რაიონულ ცენტრებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები და შედგება ფილმების – „სელიმ ხიმშიაშვილი“, „სხალთა-ხიხანის ხეობის ისტორიული ძეგლები“ – ჩვენება.
 
 
კვირეულის ფარგლებში გამართული კონცერტი
 
 

რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?

ფილმის ჩვენებამდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ  ისაუბრა როგორც ფილმის, ასევე პროექტის მნიშვნელობაზე:

„რატომ გადავწყვიტეთ სწორედ ამ ფილმის ჩვენება? ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია კამპანიის შესახებ რომელსაც ერქვა  – „ეს შენ გეხება“. კამპანია 2012 წელს  დაიწყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, იმის გამო რომ მხარი დაეჭირათ ინიციატიცისთვის რადგან არხები რომლებიც ვერ მაუწყებლობდნენ ქვეყნის მასშტაბით, ჩართულიყვნენ საკაბელო არხებში, რომ მოსახლეობას  ჰქონოდა წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციაზე.

არჩევნების შემდეგ კი კამპანია ეხებოდა თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკას, რაც საქართველოში სამწუხაროდ წლების განმავლობაში იყო და გრძელდება დღესაც, მიუხედავად იმისა რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, მეტ-ნაკლებად თითქოს  უფრო დაცული ვართ მოსმენებისგან და თვალთვალისგან, მაგრამ ეს მაინც შორს დგას იმ პრაქტიკისგან, რაც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში“- ამბობს,  მალხაზ ჭკადუა.


ფილმში „სხვისი ცხოვრება“ საუბარია იმაზე, თუ როგორ ხდება საზოგადოების ფორმირება ისეთ გარემოში როცა თითოეული ადამიანი  ხდება თვალთვალის ობიექტი. „რას ვაკეთებთ ასეთ დროს ჩვენ ადამიანები, სად არის ჩვენი სამოქალაქო ღირსება, ადამიანური ეთიკა და სხვა გარემოება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენს ყოველდღიურობაში“.

ფილმი გერმანელი რეჟისორისთვის სადებიუტო ნამუშევარი იყო. ის 16 წლის იყო, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა და ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, როცა რკინის ფარდა ჩამოიშალა.

„მართალია გერმანია დღემდე იხდის დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ფაშისტური რეჟიმისთვის ხარკს, თუმცა არანაკლები დამნაშავე იყო საბჭოთა რეჟიმი, რომელიც დღემდე არ გასამართლებულა. თუ ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში  წვავდნენ ადამიანებს, საბჭოთა გულაგებში ასევე მილიონობით ადამიანი დაიღუპა და დღემდე ამ პროცესისთვის მსოფლიოს არ დაურქმევია თავისი სახელი“- ამბობს, მალხაზ ჭკადუა.

ფილმის ჩვენებას და დისკუსიას, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენებას სტუდენტები ესწრებოდნენ

651 ბავშვი სკოლის, 1800 კი – ბაღის გარეშე ბათუმში

ბათუმის მეოთხე ბაღი

ნატა 6 წლის ოქტომბრის დასაწყისში გახდება. მან იცოდა, რომ წელს სკოლაში უნდა შესულიყო, თუმცა ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გამო ამას ვეღარ მოახერხებს. ნატა ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღში ირიცხება. ის ბაღში იმიტომ აღარ დადის, რომ მის ბაღში რამდენიმე თვეა სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 

„ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად მზადაა. იცის წერა-კითხვა და ფიზიკურადაც მაღალია. ახლა კიდევ ერთი წელი უნდა დაკარგოს“, – გვეუბნება ნატას მამა, შოთა ბერიძე. მისი აზრით, სამინისტროს შემოდგომაზე დაბადებული ბავშვებისთვის სკოლაში წასვლის უფლება არ უნდა შეეზღუდა. „ჩემი შვილი როცა პირველ კლასს დაასრულებს, რვა წლის იქნება და არა შვიდის. ასეთი დეტალები სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა.“

„წელს, წინასწარი გათვლებით, ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1800-მდე ბავშვი რჩებოდა. ამას უკვე დაემატება კიდევ 651 აღსაზრდელი. გასულ წელს ოთხი ათასამდე აღსაზრდელი დარჩა ბაღის გარეშე. წელს გონიოსა და ბარცხანაში ახალი ბაღები გაიხსნა, ერთი კიდევ იხსნება ქალაქში, ზოგიერთ ბაღს დაემატა ჯგუფებიც, მაგრამ ადგილების დეფიციტი მაინც გვაქვს. ზუსტი ციფრი, რამდენი ბავშვი აღმოჩნდება ბაღის გარეშე, გვეცოდინება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ“, – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი. რეგისტრაცია დასრულდება აგვისტოს ბოლოს. 

ამ დროისთვის ბათუმში 30 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 21 ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღებში ადგილები ლიმიტირებულია და სულ 7055 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღებს უფლება აქვთ საბავშვო ბაღში დაიტოვონ ის აღსაზრდელები, რომლებსაც შვიდი წელი არ შესრულებიათ.

იყო საუბარი იმაზეც, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდებოდა კერძო სკოლებზე და მშობლები შეძლებდნენ იმ ბავშვების სკოლაში შეყვანას, ვისაც ექვსი წელი სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უსრულდება. ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლაში გვეუბნებიან, რომ ისინი არ აპირებენ ხელოვნურად გადასწიონ სასწავლო წლის დაწყების თარიღი.

„როცა საჯარო სკოლები დაიწყებენ სწავლას, ჩვენც მაშინ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ინტერესებში შედის მეტი პირველკლასელი მივიღოთ“, – გვეუბნება სკოლა „ნერგების“ დირექტორის მოადგილე ნოდარ ქათამაძე. მისი აზრით, თარიღის გადაწევა საერთო პრობლემას ვერ მოხსნის.

სწავლის დაგვიანებით დაწყებას არც კერძო სკოლა „გორდა“ აპირებს. დირექტორი ნინო მურვანიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მათზეც ვრცელდება:

„ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთ. ერთადერთი განმარტება, რაც წერია კერძო სკოლებთან დაკავშირებით ის არის, რომ თუ სკოლა სწავლას იწყებს ნოემბერში, შეუძლია მიიღოს ის ბავშვები, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდა სწავლის დაწყებამდე, მაგრამ ჩვენ სწავლას ტრადიციულად 21 სექტემბერს ვიწყებთ“, – ამბობს დირექტორი.

სასწავლო წლის დაწყების თარიღის გადაწევას არც სკოლა „ევრო 2000“-ში აპირებენ. „სწავლას 14 სექტემბერს ვიწყებთ და არ ვფიქრობთ, რომ თარიღი უნდა გადავწიოთ. საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ბავშვი იმსახურებს სკოლაში შესვლას, უნდა მიიღო. როგორც ჩანს, სამინისტრომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა“, – ამბობს დირექტორის მოადგილე ანზორ აბუსერიძე. მისი თქმით, იმ ბაშვების უფლება, რომლებსაც სექტემბრის ბოლოს ექვსი წელი უსრულდებათ, გარკვეულწილად ირღვევა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრმა ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება კვლევების საფუძველზე შეზღუდა. კვლევის – „სასკოლო მზაობის შეფასება“ შედეგები ახლაც არის განთავსებული სამინისტროს ვებგვერდზე. კვლევაში, რომელიც 2011 წელსაა ჩატარებული, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ფსიქოლოგიის ექსპერტები, სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქომეტრიკოსები, ეროვნული შეფასების, კვლევისა და ანალიზის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.
კვლევაში ექვს წლამდე 1500 ბავშვი და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. ბავშვების სკოლისთვის მზაობის ეტაპები ამ კვლევის მიხედვით დადგინდა.

კვლევაში ფსიქოლოგები აქცენტს აკეთებენ ბავშვების სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მზაობაზე. ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ თუ ფსიქიკური უნარ-ჩვევების, მოტორიკის განვითარების დონეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული მაჩვენებლით ხუთი წლის ბავშვები ჩამორჩებიან ექვსი წლის ბავშვებს“. კვლევაში ასევე წერია, რომ ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისთვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – ხომ არ ირღვევა იმ ბავშვების უფლება, ვისაც სწავლის დაწყებიდან ხუთ ან ათ დღეში უსრულდება ექვსი წელი და სამინისტრო არ აძლევს სკოლაში შესვლის უფლებას? განათლების სამინისტროში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
სამინისტროს გადაწყვეტილება მშობლებმა გააპროტესტეს და აქციებიც გამართეს, თუმცა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

ხელვაჩაურში VI-XI საუკუნეების მარანი აღმოაჩინეს

 

 ძეგლი ზღვის დონიდან 220-230 მ-ზე მდებარეობს. 11 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო 128 კვ/მეტრზეა განთავსებული, მარანი VI-XI საუკუნეებს განეკუთვნება.


ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი არის როგორც ქართული, ასევე სავარაუდოდ ბიზანტიური სტილის.


არქეოლოგები ამ დროისათვის ეგრეთწოდებულ „მარნის უბანში“ და იქვე, შედარებით ქვევით მდებარე ობიექტზე ე.წ. ყურღელეში მუშაობენ, სადაც ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთებია ნაპოვნი.


ძეგლის აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აჭარის რეგიონს აქვს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.


დღეს კაპნისთავში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 


ნატო ცინცაბაძის ლექციები ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობაზე

 

7 ივნისი, 12 საათზე:  მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენცია და საქართველო 

 

ლექცია შეეხება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის დაფუძნების  მოკლე ისტორიას, მის მიზნებსა და ამოცანებს. ლექციაში განხილული იქნება  საქართველოს (როგორც კონვენციის წევრი ქვეყნის) და მსოფლიო მემკვიდრეობის  კომიტეტის თანამშრომლობის ბოლო პერიოდი და საქართველოს მსოფლიო  მემკვიდრეობის ძეგლების ფაქტობრივი და ოფიციალური მდგომარება დღეისთვის.

 

8 ივნისი, 12 საათზე:  აუთენტიკურობის პრობლემები მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის დროს


ლექცია შეეხება ავთენტიკურობის ცნების ჩამოყალიბების მოკლე ისტორიას.  ლექციაში განმარტებული იქნება ავთენტიკურობის დაცვის პრობლემები ათენის  აკროპოლისის და ბაგრატის კათედრალის რეკონსტრუქციის და ასევე სხვა  პრაქტიკული მაგალითების განხილვით.


ლექციებზე დასწრება თავისუფალია.  




ბათუმის ”დინამომ” პირველი შეხვედრა 2-0 მოიგო

 

ბათუმის ”დინამო” 2-0 ბულგარეთის ”ოდესუს” | საპლაჟო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასი 2015, კატანია 2 ივნისი

 

 

ორივე გოლი ვაჟა ივანიძემ გაიტანა.

 

ამ წუთებში, საპლაჟო არენაზე ესპანეთის Cd Murcia-სა და გერმანიის BS Chemnitz შეხვედრა მიმდინარეობს. 

 

თამაშების პირდაპირიდ ტრანსალაცია ასევე, “დინამო”  და  “ოდესუსა” შეხვედრა შეგიძლიათ

ნახოთ აქ




აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯერსის ჯიშის 87 ძროხას შეისყიდის

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო პირობების მიხედვით ძროხა, რომელსაც სამინისტრო შეისყიდის ჯერსის ჯიშის, მერძეული ფორმის, უშობელი, 5 თვის მაკე უნდა იყოს და მისი ცოცხალი წონა არანაკლებ 350 კილოს, რძის წლიური მონაწველი  4000 კილოგრამს და რძეში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 4,8% უნდა შედგენდეს.  ამასთანავე პირუტყვს თან უნდა ახლდეს: ჯიშის დამადასტურებელი სანიშენე ბარათი (პასპორტი),  შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერთიფიკატი, ხელმოწერილი და ბეჭედასმული ავტორიზირებული ვეტერინარის მიერ, წარმოშობის ქვეყანაში სამედიცინო შემოწმების (კარანტინი) შესახებ დამადასტურებელი ცნობა (სერთიფიკატი).


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ძროხები სამინისტროს მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში უნდა მიაწოდოს.

 

87 ცალი ძროხის შესყიდვაზე ტენდერი სამინისტრომ წელს მეორედ გამოაცხადა. პირველად ტენდერი 14 აპრილს გამოცხადდა,  თუმცა  ტენდერით მიმწოდებლები არ დაინტერესდნენ და  ტენდერი არ შედგა.

 

დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 6 ივნისიდან შეეძლებათ. ტენდერი 10 ივნისს 14:00 საათზე დასრულდება

 

ძროხებს სამინისტრო 2015 წლის პროგრამის „მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის“  ქვეპროგრამის „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში შეისყიდის, სამინისტრო ჯერშის ჯიშის მაღალი წველადობის ძროხას ფერმერებს თანადაფინასებით გადასცემს.

 

 

„სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ“

 

აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა კარგად ვხედავ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც… ყველაზე ნათელი მხარე, რასაც ყველა ვხედავთ არის “პროგრესი” ჯანდაცვის საკითხებში და ამისი დიდი მადლიერი ვარ მე, ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამემამულე. დღეს ადამიანები უსახსრობის გამო აღარ იღუპებიან, თუმცა რა და როგორ კეთდება სწორედ ეს არის ყველაზე ბნელი და მძიმე თემა… დღეს საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა ონკოლოგია.

 

სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ და საკუთარ თავზე გამოვცადე ჩვენი ექიმების ექსპერიმენტები… უსახსრობის გამო წლების მანძლზე ვიყავი ემიგრანტი. ერთხელაც ბავშვმა რომელსაც ვუვლიდი შემთხვევით ფეხი მომარტყა ყელთან. მას შემდეგ დამეწყო ძლიერი ტკივილები. იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი საქართველოში. ეს იყო 2011 წელს. ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკაში -კლინიკა „მედინაში“ მითხრეს, რომ ვიყავი საოპერაციო და გამიკეთეს ოპერაცია. ოპერაცია ჩაატარა მემედ ექიმმა…

 

ამ ოპერაციის გარემოებებიც დღემდე ბუნდოვანია ჩემთვის, რადგან დაფიქრების საშუალება არ მომეცა ისე დავწექი საოპერაციო მაგიდაზე. ყოველწუთს მირეკავდნენ კლინიკიდან, რას შვრებით რა გადაწყვიტეთ, ბატონი მემედი შვებულებაში უნდა გავიდეს და ჯობია მალე გაიკეთოთ ოპერაციაო. მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღო თავზე ეს ოპერაცია, მალევე დავთანხმდი.

 

ოპერაციის დროს ამოკვეთილი მასალის მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე დიაგნოზი დამისვეს ყბისქვეშა სანერწყვე ჯირყვლის ადენომა. გავიდა ერთი წელზე ცოტა მეტი. ამ დროს ისევ უცხოეთში ვმუშაობდი. დამეწყო საშინელი ტკივილები და სიმხურვალე ნაოპერაციევ ადგილას. ამჯერად თბილისში ჩამოვედი და მითხრეს, რომ სახეზე გვქონდა რეციდივი, რაც პირველი ოპერაციის არასწორად ჩატარების შედეგი იყო. აქ უკვე ოპერაციის ქირურგის კომპეტენციაში შეიტანეს ეჭვი და დაიწყეს გადაბრალებები. დამჭირდა მეორე ოპერაცია. თბილისის ონკოლოგიურში-უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში გავიკეთე ოპერაცია.

 

ოპერაცია ჩაატარა ექიმმა ზაზამ დამხმარეებთან ერთად. ეს იყო 2013 წლის  მაისი. ამოკვეთილი მასის მორფოლოგიით აქაც დიაგნოზი იგივე იყო – კეთილთვისებიანი სიმსივნე. სამი თვის შემდეგ კი იმავე ქირურგის მიერ რეკომენდირებულ საკონტროლო ექოსკოპიაზე როცა მივედი, კიდევ შენიშნეს სიმსივნის ზრდა და მითხრეს, რომ კიდევ იყო პატარა რეციდივი, უმნიშვნელო რამ და ოცწუთიან ოპერაციას გაგიკეთებთ,  არ ინერვიულოთო…

 

თავზარი დამეცა.

 

მესამე ოპერაცია უკვე ტრაგედია იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან მძიმედ გადავიტანე ორივე ოპერაციის პოსტოპერაციული პერიოდები და შედეგები… აღარ ვენდეთ და ჩემი უახლოესი სანათესაოს წყალობით თურქეთში აღმოჩნდა ჩვენი ახლობელი, რომელიც იქ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. მან მთხოვა გადამეღო მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და გადამეგზავნა დისკი. ასეც მოვიქეცით. ამ ადამიანმა აჩვენა ეს დისკი იქაურ პროფესორებს. მათი თქმით, ეს არ ჰგავდა ადენომას, ძვლის სისქეში შენიშნეს შავი ლაქა, რომლის გამოკვლევაც ჩათვალეს უპირველეს საქმედ და  იქ დამიბარეს გამოსაკვლევად.

 

უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა და  საქართველოში ამ სფეროში ნომერ პირველ ქირურგთან ბატონ კოტესთან მივედი. მას არ მოეწონა ჩემი ბოლო ექოსკოპიის სურათი და თქვა, რომ ეს არ ჰგავდა კეთილთვისებიან სიმსივნეს. სასწრაფოდ მორფოლოგიის გადამოწმება მოითხოვა, რაც მეორე ოპერაციის შედეგად ამოკვეთილ მასალაზე გაკეთდა. უნივერსალური სამედიცინო ცენტრიდან წამოვიღეთ შუშებიც და ბლოკებიც. გადამოწმების შედეგად დიაგნოზი შემეცვალა სამწუხაროდ. სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი იყო ყბისქვეშა ჯირყვლის ადენოიდურ-ცისტური კარცინომა-აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე. იმდენად გაფანტული იყო სიმსივნე ყელის მიდამოებში, რომ ბატონმა კოტემ ოპერაციამდე საჭროდ ჩათვალა სასწრაფო სხივური თერაპია  უჯრედების ნაწილი მაინც რომ მომკვდარიყო.

 

სხივებამდე გადავიღე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია „ავერსის“ კლინიკაში და კომპიუტერული ტომოგრაფია ძვლოვან მასალაზე, სადაც ჩანდა ძალიან მძიმე სურათი. გარდა რბილი ქსოვილებისა, სიმსივნემ აღწევს ძვლის სისქეში. 2014 წლის მარტ-აპრილში ჩავიტარე სხივური თერაპიის ძალიან მძმე კურსი… უფლის წყალობით სხივური თერაპია დადებითშედეგიანი აღმოჩნდა რბილი ქსოვილების მხრივ… ასე მეუბნებიან ექიმები… თუმცაღა ახალ ტომოგრაფიაზეც ზუსტად იგივე წერია ზომები რბილ ქსოვილებში სიმსივნეზეც და ძვლის სისქეში შეზრდილ მასაზეც. მათი პასუხი ასეთია, მართალია ზომები იგივეა, მაგრამ სტრუქტურა შეიცვალა. ბატონი კოტე მეუბნება, რომ უნდა მიხაროდეს ეს. ძვალს თავი დავანებოთ და დავაკვირდეთ რა მოხდებაო.

 

თავის მინებება ასეთ აგრესიულ სიმსივნეზე არ ვიცი რამდენად ლოგიკურია. ყბა სახის ქირურგები ბატონი ზურა, ბატონი დავით, ყელ-ყურ ცხვირის ექიმი ბატონი მიშა თვლიან რომ არ შეიძლება მინებება, რადგანაც რეალურად არ ვიცით რამ დააზიანა ძვალი. თუკი იქ სიმსივნეა სასწრაფოდ ყბის ძვლის გამოცვლაა საჭიროო, თუმცა მანამდე საჭიროა ბიოფსია ძვლის მიდამოდანო. ბატონმა დავითმა დამიბარა მასთან კლინიკაში, ისიც კოტესთან ერთად მუშაობს. მისი თქმით, ეს ბიოფსია ძალზე რთულადმისადგომი ადგილიდან იყო ასაღები, ამიტომ ამას ყბა-სახის ქირურგის გარდა ვერავინ გააკეთებდა… საშინლად მტკივნეული პროცედურების შემდეგ ვერ მოახერხა შეეღწია ძვლის სისქეში. სამჯერ შევიდა 20 მილიგრამიანი შპრიცით, მაგრამ უშედეგოდ. გამიშვა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, იმედი ჰქონდა, რომ იქ მაინც მოახერხებდნენ აეღოთ ეს ბიოფსია-ტრეპან – ბიოფსია ასე ჰქვია ზუსტად. იქიდანაც უარით გამომიშვეს. როგორც მითხრეს, საქართველოში კონკრეტულად ამ ბიოფსიის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, ალბათ ისევ ოპერაციის გზით თუ  შევლენ დაზიანებულ ადგილას.

 

დღეის მდგომარეობით სწორედ ასეთი სიტუციაა. მაქვს ორი დიაგნოზი, ექიმების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და მოლოდინის რეჟიმი გაუსაძლისი ტკივილების ხარჯზე. ვცხოვრობ შიშით. ერთმა კარგმა ექოსკოპისტმა პირველივე ნახვისას მითხრა, ეს ოპერაცია ძალიან დაკვირვებულ და სუფთა მუშაობას მოითხოვს, სასწრაფოდ გაყიდე რაც გაქვს და წადი გერმანიაშიო… უსახსრობის გამო დღემდე ამ მდგომარეობაში ვარ…

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში დავწერე განცხადება, რომ ყურადიღონ ეს მდგომარეობა. 3 თვე გავიდა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია, თუმცა დააწინაურეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მთავარი მორფოლოგი, ანუ ის, ვინც არასწორი დიაგნოზი დამისვა და რასაც მოყვა ამდენი არასწორი ქმედებები, ამ მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს…

 

დარწმუნებული ვარ, ასეთი შეცდომები ბევრი ხდება და ბევრი ადამიანი იმიტომ იღუპება, რომ არ გვაქვს სახსრები საზღვარგარეთ დიაგნოზი რომ დაგვისვან სწორად… დიდ ბოდიში რომ ასე ვრცლად მომიწია მოყოლა ჩემი პრობლემის, მაგრამ იქნებ თქვენი წყალობით მივიდეს ხმა ვისთანაც საჭიროა და საქართველოშიც იყოს შესაძლებელი სწორად ვებრძოლოთ ამ საშინელ სენს!

მინისტრის მოადგილე: „ირაკლი ბარამიძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს“

 

„ირაკლი ბარამიძის განცხადებებში არის სერიოზული უზუსტობები. ჯერ ერთი, ერთი ტონა სასუქი შესყიდულ იქნა 79 ლარად და ამ თანხას კი არ ემატება მოსახლეობის მიერ გადახდილი 30 ლარი, არამედ ამ ფასში შედის თანადაფინანსების ის 30 ლარიც.  

 

  2014 წელს,  მიზნობრივი პროგრამის განხორციელებამდე  სამინისტრომ ბაზარი შეისწავლა, მათ შორის, თურქეთის ბაზარიც, სადაც ერთი ტონა დეფეკაციური ტალახის ფასი 200 ლარი იყო.  ირაკლი ბარამიძეს კი უნდა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რადგან დეფეკაციური ტალახი ადგილზე ღირს 10 ლარი, ჩვენ კი შევისყიდეთ ბათუმში შემოტანილი პროდუქტი, თან ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო პროდუქტი სოფლის ცენტრებამდე  მიეტანა“.

 

იოსებ აბულაძის განცხადებით, დეფეკაციური ტალახი ქიმიურ მელიორაციას განეკუთვნება და მისი შეტანა ნიადაგში აუცილებელია.

 

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად 5 500 სინჯის აღება და შემოწმება მოხდა ყველა მუნიციპალიტეტში. გამოვლინდა, რომ ჩვენი ნიადაგები არის ზედმეტად მჟავიანი და ამიტომ არის აუცილებელი დეფეკაციური ტალახი“.

 

იოსებ აბულაძის თქმით, დეფეკაციური ტალახი მთლიანობაში ათას ჰექტარზე შევიდა.

 

„მოსახლეობის მოთხოვნა დიდია და რადგან ფერმერებმა ვერ შეძლეს მისი შემოტანა, ჩვენ მივაწოდეთ.  ეს ერთგვარი ხელშეწყობა იყო. ამ პროგრამის მიზნობრიობა შეამოწმა სახელმწიფო აუდიტმა და დარვევები რომ ყოფილიყო, აუდიტი აუცილებლად დააფიქსირებდა“ – ამბობს, მინისტრის მოადგილე.

 

ქიმიური მელიორაცია როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნიადაგს 9-10  წელიწადში ერთხელ სჭირდება.

 

 

 

იოსებ აბულაძე

 

16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით – სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივა

 

დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს მათი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ:” გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე”-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.

 

  საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით  საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე გასულ კვირას მიმართა. 

 

 

 

დასაქმების შესაძლებლობები და პრობლემები

 

 

მარიამ ბეზარაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე: “აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს გაიხსნა. ჩვენი სამსახური არ მოცავს მხოლოდ ბათუმს, ოფისები გვაქვს ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. სათავო ოფისი მდებარეობს ბათუმში, ჯავახიშვილის №70-ში. ჩვენი მომსახურება უფასოა და არც სამუშაოს მაძიებელს და არც დამსაქმებელს თანხა არ ეხარჯება. ჩვენს ქსელში დარეგისტრირება შეიძლება როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ელექტრონულად. დღეს 155 ვაკანსიაა ჩვენს სამსახურში. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არის ვაკანსიები და არ არიან შესაბამისი კადრები.

 

დასაქმების სააგენტო არ არის მარტო შუამავალი რგოლი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, ჩვენ გვაქვს მიზნობრივი გადამზადების პროგრამები სხვადასხვა დარგში. ჩვენი სააგენტო ახორციელებს სამთვიან გადამზადების პროგრამებს, რომლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პირველი ივნისიდან ვიწყებთ 250 სამუშაოს მაძიებლის გადამზადებას. ჩვენთან არიან კონსულტანტები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან სამუშაოს არჩევაში მათი უნარ-ჩვევების მიხედვით. ბევრ სამუშაოს მაძიებელს შეუცვლია გადაწყვეტილება და სხვა კუთხით დასაქმებულა. ვხვდებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. მათ ვუხსნით დასაქმების შესაძლებლობებს, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია. სამი წლის განმავლობაში ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულია 17 ათასი ბენეფიციარი და აქედან დასაქმდა 9366 მოქალაქე. ჩვენ ასევე მონიტორინგს ვუწევთ, რომ არ დაირღვეს ჩვენ მიერ დასაქმებულის უფლებები. ჩვენთან არის მუდმივი სამუშაო ადგილები, თუმცა ძალიან გვიჭირს სტუდენტების დასაქმება, რადგან ძნელია დამსაქმებელმა დროში შეგიწყოს ხელი, მაგრამ გვაქვს სეზონური დასაქმებები სტუდენტებისთვის.

 

თათია სინაურიძე, შპს “არიესის” მენეჯერი: ჩვენ ივნისიდან უკვე ვიქნებით “ელ ვიქტორი ჯორჯიას” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ეს საკმაოდ დიდი ბერძნული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა გემთმფლობელ კომპანიებს აკომპლექტებს მეზღვაურებით. კომპანიის სათავო ოფისები განთავსებულაი მანილაში, ოდესაში, საბერძნეთში და ერთ-ერთი ბათუმშიც იქნება. ჩვენი კომპანია კურსდამთავრებულებს აძლევს შანსს, წავიდნენ გემზე და გაიარონ პრაქტიკა, რომ ჩამოყალიბდნენ მეზღვაურებად. ორი კატეგორიის მეზღვაური გვჭირდება – ერთი არის გემბანზე მომუშავე მეზღვაური, მეორე – ძრავაზე მომუშავე მეზღვაური, ორივე კატეგორიას ვასაქმებთ. მოთხოვნა დიდია ქართველ მეზღვაურებზე, რადგან შრომისმოყვარენი არიან, მაგრამ ბაზა არ გვაქვს კარგი მეზღვაურების. გემზე შეიძლება ვერ მოხვდე ქართველ ეკიპაჟთან, ამიტომ აუცილებელია უცხო ენის ცოდნა.


ინგლისური ენა უკვე აუცილებელია სკაიპით ინტერვიუსთვის, ახლა ამ ინტერვიუს გარეშე რთულია მოძებნო გემი და წახვიდე, ინტერვიუს გადიხარ კრუინგ მენეჯერთან, ტექნიკურ მენეჯერთან, რომლებიც ძირითადად თეორიულ ცოდნას ამოწმებენ. მარტო ერთხელ წასვლა გემზე და რეისის ჩამთავრება არ ნიშნავს წარმატებულ კარიერას, აუცილებელია ახალი რეგულაციების ცოდნა. ეს ყველაფერი აადვილებს მუშაობას.

 

ნათია ლაბაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი (გემწამყვანი): ჩემი ოჯახის წევრები არიან მეზღვაურები. თავიდან აკადემიაში არ იღებდნენ გოგონებს, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როდესაც მე ვაბარებდი, გოგონების მიღებაც დაუშვეს, რამაც ძალიან გამახარა და პირველი პროფესია სწორედ ეს ჩავწერე. ჩემს მშობლებსაც არ დაუშლიათ, პირიქით – მომიწონეს. ზოგს გაუკვირდება ის, რომ გემზე სამუშაოდ მივდივარ. ჩემი ძმა ჩემი კურსელი იყო, ახლა ის გემზეა და იქიდან მგულშემატკივრობს. ჩემი ჩაბარების დროისთვის ტურიზმი იყო ყველაზე პოპულარული პროფესია და მეც მინდოდა ჩამებარებია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მეზღვაურობა გადავწყვიტე და აკადემიამაც მომცა იმდენი ცოდნა, რომ შევძელი გასაუბრების სამივე ეტაპის გავლა. თვე-ნახევარში მივდივარ. ახლა საბუთებს ვამზადებ.

 

სალომე ფუტკარაძე, დისკუსიის მოდერატორი: რას გააკეთებ გემზე?
ნათია ლაბაძე: გემზე მეც მომიწევს იმის კეთება, რასაც მამაკაცები აკეთებენ. არ ვიქნები გამონაკლისი და ე.წ. “სუსტი სქესი”. საქართველოში ეს იქნება მეორე პრეცედენტი, როცა ქალი გემზე მიდის სამუშაოდ, პირველი ქალი კაპიტანი იულია ფაილოძე იყო. შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.

 

ლაშა თავაძე, სტუდენტი: ქალბატონ თათიასთან მაქვს შეკითხვა. თქვენ კადრებს გადამზადების შემდეგ უშვებთ გემზე? თუ არის შესაძლებელი, რომ მე, რომელსაც გავლილი მაქვს პრაქტიკა, გავიარო გასაუბრება?

 

თათია სინაურიძე: ჩვენ არ ვამზადებთ კადრებს, ამას აკეთებს საზღვაო აკადემია და სხვა საწვრთნელი ცენტრები ბათუმში. ჩვენთან უკვე მოდის სერტიფიცირებული მეზღვაური. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მხოლოდ შიდა ტრენინგები, რომელსაც სხვადასხვა გემთფლობელი კომპანია მოითხოვს ჩვენგან, რის შემდეგაც ჩვენ გავცემთ სერტიფიკატს.
სალომე ფუტკარაძე, მოდერატორი: რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია?

 

 

მარიამ ბეზარაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე: დღეს მოთხოვნადია ტურიზმის სფერო, მიმტანი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, გიდ-ოპერატორები. ასევე მოთხოვნადია სამშენებლო კომპანიებისთვის კადრები და ექთნები _ ახალი საავადმყოფოებისთვის. ითხოვენ გამოცდილებას, მაგრამ იხსნება ბევრი კაფე და კომპანია, რომლებიც ითხოვენ რუსულის, ინგლისური ცოდნას, რომ შეძლონ ტურისტებთან საუბარი. შესაბამისი ანაზღაურება არის.

 

აჩი ართმელაძე, დისკუსიის მონაწილე: იყო შემთხვევა, როდესაც თქვენი სააგენტოდან დასაქმდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ხის საამქროში, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ის გამოუშვეს და მის ნაცვლად დამსაქმებელმა ახლობელი დაასაქმა. მაინტერესებს, თქვენ აკონტროლებთ თუ არა მსგავს ფაქტებს? ანუ რა ხდება იმის შემდეგ, რაც დასაქმდებიან ადამიანები? გარდა ამისა, ასევე იყო ფაქტები, როდესაც არ დაასაქმეს ბიჭები ფარმაცევტულ კომპანიებში იმ მიზეზით, რომ ბიჭი იყო და ჩათვალეს, რომ წამალს მოიპარავდა. თუ დაგისაქმებიათ ფარმაცევტულ კომპანიაში ბიჭი?

 

მარიამ ბეზარაშვილი: ჩვენს ბაზაში პროფესიით ფარმაცევტი ბიჭები არ დარეგისტრირებულან და ამის გამოცდილებაც არ გვქონია, მაგრამ ვთანამშრომლობთ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ვასაქმებთ ამ პროფესიითაც.
ლაშა აბუსელიძე, სტუდენტი: სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით არის ის პრობლემა, რომ გამოცდილება არ აქვთ და, შესაბამისად, ვერ საქმდებიან. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე მიდგომა?

 

მარიამ ბეზარაშვილი: რა თქმა უნდა, გვაქვს. მაგალითად, ნათია იყო დარეგისტრირებული ჩვენთან და ორჯერ შევთავაზეთ დასაქმება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კურსდამთავრებული. ერთხელ იმუშავა და მეორედ დრო არ ჰქონდა. ეს შესაძლებელია ყველგან, სადაც არის ვაკანსია. მოქალაქემ არ იცის, თუმცა დღეში 10-ჯერ მაინც ვთავაზობთ მის რეზიუმეს დამსაქმებელს.

Exit mobile version