კვირის ამბები

ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

05.06.2015 • 4773
ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის წინააღმდეგ

 

დღეის მონაცემებით საქართველოში ტუბერკულოზის 4000 შემთხვევაა რეგისტრირებული. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველწლიურად 500-550 ახალი შემთხვევა აჭარის რეგიონში ფიქსირდება, რომელთაგან დაახლოებით 40-45 შემთხვევა ტუბერკულოზის რეზისტენტული – გართულებული ფორმის შემთხვევებია. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

1996 წელთან შედარებით [ამ წელს საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამა ამოქმედდა], როცა ტუბერკულოზით დაავადებული 12 800 ადამიანი იყო რეგისტრირებული, დღევანდელი მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული, თუმცა ”ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, ნანა ქირიას თქმით, დღეისთვის რეგისტრირებულ პაციენტებში იმატა რეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითმა წილმა. ”ახალ შემთხვევებში 11%-ია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითი წილი, წარსულში ნამკურნალევ პაციენტებში კი – 38%. საშუალოდ ამ 4000 ადამიანიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულია 32% (1280 ადამიანი)”, – ამბობს ის.
ტუბერკულოზის რეზისტენტული (MDR) და მულტირეზისტენტული (XDR) ფორმები დაავადების გართულებული, უფრო მძიმე ფორმაა, რომლის განკურნებაც უფრო რთული და ხანგრძლივია. თუ ტუბერკულოზის ჩვეულებრივი ფორმა I რიგის, ანუ ძირითად ტუბსაწინააღმდეგო წამლებზე მგრძნობიარეა, ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორის მკურნალობისთვის საჭირო ხდება II რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლების გამოყენება.

თუ აქამდე რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს II რიგის ხარისხიანი მედიკამენტებისთვის საზღვარგარეთ (ძირითადად საფრანგეთში) უწევდათ გამგზავრება, ახლა ამ მედიკამენტების მიღება პაციენტებს საქართველოში – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ. “ჩვენ ხელი მიგვიწვდება ყველა იმ ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ არის რეკომენდებული. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პაციენტებმა, რომელთაც აქვთ გაფართოებული რეზისტენტობა და ახალი მედიკამენტებით მკურნალობენ, მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი რეზისტენტობა განვითარდება, რომ ამ ახალ მედიკამენტებსაც დავკარგავთ. ეს კი იმიტომ არის ცუდი, რომ კიდევ ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის გამძლე ფორმების სამკურნალოდ 2021 წლამდე აღარ იქნება. ეს ახალი მედიკამენტებიც ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად შეიქმნა”, – ამბობს ნანა ქირია.

 

ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია ბედაქილინი (Bedaquiline), რომელიც ჯანმო-მ 2014 წლის დეკემბერში შეიტანა ტუბერკულოზის მართვის შესახებ გაიდლაინში და რომლის პირველი პროგრამული პარტიაც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც პირველი დაიწყება ბედაქილინის პროგრამულად გამოყენება. კიდევ ერთი ახალი მედიკამენტი, რომელიც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკუნრალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში 3 კვირის წინ შევიდა – დელამანიდია (Delamanid). ნანა ქირიას თქმით, როცა ბევრ მედიკამენტზეა რეზისტენტობა, იქ ერთი მედიკამენტის დამატება არ არის ეფექტური. “საჭიროა კიდევ ორი ან სამი წამლის დამატება, რისი საშუალებაც ჩვენ უკვე გვაქვს, რადგანაც “ბედაქილინის” და “დელამანიდის” გარდა, ჯანმოს მიერ აღიარებული კიდევ რამდენიმე ახალი მედიკამენტი დავამატეთ პროგრამაში”, – ამბობს ის.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორი დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ II რიგის, ახალ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებს გარკვეული გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელთა მართვაც პროგრამითვეა გათვალისწინებული და სახელმწიფომ საამისოდ საჭირო მედიკამენტებიც შეიძინა.

ნანა ქირიას თქმით, გვერდითი მოვლენები ვლინდება მაშინ, როცა პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს: “მაგალითად, ბავშვები ამ მედიკამენტებს ძალიან კარგად იტანენ და მათში არანაირი გვერდითი რეაქციები არ ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ორგანიზმი აბსოლუტურად სტერილურია და მას სხვა თანმხლები დაავადება არ აქვს. ჩვენი პაციენტების 80%-ს აქვს თანმხლები დაავადებები – ვირუსული ჰეპატიტები, დიაბეტი, წყლულოვანი დაავადებები და სხვა. ადამიანს პროგრამაში ჩართვამდე და ჩართვის შემდეგ, გამოკვლევების მთელ სპექტრს ვუტარებთ, რათა დავადგინოთ ექნება თუ არა ამ პაციენტში მედიკამენტს გვერდითი მოვლენები”.

სპეციალისტების თქმით, ახალი მედიკამენტები ეფექტურია. ტუბერკულოზის მკურნალობის მიზანი ორგანიზმში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის განაგურებაა, ამ პრეპარატების გამოყენების შედეგად კი თითქმის ყველაგან მოხდა ბაქტერიოლოგიური კონვერსია, ანუ დათესვისას ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები აღარ იზრდებოდა.
“ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებების ცენტრში” მდგრადი ფორმის ტუბერკულოზს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამი აჭარიდანაა. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, პაციენტები აჭარიდან სულ მალე დაბრუნდებიან რეგიონში და ადგილზე გააგრძელებენ მკურნალობას.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის აჭარის კოორდინატორის თქმით, რეზისტენტული ფორმის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეწყვეტილი მკურნალობაა. “როცა ავადმყოფები სხვადასხვა დროს არ ასრულებენ მკურნალობის კურსს ბოლომდე, ეს ხდება იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ შეიქმნას (MDR) რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზი. ამ ხნის განმავლობაში მიკრობმაც განიცადა მუტაცია, შეეგუა გარემოს. იგი ცდილობს გადარჩენას და უფრო გამძლეც გახდა მედიკამენტების მიმართ”, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.
რეზისტენტული ტუბერკულოზის გადადება შესაძლებელია ამ ფორმით დაავადებულთან კონტაქტისას. ამ შემთხვევაში ადამიანი თავიდანვე უკვე წამალმდეგი ბაქტერიებით, ანუ პირველადად რეზისტენტული ფორმით ავადდება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სრულად აფინანსებს, დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, არიან პაციენტები, ვისაც არ სურთ მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება: “ამ კანონმდებლობის შემოღება, სწორედ იმიტომ გახდა სავალდებულო, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზის ბაცილგამომყოფი ავადმყოფები წყვეტენ ან თავიდანვე უარს აცხადებენ მკურნალობაზე. მიზეზი ამისა სხვადასხვაა, ზოგი სოციალურ მდგომარეობას ასახელებს, ზოგს დიაგნოზის გახმაურება არ უნდა”.
`ეს ძირითადად ე.წ. ასოციალური ადამიანები არიან – ალკოჰოლდამოკიდებულები, კრიმინალური წარსულის მქონენი, რომელთაც უჭირთ ერთ ადგილზე დიდ ხანს გაჩერება, ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ სამოქალაქო და პენიტენციალურ სისტემას შორის. ვფიქრობ, ასეთი ძალიან ცოტა შემთხვევა იქნება, მაგრამ ამ კანონის მიღება აუცილებელია”, – განმარტავს ნანა ქირია.

ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ბაქტერიაგამოყოფა, ანუ საშიში არიან საზოგადოებისთვის, მაგრამ უარს აცხადებენ მკურნალობაზე – კანონპროექტი არანებაყოფლობით იზოლაციას ითვალისწინებს. “ტუბერკულოზის ბაქტერიაგმომყოფ ერთ ადამიანს შეუძლია წლის განმავლობაში 10-14 ჯანმრთელი ადამიანი დაასნებოვნოს. ზოგიერთი ასეთი პაციენტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუშაობს, ზოგი მართავს ავტობუსს, ზოგიერთი კვების ობიექტში მუშაობს. ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და როცა ასეთ პაციენტს არ უნდა მკურნალობა, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დავავალდებულოთ იგი და ამით დავიცვათ საზოგადოება” – ამბობს ნანა ქირია. მისივე განმარტებით, პაციენტის იზოლაცია ხდება საავადმყოფოს პირობებში, სადაც ბაქტერიამომყოფი პაციენტი არ მკურნალობს, ის, უბრალოდ, იზოლირებულია და ვერ ტოვებს საავადმყოფოს ტერიტორიას. “თუ პაციენტი დათანხმდება მკურნალობაზე, ჩვეულებრივად მოხდება მისი ინტეგრაცია პროგრამაში”, – ამბობს დიმიტრი ცეცხლაძე.

დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, აქამდე ასეთი შემთხვევები ადამიანის უფლებების დარღვევად განიხილებოდა. მისივე თქმით, ახლა ასეთი პაციენტების არანებაყოფლობითი იზოლაცია, ამავე პაციენტების უფლებების მაქსიმალური დაცვით, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, რომ ტუბერკულოზის დროს ავადმყოფი დიდ ხანს ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და ამით შეგულიანებული პაციენტები უარს ამბობენ მკურნალობაზე: “ამიტომაც არის ეს დაავადება განსაკუთრებით მავნე, სანამ ენერგია აქვთ არ უნდათ მკურნალობა, ხოლო როდესაც დაუძლურდებიან, თავისით მოდიან სტაციონარში”.

ტუბერკულოზის მართვის ახალ კანონპროექტში, ტუბერკულოზის პროგრამის ბენეფიციარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების სახით გარკვეული სოციალური გარანტიებიც არის გათვალისწინებული. დიმიტრი ცეცხლაძის თქმით, თანხის მოცულობა ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ თანხას მიიღებენ პროგრამის ის ბენეფიციარები, რომლებიც ბოლომდე მიიყვანენ მკურნალობის კურსს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: