სიახლეები

ოპოზიციის ანგარიში ხალხს

04.06.2015 • 1410
ოპოზიციის ანგარიში ხალხს


სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი


ბატონო სულხან, რისი გაკეთება შეძლო თქვენმა ფრაქციამ ამომრჩევლისთვის ჯერ კოალიციაში მუშაობის დროს და ახლა ოპოზიციაში?

 ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი თავი ეხებოდა ადამიანის უფლებებს. ამ კუთხით, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ამომრჩევლის წინაშე პირნათელი ვარ, რადგან აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩემი ინიციატივით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. მანამდე ეს კომისია არ არსებობდა. ასობით მოქალაქემ მიმართა ამ კომისიას და ბევრი მათგანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა მოხერხდა. ასეთი კომისიის არარსებობა იყო დიდი შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორებულია. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი საბჭოს შემდეგ მოწვევებში კომისია მეტ გამოცდილებას მიიღებს და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მისი მუშაობა.

ასევე გამოვყოფდი აჭარის ტელევიზიის საკითხს, რომელსაც ჩვენი ფრაქცია აქტიურად უჭერდა მხარს. დღეს აჭარის ტელევიზია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი მრჩეველთა საბჭოთი და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. მრჩეველთა საბჭოში ჩვენი ფრაქციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ობიექტური ჟურნალისტია, ჩვენ აქ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ასევე იყო საბიუჯეტო საკითხები, ჩვენ აქტიურად ვლობირებდით მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტებში უამრავი პრობლემაა, რაც ფინანსური სახსრების გარეშე ვერ გადაწყდება. 2012 წლიდან, ვიდრე ჩვენ ვიყავით კოალიციაში, ყოველ წელს იზრდებოდა მუნიციპალიტეტების დაფინანსება. როგორც კი ეს მიდგომა შეიცვალა, ჩვენ ბიუჯეტს მხარი აღარ დავუჭირეთ. შემდეგ ჩვენ წავედით ოპოზიციაში და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დაიშალა.

 

 

მუშაობს თუ არა ადამიანის უფლებების კომისია ისე, როგორც გქონდათ წარმოდგენილი, როცა მისი შექმნის ინიციატივით გამოხვედით?

როცა ვქმნიდით ამ კომისიას, ზუსტად ვიცოდი – ეს იქნებოდა ახალი ხილი უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის წლები დასჭირდება. უამრავმა ადამიანმა ამ კომისიაში კონკრეტული რეკომენდაცია მიიღო.

 

 

 რა ინტენსივობით ხვდებით ამომრჩეველს?

მე არ მივეკუთვნები დეპუატატების იმ კატეგორიას, რომლებიც ძირითადად კაბინეტური შრომით არიან დაკავებული. არც ამაშია დასაძრახი არაფერი, უბრალოდ, უპირატებას ვანიჭებ ხალხთან მისვლას – არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა მე, როგორც დეპუტატს, მომმართეს და შეხვედრაზე უარი ვთქვი. გარდა ამისა, ჩვენ, `თავისუფალ დემოკრატებს~ გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი. შეხვედრების ნაწილი შუქდება მედიით, ბევრგან არც ვეძახით მედიას. პრობლემები, რაზედაც მომმართავენ, არის სხვადასხვა, ნაწილის მოგვარებას პირადად ვახერხებ, ზოგჯერ რეკომენდატორის ან კონსულტანტის ფუნქცია მაქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ურთულესი პრობლემების წინაშეა. მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ პატარა წარმატებაც გახარებს და ენერგიას გძენს.

 

 

 კანონშემოქმედებით საქმიანობას გიწუნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. რას იტყვით ამაზე?

 ამ კუთხით ნამდვილად აქვს უმაღლეს საბჭოს პრობლემა და პრობლემა არ არის მხოლოდ უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის საკითხი. ეს არის კანონმდებლობის საკითხი, რაც არეგულირებს ინიციატივებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვამზადებთ ორ კანონპროექტს პარლამენტში წარსადგენად. მაქსიმალურად ვეცდებით ეს პროექტები ბოლომდე გავიტანოთ. პირველი ეს არის ეკომიგრანტების საკითხი, ხოლო მეორე ჯარიმების ლიბერალიზაციის საკითხს ეხება.

 

 

ცოტა ხნის წინ თქვენი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობა შეუძლებელია

 კრიზისმა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, ბუნებრივია, თავისი დაღი დაასვა მუშაობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდეს. ჩვენ უკვე გვაქვს კანონპროექტები, რომლებსაც პარლამენტში ლობირებას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ გაუწევს.

 

 

 ათბალიანი სისტემით შეაფასეთ უმაღლესი საბჭოს მუშაობა რამდენს დაუწერდით?

 ეს უმაღლესი საბჭო აკადემიურობით, პოლიტიკური პროფესიონალიზმით დიდ შეფასებას ვერ იმსახურებს. რაც შეეხება პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, ეს ნამდვილად არის უმაღლეს საბჭოში.

 

 

თქვენი ფრაქცია როგორ აფასებს მთავრობის მუშაობას?

 მუშაობის შეფასების კანონით დადგენილი კრიტერიუმები არ არსებობს. ყველაზე კარგი შემფასებელი მოქალაქეა. უმაღლეს საბჭოს დღეს რთული დღეები უდგას. პოლიტკური სიტუაცია დაძაბულია და ეს საკანონმდებლო საქმიანობას ძალიან უშლის ხელს. მაგრამ უმაღლესი საბჭოს ძირითადი ფუნქცია მაინც საბიუჯეტო კონტროლი და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგია, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ისეთ სიტუაციაში, როგორიც მთელ ქვეყანაშია, ვინც იტყვის, რომ კმაყოფილია თავისი საქმიანობით, ის პატივმოყვარეა. ჩემს საქმიანობას ზომიერად ვაფასებ.

გადაბეჭდვის წესი