კვირის ამბები

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

03.06.2015 • 26441
10 ადგილი, რომელიც აჭარაში  უნდა ნახოთ
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ჩრდილოეთით, მწვანე კონცხზე, ზღვისპირას გაშენებული საუკუნის ბაღი იდეალური ადგილია დასასვენებლად.   ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული და იქ მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მტირალას პარკი

თუ ბუნებაში დასვენება, ლაშქრობა, მდინარის ცივ წყალში ბანაობა გიყვართ – მაშინ მტირალას ეროვნული პარკს უნდა ეწვიოთ. მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ზიპლაინით სარგებლობა შეუძლიათ.  ზიპლაინი-ხეებს შორის დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომელზეც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება.

პარკში შესვლა უფასოა. არის საპიკნიკე და კარვის გასაშლელი ადგილები.

„ბეწვის ხიდი” მტირალას დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე.

კინტრიშის ნაკრძალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში მდებარე კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ერთ-ერთია იმ ადგილებიდან რაც შეიძლება აჭარაში ნახოთ. გზად კინტრიშის ნაკრძალისკენ ცხემოვანის თაღოვანი, ნათალი ქვით ნაგები ხიდი უნდა გაიაროთ.  კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე შეიგიძლიათ ნახოთ ორი ტბა  ტბიყელი და დიდვაკე,  ასევე ნაკრძალთან ახლოსაა ტბა, რომელსაც სიძერძალი ჰქვია.

კინტრიშის ხეობა ფოტო: ბექა ბოლქვაძე

მწვანე ტბა

მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე,  ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე.

მწვანე ტბა

მწვანე ტბა. ფოტო: თამარ ნერგაძე

ბეშუმი

მწვანე ტბასთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმი. ძველი აჭარული არქიტექტურით ნაგები საზაფხულო სახლების გვერდით თანამედროვე კოტეჯის ტიპის სახლების ნახვაც შეგიძლიათ. კურორტი საზაფხულოა. თუკი ოდესმე ნისლიან ბეშუმში მოხვდებით, ამ კადრის დავიწყებას ვერ შეძლებთ.

ბეშუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჩირუხი

ჩირუხი ბეშუმის მსგავსად საზაფხულო დასასვენებელი ადგილია. აქ ძირითადად მემთეურები მიდიან. ჩირუხი ბეშუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული ხართ, ეს ადგილი თქვენთვისაა. ჩირუხიდან შესაძლებელია ბეშუმში გადასვლა, თეთრობის უღელტეხილის გადავლით. მთა თეთრობის ძირას საზაფხულო იაილაა – შუამთა. მარშრუტის დაფარვა ორ დღეშია შესაძლებელი.

ჩირუხი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მაჭახლის ხეობა

იქ სადაც მაჭახლისწყალი და ჭოროხი ერთმანეთს უერთდება იწყება მაჭახლის ხეობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბევრი კარგი ადგილია, რომლის ნახვაც ტურისტებისთვის საინტერესოა, მაგრამ მაჭახლის ხეობა განსაკუთრებულია. მაჭახლის ხეობის ბოლო სოფელში, ზემო ჩხუტუნეთში მდებარეობს მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

სხალთის ხეობა – სხალთის მონასტერი

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აჭარაში შეგიძლიათ ნახოთ არის სხალთის ხეობა. ხეობისკენ გზად, სოფელ ფურტიოში საზაფხულო პაბია, სადაც უგემრიელესი ლუდისა და ყავის დალევაა შესაძლებელი. იქვეა ცივი წყარო, სადაც ადგილობრივები ხილს და ბოსტნეულს ყიდიან.  სოფელ სხალთაში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ  მე-12 საუკუნეში აგებული სხალთის მონასტერი.

სხალთის მონასტერი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ხიხანის ციხე

X-XII საუკუნეებში აგებული ხიხანის ციხე ერთ-ერთი მიუვალი ციხეა საქართველოში. ციხესიმაგრე მთის წვერზე დგას და იქ მოხვედრა ვიწრო საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი. ხიხანის ციხე საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ამიტომ იქ მოსახვედრად პირადობის მოწმობაა საჭირო. ციხემდე მისასვლელ გზაზე სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, რომელსაც საბუთების წარდგენის შემდეგ დაუბრკოლებლად გაივლით და ხიხანის ციხეზეც ახვალთ.

ხიხანის ციხე ფოტო: ბექა ბოლქვაძე

სოფელი თაგო

ხულოსა და სოფელ თაგოს ერთმანეთთან საბაგიორ გზა აკავშირებს. საბაგირო გზა ზღვის დონიდან 1000 მეტრზეა. საბაგიროთი გასეირნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კი საბაგიროდან პარაშუტითაც ხტებიან.

თაგოს საბაგირო გზა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: