სიახლეები

სასამართლომ ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოიტანა

03.06.2015 • 1295
სასამართლომ ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოიტანა

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყოფილ ქმარზე მოძალადე ქალის საქმე მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განიხილა. მას უბნის ინსპექტორმა სთხოვა დამცავი ორდერის გაცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლთან მიახლოებას მოძალადე უნდა მოერიდოს როგორც მის სამუშაო ტერიტორიაზე, ასევე სახლში.

როგორც უბნის ინსპექტორი მოსამართლეს მოუყვა, ისინი ორი წლის წინ განქორწინდნენ, ქონება სასამართლოს გზით არის გაყოფილი, თუმცა დავა მიწაზე ისევ გრძელდება. მისივე ინფორმაციით, მამაკაცმა 2015 წელს მეორე ცოლი შეირთო და ბავშვს ელოდება, თუმცა მას და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას მისი ყოფილი ცოლი კვლავაც აყენებს.

 

“შემომივარდა სახლში, ჩამიმტვრია ფანჯარა, გამოვიძახე პოლიცია, ერთხელ შინ დამხვდა, სახლის გასაღები ჰქონია და კარები გააღო. მეუბნება, რომ არ გამახარებს, მლანძღავს. მე ვტაქსაობ, 26 მაისს შევარდა ჩემს ბოსტანში, თავს დაესხა დედაჩემს, მიწაზე ჰყავდა გაგდებული, ზემოდან შედგა წიხლებით, გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მემუქრება. მე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ, შემიძლია წაგაკითხოთ მესიჯები”, – უთხრა მოსამართლეს მამაკაცმა.

 

სასამართლო პროცესს ძალადობაში ბრალდებული ქალიც ესწრებოდა, რომელმაც ყოფილი ქმარი ღალატში დაადანაშაულა: “რაც მოყვა, ნაწილობრივ ტყუილია. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს -18 და 21 წლისანი არიან, ორივე ჩემთან ცხოვრობს. თავს მე დამესხნენ ჩემი ყოფილი მული და დედამთილი. მე ვარ მოძალადე? მე ისეთი ძლიერი ვარ, რომ ორი ქალი ვცემე? მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, პირიქით, მე ვარ შეურაცხყოფილი”.

 

მოსამართლე დაინტერესდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თუ ატარებდა ძალადობაში ბრალდებული ქალი იარაღს. მან უპასუხა, რომ იარაღის ტარება მას არ ევალება და არც იცის გამოყენება.

მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებულ ქალს ათი დღის განმავლობაში აუკრძალა მისი ყოფილი ქმრის სახლთან და სამსახურთან მიახლოება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის ზომები გააცნო. მათ საერთო მიწის ნაკვეთი გაყოფილი აქვთ და მიწას ერთმანეთის მეზობლად ამუშავებენ.

 

2015 წლის 15 მაისის მონაცემებით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა არის 183. მათ შორის რამდენი იყო ქალი და რამდენი მამაკაცი, გაურკვეველია, რადგან სქესის მიხედვით სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი