სიახლეები

651 ბავშვი სკოლის, 1800 კი – ბაღის გარეშე ბათუმში

02.06.2015 • 1640
651 ბავშვი სკოლის, 1800 კი – ბაღის გარეშე ბათუმში

ბათუმის მეოთხე ბაღი

ნატა 6 წლის ოქტომბრის დასაწყისში გახდება. მან იცოდა, რომ წელს სკოლაში უნდა შესულიყო, თუმცა ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გამო ამას ვეღარ მოახერხებს. ნატა ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღში ირიცხება. ის ბაღში იმიტომ აღარ დადის, რომ მის ბაღში რამდენიმე თვეა სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 

„ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად მზადაა. იცის წერა-კითხვა და ფიზიკურადაც მაღალია. ახლა კიდევ ერთი წელი უნდა დაკარგოს“, – გვეუბნება ნატას მამა, შოთა ბერიძე. მისი აზრით, სამინისტროს შემოდგომაზე დაბადებული ბავშვებისთვის სკოლაში წასვლის უფლება არ უნდა შეეზღუდა. „ჩემი შვილი როცა პირველ კლასს დაასრულებს, რვა წლის იქნება და არა შვიდის. ასეთი დეტალები სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა.“

„წელს, წინასწარი გათვლებით, ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1800-მდე ბავშვი რჩებოდა. ამას უკვე დაემატება კიდევ 651 აღსაზრდელი. გასულ წელს ოთხი ათასამდე აღსაზრდელი დარჩა ბაღის გარეშე. წელს გონიოსა და ბარცხანაში ახალი ბაღები გაიხსნა, ერთი კიდევ იხსნება ქალაქში, ზოგიერთ ბაღს დაემატა ჯგუფებიც, მაგრამ ადგილების დეფიციტი მაინც გვაქვს. ზუსტი ციფრი, რამდენი ბავშვი აღმოჩნდება ბაღის გარეშე, გვეცოდინება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ“, – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი. რეგისტრაცია დასრულდება აგვისტოს ბოლოს. 

ამ დროისთვის ბათუმში 30 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 21 ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღებში ადგილები ლიმიტირებულია და სულ 7055 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღებს უფლება აქვთ საბავშვო ბაღში დაიტოვონ ის აღსაზრდელები, რომლებსაც შვიდი წელი არ შესრულებიათ.

იყო საუბარი იმაზეც, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდებოდა კერძო სკოლებზე და მშობლები შეძლებდნენ იმ ბავშვების სკოლაში შეყვანას, ვისაც ექვსი წელი სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უსრულდება. ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლაში გვეუბნებიან, რომ ისინი არ აპირებენ ხელოვნურად გადასწიონ სასწავლო წლის დაწყების თარიღი.

„როცა საჯარო სკოლები დაიწყებენ სწავლას, ჩვენც მაშინ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ინტერესებში შედის მეტი პირველკლასელი მივიღოთ“, – გვეუბნება სკოლა „ნერგების“ დირექტორის მოადგილე ნოდარ ქათამაძე. მისი აზრით, თარიღის გადაწევა საერთო პრობლემას ვერ მოხსნის.

სწავლის დაგვიანებით დაწყებას არც კერძო სკოლა „გორდა“ აპირებს. დირექტორი ნინო მურვანიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მათზეც ვრცელდება:

„ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთ. ერთადერთი განმარტება, რაც წერია კერძო სკოლებთან დაკავშირებით ის არის, რომ თუ სკოლა სწავლას იწყებს ნოემბერში, შეუძლია მიიღოს ის ბავშვები, ვისაც ექვსი წელი შეუსრულდა სწავლის დაწყებამდე, მაგრამ ჩვენ სწავლას ტრადიციულად 21 სექტემბერს ვიწყებთ“, – ამბობს დირექტორი.

სასწავლო წლის დაწყების თარიღის გადაწევას არც სკოლა „ევრო 2000“-ში აპირებენ. „სწავლას 14 სექტემბერს ვიწყებთ და არ ვფიქრობთ, რომ თარიღი უნდა გადავწიოთ. საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ბავშვი იმსახურებს სკოლაში შესვლას, უნდა მიიღო. როგორც ჩანს, სამინისტრომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა“, – ამბობს დირექტორის მოადგილე ანზორ აბუსერიძე. მისი თქმით, იმ ბაშვების უფლება, რომლებსაც სექტემბრის ბოლოს ექვსი წელი უსრულდებათ, გარკვეულწილად ირღვევა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრმა ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება კვლევების საფუძველზე შეზღუდა. კვლევის – „სასკოლო მზაობის შეფასება“ შედეგები ახლაც არის განთავსებული სამინისტროს ვებგვერდზე. კვლევაში, რომელიც 2011 წელსაა ჩატარებული, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ფსიქოლოგიის ექსპერტები, სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქომეტრიკოსები, ეროვნული შეფასების, კვლევისა და ანალიზის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.
კვლევაში ექვს წლამდე 1500 ბავშვი და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. ბავშვების სკოლისთვის მზაობის ეტაპები ამ კვლევის მიხედვით დადგინდა.

კვლევაში ფსიქოლოგები აქცენტს აკეთებენ ბავშვების სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მზაობაზე. ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ თუ ფსიქიკური უნარ-ჩვევების, მოტორიკის განვითარების დონეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული მაჩვენებლით ხუთი წლის ბავშვები ჩამორჩებიან ექვსი წლის ბავშვებს“. კვლევაში ასევე წერია, რომ ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისთვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – ხომ არ ირღვევა იმ ბავშვების უფლება, ვისაც სწავლის დაწყებიდან ხუთ ან ათ დღეში უსრულდება ექვსი წელი და სამინისტრო არ აძლევს სკოლაში შესვლის უფლებას? განათლების სამინისტროში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
სამინისტროს გადაწყვეტილება მშობლებმა გააპროტესტეს და აქციებიც გამართეს, თუმცა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

გადაბეჭდვის წესი