სპორტი

ზაფხულის სპორტი ზღვის პირას

04.06.2015 • 2513
ზაფხულის სპორტი ზღვის პირას

საქართველოს პირველი ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში | ბათუმი 2014 წელი

ბათუმის ზღვისპირა ზოლში საერთაშორისო სტანდარტების ორი ქვიშის მოედანია. მათზე სხვადასახვა ტურნირი იმართება ყოველწლიურად, რომლებსაც შესაბამისი ფედერაციები უწევენ ორგანიზებას. შეჯიბრებებს ფინანსურ ორგანიზებას ბათუმის მერია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ან საკუთარი ძალებით ფედერაციები ახორციელებენ. ქვიშის მოედნები გვერდიგვერდ მდებარეობს. ერთი მოედანი, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაარემონტეს, მერიის ბალანსზეა და 900 მაყურებელს იტევს. მეორე მოედანი კი კერძო საკუთრებაა. სპორტის ამ სახეობებში ძირითადად ის სპორტსმენები ასპარეზობენ, რომლებიც კლასიკურ სახეობებში, ზოგ შემთხვევაში კი ყოფილი სპორტსმენებისგან ან მოყვარულებისგან ყალიბდება გუნდი.

ქვიშის ფეხბურთი

აჭარაში ქვიშის ფეხბურთის შედეგი უპრეცედენტოა. საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე არსებული ქვიშის ფეხბურთის გუნდი (ბათუმის „დინამოს“ სახელით ასპარეზობს) 2014 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, რითაც ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. „ეს არის პირველი შემთხვევა არა მარტო ქვიშის სახეობაში, არამედ იმაშიც, რომ აჭარიდან მიდის კლუბი ევროპის თასის პირველობაზე“, – გვითხრა აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ. საპლაჟო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის (EURO WINNERS CUP CATANIA 2015) გათამაშება იტალიაში, სიცილიის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კატანიაში 2 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. „დინამო“ იტალიაში 30 მაისს გაემგზავრა, 31 მაისსა და პირველ ივნისს ღია ვარჯიშები ჩაატარა. 2 ივნისს კი, თბილისის დროით 13:00 საათზე, ტურნირის გახსნით შეხვედრაში ითამაშა კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე,  სადაც „დინამომ“ ბულგარეთის ჩემპიონს „ოდესუს“ 2-0 მოუგო.

ჯაბა ჭანტურიას თქმით, ქვიშის ფეხბურთი აქტიურად ვითარდება ბათუმში და იზრდება ღონისძიებების რაოდენობა.

ქვიშის ფეხბურთში ფედერაციას წელს რამდენიმე შეჯიბრება აქვს დაგეგმილი.

  • 4-8 ივნისი – სასკოლო ჩემპიონატი;
  • 9-13 ივნისი – აჭარის ჩემპიონატი სტუდენტებს შორის
  • 7-15 ივლისი – საქართველოს ჩემპიონატი (რიგით მეორე)
  • 2-7 აგვისტო -აჭარის ჩემპიონატი (დიდებს შორის)
  • 5-7 სექტემბერი – საერთაშორისო ფესტივალი ქვიშის ხელბურთსა და ფეხბურთში.

ქვიშის ფრენბურთი

ფრენბურთში ჯერ კლასიკური ფრენბურთის სეზონი არ დამთავრებულა. აჭარის  რენბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხათუნა გიორგაძის ცნობით, ქვიშის ფრენბურთის სეზონი აგვისტოში დაიწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ჩატარდება ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – „შავი ზღვის დედოფლები“, საქართველოს ჩემპიონატი, სეზონს დაასრულებს აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი.

მანამდე კი კლასიკური ფრენბურთის სეზონი მიმდინარეობს და ბათუმის სასპორტო სკოლის

გოგონათა ნაკრები ფრენბურთში, ბარსელონის თასზე საასპარეზოდ 25 ივლისს ესპანეთში გაემგზავრება. საერთაშორისო ტურნირი ქალთა ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი ბარსელონის თასი 2015, კამპ ნოუზე 26-28 ივნისს ჩატარდება.

ქვიშის რაგბი

25-26 ივლისს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება ბათუმში ქვიშის რაგბიში. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ დუგლაძის თქმით, ამ ტურნირზე წელს ორი ბრიტანული გუნდი ჩამოვა, მათ შორის იქნება ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრი ჯოშ კრონფელდი. „უკვე ტრადიციულია და საერთაშორისო გახდა ეს ტურნირი. ჯოშ კრონფელდი, ზელანდიელი კაპიტანი – ზელანდიის ნაკრებში 90-იან წლებში თამაშობდა. ვფიქრობ, მისი ჩამოსვლა ქართული სარაგბო სამყაროსთვის დიდი პატივია“. ამ ტურნირის ორგანიზატორები არიან ბათუმის მერია და საქართველოს რაგბის კავშირი. მასში 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ქვიშის ხელბურთი აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის ბაზაზე არსებობს ქვიშის ხელბურთიც. ჯგუფს, რომელშიც 14 სპორტსმენია, მერაბ ჭანტურია წვრთნის. ის ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ გოგონებიც ჰყავდათ, ახლა კი გუნდში მხოლოდ ბიჭები არიან, რადგან ხელბურთისადმი ინტერესმა იკლო.

ბათუმის ქვიშის ხელბურთის გუნდმა 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოიგო, რომელიც თბილისში აკვაპარკ „ჯინო პარადაიზში“ გაიმართა, მეორე ეტაპი 5-7 ივნისს ყვარელში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონის ვინაობა კი მეოთხე ტურის ჩემდეგ გაირკვევა.

ქვიშის ჭიდაობა

ქვიშის ჭიდაობაში შედარებით ნაკლები ღონისძიებებია. მასშიც ის სპორტსმენები არიან ჩართულები, ვინც თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში გამოდიან. ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის თქმით, ბათუმში ქვიშაში მოჭიდავეები სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობენ.

„ქვიშის ჭიდაობის ელემენტების გამოყენებით, ქვიშის გარეშე ვვარჯიშობთ დარბაზში, რომ უცხო არ იყოს, როცა შეკრებები დაიწყება მსოფლიო ასპარეზობისთვის. ეს ოლიმპიური სახეობა არ არის, არაა ისეთი მასობრივი, როგორც თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა. ამ სახეობაში ბავშვები არ გვყავს. მხოლოდ დიდების მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოვდივართ“.

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი 2011 წლის ივლისში ბათუმშიც ჩატარდა. ეს იყო რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი ამ სახეობაში, სადაც 11 ქვეყნიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთში 11-12 ივლისს გაიმართება. როგორც ჯემალ კილაძემ უთხრა „ბათუმელებს“, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას. თუკი დადებითად გადაწყდება ეს საკითხი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ეროვნული ნაკრების ჩამოსაყალიბებლად.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: