სიახლეები

„ბეთლემის“ ათი წლის იუბილე

04.06.2015
„ბეთლემის“ ათი წლის იუბილე

 

„ბეთლემი“ 2005 წელს იმედა ფარტენაძისა და ნოდარ კახიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, ამ დროისთვის ანსამბლში 22 მოცეკვავეა. ანსამბლის ხელმძღვანელი იმედა ფარტენაძეა, ხოლო ქორეოგრაფი მზია ტუნაძე.

„დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, იმ დროისთვის მხოლოდ უხუცესები იყვნენ ანსამბლში, დროთა განმავლობაში ახალგაზრდები ჩაენაცვლნენ მათ და ანსამბლიც გაახალგაზრდავდა“ – აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი იმედა ფარტენაძე.

მზია ტუნაძე ანსამბლის ქორეოგრაფია „ბეთლემის“ დაარსებიდან დღემდე: „ცეკვის ცხრა სახეობას ვასრულებთ. მარტო აჭარულის ხუთი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული. ჩვენს რეპერტუარში არის, როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე ცეკვები. აგრეთვე ადგილობრივი, ქედისთვის დამახასიათებელი ძველი ცეკვა „შრომის ზეიმი“, თუმცა სახელი შევუცვალე და „შემოდგომა ქედაში“ დავარქვი, იქედან გამომდინარე, რომ ვაზი ჩვენთვის ტრადიციული კულტურაა, ცეკვა ვაზის გამოყვანაზე ავაგე“.

ანსამბლს, იუბილე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ ბერიძემ მიულოცა და ანსამბლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნოდარ კახიძე, ისრაფილ დიასამიძე, დავით ღოღობერიძე, მზია ტუნაძე და იმედა ფარტენაძე დააჯილდოვა.

„დავლურის“ საცეკვაო ფორმის შეძენას დაჰპირდა ანსამბლს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა თევზაძე: „მინდა გაცნობოთ, რომ სამინისტრო წელს „ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში „ბეთლემს“ სასცენო ფორმას შეუძენს. სამინისტროში ყოველწლიურად მოდის მოწვევები საზღვარგარეთიდან, ირჩევა საუკეთესო კოლექტივები, გასულ წელს ქედის ანსამბლი ორჯერ იყო თურქეთის რესპუბლიკაში ფესტივალზე, წელსაც შეუძლიათ მოწვევის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა“ .

შორენა კარანაძე, ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი: „ანსამბლი იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდები ცეკვავენ ფოლკლორს. ფრიდონ სულაბერიძის შეფასებას გავიხსენებ, რომელმაც თქვა – აღტაცებული ვარ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდები ასე შესანიშნავად ცეკვავენ, იხსენებენ მამაპაპისეულ ილეთებს და ასრულებენ“.

საიუბილეო საღამოზე ბეთლემთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ანსამბლები ღებულობდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.