სიახლეები

დასაქმების შესაძლებლობები და პრობლემები

02.06.2015 • 3123
დასაქმების შესაძლებლობები და პრობლემები

 

 

მარიამ ბეზარაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე: “აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს გაიხსნა. ჩვენი სამსახური არ მოცავს მხოლოდ ბათუმს, ოფისები გვაქვს ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. სათავო ოფისი მდებარეობს ბათუმში, ჯავახიშვილის №70-ში. ჩვენი მომსახურება უფასოა და არც სამუშაოს მაძიებელს და არც დამსაქმებელს თანხა არ ეხარჯება. ჩვენს ქსელში დარეგისტრირება შეიძლება როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ელექტრონულად. დღეს 155 ვაკანსიაა ჩვენს სამსახურში. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არის ვაკანსიები და არ არიან შესაბამისი კადრები.

 

დასაქმების სააგენტო არ არის მარტო შუამავალი რგოლი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, ჩვენ გვაქვს მიზნობრივი გადამზადების პროგრამები სხვადასხვა დარგში. ჩვენი სააგენტო ახორციელებს სამთვიან გადამზადების პროგრამებს, რომლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პირველი ივნისიდან ვიწყებთ 250 სამუშაოს მაძიებლის გადამზადებას. ჩვენთან არიან კონსულტანტები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან სამუშაოს არჩევაში მათი უნარ-ჩვევების მიხედვით. ბევრ სამუშაოს მაძიებელს შეუცვლია გადაწყვეტილება და სხვა კუთხით დასაქმებულა. ვხვდებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. მათ ვუხსნით დასაქმების შესაძლებლობებს, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია. სამი წლის განმავლობაში ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულია 17 ათასი ბენეფიციარი და აქედან დასაქმდა 9366 მოქალაქე. ჩვენ ასევე მონიტორინგს ვუწევთ, რომ არ დაირღვეს ჩვენ მიერ დასაქმებულის უფლებები. ჩვენთან არის მუდმივი სამუშაო ადგილები, თუმცა ძალიან გვიჭირს სტუდენტების დასაქმება, რადგან ძნელია დამსაქმებელმა დროში შეგიწყოს ხელი, მაგრამ გვაქვს სეზონური დასაქმებები სტუდენტებისთვის.

 

თათია სინაურიძე, შპს “არიესის” მენეჯერი: ჩვენ ივნისიდან უკვე ვიქნებით “ელ ვიქტორი ჯორჯიას” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ეს საკმაოდ დიდი ბერძნული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა გემთმფლობელ კომპანიებს აკომპლექტებს მეზღვაურებით. კომპანიის სათავო ოფისები განთავსებულაი მანილაში, ოდესაში, საბერძნეთში და ერთ-ერთი ბათუმშიც იქნება. ჩვენი კომპანია კურსდამთავრებულებს აძლევს შანსს, წავიდნენ გემზე და გაიარონ პრაქტიკა, რომ ჩამოყალიბდნენ მეზღვაურებად. ორი კატეგორიის მეზღვაური გვჭირდება – ერთი არის გემბანზე მომუშავე მეზღვაური, მეორე – ძრავაზე მომუშავე მეზღვაური, ორივე კატეგორიას ვასაქმებთ. მოთხოვნა დიდია ქართველ მეზღვაურებზე, რადგან შრომისმოყვარენი არიან, მაგრამ ბაზა არ გვაქვს კარგი მეზღვაურების. გემზე შეიძლება ვერ მოხვდე ქართველ ეკიპაჟთან, ამიტომ აუცილებელია უცხო ენის ცოდნა.


ინგლისური ენა უკვე აუცილებელია სკაიპით ინტერვიუსთვის, ახლა ამ ინტერვიუს გარეშე რთულია მოძებნო გემი და წახვიდე, ინტერვიუს გადიხარ კრუინგ მენეჯერთან, ტექნიკურ მენეჯერთან, რომლებიც ძირითადად თეორიულ ცოდნას ამოწმებენ. მარტო ერთხელ წასვლა გემზე და რეისის ჩამთავრება არ ნიშნავს წარმატებულ კარიერას, აუცილებელია ახალი რეგულაციების ცოდნა. ეს ყველაფერი აადვილებს მუშაობას.

 

ნათია ლაბაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი (გემწამყვანი): ჩემი ოჯახის წევრები არიან მეზღვაურები. თავიდან აკადემიაში არ იღებდნენ გოგონებს, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როდესაც მე ვაბარებდი, გოგონების მიღებაც დაუშვეს, რამაც ძალიან გამახარა და პირველი პროფესია სწორედ ეს ჩავწერე. ჩემს მშობლებსაც არ დაუშლიათ, პირიქით – მომიწონეს. ზოგს გაუკვირდება ის, რომ გემზე სამუშაოდ მივდივარ. ჩემი ძმა ჩემი კურსელი იყო, ახლა ის გემზეა და იქიდან მგულშემატკივრობს. ჩემი ჩაბარების დროისთვის ტურიზმი იყო ყველაზე პოპულარული პროფესია და მეც მინდოდა ჩამებარებია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მეზღვაურობა გადავწყვიტე და აკადემიამაც მომცა იმდენი ცოდნა, რომ შევძელი გასაუბრების სამივე ეტაპის გავლა. თვე-ნახევარში მივდივარ. ახლა საბუთებს ვამზადებ.

 

სალომე ფუტკარაძე, დისკუსიის მოდერატორი: რას გააკეთებ გემზე?
ნათია ლაბაძე: გემზე მეც მომიწევს იმის კეთება, რასაც მამაკაცები აკეთებენ. არ ვიქნები გამონაკლისი და ე.წ. “სუსტი სქესი”. საქართველოში ეს იქნება მეორე პრეცედენტი, როცა ქალი გემზე მიდის სამუშაოდ, პირველი ქალი კაპიტანი იულია ფაილოძე იყო. შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.

 

ლაშა თავაძე, სტუდენტი: ქალბატონ თათიასთან მაქვს შეკითხვა. თქვენ კადრებს გადამზადების შემდეგ უშვებთ გემზე? თუ არის შესაძლებელი, რომ მე, რომელსაც გავლილი მაქვს პრაქტიკა, გავიარო გასაუბრება?

 

თათია სინაურიძე: ჩვენ არ ვამზადებთ კადრებს, ამას აკეთებს საზღვაო აკადემია და სხვა საწვრთნელი ცენტრები ბათუმში. ჩვენთან უკვე მოდის სერტიფიცირებული მეზღვაური. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მხოლოდ შიდა ტრენინგები, რომელსაც სხვადასხვა გემთფლობელი კომპანია მოითხოვს ჩვენგან, რის შემდეგაც ჩვენ გავცემთ სერტიფიკატს.
სალომე ფუტკარაძე, მოდერატორი: რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია?

 

 

მარიამ ბეზარაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე: დღეს მოთხოვნადია ტურიზმის სფერო, მიმტანი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, გიდ-ოპერატორები. ასევე მოთხოვნადია სამშენებლო კომპანიებისთვის კადრები და ექთნები _ ახალი საავადმყოფოებისთვის. ითხოვენ გამოცდილებას, მაგრამ იხსნება ბევრი კაფე და კომპანია, რომლებიც ითხოვენ რუსულის, ინგლისური ცოდნას, რომ შეძლონ ტურისტებთან საუბარი. შესაბამისი ანაზღაურება არის.

 

აჩი ართმელაძე, დისკუსიის მონაწილე: იყო შემთხვევა, როდესაც თქვენი სააგენტოდან დასაქმდა ერთ-ერთი ახალგაზრდა ხის საამქროში, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ის გამოუშვეს და მის ნაცვლად დამსაქმებელმა ახლობელი დაასაქმა. მაინტერესებს, თქვენ აკონტროლებთ თუ არა მსგავს ფაქტებს? ანუ რა ხდება იმის შემდეგ, რაც დასაქმდებიან ადამიანები? გარდა ამისა, ასევე იყო ფაქტები, როდესაც არ დაასაქმეს ბიჭები ფარმაცევტულ კომპანიებში იმ მიზეზით, რომ ბიჭი იყო და ჩათვალეს, რომ წამალს მოიპარავდა. თუ დაგისაქმებიათ ფარმაცევტულ კომპანიაში ბიჭი?

 

მარიამ ბეზარაშვილი: ჩვენს ბაზაში პროფესიით ფარმაცევტი ბიჭები არ დარეგისტრირებულან და ამის გამოცდილებაც არ გვქონია, მაგრამ ვთანამშრომლობთ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ვასაქმებთ ამ პროფესიითაც.
ლაშა აბუსელიძე, სტუდენტი: სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით არის ის პრობლემა, რომ გამოცდილება არ აქვთ და, შესაბამისად, ვერ საქმდებიან. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე მიდგომა?

 

მარიამ ბეზარაშვილი: რა თქმა უნდა, გვაქვს. მაგალითად, ნათია იყო დარეგისტრირებული ჩვენთან და ორჯერ შევთავაზეთ დასაქმება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კურსდამთავრებული. ერთხელ იმუშავა და მეორედ დრო არ ჰქონდა. ეს შესაძლებელია ყველგან, სადაც არის ვაკანსია. მოქალაქემ არ იცის, თუმცა დღეში 10-ჯერ მაინც ვთავაზობთ მის რეზიუმეს დამსაქმებელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: