სიახლეები

გირაო ბრალდებულ მაღალჩინოსნებს

05.06.2015
გირაო ბრალდებულ მაღალჩინოსნებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არჩილ ვანაძეს და მის ყოფილ თანამშრომელს ლაშა ბოლქვაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება, რის გამოც პროკურორის მტკიცებით, სახელმწიფო დაზარალდა.

„გამომდინარე იქედან, რომ ისინი დასაკითხი მოწმეების ხელმძღვანელები და თანამშრომელბი იყვნენ, მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ მოწმეებზე ან გაანადგურონ, გადამალონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტები. თუმცა რადგან ეს დანაშაული არის გაუფრთხილებლობით გამოწვეული, შესაძლოა გამოყენებული იქნას გირაო 20 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პროკურორმა აღკვეთის პროცესზე.

ბრალდებულების ადვოკატების ინფორმაციით, ორივე ბრალდებული აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და თავად აწვდიდა საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ მიმალვის მცირე საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია და გირაოს სახით მათ მხოლოდ 2000-2000 ლარი შეეფარდა.

დღეს სასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ამას სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს. არჩილ ვანაძე ჯერჯერობით თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილი განიხილავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულები ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონი“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა (ლაშა ბოლქვაძე ამ დროს მერიის საფინანსო სამსახურის  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ) კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.