სიახლეები

„სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ“

02.06.2015 • 5705
„სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ“

 

აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა კარგად ვხედავ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც… ყველაზე ნათელი მხარე, რასაც ყველა ვხედავთ არის “პროგრესი” ჯანდაცვის საკითხებში და ამისი დიდი მადლიერი ვარ მე, ისევე როგორც უამრავი ჩვენი თანამემამულე. დღეს ადამიანები უსახსრობის გამო აღარ იღუპებიან, თუმცა რა და როგორ კეთდება სწორედ ეს არის ყველაზე ბნელი და მძიმე თემა… დღეს საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა ონკოლოგია.

 

სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ და საკუთარ თავზე გამოვცადე ჩვენი ექიმების ექსპერიმენტები… უსახსრობის გამო წლების მანძლზე ვიყავი ემიგრანტი. ერთხელაც ბავშვმა რომელსაც ვუვლიდი შემთხვევით ფეხი მომარტყა ყელთან. მას შემდეგ დამეწყო ძლიერი ტკივილები. იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი საქართველოში. ეს იყო 2011 წელს. ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკაში -კლინიკა „მედინაში“ მითხრეს, რომ ვიყავი საოპერაციო და გამიკეთეს ოპერაცია. ოპერაცია ჩაატარა მემედ ექიმმა…

 

ამ ოპერაციის გარემოებებიც დღემდე ბუნდოვანია ჩემთვის, რადგან დაფიქრების საშუალება არ მომეცა ისე დავწექი საოპერაციო მაგიდაზე. ყოველწუთს მირეკავდნენ კლინიკიდან, რას შვრებით რა გადაწყვიტეთ, ბატონი მემედი შვებულებაში უნდა გავიდეს და ჯობია მალე გაიკეთოთ ოპერაციაო. მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღო თავზე ეს ოპერაცია, მალევე დავთანხმდი.

 

ოპერაციის დროს ამოკვეთილი მასალის მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე დიაგნოზი დამისვეს ყბისქვეშა სანერწყვე ჯირყვლის ადენომა. გავიდა ერთი წელზე ცოტა მეტი. ამ დროს ისევ უცხოეთში ვმუშაობდი. დამეწყო საშინელი ტკივილები და სიმხურვალე ნაოპერაციევ ადგილას. ამჯერად თბილისში ჩამოვედი და მითხრეს, რომ სახეზე გვქონდა რეციდივი, რაც პირველი ოპერაციის არასწორად ჩატარების შედეგი იყო. აქ უკვე ოპერაციის ქირურგის კომპეტენციაში შეიტანეს ეჭვი და დაიწყეს გადაბრალებები. დამჭირდა მეორე ოპერაცია. თბილისის ონკოლოგიურში-უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში გავიკეთე ოპერაცია.

 

ოპერაცია ჩაატარა ექიმმა ზაზამ დამხმარეებთან ერთად. ეს იყო 2013 წლის  მაისი. ამოკვეთილი მასის მორფოლოგიით აქაც დიაგნოზი იგივე იყო – კეთილთვისებიანი სიმსივნე. სამი თვის შემდეგ კი იმავე ქირურგის მიერ რეკომენდირებულ საკონტროლო ექოსკოპიაზე როცა მივედი, კიდევ შენიშნეს სიმსივნის ზრდა და მითხრეს, რომ კიდევ იყო პატარა რეციდივი, უმნიშვნელო რამ და ოცწუთიან ოპერაციას გაგიკეთებთ,  არ ინერვიულოთო…

 

თავზარი დამეცა.

 

მესამე ოპერაცია უკვე ტრაგედია იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან მძიმედ გადავიტანე ორივე ოპერაციის პოსტოპერაციული პერიოდები და შედეგები… აღარ ვენდეთ და ჩემი უახლოესი სანათესაოს წყალობით თურქეთში აღმოჩნდა ჩვენი ახლობელი, რომელიც იქ ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. მან მთხოვა გადამეღო მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და გადამეგზავნა დისკი. ასეც მოვიქეცით. ამ ადამიანმა აჩვენა ეს დისკი იქაურ პროფესორებს. მათი თქმით, ეს არ ჰგავდა ადენომას, ძვლის სისქეში შენიშნეს შავი ლაქა, რომლის გამოკვლევაც ჩათვალეს უპირველეს საქმედ და  იქ დამიბარეს გამოსაკვლევად.

 

უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა და  საქართველოში ამ სფეროში ნომერ პირველ ქირურგთან ბატონ კოტესთან მივედი. მას არ მოეწონა ჩემი ბოლო ექოსკოპიის სურათი და თქვა, რომ ეს არ ჰგავდა კეთილთვისებიან სიმსივნეს. სასწრაფოდ მორფოლოგიის გადამოწმება მოითხოვა, რაც მეორე ოპერაციის შედეგად ამოკვეთილ მასალაზე გაკეთდა. უნივერსალური სამედიცინო ცენტრიდან წამოვიღეთ შუშებიც და ბლოკებიც. გადამოწმების შედეგად დიაგნოზი შემეცვალა სამწუხაროდ. სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი იყო ყბისქვეშა ჯირყვლის ადენოიდურ-ცისტური კარცინომა-აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე. იმდენად გაფანტული იყო სიმსივნე ყელის მიდამოებში, რომ ბატონმა კოტემ ოპერაციამდე საჭროდ ჩათვალა სასწრაფო სხივური თერაპია  უჯრედების ნაწილი მაინც რომ მომკვდარიყო.

 

სხივებამდე გადავიღე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია „ავერსის“ კლინიკაში და კომპიუტერული ტომოგრაფია ძვლოვან მასალაზე, სადაც ჩანდა ძალიან მძიმე სურათი. გარდა რბილი ქსოვილებისა, სიმსივნემ აღწევს ძვლის სისქეში. 2014 წლის მარტ-აპრილში ჩავიტარე სხივური თერაპიის ძალიან მძმე კურსი… უფლის წყალობით სხივური თერაპია დადებითშედეგიანი აღმოჩნდა რბილი ქსოვილების მხრივ… ასე მეუბნებიან ექიმები… თუმცაღა ახალ ტომოგრაფიაზეც ზუსტად იგივე წერია ზომები რბილ ქსოვილებში სიმსივნეზეც და ძვლის სისქეში შეზრდილ მასაზეც. მათი პასუხი ასეთია, მართალია ზომები იგივეა, მაგრამ სტრუქტურა შეიცვალა. ბატონი კოტე მეუბნება, რომ უნდა მიხაროდეს ეს. ძვალს თავი დავანებოთ და დავაკვირდეთ რა მოხდებაო.

 

თავის მინებება ასეთ აგრესიულ სიმსივნეზე არ ვიცი რამდენად ლოგიკურია. ყბა სახის ქირურგები ბატონი ზურა, ბატონი დავით, ყელ-ყურ ცხვირის ექიმი ბატონი მიშა თვლიან რომ არ შეიძლება მინებება, რადგანაც რეალურად არ ვიცით რამ დააზიანა ძვალი. თუკი იქ სიმსივნეა სასწრაფოდ ყბის ძვლის გამოცვლაა საჭიროო, თუმცა მანამდე საჭიროა ბიოფსია ძვლის მიდამოდანო. ბატონმა დავითმა დამიბარა მასთან კლინიკაში, ისიც კოტესთან ერთად მუშაობს. მისი თქმით, ეს ბიოფსია ძალზე რთულადმისადგომი ადგილიდან იყო ასაღები, ამიტომ ამას ყბა-სახის ქირურგის გარდა ვერავინ გააკეთებდა… საშინლად მტკივნეული პროცედურების შემდეგ ვერ მოახერხა შეეღწია ძვლის სისქეში. სამჯერ შევიდა 20 მილიგრამიანი შპრიცით, მაგრამ უშედეგოდ. გამიშვა სისხლის გადასხმის ინსტიტუტში, იმედი ჰქონდა, რომ იქ მაინც მოახერხებდნენ აეღოთ ეს ბიოფსია-ტრეპან – ბიოფსია ასე ჰქვია ზუსტად. იქიდანაც უარით გამომიშვეს. როგორც მითხრეს, საქართველოში კონკრეტულად ამ ბიოფსიის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, ალბათ ისევ ოპერაციის გზით თუ  შევლენ დაზიანებულ ადგილას.

 

დღეის მდგომარეობით სწორედ ასეთი სიტუციაა. მაქვს ორი დიაგნოზი, ექიმების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და მოლოდინის რეჟიმი გაუსაძლისი ტკივილების ხარჯზე. ვცხოვრობ შიშით. ერთმა კარგმა ექოსკოპისტმა პირველივე ნახვისას მითხრა, ეს ოპერაცია ძალიან დაკვირვებულ და სუფთა მუშაობას მოითხოვს, სასწრაფოდ გაყიდე რაც გაქვს და წადი გერმანიაშიო… უსახსრობის გამო დღემდე ამ მდგომარეობაში ვარ…

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში დავწერე განცხადება, რომ ყურადიღონ ეს მდგომარეობა. 3 თვე გავიდა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია, თუმცა დააწინაურეს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მთავარი მორფოლოგი, ანუ ის, ვინც არასწორი დიაგნოზი დამისვა და რასაც მოყვა ამდენი არასწორი ქმედებები, ამ მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს…

 

დარწმუნებული ვარ, ასეთი შეცდომები ბევრი ხდება და ბევრი ადამიანი იმიტომ იღუპება, რომ არ გვაქვს სახსრები საზღვარგარეთ დიაგნოზი რომ დაგვისვან სწორად… დიდ ბოდიში რომ ასე ვრცლად მომიწია მოყოლა ჩემი პრობლემის, მაგრამ იქნებ თქვენი წყალობით მივიდეს ხმა ვისთანაც საჭიროა და საქართველოშიც იყოს შესაძლებელი სწორად ვებრძოლოთ ამ საშინელ სენს!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: