საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] განსაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებში 27 220 700 ლარი დაიხარჯება [აქედან 17 863 600 ლარი კომისიის წევრთა ხელფასებს მოხმარდება].
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 979 100 ლარი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში; 1 981 100 ლარია გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის; ხოლო 4 190 500 ლარი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდება.
პენსიონერები, სოციალიურად დაუცველები, ექიმები, ექთნები, მასწავლებლები და მწვრთნელები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ.
მთავრობას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
აღნიშნული კანონით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესება:
საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, მიიღებს ყოველთვიურ დანამატს – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს;
სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებს:
ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას,
ექთანი – სახელმწიფო პენსიის ოდენობას;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი დანამატის სახით მიიღებს – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტს;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მიიღებს დანამატს – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტს;
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უკვე გაიცემასოციალური დახმარება 2016 წლის 1 იანვარს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე: ყოველი დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით – არანაკლებ 200 ლარს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები.
მერიის ინფორმაციით: „ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილიდან კი ქუჩებში მუშაობა შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლება გააგრძელეს.
გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები ბაგრატიონის, აბუსერიძის, გორგასალის, ჭავჭავაძის, პუშკინის ქუჩებზე. ჯგუფი მუშაობს ბულვარშიც, სადაც მიმდინარეობს მოტეხილი ტოტების მოგროვებისა და მერიის საწყობში გადატანის სამუშაოები. არსებული შეშის მარაგი ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ტოტების ჩამოჭრა ხეებიდან.
აღდგენილია ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის გზატკეცილზე დაზიანებული წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისად, წყალმომარაგება აღუდგა ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. გაიწმინდა სანიაღვრე ქსელები ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილისა და ბაქოს ქუჩებზე.
ამ დროისთვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება მთელ ქალაქს“.
2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით – არანაკლებ 200 ლარს.
აღნიშნული შეღავათების გაცემას მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვარს შევიდა, რომლის ცალკეული მუხლები [მათ შორის ის პუნქტები, რომლებიც სხვა სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს] ეტაპობრივად ამოქმედდება 2017 წლის 2 იანვრამდე.
გარდა ზემოაღნიშნული შეღავათისა, კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას [აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით].
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, რომელიც 2015 წლის 24 ნოემბრიდან ამოქმედდა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
სახელი და გვარი: გიორგი (კოკი) თხილაიშვილი
ასაკი: 24
სიმაღლე: 1.79
წონა: 105
გიორგი თხილაიშვილი
მას ვერც კი წარმოედგინა, რომ 8 წლის ბიჭი, რომელიც ნოემბრის სუსხიან დღეებში, ვარჯიშის შემდეგ, სოფელში, ცივ მდინარეში იმიტომ იღებდა შხაპს, რომ ნამდვილი საშხაპე თვალითაც არ ენახა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე გახდებოდა. მისთვის ლეგენდას ჰგავს სტადიონებზე იმ ხალხთან შერკინებაც, ვისი ფანიც იყო ბავშვობაში. მის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბიში, ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ თამაშში, ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ლელო დადო.
ის თავის გზას 16 წლის წინ 20 ბიჭთან ერთად დაადგა – რაგბის გზას. ახლა ამ გზაზე მათგან აღარც ერთი შემორჩა. 16 წლის განმავლობაში გზადაგზა გაფერმკრთალდა ბავშვობის კადრები. მარტო მან გაუძლო და ახლა ვარსკვლავების ქვეჯგუფშია. მას თითქმის ყველგან ცნობენ, მაგრამ საკუთარ თავს ვარსკვლავად ვერ აღიქვამს… თუ შანსი მიეცა, სოფლის მეზობლებთან ერთად ჯოკერს თამაშობს და ბოლომდე თვრება. თუმცა, ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს იშვიათად აძლევს.
ახლა ორი მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინშია – მისი აგენტი ინგლისურ გუნდებს საკონტრაქტო პირობებზე ელაპარაკება; მეორე ძალიან პირადია – ქორწინდება ქალზე, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.
გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას თამაშზე. ფოტო: rugbyworldcup.com
რაგბი არის ჩემი ცხოვრება
რაგბის გარეშე არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. ეს ის არის, რაც ყოველდღე ახალ ენერგიას მაძლევს, როცა გრძნობ, რომ ყველაფერი შენს ხელშია, როცა ხვდები, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. ეს საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას.
ნამდვილი ჯადოქარი იყო ემზარი გეგუჩაძე, ჩვენი პირველი ტრენერი, არც ავტობუსი გვქონდა, თამაშებზე რომ წავსულიყავით, არც ფორმა თუ სხვა რამე, მაგრამ თავს არ გვანებებდა. ასლან აბაშიძის დროს ბევრი მდიდარი იყო ქობულეთში. ის მათთან დარბოდა და ასე აგროვებდა “მარშრუტკის” ფულს შეჯიბრზე წასასვლელად. თუ საჭმლის ფულსაც გამოართმევდა, ხომ კარგი, თუ არადა, საჭმელი სახლიდან მიგვქონდა. მაშინ ოჯახებსაც უჭირდათ, მაგრამ თავი მაინც ასე გაგვქონდა.
მახსოვს, რვა წლის არ ვიყავი, როცა სკოლაში შემოვიდა ემზარ გეგუჩაძე და თქვა, რაგბი უნდა გაიხსნას და ვისაც უნდა, ოთხ საათზე ჩამოვიდეს ცენტრშიო. ხელში ოვალური ბურთი ეჭირა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო რაგბი, მაგრამ ოვალური ბურთი მიზიდავდა თავისკენ. მე სოფელში ვცხოვრობდი, ხუცუბანში და სწორედ ამ სოფლის ცენტრში დაგვიბარა…
ღონიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სულ საავადმყოფოებში დავყავდი. მოკლედ, ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლებოდა. პირველ ვარჯიშზე მამა ვერ მიხვდა, რომ ვივარჯიშე. მეორე ვარჯიშის შემდეგ, ტალახში ამოთხვრილს, დახეულ ტანსაცმელში გადამეყარა და ძალით წამიყვანა სახლში. ასე ხუთჯერ წამიყვანა. როცა გადაჭრით მითხრა, რომ აღარ გამიშვებდა, უარი ვთქვი გაკვეთილების სწავლაზეც და საჭმელზეც… სხვა რა გზა იყო, გამიშვა.
წვიმაში, ტალახში დავრბოდით, საშხაპე ახლა არ გვაქვს და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა. მდინარე ჩამოდის ჩვენთან, კინტრიში, აი, მაგ მდინარეში ვბანაობდით ნოემბერში. ჩემებს ეშინოდათ, რომ ამას ვერ გავუძლებდი, მაგრამ პირიქით მოხდა – ჯანზე მოვედი.
ახლა ჩემი დისშვილი უნდა შევიყვანო რაგბიში – შვიდი წლისაა და ავადმყოფობს ხშირად. შეიძლება სპორტსმენი არც გამოვიდეს, მაგრამ უეჭველად ვიცი, რომ ჯანმრთელი და ვაჟკაცი დადგება.
გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com
როგორი შეგრძნებაა სამი ლელო მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი შეგვხვდა – ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ნამიბია. ახალი ზელანდია ჩემპიონი გახდა, არგენტინა მეოთხე ადგილზე გავიდა.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებდი. ეს დრო დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგად დადგა და სამი ლელოც გამომივიდა.
ისე მოხდა, რომ ტონგასთან ჩემი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა. არ მახსოვს ეს როგორ მოხდა. იმ მომენტში ყველაფერი თავდაყირა იდგა. არადა, ვიდეოებს რომ ვუყურებ, ნამდვილად მე ვარ. არასოდეს ვყოფილვარ ისე ბედნიერი, როგორც მაშინ. ძალიან გამიმართლა.
ამან მომიტანა პოპულარობა, მაგრამ ნაკრებში თამაშს თუ არ მოუმატებ, სხვა ჩაგენაცვლება. გუნდმა შეიძლება სამწლიანი კონტრაქტი გაგიფორმოს და ხელფასი გადაგიხადოს, მაგრამ შემადგენლობაში ვერ მოხვდე… მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, წესით, პირიქით უნდა მოხდეს: სპორტსმენი რაგბიში კარგ შედეგს, ძირითადად, 23-24 წლის ასაკიდან დებს _ ბევრი გამოცდილება გიგროვდება, უფრო ჭკვიანურად თამაშობ, ვიდრე ძალის ხარჯზე და დატაკებით.
ტონგასთან მოგებაზე სამი წელი შრომობდა საქართველოს ნაკრები, სამი წელი ვემზადებოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში მოგვეგო. ასე 2019 წლის მსოფლიოზე ავტომატურად მოვხვდებოდით. ჩვენ ეს შევძელით.
მაგრამ ყველა ჩვენგანი ოცნებობდა ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშზე, სონი ბილ ვილიამსის, რიჩი მაქოას წინააღმდეგ… მე ეს ოცნება ვერ ავისრულე და შეიძლება აწი აღარასოდეს მომეცეს მსგავსი შანსი: ისე მოხდა, რომ ზელანდიის შემდგომი თამაში მქონდა დაძაბული და ტრენერებმა მითხრეს, უნდა დაისვენო, შემდეგი შეხვედრისთვის ფორმაში რომ იყოო.
ზელანდიელები არიან ფენომენები. პატარა კუნძულია, ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ყველა რაგბს თამაშობს. გენეტიკაც აქვთ და ნიჭიერიც არიან, ტექნიკოსები და ჭკვიანები. როგორი ფლეშმობი მოგვიძღვნეს?! – მოვისმინე, თითქოს ამ ფლეშმობით შეგვაშინეს. შეიძლება ეს ტელევიზორში მართლაც ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება – “გხოდავენ”. ბიჭებს ვკითხე, რა იგრძენით, მაგას რომ უყურებდით-მეთქი, ისეთი ენერგია ვიგრძენით, კინაღამ ცრემლები წამოგვივიდაო.
ნაკრებში, ვარსკვლავების გვერდით
ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდე, თავდაუზოგავად უნდა იმუშავო. მაგრამ საკმარისი არც ეს არის, უნდა გაგიმართლოს კიდეც. მე გამიმართლა: ჯერ 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი, მერე ასაკობრივში მოვხვდი 20 წლამდე, მერე ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მოკლედ, კარგად წამივიდა საქმე.
წარმოიდგინეთ, ჩემს პოზიციაზე მამუკა გორგოძე, ვიტო კოლელიშვილი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ. საკმაოდ სტრესულია, როცა სტადიონზე მათ გვერდით დგახარ, მაგრამ დიდი სიამოვნებაც არის და მეტი პასუხისმგებლობაც. თუ ჩემი დონის სპორტსმენებთან ერთად ვთამაშობ, შეიძლება იმდენი პასუხისმგებლობა არ ავიღო, მაგრამ როცა მამუკა გორგოძის გვერდით თამაშობ, შეცდომის უფლებას ვეღარ აძლევ საკუთარ თავს და ყველაფერი კარგად გამოგდის.
ჩვენ, ახალი ბიჭები, მაგათ დიდ ბიჭებს ვეძახით. ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ისეთი აურა მოდის მათგან, რომ საერთოდ გავიწყდება, ვარსკვლავები რომ არიან, ჩვეულებრივი ტიპები გგონია. მამუკა გორგოძე კი საერთოდაც სხვაა – მისი დამსახურებაა, რომ შეკრული გუნდი ვართ. ცხოვრებაში ძალიან სერიოზულია, მაგრამ ღადაობაც უყვარს. ეს თამაშის შემდეგ კარგად გამოსდის – ყველა თამაშის მერე ბანკეტი გვაქვს, სტუმარი გუნდის ჩამოსვლის დროს ხან კლუბში ვიკრიბებით, ხან – რესტორნებში, სახლებშიც ვსტუმრობთ ერთმანეთს.
მამუკა გორგოძე და გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com
თამაშის წინა გაცოცხლება
ჩემი დილა სეირნობით იწყება. რომც წვიმდეს, შესაბამისად ვიცვამ და სასეირნოდ გავდივარ, სულერთია სად ვარ. ეს არის სხეულის გაცოცხლება – ვუსმენ როგორ ცოცხლდება კუნთები, როგორ მოძრაობს სისხლი, როგორ იშლება ფილტვები, როგორ იწყებს თვალები გარემოს დაფიქსირებას. გასეირნების მერე არის ყავის დალევა, ტელევიზორზე თვალის შევლება.
სწორი კვება სპორტსმენისთვის პირველია, ცხრა საათზე უკვე დანაყრებული უნდა ვიყო. ცხიმიანი არ უნდა ჭამო, ხორცის მიღება შეიძლება ზომიერად, ქათამიც, უფრო ბოსტნეული, სტაფილო, სალათის ფურცლები და საკვები დანამატი – პროტეინები, კრეატინები, ენერგია ასე უნდა აღიდგინო. შეიძლება დაიძინო, მაგრამ არასათანადოდ აღგიდგეს ენერგია, მეორე-მესამე ჯერზეც თუ ასე ხარ, მორჩა.
როცა ვარჯიშის მერე სახლში ვრეკავ მშია-მეთქი, იციან, რომ ხაჭაპური არ უნდა დამახვედრონ, რადგან არ შევჭამ, რაც არ უნდა მშიოდეს. არც ცომეული უნდა დამახვედრონ…
ასევე კარგად უნდა გეძინოს. თამაში როცა მაქვს, მაქსიმუმ 11 საათზე ვიძინებ. დასვენების დროს ღამეებიც გამითენებია, თამაშის მერეც წავსულვარ ღამის კლუბში და დამილევია, მაგრამ თამაშის კვირა არის თამაშის კვირა.
ინგლისური ენა და ინგლისური კლუბები
მთელი ჩემი ცხოვრება, სკოლის ასაკიდან ვვარჯიშობ, მაგრამ ინგლისური ენის სწავლა ბევრად რთულია, ვიდრე ვარჯიში. ძალიან გამიჭირდა ამ ენის შესწავლა, არადა, მჭირდება.
შარშან ორჯერ ვიყავი სინჯებზე ინგლისში და პრემიერ შიფის ორმა საუკეთესო გუნდმა ენის გამო მითხრა უარი.
ახლა ენაში ვემზადები, მასწავლებელთან დავდივარ უნივერსიტეტში. იმედია, გამოვა. ყოველ დღე ველოდები – უნდა დამირეკონ და ინგლისურად უნდა დაველაპარაკო. თუ დაველაპარაკები, მომაწერინებენ კონტრაქტზე ხელს, თუ არა და, მაშინ ისევ აქ დავრჩები. საკითხი ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.
შემოთავაზებები მქონდა საფრანგეთიდანაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოვიდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობის 80 პროცენტი საფრანგეთის ელიტარულ გუნდებში თამაშობს, თან იქ ენის ცოდნას არ ითხოვენ, თვითონ აჰყავთ მასწავლებელი. ადვილი ენააო, იძახიან ბიჭები, ისინი, ვინც ახლა ჩავიდნენ, თითქმის ალაპარაკდნენ ფრანგულად.
ყველას ჰგონია, რომ რაგბი ისეთი სპორტია არც ენა გჭირდება, არც ჭკუა და არც არაფერი, მთავარია ჯანზე იყო, დაეტაკო და ვიღაცას რაღაც ატკინო. დატაკებაც საჭიროა, მაგრამ 115 კომბინაცია რომ გექნება 8 კაცს და როცა დაღლილზე გამოგიცხადებენ ეს უნდა გააკეთოო, თუ კარგად ვერ გაიგებ, საქმე გაფუჭდება. ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი.
ბათუმის ადგილი სპორტულ გეგმებში
მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედი, ეგრევე ბათუმში წამოვედი, არც ტელევიზიებში ვყოფილვარ და არც არსად. მეპატიჟებოდნენ, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემს კლუბთან უნდა ვყოფილიყავი. ჩამოვედი თუ არა, ვარჯიში გავაგრძელე, თამაშები მქონდა – ბოლოს გარდა ყველა თამაში მოვიგეთ.
თუ არ გამოვიდა არაფერი და საქართველოში დავრჩი, არსად გადასვლას არ ვაპირებ – ჩემს გუნდში ვრჩები, ბათუმში. ვიცი, ძალიან ძნელია ერთ დონეზე ვიყოთ მე და ჩემი კონკურენტები, რომლებიც საფრანგეთის ელიტარულ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სხვა გზა არ არის – მე უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო, რომ იმათ გავუთანაბრდე მაინც. მოკლედ, თუ აქ დავრჩი, ნაკრების ბიჭებს არ უნდა ჩამოვრჩე.
შარშან “ბათუმს” ექვსეულში შესვლის გეგმა ჰქონდა და მეოთხე ადგილზე გავედით. ახლა მეორე ადგილზე ვართ. ბოლო ფრე რომ არ გვეთამაშა “ჯიქებთან”, პირველ წრეს პირველ ადგილზე ვამთავრებდით, მაგრამ არაუშავს, კიდევ დაგვრჩა შვიდი თამაში, აქედან მინიმუმ ხუთს მოვიგებთ – პლეიოფში 100%-იანი შევდივართ და იქ რა იქნება, არ ვიცი. წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, თუ წამყვანი მოთამაშეები არ დაგვიშავდნენ.
გვეუბნებიან, რომ ახალი წლის მერე ხელოვნური სტადონი იქნება მზად და მერე ალბათ ბუნებრივსაც გააკეთებენ. შარშან ანგისის სტადიონზე ვვარჯიშობდით, მაგრამ იქ თამაში შეუძლებელია, ქვებია. გონიოში გაგვიკეთეს დროებითი სტადიონი გასახდელებით, საშხაპეებით, ვარჯიშითაც იქ ვვარჯიშობთ.
გიორგი თხილაიშვილი
დათქმები
ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ შტანგაზე არ ივარჯიშა, ძალა აღარ აქვს. ასეთი, თამაშის წინ დათქმები მეც მაქვს _ საერთოდ ვერ ვთამაშობ, თუ სხვა ბუცი მაცვია. დილით თუ რაღაც ისეთი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, რომ განრიგი დავარღვიე, მაგალითად, ჯერ საქმეზე გავედი, მერე შევჭამე, მერე კი თამაშზე წავედი, ვერც მაშინ ვთამაშობ.
ნაკრებშიც და ბათუმშიც გვყავს ფსიქოლოგი – ადამიანი, რომელიც მოდის და გეკითხება, როგორ გრძნობ თავს. თუ ეტყვი, რომ დაღლილი ხარ, მაშინ ცდილობს ჯანზე მოგიყვანოს… ყველაფერს თავისი წამალი აქვს, მაგრამ სახლში არავინ გაგაკონტროლებს, საკუთარ თავს თავად უნდა მიხედო.
თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი არ უნდა დაარტყა
ბავშვებს რა უხარიათ – ავტოგრაფები, სურათის გადაღება, ჩვენ ნაცვამ მაისურებს ვჩუქნით, ეს მოსწონთ. ზოგადად, გაჭირვებულ ბავშვებს, მიუსაფრებს ვეხმარებით, ხან კომპიუტერი მიგვაქვს, ხან ტელევიზორი. პრემია რომ დაგვერიცხება, ვთქვათ, 500 ევრო, 30 ევროს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში ვრიცხავთ.
მორაგბეები სოციალურ კამპანიებში აქტიურად ვერთვებით. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა. ვინც ვაჟკაცი არ არის, ჩვენთან უშვებენ და მერე საკადრის პასუხს ვცემთ… სიმართლე გითხრათ, ვერ ვხდები, რატომ უნდა დაარტყა ცოლს. მგონი, კაცების ეს კატეგორია ან ნარკოტიკს იღებს, ან სხვა რამე სჭირს…. ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებს.
გარდა ამისა, არსებობს ბევრი ყოფითი პრობლემაც – უმუშევრობა, გაჭირვება. არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალებზე ძალადობა შემცირდეს, ალბათ ხალხი უნდა დასაქმდეს. ყველა სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ქუჩაში ბევრი ბიჭი დგას. ისე მოხდა, რომ ვისთან ერთადაც ვვარჯიშობდი, პერსპექტიული ბიჭები, ახლა ქუჩაში დგანან, მე კი ვთამაშობ. ამაზე ძალიან მწყდება გული.
ჩვენი აქტიურობა, ალბათ, ვიღაცისთვის რაღაცას შეცვლის. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება ზრდასრულმა ადამიანებმა მოგვისმინონ და ცხოვრების წესი შეცვალონ, მაგრამ ეს ბავშვებზე გავლენას ალბათ იქონიებს.
როგორია ცხოვრება რაგბის მიღმა
მე, პირადად, თავისუფალ დროს სახლში ყოფნა მიყვარს, ან ფილმს ჩავრთავ, ან მეგობრებს დავპატიჟებ. თუ ვინმეს დაბადების დღე არ არის, სახლიდან ნაკლებად გავდივარ. დასვენების დღეებშიც უარს ვამბობ სახლიდან გასვლაზე – დროს მაქსიმალურად დასასვენებლად ვიყენებ.
თამაშის მერე შეიძლება დალევა, ღამის კლუბებში გართობა. შეყვარებულთან ერთად ვერთობი. კლუბებს კიდევ ის ახასიათებს, რომ შეიძლება ვიღაცას თვალში არ მოუხვიდე. ჩხუბი არ მიყვარს და მაქსიმალურად ვარიდებ თავს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. თუმცა, ბოლომდე არ მივსდევ არავის, ერთი-ორი დარტყმაც საკმარისია.
ემოციური არ ვარ, მაგრამ საქმე ერთი-ორჯერ ქუჩაშიც გამირჩევია – როცა მანქანის არასწორი მართვის გამო დამისიგნალებია და პასუხად გინება მიმიღია. ვერ ვეგუები თავზე გადახტომას.
კავშირი ბავშვობისდროინდელ სამყაროსთან
კავშირი არ გაწყდა, მაგრამ ძირითადად საქმეზე ვარ ორიენტირებული, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, წელიწადში შვიდი თვე ნაკრებში მიწევს ყოფნა.
ისე მოხდა, რომ იმათ სულ სხვა აზრები აქვთ ცხოვრებასთან დაკავშირებით და მე – სხვა აზრები. მაგალითად, უკვირთ, როგორ თუ ვერ დავლევ, მერე რა, რომ ვარჯიში მაქვს. მე პროფესიონალი ვარ და უნდა ვიმუშავო, ის კი, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, რომ საწოლიდან არ ადგეს და იძინოს. მაგრამ თუ ვარჯიში არ მაქვს და სოფელში ვარ, ზოგჯერ ვსვამთ ხოლმე ან ჯოკერს ვთამაშობთ.
ოთხი წელია თბილისში გადავედი საცხოვრებლად. სახლი ვიყიდე, ძირითადად, იქ მიწევს ყოფნა. იქაური მეზობლები მხედავდნენ ყოველ დილით შორტებითა და ჩანთით, იცოდნენ სპორტსმენი რომ ვიყავი, მაგრამ არ იცოდნენ ნაკრებში თუ ვთამაშობდი. მსოფლიოდან რომ ჩამოვედი, ვაიმე, ეს რა მეზობელი გვყოლიაო. ეზოში ყურძენი დამიკრიფეს და მომიტანეს. ძალიან კეთილი ხალხია.
საახალწლო გეგმები
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად, მაგრამ არ ვიცი წელს ამას რამდენად მოვახერხებ. ჩემს საყვარელ გოგოსთან ერთად სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას.
ჯერ არ ვიცი ქორწილი როდის გვექნება – 5 დეკემბრამდე არ მცალია, თამაშები მაქვს, კვირაში ორი დღე თბილისში უნდა ვიყო, ვარჯიშებზე. ალბათ ჩემი მეჯვარეები რომ ჩამოვლენ აპრილში, უფრო მაშინ მექნება ქორწილი. ჩემი მეჯვარე, ჩემი შვილის ნათლია, ლევან ჩილაჩავა იქნება. ის საფრანგეთში თამაშობს, ტულონში. 17 წლის ასაკიდან ვიცნობ, მაგრამ რაც გავიცანი, სულ ჩემ გვერდით იყო, გაჭირვებაში ხელს მიწვდიდა. ლხინშიც, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით.
კიდევ ერთი მეჯვარე და ჩემი შვილის ნათლია ბექა ბიწაძე იქნება. ეგეც საფრანგეთში თამაშობს. ორივე ძალიან მიყვარს.
ძალები პოზიციების მიხედვით
პირველ ხაზში ვინც დგას, ის ჯანზე უნდა იყოს და მაღალი ტექნიკაც უნდა ჰქონდეს.
მეორე ხაზზე სიმაღლეც მნიშვნელოვანია, წესით 2 მეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყო, მაგრად რომ მიაწვე და თან აუტშიც რომ აგწიონ. ჩვენ გვყავს 2.2-იანი კოტე მიქაუტაძე.
მესამე ხაზზე ანუ ჩემს პოზიციაზე მაღალი და ჯანიანი ბიჭებია საჭირო.
9 ნომერი შეიძლება პატარა იყოს და მოძრავი. 10 ნომერი გონიერიც უნდა იყოს, ის ალაგებს მთელ ნაკრებს. დაცვაში კი ჩემხელა ბიჭები არ შეიძლება, რადგან ბევრი უნდა იმოძრავონ.
შებოჭვა უფრო მეტად 6, 7 და 8 ნომერს უწევს.
ყველაზე მძიმე მაინც პირველი ხაზი და მესამე ნომერია.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში აჭარის რეგიონიდან ქობულეთის ორი, ხელვაჩაურის ერთი სოფელი და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლებაა შეტანილი. ნუსხაში სულ, ქვეყნის მასშტაბით, 1500-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხასაქართველოს მთავრობამ 2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასშეღავათებიუნდა დაუწესდეს, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გადასახადებისგან გათავისუფლდება.
პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს.
ნაზარდი ჯამიდან 1 539 000 ლარი დაემატა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, 172 000 ლარით გაიზარდა სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. 198 000 ლარით გაიზარდა დასაქმების სააგენტოს, 231 000 ლარით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებები.
ცალკე პროგრამად გამოიყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს), სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას.
ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის იანვარ-დეკემბრის ინტერვალში, ქვეყანაში 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);
ბ) ტრანზიტი – 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);
გ) სხვა – 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).
2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
საზღვრის კვეთის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ160 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეთერ თურაძე, გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორიგადავწყვიტე გაზეთ “ბათუმელების” წლის ბოლო ნომერში, მთავარ გვერდზე გაზეთისა და მკითხველის ურთიერთობაზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეს ურთიერთობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია – ჰგავს გზას სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. ამ გზებზე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვაქვს – ეს გაზეთი არსებობს მხოლოდ თავისი მკითხველით და მხოლოდ თავისი მკითხველისთვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ “ბათუმელების” ბეჭდური ვერსია 2016 წელსაც აუცილებლად გამოვა.
დღეს, 21-ე საუკუნეში, გაზეთის ბეჭდური ვერსიის შენარჩუნება სულაც არ არის მარტივი საქმე – საქართველოში უკვე არაერთი გაზეთი დაიხურა იმის გამო, რომ მასში მკითხველს ფულის გადახდა აღარ მოუნდა. “ბათუმელები” არ დგას ასეთი გამოწვევის წინაშე – და ეს იმიტომ, რომ ჰყავს მკითხველი, მათ შორის ბევრ მათგანს დიდი ხნის წინ მივანიჭეთ სტატუსი – “ერთგული მკითხველი”.
“ბათუმელების” მკითხველი მრავალფეროვანია: ზოგიერთი პროევროპელია, ზოგიერთი – პრორუსი, ვინ – სტუდენტია, ვინ – პენსიონერი, ვინ – სოციალურად დაუცველი, ვინ – ხელისუფლებას წარმოადგენს. ცხადია, “ბათუმელები” ყველაზე დიდ მხარდაჭერას მაინც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გრძნობს.
ჩემი აზრით, გაზეთი კარგად ასრულებს “მოდარაჯე ძაღლის” ფუნქციას – აკონტროლებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, მისთვის უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებებია.
სწორედ ამის გამო ზოგიერთი მკითხველი ბრაზობს ხოლმე გაზეთ “ბათუმელებზე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მის ხელმოწერაზე, ზოგჯერ წაკითხვაზეც კი უარს აცხადებს. ასეთი არაერთი ისტორიის გახსენება შეიძლება.
მაგრამ ახლა არც ერთის გახსენებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ერთს ვიტყვი – ჩვენ შევეჩვიეთ ამას. მეტიც, ჩვენ ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა: არც თუ იშვიათად, სწორედ მას, ვისაც ოდესღაც ყველაზე მეტად გაუკრიტიკებია გაზეთი “ბათუმელები” თავისი შინაარსის გამო, დადგომია ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, როდესაც თავად დასჭირვებია “ბათუმელების” მხარდაჭერა და მიუღია კიდეც ეს მხარდაჭერა.
ამ გამოცემის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ეს არის – აქ არ იმახსოვრებენ ვინ და როდის აკრიტიკებდა მას, ამ გამოცემაში ისმის ნებისმიერი ადამიანის ხმა, “ბათუმელებისთვის” არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება, ვინ აიგივებს საკუთარ თავს დომინანტურ რელიგიასთან და ვინ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენს, ვის რა სექსუალური ორიენტაცია აქვს, ვინ რომელი ფობიით არის შეპყრობილი – აქ ყველას უსმენენ… ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ერთ ოქროს წესს – უარს მხოლოდ სიძულვილის ლექსიკის შემცველი ტექსტების გამოქვეყნებაზე ვამბობთ. ამას საქართველოს კონსტიტუციაც კრძალავს.
ფაქტია, წელს, “ბათუმელების” მხარდაჭერით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. ვფიქრობ, ჩვენ ასევე მოვახერხეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უფრო კრიტიკულად შეეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის და შეეცვალათ ის საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით საკუთარ თავში გვეპოვა იმის ძალა, რომ საზოგადოებამდე მიგვეტანა სრულიად დახურული თემები, ისეთები, რომლებიც სხვა ჟურნალისტებმა ან ვერ შენიშნეს, ან ვერ მოახერხეს მისი მიუკერძოებლად გაშუქება. ჩვენ არამხოლოდ ეს მოვახერხეთ, არამედ შევძელით ისიც, რომ ნაციონალური მაუწყებლების მთავარი თოქ-შოუების განხილვის საგნად გვექცია ეს თემები. მინდა იცოდეთ – ეს სერიოზული ადრენალინია “ბათუმელების” თითოეული თანამშრომლისთვის.
და ჩვენ გაგვიმართლა კიდეც – 2015 წელს ჩვენი მუშაობა საერთაშორისო დონეზე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული: “ბათუმელების” ელექტრონული გამოცემა netgazeti.ge წელს დაჯილდოვდა ევროპის პრესის პრიზით.
მაგრამ წლის მიწურულს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამბად მაინც სხვა თემა იქცა – ახლახან ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებას საქართველო იმსახურებს. მე მთელი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს ექსპერტთა მოსაზრებებს ამ მიმართულებით, თითქმის ყველა ნომერში ვაქვეყნებდით სტატიებს “ასოცირების ხელშეკრულების” შესრულებასა და იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ამ მხრივ მოვლენები საქართველოს გარშემო. ვშიშობდი, რომ, ამ მოვლენას კიდევ ერთი წლით გადაავადებდნენ. ახლა კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია _ დამდგარი შედეგით მე და მთელი ჩვენი გუნდი უსაზღვროდ გახარებულები და ბედნიერები ვართ… ვფიქრობ, ამ საქმეში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი “ბათუმელებზეც” მოდის.
ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდეს განვითარებული მსოფლიოს ნაწილი. გპირდებით, მომავალში მთელი ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ იქნება მიმართული. ცხადია, ამას თქვენ გარეშე ვერ მოვახერხებთ.
დეტალებს, თუ რა ფორმატში შეიძლება ჩვენი ურთიერთობის, თანამშრომლობის გაგრძელება, ახალი წლიდან მოგაწვდით.
ახლა კი ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!
სარედაქციო სვეტი გამოქვეყნდა 2015 წლის გაზეთ “ბათუმელები” წლის ბოლო ნომერში.
“ბათუმის წყალის” ინფორმაციით, გუშინ ღამით გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც ამ წუთებში გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
“ბათუმის წყალის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხდვით, გუშინ ღამით მონიტორინგის სამსახურის მიერ მიზეზების შემსწავლელი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეოდა. ამ წუთებში ადგილზე სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებიან.
ცხელი ხაზის ნომერზე ((0422) 24 22 22), რომელიც მათ ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, დაკავშირება არ ხერხდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ და შეისწავლონ აფხაზური ენა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზური ენის სასწავლო კურსის სილაბუსებზე, გათვალისწინებულია ელემენტარული კურსის შესწავლა, რასაც დაეთმობა 4 სემესტრი. პროცესში აქტიურადაა ჩართული ბათუმის მკვიდრი, ეროვნებით აფხაზი ადა ქუთელია, რომელსაც აფხაზური ენის სწავლების კარგი გამოცდილება აქვს.
როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკუკლტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე აღნიშნავს, ეს ინიციატივა დაგვიანებულიც კია, რადგან აფხაზური მეორე ენაა, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს.
აჭარაში ბევრი აფხაზი ცხოვრობს, რომელთა ინტერესებშიც შედის მშობლიური ენის შესწავლა.
სამომავლოდ უნივერსიტეტში აფხაზური ენის კაბინეტიც გაიხსნება.
ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლმა დააზიანა ბათუმის ბულვარი, დაზიანებულია მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ხვალ, 12 საათზე ბულვარში, სასტუმრო “ინტურისტთან” და ბათუმის მერიასთან მოხალისეები შეიკრიბებიან და ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას.
ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. წინა წელსაც სწვდება და შემდეგსაც. მხოლოდ მომდევნო თოვა თუ დაჯაბნის წინა კალენდარს და ახალს დაუდებს სათავეს.
არადა, თითქოს არ უნდა იყოს თოვლი ასეთი იშვიათი იმ ქალაქში, სადაც წვიმა თავზე სასხმელად გვაქვს. ერთი მასალიდან არ მზადდება?! ატმოსფერული ნალექი არ არის ორივე, ანდა ერთმანეთის აგრეგატული სახეცვლილება?!
თოვლი და ახალი წელი ერთდროულად კიდევ უფრო იშვიათი რამაა. მიიტანს ხოლმე ხანდახან თავს ახალ წლამდე, უგემურად, ზრდილობისთვის.
მაგრამ მაინც გამოერევა შიგადაშიგ და რამე კაი ამბავსაც მოიყოლიებს.
მე მოგიყვებით ჭეშმარიტ თოვლზე, ახალ წელზე და სხვაზე.
1911 წლის ზამთარი ბათუმში. მიხეილ გლაუდანის ფოტო
ასი წლის წინანდელი ამბებია. ზუსტად ასის არა, ვიცით ასე თქმა, სიძველეს რომ გავუსვათ ხაზი, თორემ ოთხმოცდათერთმეტი წლის წინ ხდება ერთი მოქმედება და ასზე მეტის რომც ყოფილიყო, მაინც ასს ვიტყოდით, როგორც მეორე ამბავში, რომელიც ასო თხი წლისაა.
ოციანი წლების დასაწყისი. ომები და გასაბჭოებები ჯერ არ აქვს მოხდილი ბათუმს. ყველა გარბის, ან განზრახული აქვს გაქცევა. გარბიან უკანმოუხედავად, ზღვითა და ხმელეთით. ბევრიც ორჭოფობს და ხელმოსაჭიდ ნიშნებს ეძებს ახალ დროებაში.
მიდიხარ თუ რჩებიო? – ასე ესალმებიან ბათუმში ერთმანეთს.
დაწანწალებს ბათუმის ბაზარში მიშა ბულგაკოვი და “კერასინკის” გაყიდვას ცდილობს – ორი შაური რომ იშოვოს აქედან თავის დასაღწევად.
სწორედ ბათუმის ბაზარში შეჰყრის ერთმანეთს ბედისწერა ბულგაკოვსა და მარგარიტას, – რუსი მაღალჩინოსნის ცოლს, რომლის გარეგნობა ჯერ დაამუნჯებს და მერე საჯაროდ აამეტყველებს “ოსტატი და მარგარიტას” ფურცლებზე.
ყველაფერი უცნაურობა ბათუმს რომ უნდა დაემართოს, – ყოველივე ამის მიუხედავად ჩქეფს კულტურული ცხოვრება. “კულტურული ცხოვრების ჩქეფა” ჯერ ახალი ტერმინია და თანდათან აქტიურად დამკვიდრდება საბჭოთა პრესაში.
გასტროლებზე თუკი ვინმე გადიოდა უცხოეთში და პირიქით, ბათუმზე გავლით როცა მოდიოდა საბჭოთა კავშირში, უცხოური დასი თუ უცხოელი ვარსკვლავი, “რკინის თეატრში” ერთ კონცერტს აუცილებლად მართავდა.
ასე აღმოჩნდა “რკინის თეატრში” მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დუნკანი.
“დუნკანის ქალი ხორეოგრაფიული მიმართულების აპოლოგეტია, მისი პრინციპია დაუბრუნოს თანამედროვე ცხოვრებას დაკარგული სილამაზე და პლასტიურობა, ძველი ელადის პლასტიკისა და თავისუფალი მოძრაობის რესტავრაციით” – ამას მაშინდელი ბათუმური პრესა წერს 1923 წელს.
ცეკვის გარდა არ ვიცით სხვა რა ქნა ან რა ნახა სექტემბრის ბათუმში აისედორამ, მაგრამ სასწრაფოდ მისწერა წერილი ქმარს, რომ თუკი ოდესმე ისევ გადაწყვეტ თავის მოკვლას და სხვა გზას ვერ იპოვი, აუცილებლად წადი ბათუმშიო. ცხადია, აისედორა გადარჩენას გულისხმობდა და არა თვითმკვლელობისთვის ყველაზე შესაფერის გარემოს. ქმარს სერგეი ესენინი ერქვა და იქამდე რამდენჯერმე ჰქონდა მსგავსი მცდელობა. თუმცა ამ დროისთვის წყვილს ურთიერთობის რთული პერიოდი ედგა, მიმოწერას მაინც ინარჩუნებდა.
ამ წერილიდან ერთი წლის მერე ჩამოვიდა ესენინი ბათუმში, 1924 წლის დეკემბერში.
დაბინავდა სასტუმრო “ინტერნაციონალში”, ტროცკის ქუჩაზე. სასტუმროს მანამდე “ნოე” ერქვა, უფრო ადრე კი “იმპერიალი”. “ინტურისტი” ჯერ აშენებული არ არის, ასე რომ, ესენინი პირველი კლასის სასტუმროში ჩამოხტა. სტატუსის მიუხედავად, სასტუმროში გათბობა არ იყო და ესენინი გაცივდა. ძალიან ციოდა იმ დეკემბერს ბათუმში.
ზამთარი ძველ ბათუმში
ბათუმი მაშინ უფრო პატარა ქალაქი იყო და მალევე მიაღწია ლევ პოვიცკის ყურამდე ესენინის ავადმყოფობის ამბავმა. მითუმეტეს, რომ პოვიცკი “ბატუმსკიი რაბოჩიის” კორესპონდენტად მუშაობდა და ახალი ამბების მოპოვება მისი პირდაპირი მოვალეობაც იყო. იპოვა სასტუმროს ცივ ნომერში ავადმყოფი და უპატრონო პოეტი პოვიცკიმ და სახლში წაიყვანა. ცხოვრობდა ენგელსის ქუჩაზე, ქალაქის ბაღის წინ. ესენინს კი პეტერბურგიდან იცნობდა.
ზრუნვამ შედეგი მალე გამოიღო და ესენინი განიკურნა. ფეხზე წამოდგა თუ არა, მაშინვე მოედო მთელ ქალაქს და ყველა გაიცნო ერთ დღეში, განსაკუთრებით მედუქნეები და მაწანწალა ძაღლები.
პოვიცკიმ რომ დუქნებს ვერ ჩამოაშორა, მისი ჩაკეტვა დაიწყო სახლში. თხუთმეტ საათსა და ნულ-ნულ წუთამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ესენინი და იმდენი წერა, რომ ის ბათუმური სამი თვე ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მის შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც.
ანა ჩაჩუას სთხოვა პოვიცკიმ ესენინის მეურვეობა. მარტო ზედამხედველობას არ საჭიროებდა, პოეტს სხვანაირი ყურადღება სჭირდებოდა, ანა კი ინტელიგენტების ოჯახიდან იყო და ესენინის ლექსებსაც კარგად იცნობდა.
ერთი სული ჰქონდა სტუმრის გაცნობამდე. ერთ დილითაც მივიდა ანა პოვიცკის სახლში. ესენინი სამზარეულოში იჯდა მაგიდასთან, ჩაის ხვრეპდა და ანაზე მაინცადამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
კვირაში ერთხელ ხუთშაბათობა იმართებოდა ჩაჩუებთან. იკრიბებოდა ბათუმური არისტოკრატია, უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ლექსს კითხულობდნენ. ესენინი სასურველი სტუმარი იყო ამ საღამოების, თუმცა ანამ არაფხიზელ მდგომარეობაში ვიზიტი აუკრძალა. ერთ ასეთ საღამოს ზარი დაირეკა ჩაჩუების კარზე. ზღურბლზე ესენინი იდგა ბოთლებით ხელში და მსუბუქად ირწეოდა. ანამ ხელკავი გამოსდო თავაზიანად, როგორც საცეკვაოდ იწვევდა ხოლმე, კიბესთან მიიყვანა და ხელი ჰკრა.
რა ქენი ესო, ეცა დას ოლღა ჩაჩუა, ეს ხომ ესენინიაო!
მართალიაო, უპასუხა ანამ მშვიდად, ესენინია, ოღონდ მთვრალი ესენინიო.
არც ლექსები ხიბლავდა დიდად ანას. კი, კარგად წერს, ვერ უარვყოფო, მაგრამ აი, ჩემი განსვენებული მეუღლის ლექსებს მაინც ვერ შეედრება, ცათა სასუფეველი დაემკვიდროსო. ანა ჩაჩუა რუსულად საუბრობდა და შერჩეს უნდა თარგმანს ორიგინალის ენა.
პოვიცკის სახლთან სომხური სკოლა იყო. ამ სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურას შაგანე, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი. ცხოვრობდა იქვე ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე, ესენინის სახლიდან ორ კვარტალში. შაგანესა და ესენინის ქუჩები ერთმანეთს კვეთდა, აღმოჩნდა, რომ მათი გზებიც.
სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა პირველად დაინახეს ერთმანეთი და ამის მერე დაიწყო მათი ყოველდღიური შეხვედრები. ესენინი სახლში სტუმრობდა, ორიოდე პატარა ოთახში. ქუჩაში მატარებლები დახრიგინებდნენ, გადაღმა დიდი ეკლესიის ზარი რეკდა. მიჰქონდა ენძელები მუდმივად, იმ შუა ზამთარში, გამონაკლისის გარეშე და ახალ ლექსებს უკითხავდა. უკან კი რომელიმე წიგნს წამოიძღვანიებდა შაგანეს ბიბლიოთეკიდან. მეორე დღეს ძველ წიგნს აბრუნებდა, ახალ ლექსს უკითხავდა და ახალი წიგნი მიჰქონდა.
მეპყრობოდა, როგორც პატარა ბავშვს და მეც ძალიან ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა არ დამეკარგაო, მოჰყვება შაგანე წლების მერე.
საახალწლო შეხვედრა გაუმართა ბათუმმა პოეტს მწერალთა კავშირში, III ინტერნაციონალის ქუჩაზე, დღევანდელ თოჯინების თეატრში. ეს ამბავი და ესენინის მაშინდელი ჭორები ას წელს გადაცილებულმა მერი გიგინეიშვილმა მომიყვა, რომელიც თავად ესწრებოდა ამ საღამოს და ჯერაც მხნედ გრძნობს თავს.
ძაღლი შემოსულა სცენაზე მოულოდნელად, მიმოუხედავს, უკეთესი ადგილი ვერ უპოვია და პატრონის ფეხზე მიუშარდავს. ლექსების კითხვაში გართულ ესენინს არც გაუგია რა მოხდა.
მე თუ მკითხავთ, ეს ქანდაკება უნდა იდგეს სადღაც იქვე, შორიახლოს. თმაგაჩეჩილი და ცაში მომზირალი ესენინი და მის ფერხთით მშარდავი არც თუ მთლად წმინდა სისხლის ძაღლი.
28 დეკემბერს არნახული თოვლი მოვიდა ბათუმში. ეს ის თოვაა, “რკინის თეატრი” რომ დაანგრია, სადაც აისედორა დუნკანმა იცეკვა და საიდანაც დაიწყო ეს ამბავი.
გათოვდა და დათბა კიდეც.
დილით ციგით მიაკითხა ესენინმა შაგანეს. ციგაზე დასვა და სასეირნოდ წაიყვანა. ძალიან მხიარული იყო, ვეღარ ცნობდა შაგანე. თოვლში ჩრდილოეთმა გაიღვიძა ეტყობა და თავად იქცა მასპინძლად. თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ. მერე უცებ დაიღალა და გაჩერდა.
ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს. ხმას არ იღებდა. სუნთქავდა მძიმედ და დიდხანს.
მერე შაგანე გახდა ავად და ესენინი უვლიდა. მკურნალობდა ლექსებით და მანდარინის მურაბიანი ჩაით.
იქვე შეხვდნენ ერთხელაც ერთმანეთს, ქუჩების კვეთაში. გეძებდიო, უთხრა ესენინმა. არ მიყვარს ასეთი ამინდი, მაგრამ წავიდეთ ბულვარშიო. მოღრუბლული იყო და ზღვაზე შტორმი იწყებოდა. შაგანეც გაჰყვა. გულისჯიბიდან ამოიღო მრავალჯერ გაკეცილი მათემატიკის რვეულის ორი ფურცელი და წაუკითხა ახალი ლექსი, “შაგანეო, ჩემო შაგანე”. წაუკითხა და იქვე აჩუქა უკვე ხელმოწერილი ფურცლები.
შაგანემ ლექსი გამოართვა, ძველ ნაკეცებზე გაკეცა და “ჩრდილოელ ქალიშვილზე” დაიწყო ფიქრი, რომელიც ყველა ნიშნის მიხედვით გალინა ბენისლავსკაია იყო, ვისაც უყვარდა ესენინი და ესენინიც მუდმივად სწერდა ბათუმიდან. რაღაცით ჰგვანან კიდეც გალინა და შაგანე ერთმანეთს.
იქნებ მხოლოდ ეს იყო და არც არაფერი ყოფილა სხვა, უფრო რთული. არაა ადვილი პოეტის სიყვარული, სხვისი კი არა, საკუთარი სიცოცხლე რომ არაფრად უღირს. ამბობდა მერე ანა ჩაჩუა, “შაგანე” ქალის ზოგადი სახელია, კრებითიო. მოეწონა ეს სახელი ესენინს და იმიტომაც დაარქვა ლექსსო, თორემ შაგანე არ იყო ის ქალი, ვისაც ესენინი ლექსს მიუძღვნიდაო. ისე კი `ანა სნეგინა~ მე მომიძღვნაო, დააყოლა იქვე.
სახლში მიაკითხა ერთხელ ესენინმა შაგანეს. გეძებდი ქუჩაშიო და მერე ვიფიქრე, რომ სახლში იქნებოდიო. ფოტო მიუტანა საჩუქრად, ესენინი ბათუმის ბულვარში მეგობრების წრეში. ლევ პოვიცკიც არის ფოტოზე, კუთხეში გაზეთი გდია, ალბათ “ბატუმსკიი რაბოჩიი”, ეტყობა ხელი გაითავისუფლა პოვიცკიმ ფოტოსთვის და ფოტოც გაზეთის ფოტოკორმა გადაიღო.
მივდივარო.
შენი ფოტო მინდაო, წიგნს რომ გამოვცემ, უნდა დავურთოო.
შაგანემ იუარა, უსურათოდ აჯობებს, ნუ დააუშნოვებ ლექსს ჩემითო. მაშინ ესენინმა თავად მოძებნა ალბომში გიმნაზიელისკაბიანი შაგანე და წავიდა.
წავიდა და წავიდა. აღარც წერილი მოუწერია. თუმცა მალევე მოიკლა თავი.
თვითმკვლელობა – ოფიციალური ვერსიით, თორემ ფაქტი სხვას მეტყველებს.
მალევე ისეთი მწყობრი თანმიმდევრობით დაიღუპა ამ ისტორიის ყველა მონაწილე, რომ ტყუილს დაემსგავსება, ცოტა თუ არ მოვიტყუეთ.
დანგრეულია ყველა სახლი თუ შენობა “ინტერნაციონალის” გარდა, რომელთანაც კი რაიმე კავშირი ჰქონიათ ისტორიის მონაწილეებს.
მხოლოდ შაგანდუხტ ტალიანი გარდაიცვალა თავისი სიკვდილით 1976 წელს 76 წლის ასაკში და მგონი, ლევ პოვიცკიც _ ისიც დახვრეტას თუ გადაურჩა, რომელიც რატომღაც მილიციის თუ რომელიღაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო 30-იან წლების ბათუმში.
მეორე ამბავი, წესით, პირველია, ქრონოლოგიურად, მაგრამ აქედან რომ ვუყურებთ, ასეთი თანმიმდევრობით ჩანს.
დიდთოვლობა ბათუმში
1911 წლის იანვრის თოვა ცალკე დგას და ზემოდან უყურებს ყველა სხვა თოვას.
პატარ-პატარა გათოვებებიც აღიარებენ 1911 წლის ძლევამოსილებას.
სახურავები დაფარა თოვლმაო. ექვს მეტრს წერს ბევრი, ზოგიერთი – უფრო მეტსაც. თოვლი ცოტა რომ დადნა, მხოლოდ ამის მერე გამოვიდა ხალხი გარეთ, გვირაბებითა და სახურავებით დაიწყეს ქუჩაში სიარულიო.
გერმანელი ფოტოგრაფი ცხოვრობდა მაშინ ბათუმში, მარიას ქუჩის 43 ნომერში. იქვე ჰქონდა მდიდრული ატელიე, შავი მარმარილოს ქანდაკებებითა და შუშის ჭერით. მხოლოდ რამდენიმე ფოტოგრაფს ჰქონდა მაშინ ატელიე ქალაქში და რამდენიმე კიდევ ატელიეს გარეშე იღებდა ღია ცის ქვეშ, მაგრამ გლაუდანი ყველასგან გამოირჩეოდა და ამაში დღესაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ.
ამხელა თოვლის შემხედვარე მგონი პირველად გავიდა გარეთ გლაუდანი და ქალაქის გადაღება დაიწყო. ამ ფოტოების წყალობით გახდა ეს ამბავი ასეთი ხელშესახები და გადაურჩა იმას, რომ მხოლოდ ლეგენდად დარჩენილიყო.
ძველი ბათუმი
ახალგაზრდა მასწავლებელი გალაკტიონ ტაბიძე აღმოჩნდა ბათუმში ამ დროს. 21 წლის გალაკტიონს რამდენიმე ლექსი უკვე აქვს დაბეჭდილი და იმედისმომცემ პოეტად მიიჩნევა, თუმცა დიდებამდე ჯერ შორია. გლაუდანის არ იყოს, იმასაც არ გაუძლო გულმა და ლექსი მიუძღვნა ნახულს. უბის წიგნაკში ერთი სათაური ისე გულდაგულ აქვს წაშლილი სამსტროფიანი ლექსის, რომ არც იკითხება. საბოლოოდ ასე დაარქვა – “არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელს”.
“ბათუმში თოვლი ისეთი არის,
რომ არ ხერხდება გაღება კარის,”
და ასე შემდეგ.
მერე რევოლუციებითა და ქარიშხლებით გრძელდება და ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის.
გლაუდანების დამღა სტუდიურ ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება. გვარი რჩება, ინიციალები იცვლება დროთა განმავლობაში. პერსონაჟები იცვლებიან გლეხიდან კოლეჟსკი ასესორამდე, გიმნაზიელიდან – კომკავშირლამდე, თავადიდან – სტატსკი სოვეტნიკამდე და რევკომის ამხანაგამდე. გვარსაც და ინიციალებსაც 1937 წელმა დაუსვა წერტილი.
მიხეილ გლაუდანის ფოტოებით ღია ბარათების სერია გამოუშვეს მაშინვე. სერიას ასე ჰქვია: “1911 წლის იანვრის არაჩვეულებრივი ზამთრის მოსაგონებლად”.
მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.
“ტელეარხმა 25”-მა 2015 წლის 31 დეკემბერს საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, თანამშრომლების დათხოვნა 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
“მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ დირექციისგან მოითხოვა თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მაია მერკვილაძემ გამიზნულად გააჩერა და ეთერში არ გაუშვა საინფორმაციო გამოშვება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მაია მერკილაძის მიერ საინფორმაციოს გაჩერების, ან თანამშრომელთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა. მასთან დაპირისპირების გამო, არაერთმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური.
ყოველივე ამის გამო, და იმისათვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის განმუხტვა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორივე თანამშრომელი, გარკვეული დროით, გაეშვა ანაზღაურებად შვებულებაში.
შვებულებაში გაშვება, მაია მერკვილაძემ მიიღო შეურცყოფად და მან, ტელეკომპანიის სამ თანამშრომელთან ერთად, დაიწყეს ტელევიზიის დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან აგრესიული დაპირისპირება, რის გამოც შეექმნათ კონფლიქტი არამარტო ხელმძღვანელებთან, არამედ ტელეკომპანიის დანარჩენ 35 თანამშრომელთანაც და ტელევიზიაში დაიწყო უმართავი პროცესი, რამაც გამოიწვია სხვადასხვა გადაცემების შეჩერება. ამ პროცესებმა, უარყოფითად იმოქმედა ტელევიზიის რეიტინგზე და საერთოდ, კომპანიის მუშაობაზე.
აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაანთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და მოახდინოს სამსახურების ხელახალი დაკომლექტება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება” – აღნიშნულია განცხადებაში.
მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მოუწოდა არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.
კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ოფიციალურად გახსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.
„გოდერძიზე“ მოქმედებს ორი საბაგირო ხაზი, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
კურორტზე სულ 6 კოტეჯი ფუნქციონირებს, თითო კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯებში არის 4 და 2 ადგილიანი ნომრები.
საბაგირო გზა
”გოდერძის” გონდოლა
აჭარის ტურიზმისა და დეპარტამენტის ორგანიზებით „ტურისტული პროდუქტებისა და მართვის სააგენტომ“, შეიმუშავა კურორტ „გოდერძის“ ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენა მსურველებს ნებისმიერ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეუძლიათ.
პაკეტების ღირებულება, განთავსების ობიექტების მიხედვით განსხვავებულია.
პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხვევაში:
3 დღიანი სრული პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 155 ლარი ღირს, 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი – 145 ლარი. ფასში შედის – ტრანსპორტირება, ბათუმიდან გოდერძამდე და უკან – გოდერძიდან ბათუმამდე, ღამისთევა კოტეჯში, თხილამურები და საბაგირო მთელი დღით და სამჯერადი კვება.
3 დღიანი მხოლოდ ღამისთევისა და კვების პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 90 ლარი. ფასში შედის – ღამისთევა კოტეჯებში და სამჯერადი კვება.
”გოდერძის” ადმინისტრაციული შენობაკოტეჯები კურორტ ”გოდერძიზე”კოტეჯის ინტერიერის დეტალიკურორტზე ხელმისაწვდომია ინტერნეტი
„ამჟამად კურორტს შეუძლია 130 კაცამდე მიიღოს, მაგრამ უახლოეს სოფელში, გესთჰაუსებში არის საშუალება კიდევ 100 კაცის განთავსებისა“ – ამბობს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, გოდერძის მთის უფროსის მოადგილე ვაჟა დიასამიძე.
გესთჰაუსები, საოჯახო სასტუმრო სახლები, სოფელ დანისპარაულშია, რომელიც გოდერძიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
საოჯახო ტიპის სახლების ფასია:
2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში (1 დღე ერთი ადამიანი) 110 ლარი, ფასში შედის ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და პირიქით; ღამისთევა, თხილამურები და საბაგირო მთელი დღე, სამჯერადი კვება. 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 40 ლარი, რომელშიც შედის მხოლოდ ღამისთევა და კვება.
საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულშისაოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში
კოტეჯებთან ახლოს არის ორი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე დამატებით ნომრებია განთავსებული, საერთო ჯამში კურორტზე 130 კაცზეა გათვლილი. კურორტიდან, 4 კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.
კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის სადგურიდან ხულოს ცენტრამდე ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი, ხულოს ცენტრიდან გოდერძამდე კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი, მაღალი გამავლობის, ორ ხიდიანი, რვა ადგილიანი მიცუბიშის „დელიკა“, რომელიც ყოველდღე, ხულოს საინფორმაციო ცენტრიდან 11:30 საათზე გადის და 17:00 საათზე ბრუნდება.
ხულოს საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
საინფორმაციო ცენტრის ნომერია: +995 577 15 04 26
ხულოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიხედი სოფელ დანისპარაულიდანMitshubishi Delica ხულო-გოდერძის გზაზე
„გოდერძის“ უპირატესობა
ვაჟა დიასამიძე
ვაჟა დიასამიძე: “საქართველოში საბაგირო გზასა და ტრასაზე არის თოვლის ნაკლებობა, „გოდერძზე“ კი ჩვენ გაგვაჩნია ბუნებრივი თოვლით უზრუნველყოფილი ტრასა, სადაც თოვლის სიმაღლე, ტრასების მიხედვით 1 მეტროდან 2 მეტრომდე მერყეობს.
ეს არის დამწყები კურორტი და ჯერ-ჯერობით თავისი მომსახურების დონით და ტურისტების რაოდენობით შეიძლება ვერ შევადაროთ, სხვა კურორტებს, მაგრამ თუ შევადარებთ იმ ტურისტულ პროდუქტს, რასაც სთავაზობს ეს კურორტი და იმას რასაც სთავაზობს საქართვველოს სხვა კურორტები, „გოდერძი“ არის ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი, სადაც არის დიდი შესაძლებლობები გაუკვალავი თოვლისა და ალპური ზონის, ამავე დროს არის ინფრასტრუქტურა ნაძვნარსა და ტყეში, რაც სასიამოვნოსა და გარკვეულ ეფექტს იძლევა მოთხილამურეებში.
აქ არის განუსაზღვრელი შესაძლებლობა ფრირაიდერებისათვის, სნოუბოდრისტებისათვის, იმ ხალხისთვის ვისაც გაუკვალავში უყვარს სრიალი, თავისი ტრასები რომ დაგეგმონ და ისიამოვნონ ახალი თოვლით. განსხვავებით ბევრი კურორტისგან, ეს კურორტი არის ყველაზე კომფორტულ ზონაში განლაგებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის 1700 მეტრიდან 2500 მეტრომდე დიაპაზონში, რომელიც როგორც დამწყებებისათვის ასევე პროფესიონალებისათვის არის ყველაზე მისაღები გეოგრაფიული მდებარეობა.
კურორტზე არის მართალია ცოტა, მაგრამ კომფორტული განთავსების საშუალებები. გარდა იმ ხალხისა ვინც ადგილზე განთავსდება კურორტი ემსახურება ადამიანებს, ვინც ვთქვათ, ერთი დღით ამოდის დასასვენებლად.
კურორტის ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს 4 კილომეტრი საბაგირო გზის ფუნქციონირებას, ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ფუნქციონირებს ორი საბაგირო გზა, ასევე ყოველდღიურად ხდება მოწესრიგება 8 კოლომეტრიანი სათხილამურო ტრასებისა.
ამავე ტრასებს ემსახურება 5 მაშველი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პატრულირებენ.
მაშველების სამსახურის უფროსი არის გამოცდილი მაშველი ირაკლი ჭელიძე, რომელიც მოწვეული [სპეციალისტია].მანამდე ის გუდაურში და სხვა კურორტებზეც მუშაობდა, და არის გამოცდილი მთამსვლელიც.
დანარჩენი მაშველები, ადგილობრივი უახლოეს სოფლებიდან შერჩეული ახალგაზრდები არიან, რომლებიც შეირჩნენ 20-30 კონკურსანტში, თავისი ფიზიკური და ანკეტური მონაცემებით. მათ ჩაუტარდათ რამდენიმე დღიანი, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი, როგორც ადგილზე ასევე თბილისში.
აქ ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აქ არ იყო ამ დონის, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის მომსსახურების გამოცდილება, აქედან გამომდინარე გაუმართლა კურორტს, რომ მენეჯმენტი გადასულია მთის კურორტების მართვის კომპანიაში, რომელსაც ამჟამად საქართველოში კიდევ სამი კურორტის მენეჯმენტი აბარია.
აქ არსებული ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, ხმარდება სეზონის დასაწყისს, და მომავალშიც გაგრძელდება გადამზადების პროცესი.
აქ პემანენტულად ჩამოდიან სპეციალისტები, როგორც ბაკურიანიდან, ისე გუდაურიდან ასევე ავსტრიიდან და როგორც კი სეზონის დახურვა მოხდება გაგრძელდება ჩვენი სპეციალისტების ტრენინგები როგორც ქართულ კურორტებზე ასევე ევროპისა და ამერიკის კურორტებზე”.
1920 წლის 18 მაისს პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში რომის პაპი იოანე პავლე II დაიბადა. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანახმად, იმავე დღეს დაიბადა ჩემი ნენეც (ბებია). ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დამუშავება დაასრულა.
რა თქმა უნდა, ამბავს, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ, არაფერი აქვს საერთო არც იოანე პავლე II-სთან და არც საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან. რომის პაპი და საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმისთვის გავიხსენე, რათა მეთქვა, თუ რამდენად შორეული დროიდან ვაპირებ თხრობის დაწყებას.
ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, რომ ძველი აჭარული ახალი წლების შესახებ მოგიყვეთ. იმ ახალი წლების, რომლებიც ნენეს მეხსიერებაში დარჩა და ულევ მოგონებას, ტრადიციას, ადამიანებს, სიხარულსა და სევდას იტევს. ეს არის ამბავი ძველი, სულ სხვა ახალი წლების შესახებ. იმ წლების, რომლებიც ოდესღაც იყო და მერე უკანმოუხედავად გაქრა წარსულში.
თავდაპირველად იყო ბავშვობა და ბავშვობის ახალი წლები, ნენეს დედა, დიდი ბებია და საახალწლოდ ბავშვებისთვის ტკბილეულის სახით მომზადებული ყათმერი; ახალი წლის მოსვლის აღსანიშნავად ნასროლი თოფი; მოხარშული სიმინდი, ღომი და ქათმის კვერცხი; ნალიიდან უხვად ჩამოტანილი ხილით ავსებული ტაბლა და ბევრი ძველი ამბავი. დილით, ახალი წლის პირველ დღეს, სტუმრად მოსული ყაბალახიანი კაცები, რომლებიც ტკბილად ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს და თან თამბაქოს შეექცეოდნენ მერდევანზე (კიბეზე).
მერე მეუღლე, ოჯახი და შვილები. ერთი სახლი, ბევრი ოთახი და ერთი ოთახი ამ ბევრი ოთახიდან. ორი სექვი (ტახტი) და ლაზური ბუხარი, სადაც ახალი წლის ღამეს არასდროს ნელდებოდა ცეცხლი. სექვზე ჩამომსხდარი შვილები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ყათმერისა და ურმის (ტკბილეული) მომზადებას. ისევ მოხარშული სიმინდი, ბრინჯი, ყავა, ბეთმეზი, ლეჩერი, ხილი და, საახალწლოდ გაწყობილ ტაბლაზე ადგილი აღარ იყო თავისუფალი.
ძენწმანი, აჭარა. სალაძეების საგვარეულო სახლი
კიდევ? კიდევ ბაბუა და ბაბუას ძმები, რომლებიც იმავე სახლის სხვა ოთახებში ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ახალი წლის პირველი მილოცვა და ბუხრის წინ დაწყებული ძმების დაუსრულებელი მასლაათი დილამდე. შუაღამითვე სოფლის შუაგულიდან მოსული ნათესავი და ერთადყოფნის სიხარული; დილით ახორში (ბოსელში) პირუტყვის მონახულება და ბრინჯითა თუ ხაპის გულით შესრულებული ბერექეთის (ბარაქა) რიტუალი.
ნენეს მეხსიერებაში დარჩენილი მშვიდი ახალი წლები ხან თოვლით და ხანაც მოწმენდილი ცის თანხლებით მოდიოდა. ახალი წლის მყუდროებას ღამით მხოლოდ თოფების სროლა და ძაღლების ყეფა არღვევდა. ძაღლების ყეფას სისხამ დილიდან მამლების ყივილი ანაცვლებდა. ბევრჯერ თოვდა, ბევრჯერაც წვიმდა და კიდევ უფრო ბევრჯერ მოწმენდილი ცით ხვდებოდნენ სოფლად ახალ წელს.
თითქმის ყოველთვის, შუაღამე გადავლილზე სიმღერასაც გაიგონებდა კაცი, სადღაც სოფლის ბოლოდან. მაშინ, ძველ დროში, სიმღერა და ქარის ზუზუნი ერთდროულად ატანდა ძველი სახლის სარკმლებში.
გამორჩეულად თბილი და სიხარულით სავსე 1962 წლის ახალი წელი. თბილი და სიხარულით სავსე იმიტომ, რომ ამ წელს პირველად, ჩვიდმეტწლიანი განშორების შემდეგ, სტალინური გადასახლებიდან დაბრუნებული შვილი, მამასთან და ძმებთან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს.
მერე და მერე სიხარულთან ერთად სევდაც შეერია ნენეს ახალ წლებს. ბევრი ტკივილი და საყვარელი ადამიანების დაკარგვა. დრომაც თითქოს უფრო სწრაფად დაიწყო გასვლა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაბარდა წლები წარსულს.
ნენეს თბილ, მხიარულ და სევდიან ახალ წლებს კიდევ ერთი, 2016 წელი ემატება. მე ისევ არ დავარღვევ ტრადიციას და ჩემი სევდიანი ახალი წლის პირველივე დღეს ნენეს ვესტუმრები სოფლად. თუმცა, ნენესთან სტუმრობამდე სახლად შევეგებები 2016-ს. ეს ჩემი ყველაზე სევდიანი ახალი წელი იქნება. სევდიანი იმიტომ, რომ პირველად შევხვდები ახალ წელს დედის გარეშე. ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ გამიღიმებს და ვეღარ მეტყვის საყვარელ სიტყვას – „გაიხარე“.
სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.
ერთხელ, დიდი ხნის წინ, ბათუმში მეგობრებთან ერთად ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედი. მანამდე ჩემი ამ ქალაქთან ურთიერთობა მხოლოდ ცხელი აგვისტოებით, პლაჟებზე მთელი დღე წოლით, მოთენთილი დღეებით, მუსიკით სავსე ღამეებითა და უდარდელი სტუდენტური არდადეგებით შემოიფარგლებოდა. იმ ახალ წელს პირველად ვნახე ზამთრის ბათუმი.
მარი კორინთელი
იმ ღამეს წვიმდა – მონოტონურად, გადაუღებლად – ერთი სიტყვით, ბათუმურად. მეგობრებთან ერთად ანდრეა ბოჩელის ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე ვიდექი, ვუყურებდი ფერად-ფერად საწვიმრებიან, მოცინარ ადამიანებს, ვუსმენდი Time to say goodbye-ს და ვხვდებოდი, რომ ასეთი ბედნიერი არსად, არასდროს ვყოფილვარ.
და როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, ერთადერთი საახალწლო სურვილი ჩავიფიქრე – ოდესმე დამდგარიყო დრო, როცა ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდოდი და ნებისმიერ სეზონზე შემეძლებოდა ამ მოედანზე დგომა, ამ ჰაერის სუნთქვა, ამ ადამიანების დანახვა…
იმ ახალი წლის შემდეგ წლები გავიდა და ზამთრის ერთ მზიან დილას მე, ჩემი ქმარი, შვილი და მთელი ჩვენი ავლადიდება ერთ მოზრდილ მანქანაში მოვთავსდით. მე ბათუმისკენ გამოვემართე – ამჯერად მუდმივად საცხოვრებლად. მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ზოგჯერ შეიძლება დაგვჭირდეს ვინმემ საკუთარი სურვილებისგან დაგვიცვას, როგორც ერთ სიმღერაშია.
ვფიქრობდი, რომ პატარა, წვიმიანი, დედაქალაქისგან მოშორებული ქალაქის ზამთრები არც ისე იოლად გადასაგორებელი იქნებოდა, რომ ვერ გავუძლებდი დაცარიელებულ ბულვარს, რომ, როგორც თბილისში ამბობენ ხოლმე, „ზამთარში ბათუმი კვდება”. ვხვდებოდი, რომ ზამთარში ბათუმში ცხოვრება და ერთი დღით დღესასწაულზე ჩასვლა აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და საკუთარ თავს ვამზადებდი, რომ ყოველდღიურ ბათუმში არც საახალწლო განათებები იქნებოდა, არც ბოჩელი იდგებოდა ერას მოედანზე, აღარც იმ ლამაზ ტურისტებს გადავეყრებოდი, მოედნისკენ გზა რომ გვკითხეს და, უბრალოდ, ზამთრის უსასრულო წვიმასთან გამკლავება მომიწევდა.
მართალიც აღმოვჩნდი.
ბათუმში რომ ჩავედი, არც რომელიმე ვარსკვლავი დამხვედრია და ჩემს პატივსაცემად არც ფეიერვერკები გაუშვიათ. თებერვალი იდგა და დღესასწაული უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ერთ რამეში მოვტყუვდი – სილამაზე და შინაურობის შეგრძნება მხოლოდ ხმაურიან დღესასწაულებში არ არის.
შეიძლება, უბრალოდ, ცარიელ ბულვარში გახვიდე და როცა მთელი საქართველო ნაცრისფერია, აქ მუდმივი სიმწვანით დატკბე. შეიძლება, „ბერეგზე” შეიარო და ქვიშაზე მოდუღებული „კოფე” დალიო, ან ერთი ნაჭერი ბაქლავა იყიდო, უკაცრიელ პლაჟზე ჩახვიდე და თამამად გაილოკო შაქრის სიროფიანი თითები – ვერავინ დაგინახავს, ლექციებიდან გამოპარული შეყვარებული სტუდენტებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ფიზკულტურის მოყვარული ბაბუების მეტი.
ან სულაც, იანვრის რომელიმე მზიან დილას ზღვაზე ჩახვიდე – იანვარში ზღვა ისეთი ლურჯია, როგორც არასდროს – ჩახვიდე, ოდნავ ნოტიო, უკვე შემთბარ ქვებზე გაწვე, თვალები დახუჭო და არაფერს უსმინო, ტალღების ჩუმი შიშინისა და ზღვაზე ჩამომსხდარი ათასობით თოლიის კივილის გარდა.
ხმაურიანი, მხიარული წვეულების შემდეგ ოჯახის წევრები სუფრას რომ აალაგებენ, ჭურჭელს დარეცხავენ, სახლს დაასუფთავებენ და დაღლილები, მაგრამ ძალიან კმაყოფილები, ყავის ჭიქებით სავარძლებში ჩასხდებიან, ასეთია ზამთრის ბათუმი – მყუდრო, სახლური, სადღესასწაულო კაბისა და მაღალი ქუსლების შემდეგ საშინაო სპორტულებგადაცმული, ჩუსტებში ფეხებწაყოფილი. ჩუმი და მაინც სულ მოძრავი – აქ სრული სიჩუმე შეუძლებელია, ხალხი ცხოვრობს ხმაურიანი და იმიტომ.
უკვე დიდი ხანია აქ ვცხოვრობ.
უკვე სამი ბათუმური ზამთარი გავიარე, და ახლაც ხშირად მისვამენ კითხვას: „ზამთარში მანდ როგორ ძლებ?“ ადრე ეს კითხვა მაბნევდა, ახლა კი ვამბობ:
„და შენ როგორ ძლებ ასანთის კოლოფისხელა, რუხ კორპუსებში? როგორ უძლებ მტვრიან სკვერებს? იცი, ჩვენ აქ ტბიანი პარკი გვაქვს, სულ მწვანე, ზამთარში ერთი წითელი ხით, დილით ტბაზე ჩამოწოლილი სქელი ნისლით და ნაპირზე გამწკრივებული მეთევზეებით;
იცი, ბათუმისნაირად ყავას ვერსად ამზადებენ, ზამთარში კი, როცა ბლანტი, შავი, ნალექიანი ყავის არომატი შენს საკუთარ ორთქლიან ამონასუნთქს ერევა, მეორედ იბადები;
იცი, თუ გაგიმართლა და ზღვაზე თოვა ნახე, ისეთი შეგრძნება გაგიჩნდება, რომ ნაპირს მოწყდები და ფიფქებთან ერთად დატრიალებულ თოლიებს მარტივად შეერევი;
იცი, აქ პატარა, გემრიელი კაფეებია, სადაც მიმტანებს სახელებით გაიცნობ, დაუმეგობრდები და მათ უკვე უთქმელად ეცოდინებათ, რომ შენ უკვეთავ ცომგამოცლილ ხაჭაპურს, ბევრი კარაქითა და კვერცხის გულით;
იცი, „წიგნები ბათუმში” სულ ცოცხალია, ზამთარში კიდევ უფრო ცოცხალი, იმიტომ, რომ იმდენი ხალხი არაა და ყველა შემომსვლელს შეგიძლია გამოელაპარაკო, წიგნებზე მოყვეთ, იმან თავისი თქვას, შენ შენი და იცი, აქ ერთი პატარა, სულ პატარა კაფეა, „ვინილი” ჰქვია და არსად ამზადებენ ისეთ გემრიელ გლინტვეინს, როგორც აქ;
იცი, როცა ზამთრის სუსხიან საღამოს გლინტვეინიან ჭიქას ხელებს შემოაჭდობ, ჭერისკენ გაკლაკნილ სიგარეტის კვამლს თვალს ააყოლებ და დარიჩინის სურნელს შეისუნთქავ, უსასრულო წვიმაც შეიძლება ასატანი გახდეს. და მხოლოდ ასატანი კი არა, პირიქით, მადლიერებაც კი იგრძნო იმის გამო, რომ ამ მომენტში აქ ზიხარ.
6 მაისის პარკი. ლაშა ფალავანდიშვილის ფოტო
ბათუმი დღესასწაულია, ზამთრის ბათუმი – განუყრელი დღესასწაული. დიახ, ვიცი, რომ ჰემინგუეიმ ეს სულ სხვა ქალაქზე თქვა, მაგრამ ეს სიტყვები ბათუმსაც პარიზივით უხდება – პატარა ქალაქს, რომელიც ზამთარში დიდ და ხმაურიან საახალწლო ზეიმს კი არა, შობის ღამეს ჰგავს – თითქოს მთელი ოჯახი ერთად მიირთმევს ღვეზელს, ყველა ფანჯარაში კი საშობაო სანთელი ციმციმებს და ამ სიმყუდროვისა და უბრალოებისგან კაცს შეიძლება ცრემლიც კი მოგადგეს.
ცოტას ადამიანებზეც გიამბობთ.
ძალიან მიყვარს ძველი, იტალიური ფილმები, ფაშფაშამკერდიანი, ხმაურიანი ქალებით, ძალიან ხმამაღალი სიცილით, ძალიან გულწრფელი ტირილითა და ძალიან ჭარბი ემოციებით. ჰოდა, ჩემი პატარა, იტალიური კინო ბათუმში ვიპოვე – თბილისის კარგად ჩარაზული ბინების კარების შემდეგ, ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო სამეზობლოების საერთო პრობლემები, ყავის ერთად სმის რიტუალები, შეწოდებული განსაკუთრებული სადილები და დესერტები, გაზიარებული ჭირ-ვარამი, ერთად გაშლილი ლხინის სუფრები…
თავიდან მეუცხოვა, მერე კი მივხვდი, რომ თუ თავად არ მოისურვებ, პირად სივრცეს არავინ დაგირღვევს, ეს, უბრალოდ, ურთიერთობებია – ის, რაც თანამედროვე, ძალიან დაკავებულ ადამიანებს აკლიათ. ეს ისაა, რაც სტუმარსაც კი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებს – ზომიერი უცერემონიობა, საყვარელი ფამილარობა – ხუმრობები, გამხნევება და მხარზე ხელის მოთათუნება – ის, რაც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება.
ეს ყველაფერი საკურორტო სეზონზე ნაკლებად იგრძნობა – იმ დროს ყველაფერი ერთმანეთშია არეული, მთელი საქართველო და ლამის ნახევარი მსოფლიო ბათუმშია, ბათუმელები კი – სხვადასხვა კურორტზე. აი, ზამთარი კი სულ სხვაა.
სულაც რომ არავის იცნობდე და ქალაქის ძველ ნაწილში ფეხით გაიარო, საღამოს შინ უკვე უამრავი ნაცნობით დაბრუნდები, მეორე დღეს კი გულიან სალამს არავინ დაგამადლის. და დილით სრულიად უცხო ადამიანი აქაური კერძის – სინორის – თეფშითა და ხორციანი ბლინებით, ე.წ. „სულთანსკებით” თუ მოგადგა, არ შეგეშინდეს, სახლში ძალით არავინ გეჭრება, უბრალოდ, აქ გაზიარება წესად აქვთ, კარგისაც და ცუდისაც. ხომ ვთქვი, იტალიური კინოა-მეთქი.
საკვები ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი რამაა, რაც ადგილებს კარგად ან ცუდად მამახსოვრებს. აი, ახლაც, კერძებზე ამდენი ვილაპარაკე და მთავარი არ მიხსენებია – ხამსა. ხამსა, უბრალოდ, საჭმელი არ არის, ეს მთელი ბათუმური რიტუალია. ამ თევზის „სეზონი” ზამთრისპირას იხსნება და მას ყველა სხვადასხვანაირად ამზადებს, მაგრამ მე სხვაგან შემწვარი ხამსის ჭამას არ გირჩევთ, რადგან ეს ისეთი თევზია, რომელიც თევზის ბაზარში თავად უნდა შეარჩიოთ და იქვე შეაწვევინოთ. თევზის ბაზარი ხომ, თავისი გამყიდველებით, ხუმრობებითა და დიალოგებით, ცალკე ამბავია – ძალიან ადგილობრივი, ძალიან ბათუმური ამბავი, რომელიც მსოფლიოს მილიონ თევზის ბაზარში არსად მეორდება.
მე ყველაფერს სუნითა და შეგრძნებებით ვიმახსოვრებ, კიდევ – საკვებით, ემოციებითა და ადამიანებით. ხედები და ღირსშესანიშნაობები არასდროს მამახსოვრდება, ამიტომაც არაფერი გიამბეთ. აი, სურნელებზე კი სიამოვნებით გეტყვით – ზამთრის ბათუმს შინგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი ასდის, როგორც ერთ ცნობილ პიესაშია – ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი.
უმაღლესი საბჭოს 30 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე 13 ხმით აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მედეა ვასაძემ, ხოლო ირაკლი ბარამიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: სულხან ღლონტი, რობერტ ჩხაიძე, პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და მურმან ბერიძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი.
ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად.
„31 დეკემებერს გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერას მოედანზე. ორდღიანი შოუპროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა გათვლილი“-წერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრესრელიზში.
გიორა ფაიდმანი ოსკაროსანი ფილმის „შინდლერის სია“ საუნდრეკის თანაავტორი და შემსრულებელია. მას გერმანიის ღირსელის ორდენი მიენიჭა ებრალ და გერმანელ ხალხთა მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს “Inner Circle” გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “ყველაზე გამორჩეული შოუ რეგი-ბენდი”.
გალა კონცერტების შოუ პროგრამის რეჟისორია ლაშა ონიანი, რომლის პორტფოლიოშიც ევროჩემპიონატების გახსნის და დახურვის ცერემონიალები შედის.
1 იანვარს მსოფლიო ვარსკვლავ ლუ ბეგასთან ერთად ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე იმღერებენ.
რეპეტიციები დღეს 17:00 საათზე ერას მოედანზე დაიწყება, ხვალ 13:00 საათზე სასტუმრო ჰილტონში უცხოელი შემსრულებლები ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ.
31 დეკემბერს და 1 იანვარს ერას მოედანზე გრანდიოზული საახალწო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება “ტელეარხი 25-ის” მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია მერკვილაძის იძულებით შვებულებაში გაშვების ფაქტს. მაია მერკვილაძე და არხის ჟურნალისტების ერთი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ამ დრომდე ვერ მიიღეს მფლობელებისგან დასაბუთებული პასუხი, რის გამო გაუშვეს იძულებით შვებულებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს მიადევნებს “ტელეარხი 25-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, არ შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა და შენარჩუნებული იყოს მთავარი ღირებულება – სარედაქციო დამოუკიდებლობა“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი. უმაღლეს საბჭოში სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა რომ „ამ წუთებში დეპუტატები კონსულტაციებს გადიან“.
რიგგარეშე სესიაზე აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც წინა სესიაზე ვერ დამტკიცდა. უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.
2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობას პირველი მოსმენის შემდეგ 85 შენიშვნით უკან დაუბრუნდა. მთავრობამ გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა და 21 მილიონი ლარით გაზრდილი კანონპროექტი საბჭოს ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შედეგების მიხედვით 2015 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, პერსპექტიული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელები, საუკეთესო ფედერაციები, ვეტერანი სპორტის მუშაკები და წლის სპორტული ჟურნალისტები დაასახელა. დეპარტამენტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, 28 დეკემბერს გაიმართა.
დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ნომინაციებით აჭარაში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის პირველ ადგილზე მოხვდა ძალოსანი, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე. გასულ წელს ეს პოზიცია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს შმაგი ბოლქვაძეს ერგო. 2015 წლის საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე ლაშა გობაძე, ხოლო მესამეზე – მოჭადრაკენინო ბაციაშვილი გავიდნენ.
აჭარაში წლის საუკეთესო სპორტსმენებად, ასევე დასახელდნენ:
სალომე მელია – ჭადრაკი, მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში
ხათუნა ნარიმანიძე – მშვილდოსნობა, საქართველოს ჩემპიონი, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი
იულია ლობჟანიძე – მშვილდოსნობა, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, ევროპის თამაშების „ბაქო-2015“-ის მესამე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი
ამირან პაპინაშვილი – ძიუდო, ევროპის თამაშების „ბაქო-2015“-ის მესამე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, საქართველოს ჩემპიონი.
ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ყოველდღიურად ასეულობით მძღოლი ჯარიმდება, თუმცა გადატვირთული მოძრაობის, ქუჩების სივიწროვის თუ პარკინგის ნიშნებთან თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო – დაჯარიმებების მაჩვენებელი არ მცირდება. ცალკე პრობლემაა უნებართვო ავტობაზრობები, რომლებიც აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე) და გორგილაძის ქუჩის ბოლოშია განთავსებული.
აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტობაზრობის გამო, ტროტუარზე მოძრაობა უჭირთ – “ადრე იყო აქ ავტობაზრობა, ახლა მაღაზია ააშენეს, მაგრამ შაბათ-კვირას მანქანების ტროტუარზე შეყენებისა და ბაზრობის გამართვის “ტრადიცია” მაინც შემორჩა. საშინელება ხდება ყოველ შაბათ-კვირას და არამარტო. ტროტუარზე ბავშვით და ეტლით ვერ გაივლი”, – ამბობს აღმაშენებლის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, პარკირების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ნუკრი ცინცაძე ამბობს, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე ნამდვილად არის სპეციალურად ავტომანქანების ბაზრობისთვის გამოყოფილი შემოსაზღვრული ადგილი, სადაც მანქანის გასაჩერებლად გარკვეული მოსაკრებელიც არის დაწესებული. ის ვარაუდობს, რომ ზოგიერთი მძღოლი ამ გადასახადისგან თავის აცილების მიზნით, მანქანას ბაზრობის მიმდებარედ, შემოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ აჩერებს – ხშირად პარკირების წესების დარღვევით.
ნუკრი ცინცაძის თქმით, მათი სამსახური თითქმის ყოველ დღე აჯარიმებს ამ მანქანების მეპატრონეებს, “თითოეულ ასე დაყენებულ მანქანას, სავარაუდოდ ბევრი საჯარიმო ქვითარი აქვს, ამ ადგილიდან ბევრიც გადაგვიყვანია ევაკუაციით. გარდა ამისა, იმავე ტერიტორიაზე (კორპუსების მიმდებარედ) ფართის სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო მოსახლეობაც აჩერებს ავტომობილებს. ხშირად ვტომობილი ქობულეთის, ხელვაჩაურის თუ ქედის მცხოვრებს ჩამოყავს ამ ტერიტორიაზე, აჩერებს, აწერს ნომერს და ტოვებს, შემდეგ კი ჩამოდის და ნახულობს, რომ მას ჯარიმები აქვს დაგროვებული. არ ვიცი უღირთ თუ არა ამ ჯარიმების ფასად მანქანის გაჩერება, მაგრამ ასე ხდება. ერთ მანქანაზე 10 ჯარიმა დაახლოებით 80-85 ლარია” – ამბობს ის.
ფოტოები გადაღებულია კვირას, 28 დეკემბერს. მოგვაწოდა აღმაშენებლის ქუჩის მკვიდრმა.
29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. ამას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად აფასებს.
მაია მერკვილაძე
„ტელევიზიის დირექტორმა გია სურმანიძემ და მფლობელმა ჯემალ ვერძაძემ გადაწყვიტეს, რომ ორი თვით უნდა დამესვენა და ფასიანი შვებულება შემომთავაზეს. მოვითხოვე განმარტება და ვთქვი, რომ არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე. თუმცა, ალტერნატიული აზრის განხილვის საშუალება არ მომცეს“, – ამბობს მაია მერკვილაძე.
იგი ტელევიზიის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტს უკავშირებს, როცა „ტელეარხი 25“-ის ეთერში გავიდა ტელევიზიის თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ მომზადებული მასალა, რომელიც შსს-მ გაავრცელა.
„ეს ადამიანი გაღიზიანდა ამის გამო, მომაყენა შეურაცხყოფა და ინცინდენტი ხელმძღვანელობამ ვერ აღკვეთა. 5-საათიანი გამოშვება ჩაიშალა, მეორე დღეს კი ჩატარდა კრება, სადაც მაცნობეს, რომ უნდა დამესვენა ორი თვით. ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას მფლობელის მხრიდან განივიხილავ, როგორც გავლენის მოპოვების მცდელობას ჩვენს მუშაობაზე. ამ საკითხზე რეაგირების სხვა გზაც არსებობდა, თუნდაც გაფრთხილება, ხელფასის დაქვითვა… ამ ადამიანმა [ჯემალ ვერძაძემ] გამოიყენა „დასჯის“ ის ფორმა, რომელსაც არც საერთაშორისო და არც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს – ორთვიანი ფასიანი შვებულება, თან ვერ დაასაბუთა, რა მიზეზით გადაწყვიტა ასეთი რამ. ვფიქრობ, მას გაუჩნდა შანსი თავისი ძალაუფლებისა და გავლენის დემონტრირება მოეხდინა და ეს ძალიან უხეშად გააკეთა. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის“, – ამბობს მაია მერკვილაძე. იგი, ისევე როგორც „ტელეარხი 25“-ის თანამშრომლების ნაწილი, სამომავლოდ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენის შესაძლო საფრთხესაც ხედავს.
მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექციისგან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რის საფუძველზე აიძულებენ ორთვიან შვებულებაში წასვლას, თუმცა დირექციისგან პასუხის ჯერ არ მიუღია.
მაია მერკვილაძე 8 წელია „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსია.
„ტელეარხ 25“-ს ამჟამად ორი მფლობელი ჰყავს, ჯემალ ვერძაძე წილის 51 პროცენტს, გიორგი სურმანიძე კი – 49 პროცენტს ფლობს.
29 დეკემბერს, საზოგადოების ნაწილი ძველი ბულვარის იერ-სახის დასაცავად ისევ გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ შეაჩერონ ბულვარში დაწყებული ცვლილებები და ბულვარს ისტორიული სახე შეუნარჩუნონ.
აქციის დასაწყისში მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა არჩილ ხაბაძის, დავით ბალაძის, ავთანდილ ბერიძის, დავით ბაციკაძის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის ფოტოები მოიტანეს და ბულვარის გადათხრილ ნაწილში ჩაარჭეს.
„ჩვენ არ მოგცემთ ამ პროცესის პოლიტიზირების უფლებას, ეს არის საზოგადოების პროტესტი და პოლიტიკურ ძალებს აქ არაფერი ესაქმებათ“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
„ეს აქცია არის აპოლიტიკური და ასეთი რამ აქ აღარ დავინახოთ, მოკიდეთ ხელი მაგ სურათებს და გაბრძანდით აქედან“- უთხრეს აქციაზე პლაკატების ავტორებს.
აქციის მონაწილეებმა ნიჩბებით ბულვარის სავალ ნაწილზე დაყრილი მიწა და ქვის ფილები სიმბოლურად აყარეს.
„ჩვენ სიმბოლურად ვიღებთ ამ მიწას აქედან, იმიტომ რომ მოუსმინოს ხალხს ჩვენმა ხელმძღვანელობამ და გააკეთოს ის რასაც ვთხოვთ, დაგვიტოვონ ბულვარი თავდაპირველი სახით. კარგია, რომ აკეთებენ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და კანალიზაციას, მაგრამ ძველი იერს-სახე ბულვარს არ შეუცვალონ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აკაკი ძნელაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, მან საზოგადოების ერთი ჯგუფი აჭარის მთავრობას შეახვედრა:
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს მე შევახვედრე რაულ ფატლაძე, ირაკლი შანავა, ლევან წულუკიძე, ბაჩუკი ჩხეიძე. მე და მირანდა ჩარკვიანიც ვიყავით შეხვედრაზე.შეიქმნება კომისია სადაც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები და გააკონტროლებენ ბულვარის კონცეფციას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ძნელაძე.
აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ სამომავლოდ ის ბულვარის კონსერვაციის მომხრეა, თუმცა განვითარება უნდა მოხდეს.
„კონცეფცია მიიღება ისეთი როგორიც აწყობს ბულვარს, აწყობს ბათუმელებს და იმ ადამიანებსაც ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს ცვლილების გამო. კონცეფცია შემუშავდება, მთავარია მივიღოთ ბულვარის „კონსტიტუცია“ და აქედან გამომდინარე მოხდეს ბულვარის განვითარება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით“ – ამბობს ის.
„არანაირ დათმობაზე ჩვენ არ წავალთ, ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას. ერთადერთი, კომისიაც რომ შეიქმნას იქ ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს და პრივილეგია უნდა ჰქონდეს ჩვენს ხმას და არა ხელისუფლების ხმას“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, დავით თოფურიძემ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელება, სანამ ხელისუფლება საზოგადოების აზრს არ გაითვალისწინებს.
ძველი ბულვარის თემას ბათუმში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეხმაურება, შეიქმნა რამდენიმე გვერდი, ასევე, საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, ავრცელებს პეტიციას, რომლის ხელმომწერებიც მოთხოვნებს ხუთ პუნქტად აყალიბებენ, მათგან უმთავრესი მოთხოვნაა მთავრობამ ძველი ბულვარის იერსახე შეინარჩუნოს და წარმოდგენილი კონცეფცია ქალაქის სხვა ადგილას, ახალ ბულვარში განახორციელოს. პეტიციას ერთი დღის მანძილზე 1600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლების პროგრამაში რამ განაპირობა ის გარემოება, რომ 2016 წ.-ს პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია, 2017 წ.-ს – 30 000 ლარი, 2018 წ.-ს – 90000 ლარი, ხოლო 2019 წ.-ს – 60 000 ლარი. საინტერესოა მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა რატომ იწყება მხოლოდ 2018 წ.-ს. ამასთან მიგვაჩნია, რომ პროგრამის განხორიელებისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა მიზანშეწონილი არ არის და ამ ღონისძიებების განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკუთარი რესურსებითა და სპეციალისტებითაც შეუძლია.
აჭარის მთავრობა: პროგრამის „ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება“ მიზანს წარმოადგენს ტყის რესურსებით სარგებლობისა და სატყეო სექტორის მართვის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ასევე სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს 2 ქვეპროგრამას:
მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის „მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება“ განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავება. დღეისათვის მიმდინარეობს დონორი ორგანიზაციის მოძიება, რომელიც სრულად დააფინანსებს აღნიშნული გეგმის შედგენას. ყოველივე ამის შემდეგ, 2018 წლიდან დაიწყება ქვეპროგრამის განხორციელება. რაც შეეხება მეორე ქვეპროგრამას „სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა“, მისი განხორციელება დაიწყება 2016 წელს და ის ითვალისწინებს სატყეო სექტორთან დაკავშირებით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზებას, სააგენტოს მიერ წარმართულ ტყის მოვლა-პატრონობის აქციებსა და ინიციატივებში სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვას. სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას ტყის მართვაში, გაეცნობიან ველურ ბუნებას, მოხდება მათი საველე პირობებში გაყვანა. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად იქნება ჩართული სამმართველოსა და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს თანამშრომლები, თუმცა მხოლოდ საკუთარი პერსონალით მათი განხორციელება შეუძლებელია. პროგრამის ბიუჯეტი (15 000 ლარი) დათვლილია მინიმალურად და ის ითვალისწინებს მხოლოდ იმ მომსახურების შესყიდვას, რაც აუცილებელია პროგრამის განსახორციელებლად.
ენმ: დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ერთ-ერთი ღონისძიება არის ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება (90.0 ათასი ლარი). რეგიონში უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც მცენარეთა დაავადებებს იკვლევს. ამდენად, მსგავსი პროფილის ახალი ორგანიზაციის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება კვლევებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა.
მთავრობა: პროგრამა „ტყის დაცვა და მოვლა“ მოიცავს ქვეპროგრამას „დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება. აღნიშნული ღონისძიების ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის ტყეს წლების განმავლობაში აზიანებს სხვადასხვა მავნებლები. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ში შეიქმნა ტყის დაავადებებთან ბრძოლის სამსახური, ქედის სატყეო ადმინისტრაციის შენობაში მოეწყო სპეციალური ლაბორატორია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს აჭარის ტყის დაავადებების შესწავლა, მათთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ლაბორატორიაში უკვე გამოიყვანეს და ბუნებრივ გარემოში გაუშვეს ნაძვის დიდი ლაფანჭამიას (Ddendroctonus micans) ბიოლოგიური მტერი – რიზოფაგუსი (Rhizophagus grandis Gyll). მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების წინააღმდეგ გამოყვანილია სასარგებლო მწერი – ფორმიკარიუსი (Thanasimus formicarius), რომლებიც ასევე ჩასახლებული იქნა ნაძვნარ-სოჭნარ კორომებში. ამავე ლაბორატორიაში განხორციელდა ამერიკული თეთრი პეპელას (Hyphantria cunea) ბიოლოგიური მტერის – კალოსომას (Calosoma sycophanta) გამოყვანაც. ცაცხვის, ნეკერჩხლის და თელას დაავადებულ ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დაავადებები: ცაცხვის მუქი-რუხი სილაქავე – ცერკოსპორიოზი. მისი გამომწვევია სოკო (cercospora microsora). აღნიშნული პათოგენი აზიანებს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფსაც. ნეკერჩხალზე დაფიქსირდა სოკოვანი დაავადება – შავი სილაქავე. ფოთლებზე შეინიშნება მრავალრიცხოვანი შავი ლაქები. ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა თელაზეც. დაფიქსირდა დაავადება – გრაფიოზი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ნათელია, რომ ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობას, მის ტექნიკური ბაზით აღჭურვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის დაავადებების წინააღმდეგ უფრო მეტი ღონისძიებების დაგეგმვისათვის და განხორციელებისათვის. ლაბორატორიის მუშაობა მიმდინარეობს ძალიან ვიწრო და სპეციფიკური მიმართულებით და ის არანაირად არ მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“-ს საქმიანობის სფეროს. ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ლაბორატორიის აღჭურვაზე, კერძოდ, საველე ლაბორატორიისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სურვილი (ღირებულებით 90-100 ათასი ლარი) გამოთქვა დონორმა ორგანიზაციამ.
ენმ: პროგრამა მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება ვფიქრობთ, რომ საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარებულია.
მთავრობა: პროგრამის „მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება“, რომელიც ითვალისწინებს მოდელების შესწავლა-ანალიზს, მათ შორის სატყეო მეურნეობის ბიზნეს მოდელის ალტერნატივების კვლევას და ტყეში არსებული მერქნული და არამერქნული რესურსების მარკეტინგული ანალიზს, მისი დაფინანსებისათვის მოძიებული იქნა დონორი ორგანიზაცია, რომელიც სრულად დააფინანსებს ზემოთ აღნიშნულ კვლევებს. შესაბამისად აღნიშნული პროგრამა იქნა ამოღებული სამმართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიდან.
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების წილია (33,5%), რაც საკმაოდ სოლიდურია.
აჭარის მთავრობა: 2014 წლის მე-4 კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი განყოფილებებით სულ 27 საშტატო ერთეულით. აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნა შრომის ანაზღაურების მუხლში შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნება როგორც 2014 წლის მე-4 კვარტალში, ასევე 2015 და შემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის.
ენმ: საინტერესოა სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა და აღარ ფინანსდება 2015 წლის ბიუჯეტში გაწერილი გრძელვადიანი (4 წლიანი) პროგრამები. კერძოდ:
სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი განვითარების ხელმწყობი ღონისძიებების განხორციელება; (ფინანსდებოდა 2014 წელს)
ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;
მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა. (ფინანსდებოდა 2014 წელს).
ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ სამინისტრო პრიორიტეტების განსაზღვრისას არ ახორციელებს ანალიზს და სათანადო კვლევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 4 წლიანი პროგრამები შეუძლებელია ყოველგვარი დასაბუთების და განმარტებების გარეშე შეჩერდეს.
აჭარის მთავრობა: სამინისტროს 2016 წელს დაგეგმილია აქვს, „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელება. კერძოდ, დაიხვეწა სათბურის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები, სულ ქვეპროგრამის ფარგლებში შემოტანილი იქნება84 ერთეული 50 კვ.მ-იანი და 15 ერთეული 104 კვ.მ -იანი სათბური, სულ 99 ცალი კონსტრუქცია, რომელიც თანადაფინანსების (ღირებულების 30% გადაიხდის ფერმერი და აგრომეწარმე) გადახდის შემდეგ გადაეცემათ რეგიონის ფერმერებს და აგრფომეწარმეებს. ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ამასთან, გასულ წლებისაგან განსხვავებით ფერმერებზე 104 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციების გადაცემა სიახლეს წარმოადგენს, რადგან აქამდე ქვეპროგრამით გათვალისწინებული იყო მხოლოდ 50 კვ. მ – იანი სასათბურე კონსტრუქციები.
სამინისტროს პროგრამების განხორციელების პროცესში ბენეფიციართა შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება რეგიონში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რაც თავის მხრივ მოიცავს კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას.
ასევე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციებიც თავიანთი პროგრამებით/გრანტებით ორიენტირებული არიან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობაზე.
მიმდინარე წელს სამინისტრომ ფერმერთა განცხადებების საფუძველზე ქვეპროგრამების სახით განახორციელა 70 ერთეული მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი წისქვილის მობილური დანადგარისა და 125 ერთეული უკრაინული წარმოების ხილისა და ბოსნეულის ელექტროენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარის შესყიდვა და თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გადაცემა. წისქვილი გამოიყენება მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა), ძირხვენა კულტურებისა და ჩალის ღეროების დასაქუცმაცებლად, რომლისგანაც მზადდება შინაური ფრინველისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვები. საშრობი დანადგარით შესაძლებელია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის, მწვანილის, სოკოს, თევზის შრობის პროცესების ჩატარება. შესაბამისად ფერმერები შეისწავლიან სხვადასხვა ნედლეულის შრობის ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად განახორციელებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებასა და ნაწოლობრივ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას.
ვინაიდან სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს, 2016 წელს სამინისტრო ორიენტირებულია სხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგცვაზეც. მაგალითად, რეგიონის მეთხილე ფერმერებს ვთავაზობთ სიახლეს, კერძოდ, თხილის ამკრეფი და თხილის გასარჩევი დანადგარებით უზრუნველსაყოფის მიმართულებით.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიმეცხოველეობა სოფლის მეურნეობის წარმოების ერთ – ერთ ძირითად დარგად ითვლება, ხოლო მერძეული მეცხოველეობის დარგი უმნიშვნელოვანი მიმართულებაა, ის ემსახურება ისეთი ფასეული პროდუქტების წყაროს,როგორიცაა რძე და რძის პროდუქტები. მიმდინარე წელს ჯიშგანახლების მიზნით ქვეპროგრამის „მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემოყვანილია 75 სული მაღალპროდუქტიული „ჯერსის“ ჯიშის მაკე (არანაკლებ 5 თვე) პირუტყვი.
სამინისტროს სტრატეგიულ გეგმით გათვალისწინებულია შემდგომ 2017-2019 წლებშიც რეგიონში ჯიშგანახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მეშვეობით და „ENPARD აჭარის“ პროგრამის ფარგლებში.
„ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში 2015 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მოეწყო 4 ცალი 200 კვ.მ მარწყვის კულტურის წარმოებაზე ორიენტირებული მცირე 200 კვ.მ-იანი სათბურები სამაცივრე მეურნეობებით, აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია მარწყვის წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა და ამ მიმართულებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცნობიერების ამაღლება და დარგის განვითარებისათვის ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.
ამასთან, ა(ა)იპ აგროსერვს ცენტრის სადემონსტრაციო სათბურში თითქმის ანალოგიური ტექნოლოგიებით მიმდინარეობს მარწყვის სადემონსტრაციოდ მოვლა-მოყვანა. შესაბამისად რეგიონის ფერმერები და აგრომეწარმეები, რომლებიც დაინტერესებული არიან მარწყვის კულტურის სასათბურე პირობებში წარმოებით შეუძლიათ მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია (რაც ხორციელდება აგროტურების მეშვეობით). გარდა ამისა ქვეპროგრამის „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლბში ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ თანადაფინანსებით როგორც 50 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციებით, ასევე 104 კვ.მ-იანი სათბურებით რომლის განხორციელებაც გათვალისწინებულია სამინისტროს 2016 წლის პროგრამებში და მიღებულ სათბურებში დანერგონ მარწყვის წარმოება.
მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013-2015 წლებში მეფუტკრეებსა და მეფუტკრეობის დარგის კოოპერატივებს თანადაფინანსების პრინციპით გადასცა 1924 ცალი პოლისტიროლის მასალისაგან დამზადებული ფინური წარმოების ორსართულიანი დადანბლატის სისტემის სკები. მიგვაჩნია, რომ განხორცხიელებული პროგრამამ ფერმერებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეს და აღნიშნული სკების უპირატესობებს.
სამომავლოდ სამინისტრო ორიენტირებულია მეფუტკრეობის დარგში სხვა ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე და მათ შორის თანამედროვე ტიპის თაფლის საწური აპარატების შემოტანაზე რაც გათვალისწინებულია 2016 წლისათვის. კერძოდ შემოტანილი იქნება 120 ერთეული მექანიკური თაფლის საწური აპარატი.
ენმ: სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამაში აუცილებლად მიგვაჩნია მკაცრად განისაზღვროს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რათა მისგან არ მივიღოთ საკუთარი ახლობლების ხელშეწყობის ახალი ინსტრუმენტი. პროგრამებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსგავსად სხვა პროგრამებისა ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის კრიტერიუმები და ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა სპეციალურ კომისიას ეკისრება, რაც ჩვენი აზრით, ასევე არ გამორიცხავს ნეპოტიზმის საფრთხეებს.
მთავრობა: 2014 წელს დაიგეგმა ქვეპროგრამა „ფერმერთა ნაკვეთებზე ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის ღონისძიებების გამოყენება” რომლის ფარგლებშიც შემოტანილი და გადაცემულია 8000 ტონა დეფეკაციური ტალახი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მელიორანტია მჟავე და ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის. დეფეკატის შეტანის შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შავიზღვისპირა სუბტროპიკული ზონაში და ნაწილობრივ კონტინენტალური ზონის ნიადაგებში, სულ – დაახლოებით 800 ჰა-ზე მოხერხდა ნიადაგის მჟავე არის რეაქციის განეიტრალება, გაზრდილია ნიადაგის ნაყოფიერება და გაუმჯობესებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის შესაძლებლობები, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით სამინისტროს ქვეპროგრამის „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში“ ფარგლებშისამომავლოდ შემოტანილი იქნება 462.5 ტონა ქარხნული წესით დამზადებული ბიოსასუქი და გადაეცემა ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს და აგრომეწარმეებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას და მის გაუმჯობესებას.
გაცნობებთ, რომ სამინისტროს განაწილების კომისებში, აქტიურად ჩართულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქ. ბათუმისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და მათ შორის უმაღლესი საბჭოდან, ასევე სამინისტრო მზად არის განაწილების კომისებში ითანამშრომლოს ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამდენად, სამინისტროს ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების განსაზღვრას არ ახორციელებს ერთპიროვნულად, იგი წარმომადგენლობითობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების საფუძველზე დგინდება.
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების[სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 3 000.0 ათასი ლარია. პროგრამაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომრეობით, რეგიონში 600-მდე ეკომიგრანტთა ოჯახია აღრიცხული. 4 წლიანი პერსპექტივით, ამავე პროგრამით მხოლოდ 460 ოჯახის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მათი პრობლემების სრულად გადაჭრა ამ ღონისძიებით შესაძლებელი არ არის. ვფიქრობთ, რომ ერთი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა – მაქსიმუმ 25 000 ლარი არ არის საკმარისი მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამავე დროს, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამა სახელწოდებით: იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა, რომლის ერთ-ერთი მიზანია: ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება და ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ინტეგრაცია-ადაპტაციის ხელშეწყობა. საინტერესო იქნება აჭარის არ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებების მოსმენა ამ პროგრამების თავსებადობის და გადაფარვის ალბათობის შესახებ. პროგრამა საჭიროებს ღრმა ანალიზს და კვლევებს, არა მარტო ეკომიგრანტთა ოჯახების და მათი სოციალური პრობლემების, არამედი უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებითაც. ასევე პროგრამიდან არ ჩანს და გაურკვეველია, თუ პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირების შემთხვევაში რა ბედი ეწევა ამ ეკომიგრანტის საკუთრებაში, ან კანონზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს.
აჭარის მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში უკანასკნელი 3 წლის განმავლოვაში არსებული მონაცემებით საშუალოდ 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახს ესაჭიროება უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა. ამ პრობლების ეტაპობრივად მოგვარების მიზნით, სამინისტროს მიერ მომზადდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, წელიწადში 115-მდე ეკომიგრანტი ოჯახის ადგილმონაცვლეობა იქნება შესაძლებელი (4 წლის განმავლობაში 460-მდე). მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც არანაკლებ ეფექტურობით წყვეტს ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში ინტეგრირებას, კერძოდ:
ა) 2013-2015 წლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 202 ოჯახი, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ აჭარაში 2016 წელს, დასრულდება 180 ბინიანი 3 სოციალური კორპუსის მშენებლობა, რომელიც ეკომიგრანტთათვის არის გათვალისწინებული (72 ბინიანი – ხულოს მუნიციპალიტეტში; 50 ბინიანი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში; 58 ბინიანი – ქ. ბათუმში).
ბ) ბუნებრივი კატასტროფების რისკის საწინააღმდეგო, ეფექტური პრევენციული ზომების გატარების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებმა 2015 წ. განახორციელა ფერდსამაგრი კედლების პროგრამა, რომლითაც ათობით ოჯახს მიმდინარე ეტაპზე მოუხსნა ეკოლოგიური პროცესების გამო მოსალოდნელი მიგრაციის საჭიროება (ქობულეთის მუნიციპალიტეტში-36 ოჯახს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 121; ქედის მუნიციპალიტეტში- 24; ), ამ მიზნით პროგრამების განხორციელებას 2016 წლისათვის გეგმავს ხუთივე მუნიციპალიტეტი;
გ) სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით, აჭარის მთავრობამ 2013 წლიდან შეიმუშავა ნორმატიული აქტები (აჭარის არ მთავრობის 2013 წლის 12 სექტემბრის N-20 დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის“ თაობაზე; აჭარის არ მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N-5 დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის“ თაობაზე), რომლითაც შესაძლებელი გახდა დაზარალებული ოჯახების მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთაც გააჩნდათ გეოლოგიურად მდგრადი მიწის ნაკვეთები ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით აჭარის არ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეძლევათ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/აღდგენის მიზნით. 2013-2015 წლეებში, აღნიშნული ფორმით დაახლოებით 58 ეკომიგრანტი ოჯახის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. აღნიშნული მიდგომა განხორციელდება მომავალშიც.
დ) ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია“ რეკომენდაციას უწევს მუნიციპალიტეტებს მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე თავისუფალი მიწის ფართების ეკომიგრანტთა ოჯახების საკუთრებაში გადაცემის მიზნით. მაგრამ იმის გამო, რომ აჭარას ძალიან მწირი მიწის ფონდი გააჩნია ამ ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან ცოტაა.
ე) 2013-2015 წწ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონიდან წასულ 570 -მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონა საცხოვრებელი სახლები. ხოლო 18 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა საცხოვრებელი ფართი საქართველოს სხ/სხ რეგიონში ( 2013 წ – 12 ოჯახი; 2014 წ – 4 ოჯახი; 2015 წ- 2 ოჯახი). აღნიშნული პროგრამით აჭარის ეკომიგრანტები მომდევნო წლებშიც ისარგებლებენ.
ზემოჩამოთვლილი კომპლექსური ღონისძიებების საბოლოო მიზანია, ეტაპობრივად განხორციელდეს ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში ადგილმონაცვლეობის პროცესი, პრობლემის სრული და ერთიანი გადაწყვეტა შეუძლებელია, ვინაიდან ბუნებრივი პროცესები მუდმივ დინამიკაშია და ნაკლებად პროგნოზირებადია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სამსახურების დაკვირვებით, აღნიშნული მონაცემები მზარდია და სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება მიმდინარე ანთროპოგენური/ტექნიკური სამუშაოების გამო. ბუნებრივი კატაკლიზმების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მოსალოდნელი რისკების პრევენცია ან შემსუბუქება, აღნიშნულზე სამინისტროს გააჩნია თავისი ხედვა, რომელიც განხილვისათვის წარმოდგენილი იქნა აჭარის არ უმაღლეს საბჭოში.
,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის პროექტში აღნიშნულია, რომ – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის გამყიდველს, ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის უძრავი ქონების ღირებულებას არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა. თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით ფარავს დარჩენილი სხვაობას“.
საცხოვრებელი სახლების საბაზრო ღირებულების გამოვლენის მიზნით, სამინისტროს შეეძლო დაეკვეთა კვლევა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურეობა დაახლოებით 30 000 ლარამდე ღირს. თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობა არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) სამინისტროს მოსაზრება საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრისას დაფუძვნებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის ანალიზზე. კერძოდ, აღნიშნული სამინისტრო გასულ წლებში თავად ახორციელებდა საცხოვრებელი სახლების შესყიდვას და 1 სახლის საშუალო ღირებულება საქართველოს სხ/სხ რეგონში დაახლოებით 7 000 – 11 000 აშშ დოლარის ფარგლებში ჯდებოდა. აქედან გამომდინარე, მითითებულმა სამინისტრომ, 2013 წელს ეკომიგრანტთათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამის განხორციელებისას 1 საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ზედა ზღვრად დაადგინა 20 000 ლარი (2013 წელს, ლიმიტის მითითების დროს გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასა და აშშ დოლარს შორის იყო 1,76 ლარი, შესაბამისად 20 000 ლარი იყო 11364 აშშ დოლარი) მაგრამ, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გეგმავს, საცხოვრებელი სახლების შესყიდვისათვის გამოსაყოფი თანხის ზედა ზღვარის მომატებას 25 000 ლარამდე.
ბ) საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრისას, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაკარნახებია იმ მოსაზრებითაც, რომ განსხვავებული თანხებით დახმარების შემთხვევაში, ბენეფიციარნი დაინტერესებულნი იქნებიან მხოლოდ იმ სამინისტროს პროგრამით ისარგებლონ, რომლითაც მეტი ანაზღაურება იქნებოდა განსაზღვრული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამას, რომლის ფარგლებში ბენეფიციარი ოჯახებისათვის სახლის შესყიდვისათვის სამინისტრო გამოყოფს განსაზღვრულ თანხას. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ აჭარის რეგიონში მცხოვრები ეკომიგრანტებიც, მაგრამ შესასყიდი სახლების რაოდენობა განსაზღვრულია (2015 წელს – 90 სახლი; 2016 წელსაც დაგეგმილია 90 სახლი), ისე როგორც ჩვენი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში. საქართველოს მაშტაბით დარეგისტრირებულია სულ 2 779 საცხოვრებელი სახლის მაძიებელი ეკომიგრანტი. 2013-2015 წლეებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული პროგრამით აჭარის რეგიონიდან მხოლოდ 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შეძლო საცხოვრებელი ფართის შესყიდვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დამდგარი შედეგი განპირობებულია ბენეფიციართა სიმრავლით, რომელთა დაკმაყოფილება ხდება პრიორიტეტულობის ქულით (ოჯახის სოციალური მდგომარეობის სიმძიმე) დადგენილი რიგითობის შესაბამისად. ამდენად, აჭარაში იდენტური პროგრამის განხორციელების მიზანი იქნება არა იდენტური პროგრამის გადაფარვა, არამედ, საფრთხილ ქვეშ მყოფი მოქალაქეების სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო გარემოში მათი ინტეგრირების პროცესის დაჩქარება. საბოლოო შედეგი კი აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება ერთიანი ძალებით.
ორი იდენტური/მსგავსი პროგრამის თავსებადობის საკითხი გადაწყვეტადია იმდენად, რამდენადაც 2016 წლიდან ამოქმედდება ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებადი ერთიანი ელექტრონული ბაზა (ბაზაზე მუშაობისა და წვდომის დელეგირება ექნება ჩვენი სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტსაც), პროგრამაში ჩაერთვება აღნიშნულ ბაზაში დარეგისტრირებული ბენეფიციარები, დადგენილი ნორმატიული აქტის ფარგლებში.
აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ეკომიგრანტის საკუთრებაში დარჩენილი ყოფილი საცხოვრებელი სახლისა და ბუნებრივი/ ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების საფრთხის შემცველი ტერიტორიების უფლებრივი მდგომარეობა. ფაქტი ნათელია, ეკომიგრანტები ყოფილი საცხოვრებლების მესაკუთრეები არიან, მაგრამ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაუწყვეტლობა დიდი რისკების წინაშე დააყენებს არა მარტო ეკომიგრანტებს არამედ სახელმწიფოსაც. კერძოდ: აჭარის რეგიონში არსებული მდგომარეობის ანალიზით იკვეთება, რომ მიგრირებული ოჯახების საკუთრებაში/მფლობალობაში რჩება დამეწყრილი მიწის ფართობები, რომელთა გაჯანსაღებაზე ვერ ზრუნავს მესაკუთრე/მფლობელი და ვერც სახელმწიფო უწყებები ატარებენ შესაბამისს სამუშაობებს ტერიტორიების გაჯანსაღების მიზნით. ფიქსირდება შემთხვევები, როცა სახელმწიფოსგან უსაფრხთო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ოჯახი, სხვადასხვა მიზეზის გამო ან უკუმიგრირდება ადრინდელ საფრთხის შემცველ საცხოვრებელ სახლში, რითაც საფრხთეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ან ყიდის გეოლოგიური პროცესების აქტივობის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს და ახლა უკვე ახალ მესაკუთრეს უქმნის საფრთხეს (არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ მისი სახით სახელმწიფოს დამატებითი ბენეფიციარი უჩნდება). უკეთეს შემთხვევაში ის კმაყოფილია სახელმწიფოსგან მიღებული ახალი საცხოვრებელი პირობებით, ამავე დროს რჩება მიტოვებულ ქონების მესაკუთრე და სახელმწიფო ვერ ახერხებს ტერიტორიების რეაბილიტაციის გზით ჯანსაღი მიწის ფონდის შექმნას, რითაც ასე ღარიბია ქვეყანა.
მიუხედავად ამ რისკებისა, აღნიშნული პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი გადაწყვეტა ცენტრალიზებულად და კანონმდებლობის დონეზე უნდა გადაწყდეს. მხოლოდ აჭარაში მიღებული კანონი, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ეკომიგრანტის საკუთრებაში დარჩენილი ნივთობრივად ნაკლის შემცველ ქონებაზე (სტიქიური კატასტროფების ზონაში მოქცეული ტერიტორია) რაიმე შეზღუდვების ან ღონისძიებების გავრცელების მიზნით, განსხვავებულ პირობებში ჩააყენებდა აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან მიმართებაში. თუმცა სამინისტროს რეკომენდაციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეკომიგრანტთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, რეგულარულად ხდება მოქალაქეთა გაფრთხილება ავტონომიური რესპუბლიკის გამოიყენონ მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საფრთხის შემცვლელი) უძრავი ქონება საცხოვრებლად.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა.
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.
რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.
აჭარის მთავრობას [ძირითადად, ფინანსთა და ეკონომიკის სმინისტროს] მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.
ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ოპოზიციური ფრაქციის შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხებს:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: აჭარის ავტონომოიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს საშემოსავლო გადასახადის სახით ჯამში 25 მლნ ლარამდე თანხა გადაეცათ. ამავე დროს, მათ შეუმცირდათ გათანაბრებითი ტრანსფერები. აჭარის არ-ის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი ამ ცვლილებების ხარჯზე საკმაოდ სოლიდური თანხა დააკლდა. ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ დანაკლისის კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მლნ ლარის ოდენობით, რაც პირდაპირ შეიძლება მიიმართოს ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპის განსახორციელებლად.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო [მთავრობა]: გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი მოცულობა 2015 წელთან შედარებით შემცირებულია 4,7 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს 2016 წელს დამატებით გამოეყოფა 20 მილიონი ლარი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2015 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან იზრდება 10 მილიონი ლარით.
ენმ: საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 2016 წ.-ის პროექტში, 2015 წ.-ის გეგმასთან მიმართებით 140 000.0 ათას ლარამდე შემცირდა 147 000.0 ათასი ლარიდან. გასაგებია, რომ ამ გადასახადის ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაუნაწილდათ, თუმცა მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ზრდისა და „საინვესტიციო ბუმის“ ფონზე, პროგნოზი დამაჯერებლად და საიმედოდ მაინც არ გვეჩვენება.
მთავრობა: როგორც თქვენთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადის გადანაწილების ახალი წესის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი გადანაწილებულია რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის, რაც შეადგენს 25 მლნ ლარს, შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი მცირდება, მცდარია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის მოცულობა აჭარაში შეადგენს 165 მლნ ლარს.
ენმ: ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ სოლიდური ნაშთია, რომელიც დეტალურ განმარტებებს საჭიროებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს არასწორი დაგეგმარების ბრალია, მთავრობის უუნარობის, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზებით.
მთავრობა: ფინანსური აქტივებში გათვალისწინებული ნაშთი ძირითადად წარმოადგენს შემოსულობების გადაჭარბებას, ასევე უმნიშვნელო თანხა 6 მლნ ლარამდე წარმოადგენს გარდამავალ პროექტებს.
ენმ: ძალიან ცუდ პრაქტიკად დამკვიდრდა ბოლო წლების განმავლობაში ის, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფლანგის დეპუტატები ჩართულები არ არიან. ასევე, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დაგეგმარებისა და განხილვების პროცესებში არ არიან ჩართულები მაჟორიტარი დეპუტატები.
მთავრობა: საბიუჯეტო პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ გამჭვირვალედ, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის N212 განკარგულებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესით“, რომელშიც გაწერილია ვადები, ხორციელდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მომდევნო წლების ბიუჯეტების საჯარო განხილვები, რომელზედაც დასწრება თავისუფალია. შესაბამისად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საბიუჯეტო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ოპოზიციური ფლანგის დეპუტატთა ჩართულობაზე.
ენმ: გამომდინარე იქედან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობით არ დამტკიცებულა და საკანონმდებლო პროცედურები დაირღვა, მიგვაჩნია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოს დაფინანსებისათვის ნაცვლად 4 957.0 ათასი ლარისა, შენარჩუნებული უნდა იქნას 2015 წ.-ის დამტკიცებული გეგმა – 4867.5 ათასი ლარის ოდენობით.
მთავრობა: 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებისას უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო ასიგნების პროექტი განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადის მიხედვით.
ენმ: ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამის ბიუჯეტი 190.0 ათასი ლარიდან 410.0 ათას ლარამდეა გაზრდილი, რაც საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. პირველ რიგში, აუცილებელია 2015 წ.-ს განხორციელებული პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.
მთავრობა: 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები:
ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოება – 110000 ლარი;
ჯამი – 190000 ლარი. შესაბამისად განხორციელდა:
ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – რომელიც მიმდინარეობს 2015 წლის ბოლომდე.
ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოების ფარგლებში განხორციელდა, აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების კვლევა (ტურისტთა განთავსების ობიექტების საბაზისო კვლევა წარმოადგენს აჭარის ა.რ.-ის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების აღწერას. საბაზისო კვლევის შედეგების მიხედვით მოხდა რეგისტრირებული სექტორის ბაზის ფორმირება ბაზრის მომდევნო კვლევებისათვის (გათვალისწინებულია 2016 წლის პროგრამით), კერძოდ, საბაზისო კვლევის მონაცემების საფუძველზე აეგო ბაზრის სტრატიფიცირებული შერჩევა, განისაზღვრა შერჩევის მოცულობა და სტრატებს შორის შერჩევის მოცულობის გადანაწილება).
2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებები:
ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე) – 115000 ლარი;
აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არარეგისტრირებული და ფიზიკურ პირად რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევა – 75000 ლარი;
აჭარის ა.რ. ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
აჭარის ა.რ. უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 140000 ლარი;
ჯამი – 410000 ლარი.
მიმდინარე წელს (2015წ.) ჩატარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევის საფუძველზე 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიების „ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე)“ ღირებულება შემცირდა 100000 ლარით და დარჩა 15000 ლარი, რაც აისახება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში და შესაბამისად ქვეპროგრამის ბიუჯეტი იქნება 310000 ლარი.
ენმ: ყურადღებას იპყრობს ასევე ის საკითხი, რომ მიუხედავად ბათუმის ბულვარის მესაკუთრისთვის გადაცემის შესახებ თითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა, ბათუმის ბულვარის მართვას (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2016 წლის პროექტის მიხედვით) 2019 წლამდე კვლავაც აჭარის არ-ის მთავრობა გეგმავს (სსიპ ” ბათუმის ბულვარი”. მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხებიც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
მთავრობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მუშაობა ბულვარისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე – ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიებების განხორციელება და ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები.
ენმ: მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. წარმოდგენილ პროექტში მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება.
მთავრობა: „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2014 წლის 20 მაისს, შეიქმნა პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია. კომისიის მიერ მიღებულ იქნა მოქალაქეების განცხადებები და მომზადებულ იქნა 188 ბენეფიციარისაგან (რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი) შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. აღნიშნული რეესტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის 4 ივლისს გადაეგზავნა სს ლიბერთი ბანკს, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის პროგრამის ფარგლებში სს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე (163 ბენეფიციარი) სესხის გაცემა.
„მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 000 000 ლარი. მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი (სს ,,ლიბერთი ბანკის’’ მიერ გაცემული სესხის ოდენობა), ხოლო სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის 1 დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი.
2016 წლის და შემდგომი წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას თანადაფინასნების თანხები შემდეგნაირად: 2016 წელი 672 000 ლარი, 2017 წელი – 640 000 ლარი, 2018 წელი – 553 000 ლარი.
ენმ: თუკი მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ 2019 წლის ჩათვლით დააფინანსოს საგამომცემლო საქმიანობა (კერძოდ: გაზეთები „აჭარა“ და „ადჟარია“), მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შემდგომ განვითარებაზეც და ის თანხა, რაც „მუდმივას“ სახით არის გაწერილი ამ პროგრამისთვის (223 760 ლარი 2016-2019 წ.წ.-ებში) უნდა გაიზარდოს თუნდაც იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს იქ დასაქმებულთა მიზერული შრომის ანაზღაურების ზრდა.
მთავრობა: აღნიშნული კუთხით საბიუჯეტო ასიგნების ზრდა განხორციელდა 2015 წელს. შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ თანამშრომელთა ხელფასების ზრდა შესაძლებელია მოხდეს კომპანიის საკუთარი შემოსავლების მატების ხარჯზე, რაც საწარმოს კოლექტივის შემდგომი მუშაობის მოტივაციის გაძლიერების საფუძველია.
ენმ: პროგრამით ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ გასულ წელს 313 მასწავლებლის გადამზადება დაფინანსდა სხვადასხვა საგნებში. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წ.-ის ჩათვლით სტაბილურად უცვლელია და 1 091.394 ათას ლარს შეადგენს. მიგვჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მთიან რეგიონებს არ ყოფნით კვალიფიციური პედაგოგები, საჭიროა მეტი მასწავლებლის გადამზადება და პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.
მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მოთხოვნილება მასწავლებელთა გადამზადებაზე, ამიტომ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული რესურსი საკამარისია მაქსიმალური რაოდენობის მასწავლებელთა გადამზადებისათვის და მოქალაქეეთა უცხო ენების შესწავლისთვის.
ენმ: უკვე მესამე წელია, მოსახლეობის მომართვების საფუძველზე, ჩვენ მუდმივად მოვითხოვთ ხულოში პანსიონის ამოქმედებას. მიუხედავად მისი საჭიროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული არაერთგზის დაპირებისა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები დღემდე არ გამოინახა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ბიუჯეტში ამ საკითხის გათვალისწინებას.
მთავრობა: ხულოს მუნიციპალიტეტში საპანსიონო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილია სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2016-2017 წწ. 2016 წელს განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი, ხოლო 2017 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და პანსიონის ინვენტარით აღჭურვა.
ენმ: მუზეუმებისა და გალერეების განვითარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე მუზეუმს, მაგრამ სამწუხაროა, რომ კვლავაც ვერ ხერხდება ახალი მუზეუმების გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების საქმეში და გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე გაურკვეველია ცვილის მუზეუმის შემდგომი ფუნქციონირების, შენობისა და ექსპონატების ბედი.
მთავრობა: 2016 წელს დასრულდება ახალი “ბათუმის მუზეუმის” მშენებლობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების 80%-ი შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოები დაგაგემილია 2016 წელს. ხოლო, რაც შეეხება ცვილის მუზეუმს შენობა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებაა. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული დაპირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით.
ენმ: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამაში არ არის გათვალისწინებული სახელოვნებო და სკოლისგარეშე დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ზრდა. ჩვენი აზრით, ამ ადამიანებს ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვს და თუ წინა წელთან შედარებით ვალუტის კურსის ცვლილებას და ლარის მსყიდველობითუნარიანობას გავითვალისწინებთ, მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ვფიქრობთ, რომ დროა სამინისტრომ მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იფიქროს. მოვითხოვთ, რომ სამთავრობო უწყებებში სახელფასო დანამატების შემცირების ხარჯზე მოხდეს მათი შრომის ანაზღაურების ზრდა, მინიმუმ 20%-ით მაინც.
მთავრობა: მიმდინარე ეტაპზე არ იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა.
ენმ: აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამაში სასურველია შევიდეს ცვლილება და დაფინანსდეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზე, ან გამოინახოს სახელმწიფო საკუთრებაში უკვე არსებული შენობა და მოხდეს მისი სათანადო რეაბილიტაცია. ეს პრობლემა უკვე წლების განმავლობაში დგას სტუდენტების და მოწვეული ლექტორ-მასწავლებლების წინაშე და კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმ ფონზე, როდესაც დაიგეგმა უნივერსიტეტის მწვანე კონცხზე არსებული კორპუსის გაყიდვა.
მთავრობა: დღეისათვის არსებული საერთო საცხოვრებლის შენობა მდებარეობს მწვანე კონცხის დასახლებაში, რაც მნიშვნელოვნად დაშორებულია სასწავლო კორპუსებს, გარდა ამისა საცხოვრებლის მიმდებარედ არ არსებობს რაიმე საქალაქო ინფრასტრუქტურა (მარკეტი, საქალაქო ტრანსპორტი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საცხოვრებელ პირობებს. ფართის, ან შენობის გამოყოფის შემთხვევაში უნივერისტეტი 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელებს სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
ენმ: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები აუცილებელია ისე დაიგეგმოს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესმა სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს. მიგვაჩნია, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციას, პროგრამაში გათვალისწინებულის გარდა, საჭიროებს: დანდალოს, ზედა და ქვედა კვირიკეს, დაგვის, კონდიდის, ინწკირვეთის, მაწყვალთის, ცინარეთის, გოგინაურის, შუბნის, დაბა შუახევის საჯარო სკოლები.
მთავრობა: პროგრამაზე ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება” აღნიშნული შენიშვნებიდან 2016 წელს გათვალისწინებულია კვირიკეს N1 (ქვედა) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მაწყვალთის სკოლის მშენებლობისათვის პროექტის და ცინარეთის სკოლის პროექტის შესყიდვა; რაც შეეხება ზედა კვირიკეს, დაგვას, კონდიდს, ინწკირვეთს, გოგინაურისა და შუბანის საჯარო სკოლებს, მათი სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო საკითხები განიხილება სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით;
დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაზე მისაღებია გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის, მის აშენებაზე ან რეაბილიტაციაზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ, რის შემდეგაც განისაზღვრება სამუშაოების ჩატარების თარიღი.
ენმ: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ცხრილებს შორის შეუსაბამობაა. მაგ: მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, 2016 წ.-ს დაგეგმილია 0 ერთეული ტექნიკის შეძენა, ხოლო ფინანსურ გეგმაში გამოყოფილია 1 მლნ ლარი ამავე მიზნისთვის. აქვე, გზების რეაბილიტაციის მუხლში 2017-2019 წ.წ.-ებში სამუშაოების მოცულობა იგივეა, შესაბამისი ფასები კი – გაზრდილი. იმედია, უწყების მესვეურები ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემას არ ვარაუდობენ და პესიმისტური პროგნოზების დეკლარირებას არ ახდენენ ამ განაცხადით.
მთავრობა: შენიშვნა გათვალისწიებულია, გამოსწორებულია ტექნიკური ხარვეზი, დეპარტამენტი გეგმავს 5 ერთეული ტექნიკის შეძენას.
ენმ: ბიუჯეტში ასევე აუცილებელია ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო 7 მლნ ლარის გათვალისწინება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქობულეთის სანაპირო ზოლის და ფიჭვნარის უნიკალური ტყე-პარკის შენარჩუნებისთვის.
მთავრობა: აღნიშნულ ღონისძიებას განახორციელებს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.
ენმ: მესამე წელია დაუსრულებელია გოდერძის სათხილამურო ბაზა.კურორტ ბეშუმში მოუწესრიგებელია შიდა გზები და ინფრასტრუქტურა. ამ სამუშაოებისთვის დამატებითი თანხების მობილიზებაა აუცილებელი.
მთავრობა: სათხილამურო ბაზა ექსპლოატაციაში მიღებულია, რაც შეეხება კურორტ ბეშუმის შიდა გზებსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო თანხა გათვალსიწინებულია ხულოს მუნიციპალიტეტეზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.
ენმ: ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დააფინანსოს მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა. ამისთვის შემუშავებული უნდა იქნას მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე თუნდაც ქედის მიმართულებით დააფინანსებს აღნიშნულ მშენებლობას. ამისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა გახდება საჭირო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ხულოს ტურისტულ ზონამდე გაზსადენის მიყვანა. ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხით ამ დრომდე კომერციულ სექტორს ინტერესი არ გამოუხატავს, ამიტომ დროა ეს ფუნქცია მთავრობამ თავის თავზე აიღოს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მაღალმთიანეთში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, ტყის ჭრის შემცირებას და განსაკუთრებით ეფექტური იქნება მუნიციპალური ცენტრების, დაბების მოსახლეობისათვის, რადგანაც მათ განსაკუთრებით უჭირთ საშეშე მასალის მოძიება.
მთავრობა: არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნეს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები გაზით.
ენმ: ასევე გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსება, რაც რეგიონში მიწის პასპორტიზაციის საფუძველი გახდება.
მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული (აღრიცხულია) საჯარო რეესტრში, რომლის კორექტირების, გაყოფის ან გაერთიანების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს აზომვითი ნახაზების შესყიდვას, შემდგომში მისი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებები შეტანის მიზნით. ასევე, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 14 მარტის N5/5637 წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გამომდინარე აქედან 2007 წლის 24 ოქტომბრის საქართველო მთავრობის N233 დადგენილების საფუძველზე სამინისტრო ახორციელებს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსების განხორციელებას, სამინისტროს მხრიდან ვერ ჩაითვლება მიზნობრივ ხარჯად, ვინაიდან სამინისტროს კომპეტენციაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა, ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საპილოტე პროგრამას 10-მდე სოფელში საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, დაბა შუახევში), რომლის მიზანია უძრავი ქონების ინვენტარიზაცია და მათი საჯარო რეესტრში სამართლებრივი რეგისტრაცია. აღნიშნული საპილოტე პროგრამის დასრულებისა და გაანალიზების შემდეგ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე
ენმ: ყველასათვის ცნობილია ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებული ვითარება და პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპის კომისრის ანგარიშშიც კი მოხვდა მის მიერ ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ. ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იქ დასახლებულ ადამიანთა საცხოვრისითა და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროგრამა. ასევე უნდა გასაჯაროვდეს ამ პრობლემის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გაწეული სამუშაოები.
მთავრობა: აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის კომპეტენციიდან გამომდინარე განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.
ენმ: გამოვთქვამთ წინადადებას, რომ მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ ტრანსფერები სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის კომპენსაციების გაცემის მიზნით (მათ შორის 2012 წ.–ს დაზარალებულთა მიმართ).
მთავრობა: შენიშვნა გათვალისწინებულია, აღნიშნული კუთხით დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.
ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და კულტურული ღირებულებას. ასევე, არ უნდა იწვევდეს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს და არ უნდა აუარესებდეს მის აღქმას.
ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობს სათანადო ფორმით მომზადებული და დასაბუთებული დოკუმენტაცია, თუ რით არის გამოწვეული ის ცვლილებები, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში იგეგმება და რამდენად შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებთან. ამასთან, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უკვე შერჩულია შემსრულებელი კომპანია.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
– ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სახელით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში განადგურებული არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (მათ შორის ბათუმშიც), და ზემოაღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ამ პროცესის გაგრძელება გახდეს ბათუმის ძველი ბულვარი.
– მიგვაჩნია, რომ ბათუმის ძველი ბულვარის სამომავლო განვითარებას კონცეფცია მიმართული უნდა იყოს ბულვარის, როგორც – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისაკენ. ხოლო, ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა შენარჩუნებული იქნეს ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა.
– ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით შემსრულებელი კომპანიის შერჩევა მიუთითებს, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავდაპირველ ეტაპზევე არ უზრუნველყვეს პროცესის მაღალი გამჭვირვალობა. სახელმწიფო შესყიდვის არაკონკურენტული ფორმის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროცესში საერთაშორისო გამოცდილების და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
საია გააგრძელებს ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას – აღნიშნულია საიას განცხადებაში.