შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო


ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 1985 წელს დაბადებული ბესიკ გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ბათუმის „ფერადი უბანი“

საახალწლო პროექტი – „ფერადი უბანი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში იმართება საახალწლო კონცერტები და გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. ბათუმში სულ 13 ადმინისტრაციული უბანი უნდა გაცოცხლდეს და გაფერადდეს. დღეს 12 საათზე მახინჯაურის უბანი გაფერადდება, სამ საათზე თამარის დასახლებაში მორწყობა კონცერტი, შემდეგ კი ბონის კულტურის სახლის ეზოში.

10649949_1086925974691478_8199392978368773481_n

პროექტს „ფერადი უბანი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს.  უბნებში  ორსაათიანი უფასო კონცერტები ჩატარდება, სადაც ბავშვებს გაართობენ ანიმატორები, თოვლის ბაბუა ფიფქიასთან ერთად, მოეწყობა საინტერესო და სახალისო გათამაშებები ბავშვებისთვის.

 

1919133_1086924431358299_8094812376829993690_n

 

გუშინ, 28 დეკემბერს გონიოს ციხის მიმდებარე სკვერში მოეწყო ჯგუფი Asea Sool -ის კონცერტი. გასართობი შოუ-პროგრამა შეასრულა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ. საახალწლო განწყობის შეასაქმნელად პატარებს სახე მოუხატეს და ფერადი ბუშტები დაურიგეს.

934091_1086925214691554_257952960624206160_n

ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

28 დეკემბერს ბათუმის სპორტსკოლაში, სპორტსკოლის დირექტორმა ირმა ნიჟარაძემ და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, თენგიზ მორჩილაძემ 2015 წელს მოპოვებული შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენ ქალად ფრენბურთელი ანა დიასამიძე დასახელდნენ.
სპორტსკოლის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ლევან შავაძე, საუკეთესო გუნდად კი ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები.
ანა დიასამიძე
ანა დიასამიძე
ანა დიასამიძე: „საერთოდ არ ველოდებოდი ამ ჯილდოს, ვაპირებ მეტ ვარჯიშს და მინდა უფრო დიდ წარატებას მივაღწიო. ოთხი წელი ვვარჯიშობ ფრენბურთში, ისე დავიწყე ვარჯიში არც ვაპირებდი გაგრძელებას. ჩვენი გუნდი, 2000-2001 წლიანების გუნდი ორჯერ, [შარშან და წელს] გახდა ჩემპიონი და იმედია კიდევ გავხვდებით“.
ანა დიასამიძეს ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშoს ტიტული აქვს მოპოვებული.
ლაშა გობაძე არის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი „ა“ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული.
ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე: „ამისთვის ვვარჯიშობდი და ეს იყო ჩემი სურვილი, რომ ჩემს რეგიონში, ჩემს საყვარელ აჭარაში მაინც მომეპოვებინა საუკეთესო სპორტსმენის წოდება.
როცა 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე იმედი არ მქონდა რომ მოვიგებდი, რადგან ოპერაცია მქონდა გაკეთებული და არ ვიყავი ფორმაში. რახან ამ მდგომარეობაში შედეგს მივაღწიე, ვირწმუნე საკუთარი თავის – რომ უფრო კარგად თუ ვივარჯიშებდი უფრო კარგ შედეგს მივაღწევდი. ამან დიდი სტიმული მომცა.
ინტენსიურად დავიწყე ვარჯიშები, შემდეგ გავიმარჯვე ირანში, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ საქართველო და დავდექი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც გამოცდილ მწვრთნელებს არ დაუკლიათ ჩემთვის ყურადღება, შედეგი რომ გამეკეთებინა.
წინ არის ოლიმპიური წელი, სადაც მაქვს რეალური შანსი რომ ვიასპარეზო და მივაღწიო უფრო დიდ წარმატებას, ვიცი დიდი შრომაა საჭირო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“.
ბათუმის სპორტსკოლის კიდევ 21 სპორტსმენი, და კიდევ 16 მწვრთენლი დაასახელეს საუკეთესოდ. მათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს. ასევე გამოავლინეს საუკეთესო გუნდები: ბალახის ჰოკეის ვაჟთა ნაკრები გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული და 2003 და 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები გუნდები კალათბურთში. 2003 წლიანთა გუნდმა 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა, 2004 წლიანთა გუნდი კი საქართველოს პირველობის მედალოსანი და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.
სპორტსკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე 2015 წელს წარმატებულად აფასებს:
„ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია 307 მედალი. საერთო ჯამში კი 97 სპორტულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.  გვყავს მსოფლიო ჩემპიონები ახალგაზრდებში, ევროპის ჩემპიონები, ევროპის პრიზიორები, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები, პირველობაში გამარჯვებულები. მომავალ წელს ველოდებით რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებები და დიდი გამარჯვების წელი იქნება“.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად 2015 წელს ბათუმის სპორტსკოლის სპორტსმენებმა ჯამში 307 მედალი მოიპოვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 46 მედლით ნაკლებია. აქედან 117 ოქროს მედალი, 99 – ვერცხლის და 91 – ბრინჯაოს. 2014 წელს სპორტსმენებმა 136 ოქრო, 104 ვერცხლი და 113 ბრინჯაო მოიგეს, საერთო ჯამში  კი 353 მედალი.
სპორტული სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი მედალი ისევე, როგორც 2014 წელს (სულ 131 მედალი), წელსაც (სულ 69 მედალი) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს აქვთ მოპოვებული.

ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს

ახალ წლამდე აჭარის უმაღლესი საბჭო რესპუბლიკურ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ განიხლილავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 2016 წლის დადგომამდე სამი დღე რჩება, სხდომის თარიღი კი ჯერ ჩანიშნული არ არის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.

უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკატერინე თარგამაძის თქმით, მართალია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბიუჯეტის კიდევ ერთხელ განხილვასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს უკვე  მიმართა, თუმცა დეპუტატებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის გეგმავს უმაღლესი საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის მოწვევას.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კენჭისყრის შედეგები შეიცვალოს, ეკატერინე თარგამაძე პასუხობს: „ ჩვენ ამ დოკუმენტის მიმართ ჩვენი პოზიცია უკვე გამოვხატეთ. მთავრობას შევთავაზეთ ასევე  შეთანხმების ჯგუფის შექმნა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. თუმცა, ამ კუთხითაც ახალი ჯერ არაფერია”.

ეკატერინე თარგამაძემ „ბათუმელებს“ მიაწოდა ინფორმაცია (დოკუმენტის სახით) იმ შენიშვნებზე, რაც ოპოზიციას ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით ჰქონდა. დეპუტატების შენიშვნებიდან რა გაითვალისწინა და რა არ გაითვალისწინა მთავრობამ, ამაზე „ბათუმელები“მოგვიანებით გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფიძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა პროცესებში პრეზიდენტის ჩართვას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას ან/და იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტი ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას, მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებულ აქტს, ეს აქტი კარგავს იურიდიულ ძალას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა.

 

 

მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები

ბათუმის ბულვართან ე.წ. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობის გვერდით, ათსართულიანი ნაგებობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტის საზღვრები არ ემთხვევა აქ არსებული, სამსართულიანი შენობის საძირკვლის საზღვრებს, რომლის დემონტაჟის შედეგად შენდება ახალი ნაგებობა.  „ბათუმელები“ შეეცადა გადაემოწმებინა იზრდება თუ არა შენობის მოცულობა ძველი ბულვარის ტერიტორიის ხარჯზე.

ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ
ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ

„ბათუმი თაუერი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ.  სავარაუდოდ, ბათუმის მერიას უნდა კითხოთ. რაც შეეხება ბულვარის საზღვრებს, ის დარღვეული ნამდვილად არ არის“, – გვითხრეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მშენებლობა ძველ ბულვარში
მშენებლობა ძველ ბულვარში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, რომ „ეს არის მეხუთე კლასის ობიექტი და, შესაბამისად, მათთან მიმდინარე სამუშაოები არ თანხმდება. მერია არც მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს“.

მშენებლობა ძველ ბულვარში
მშენებლობა ძველ ბულვარში

„ბათუმელები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს, გია კაკაურიძეს დაუკავშირდა: „ჩვენ ნებართვას ვერანაირად ვერ გავცემდით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო პროექტი. რეკონსტრუქციის ნებართვა გაცემულია კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც თავის დროზე ამოირიცხა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან. ამ საზღვრებში კი შენობის მოცულობა პროექტით იზრდებოდა“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, როცა ის ამ სამსახურში მივიდა „ეს შენობა იყო ძეგლის ნიშნის ქვეშ,  იმიტომ რომ ბულვარის ტერიტორიაზე იდგა და ავტომატურად ძეგლი იყო. 2014 წელს ბულვარის საკადასტრო საზღვრები დავაზუსტეთ და აქ არ შეგვიტანია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა. ის იყო მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი [მოცულობისა და ტექნიკური არჭურვილობის გამო, მაგალითად ეშმაკის ბორბალი] და გადავეცით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც გასცემს ასეთი, მე-5 კლასის ობიექტებზე ნებართვებს. ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს მაქ უკვე პროცედურებს“.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით, საკადასტრო საზღვრები დარღვეული არ იყო იმ პროექტით, რომელიც მათთან შეთანხმდა: „გვერდით ამატებენ ათ სართულს. თუ დარღვეულია საზღვრები, ეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაა – ან უნდა მოანგრევინონ, ან უნდა მისცეს ნებართვა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მონიტორინგს, თუ არ ვცდები, უნდა აკეთებდეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურიც“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მშენებლობის პროცესის მონიტორინგი მათ კომპეტენციაში არ შედის.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს გია კაკაურიძის თქმით კი, ის საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება, ამდენად „ასეთ რეჟიმში საუბარი იმაზე, ირღვევა თუ არა ის საზღვრები, რაზეც ჩვენ გავეცით ნებართვა, გამიჭირდება“.

რაც შეეხება „ბათუმი თაუერს“, მისი მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა. ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მშენებლობა მაინც გაგრძელდა. 2015 წლის მარტში შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა და ის 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს „ბათუმი თაუერმა“ შეიძინა.

ბათუმის ძველი ბულვარის, როგორც ძეგლის, საზღვრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2015 წლის 20 თებერვალს დაზუსტდა. ფართობი მოქცეულია პლაჟსა და ნინოშვილის ქუჩას შორის რესტორან „ძველი გემის“ მიმდებარე ტერიტორიიდან „რვაფეხამდე“ [ყოფილი კაფე „ფანტაზია“]

ბულვარის ძეგლის საზღვრები
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ჩამქრალი საახალწლო განათებები მემედ აბაშიძის ქუჩაზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო განათებები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა, განათებების ნაწილი უკვე ჩამქრალია. საახალწლო განათებების მონტაჟს ქალაქში, შპს „აჭარგანათება“ უზრუნველჰყოფს.

„აჭარგანათების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით,  განათებებს ხვალ 29 დეკემბერს შეაკეთებენ.

„როცა რაღაცის ინსტალაცია ხდება, დაზიანებებიც ხდება ხოლმე. თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული განათებების აღდგენა. ხვალისთვის მემედ აბაშიძის ქუჩაც შეკეთდება“-გვეუბნება ის.

მემედ აბაშიძის ქუჩა

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში და შუა აზიაში“.

როგორც სამინისტროში გვეუნებიან, მანდარინის საექსპორტო ახალი ბაზრები ევროპის სხვა ქვეყნებში, გარდა ბალტიისპირეთისა, მიმდინარე წელს არ დამატებია. „ევროპას აქვს თავისი სტანდარტები და ამ მოთხოვნებს ჯერ-ჯერობით ვერ ვპასუხობთ. თუმცა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. სტანდარტიზებულ მანდარინს რუსეთის ბაზარიც მოითხოვს, თუმცა არა ისეთს, როგორც ევროპა“-გვეუბნება იოსებ აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მოსახლეობისგან სტანდარტული მანდარინის ჩაბარება საწარმოების მიერ 90 თეთრად ხდებოდა, შერეული ხარისხის მანდარინის კი 50-60 თეთრად. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით მანდარინის მეტი მოსავალია მიღებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  წლევანდელ სეზონზე  აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.  ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში, შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers,  ჩოხატაურში  შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, აჭარაში ორს საწარმოს, რომელმაც ციტრუსის ჩაბარება ვერ უზრუნველყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუუქმა.

 

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

დღეს 28 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გემგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ქოქოლაძე დააკავეს.

გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელი სამსახურის მიერ იქნა დაკავებული დავით ქოქოლაძე.

დაზუსტებულ ინფორმაციას არც გამგებელი ფლობს: „ალბათ ანტიკორუფციული  უსაფრთხოების სამსახურია, ზუსტად არ ვიცი“-გვეუბნება ნადიმ ვარშანიძე.

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას.

„ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას“ – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიცია ხუთი მოთხოვნისგან შედგება, მათ შორისაა ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებ და მათი სათანადოდ მოვლა და ბულვარში მიმდინარე ყველა იმ სამუშაოს შეჩერება, რომელიც არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით“ – აღნიშნულია პეტიციაში. 

საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად

დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული „სტუდენტთა ფედერაციის“ წევრებმა საქველმოქმოქმედო აქცია გამართეს. საქველმოქმედო აქცია სლოგანით -„სიკეთე გადამდებია“, დაახლოებით ნახევარი საათის წინ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობის სახით ქუჩაში გადაინაცვლა.

სტუდენტები საქველმოქმედო აქციით მოგროვებულ თანხას მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცემენ. აქციის მონაწილე მარიამ თურმანიძე ამბობს, რომ საქველმოქმედო აქციის მსვლელობა უნივერისტეტიდან ე.წ. ბენზეს დასახლებამდე მოეწყობა. „აქციას სტუდენტთა ფედერაციის წევრები ვაწყობთ, მასში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ჩაერთვნენ და თანხა გაიღეს ბავშვების დასახმარებლად“ – ამბობს მარიამ თურმანიძე.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.  მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერსებზე საუბრობს.

„2015 წლის 4 ნოემბერს წერილობით მივმართე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და მოვითხოვე ინფორმაცია ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „სტადიონ“-ში დასაქმებულ პირებზე. ანუ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და ხელშემხებლობა აქვთ 17 მილიონ ლართან.

2015 წლის 24 ნოემბერს მინისტრის ხელმოწერილი პასუხით მეცნობა, რომ შპს-ში დასაქმებულ პირთა მონაცემები არის პერსონალური და მისი გასაჯაროვება დასაშვები იყო მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. 2015 წლის 27 ნოემბერს განმეორებით მივმართე ბალაძეს რომ სუბიექტებისგან მიეღო ასეთი თანხმობა.

2015 წლის 15 დეკემბერს მეცნობა რომ წერილი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შპს „სტადიონის“ დირექტორს, გიორგი ზირაქიშვილს. 21 დეკემბერს მიღებული პასუხით უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე რაც არის საგანგაშო და აჩენს არაერთ კითხვას. რაც საჭიროებს დაუყოვმებლოვ გამორკვევასა და რეაგირებას“- აცხადებს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძე ასევე საუბრობს, შპს „სტადიონის“  დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერესებზე.

„რაც ბალაძე-ზირაქიშვილის ბიოგრაფიებში კარგად ჩანს. წინა ხელისუფლების დროს, ბიზნესისთვის იმ მძიმე პერიოდში ბალაძე და ზირაქიშვილი ერთად საქმიანობდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრში. ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2011 წელს გიორგი ზირაქიშვილს ათავისუფლებენ საგადასახადო სისტემიდან და 2013 წლამდე არის უმუშევარი. 2013 წელს მას „პატრონობს“ არჩილ ხაბაძე და იგი ინიშნება ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში.

2014 წელს იგი ხაბაძე-ბალაძეს იგი გადმოჰყავთ შპს „ბათუმის ბათუმის“ დირექტორად, ხოლო შემდეგ შპს „სტადიონის“ დირექტორად. ამის შემდეგ „სტადიონს“ 17 მილიონი ლარი ერიცხება. ამ კოლოსალურ თანხას მართავენ ზირაქიშვილი და ხაბაძის მამა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე მქონდეს ხელშეშლა ვაკონტროლო და შევაფასო ეს საკითხები, რომელიც ხელშემხებლობაშია საბიუჯეტო თანხების მართვასა და განკარგვასთან“.

მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

„დღეს როდესაც უმაღლესმა საბჭომ ვერ მიიღო კანონი აჭარის რესპუბლიკური 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, იმიტომ რომ უმაღლეს საბჭოს დაკარგული ჰყავს უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს, იმიტომ რომ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვეყანაში შექმნილი ვითარება, (მხედველობაში მაქვს პრემიერის გადადგომა) მავალდებულებს მოვუწოდო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად თანამდებობიდან გადადგნენ.

საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]

27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება.

ანა ნაცვლიშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი
ანა ნაცვლიშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი

საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა იუბილეზე დასასწრებად, ეს ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას თანასწორობისა და სამართლიანობის იდეის დასამკვიდრებლად, საია იქნება იმ ადამიანების ხმა, ვისიც არავის ესმის.

27 დეკემბერს ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ერთი უცნობი ეპიზოდი ახსენა საიას აჭარის ფილიალის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ტავლალაშვილმა: თავდაპირველად საია აჭარაში დაფუძნებულა როგორც იურისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ბათუმის თოჯინებს თეატრის ერთ ოთახში საქმიანობდა. ეს დამოუკიდებელი სუბიექტი მოგვიანებით შეუერთდა თბილისში ერთი წლით ადრე დაფუძნებულ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

საია საქართველოში არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში, წარმოადგენს მათ ინტერესებს სასამართლოში თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში. საია მუდმივად ამონიტორინგებს და სწავლობს სახელმწიფოებრივად მნიშველოვან საქმეებს, ოპერატიულად აფიქსირებს თავის შეხედულებებსა და ხედვებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ამ თუ იმ მოვლენაზე და ახდენს გავლენას პროცესების დემოკრატიულ განვითარებაზე.

გუშინ იუბილეზე იმყოფებოდა ზაზა რუხაძე, რომელსაც ეკუთვნის აჭარაში საიას დაფუძნების იდეა. ორგანიზაცია ზაზა რუხაძესთან ერთად 20 წლის წინ დაუფუძნებიათ ყოფილ მოსამართლეს – ნინო ვაშაყმაძეს, მოქმედ მოსამართლეს – ჯუმბერ ბეჟანიძეს, მოქმედ ნოტარიუსს – ხათუნა კალანდარიშვილსა და იურისტ სუზი კვაჭანტირაძეს.

სწორედ ამ დამსახურებისთვის გუშინ სიმბოლური ჯილდო გადასცა აჭარის ფილიალმა ზაზა რუხაძეს. კიდევ ერთი სიმბოლური ჯილდო – ყველაზე მოტივირებული და ერთგული წევრი – გადაეცა საიას ყოფილ წევრს, ნათია ებრალიძეს.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

საია ქვეყანაში დღემდე არის უპირობოდ ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს 9 რეგიონული ფილიალი. მისი დამფუძნებელი და წევრები არიან პოლიტიკაში, საჯარო სამსახურებში, ზოგი მათგანი კი კვლავაც არასამთავრობო სექტორში აგრძელებს საქმიანობას.

საია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან იმითაც განსხვავდება, რომ ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ მხოლოდ  2+1 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს. საიას თავმჯდომარეს ირჩევს გამგეობა. იგივე წესი ვრცელდება ფილიალებშიც.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები ბათუმში [ფოტო]

 

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს

ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF  2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია.

„2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო,  10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს პოპულარიზაციის და განვითარების საქმეში, ასევე ქალაქის/რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით“.

კინოფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე დაანონსდება BIAFF ახალი ინიციატივის შესახებ – „ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო ეკრანის კომპლექტის შეძენა“, რომელიც ერთი  წლის წინ იქნა შეთავაზებული ბათუმის მერიისთვის, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი.

„BIAFF მენეჯმენტი აპირებს აღნიშნული პროექტის აქტიურ პრომო კამპანიის და საზოგადოების ჩართულობის დაწყებას. შესაბამისად წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის და დაგეგმილი კამპანიის შესახებ, რაშიც მნიშნველოვანი იქნება საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა“.

შსს-მ ბათუმში „ბიო“ ნარკოტიკის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

27 დეკემბერს, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით) მიმდინარეობს, ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში.

აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი ბილიკიდან ამჟამად ერთი გაუქმებულია.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

 

ამავე თემაზე:

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს
ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული
კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს
აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]
ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო
საეჭვო შესყიდვა – რა გზით დაუშვეს კომპანია „ოაზისი“ ბულვარში?
ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

 

ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982

აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას.

პრეამბულა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის არქიტექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (IFLA) ისტორიული პარკების საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც შეიკრიბა ფლორენციაში 1981 წლის 21 მაისს, გადაწყვიტა ისტორიული ბაღების დაცვის ქარტიის შედგენა, რომელსაც ამ ქალაქის სახელი მიენიჭა. წინამდებარე ფლორენციის ქარტია შექმნილია კომიტეტის მიერ, რომელიც დაამტკიცა იკომოსმა 1982 წლის 15 დეკემბერს, როგორც ვენეციის ქარტიის დამატება, რომელიც კონკრეტულ სფეროს ეხება.

მუხლი 1.

„ისტორიული ბაღი არის არქიტექტურული და ბაღის მცენარეების ერთობლივი კომპოზიცია, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით“. ამდენად, იგი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ძეგლი.
მუხლი 2.

„ისტორიული ბაღი არქიტექტურული კომპოზიციაა, რომლის შემადგენელი ნაწილები, ძირითადად, მცენარეულია და ამდენად, ცოცხალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ადვილად დაზიანებადი და განახლებადია“. ამდენად, მისი ფიზიკური იერსახე ასახავს, ერთი მხრივ, მუდმივ ბალანსს სეზონურ ციკლებსა და ბუნების ზრდასა და კვდომას შორის და მეორე მხრივ, მხატვართა და ოსტატთა მისწრაფებას შეინარჩუნონ ის მუდმივად უცვლელი სახით.

მუხლი 3.

ისტორიული ბაღი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნდა შენარჩუნდეს ვენეციის ქარტიის სულისკვეთების ჭრილში. მაგრამ, რამდენადაც იგი ცოცხალი ძეგლია, მისი დაცვის მართვა უნდა განხორციელდეს სპეციფიკური წესების დაცვით, რაც წინამდებარე ქარტიის საგანს წარმოადგენს.

მუხლი 4.

ისტორიული ბაღის არქიტექტურული კომპოზიცია მოიცავს:

  • მის დაგეგმარებას და ტოპოგრაფიას;
  • მის მცენარეულობას, თავისი სახეობებით, პროპორციებით, ფერთა შეხამებით, მათ შორის მანძილებით და შესაბამისი სიმაღლეებით;
  • მის სტრუქტურულ და დეკორაციულ მახასიათებლებს;
  • მის წყლებს (აუზი, რუ, ნაკადული, მდინარე), რომლებიც ცას აირეკლავენ.

მუხლი 5.

როგორც ცივილიზაციისა და ბუნების პირდაპირი მსგავსების გამოხატულება,  როგორც სიამოვნების განცდის ადგილი  შესაფერისი მედიტაციისა ან დასვენებისათვის,  ბაღი იდეალიზებული სამყაროს გამოსახულების, „სამოთხის“, კოსმიურ მნიშვნელობას იძენს, ამ ტერმინის (სამოთხის) ეტიმოლოგიური მნიშვნელობით და, ამდენად, კულტურის, სტილის, ხნოვანების და ხშირად, ორიგინალური მხატვრული შემოქმედების განსახიერებას წარმოადგენს.

მუხლი 6.

ტერმინი „ისტორიული ბაღი“ თანაბრად მიესადაგება პატარა ბაღებსაც და დიდ პარკებსაც, როგორც ფორმალურს, ისე „ლანდშაფტურს“.

მუხლი 7.

იმის მიუხედავად,  დაკავშირებულია თუ არა ისტორიული ბაღი ნაგებობასთან, რომლის განუყოფელ ნაწილსაც ის წარმოადგენს, არ შეიძლება მისი განხილვა იზოლირებულად გარემომცველი სპეციფიკური  გარემოსგან,  ურბანული იქნება ის, სოფლის, ხელოვნური თუ ბუნებრივი.

მუხლი 8.

ისტორიული ადგილი (ძეგლი) არის სპეციფიკური ლანდშაფტი, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერებაში შემონახულ ამბავთან, როგორიცაა, მაგალითად, ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენა, ცნობილი მითები, ეპიკური ბრძოლები, ან ცნობილი ნახატის საგანი.

მუხლი 9.

ისტორიული ბაღების დაცვა დამოკიდებულია მათ იდენტიფიკაციასა და აღწერაზე და აღწერაზე. ის მოითხოვს რამდენიმე სახის აქტივობას: შენარჩუნებას, კონსერვაციასა და რესტავრაციას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია რეკომენდებულ იქნას რეკონსტრუქცია. ისტორიული ბაღის ავთენტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი სხვადასხვა შემადგენლის დიზაინსა და ზომაზე, ასევე, მის დეკორატიულ მახასიათებლებზე, მცენარეთა შერჩევაზე და იმ არაორგანულ მასალებზე, რომლებიც შეთვისებულია ბაღის ცალკეული ნაწილების მიერ.

შენარჩუნება, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია

მუხლი 10.

ისტორიული ბაღის ან მისი რომელიმე ნაწილის შენარჩუნების, რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის მიზნით განხორციელებული ნებისმიერი სამუშაოს დროს, მისი თითოეული შემადგენელი ნაწილი განხილულ უნდა იქნას მთლიანობაში. სხვადასხვა ღონისძიებების იზოლირებულად განხორციელება დაარღვევს მის მთლიანობას.

შენარჩუნება და კონსერვაცია

მუხლი 11.

ისტორიული ბაღის მდგრადი შენარჩუნება უპირველესი მნიშვნელობისაა. ვინაიდან ძირითადი მასალა მცენარეულ საფარს წარმოადგენს, ბაღის უცვლელი სახით შენარჩუნება მოითხოვს ერთდროულად: სწრაფ შეცვლას საჭიროებისამებრ და პერიოდული განახლების გრძელვადიან პროგრამას (მოჭრა და ახალი, მზარდი ნერგების ხელახლა დარგვა, შენაცვლება).

მუხლი 12.

ხეების, ბუჩქების, მცენარეებისა და ყვავილთა სახეობების პერიოდულად შეცვლისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თითოეული ბოტანიკური და მცენარეული რეგიონისათვის დამკვიდრებულ და აღიარებულ პრაქტიკას, რათა განისაზღვროს და დაცულ იქნას ის სახეობები, რომლებიც თავდაპირველად იზრდებოდნენ აქ.

მუხლი 13.

უძრავი ან მოძრავი არქიტექტურული, სკულპტურული ან დეკორატიული შემადგენლები, რომლებიც ქმნიან ისტორიული ბაღის განუყოფელ ნაწილს, მოცილებულ და გადაადგილებულ უნდა იქნან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათი კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის.  განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების გადაადგილება ან რესტავრაცია უნდა მოხდეს ვენეციის ქარტიის პრინციპების გათვალისწინებით და თარიღი ყოველი სრული ადგილმონაცვლეობისა უნდა იყოს მითითებული.

მუხლი 14.

ისტორიული ბაღი უნდა იქნას შენარჩუნებული შესაბამისი შემოგარენით.  ნებისმიერი ცვლილება (გადაკეთება) ფიზიკური გარემოსი, რომელიც ეკოლოგიური ბალანსისათვის საფრთხის შემცველია, უნდა აიკრძალოს. ეს განაცხადი მიესადაგება ინფასტრუქტურის ყველა ასპექტს, როგორც შიდა, ისე გარე (სადრენაჟო სამუშაოები, საირიგაციო სისტემები, გზები, ავტოპარკები, ღობეები, ტუალეტები, ვიზიტიორთა მოსაცდელები).

რესტავრაცია და რეკონსტრუქცია

მუხლი 15.

ისტორიულ ბაღში არ შეიძლება განხორციელდეს  არანაირი სარესტავრაციო სამუშაოები და, მით უმეტეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინასწარი კვლევის გარეშე მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ამგვარი სამუშაოების ჩატარება მეცნიერულად შესწავლილია და მოიცავს როგორც კონკრეტული ბაღის, ისე მსგავსი ბაღების ყველა მონაცემის გამოვლენას და კვლევას. პრაქტიკული სამუშაოების დაწყებამდე უნდა მომზადდეს პროექტი კვლევაზე დაყრდნობით და გადაეცეს ექსპერტებს განხილვისა და ვიზირებისათვის.

მუხლი 16.

სარესტავრაციო სამუშაოებმა პატივი უნდა სცეს ბაღის ევოლუციის წარმატებულ ეტაპებს. პრინციპში, არც ერთ პერიოდს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა სხვებთან შედარებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც დაზიანების ან დანგრევის ხარისხმა გავლენა იქონია ბაღის შემადგენელ ნაწილებზე იმდენად, რომ გადაწყდა მისი რეკონსტრუქცია შემორჩენილი ნაკვალევის ან უნაკლო, უტყუარი დოკუმენტური მონაცემების საფუძველზე. ამგვარი სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს უფრო მეტად ბაღის შემადგენლობაში არსებული ნაგებობების მახლობლად იმ მიზნით, რომ გამოკვეთილ იქნას მისი მნიშვნელობა დიზაინში.

მუხლი 17.

როდესაც ბაღი სრულად განადგურებულია ან შემორჩენილია მისი არსებობის  წარმატებული ეტაპების ჰოპოთეტური ნარჩენები, რეკონსტრუქცია არ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიული პარკის რეკონსტრუქციად.

გამოყენება

მუხლი 18.

ვინაიდან ისტორიული პარკი შექმნილია დათვალიერებისა და სეირნობისთვის, იქ შესვლა უნდა იყოს შეზღუდული, რაც ნაკარნახევია მისი ზომებით და  დაზიანების საფრთხით, ისე, რომ მისი ფიზიკური სახე და კულტურული მესიჯი იყოს შენარჩუნებული.
მუხლი 19.

თავისი ბუნებიდან და მიზნიდან გამომდინარე, ისტორიული ბაღი არის მშვიდი ადგილი, შესაფერისი ადამიანთა კონტაქტებისთვის, სიმშვიდისა და ბუნების შეცნობისათვის.  მისი ყოველდღიური გამოყენების ამგვარი აღქმა ეწინააღმდეგება მის იშვიათ როლს იმ შემთხვევებში, როცა ის გამოიყენება სახალხო ზეიმებისათვის (ფესტივალები). ამდენად, მისი ასეთი იშვიათი გამოყენების პირობები ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ამგვარმა ზეიმებმა (ფესტივალებმა) განავითარონ ბაღის ვიზუალური ეფექტი და არა პირიქით – დააზიანონ ან  დაამახინჯონ იგი.

მუხლი 20.

ისტორიული ბაღები უნდა იყოს მოსახერხებელი ყოველდღიური წყნარი თამაშებისთვის; შესაძლებელია ცალკეული ადგილების გამოყოფა აქტიური და ცოცხალი თამაშებისა და სპორტისთვის ისტორიული ბაღების მახლობლად ისე, რომ მოსახლეობის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს ბაღებისა და ლანდშაფტების კონსერვაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის გამოხატულებით.

მუხლი 21.

მდგრადი შენარჩუნებისა და კონსერვაციის სამუშაოები, რომელთა  განხორციელება სეზონებითაა განსაზღვრული და ძირითადი ოპერაციები, რომლებიც ემსახურება ბაღების ავთენტურობის შენარჩუნებასა და აღდგენას, ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე მისი მასობრივი გამოყენება. ვიზიტიორთა მიღებისთვის ისტორიული ბაღების მომზადებისას, განხილვის საგანი უნდა იყოს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილის სულის შენარჩუნებას.

მუხლი 22.

თუ ბაღი შემოღობილია, მისი კედლები არ უნდა მოიხსნას წინასწარი კვლევის გარეშე და იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ბაღის ატმოსფეროსა და მის დაცვაზე.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული დაცვა

მუხლი 23.

მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს ამოცანაა,  კვალიფიციური ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით, სათანადო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების გამოყენება ისტორიული ბაღების იდენტიფიკაციის, აღწერისა და დაცვისთვის. მსგავსი ბაღების დაცვა წარმოდგენილი უნდა იყოს მიწათსარგებლობის გეგმებში და ამგვარმა  უზრუნველყოფამ სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს რეგიონალური და ადგილობრივი დაგეგმარების დოკუმენტებში. ასევე, პასუხისმგებელი პირების ამოცანაა, კვალიფიციური ექსპერტების რჩევით, ისტორიული ბაღის შენარჩუნების, კონსერვაციის და რესტავრაციისათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მისი რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსების განსაზღვრა.

მუხლი 24.

ისტორიული ბაღი წარსულის მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომლის გადარჩენა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ითხოვს დაოსტატებული ექსპერტების მხრიდან ინტენსიურ, მუდმივ მოვლას. სასურველია ამგვარი პირების – ისტორიკოსების, არქიტექტორების, ლანდშაფტის არქიტექტორების, მებაღეებისა თუ ბოტანიკოსების შესაფერისი ტრენინგებით უზრუნველყოფა.  ყურადღება უნდა მიექცეს იმ მცენარეთა სახეობების გამრავლებასა და გავრცელებაზე ზრუნვას, რომლებიც აუცილებელია ბაღის შენარჩუნების ან რესტავრაციისათვის.

მუხლი 25.

ისტორიული ბაღებისადმი ინტერესი უნდა იყოს სტიმულირებული ყველა სახის აქტივობით, რომელიც შეესაბამება და ხაზს უსვამს მისი როგორც წარსული მემკვიდრეობის ჭეშმარიტ ღირებულებას და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ცოდნას და მისდამი პატივისცემას: სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ინფორმაციის საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაცვლა; პუბლიკაციები, მათ შორის ხალხისათვის განკუთვნილი ზოგადი ხასიათისა; ხალხისათვის მისაწვდომი მონიტორინგის წახალისება  და მედიის გამოყენება ბაღის საჭიროებებისა და განვითარების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა დაცულ იქნას ბუნება და ისტორიული მემკვიდრეობა.

Nota Bene

ზემოაღნიშნული რეკომენდაციები გამოსაყენებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბაღისათვის.
წარმოდგენილ ქარტიას შესაძლებელია დაემატოს ზოგიერთი პუნქტი ბაღების სპეციფიკური ტიპების შესახებ, რომელიც დაერთვება  ზემოჩამოთვლილ პუნქტებს მოკლე აღწერილობის სახით.

დამტკიცებულია იკომოსის მიერ 1982 წელს

ემილ ლევიეს ბათუმი

სულხან სალაძე

1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა განიზრახეს. შედეგად, იმავე წლის 28 მაისს ექსპედიაცია ფლორენციიდან პირდაპირ ბათუმში გამოემგზავრა და 17 ივნისის საღამოს ბატონი ემილის დღიურში პირველი ჩანაწერი გაჩნდა ბათუმიდან. მერე 1894 წელი რომ დადგა და გაზაფხულის პირველი თვე მოვიდა, ჟურნალმა „მოაბმემ“ დღიურების ქართულად თარგმანა-ბეჭდვას მიჰყო ხელი. ჰოდა, მივყვეთ ახლა ჩვენც „მოამბის“ 1894 წლის მარტის გამოცემას და ვნახოთ როგორი იყო მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულის ბათუმი.

ბათუმმა თავი ლევიეს იტალიის ქალაქი ტურინი მოაგონა. იქაც და აქაც ოთხკუთხა შენობები ყოფილა. თუმცა, ტურინისგან განსხვავებით ბათუმში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული შენონობები. ბოტანიკოსს იმ დროინდელი ბათუმის ძირითადად ერთსართულიანი სახლების ქუჩებში მრავლად უნახავს ჭაობები და წყალი. ხოლო იმ სახლის ფანჯრის პირდაპირ, სადაც ჩერდებოდა მლოცველების მომხმობი მოლა.

გემიდან გამოდმოსული ბატონი ემილი ადგილობრივების მორიდებულ ქცევაზე საუბრობს და იმასაც კი აღნიშნავს, რომ თავი ევროპაში მეგონაო. კიდევ უფრო საინტერესოა მაშინდელი ბათუმის სანაპირო – რუსის ჯარის კაცნი მუნდირითა და ქუდებით, ქართველები და სხვები კი გრძელი სამოსებით და თავზე უმეტესად ყაბალახით.

ისევ ბათუმის ქუჩებს რომ მივუბრუნდეთ, ერთგან ბოტანიკოსი იმასაც კი წერს, რომ ქუჩები სასაცილოდ ყოფილა მოკენჭული. გინდ სადგისებზე გევლო კაცს და გინდა ამ ქვებზეო. ფაეოტონის ჩავლისას ქუჩებზე ისეთი ხმაური ყოფილა, რომ ფაეტონს კარგა ხნით მიჰქონდა ყურთასმენა.

ნავთი? ნავთის ამბავს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დღიურებში. პატივცემული ლევიე ბათუმს ნავთის სამეფო უწოდებდა და იმასაც აღნიშნავდა, რომ  ნავთი ბათუმში მდინარესავით მოედინებოდა. იმ დროს ბათუმში მრავლად მოდიოდნენ მატარებლები, რომელთაც მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნავთის ვაგონები. ეს ვაგონები ლევიეს ზარბაზნებს აგონებდა. ნავთის თემაზე თხრობა კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შენობებითა და იქ არსებული რეზერვუარებით სრულდება.

ფლორენციიდან ბათუმში ჩამოსულ მეცნიერეს ჩამოსვლის დღესვე სწვევია იტალიის კონსული. სწვევია და ქართულის მცოდნე იტალიელი მოსამსახურეც მიუჩენია. მერე ყოფილა გზა თამარის ციხეზე, სადაც ეტლით მისულს მხოლოდ ძველი კედლებიღა უნახავს. მოუვლია ახლო მდებარე სიმინდით აბიბინებული ყანები და ხეხილით დახუნძლული მიტოვებული ადგილები. უკან ქალაქში დაბრუნებისას კი ერთი შავ-წვერულვაშინი ქართველის დუქანში გემრიელი სადილი მიურთვამს და ოთხი კაცის სადილისთვის სამ მანეთამდე გადაუხდია.

ბათუმიდან წასვლამდე კიდევ ერთხელ შეხვედრია იტალიის კონსულს. ასევე ბათუმის მდიდარ ვაჭარ ჩერუტს. ფრიად მოხიბლული დარჩენილა ინგლისის კონსულთან შეხვედრით და იმ ცოდნით, რაც კონსულს ჰქონია ბათუმის და მისი შემოგარენის შესახებ.

1890 წლის 27 ივნისი, რომ გათენდა და საათი დილის 8 შესრულდა, თოფითა და რევოლვერით შემოსილ ემილ ლევიეს თანმხლებ პირებთან ერთად დაუტოვებია ბათუმი. ჯერ ქალაქის სამხრეთით უვლია, მერე ჭოროხს აჰყოლია და იმის შემდეგ აჭარისწყლის ხეობას. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ამბავი და სულ სხვა ისტორიაა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი],  „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და „ემ-ენ ჯორჯია“ [92 000 ლარი].

სატენდერო კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით „ემ-ენ ჯორჯიას“ წინადადება განიხილა. კომპანიამ კი შემსყიდველს რუსული, „გაზპრომის“ მიერ   წარმოებული პროდუქცია შესთავაზა, რაც „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ მისაღები აღმოჩნდა.

სატენდერო დოკუმენტებდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

შპს „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100%-ის მფლობელი მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყო, ხოლო საჯარო რეესტრის 23 დეკემბრის ამონაწერით კომპანიის მესაკუთრეა შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელმაც „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100% „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ 1 მილიონ 187 ათას ლარად შეისყიდა.

მეორე დღესვე, შპს „ემ-ენ ჯორჯია“ შეერწყა „ვისოლ ავტო ექსპრესს“, რომლის მესაკუთრეც ასევე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

კომპანიების შერწყმის შედეგად, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად დასახელებულმა კომპანია „ემ-ენ ჯორჯიამ“ არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე  ხელშეკრულება „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და „ვისოლ ავტო ექსპრესს“ შორის გაფორმდება. პროდუქციის მიწოდება კი მოხდება ეტაპობრივად, 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

გაზპრომი

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსულ პროდუქციას პირველად არ ყიდულობს. მაგალითად:

2015 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით, ასევე „გაზპრომის“ მიერ წარმოებული საცხებ-საპოხი მასალები „ავტოტრანსპორტმა“ შპს „ჯეო-ტრენდისგან“ 79 900 ლარად შეისყიდა.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

2014 წლის 9 იანვარს შპს „ავტოფორმულასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 89 980 ლარად შეიძინა რუსული კომპანია „ლუკოილის“ პროდუქცია – 22 ათასი ლიტრი დიზელის ძრავის ზეთი.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

2013 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით შპს თეგეტა მოტორსისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ, ასევე შეძენილი იქნა რუსეთში წარმოებული დიზელის ძრავის ზეთი, 59 390 ლარად.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან.

ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა?

2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი ისლამისტები, ასევე სადამ ხუსეინის რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლები, როგორც ადმინისტრაციული მუშაკები, ისე სამხედროები. ერაყში ამ წლებში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ეს მოძრაობა თანდათან იკრებს ძალას. მოგვიანებით მოძრაობა გადადის სირიაშიც. 2011 წელს სირიისა და ერაყის რადიკალების გაერთიანებით იქმნება სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო.

გიორგი სანიკიძე
გიორგი სანიკიძე
ვინც სათავეში ედგა ერაყის ისლამურ სახელმწიფოს, დღევანდელი ლიდერი ალ ბაღდადი და მეორე მხრივ სირიელი ისლამისტები მაშინ ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ დღეს სირიელი ისლამისტები ალ კაიდას ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის ფილიალს წარმოადგენენ, რომელიც დაპირისპირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან.

მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2014 წელს – გამოცხადდა ისლამური სახელმწიფოს შექმნა, ანუ ამ ფსევდოსახელმწიფომ განსაზღვრა, რომ მას აღარ სჭირდება სახელები – ერაყი და სირია და აქვს პრეტენზია, მოიცვას მთელი ისლამური სამყარო. დღეს ოფიციალურ სახელად თვითონ ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ხმარობენ ისლამურ სახელმწიფოს, თუმცა მსოფლიოში ხშირად გამოიყენება ISIS-ი, ანუ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო.

ისლამური სახელმწიფოს შექმნის გარიჟრაჟზე ამერიკის შეერთებული შტატები ფართოდ იყო წარმოდგენილი ერაყში, მათ შორის შეიარაღებული ძალებით. როგორ გამოეპარა აშშ-ს ის, რომ ამ ძალამ მსგავსი ძალაუფლება მოიპოვა?

ერაყს დიდ ხანს მართავდა სუნიტური უმცირესობა. აშშ-ისა და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ სადამის რეჟიმი დაემხო და დღეს ხელისუფლების სათავეში არიან შიიტები, ასევე სადამ ხუსეინის მოწინააღმდეგე ქურთები. სუნიტების განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ისინი საერთოდ ჩამოაშორეს ყველაფერს, რამაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა რადიკალური იდეების გაჩენას. ეს არ იყო გათვლილი საერთაშორისო ძალების მხრიდან და ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოძლიერდა მოძრაობა.

უნდა დავამატოთ ერთი ფაქტიც, ნებისმიერ ასეთ ქმედებას სჭირდება ფინანსები. უკვე 30 წელია, ნავთობისგან მიღებული შემოსავლებით, უზარმაზარი თანხა დაგროვდა რეგიონში, პირველ რიგში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. არიან კერძო პირები, ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტულ მოძრაობებს. აი, ამან შეუწყო ხელი მის გაძლიერებას.

და ერთი ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა კარგად გაწვრთნეს ამერიკელებმა და ევროპელებმა ადგილობრივი სამთავრობო ჯარები, მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ისლამურ სახელმწიფოს. მეტიც, მათ შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ, რაოდენობრივადაც აღემატებოდნენ, მაგრამ მორალური და ფსიქოლოგიური მომზადება არ გააჩნდათ. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ისლამურ სახელმწიფოს სამხედრო გზით მოეპოვებინა და გაემყარებინა თავისი პოზიციები გარკვეულ ტერიტორიებზე ერაყში, შემდეგ უკვე სირიაშიც.

არის თეორია, თითქოს ტერორისტული ორგანიზაციის განვითარებას თავის დროზე ხელი არ შეუშალა დასავლეთმა, რადგან მას სჭირდებოდა მსგავსი ძალები გეოპოლიტიკური თამაშებისთვის… ეს რამდენად არგუმენტირებულია?

რა ხდებოდა კულუარებში, არავინ იცის. თუ არ დაიდო დოკუმენტური მასალა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთმა მიიღო გაცილებით ცუდი სიტუაცია, ვიდრე 2003 წლამდე იყო ერაყსა და სირიაში.

თქვენ ახსენეთ ორი ჯგუფის – შიიტებისა და სუნიტების იდეოლოგია. ერთი იყო დასავლეთისგან მხარდაჭერილი, მეორე – არა. ერთის მიმდევრები უყოყმანოდ თავს სწირავენ, სხვები – არა. 20 ათასი კაცის ისე დამუშავება, რომ ყველამ ერთად თავი გადადოს სასიკვდილოდ, მხოლოდ სიძულვილით შეიძლება იყოს მოტივირებული?

მაგრამ ეს 20 ათასი არის არმია, რომელიც იბრძვის და არის მზად თავგანწირვისთვის. ნებისმიერი ქვეყნის ჯარისკაციც უნდა იყოს მზად თავგანწირვისთვის.

ერაყში დასავლეთმა მხარი დაუჭირა სადამ ხუსეინის სუნიტური რეჟიმის პირობებში ჩაგრულ უმრავლესობას – დემოკრატიის პრინციპებით ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლების სათავეში უმრავლესობა ბუნებრივად მოვიდა. სუნიტები კი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ სახელმწიფოს (ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის გადანაწილების შედეგად შექმნილ ერაყს), ჩამოშორებულები და მარგინალიზებულები აღმოჩნდნენ. ეს იყო დასავლეთის დიდი შეცდომა.

ისლამურ სახელმწიფოში მუდმივად გაედინებიან ადამიანები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მათ რიგებში არის დიდი მსხვერპლი, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ადამიანურ რესურსებს არ უჩივიან. რა კვებას ამ იდეოლოგიას?

ახალი არაფერი გამოუგონია ამ იდეოლოგიას, ეს არის პირველსაწყის ისლამთან, ანუ მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შემობრუნება და იმ სამართლებრივი ნორმების მორგება 21-ე საუკუნის რეალიებისთვის, რაც თავისთავად აბსურდულია. ეს მათთვის არის თითქოსდა საშუალება, მუსლიმებმა დაიბრუნონ ოდინდელი დიდება, მაშინ როდესაც ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია იყო ისლამი. არსებობს განათლების, რეალიზაციის პრობლემაც, რაც გავლენას ახდენს ადამიანებზე.

იგივე სოციალური ქსელებით, ინტერნეტით კარგი საშუალებებია შექმნილი პროპაგანდისთვის და კიდევ ერთი მომენტი – ალ კაიდასგან რითიც განსხვავდება ისლამური მოძრაობა არის ის, რომ ნებისმიერი, ვინც ეთანხმება მის იდეოლოგიას, ყოველგვარი მომზადების გარეშე ხდება ამ ე.წ. სახელმწიფოს წევრი – ისინი არ გადიან სპეციალურ სამხედრო მომზადებას, ვარჯიშებს და ასე შემდეგ. მთავარია, რეკრუტები შევიდნენ. არის ინფორმაცია, რომ გარკვეული გასამრჯელოც აქვთ დაწესებული ახალი რეკრუტისთვის. თანხის რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირად ჩნდება დასავლურ პრესაში.

მე-7 საუკუნის დიდებით მანიპულაცია 21-ე საუკუნეში, წესით, რთული უნდა იყოს. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენს სინამდვილეს, ბოლო რამდენიმე წელია ქართული სახელმწიფო ცდილობს ევროპული იდეების პოპულარიზაციას, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი წინააღმდეგობები. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, გარდა წარსულის დიდებისკენ ლტოლვისა, ხომ არ არის ყოფითი მომენტებიც, მაგალითად, ჩაგრულობის განცდა, დასავლეთის მიუღებლობა?

საქმე გვაქვს უცხოსადმი სიძულვილთან. ის არის კოლონიზატორი, იმპერიალისტი – ეს, ზოგადად, ახლოაღმოსავლელი რადიკალების აღქმაა. საერთოდ, პროზელიტიზმი ანუ რელიგიის გავრცელება რთული ფენომენია და ეს არ ეხება მარტო რადიკალურ ისლამს. ბევრი ახალი ტიპის რელიგია თუ რელიგიის საფუძველზე შექმნილი სექტები მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი მათგანი აკრძალულია, ზოგიერთი მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივი რელიგიური მოძრაობაა. დღეს ყველაზე სახიფათო არის რადიკალური ისლამი. ამგვარი იდეები ისლამური სახელმწიფოს შექმნამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ დღეს მიიღო სახიფათო ფორმა.

რელიგიის ჭრილში რომ განვიხილოთ საკითხი: ლოიალური იდეოლოგია რატომ მარცხდება რადიკალურ იდეოლოგიასთან, ამას რა ახსნა აქვს?

ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ეს არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება სხვა არაისლამურ რეგიონებს, ევროპას, საქართველოს – ეს იდეები ვრცელდება მოსახლეობის მიცრე ნაწილში, მაგრამ, რადგან ძალადობრივ მოქმედებებზეა ორიენტირებული, ამიტომ ხდება სახიფათო. პრობლემა ისიც არის, რომ სწრაფად ვრცელდება ეს იდეები. ბოლო ორ წელიწადში და განსაკუთრებით წელს, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მსოფლიო მუსლიმებს შორის.

ISIS-ისა და ალ კაიდას შორის სხვაობაზე მინდა გკითხოთ. ეს ორი იდეოლოგიურად ერთნაირი ორგანიზაცია რატომ ვერ არის ერთად?

ამის პასუხი მარტივია – პირველობისთვის ბრძოლა. მაგრამ მეორე მომენტიც არის = ალ კაიდას პირველადი მიზანი იყო არა სახელმწიფოს შექმნა, არამედ დასავლეთი და იქ ტერორისტული აქტების მოწყობა. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ალ კაიდა კადრების რეკრუტირებას ფრთხილად ახდენს, ანუ დიდი გამოცდა უნდა გაიაროს კანდიდატმა, რომ გახდეს ალ კაიდას წევრი.

ისლამური სახელმწიფოს თავდაპირველი მიზანი კი იყო სახელმწიფოს შექმნა იქ, რომლის ნაწილსაც დღეს აკონტროლებს. ანუ ერთს უნდა სახელმწიფო, მეორეს – ძალადობის გზით შიშის, ტერორის ატმოსფეროს შექმნა მსოფლიოში. მდგომარეობა შეიცვალა პარიზის ტერაქტის შემდეგ – ისლამურმა სახელმწიფომ რეგიონის საზღვრები დაარღვია და გამოიყენა იგივე მეთოდები, რასაც იყენებს ალ კაიდა. “კონკურენცია” მათ შორის ამ მხრივაც გაჩნდა.

ავღანური წარმოშობის ამერიკელი იმამი, რომელიც ბათუმში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა, ამბობს, რომ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჰგავს იმას, რაც ევროპამ გაიარა გასული საუკუნის 40-იან წლებში, ანუ ეს არის “ბოროტ ძალებს” შორის დაპირისპირება, რომლებიც ერთმანეთს გაანადგურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება სიმშვიდე ახლო აღმოსავლეთში. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

პარალელების გავლება ნაწილობრივ შეიძლება ევროპაში ფაშიზმის პერიოდთან. ძნელია გააკეთო პროგნოზი. მით უმეტეს, კარგად ვხედავთ, რომ პროგნოზების უმეტესობა არ მართლდება.

ალბათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო კოალიცია მოახერხებს ისლამური სახელმწიფოს განადგურებას, მაგრამ ამ სახელმწიფოს განადგურებით იდეა ვერ განადგურდება. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში თუ მოახერხებს.

ამერიკა, ისე როგორც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, უკვე სამი წელია ინტენსიურად ახორციელებს წერტილოვან დარტყმებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ წარმონაქმნის განადგურება, წესით, რუსეთისთვისაც საშური საქმე უნდა იყოს. ამ ფონზე ისლამური სახელმწიფო დასუსტებულად არ გამოიყურება. პარიზის ტერაქტის შემდეგ რა მოცემულობა გვაქვს?

აქამდე თუ იყო წერტილოვანი დარტყმები, პარიზის ტერაქტების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ამერიკა ნაწილობრივ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებასაც აპირებს, მას შეუერთდებიან ევროპელი მოკავშირეები. ფრანგები უკვე ნავთობის წერტილებს ბომბავენ. ეს დაფინანსების წყაროს გადაუჭრის ისლამურ სახელმწიფოს, ანუ ვითარება ამ მხრივაც შეიცვალა.

საერთაშორისო მედიაში იწერება, რომ ისლამური სახელმწიფოს ნავთობს ყიდულობენ. მაგალითად, თურქეთი. ახლა თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ნავთობს რუსეთიც ყიდულობს…

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ წამიკითხავს, ისრაელის პრესაში წერენ, რომ თავად ისრაელიც ყიდულობს მათგან ნავთობს. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ყიდულობს მათ ნავთობს. მოკლედ, გაყიდვა არ უჭირთ… ამ შემოსავლის მოსპობის შემდეგ მათ ძალიან გაუჭირდებათ. დაგროვილი ფინანსები აქვთ რადიკალების მხარდამჭერებს, მაგრამ ეს წყარო საკმაოდ მოწყვლადია – ალბათ მომავალში მისი გადაკეტვაც შესაძლებელი გახდება.

პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ელოდებით თუ არა, რომ ალიანსი და რუსეთი ერთად შეებრძოლონ ისლამურ სახელმწიფოს?

რუსეთის მიზანია ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება და გაანადგუროს არამარტო ისლამური სახელმწიფო, არამედ ყველა მისი მოწინააღმდეგე, მათ შორის ეგრეთ წოდებული თავისუფალი არმია, რომელიც დასავლეთის მოკავშირედ მიიჩნევა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების უმრავლესობა ხორციელდება სირიის თავისუფალ არმიაზე. ბომბავენ ისლამურ სახელმწიფოსაც, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე, თავისუფალ არმიას.

ვითარება იცვლება ყოველ წუთში, შეიძლება შეთანხმდნენ კიდეც, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, რუსეთ-თურქეთის ინციდენტი ხელს შეუშლის ამგვარი შეთანხმების იმპლემენტაციას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დასავლეთი და რუსეთი ერთ მხარეს დგას, მაგრამ რუსეთს სხვა ინტერესები აქვს, დასავლეთს – სხვა.

ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს,  სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება სავალი ბილიკის გაუქმებას არ ითვალისწინებს. სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის მოწყობა არც იმ საინფორმაციო დაფაზეა დატანილი, რომელიც ბულვარშია განთავსებული.

საინფორმაციო დაფა
საინფორმაციო დაფა

ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება [N2/35, ძირითადად, ძველ ბულვარში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და ქვაფენილების დაგებაზე] რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ბულვარში შესრულებული სამუშაოებისთვის  1,2 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან.

ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]
ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]
ხელშეკრულებით კომპანიამ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს: „ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფებარ „ტყუპებამდე“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაო“.

მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, „საუბარია 5600 კვ/მ ფართობზე და თუ მოქალაქეებს ბულვარში დამატებით მწვანე საფარი არ უნდათ, შესაძლოა ეს საკითხი განიხილონ“. მიუხედავად ჩარკვანის ამ განცხადებისა, ბილიკი დღეს უკვე გაუქმებულია და ის „მოლის“ მოსაწყობად, ფაქტობრივად, მზადაა.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მირანდა ჩარკვიანი აცხადებს – „ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია“, თუმცა ვის გულისხმობს „ჩვენ“-ში და კონკტრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება სამი ბილიკიდან ერთი ბილიკი გაუქმებულიყო, ჩარკვიანი არ აკონკრეტებს: „ბილიკი არ უქმდება, იქ კეთდება მოლი“.

მირანდა ჩარკვიანი, იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელმაც უმთავრესად ბულვარის, როგორც ძეგლის იერ-სახის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, ბილიკის გაუქმებაში პრობლემას იმიტომ ვერ ხედავს, რომ – მისივე სიტყვებით – „აქ არ არის ისეთი მოძრაობა, რომ ხალხი ერთმანეთს ეჯახებოდეს“.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებზე არაინფორმირებულია ბათუმის მერიაც, რომელიც ბულვარის მესაკუთრეა.

„ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს გულისხმობს ქვაფენილებს, გზის გასწორებას და ა.შ. ასეთ რამეს კი მერიასთან შეთანხმება არ სჭირდება. თუმცა, იქ ინფრასტრუქტურის გადაკეთებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მერიაში არ არის შემოსული. სავალი ბილიკი თუ უქმდება და ეს არის თუ არა ინფრასტრუქტურის გადაკეთება – ეს უკვე აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გვითხრას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, საიდანაც აცნობეს, რომ ბულვარში მხოლოდ დაზიანებული ასფალტის საფარს ცვლიან და არანაირი სავალი ბილიკი არ უქმდება.

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან

გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ.

„სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა.

„ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, 12-დან 3 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოიტანოთ თბილი, კარადაში ჩამალული ტანსაცმელი, რომელიც უკვე დაგავიწყდათ და არ იყენებთ. მოიტანეთ და გაათბეთ ადამიანები.

უკვე მეორე დღეა აქ ვართ, შედარებით ცოტა ტანსაცმელია მოტანილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ხვალ ველოდებით ძალიან ბევრ ტანსაცმელს. ჩვენ გვაქვს ბაზა იმ ადამიანების, ვინც დახმარებას საჭიროებს, მაგრამ 15-მდე ადამიანი მოვიდა უკვე ჩვენთან და გვთხოვა დახმარება. მათი მონაცემები ჩავიწერეთ და როდესაც ტანსაცმლის დარიგებას დავიწყებთ, მათაც აუცილებლად დავუკავშირდებით“, – ამბობს ლელა ცინარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისე.

მსგავი ტიპის საქველმოქვედო აქციას ორგანიზაცია მეხუთედ მართავს.

საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე
საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე  ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“.

კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები.

ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, კომპანიის შერჩევაში კომისიაც მონაწილეობდა. თუ რა კრიტერიუმით შეირჩა „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“? – „ბათუმელების“ კითხვაზე ჩარკვიანმა ასეთი პასუხი გასცა – „მე სპეციალურად ჩავედი ჩაქვში და ვნახე მათი გაკეთებული პროექტი. მე ვნახე ლანდშაფტურ დიზაინს როგორ უყურებენ“. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ის არ არის ლანდშაფტის სპეციალისტი.

მომდევნო კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ამ კომპანიის საქმიანობით, რომ იყო დაჯარიმებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მირანდა ჩარკვიანმა გვიპასუხა, რომ ამითი არ დაინტერესებულა: „მე მაინტერესებს რა პროდუქტს ქმნის და ბულვარში რას შემოგვთავაზებს“.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ მართვის უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზეა გადაცემული. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრები, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ, კომისიას კი უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარეობდა.

სახელმწიფო აუდიტის  [2014 წლის პერიოდის, N7/105] ანგარიშის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში: „ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებს. მაგალითად, შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ ნასყიდობის ხელშეკულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციები, 2013 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმების აქტის თანახმად ჩამოეწერა, ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების პირობით.

ვალდებულებები არ შესრულებულა, რის გამოც გაუცოცხლდა ჩამოწერილი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები, რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2 მილიონ 380 ათასი აშშ დოლარი და 832 ათას 800 ლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნული თარიღიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი“.

აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ზეპირი განმარტება ვერ მიიღო. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

„ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. რა პირობების დარღვევისთვის და როდის დაეკისრა საჯარიმო სანქციები შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ და რა ოდენობით?
  2. რა ღონისძიებები გაატარა სამინისტრომ აღნიშნული კომპანიის მიმართ დარიცხულ საჯარიმო სანქციებთან [რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2380,0 ათასი აშშ დოლარი და 832,8 ათასი ლარი შეადგინა] დაკავშირებით? გადაიხადა ჯარიმა კომპანიამ [თუ კი, რამდენი და როდის]? თუ კვლავ ჩამოეწერა [რამდენი, რის საფუძველზე და რა პირობით]?
  3. რატომ მოახდინა სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით და რატომ არ მოხერხდა ტენდერის ან კონკურსის გამოცხადება?
  4. რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისი“, რომელთანაც გაფორმდა კიდეც ზემოაღნიშნული მომსახურების [ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარება] გაწევაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება?

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. სამი კომპანიის შერწყმა/რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კომპანია – შპს „დრიმლენდ ოაზისი“ მუშაობს. სწორედ ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ.

25 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.
გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.

ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საღამოს რვის ნახევარზე აანთეს, რის შემდეგაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი დაიწყო, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა.

ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015

კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ალტერნატიულმა ბენდმა “LOUDSPEAKER” გააგრძელა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კონცერტის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომლის ორგანიზებითვე  ღონისძიებები ჩატარდება 26 და 27 დეკემბერსაც.
26 დეკემბერს, 20:00 საათზე, მსმენელის წინაშე 2014 წლის „X ფაქტორის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს, კი ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები „Gravity“, „The Mins“ და „Young georgian lolitaz“ მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.
28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებებს კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიის „კულტურის ცენტრი“ უხელმძღვანელებს.
საახალწლო ღონისძიებების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარ ვებ-გვერდზე gobatumi.com
შენიშვნა: ტურიზმის დეპარტამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, 26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები, წვიმის შემთხვევაში, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის ნაცვლად, ისევ ევროპის მოედანზე გაიმართება.
ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015

აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]

დღეს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანიც, რომელიც აქციის მონაწილეების კითხვებსა და შენიშვნებს პასუხობდა.


ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. ფეხით სავალი ზოლის გაუქმების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია.

რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მფლობელებს უკან დაუბრუნა. ასევე, ბათუმში ის იყო 2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეობის მსურველი 19 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კი – 20. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეობის მსურველი 19 კანიდატი იყო დარეგიტრირებული.

ბათუმის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა წარუდგინა. ბიუჯეტი 141 462 900 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა.

სხდომაზე წარმოდგენილი პროექტით მომავალ წელს ბათუმის მერია  ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე 75 მილიონ 157 000  ლარის დახარჯვას გეგმავს.  პროგრამები  საგზაო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სერვისის , საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის  სერვისების განვითარებას; ქალაქის გაფორმებას და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია – დემონტაჟს; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას გულისხმობს.
14 მილიონ 271 ათასი ლარი გაითვალისწინეს განათლების მიმართულებით. ამ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამები.
კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერისთვის 2016 წლისთვის 16 მილიონ 198  000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის გათვალიწინებულია 10 მილიონ 997 000 ლარი.
მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ბიუჯეტის პროექტისთვის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებს მხარი არ დაუჭერიათ. პროექტის განხილვას არ ესწრებოდნენ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ ფორმით მათ ფრაქციის თავმჯდომარისთვის გიორგი კირთაძისთვის თანამომხსენებლად გამოსვლაზე  საკრებულოს თავმჯდომარის უარი გააპროტესტეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა განმარტა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით თანამომხსენებლად  ოპოზიციური ფრაქციის წევრის გამოსვლას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით მან ამაზე უარი არ უთხრა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს კობა ჩხეიძეს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე

ახლახან შექმნილი პარტიის – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს.

პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში… რა გახდა ასე

თი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,  საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის,  ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“.

გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად

25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები.

დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი აქციაზე ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად მოვიდა. არ ყოფილა ტრასპარანტები, ლოზუნგები და მიმართვები, თუმცა აქცია ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. აქ მოსულ მოქალაქეებს ერთი მთავარი კითხვა ჰქონდათ: რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ძველი, ისტორიული ბულვარის გადაკეთება, მაშინ როცა არის ახალი ბულვარი, სადაც ამ კონცეფციის განხორციელებას მოწინააღმდეგეები არ ჰყავს?!

აქცია ბათუმის ბულვარში
აქცია ბათუმის ბულვარში

ბათუმელი მარინა მეგრელიშვილი უკვე მეორედ გამოვიდა ბულვარის დასაცავად. პირველად იგი რამდენიმე წლის წინ, ბულვარის შესასვლელში ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მწვანე საფარზე აშენებას აპროტესტებდა, ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ წევრთან ერთად, რომლებიც ახლა ბულვარის გადაკეთების მომხრეები არიან. „მაშინ არ შეიძლებოდა და ახლა შეიძლება?!“ – ეს არის მთავარი კითხვა, რაც მარინა მეგრელიშვილს აწუხებს.

„მირანდა ჩარკვიანი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი] მაშინ ჩვენს გვერდით იდგა. მე ვერ გავიგე რა ხდება. მინდა ვკითხო მირანდას, დავით ბაციკაძეს [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი], კაკო ძნელაძეს [ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში], რა სჭირთ, რა დაემართათ?!

ძალიან მწყდება გული, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, წინა ხელისუფლების დროს წინააღმდეგები იყვნენ და ახლა რატომღაც თანახმა არიან ბულვარი შეიცვალოს. დაავიწყდათ ხალხის განწყობა ბულვარის მიმართ? ის, რომ ბათუმი და ბულვარი ერთი და იგივეა და ეს მარტო ტურისტებისთვის არ არის, ჩვენია, ბათუმელების.

ბათუმი ძველი, ისტორიული ბულვარის გარეშე წარმოუდგენელია. შეაკეთონ, რაც შესაკეთებელია და გადავიდნენ ახალ ბულვარში, სადაც უამრავი რამ არის გასაკეთებელი, ფართიცაა, ადგილიცაა და თანხაც ჰქონიათ ამისთვის – ათი მილიონი გამოუყვიათ, რაც ძალიან ამაყად გამოგვიცხადეს და იმ წუთშივე მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე. ვიცი, რომ უნდათ ცენტრალური გზის გაუქმება, რაც წარმოუდგენელია. როგორც წავიდა ის მთავრობა, ისე წავლენ ესენიც, რატომ უნდა დამიმახინჯონ ბულვარი?! ყოველ დილას და საღამოს აქ დავდივარ, ვვარჯიშობ, ზღვაზე გადავდივარ. ახალი კონცეფციით აქ სერიოზული ცვლილებები დაიწყება, რაზეც არ ვარ თანახმა და დარწმუნებული ვარ, ბათუმელების უმრავლესობა ამაზე არ იქნება თანახმა“ – ამბობს მარინა მეგრელიშვილი.

მსგავსი მოსაზრება აქვს ბათუმელ ნინა ოგანეზოვას. მისი აზრით, მთავრობამ უმჯობესია ბათუმის იტორიულ ტერიტორიას თავი დაანებოს და ახალი სივრცეების შექმნაზე იზრუნოს: „ბათუმის ბულვარი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი მშვენიერი, რაც უკავშირდება ქალაქ ბათუმს. ვთხოვთ, გააკეთონ ახალი ადგილები, ააშენონ გასართობი ცენტრები, კაფე-ბარები, მაგრამ ახალ ტერიტორიაზე და არა ძველ, ისტორიულ ბულვარში. მე არ ვარ სიაახლეების წინააღმდეგი, მაგრამ ძველის დანგრევა არ შეიძლება – ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თუ აპირებენ ძველი ალეების მოშლას, ეს უკვე ძალიან ცუდია. ეს არის დასვენების ზონა ჩვენი ბავშვებისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის. მე აქ გავიზარდე, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, მინდა ჩემმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმაც ისეირნონ ძველ ბულვარში.“

მარინა მეგრელიშვილი და ნინა ოგანეზოვა
მარინა მეგრელიშვილი და ნინა ოგანეზოვა

ბათუმელი მხატვარი, თორნიკე აბესაძე ამბობს, რომ კონცეფციას გაეცნო, არ მოეწონა და ამიტომაც გადაწყვიტა აქციაზე მოსვლა: „ახალი ბულვარი, საერთოდ არ არის ათვისებული და რაღაც საოცრებებს გვთავაზობენ აქ, რაშიც უნდა დახარჯონ ფული. კი, მართალია, უნდა აიღონ ეს საშინელი კაფეები და რესტორნები, მაგრამ დანარჩენ არაფერს არ უნდა შეეხონ, ბულვარი უნდა იყოს სარეკრეაციო ადგილი, რომ დაისვენოს ადამიანმა, გამოვიდეს მინდორზე დაჯდეს, ისეირნოს.“

ძველი ბულვარის განვითარების კონცეფცია დაუსაბუთებლად მიაჩნია მალხაზ ნაკაშიძეს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორს: „კონცეფცია სხვაგვარად წარმომიდგენია, უნდა იყოს დოკუმენტი, დასაბუთება, მიზნები, შედეგები და ა.შ. რაც ვნახე, არ მგონია ეს იყოს კონცეფცია. ბულვარს სჭირდება მიხედვა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი რადიკალური ჩარევა არ ვიცი რატომ არის აუცილებელი. შეიძლებოდა სხვაგან დაეხარჯათ ეს თანხა, ბულვარის სხვა ტერიტორიაზე, ქალაქის სხვა ადგილზე, სადაც არის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს კონცეფცია ნაჩქარევი მეჩვენება“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

25 დეკემბერს ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას ის თბილისელებიც შემოურთდნენ, რომლებიც ამჟამად ბათუმში იმყოფებიან. თამარ მირიანაშვილი ფოტოგრაფი და ბლოგერია. იგი ამბობს, რომ ნახა ვიდეორგოლი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფციას ასახავს და ამიტომაც გადაწყვიტა აქციაზე მოსვლა: „მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორად დაიხარჯება თანხა, ძალიან არაპრაქტიკული იქნება საერთო ინფრასტრუქტურისთვის. ცოტა უფრო გამოცდილი ხალხის მოწვევა კარგი იქნებოდა, რომ ადგილობრივებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა შეიმუშაონ საბოლოოდ. რაც ვნახე, ეს მკვეთრი ცვლილებების მომტანი იქნება, სჯობს განავითარონ ბულვარის ის ნაწილი, სადაც არაფერი არ ხდება, ვიდრე ძველ ბულვარში განახორციელონ ეს ცვლილებები“ – ამბობს თამარი.

„ქალაქი პირველ რიგში არის მოქალაქეების და არა ხელისუფლების“ – ამბობს ანა მარგველაშვილი, „ტფილისის ჰამქარის“ მოხალისე: „შემთხვევით ვარ ბათუმში, გავიგე, რომ იყო ეს აქცია. როგორც ჩანს ძალიან ბევრ შეკითხავს ბადებს პროცესი, რომელიც ძველ ბულვარს უკავშირდება, განსაკუთრებით სავალი ნაწილების გაუქმება. ვფიქრობ, ადგილობრივი ხელისუფლება გაცილებით მეტად უნდა მუშაობდეს მოსახლეობასთან მსგავსი კონცეფციების დამუშავების დროს“.

აქცია ბათუმის ბულვარში
აქცია ბათუმის ბულვარში

ბულვარში აქციის პარალელურად ბულვარის ახალი კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოშიც.

აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის აუცილებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იმით ხსნიან, რომ ბულვარი განახლებას საჭიროებს.

ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის იდეას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და ბულვარში მდებარე კაფე-ბარების მფლობელების ინტერესები ამ შემთხვევაში ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ძველი ბულვარი უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ იერსახე არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ იქნება – ასეთია მათი პოზიცია.

დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]

25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ქრისტეშობის დღე ბათუმში

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია:

„რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული ადამიანებისთვის, თუმცა პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ღმერთზე, რადგან მოწყალება თვითონ ღმერთია“-აღნიშნა პადრემ.

შობის ღამეს კათოლიკურ ეკლესაში ორი ბავშვი მოინათლა, წირვის შემდეგ კი გაიმართა საშობაო ტრაპეზი.

ევანგელური მიმდინარეობის ექვსმა ეკლესიამ, ბათუმში, ქრისტეშობის დღე ერთად აღნიშნა. საზეიმო მსახურება წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში საღამოს ათ საათზე დაიწყო. მსახურების შემდეგ გაიმართა საშობაო კონცერტი. მოზარდებმა წარმოადგინეს პერფორმანსი.

სადღესასწაულო წირვაზე არცერთ ეკლესიაში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

 

კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამი კომპანიის, მათ შორის „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ შერწყმა და ახალი კომპანია დარეგისტრირდა. „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ შეერწყა „კომპანია საქტურკურორტს“, რეორგანიზაციის შედეგად კი ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი კომპანია სახელწოდებით: შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

კომპანიების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში 2015 წლის 20 ოქტომბერს მიიღო შპს „კომპანია საქტურკურორტის“  წილის 91,7%-ის მფლობელი  ავსტრიული კომპანია „ალბერეტას“ დირექტორმა ფლორიად კოშათმა [ჰოლანდიის მოქალაქე]. თავის მხრივ „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ „კომპანია საქტურკურორტის“ შვილობილი კომპანიები იყო.

ვენაში ასევე გადაწყდა, რომ შპს „დრიმლენდ ოაზისი“ იყოს ყოფილი სამი საწარმოს სამართალმემკვიდრე, „ანუ ყველა საწარმოს აქციები და ობლიგაციები პირდაპირ გადატანილია ახალ კომპანიაში“.

რეესტრის მონაცემებით, შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 91,7%-ის მფლობელად რჩება ავსტრიული კომპანია „ალბერეტა“, ხოლო 8,3%-ს კვლავ ფლობს საქართველოს მოქალაქე ნათია ბუკია.

„დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორია ნიკოლოზ გეგუჩაძე, რომელიც „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ დირექტორი იყო.

ნიკოლოზ გეგუჩაძემ ვენაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საჯარო რეესტრს განცხადებით 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა. საჯარო რეესტრმა საქმის წარმოება შეაჩერა და „საქტურკურორტის“  წილის 8,3%-ის მფლობელის ნათია ბუკიას თანხმობა მოითხოვა.

ნათია ბუკიას თანხმობის განცხადება „საქართველოში რეგისტრირებული „კომპანიის“ შვილობილი კომპანიების დედა კომპანიასთან შერწყმაზე“ საჯარო რეესტრს 2015 წლის 23 დეკემბერს წარედგინა.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია კი იყო შპს „საქტურკურორტი“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი იურიდიული სახელით  – შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის “ბათუმი” ზამთრის სერია – 2015 დასკვნითი მესამე ტური გაიმართა

25 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის –  “ბათუმი” ზამთრის სერია-2015 – დასკვნითი მესამე ტური გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გადასული ექვსი გუნდიდან  სამი  კერძო  და სამი საჯარო სკოლა  იყო.

2

გაიმარჯვებული გახდა #7  საჯარო სკოლის გუნდი  “ფესტინა-ლენტე” (47,1 ქულა) , მეორე ადგილზე გავიდა სასულიერო გიმნაზიის  გუნდი “ჭოტი” (42,0 ქულა)  და მესამე ადგილზე შაჰინის მეგობრობის სკოლა ლიცეუმი, გუნდი “მუზა” (38,7 ქულა).

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა ხელოვნების უნივერსიტეტის, გამომცემლობა “წიგნები ბათუმშის”, აჭარის ა. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა.

ოლიმპიადის  შემდეგი, მესამე სეზონი გაიმართება 2016 წლის გაზაფხულზე.

3

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

რა როლი და ფუნქცია აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს, რა განასხვავებს მას საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან, რა ტიპის საქმეებს განიხილავს და რამდენი მოსამართლე, რა ვადითა და ფორმით აირჩევა – ამ თემებზე სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ესაუბრა. დისკუსიაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა მოხსენება, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა.

დისკუსიაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობასა და ბოლო დროს სასამართლოზე საჯარო პირთა მხრიდან გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრა.

მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, საკონსტიტუციოს სასამართლოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების ავტორებად საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ ჯგუფებს მოიაზრებს, რაც არაჯანსაღ დამოკიდებულებას ქმნის ერთ-ერთ უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუციისადმი.

“ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს, როგორ შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ყოველდღიურობას, ჩვენ, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაინტერესებს, რამდენად წაადგება და ხელს შეუწყობს ესა თუ ის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას და სხვა მნიშვნელოვანი პროცესის სწორი კალაპოტით წარმართვას ქვეყანაში. გაგახსენებთ, გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა პირის წინასწარ პატიმრობაში ვადასთან დაკავშირებულ სარჩელს – ცხადია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არა მხოლოდ კონკრეტულმა საჯარო ფიგურამ – გიგი უგულავამ ისარგებლა ამ უფლებით, არამედ ეს ნორმა შეეხო ყველა სხვა პირსაც, ვინც წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა”, – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საკუთრივ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სარჩელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჭკადუას თქმით, ორგანიზაციამ გამოიყენა კანონით მონიჭებული უფლება და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატებასაც მიაღწია, როცა 2013 წლის ბოლოს უცხოელებზე მიწის გაყიდვის დროებით აკრძალვა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.

„ეს აკრძალვა აფერხებდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინტერესს უკარგავდა მსხვილ თუ საშუალო ბიზნესმენებს, საქართველოში საქმიანობა დაეწყოთ. ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა და შედეგსაც მივაღწიეთ. ახლა სხვა საკითხზეც გვაქვს შეტანილი სარჩელი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: გახსოვთ ალბათ კამპანია “ეს შენ გეხება”, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ამხელს და ითხოვს კანონმდებლობისა და შესაბამისად, პრაქტიკის შეცვლას. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული მოდელი სახელმწიფოს ჩვენს პირად მონაცემებზე წვდომის შეუზღუდავ საშუალებას აძლევს, რაც ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამჯერადაც გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებებს და ქვეყნის პარლამენტს კანონმდებლობის შესწორებას მოსთხოვს”, – აღნიშნა მან.

აღმოჩნდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხშირად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობის სხვა ფორმასაც – ორგანიზაციის იურისტებმა არაერთხელ მოამზადეს ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება: კონკრეტული სარჩელის განხილვის დროს მზადდება უცხო ქვეყნის შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების მიმოხილვა და ეგზავნება მოსამართლეებს, მათი გათვალისწინება კი უკვე თავად მსაჯულთა გადასაწყვეტია.

ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტმა, ელზა ლემსაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ ატარებდნენ საჯარო, ღია ლექციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სტუდენტებისთვის, რადგან, სტუდენტის შეფასებით, ეს ბათუმელი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ლექციები სკოლის მოსწავლეებისთვის ხშირად ტარდება ბათუმში, რამდენიმე მოსამართლე კი, როგორც მიწვეული სპეციალისტი, უნივერსიტეტშიც ატარებს ლექციებს.

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში
დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ მოსამართლეს ჰკითხა, მიზეზი მედიის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მომატებული ინტერესისა. მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, რამდენიმე ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. მოსამართლე პაპუაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ საქმე მედიის თავისუფლებას ეხებოდა და კოლეგები ამ საქმეს უფრო დეტალურად და ხშირად აშუქებდნენ.

დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, უფრო მეტ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო ვიდრე წინა წლებში [2004-დან 20012 წლამდე პერიოდში].

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში
დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.

მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი

16

Exit mobile version