მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე

29.12.2015 • 2570
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების წილია (33,5%), რაც საკმაოდ სოლიდურია.

აჭარის მთავრობა: 2014 წლის მე-4 კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი განყოფილებებით სულ 27 საშტატო ერთეულით. აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნა შრომის ანაზღაურების მუხლში შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნება როგორც 2014 წლის მე-4 კვარტალში, ასევე 2015 და შემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის.

ენმ: საინტერესოა სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა და აღარ ფინანსდება 2015 წლის ბიუჯეტში გაწერილი გრძელვადიანი (4 წლიანი) პროგრამები. კერძოდ:

სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი განვითარების ხელმწყობი ღონისძიებების განხორციელება; (ფინანსდებოდა 2014 წელს)

ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;

მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა. (ფინანსდებოდა 2014 წელს).

ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ სამინისტრო პრიორიტეტების განსაზღვრისას არ ახორციელებს ანალიზს და სათანადო კვლევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 4 წლიანი პროგრამები შეუძლებელია ყოველგვარი დასაბუთების და განმარტებების გარეშე შეჩერდეს.

აჭარის მთავრობა: სამინისტროს 2016 წელს დაგეგმილია აქვს, „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელება. კერძოდ, დაიხვეწა სათბურის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები, სულ ქვეპროგრამის ფარგლებში შემოტანილი იქნება  84 ერთეული 50 კვ.მ-იანი და 15 ერთეული 104 კვ.მ -იანი სათბური, სულ 99 ცალი კონსტრუქცია, რომელიც თანადაფინანსების (ღირებულების 30% გადაიხდის ფერმერი და აგრომეწარმე) გადახდის შემდეგ გადაეცემათ რეგიონის ფერმერებს და აგრფომეწარმეებს. ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ამასთან, გასულ წლებისაგან განსხვავებით ფერმერებზე 104 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციების გადაცემა სიახლეს წარმოადგენს, რადგან აქამდე ქვეპროგრამით გათვალისწინებული იყო მხოლოდ 50 კვ. მ – იანი სასათბურე კონსტრუქციები.

სამინისტროს პროგრამების განხორციელების პროცესში ბენეფიციართა შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება რეგიონში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს,  რაც თავის მხრივ მოიცავს კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას.

ასევე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციებიც  თავიანთი პროგრამებით/გრანტებით ორიენტირებული არიან  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობაზე.

მიმდინარე წელს სამინისტრომ ფერმერთა განცხადებების საფუძველზე   ქვეპროგრამების სახით განახორციელა 70 ერთეული მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი წისქვილის მობილური დანადგარისა და 125 ერთეული უკრაინული წარმოების ხილისა და ბოსნეულის ელექტროენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარის შესყიდვა და თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გადაცემა. წისქვილი გამოიყენება მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა), ძირხვენა კულტურებისა და ჩალის ღეროების დასაქუცმაცებლად, რომლისგანაც მზადდება  შინაური ფრინველისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვები. საშრობი დანადგარით შესაძლებელია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის, მწვანილის, სოკოს, თევზის შრობის პროცესების ჩატარება. შესაბამისად ფერმერები შეისწავლიან სხვადასხვა ნედლეულის შრობის ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად განახორციელებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებასა და ნაწოლობრივ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას.

ვინაიდან სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს,  2016 წელს სამინისტრო ორიენტირებულია სხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგცვაზეც. მაგალითად, რეგიონის მეთხილე ფერმერებს ვთავაზობთ სიახლეს, კერძოდ, თხილის ამკრეფი და თხილის გასარჩევი დანადგარებით უზრუნველსაყოფის მიმართულებით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის წარმოების ერთ – ერთ ძირითად დარგად ითვლება, ხოლო მერძეული მეცხოველეობის დარგი უმნიშვნელოვანი მიმართულებაა, ის ემსახურება ისეთი ფასეული პროდუქტების წყაროს,როგორიცაა რძე და  რძის პროდუქტები. მიმდინარე წელს ჯიშგანახლების მიზნით  ქვეპროგრამის  „მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემოყვანილია 75 სული  მაღალპროდუქტიული „ჯერსის“  ჯიშის მაკე (არანაკლებ 5 თვე) პირუტყვი.

სამინისტროს სტრატეგიულ გეგმით გათვალისწინებულია შემდგომ 2017-2019 წლებშიც რეგიონში ჯიშგანახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის პირუტყვის  ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მეშვეობით და  „ENPARD აჭარის“ პროგრამის ფარგლებში.

„ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა“  ფარგლებში  2015 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მოეწყო  4 ცალი  200 კვ.მ  მარწყვის კულტურის წარმოებაზე ორიენტირებული მცირე  200 კვ.მ-იანი სათბურები სამაცივრე მეურნეობებით, აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია მარწყვის წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა და ამ მიმართულებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა  ცნობიერების ამაღლება და დარგის განვითარებისათვის  ინოვაციური მიდგომების  დანერგვის  ხელშეწყობა.

ამასთან, ა(ა)იპ აგროსერვს ცენტრის სადემონსტრაციო სათბურში  თითქმის ანალოგიური ტექნოლოგიებით  მიმდინარეობს  მარწყვის სადემონსტრაციოდ მოვლა-მოყვანა. შესაბამისად რეგიონის ფერმერები და აგრომეწარმეები, რომლებიც დაინტერესებული არიან მარწყვის კულტურის სასათბურე პირობებში წარმოებით შეუძლიათ მიიღონ  მაქსიმალური ინფორმაცია (რაც ხორციელდება აგროტურების მეშვეობით). გარდა ამისა ქვეპროგრამის  „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლბში ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ თანადაფინანსებით როგორც 50 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციებით, ასევე 104 კვ.მ-იანი სათბურებით  რომლის განხორციელებაც გათვალისწინებულია სამინისტროს 2016 წლის პროგრამებში და მიღებულ სათბურებში დანერგონ მარწყვის წარმოება.

მეფუტკრეობის  დარგის  განვითარების  ხელშეწყობისათვის აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის  მეურნეობის სამინისტრომ  2013-2015 წლებში  მეფუტკრეებსა  და  მეფუტკრეობის  დარგის  კოოპერატივებს  თანადაფინანსების  პრინციპით  გადასცა  1924  ცალი  პოლისტიროლის  მასალისაგან  დამზადებული  ფინური  წარმოების  ორსართულიანი  დადანბლატის  სისტემის  სკები.  მიგვაჩნია, რომ განხორცხიელებული პროგრამამ  ფერმერებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეს  და აღნიშნული სკების უპირატესობებს.

სამომავლოდ სამინისტრო ორიენტირებულია მეფუტკრეობის დარგში სხვა ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე და მათ შორის თანამედროვე ტიპის თაფლის საწური აპარატების შემოტანაზე რაც გათვალისწინებულია  2016  წლისათვის. კერძოდ  შემოტანილი იქნება  120  ერთეული   მექანიკური  თაფლის  საწური  აპარატი.

ენმ: სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის       პროგრამაში აუცილებლად მიგვაჩნია მკაცრად განისაზღვროს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რათა მისგან არ მივიღოთ საკუთარი ახლობლების ხელშეწყობის ახალი ინსტრუმენტი. პროგრამებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსგავსად სხვა პროგრამებისა ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის კრიტერიუმები და ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა სპეციალურ კომისიას ეკისრება, რაც ჩვენი აზრით, ასევე არ გამორიცხავს ნეპოტიზმის საფრთხეებს.

მთავრობა: 2014  წელს დაიგეგმა ქვეპროგრამა „ფერმერთა ნაკვეთებზე ნიადაგის  ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის ღონისძიებების გამოყენება” რომლის ფარგლებშიც  შემოტანილი და გადაცემულია 8000 ტონა დეფეკაციური ტალახი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მელიორანტია მჟავე და ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის. დეფეკატის შეტანის შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  შავიზღვისპირა სუბტროპიკული ზონაში  და ნაწილობრივ კონტინენტალური ზონის  ნიადაგებში,  სულ – დაახლოებით  800 ჰა-ზე  მოხერხდა ნიადაგის მჟავე არის რეაქციის  განეიტრალება, გაზრდილია ნიადაგის ნაყოფიერება და გაუმჯობესებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის შესაძლებლობები, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით სამინისტროს ქვეპროგრამის „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში“ ფარგლებში  სამომავლოდ შემოტანილი იქნება 462.5 ტონა ქარხნული წესით დამზადებული ბიოსასუქი და გადაეცემა ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს  და აგრომეწარმეებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას და მის გაუმჯობესებას.

გაცნობებთ, რომ სამინისტროს განაწილების კომისებში, აქტიურად ჩართულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქ. ბათუმისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და მათ შორის უმაღლესი საბჭოდან, ასევე სამინისტრო მზად არის განაწილების კომისებში ითანამშრომლოს ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამდენად, სამინისტროს ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების განსაზღვრას არ ახორციელებს ერთპიროვნულად, იგი წარმომადგენლობითობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების საფუძველზე დგინდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: