მთავარი

ძალა, რომელსაც მკითხველი გაძლევს

03.01.2016 • 2027
ძალა, რომელსაც მკითხველი გაძლევს

ეთერ თურაძე, გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი

ეთერ თურაძე, გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი

გადავწყვიტე გაზეთ “ბათუმელების” წლის ბოლო ნომერში, მთავარ გვერდზე გაზეთისა და მკითხველის ურთიერთობაზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეს ურთიერთობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია – ჰგავს გზას სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. ამ გზებზე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვაქვს – ეს გაზეთი არსებობს მხოლოდ თავისი მკითხველით და მხოლოდ თავისი მკითხველისთვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ “ბათუმელების” ბეჭდური ვერსია 2016 წელსაც აუცილებლად გამოვა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, გაზეთის ბეჭდური ვერსიის შენარჩუნება სულაც არ არის მარტივი საქმე – საქართველოში უკვე არაერთი გაზეთი დაიხურა იმის გამო, რომ მასში მკითხველს ფულის გადახდა აღარ მოუნდა. “ბათუმელები” არ დგას ასეთი გამოწვევის წინაშე – და ეს იმიტომ, რომ ჰყავს მკითხველი, მათ შორის ბევრ მათგანს დიდი ხნის წინ მივანიჭეთ სტატუსი – “ერთგული მკითხველი”.

“ბათუმელების” მკითხველი მრავალფეროვანია: ზოგიერთი პროევროპელია, ზოგიერთი – პრორუსი, ვინ – სტუდენტია, ვინ – პენსიონერი, ვინ – სოციალურად დაუცველი, ვინ – ხელისუფლებას წარმოადგენს. ცხადია, “ბათუმელები” ყველაზე დიდ მხარდაჭერას მაინც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გრძნობს.

ჩემი აზრით, გაზეთი კარგად ასრულებს “მოდარაჯე ძაღლის” ფუნქციას – აკონტროლებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, მისთვის უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებებია.

სწორედ ამის გამო ზოგიერთი მკითხველი ბრაზობს ხოლმე გაზეთ “ბათუმელებზე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მის ხელმოწერაზე, ზოგჯერ წაკითხვაზეც კი უარს აცხადებს. ასეთი არაერთი ისტორიის გახსენება შეიძლება.

მაგრამ ახლა არც ერთის გახსენებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ერთს ვიტყვი – ჩვენ შევეჩვიეთ ამას. მეტიც, ჩვენ ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა: არც თუ იშვიათად, სწორედ მას, ვისაც ოდესღაც ყველაზე მეტად გაუკრიტიკებია გაზეთი “ბათუმელები” თავისი შინაარსის გამო, დადგომია ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, როდესაც თავად დასჭირვებია “ბათუმელების” მხარდაჭერა და მიუღია კიდეც ეს მხარდაჭერა.

ამ გამოცემის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ეს არის – აქ არ იმახსოვრებენ ვინ და როდის აკრიტიკებდა მას, ამ გამოცემაში ისმის ნებისმიერი ადამიანის ხმა, “ბათუმელებისთვის” არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება, ვინ აიგივებს საკუთარ თავს დომინანტურ რელიგიასთან და ვინ რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენს, ვის რა სექსუალური ორიენტაცია აქვს, ვინ რომელი ფობიით არის შეპყრობილი – აქ ყველას უსმენენ… ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ერთ ოქროს წესს – უარს მხოლოდ სიძულვილის ლექსიკის შემცველი ტექსტების გამოქვეყნებაზე ვამბობთ. ამას საქართველოს კონსტიტუციაც კრძალავს.

ფაქტია, წელს, “ბათუმელების” მხარდაჭერით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. ვფიქრობ, ჩვენ ასევე მოვახერხეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უფრო კრიტიკულად შეეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებებისთვის და შეეცვალათ ის საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით საკუთარ თავში გვეპოვა იმის ძალა, რომ საზოგადოებამდე მიგვეტანა სრულიად დახურული თემები, ისეთები, რომლებიც სხვა ჟურნალისტებმა ან ვერ შენიშნეს, ან ვერ მოახერხეს მისი მიუკერძოებლად გაშუქება. ჩვენ არამხოლოდ ეს მოვახერხეთ, არამედ შევძელით ისიც, რომ ნაციონალური მაუწყებლების მთავარი თოქ-შოუების განხილვის საგნად გვექცია ეს თემები. მინდა იცოდეთ – ეს სერიოზული ადრენალინია “ბათუმელების” თითოეული თანამშრომლისთვის.

და ჩვენ გაგვიმართლა კიდეც – 2015 წელს ჩვენი მუშაობა საერთაშორისო დონეზე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული: “ბათუმელების” ელექტრონული გამოცემა netgazeti.ge წელს დაჯილდოვდა ევროპის პრესის პრიზით.

მაგრამ წლის მიწურულს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამბად მაინც სხვა თემა იქცა – ახლახან ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებას საქართველო იმსახურებს. მე მთელი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს ექსპერტთა მოსაზრებებს ამ მიმართულებით, თითქმის ყველა ნომერში ვაქვეყნებდით სტატიებს “ასოცირების ხელშეკრულების” შესრულებასა და იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ამ მხრივ მოვლენები საქართველოს გარშემო. ვშიშობდი, რომ, ამ მოვლენას კიდევ ერთი წლით გადაავადებდნენ. ახლა კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია _ დამდგარი შედეგით მე და მთელი ჩვენი გუნდი უსაზღვროდ გახარებულები და ბედნიერები ვართ… ვფიქრობ, ამ საქმეში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი “ბათუმელებზეც” მოდის.

ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გახდეს განვითარებული მსოფლიოს ნაწილი. გპირდებით, მომავალში მთელი ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ იქნება მიმართული. ცხადია, ამას თქვენ გარეშე ვერ მოვახერხებთ.

დეტალებს, თუ რა ფორმატში შეიძლება ჩვენი ურთიერთობის, თანამშრომლობის გაგრძელება, ახალი წლიდან მოგაწვდით.
ახლა კი ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სარედაქციო სვეტი გამოქვეყნდა 2015 წლის გაზეთ “ბათუმელები” წლის ბოლო ნომერში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: