სიახლეები

ქარტიის საბჭოს განცხადება შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით

30.12.2015
ქარტიის საბჭოს განცხადება შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით

29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება “ტელეარხი 25-ის” მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია მერკვილაძის  იძულებით შვებულებაში გაშვების ფაქტს. მაია მერკვილაძე და არხის ჟურნალისტების ერთი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ამ დრომდე ვერ მიიღეს მფლობელებისგან დასაბუთებული პასუხი, რის გამო გაუშვეს იძულებით შვებულებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს მიადევნებს “ტელეარხი 25-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, არ შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა და შენარჩუნებული იყოს მთავარი ღირებულება – სარედაქციო დამოუკიდებლობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.