გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

კვირას, 23 იანვარს, ბათუმში, 19 საათზე, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართება, რომელსაც წიგნის ავტორიც დაესწრება.

“ორი თავგადასავალი“ – ასე ეწოდება გიორგი კეკელიძის ახალ რომანს.

“ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები.

მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან ამაო ბრძოლა და მთვარეზე გაუხსნელი კოოპერატივი.

მიჰყევით ლევან ბარამიძეს – მისი ამბავი მოკლეა და ბევრს მოგითხრობთ“ – აღნიშნულია რომანის ანოტაციაში.

წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში” გამოსცა.

პრეზენტაციაზე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ფასდაკლებით, 5 ლარად. დასწრება თავისუფალია.

აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში H1N1 გრიპის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ავადმყოფი გამოჯანმრთელების ფაზაშია. მისივე თქმით, რამდენიმე ნიმუში გაგზავნილია თბილისში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ჯერ შედეგი ცნობილი არ არის.

„რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს და გრიპს, ყოველკვირეულად ვიღებთ ინფორმაციას და ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი მატებაა. შარშან პიკი იყო თებერვლის თვე და სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოიმატებს შემთხვევები წელსაც.

ყოველ სეზონზე გრიპის რომელიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. წელს ცირკულირებს A ტიპის ვირუსი – H1N1. ეს არის ჩვეულებრივი, დამახასიათებელი ეპიდსეზონი. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა მას არ ნიშნავს, რომ ისეთი დავადებაა გავრცელებული, რაც წინა წლებში არ ყოფილა. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს იმუნიტეტი უკვე გააჩნია, რადგან H1N1რამდენიმე წელია უკვე ცირკულირებს.

შარშან ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების 85 პროცენტი იყო B ტიპის ვირუსი. A ტიპის ვირუსი იყო დაახლოებით 10-12 პროცენტი და ისიც ქვეტიპი იყო H3“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, H1N1, რომელმაც გამოიწვია 2009 წლის პანდემია, დღესდღეისობით ცირკულირებს როგორც სეზონური გრიპის ვირუსი და H1N1 დაავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, გრიპის პირველივე ნიშნების შემთხევევაში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რომ არ მოხდეს დაავადების გართულება.

„აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდა, ოთახის ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს დაყოვნებისაგან თავის არიდება და თუ ოჯახში დაავადებულია, სასურველია დაავადებულმა პირბადე გამოიყენოს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

65 წელზე ზემოთ მოსახლეობისთვის კი სასურველია ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან ისინი არიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები. ვაქცინის შეძენა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, თუმცა ვაქცინაცია აუცილებლად ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

ყველა სკოლასა და ბაღს მიღებული აქვს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები: შენობის ხშირი განიავება, სველი წესით დასუფთავება და ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ხელები დაიბანონ ხშირად. თუკი რამე ჩივილი ექნება ბავშვს, უმჯობესია მშობელმა ბავშვი არ გაუშვას სკოლაში ან ბაღში ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

H1N1-ის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება დაბალანსებული, ვიტამინიზებული საკვების გამოყენება“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

გასულ კვირას თბილისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ვირუსმა პაციენტის ძირითადი დაავადების გართულება გამოიწვია. 4 ადამიანი გარდაიცვალა H1N1 ვირუსით სომხეთში, ხოლო ათობით პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტში წელს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. სოფელ ოქტომბერში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 15 იანვარს 347 337 ლარზე გამოაცხადა.

შესყიდვის სახელნწიფო ვებგვერდის მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება. ტენდერი 5 თებერვალს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ოქტომბერში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ქედის გამგეობის მიერ ბაღის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიას შეეძლება, რომელსაც 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 1000 000  ლარის ღირებულების მსგავსი სამუშაოები ჰქონდა შესრულებული.

იბიარდი ქობულეთის წყალკანალისთვის სესხის ოდენობას გაზრდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკს [EBRD] შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  სესხი მთლიანად ხმარდება ,,ქობულეთის წყალანირების პროექტი“-ს მხარდაჭერას, რომელიც ჩოლოქის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას და ახალი ტექნოლოგიით ფუნქციონირებას ითვალისწინებს.

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სესხის ოდენობა ამჯერად 900 ათასი ევროთი იზრდება. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 3,6 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც 1,5 მილიონი ევრო იბიარდის გრანტი, ხოლო 1 597 000 ევრო სესხი იყო [თანხის დანარჩენი აჭარისა და ქობულეთის ბიუჯეტებიდან დაფინანსდება].

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგებლისათვის შესაბამის ხელშეკრულებებზე [შესატანი ცვლილებების გამო] ხელმოწერის  უფლების მიცემაზე თანხმობის საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

გამგებლის ინფორმაციით უცხოურმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება იყო გაფორმებული, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. სამუშაოებს, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ზედამხედველობს. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ქობულეთის გამგებლის განცხადებით, ქალაქის ძირითად ნაწილში საკანალიზაციო ქსელი მოწესრიგებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი უბნებიც [ჩოლოქის ჩათვლით] მოწესრიგდება.

ბათუმში კაფე-ბარის შენობა დაიწვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე კაფე-ბარს ცეცხლი დაახლოებით 5-ის ნახევარზე გაუჩნდა. 70 კვადრატულ მეტრ ფართბზე დაიწვა ბამბუკის ნაგებობა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, კაფე-ბარი კერძო საკუთრებაშია და ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით.

შემთვევა 17 იავნარს მოხდა. დაახლოებით იმავე დროს ხანძარი ბათუმში გუშინაც გაჩნდა, დაიწვა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ზურაბ ბაქრაძე: ბულვარში ჩარევა საზოგადოების გარეშე არ უნდა ხდებოდეს [ვიდეო]

„ბათუმის ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის დაგება არსებითი ჩარევაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში… ბათუმელების, საზოგადოების ნებართვის გარეშე, ბულვარში ჩარევა არ უნდა შეიძლებოდეს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც დღეს ბათუმში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

„რაც გასაჯაროვდა, მართალია არ არის სრულყოფილი კონცეფცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, თუმცა, პირველი ესკიზის დონეზე ის უარსაყოფია“ – ამბობს ზურაბ ბაქრაძე ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით.

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად [ფოტო]

17 იანვარს, გორგილაძის ქუჩაზე, “ვარდების სკვერში”, აქცია „არა ბულვარის დამახინჯებას“ გაიმართა.
მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნაა შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.
ბულვარის იერსახის შეცვლის წინააღმდეგ, აქციაზე შეკრებილები ხელწერილებს აგროვებდნენ.
 ბულვარის დასაცავად მოქალაქეთა აქციები 2015 წლის 25 დეკემბრიდან პერმანენტულად იმართება.
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი VS როჯერ ფედერერი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველ წრეში შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, როჯერ ფედერერი კი – ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალგზის დიდი სლემის გამარჯვებული.
ისინი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
„Australian Open 2016“ – 18-31 იანვარს ქალაქ მელბურნში, სპორტულ კომპლექს მელბურნის პარკში გაიმართება.
ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის მეორე ტურნირია, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითად ბადეში ითამაშებს.

ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის

მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთჯერად დახმარებებს გასცემს აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, ახალშობილი ტყუპების ოჯახებზე და 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებზე.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

მატერიალური დახმარება-1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

დაფინანსების ფორმა

თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ორი ან ორზე მეტი ტყუპი.

დაფინანსების ფორმა

თანხა ტყუპისცალზე შეადგენს 1000 ლარს, ჩარიცხვა განხორციელდება მშობლის საბანკო ანგარიშზე.

2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

პროგრამა ითვალისწინებს

2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.

დაფინანსების ფორმა

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა [ვიდეო]

ბათუმში, აღმაშენებლის დასახლებაში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის. დაიწვა სახურავის 800 კვადრატული მეტრი და გადარჩა, მხოლოდ 400 კვადრატული მეტრი.
შემთხვევა, 16 იანვარს, დაახლოებით, საღამოს ხუთ საათზე მოხდა.
ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით.
„ბათუმელები“ ბათუმის მერს გიორგი ემაკოვსაც დაუკავშირდა.
„განვიხილავთ რისი დახმარება შეგვიძლია და რამდენ ოჯახს შეეხება“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მოგვაწოდა ჯაბა გობაძემ

სასამართლოს ხელვაჩაურში ორი ახალი მოსამართლე ჰყავს

ხვიჩა კიკალიშვილი
ხვიჩა კიკალიშვილი

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარედ ხვიჩა კიკალიშვილი დაინიშნა. მანამდე ხვიჩა კიკალიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. 50 წლის ხვიჩა კიკალიშვილი დაიბადა დედოფლისწყაროში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. პირველად მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას 2006 წელს შეუდგა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.

ხელვაჩაურის რაონულ სასამართლოში  ასევე მოსამართლედ გაამწესეს ნუგზარ მგელაძეც. 2005-2010 წლებში ნუგზარ მგელაძე რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, პარალელურად კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 53 წლის ნუგზარ მგელაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა. ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

პატიმარი: ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან

ბათუმის მე-3 საპყრობილეში განთავსებული პატიმრი გიორგი ქ. თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით უყვება საქართველოს პარლამენტის წევრებს, უფლებადამცველებს, მედიას. ის შიშობს, რომ თუ  ოპერაციას დროულად არ გაუკეთებენ, დაბრმავება ემუქრება.

პატიმარმა გიორგიმ თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით აცნობა დეპუტატებს – ეკა ბესელიას, ანი მიროტაძეს, მანანა კობახიძეს, ვახტანგ ხმალაძესა და ელისო ჩაფიძეს. ის დეპუტატებს დეტალურად აცნობს თავის პრობლემებს: „მზერაში“ [ოფთალმოლოგიური კლინიკა] გამოკვლევის შემდეგ ბატონმა ჩიჩუამ მიუთითა, რომ მესაჭიროება რეფრაქციულ ქირურგთან კონსულტაცია და გადაწყვეტს ოპერაცია გამიკეთოს თუ არა და შემინარჩუნდება მხედველობა თუ არა. ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან. ვხმარობ კონტაქტურ ლინზას და ახლა უკვე ამ 12%-თაც ვეღარ ვხედავ. ასევე მარჯვენა თვალის პროტეზი მაქვს შესაცვლელი“.

პატიმარი წერს, რომ კონტაქტური ლინზის შეცვლაზე არაერთი ოფთალმოლოგის რეკომენდაცია აქვს, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა ამის მიღწევა, თავად კი ლინზის შეძენის საშუალება არ აქვს.

„დიდი თხოვნის და არაერთი განცხადების შემდეგ მე მარეგისტრირებენ გეგმიურ რიგში, სადაც შეიძლება გაყვანა მომიწიოს თვეების მერე… გვიანდება ჩემი გაყვანა კონსულტაციაზე და გამორიცხული არ არის, რომ აღარ გამიკეთონ ოპერაცია. მინდა დამეხმაროთ, რომ რაც შეიძლება მალე გამიყვანონ ოპერაციაზე. ასევე შემიცვალონ მარჯვენა თვალზე პროთეზი და მომცენ კონტაქტური ლინზა“, – წერს პატიმარი დეპუტატებისადმი გაგზავნილ წერილში.

პატიმარი ასევე შიშობს, რომ იღებს ისეთ წამლებს, რაც, მისი აზრით, იწვევს დაბრმავებას. „მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ“, – წერს პატიმარი წერილის ბოლოს.

იგეგმება თუ არა პატიმარ გიორგი ქ.-სთვის უახლეს პერიოდში ოპერაცის გაკეთება? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა. სამინისტრომ „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობა:

„გ.ქ-ს მდგომარეობასთან დაკავშირებით N3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალი საქმის კურსშია. ამ ეტაპზე, ოპერაციული მკურნალობის ჩატარებაზე რეკომენდაცია გაცემული არ არის. პაციენტი დარეგისტრირებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად შემდგომი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, რაზეც მან ერთხელ უარი განაცხადა. გ.ქ-ს ხელახლა შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება, უკვე დარეგისტრირებულია და სწორედ ამ გამოკვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად განისაზღვრება რა ტიპის სამედიცინო  მომსახურება გაეწევა“.

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად და ბულვარი დღეს |ფოტო|

კვირას, 17 იანვარს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „ვარდების სკვერში“ [ქალაქის მერიასთან] დაგეგმილია მორიგი აქცია – „არა ბულვარის დამახინჯებას“.  აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე” ვრცელდება. აქციის ორგანიზატორთა ძირითადი მოთხოვნებია:

  • „ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნება; მათი სათანადოდ მოვლა, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნება.
  • კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
  • გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
  • ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
  • სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას“.

ბათუმის ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.  ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი უქმდება. მის ნაცვლად ბალახის კორდის მოწყობაა გათვალისწინებული, რასაც ბათუმის საზოგადოება აპროტესტებს.

ბულვარში ერთი ბილიკი უქმდება და მის ნაცვლად ბალახის კორდი იგება
ბულვარში ერთი ბილიკი უქმდება და მის ნაცვლად ბალახის კორდი იგება

ბულვარი

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 16.01.2016
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 16.01.2016

ბულვარი

ბულვარი

გაუქმებული ბილიკი [დამკვეთი - ბულვარის ადმინისტრაცია, ნებართვის გამცემი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო]
გაუქმებული ბილიკი [დამკვეთი – ბულვარის ადმინისტრაცია, ნებართვის გამცემი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო]
ძველ ბულვარში ეს შუა ბილიკი უქმდება და მის ნაცვლად ბალახის კორდი კეთდება
ძველ ბულვარში ეს შუა ბილიკი უქმდება და მის ნაცვლად ბალახის კორდი კეთდება
გაუქმებული ბილიკის ადგილზე მოგვიანებით კაფე-ბარების განთავსებაა დაგეგმილი [კონცეფციით]
გაუქმებული ბილიკის ადგილზე მოგვიანებით კაფე-ბარების განთავსებაა დაგეგმილი [კონცეფციით]
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ბულვარი

ბულვარი

„ჩაზნექილი სკამები“
„ჩაზნექილი სკამები“
ძველი ბულვარის შუა ალეა/ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ნაწილი, რომელიც ჯერ ხელშეუხებელია და რომელიც პროექტის მიხედვით უნდა გაუქმდეს
ძველი ბულვარის შუა ალეა/ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ნაწილი, რომელიც ჯერ ხელშეუხებელია და რომელიც პროექტის მიხედვით უნდა გაუქმდეს

 

 

შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება

„კონცეფცია, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში… რაც შეეხება ბილიკის გაუქმებას, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და კომპანიის  თანხმობა“, – აცხადებს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „კონცეფციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება. კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე, შესაბამისი აქტების საფუძველზე, შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა“.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამი ხეივნის [ალეას, სავალი ბილიკის] დატოვება, როცა ერთი მათგანის გაუქმებაზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და მუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია? ასევე ხელშეკრულებაა გაფორმებული [ოღონდ ტენდერისა და კონკურსის გარეშე] სხვა კერძო კომპანიასთან ბულვარის კონცეფციის შემუშავებაზეც – „ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, გიორგი ხიმშიაშვილს დაუკავშირდა.

„ვფიქრობ, კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშკრულებაში ცვლილების აუცილებლობა დღის წესრგიში არ დგას, რადგან ზუსტი გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს კონცეფცია, ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის. ამიტომ, მთავრია კომპანიამ მხედვლობაში მიიღოს საზოგადოებრივი აზრი, რათა შევინარჩუნოთ ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა. ხოლო, კონცეფციური ხედვა, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში.

რაც შეეხება მიმდინარე სარეკოსნტრუქციო სამუშაოების და ალეას გაუქმებას, რასაც საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა, ვფიქრობ, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და თანხმობა კომპანიისა, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. იმას, თუ რა კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის იურისტების და ეკონომისტების სამუშაო – უნდა მომზადდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გააფორმეს კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება (ბულვარში დღეს მიმდინარე სამუშაოების ჩატარებაზე) ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება.

ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აჭარის მთავრობას პეტიციით მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. ამ დროისთვის პეტიციას  3235 ადამიანი აწერს ხელს.

პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი უქმდება. მის ნაცვლად ბალახის კორდის მოწყობაა გათვალისწინებული.

კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ასევე ბულვარში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე, სავალი ბილიკის გაუქმებაზე მითითებული  არ არის. ასეთი სამუშაოს შესრულება არც ქალაქ ბათუმის მერის შესაბამის წერილშია აღნიშნული, რომელიც ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების პროექტს ეხება.

ბათუმის მერის თანხმობის წერილი ბულვარში სამუშაოების ჩატარებაზე
ბათუმის მერის თანხმობის წერილი ბულვარში სამუშაოების ჩატარებაზე

ზემოაღნიშნულის შესახებ „ბათუმელებმა“ დაწერა. მაშინ აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებდა, რომ არსებობდა პროექტი, ტარდებოდა  გეგმიური სამუშაოები და ეს ყველაფერი სააგენტოსთან შეთანხმებული იყო.

“ბათუმელებმა” სააგენტოდან პროექტის ელექტრონული ვერსია გამოითხოვა. სააგენტოდან გვაცნობეს, რომ „არ აქვთ ელექტრონული ვერსია და არც A3 სკანერი, რომ პროექტი დაასკანერონ“.

“ბათუმელებმა” სააგენტოს ჩვენს მიერ სხვა წყაროებით მოპოვებული პროექტის დანართი გადაუგზავნა და თხოვა წერილობით დაედასტურებინათ, რომ ამ დანართის [პროექტის] მიხედვით უქმდებოდა  ბულვარში ბილიკი…

პროექტი, რომლის მიხედვითაც სამი პარალელური ბილიკიდან შუა უქმდება და კეთდება გაზონი [აღნიშნულია მწვანე ფერით]
სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანომ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, 2015 წლის 31 ივლისის სხდომაზე ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის პროექტზე უარი თქვა. ამ სხდომას ესწრებოდნენ: ზაურ ახვლედიანი, შოთა გუჯაბიძე, ტარიელ ტუსკია, ნინო ინაიშვილი და ლაშა ჟღენტი. როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, უარის მიზეზი ფილების დიზაინი იყო, რაც უნდა შეცვლილიყო.

„ბათუმის ბულვარმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების გადამუშავებული პროექტი სააგენტოს ხელახლა წარუდგინა 11 სექტემბერს. ბულვარის მაშინდელი დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის წერილის მიხედვით, პროექტი ხელახლა დამუშავდა.

გიორგი ზირაქაშვილის წერილი მირანდა ჩარკვიანს
გიორგი ზირაქაშვილის წერილი მირანდა ჩარკვიანს

ალეას გაუქმება და მის ნაცვლად ბალახის გაზონის მოწყობაზე საუბარი არც ამ წერილშია, თუმცა, სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ  წერილს ახლდა პროექტის ორი ვარიანტი და ასევე პროექტის განმარტებითი ბარათი, სადაც ბოლოში აღნიშნულია: „შუა ალეის ადგილას მოეწყობა ბალახის გაზონი“. განმარტებით ბარათში  გაზონთან დაკავშირებით სხვა არაფერი წერია.

პროექტის განმარტებითი ბარათი
პროექტის განმარტებითი ბარათი

სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ბულვარში სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხი 2015 წლის 15 სექტემბერს განიხილა და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვეტა. სააგენტოსგან მოწოდებული ოქმის მიხედვით, თანხმობა განაცხადეს ზაურ ახვლედიანმა, თეა ვადაჭკორიამ, ლაშა ჟღენტმა; წინააღმდეგი წავიდა ნინო ინაიშვილი [ოქმის მიხედვით, სხდომაზე საუბარი ბილიკის გაუქმებაზე არ ყოფილა. როგორც ოქმშია აღნიშნული ნინო ინაიშვილი წინააღმდეგი იყო იმ მასალის/გრანიტის გამოყენებაზე, რაც ბულვარში უნდა დაიგოს].

ბულვარში სამუშაოების სანებართვო მოწმობა
ბულვარში სამუშაოების სანებართვო მოწმობა

„- გთხოვთ გვიპასუხოთ, ნიშნავს თუ არა ძველ ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება ძველი ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტიკურობის დაკარგვას, მისი იერსახის დამახინჯებას [გთხოვთ პასუხი დაგვისაბუთოთ];

– რატომ არის აუცილებელი ძველ ბულვარში ერთი სავალი ბილიკის გაუქმება?“ – ამ ორ კითხვაზე პასუხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.

სატენდერო დოკუმენტაციის თავსართი [ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ბულვარში ერთ-ერთი ბილიკის ნაცვლად ბალახის გაზონი კეთდება]
სატენდერო დოკუმენტაციის თავსართი [ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ბულვარში ერთ-ერთი ბილიკის ნაცვლად ბალახის გაზონი კეთდება]

გარე განათების სარემონტო სამუშაოები ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქში გარე განათების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს, 15 იანვარს, დილიდან ჯგუფი მუშაობს რუსთაველის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ენგელსის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. სამუშაოები შუადღემდე დასრულდება და დღის მეორე ნახევარში ენგელსიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში გაგრძელდება.

ქუჩის განათების სისტემის სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბათუმის ბიუჯეტში ერთი მილიონ 41 ათასი ლარია გათვალისწინებული. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქუჩაზე ღამის განათება გაითიშება ან რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595 95 83 81.

თოჯინების თეატრის შენობა გაიხსნა (ფოტო)

დღეს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კვლავ გაიხსნა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა. გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თეატრი სტუმრების წინაშე სპექტაკლ „კოკროჭინას“ პრეზენტაციით წარსდგა.

IMG_6388ცხადია, სტუმრებს შორის ყველაზე მეტი ბავშვი იყო. თუმცა, დღეს თოჯინების თეატრს ბევრი ზრდასრული ადამიანიც სტუმრობდა, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები.

საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობდნენ ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე, მხატვარი მარინა ფრანგიშვილი, კომპოზიტორი გიული კუბლაშვილი, მთხრობელი სოფიო ცინცაძე, ჯადოქრები – ქეთევან სამხარაძე, ეკატერინმე გვარამია, კოკროჭინა – ვანო მაღლაკელიძე, ირმა მგელაძე, მამამ ძაღლი – მინდია ჩოხარაძე… სიმღერების ტექსტის ავტორი დალი თედორაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ცინცაძე იყო.

esთეატრის შენობის რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო. თეატრის სრულ რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

 

 

IMG_6394

 

 

 

 

 

 

IMG_6423

 

 

 

 

 

 

IMG_6445

ბოლო

 

ავტომანქანა ზღვაში გადავარდა, არის მსხვერპლი

წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ბათუმის ნავსადგურში, ერთ-ერთი ნავმისადგომიდან ავტომანქანა ზღვაში გადავარდა. დაიღუპა მანქანის მძღოლი, რომელიც 47 წლის იყო.

არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა განზრახ გადააგდო მანქანა ზღვაში, მანამდე კი საკუთარ ოჯახში დარეკა და მათ აცნობა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ამ საკითხს გამოძიება დაადგენს.

სამაშველო სამსახურმა ზღვაში გადავარდნილი მსუბუქი ავტომანქანა უკვე ამოიღო. 1968 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სს კოდექსის 115-ე მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის გენდერის მედიაცენტრში

ბათუმის გენდერის მედიაცენტრს, 14 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეწვევა.

მედიაცენტრის დირექტორის, თამილა დოლიძის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ბათუმში მოქმედ ქალთა კლუბების წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ამ კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე, კვოტირების ინსტიტუტის ამოქმედების მექანიზმები იქნება.

მინისტრის მოადგილე ქართულ ჯარში ქალთა როლზეც ისაუბრებს. შეხვედრა ბათუმის გენდერის მედიაცენტრში 14 იანვარს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – ტურისტული ობიექტების ხარისხის ახალი ნიშანი

განთავსებისა და კვების ობიექტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტში –  „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – 2016 წლის 1 მარტამდე ტურიზმის დეპარტამენტში [ან სპეციალურ ვებ გვერდზე, რომელიც იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება] უნდა შეავსონ განაცხადი. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

„განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

პროექტი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ხასიათის სტანდარტების წახალისებას  ისახავს მიზნად“.

შესაბამის ქვეპროგრამაში „ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოსთან და რეგიონის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავებული და დამტკიცებული ტურისტული დანიშნულების ობიექტების მომსახურების ხარისხის ნიშნის – [„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“], 100 ტურისტული ობიექტისთვის მისანიჭებლად, 2016 წლის ბიუჯეტში 190 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხარისხის ნიშნის შესახებ დამზადდება ასევე 5 ათასი ცალი საინფორმაციო ფლაერი.

მიმდინარე წელს დაგეგმილია ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი 10 ობიექტის დაჯილდოებაც, რისთვისაც 9 ათასი ლარია გათვალისწინებული.

თანადაფინანსება სავარძელ-ეტლებისა და სმენის აპარატების შესაძენად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებითა და სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამებს 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტო განახორციელებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [300 ლარი], განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

მოსარგებლეები

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

– ასაკით პენსიონერები.

პროგრამა ითვალისწინებს

– სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფას;

– ეტლის მორგებას;

– ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

– საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [400 ლარი], განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი.

მოსარგებლეები

– III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები;

-18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.

პროგრამა ითვალისწინებს

– ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას;

– აპარატის მორგებას;

– აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

– საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა საბუთები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს. პროგრამების მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.

ტურისტული გიდების ლიცენზირება აჭარაში

 

ვისაც გიდად აღიარების სურვილი აქვს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ან სპეციალურ ვებ გვერდზე [რომელიც 2016 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება], უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა. „შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას, მოაწყობენ საჩვენებელ ექსკურსიას, რის შემდეგაც მოხდება მათი ლიცენზირება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

2016 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ახალი  პროექტი – „გიდების ლიცენზირება“, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფასა და სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს:

„ტურისტული გიდის ლიცენზირების პირველ ეტაპზე იგეგმება  ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის –  მტირალას ეროვნული პარკის გიდის ლიცენზირება. ტურისტულ გიდად აღიარების პროცედურა  წელიწადში ერთხელ – შემოდგომაზე განხორციელდება“.

დეპარტამენტს 50 ტურისტული გიდისთვის შესაბამისი პროფილის სერტიფიკატის მინიჭებისა და წლის საუკეთესო გიდის დაჯილდოებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში [შესაბამისი პროგრამის ფარგლებში] 2500 ლარი აქვს გამოყოფილი.

გასულ წლებში აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაციებისგან რამდენჯერმე დაფინანსდა გიდების მოსამზადებელი პროექტები, შემდეგ კი ამ საქმიანობამ კერძო სექტორში გადაინაცვლა. დღეს საქართველოში ამ კუთხით ყველაზე აქტიურად ორი ორგანიზაცია მუშაობს: საქართველოს გიდების ასოციაცია და აჭარის გიდების ასოციაცია. აჭარის გიდების ასოციაციას ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 300 გიდი ჰყავს გადამზადებული.

ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პროგრამები აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელშიც გააგრძელებს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ძირითადად ბავშვებზეა  ორიენტირებული. ეს პროგრამებია: სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; ბავშვთა ადრეული განვითარება და ასევე მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.

სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარი), რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს 20 დღეს.

მოსარგებლეები

სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.

პროგრამა ითვალისწინებს

სამკურნალო ვარჯიშებს; მასაჟს; ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში 1 პაციენტს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 7კურსი, 1 კურსი მოიცავს 10 დღეს.

პროგრამა ვრცელდება

18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.

პროგრამა ითვალისწინებს

ფიზიკურ თერაპიას

მეტყველების და ენის თერაპიას;

ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას;

ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

შენიშვნა:

თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

დაფინანსების ფორმა

წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში (მშობლიანოჯახისსრულწლოვანიწევრი) – 10 ლარით.

ბავშვთა ადრეული განვითარება

პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარება.

პროგრმა ითვალისწინებს

მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ [ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი] მომსახურების გაწევას [თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა]. ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ინდივიდუალურ მომსახურებას [არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა]. სულ 8 შეხვედრა.

პროგრამის მოსარგებლე

გონებრივი განვითარების შეფერხების [დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა] მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.

სამიზნე ჯგუფისთვის გაწეული მომსახურება  ანაზღაურდება თვეში არაუმეტეს 144 ლარის ოდენობით. პროგრამით გაწეული მომსახურება დაფინანსდება ღირებულების 100%-ით.

მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა

მოსარგებლეები

მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით [ბავშვებით] ან ორსული ქალები [26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა].

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით.

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა საბუთები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს. პროგრამების მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.

თევზის მიწოდების პრობლემა ბათუმის უფასო სასადილოებში

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაყინული თევზის გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. გამარტივებული შესყიდვა უკვე განხორციელდა. დაეთანხმება თუ არა შესყიდვების სააგენტო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილებას, 12 იანვრამდე გაირკვევა.

„გამარტივებული შესყიდვის საჭიროება განაპირობა შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ შემოტანილი პროდუქციის შეუსაბამობამ ხელშეკრულებასთან და ტექნიკურ პირობებთან, რის საფუძველზეც ვერ მივიღეთ შესყიდვის ობიექტი“ – აცხადებენ სააგენტოში.

„გადაუდებელი აუცილობლობის ვითარების დადგომა გამოიწვია შპს „GOLDEN FUD“-ის მიერ მოტანილი პროდუქციის დაბრუნებამ, რომელიც განხორციელდა 2016 წლის 5 იანვარს, დოკუმენტაციის უზუსტობის გამო გამოსასწორებლად დაუბრუნდა უკან, მაგრამ 2016 წლის 6 იანვარს საღამოს 20:00 საათზე შემოიტანა საქონელი, სადაც არ იყო დაცული ეტიკეტირება და ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატში წარმოდგენილი მწარმოებელი ფირმა იყო სხვა ფირმა და არა ის, რომელიც მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე იყო დაფიქსირებული ხელშეკრულების დანართში. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქცია 2016 წლის 7 იანვარს დილით 09:00 საათიდან უნდა გამზადდეს, რაც არის ჯანდაცვის მიერ დამტკიცებული მენიუს გათვალისწინებით, აღნიშნული რომ არ შეჩერებულიყო, სადაც 3521 ბენეფიციარი იკვებება ყოველდღიურად, განვახორციელეთ გადაუდებელი აუცილობლობით გამოწვეული შესყიდვა“ – განმარტავენ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოში.

„GOLDEN FUD“-ის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო განხორციელებული  გამარტივებული შესყიდვით ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ 352,1 კგ გაყინული თევზი ისევ შპს „GOLDEN FUD“-ისგან  შეიძინა, რაშიც კომპანიას 1616 ლარი და 15 თეთრი გადაუხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ბადრი გოგიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ… თევზი არ იყო იმ კომპანიის მიერ წარმოებული რაზედაც „GOLDEN FUD“-თან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ამიტომ წარმოდგენილი პროდუქტი შევიძინეთ გამარტივებული შესყიდვის გზით, ისევ ამ კომპანიისგან, რასაც კანონი არ კრძალავს და ასეთ მისაღებ ფასადაც პროდუქტს ვერავინ მოგვაწვდიდა. რაც მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაინც პროდუქტის ხარისხია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დავაჯარიმეთ და გავაფრთხილეთ, რომ თუ განმეორდება მოწოდებაში პრობლემები, შევწყვეტთ ხელშეკრულებას და კომპანიას შევიყვანთ „შავ სიაში“.

შპს „GOLDEN FUD“-სა და ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შორის გაყინული თევზის მიწოდებაზე  ხელშეკრულება [ღირებულებით – 84 823 ლარი და 20 თეთრი] 2015 წლის 15 დეკემბერსაა გაფორმებული და ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით კომპანია ამჯერად 424 ლარით დაჯარიმდა.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მმართველობაში ხუთი სასადილოა.

ქედის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში ასევე გეგელიძეებში. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია,  დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან არიან გადაყვანილი.
სოფელ გეგელიძეებში, თამაზ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დღეს დილით განვითარდა. გუშინ, 7 იანვარს დილის საათებში კი მეწყერმა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ჩხობაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებლი სახლი დააზიანა.
7 იანვარს, საღამოს, სოფელ გოგიაშვილებში, გოჩა არძენაძის საცხოვრებელი სახლთანც ჩამოწვა მეწყერი.
გამგეობის ინფორმაციით მათგან ყველაზე მეტად ჩხუბაძეების სახლია (30%-ით) დაზიანებული.
გამგეობისვე ინფორმაციით ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური და სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა სოფელ კოკოტაურში, ვანაძეების უბანშიც, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდა, ამ დროისთვის კი გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი. სოფელ მახუნცეთში, ბელტურის უბანში კი ამჟამადაც მუშაობს ტექნიკა, სადაც მეწყერმა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.
„სიტუაციას გეოლოგების ჯგუფი და გამგეობის  მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მოხდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, [და დასკვნის საფუძველზე, თუკი საჭირო გახდა] კომპენსაციის გაცემა [დაზარალებული ოჯახების] ადგილმონაცვლეობისთვის“- განუცხადეს „ბათუმელებს“ქედის გამგეობის პრესსამსსახურში.

„ბათუმის კორპუსი“ 200 საბაღე სკამს შეიძენს

200 ცალი საბაღე სკამის შესაძენად ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 50 400 ლარი. სკამები ხისა და ლითონის კონსტრუქციისგან უნდა იყოს დამზადებული, ტექნიკური მახასიათებლები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამ დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საბაღე სკამი] საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 ათასი ლარის ოდენობით.

შესაძენი სკამის ესკიზი
შესაძენი სკამის ესკიზი

საქონლის მიწოდების ვადაა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქონლის განთავსება განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას, ქ. ბათუმის ტერიტორიის ფარგლებში. ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ტენდერი 2016 წლის 27 იანვარს უნდა დასრულდეს.

 

ხელფასზე დანამატები სოფლის ექიმებს აჭარაში

აჭარის ბიუჯეტიდან 2016 წელსაც დაფინანსდა სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 150 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წელს ასევე დაფინანსდა სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით.

ეს პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფას.

მიმდინარე წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენაც.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებს:

ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას,

ექთანი – სახელმწიფო პენსიის ოდენობას.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – დიაგნოსტიკა, ონკოლოგია

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს 30-მდე პროგრამას და ქვეპროგრამას განახორციელებს. მათ შორისაა პროგრამები:  ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა; ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ასევე ონკოლოგიურ პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურების პროგრამა.

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები

200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები

დაფინანსების ფორმა

დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით

სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები-100 %-ით;

70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები-90 %-ით;

100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები-80%-ით.

შენიშვნა:

  • იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
  • თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, დაფინანსება განხორციელდება პროგრამის ტარიფით დადგენილი პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს  ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით  სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში”   200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა

ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში შემდეგი პროცენტებით:

ასაკით პენსიონერებს,  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში”   200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 10% – ით;

0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 20% -ით;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებს – 20% -ით;                     შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვებს – 20% -ით.

არ დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის თანაგადახდის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა.

ონკოლოგიურ  პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას.

მოსარგებლეები

ონკოლოგიური პაციენტები დამტკიცებული დიაგნოზით.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

1000 ლარის ჩათვლით-100%-ით;

1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით;

2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით-80%-ით;

3000 ლარზე მეტი-70%-ით.

არაუმეტეს 5 000 ლარისა.

ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი  შეადგენს 10 000 ლარს.

პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა:

  • პროგრამების მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაყიდული ავტომანქანები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე სამი ავტომანქანა ჰქონდა გამოტანილი: „VOLKSWAGEN JETTA”, „ვოლგა 3110“ და  „ტოიოტა პრადო“. აქედან პირველი ორი ავტომანქანა 25 დეკემბერს გაიყიდა , ხოლო მესამე ავტომანქანაზე სამინისტროს ხელახალი აუქციონი აღარ გამოუცხადებია.

VOLKSWAGEN JETTA
VOLKSWAGEN JETTA

ავტომანქანა „VOLKSWAGEN JETTA” (სახელმწიფო ნომრით PO992OP) აუქციონზე განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა  [საწყისი ფასი 400 აშშ დოლარი], თუმცა არ გაიყიდა და აუქციონზე კვლავ გაიტანეს – 200 აშშ დოლარად. გასული წლის 25 დეკემბერს აღნიშნული ავტომანქანა ელექტრონულ აუქციონზე 280 დოლარად გაიყიდა.

 

ვოლგა 3110
ვოლგა 3110

ავტომანქანა „ვოლგა 3110“ (სახელმწიფო ნომრით PO993OP), განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით, 600 აშშ დოლარად [საწყისი გასაყიდი ფასი] იყიდებოდა, თუმცა არც ის გაიყიდა და აუქციონზე ხელახლა გაიტანეს, ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 300 აშშ დოლარი იყო; ავტომანქანა გასული წლის დეკემბერში 310 აშშ დოლარად გაიყიდა.

გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები აჭარაში

2016 წელს აჭარაში გრძელდება გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები, რომლებსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

გულის ქირურგია

პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.

მოსარგებლეები

18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა,  შემდეგი პროპორციებით:

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები-90 %–ით;

ყველა სხვა კატეგორიის ბენეფიციარები-80 %–ით;

ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.

რაც შეეხება სახსრების ენდოპროთეზირებას

პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

მოსარგებლეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით.

100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით;

დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით;

სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%-ით.

დაფინანსების ზღვრული თანხა კი შეადგენს 4000 ლარს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

განცხადება;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა:

  • პროგრამების მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

შეღავათები ელექტროენერგიის გადასახადსა და გათბობაზე მაღალმთიანეთში

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიიღებენ, ხოლო გათბობის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან იზრუნებს.

მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

რაც შეეხება გათბობას, ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით] მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფოს  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის  შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.

ამ კანონით პენსიონერები, პედაგოგები და ექიმები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ. იანვრიდან კი უკვე გაიცემა სოციალური დახმარება 2016 წლის 1 იანვარს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებზე.

ვინ ისარგებლებს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, სამინისტროს ინფორმაციით ემსახურება გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები:

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;

200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;

შშმ პირები;

ომის ვეტერანები;

ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);

მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;

უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;

უსახლკაროები;

მარტოხელა მშობლები;

ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;

პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.

დაფინანსების ფორმა

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

– 1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;

– 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;

– 2000 ლარზე მეტი  3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;

– 3000 ლარზე მეტი – 70%-ით.

არაუმეტეს 7000 ლარისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას (საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში) დაფინანსდებიან ერთჯერადად 10 000 ლარის ფარგლებში.                                                 

პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა:

  • პროგრამის მოსარგებლე 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას წელს ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 2016 წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. პროგრამული ბიუჯეტი კი ჯამში 11 306 170 ლარს შეადგენს.

25 ათასი ლარი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 2016 წლისთვის  პროგრამა ითვალისწინებს:

ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

მოსარგებლეები

ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

დაფინანსების ფორმა

საცხოვრებელი ფართობის ღირებულების ანაზღაურდება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამყიდველის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, ხელშეკრულებაში ასახული ქონების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული თანხისა.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში,  ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

პროგრამაში  ჩართვისათვის

ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის  მდებარეობის მიხედვით.

შენიშვნა

ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის    ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე;

პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე  მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი.

მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართობების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არსებული მონაცემებით 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახს ესაჭიროება  უსაფრთხო საცხოვრისით  უზრუნველყოფა.

”დინამო” 85 000 ლარად ორკვირიან შეკრების ხარჯებს შეისყიდის

ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ 2016 წლის 5 იანვარს, თურქეთში საშეკრებო ხარჯების შესასყიდად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შედის, სასტუმროში დაბინავება, კვება და სათამაშო მოედნით უზრუნველყოფა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 85 000 ლარი.
შემსყიდველმა, ამ თანხით უნდა უზრუნველყოს 5 საწვრთნელო ამხანაგური მატჩი; 35+1 კაციანი (კლუბის მენეჯერი უფასოდ) შემადგენლობის ანტალიაში (ბელეკში) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება (ზღვიდან არაუმეტეს 300 მეტრის მდებარეობით), სადაც განთავსებული უნდა იყოს სპორტული კოპლექსი და სასტუმროს ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოედანი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში:
  • გუნდი იცხოვრებს ერთ სართულზე, 17 სტანდარტულ ორადგილიან და ერთ ერთადგილიანი ნომერში.
  • სასტუმრო ულიმიტოდ უზრუნველყოფს სასმელებს – (ყავა, ჩაი, წვენი, კოლა, წყალი ლიმიტის გარეშე სასტუმროს ბარში) გარდა სპირტიანი სასმელებისა;
  • 90 წუთიანი ვარჯიში 2 ჯერ (ვარჯიშის დრო 11:10 – 12:40/ 16:40-18:10)
  • მგზავრობა გუნდისთვის (სასტუმრო-აეროპორტი-სასტუმრო)
  • საუნა და თურქული აბანო
  • დაფარული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი
  • მასაჟის კაბინეტი და ინვენტარის შესანახი ოთახი
  • უნიფორმის გარეცხვა დღეში ორჯერ
  • საპრესკონფერენციო ოთახი
  • ულიმიტო წყალი ვარჯიშის და თამაშის დროს
  • ნომერში მინერალური წყალი (დღეში ერთხელ)
  • გამოყოფილი ადგილი რესტორანში
  • სამჯერადი კომპლექსური კვება
მატჩები გაიმართება 31 იანვარს და 3, 6, 8 და 9 თებერვალს. მეტოქეები იქნებიან ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგის კლუბები.მატჩები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შემსყიდველმა მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სასტუმროში დაბინავებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადების მიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 8 იანვრს დაიწყება და 12 იანვარს დამთავრდება.
ბათუმის დინამოს გუნდი საშეკრებო მატჩებზე ბელეკში გასულ წელსაც იმყოფებოდა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, საქაართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ფოტო: msy.gov.ge
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | ფოტო: msy.gov.ge
დაჯილდოვების ცერემონია 30 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიმართა. მან, ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი, ირანელი ჰასან რაჰიმი 5:4 დაამარცხა.
25 წლის მოჭიდავეს შესაბამისი დიპლომი, ფულადი ჯილდო, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის მოწმობა და სხვადასხვა საჩუქრები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა გადასცა.
ლერი ხაბელოვის შეფასებით წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდა სპორტისთვის.
„თავისუფალ ჭიდაობაში ათი წელი არ გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი. ხინჩეგაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა ლას-ვეგასში და ყველანი გაგვახარა. იმედი გვაქვს, რომ ლადოც და ჩვენი სხვა ლიცენზიანტებიც მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდებიან მომავალ ოლიმპიადას“ – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ისევე როგორც 2013 წელს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

კაზინო და სასტუმრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ გამოიტანა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი. იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონი [გასული წლის ნოემბერში] არ შედგა.

აუქციონის ახლანდელი პირობის მიხედვით მყიდველმა შენობაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტ[ებ]ი უნდა მოაწყოს და აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მომავალმა მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;

მომავალმა მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ასევე:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ შენობაში (შენობის გუმბათი) დამონტაჟებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;

საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმება სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ  90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

პროფილის (სასტუმროს – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის) და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 10 (ათი) წლის განმავლობაში შენარჩუნება.

სამინისტროს, აღნიშნული ქონების გაყიდვის პირობებში სასტუმროსა და სამორინეს მოწყობა ადრე ჩადებული არ ჰქონდა და მყიდველს მხოლოდ თანხის ორ ნაწილად გადახდა ევალებოდა.

ამჯერად ელექტრონული აუქციონი 18 იანვარს უნდა დასრულდეს.

Exit mobile version