სიახლეები

ტელეარხმა 25-მა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა

02.01.2016 • 2051
ტელეარხმა 25-მა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა

“ტელეარხმა 25”-მა 2015 წლის 31 დეკემბერს საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, თანამშრომლების დათხოვნა 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

“მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ დირექციისგან მოითხოვა თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მაია მერკვილაძემ გამიზნულად გააჩერა და ეთერში არ გაუშვა საინფორმაციო გამოშვება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მაია მერკილაძის მიერ საინფორმაციოს გაჩერების, ან თანამშრომელთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა. მასთან დაპირისპირების გამო, არაერთმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური.

ყოველივე ამის გამო, და იმისათვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის განმუხტვა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორივე თანამშრომელი, გარკვეული დროით, გაეშვა ანაზღაურებად შვებულებაში.

შვებულებაში გაშვება, მაია მერკვილაძემ მიიღო შეურცყოფად და მან, ტელეკომპანიის სამ თანამშრომელთან ერთად, დაიწყეს ტელევიზიის დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან აგრესიული დაპირისპირება, რის გამოც შეექმნათ კონფლიქტი არამარტო ხელმძღვანელებთან, არამედ ტელეკომპანიის დანარჩენ 35 თანამშრომელთანაც და ტელევიზიაში დაიწყო უმართავი პროცესი, რამაც გამოიწვია სხვადასხვა გადაცემების შეჩერება. ამ პროცესებმა, უარყოფითად იმოქმედა ტელევიზიის რეიტინგზე და საერთოდ, კომპანიის მუშაობაზე.

აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაანთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და მოახდინოს სამსახურების ხელახალი დაკომლექტება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს, ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ბრიფინგი გამართა მაია მერკვილაძემ, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. მან ტელევიზიის მფლობელებების, ჯემალ ვერძაძისა და გია სურმანიძის გადაწყეტილება – გაეშვათ ორთვიან, იძულებით შვებულებაში, ძალაუფლების დემონსტრირებისა და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად შეაფასა.

მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მოუწოდა არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: