ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და კულტურული ღირებულებას. ასევე, არ უნდა იწვევდეს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს და არ უნდა აუარესებდეს მის აღქმას.
ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობს სათანადო ფორმით მომზადებული და დასაბუთებული დოკუმენტაცია, თუ რით არის გამოწვეული ის ცვლილებები, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში იგეგმება და რამდენად შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებთან. ამასთან, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უკვე შერჩულია შემსრულებელი კომპანია.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
– ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სახელით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში განადგურებული არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (მათ შორის ბათუმშიც), და ზემოაღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ამ პროცესის გაგრძელება გახდეს ბათუმის ძველი ბულვარი.
– მიგვაჩნია, რომ ბათუმის ძველი ბულვარის სამომავლო განვითარებას კონცეფცია მიმართული უნდა იყოს ბულვარის, როგორც – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისაკენ. ხოლო, ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა შენარჩუნებული იქნეს ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა.
– ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით შემსრულებელი კომპანიის შერჩევა მიუთითებს, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავდაპირველ ეტაპზევე არ უზრუნველყვეს პროცესის მაღალი გამჭვირვალობა. სახელმწიფო შესყიდვის არაკონკურენტული ფორმის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროცესში საერთაშორისო გამოცდილების და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.
საია გააგრძელებს ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას – აღნიშნულია საიას განცხადებაში.