მთავარი,სიახლეები

ტელეარხ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მცდელობაზე საუბრობს

29.12.2015 •
ტელეარხ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მცდელობაზე საუბრობს

29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. ამას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად აფასებს.

მაია მერკვილაძე

მაია მერკვილაძე

„ტელევიზიის დირექტორმა გია სურმანიძემ და მფლობელმა ჯემალ ვერძაძემ გადაწყვიტეს, რომ ორი თვით უნდა დამესვენა და ფასიანი შვებულება შემომთავაზეს. მოვითხოვე განმარტება და ვთქვი, რომ არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე. თუმცა, ალტერნატიული აზრის განხილვის საშუალება არ მომცეს“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

იგი ტელევიზიის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტს უკავშირებს, როცა „ტელეარხი 25“-ის ეთერში გავიდა ტელევიზიის თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ მომზადებული მასალა, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

„ეს ადამიანი გაღიზიანდა ამის გამო, მომაყენა შეურაცხყოფა და ინცინდენტი ხელმძღვანელობამ ვერ აღკვეთა. 5-საათიანი გამოშვება ჩაიშალა, მეორე დღეს კი ჩატარდა კრება, სადაც მაცნობეს, რომ უნდა დამესვენა ორი თვით. ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას მფლობელის მხრიდან განივიხილავ, როგორც გავლენის მოპოვების მცდელობას ჩვენს მუშაობაზე. ამ საკითხზე რეაგირების სხვა გზაც არსებობდა, თუნდაც გაფრთხილება, ხელფასის დაქვითვა… ამ ადამიანმა [ჯემალ ვერძაძემ] გამოიყენა „დასჯის“ ის ფორმა, რომელსაც არც საერთაშორისო და არც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს – ორთვიანი ფასიანი შვებულება, თან ვერ დაასაბუთა, რა მიზეზით გადაწყვიტა ასეთი რამ. ვფიქრობ, მას გაუჩნდა შანსი თავისი ძალაუფლებისა და გავლენის დემონტრირება მოეხდინა და ეს ძალიან უხეშად გააკეთა. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის“, – ამბობს მაია მერკვილაძე. იგი, ისევე როგორც „ტელეარხი 25“-ის თანამშრომლების ნაწილი, სამომავლოდ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენის შესაძლო საფრთხესაც ხედავს.

მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექციისგან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რის საფუძველზე აიძულებენ ორთვიან შვებულებაში წასვლას, თუმცა დირექციისგან პასუხის ჯერ არ მიუღია.

მაია მერკვილაძე 8 წელია „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსია.

„ტელეარხ 25“-ს ამჟამად ორი მფლობელი ჰყავს, ჯემალ ვერძაძე წილის 51 პროცენტს, გიორგი სურმანიძე კი – 49 პროცენტს ფლობს.

გადაბეჭდვის წესი