მთავარი,სპორტი

გიორგი თხილაიშვილის რაგბის გზა

04.01.2016 •
გიორგი თხილაიშვილის რაგბის გზა

სახელი და გვარი: გიორგი (კოკი) თხილაიშვილი
ასაკი: 24
სიმაღლე: 1.79
წონა: 105

გიორგი თხილაიშვილი

გიორგი თხილაიშვილი

მას ვერც კი წარმოედგინა, რომ 8 წლის ბიჭი, რომელიც ნოემბრის სუსხიან დღეებში, ვარჯიშის შემდეგ, სოფელში, ცივ მდინარეში იმიტომ იღებდა შხაპს, რომ ნამდვილი საშხაპე თვალითაც არ ენახა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე გახდებოდა. მისთვის ლეგენდას ჰგავს სტადიონებზე იმ ხალხთან შერკინებაც, ვისი ფანიც იყო ბავშვობაში. მის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბიში, ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ თამაშში, ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ლელო დადო.

ის თავის გზას 16 წლის წინ 20 ბიჭთან ერთად დაადგა – რაგბის გზას. ახლა ამ გზაზე მათგან აღარც ერთი შემორჩა. 16 წლის განმავლობაში გზადაგზა გაფერმკრთალდა ბავშვობის კადრები. მარტო მან გაუძლო და ახლა ვარსკვლავების ქვეჯგუფშია. მას თითქმის ყველგან ცნობენ, მაგრამ საკუთარ თავს ვარსკვლავად ვერ აღიქვამს… თუ შანსი მიეცა, სოფლის მეზობლებთან ერთად ჯოკერს თამაშობს და ბოლომდე თვრება. თუმცა, ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს იშვიათად აძლევს.

ახლა ორი მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინშია – მისი აგენტი ინგლისურ გუნდებს საკონტრაქტო პირობებზე ელაპარაკება; მეორე ძალიან პირადია – ქორწინდება ქალზე, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.

გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას თამაშზე. ფოტო: rugbyworldcup.com

გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას თამაშზე. ფოტო: rugbyworldcup.com

რაგბი არის ჩემი ცხოვრება

რაგბის გარეშე არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. ეს ის არის, რაც ყოველდღე ახალ ენერგიას მაძლევს, როცა გრძნობ, რომ ყველაფერი შენს ხელშია, როცა ხვდები, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. ეს საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას.

ნამდვილი ჯადოქარი იყო ემზარი გეგუჩაძე, ჩვენი პირველი ტრენერი, არც ავტობუსი გვქონდა, თამაშებზე რომ წავსულიყავით, არც ფორმა თუ სხვა რამე, მაგრამ თავს არ გვანებებდა. ასლან აბაშიძის დროს ბევრი მდიდარი იყო ქობულეთში. ის მათთან დარბოდა და ასე აგროვებდა “მარშრუტკის” ფულს შეჯიბრზე წასასვლელად. თუ საჭმლის ფულსაც გამოართმევდა, ხომ კარგი, თუ არადა, საჭმელი სახლიდან მიგვქონდა. მაშინ ოჯახებსაც უჭირდათ, მაგრამ თავი მაინც ასე გაგვქონდა.

მახსოვს, რვა წლის არ ვიყავი, როცა სკოლაში შემოვიდა ემზარ გეგუჩაძე და თქვა, რაგბი უნდა გაიხსნას და ვისაც უნდა, ოთხ საათზე ჩამოვიდეს ცენტრშიო. ხელში ოვალური ბურთი ეჭირა. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო რაგბი, მაგრამ ოვალური ბურთი მიზიდავდა თავისკენ. მე სოფელში ვცხოვრობდი, ხუცუბანში და სწორედ ამ სოფლის ცენტრში დაგვიბარა…

ღონიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სულ საავადმყოფოებში დავყავდი. მოკლედ, ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლებოდა. პირველ ვარჯიშზე მამა ვერ მიხვდა, რომ ვივარჯიშე. მეორე ვარჯიშის შემდეგ, ტალახში ამოთხვრილს, დახეულ ტანსაცმელში გადამეყარა და ძალით წამიყვანა სახლში. ასე ხუთჯერ წამიყვანა. როცა გადაჭრით მითხრა, რომ აღარ გამიშვებდა, უარი ვთქვი გაკვეთილების სწავლაზეც და საჭმელზეც… სხვა რა გზა იყო, გამიშვა.

წვიმაში, ტალახში დავრბოდით, საშხაპე ახლა არ გვაქვს და წარმოიდგინეთ, მაშინ რა იქნებოდა. მდინარე ჩამოდის ჩვენთან, კინტრიში, აი, მაგ მდინარეში ვბანაობდით ნოემბერში. ჩემებს ეშინოდათ, რომ ამას ვერ გავუძლებდი, მაგრამ პირიქით მოხდა – ჯანზე მოვედი.

ახლა ჩემი დისშვილი უნდა შევიყვანო რაგბიში – შვიდი წლისაა და ავადმყოფობს ხშირად. შეიძლება სპორტსმენი არც გამოვიდეს, მაგრამ უეჭველად ვიცი, რომ ჯანმრთელი და ვაჟკაცი დადგება.

გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com

გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com

როგორი შეგრძნებაა სამი ლელო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი შეგვხვდა – ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ნამიბია. ახალი ზელანდია ჩემპიონი გახდა, არგენტინა მეოთხე ადგილზე გავიდა.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებდი. ეს დრო დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგად დადგა და სამი ლელოც გამომივიდა.

ისე მოხდა, რომ ტონგასთან ჩემი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა. არ მახსოვს ეს როგორ მოხდა. იმ მომენტში ყველაფერი თავდაყირა იდგა. არადა, ვიდეოებს რომ ვუყურებ, ნამდვილად მე ვარ. არასოდეს ვყოფილვარ ისე ბედნიერი, როგორც მაშინ. ძალიან გამიმართლა.

ამან მომიტანა პოპულარობა, მაგრამ ნაკრებში თამაშს თუ არ მოუმატებ, სხვა ჩაგენაცვლება. გუნდმა შეიძლება სამწლიანი კონტრაქტი გაგიფორმოს და ხელფასი გადაგიხადოს, მაგრამ შემადგენლობაში ვერ მოხვდე… მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, წესით, პირიქით უნდა მოხდეს: სპორტსმენი რაგბიში კარგ შედეგს, ძირითადად, 23-24 წლის ასაკიდან დებს _ ბევრი გამოცდილება გიგროვდება, უფრო ჭკვიანურად თამაშობ, ვიდრე ძალის ხარჯზე და დატაკებით.

ტონგასთან მოგებაზე სამი წელი შრომობდა საქართველოს ნაკრები, სამი წელი ვემზადებოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში მოგვეგო. ასე 2019 წლის მსოფლიოზე ავტომატურად მოვხვდებოდით. ჩვენ ეს შევძელით.

მაგრამ ყველა ჩვენგანი ოცნებობდა ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშზე, სონი ბილ ვილიამსის, რიჩი მაქოას წინააღმდეგ… მე ეს ოცნება ვერ ავისრულე და შეიძლება აწი აღარასოდეს მომეცეს მსგავსი შანსი: ისე მოხდა, რომ ზელანდიის შემდგომი თამაში მქონდა დაძაბული და ტრენერებმა მითხრეს, უნდა დაისვენო, შემდეგი შეხვედრისთვის ფორმაში რომ იყოო.

ზელანდიელები არიან ფენომენები. პატარა კუნძულია, ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ყველა რაგბს თამაშობს. გენეტიკაც აქვთ და ნიჭიერიც არიან, ტექნიკოსები და ჭკვიანები. როგორი ფლეშმობი მოგვიძღვნეს?! – მოვისმინე, თითქოს ამ ფლეშმობით შეგვაშინეს. შეიძლება ეს ტელევიზორში მართლაც ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება – “გხოდავენ”. ბიჭებს ვკითხე, რა იგრძენით, მაგას რომ უყურებდით-მეთქი, ისეთი ენერგია ვიგრძენით, კინაღამ ცრემლები წამოგვივიდაო.

ნაკრებში, ვარსკვლავების გვერდით

ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდე, თავდაუზოგავად უნდა იმუშავო. მაგრამ საკმარისი არც ეს არის, უნდა გაგიმართლოს კიდეც. მე გამიმართლა: ჯერ 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი, მერე ასაკობრივში მოვხვდი 20 წლამდე, მერე ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მოკლედ, კარგად წამივიდა საქმე.

წარმოიდგინეთ, ჩემს პოზიციაზე მამუკა გორგოძე, ვიტო კოლელიშვილი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ. საკმაოდ სტრესულია, როცა სტადიონზე მათ გვერდით დგახარ, მაგრამ დიდი სიამოვნებაც არის და მეტი პასუხისმგებლობაც. თუ ჩემი დონის სპორტსმენებთან ერთად ვთამაშობ, შეიძლება იმდენი პასუხისმგებლობა არ ავიღო, მაგრამ როცა მამუკა გორგოძის გვერდით თამაშობ, შეცდომის უფლებას ვეღარ აძლევ საკუთარ თავს და ყველაფერი კარგად გამოგდის.

ჩვენ, ახალი ბიჭები, მაგათ დიდ ბიჭებს ვეძახით. ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ისეთი აურა მოდის მათგან, რომ საერთოდ გავიწყდება, ვარსკვლავები რომ არიან, ჩვეულებრივი ტიპები გგონია. მამუკა გორგოძე კი საერთოდაც სხვაა – მისი დამსახურებაა, რომ შეკრული გუნდი ვართ. ცხოვრებაში ძალიან სერიოზულია, მაგრამ ღადაობაც უყვარს. ეს თამაშის შემდეგ კარგად გამოსდის – ყველა თამაშის მერე ბანკეტი გვაქვს, სტუმარი გუნდის ჩამოსვლის დროს ხან კლუბში ვიკრიბებით, ხან – რესტორნებში, სახლებშიც ვსტუმრობთ ერთმანეთს.

მამუკა გორგოძე და გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com

მამუკა გორგოძე და გიორგი თხილაიშვილი. ფოტო: rugbyworldcup.com

თამაშის წინა გაცოცხლება

ჩემი დილა სეირნობით იწყება. რომც წვიმდეს, შესაბამისად ვიცვამ და სასეირნოდ გავდივარ, სულერთია სად ვარ. ეს არის სხეულის გაცოცხლება – ვუსმენ როგორ ცოცხლდება კუნთები, როგორ მოძრაობს სისხლი, როგორ იშლება ფილტვები, როგორ იწყებს თვალები გარემოს დაფიქსირებას. გასეირნების მერე არის ყავის დალევა, ტელევიზორზე თვალის შევლება.

სწორი კვება სპორტსმენისთვის პირველია, ცხრა საათზე უკვე დანაყრებული უნდა ვიყო. ცხიმიანი არ უნდა ჭამო, ხორცის მიღება შეიძლება ზომიერად, ქათამიც, უფრო ბოსტნეული, სტაფილო, სალათის ფურცლები და საკვები დანამატი – პროტეინები, კრეატინები, ენერგია ასე უნდა აღიდგინო. შეიძლება დაიძინო, მაგრამ არასათანადოდ აღგიდგეს ენერგია, მეორე-მესამე ჯერზეც თუ ასე ხარ, მორჩა.

როცა ვარჯიშის მერე სახლში ვრეკავ მშია-მეთქი, იციან, რომ ხაჭაპური არ უნდა დამახვედრონ, რადგან არ შევჭამ, რაც არ უნდა მშიოდეს. არც ცომეული უნდა დამახვედრონ…

ასევე კარგად უნდა გეძინოს. თამაში როცა მაქვს, მაქსიმუმ 11 საათზე ვიძინებ. დასვენების დროს ღამეებიც გამითენებია, თამაშის მერეც წავსულვარ ღამის კლუბში და დამილევია, მაგრამ თამაშის კვირა არის თამაშის კვირა.

ინგლისური ენა და ინგლისური კლუბები

მთელი ჩემი ცხოვრება, სკოლის ასაკიდან ვვარჯიშობ, მაგრამ ინგლისური ენის სწავლა ბევრად რთულია, ვიდრე ვარჯიში. ძალიან გამიჭირდა ამ ენის შესწავლა, არადა, მჭირდება.

შარშან ორჯერ ვიყავი სინჯებზე ინგლისში და პრემიერ შიფის ორმა საუკეთესო გუნდმა ენის გამო მითხრა უარი.
ახლა ენაში ვემზადები, მასწავლებელთან დავდივარ უნივერსიტეტში. იმედია, გამოვა. ყოველ დღე ველოდები – უნდა დამირეკონ და ინგლისურად უნდა დაველაპარაკო. თუ დაველაპარაკები, მომაწერინებენ კონტრაქტზე ხელს, თუ არა და, მაშინ ისევ აქ დავრჩები. საკითხი ახალ წლამდე ან ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.

შემოთავაზებები მქონდა საფრანგეთიდანაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოვიდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობის 80 პროცენტი საფრანგეთის ელიტარულ გუნდებში თამაშობს, თან იქ ენის ცოდნას არ ითხოვენ, თვითონ აჰყავთ მასწავლებელი. ადვილი ენააო, იძახიან ბიჭები, ისინი, ვინც ახლა ჩავიდნენ, თითქმის ალაპარაკდნენ ფრანგულად.

ყველას ჰგონია, რომ რაგბი ისეთი სპორტია არც ენა გჭირდება, არც ჭკუა და არც არაფერი, მთავარია ჯანზე იყო, დაეტაკო და ვიღაცას რაღაც ატკინო. დატაკებაც საჭიროა, მაგრამ 115 კომბინაცია რომ გექნება 8 კაცს და როცა დაღლილზე გამოგიცხადებენ ეს უნდა გააკეთოო, თუ კარგად ვერ გაიგებ, საქმე გაფუჭდება. ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი.

ბათუმის ადგილი სპორტულ გეგმებში

მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედი, ეგრევე ბათუმში წამოვედი, არც ტელევიზიებში ვყოფილვარ და არც არსად. მეპატიჟებოდნენ, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემს კლუბთან უნდა ვყოფილიყავი. ჩამოვედი თუ არა, ვარჯიში გავაგრძელე, თამაშები მქონდა – ბოლოს გარდა ყველა თამაში მოვიგეთ.

თუ არ გამოვიდა არაფერი და საქართველოში დავრჩი, არსად გადასვლას არ ვაპირებ – ჩემს გუნდში ვრჩები, ბათუმში. ვიცი, ძალიან ძნელია ერთ დონეზე ვიყოთ მე და ჩემი კონკურენტები, რომლებიც საფრანგეთის ელიტარულ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სხვა გზა არ არის – მე უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო, რომ იმათ გავუთანაბრდე მაინც. მოკლედ, თუ აქ დავრჩი, ნაკრების ბიჭებს არ უნდა ჩამოვრჩე.

შარშან “ბათუმს” ექვსეულში შესვლის გეგმა ჰქონდა და მეოთხე ადგილზე გავედით. ახლა მეორე ადგილზე ვართ. ბოლო ფრე რომ არ გვეთამაშა “ჯიქებთან”, პირველ წრეს პირველ ადგილზე ვამთავრებდით, მაგრამ არაუშავს, კიდევ დაგვრჩა შვიდი თამაში, აქედან მინიმუმ ხუთს მოვიგებთ – პლეიოფში 100%-იანი შევდივართ და იქ რა იქნება, არ ვიცი. წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, თუ წამყვანი მოთამაშეები არ დაგვიშავდნენ.

გვეუბნებიან, რომ ახალი წლის მერე ხელოვნური სტადონი იქნება მზად და მერე ალბათ ბუნებრივსაც გააკეთებენ. შარშან ანგისის სტადიონზე ვვარჯიშობდით, მაგრამ იქ თამაში შეუძლებელია, ქვებია. გონიოში გაგვიკეთეს დროებითი სტადიონი გასახდელებით, საშხაპეებით, ვარჯიშითაც იქ ვვარჯიშობთ.

გიორგი თხილაიშვილი

გიორგი თხილაიშვილი

დათქმები

ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ შტანგაზე არ ივარჯიშა, ძალა აღარ აქვს. ასეთი, თამაშის წინ დათქმები მეც მაქვს _ საერთოდ ვერ ვთამაშობ, თუ სხვა ბუცი მაცვია. დილით თუ რაღაც ისეთი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, რომ განრიგი დავარღვიე, მაგალითად, ჯერ საქმეზე გავედი, მერე შევჭამე, მერე კი თამაშზე წავედი, ვერც მაშინ ვთამაშობ.

ნაკრებშიც და ბათუმშიც გვყავს ფსიქოლოგი – ადამიანი, რომელიც მოდის და გეკითხება, როგორ გრძნობ თავს. თუ ეტყვი, რომ დაღლილი ხარ, მაშინ ცდილობს ჯანზე მოგიყვანოს… ყველაფერს თავისი წამალი აქვს, მაგრამ სახლში არავინ გაგაკონტროლებს, საკუთარ თავს თავად უნდა მიხედო.

თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი არ უნდა დაარტყა

ბავშვებს რა უხარიათ – ავტოგრაფები, სურათის გადაღება, ჩვენ ნაცვამ მაისურებს ვჩუქნით, ეს მოსწონთ. ზოგადად, გაჭირვებულ ბავშვებს, მიუსაფრებს ვეხმარებით, ხან კომპიუტერი მიგვაქვს, ხან ტელევიზორი. პრემია რომ დაგვერიცხება, ვთქვათ, 500 ევრო, 30 ევროს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში ვრიცხავთ.

მორაგბეები სოციალურ კამპანიებში აქტიურად ვერთვებით. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვაჟკაცი ხარ, ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა. ვინც ვაჟკაცი არ არის, ჩვენთან უშვებენ და მერე საკადრის პასუხს ვცემთ… სიმართლე გითხრათ, ვერ ვხდები, რატომ უნდა დაარტყა ცოლს. მგონი, კაცების ეს კატეგორია ან ნარკოტიკს იღებს, ან სხვა რამე სჭირს…. ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებს.

გარდა ამისა, არსებობს ბევრი ყოფითი პრობლემაც – უმუშევრობა, გაჭირვება. არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალებზე ძალადობა შემცირდეს, ალბათ ხალხი უნდა დასაქმდეს. ყველა სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ქუჩაში ბევრი ბიჭი დგას. ისე მოხდა, რომ ვისთან ერთადაც ვვარჯიშობდი, პერსპექტიული ბიჭები, ახლა ქუჩაში დგანან, მე კი ვთამაშობ. ამაზე ძალიან მწყდება გული.

ჩვენი აქტიურობა, ალბათ, ვიღაცისთვის რაღაცას შეცვლის. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება ზრდასრულმა ადამიანებმა მოგვისმინონ და ცხოვრების წესი შეცვალონ, მაგრამ ეს ბავშვებზე გავლენას ალბათ იქონიებს.

როგორია ცხოვრება რაგბის მიღმა

მე, პირადად, თავისუფალ დროს სახლში ყოფნა მიყვარს, ან ფილმს ჩავრთავ, ან მეგობრებს დავპატიჟებ. თუ ვინმეს დაბადების დღე არ არის, სახლიდან ნაკლებად გავდივარ. დასვენების დღეებშიც უარს ვამბობ სახლიდან გასვლაზე – დროს მაქსიმალურად დასასვენებლად ვიყენებ.

თამაშის მერე შეიძლება დალევა, ღამის კლუბებში გართობა. შეყვარებულთან ერთად ვერთობი. კლუბებს კიდევ ის ახასიათებს, რომ შეიძლება ვიღაცას თვალში არ მოუხვიდე. ჩხუბი არ მიყვარს და მაქსიმალურად ვარიდებ თავს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. თუმცა, ბოლომდე არ მივსდევ არავის, ერთი-ორი დარტყმაც საკმარისია.

ემოციური არ ვარ, მაგრამ საქმე ერთი-ორჯერ ქუჩაშიც გამირჩევია – როცა მანქანის არასწორი მართვის გამო დამისიგნალებია და პასუხად გინება მიმიღია. ვერ ვეგუები თავზე გადახტომას.

კავშირი ბავშვობისდროინდელ სამყაროსთან

კავშირი არ გაწყდა, მაგრამ ძირითადად საქმეზე ვარ ორიენტირებული, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, წელიწადში შვიდი თვე ნაკრებში მიწევს ყოფნა.

ისე მოხდა, რომ იმათ სულ სხვა აზრები აქვთ ცხოვრებასთან დაკავშირებით და მე – სხვა აზრები. მაგალითად, უკვირთ, როგორ თუ ვერ დავლევ, მერე რა, რომ ვარჯიში მაქვს. მე პროფესიონალი ვარ და უნდა ვიმუშავო, ის კი, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, რომ საწოლიდან არ ადგეს და იძინოს. მაგრამ თუ ვარჯიში არ მაქვს და სოფელში ვარ, ზოგჯერ ვსვამთ ხოლმე ან ჯოკერს ვთამაშობთ.

ოთხი წელია თბილისში გადავედი საცხოვრებლად. სახლი ვიყიდე, ძირითადად, იქ მიწევს ყოფნა. იქაური მეზობლები მხედავდნენ ყოველ დილით შორტებითა და ჩანთით, იცოდნენ სპორტსმენი რომ ვიყავი, მაგრამ არ იცოდნენ ნაკრებში თუ ვთამაშობდი. მსოფლიოდან რომ ჩამოვედი, ვაიმე, ეს რა მეზობელი გვყოლიაო. ეზოში ყურძენი დამიკრიფეს და მომიტანეს. ძალიან კეთილი ხალხია.

საახალწლო გეგმები

ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად, მაგრამ არ ვიცი წელს ამას რამდენად მოვახერხებ. ჩემს საყვარელ გოგოსთან ერთად სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას.

ჯერ არ ვიცი ქორწილი როდის გვექნება – 5 დეკემბრამდე არ მცალია, თამაშები მაქვს, კვირაში ორი დღე თბილისში უნდა ვიყო, ვარჯიშებზე. ალბათ ჩემი მეჯვარეები რომ ჩამოვლენ აპრილში, უფრო მაშინ მექნება ქორწილი. ჩემი მეჯვარე, ჩემი შვილის ნათლია, ლევან ჩილაჩავა იქნება. ის საფრანგეთში თამაშობს, ტულონში. 17 წლის ასაკიდან ვიცნობ, მაგრამ რაც გავიცანი, სულ ჩემ გვერდით იყო, გაჭირვებაში ხელს მიწვდიდა. ლხინშიც, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით.

კიდევ ერთი მეჯვარე და ჩემი შვილის ნათლია ბექა ბიწაძე იქნება. ეგეც საფრანგეთში თამაშობს. ორივე ძალიან მიყვარს.

ძალები პოზიციების მიხედვით

პირველ ხაზში ვინც დგას, ის ჯანზე უნდა იყოს და მაღალი ტექნიკაც უნდა ჰქონდეს.

მეორე ხაზზე სიმაღლეც მნიშვნელოვანია, წესით 2 მეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყო, მაგრად რომ მიაწვე და თან აუტშიც რომ აგწიონ. ჩვენ გვყავს 2.2-იანი კოტე მიქაუტაძე.

მესამე ხაზზე ანუ ჩემს პოზიციაზე მაღალი და ჯანიანი ბიჭებია საჭირო.
9 ნომერი შეიძლება პატარა იყოს და მოძრავი. 10 ნომერი გონიერიც უნდა იყოს, ის ალაგებს მთელ ნაკრებს. დაცვაში კი ჩემხელა ბიჭები არ შეიძლება, რადგან ბევრი უნდა იმოძრავონ.
შებოჭვა უფრო მეტად 6, 7 და 8 ნომერს უწევს.

ყველაზე მძიმე მაინც პირველი ხაზი და მესამე ნომერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: