სიახლეები

უნებართვო ავტობაზრობები ტროტუარებზე

29.12.2015
უნებართვო ავტობაზრობები ტროტუარებზე

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ყოველდღიურად ასეულობით მძღოლი ჯარიმდება, თუმცა გადატვირთული მოძრაობის, ქუჩების სივიწროვის თუ პარკინგის ნიშნებთან თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო – დაჯარიმებების მაჩვენებელი არ მცირდება. ცალკე პრობლემაა უნებართვო ავტობაზრობები, რომლებიც აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე) და გორგილაძის ქუჩის ბოლოშია განთავსებული.

აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტობაზრობის გამო, ტროტუარზე მოძრაობა უჭირთ  –  “ადრე იყო აქ ავტობაზრობა, ახლა მაღაზია ააშენეს, მაგრამ შაბათ-კვირას მანქანების ტროტუარზე შეყენებისა და ბაზრობის გამართვის “ტრადიცია” მაინც შემორჩა. საშინელება ხდება ყოველ შაბათ-კვირას და არამარტო. ტროტუარზე ბავშვით და ეტლით ვერ გაივლი”, – ამბობს აღმაშენებლის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, პარკირების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ნუკრი ცინცაძე ამბობს, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე ნამდვილად არის სპეციალურად ავტომანქანების ბაზრობისთვის გამოყოფილი შემოსაზღვრული ადგილი, სადაც მანქანის გასაჩერებლად გარკვეული მოსაკრებელიც არის დაწესებული. ის ვარაუდობს, რომ ზოგიერთი მძღოლი ამ გადასახადისგან თავის აცილების მიზნით, მანქანას ბაზრობის მიმდებარედ, შემოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ აჩერებს – ხშირად პარკირების წესების დარღვევით.

ნუკრი ცინცაძის თქმით, მათი სამსახური თითქმის ყოველ დღე აჯარიმებს ამ მანქანების მეპატრონეებს, “თითოეულ ასე დაყენებულ მანქანას, სავარაუდოდ ბევრი საჯარიმო ქვითარი აქვს, ამ ადგილიდან ბევრიც გადაგვიყვანია ევაკუაციით. გარდა ამისა, იმავე ტერიტორიაზე (კორპუსების მიმდებარედ) ფართის სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო მოსახლეობაც აჩერებს ავტომობილებს. ხშირად ვტომობილი ქობულეთის, ხელვაჩაურის თუ ქედის მცხოვრებს ჩამოყავს ამ ტერიტორიაზე, აჩერებს, აწერს ნომერს და ტოვებს, შემდეგ კი ჩამოდის და ნახულობს, რომ მას ჯარიმები აქვს დაგროვებული. არ ვიცი უღირთ თუ არა ამ ჯარიმების ფასად მანქანის გაჩერება, მაგრამ ასე ხდება. ერთ მანქანაზე 10 ჯარიმა დაახლოებით 80-85 ლარია” – ამბობს ის.

ფოტოები გადაღებულია კვირას, 28 დეკემბერს. მოგვაწოდა აღმაშენებლის ქუჩის მკვიდრმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: