დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება

22 იანვრიდან, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას,  წყალსადენი სისტემის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სარემონტო სამუშაოები 20 თებერვლამდე დასრულდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ოჩხამურის წყალსადენი სისტემის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ცენტრალური სისტემა, სათავე ნაგებობა, შიდა ქსელი, მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა და წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა  ნატრიუმის ჰიპოქლორიდისწარმოების დანადგარი.
ამ ეტაპისთვის წყალსადენ სისტემაზე 4 ახალი ტუმბო მონტაჟდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 107 000 ლარია გათვალისწინებული.

სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო პოლიკლინიკები პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას.
პოლიკლინიკები სრული დატვირთვით იმუშავებენ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე , 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან.
მოსახლეობას შეუძლია მიმართოს (ან ბინაზე გამოიძახოს) იმ პოლიკლინიკას სადაც აღრიცხვაზე იმყოფება.
პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:
1. შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
2. შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
ტელ: +995 (0422) 25-20-03, +995 (0422) 25-20-08, მობ: 599 40-60-44
3. შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17
მობ: 593-47-87-87
4. შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N30
5. შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
ტელ: +599 (0422) 24-05-03
6. შპს ,,უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქობულეთი, თბილისის ქ.#31
მობ: 591 96-80-50, 577 10-67-64
7. სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31
მობ: 557 68-50-87
8. შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური მონაცემებით აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, 27 ნიმუში კი გადაგზავნილია თბილისში და შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. რეანიმაციაში იმყოფება სულ რვა ადამიანი, მათგან ერთი პაციენტი H1N1 ვირუსის მქონე.
გრიპისმაგვარი დაავადების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულია:
ხელების ჰიგიენისა და ხველის/ცემინების წესების დაცვა;
დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდება;
ოთახების/სათავსოების ხშირი განიავება;
საერთო მოხმარების ზედაპირების სველი წესით დასუფთავება.
ისეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა:
ცხელება 38◦ და მეტი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
ციანოზი (სილურჯე ცხვირტუჩის არეში) და სუნთქვის გართულება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.

7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში

აჭარის მთავრობის აპარატი მედიამონიტორიგში 7200 ლარს გადაიხდის. მთავრობამ შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „აიფიემ კვლევები“. თუ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, ის ვალდებული იქნება „უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ობიექტურად მიწოდება“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის“ მიერ შერჩეული საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროს, თემის, კომპანიისა და პიროვნების შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ოპერატულად მიწოდება მთავრობისთვის; ასევე უზრუნველყოს DVD დისკზე განთავსებული ვიდეომასალის მიწოდება full HD 1920X1980 ხარისხით, ყოველთვიურად;

მიმწოდებელი ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს:

საინფორმაციო საშუალებეში გასული ინფორმაციების მიწოდება მთავრობის აპარატისთვის, სიუჟეტის გასვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა;

ტელევიზიის, პრესის, რადიოს და ინტერნეტ-საიტების 24 საათიანი მონიტორინგი;

ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მიწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

მანვე უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის აპარატის მიერ არჩეული როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი გაზეთების მონიტორინგი [მინიმუმ 10 ტელევიზიის, 10 რადიოს და 30 ჟურნალ-გაზეთის] შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოს სოცილური მედიის მონიტორინგი.

გააფორმებს თუ არა აჭარის მთავრობის მონიტორინგი შპს „აიფიემ კვლევები“-სთან ხელშეკრულებას, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აჭარის მთავრობის აპარატში ფუნქციონირებს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ.

41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა.

„საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 800 აშშ დოლარად შეისყიდა; 16 ერთეული „toyota corolla“ – 252 ათას აშშ დოლარად, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“; ხოლო 15 ერთეული „suzuki swift“ – 144 ათას ევროდ, შპს „ჯი-თი მოტორსისგან“. ყველა ავტომობილი გამოშვებულია 2015 წელს და ხელშეკრულებების მიხედვით, შეძენილია ამავე წლის 29 დეკემბერს.

ავტომობილები საქართველოს რკინიგზამ გამარტივებული შესყიდვების გზით შეიძინა, რაზედაც თანხმობა განაცხადა ჯერ შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, შემდეგ  „საპარტნიორო ფონდმა“ [როგორც „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილის მფლობელმა], ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და ბოლოს საქართველოს მთავრობამ, 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს  ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ამ განკარგულებით, „აღნიშნული ავტომობილების შესყიდვებზე გაწეული დანახარჯების „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაკომპენსირება, „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის წმინდა მოგებიდან განაწილებული და „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდიდან გამოქვითვის/შემცირების გზით“.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილების შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საფრთხეების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეგიონში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაძლიერება. ამ მიზნით, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვა ზემოაღნიშნულ წერილებში გათვალისწინებული რაოდენობისა და სპეციფიკაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის შემდგომში გადაცემის მიზნით.“ – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში.

იქვე განმარტებულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოთხოვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემები და შესყიდვის ღირებულება არ მოდის შესაბამისობაში „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკაციის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებთან და ზღვრული ფლობის ღირებულებასთან, ამიტომ შემსყიდველმა (სს „საქართველოს რკინიგზა“) მიმართა სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას მითითებული ავტომანქანების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად. საკითხი განხილულ იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ და რკინიგზას ეთქვა თანხმობა შესყიდვის განხორციელებაზე“.

ვაკანსიები სახალხო დამცველის რეგიონულ სამმართველოებში

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი იგივე თანამდებობაზე სხვა რეგიონებშიც გამოაცხადეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსანტს იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონულ რწმუნებულებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ იურიდიული განათლება არ აქვთ, შესაძლია სხვა სამსახურის მოძებნა მოუწიოთ.

სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე საქართველოს რვა რეგიონში ჰყავდა რწმუნებული, დამატებით ექვს რეგიონში კი საკონტაქტო პირი. მათგან რამდენიმეს იურიდიული განათლება არ აქვს.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებულად 2005 წლიდან დღემდე გიორგი ჩარკვიანი მუშაობს. ის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან პროფესიით იურისტი არ არის. რა იქნება კონკურსის შემდეგ და მოუწევს თუ არა სამსახურის დატოვება ამის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.

სამმართველოს რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ ქორიძის განმარტებით კი, სახალხო დამცველის აპარატს მათთვის, ვისაც აქვს გამოცდილება, მაგრამ არა იურიდიული განათლება, შეთავაზება ამ დროისთვის არ აქვს.

„რეორგანიზაცია მხოლოდ რეგიონულ სამმართველოს შეეხო და ეს პრობლემებს არ უკავშირდება. სხვა ვაკანსიები, რაც გამოქვეყნებულია, მიმდინარე ვაკანსიებია. აქ შედის რვა რეგიონული ოფისი, დამატებით საკონტაქტო პირი ექვს რეგიონში. მაგალითად ზუდგიდში რეგიონული ორგანიზაცია რვა წლის წინ გაიხსნა, ათი წლის წინ ქუთაისში და ასე შემდეგ – წლების განმავლობაში მატულობდა ამ რეგიონებიდან განცხადებების რიცხვი. ამის გამო ჩვენი პასუხისმგებლობაც გაიზარდა და საჭირო გახდა ამ ყველაფერთან ადაპტაცია. ამიტომ გაიზარდა რეგიონული სამმართველოს სტატუსი და გარდაიქმნა დეპარტამენტად. დეპარტამენტშივე შეიქმნა სამი სამმართველო, მათ შორის აჭარის სამმართველოც არის. გამოცხადებულია კონკურსი სამმართველოს უფროსების თანამდებობაზე. შეიცვალა თანამშრომლების კვალიფიკაციის მოთხოვნები, რადგან საჭირო გახდა რეგონებში ოფისების იურისტებით დაკომპლექტება. ეს იმიტომ, რომ სახალხო დამცველის აპარატი თბილისიდან არ აკეთებდეს რეგიონულ საქმეებს. რაც რეგიონში შეიძლება გაკეთდეს, რეგიონის საქმეების საფუძვლიანად შესწავლა, შესაბამისმა ოფისმა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისად, არაიურისტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და ვერ გახდება სამმართველოს უფროსი, ვერც მთავარი სპეციალისტი, ან სპეციალისტი, რადგან ის არ არის იურისტი. მაგრამ მიიღებს ის, ვინც იურისტია და ამავდროულად აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ამ საქმიანობისთვის და იმ გამოწვევისთვის რაც ახლა დგას რეგიონების წინაშე, აუცილებელია იურიდიული განათლება. ეს გამოცდილებამ აჩვენა. “

საკონკურსო განცხადების მიხედვით, რეგიონული სამმართველოს უფროსის ხელფასი 1815 ლარია.

აჭარის მთავრობა: საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 8943 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 718 773,5 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179,1 ლარია.

მთავრობის მონაცემებით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: რუსეთი – 78.28% (20 358 ტონა), უკრაინა – 44. 83% (38 57ტონა), სომხეთი – 3.06%  (785 ტონა), აზერბაიჯანი – 0.94% (244 ტონა), ყაზახეთი – 1.72% (447 ტონა), ბელორუსია – 0.95 % (242 ტონა), სხვა ქვეყნები – 0.29 % (74 ტონა).

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას ექვსი ქარხანა აწარმოებს: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას იღებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხა 399 718 ლარს შეადგენს. სუბსიდია გაცემულია იმ ქარხნებზე, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

 

 

 

არჩილ ხაბაძე: ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს: „მზაობა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის, რომ უნდა აღდგეს სამივე ალეა, მე მხედველობაში მაქ… საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის და ბათუმის ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი სამართლებრივად სწორად განხორციელდეს“.

თითქმის ანალოგიური განცხადება, რომ „ბათუმელებისგან დაკომლექტებული კომისიის პირველივე შეკრებისთანავე შესაძლებელი ხდება კონცეფციაში ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება“, მთავრობამ ადრეც გაავრცელა.

თუ რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი ბულვარში სამივე ალეას [ბილიკის, ხეივნის] შენარჩუნება, „ბათუმელები“ კომენტარისთვის მაშინ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, გიორგი ხიმშიაშვილს დაუკავშირდა.

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი.

გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე

 

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის და ოსმალეთის იმპერიები, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ბათუმის ბრიტანული ოკუპაცია, საბჭოთა კავშირი და ამ კავშირის დაშლის შემდეგ ხელახლა დაბადებული დამოუკიდებელი საქართველო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ კი შეიძლება ბათუმის ძველი ბულვარის გარეშე დავრჩეთ.

არადა, ამბავი ბულვარის გარეშე დარჩენისა უცნაურად დაიწყო. 2015 წლის 9 ივნისს ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შექმნეს. კომისიის შექმნიდან ასი დღის თავზე მეორედ შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისათვის საჭირო კომპანია აუცილებლად გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უნდა შერჩეულიყო. მერე რა რომ საქმე მრავალწლიანი შესყიდვას ეხებოდა. არანაირი კონკურსი. არანაირი საჯაროობა. სამაგიეროდ, 25 სექტემბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილი მისწერეს, რომ აქაოდა გამარტივებული შესყიდვის იქით საშველი არ გვაქვსო. 1 ოქტომბერს შესყიდვის თანხის ოდენობაც აცნობეს. თანხა რა, სულ რაღაც 240000 ლარი. მინისტრმაც მეორე დღესვე თანხმობა მისცა (აბა საკითხის მოკითხვას და გარკვევას ხომ არ დაიწყებდა). მერე 6 ოქტომბერი რომ მოვიდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვას რომ გახეთქავდა იმისთანა განკარგულება გამოსცა და 7 ოქტომბერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ყველა რეკორდი მოხსნა. თანხმობის მიღებიდან ერთ დღეში კონტრაქტი შპს „სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან“ გააფორმა.

ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ მიმოწერასა და სიჩქარეში, არავის უკითხავს რატომ უნდა შევცვალოთ ბათუმის ძველი ბულვარი. ის ბულბვარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და ძეგლზე საუბრისას ნებისმიერი იდეა, კონცეფცია და დოკუმენტი ფუჭი ქაღალდია, თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებს არ ემსახურება.

შეიძლებოდა ეს ამბავი აქვე დამესრულებინა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე ცუდი ჯერ არ მითქვამს. ყველაზე ცუდი კი იმ ტექნიკური დავალებაში იმალება, რომელიც კომპანიას მისცეს. დავალების მიხედვით კომპანიამ ბულვარის ტერიტორიის ფუნქციური გამოყენების ისეთი ზონები უნდა განსაზღვროს, სადაც სხვა ობიექტების პარალელურად – კვების, საზოგადოებრივი და გასართობი ობიექტების განთავსების ადგილი განისაზღვრება. ასევე, ატრაქციონების, პარკინგის, ზოოკუთხის და სათამაშო ავტომატების ადგილები. ჰოდა, ამის შემდეგ თვალსა და ხელს შუა გაქრება ბათუმის ძველი ბულვარი. ბულვარი, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც 1884-ში რის ვაი-ვაგლახით და მთელი დავი-დარაბის შემდეგ ძლივს გამოისყიდეს გადამდგარი უნტეროფიცრის ქვრივისგან. ბულვარი, რომლის დასამშვენებლადაც 1886 წლიდან მთელი ბათუმი დაფაცურდა და რომელიც წლებთან ერთად გასცდა ბურუნ-თაბიეს სიმაგრესა და ტაძრის (დუმბაძის) ქუჩის მონაკვეთს.

ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე, ვინც ვფიქრობთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ. სასტუმროების, კაფეების და გასართობი ატრაქციონების განსათავსებელი ადგილი. ჩვენზე, ვისაც გვჯერა, რომ ბათუმის ძველი ბულვარი თავად არის ბათუმი და ბათუმი არ არსებობს ძველი ბულვარის გარეშე.

ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი თავადი მიხეილ დ’ალფონსი 1889 წელს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ეს ამბავი ისე ეწყინა ბატონ დ’ალფონსს, რომ სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა 2016 წელია და ეჭვი მაქვს, რომ გასული წლის ბოლოდან ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით აჭარის ხელისუფლების მიერ დაწყებული გაურკვეველი პოლიტიკის წყალობით, თავადი დ’ალფონსი ყოველდღე და დაუსრულებლად ტრიალებს საფლავში.

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

ავტორი: სულხან ღლონტი

ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციები, ჩვენი ქალაქის ისტორიის რეალურად ახალი და უნიკალური ფურცელია. იგი თავისი არსით მეტია ვიდრე ერთ კონკრეტული მოთხოვნა. დღემდე არსებული „ტრადიციული სისტემა“ გულისხმობდა ხელისუფლების გადაწყვეტილებების პრაქტიკულად უაპელაციოდ მიღებას და აღსრულებას. ნგრევა თუ შენება ხელისუფლების ექსკლუზივი იყო და აქამდე არც ერთ გადაწყვეტილებას ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია მოქალაქეების მხრიდან.

დღეს რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, რამაც ხელისუფლება დიდ საგონებელში ჩააგდო. ტრადიციული გამოცდილება კი ასეთ დროს შემდეგია: ხელისუფლება იწყებს სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობას, პროცესის მარგინალიზაციას და მოქმედი პირების მიმართ ზეწოლის ათასგვარი მექანიზმის გამოყენებას. გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ხელისუფლებამ ეს მეთოდი უკვე არაერთხელ სცადა, ძირითადად პროცესში პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნის გზით. არ გამოვიდა, ვერ იპოვეს პოლიტიკოსები პროცესის სათავეებთან და ჯერი მიდგა ბულვარის დაცვის მიზნით გაერთიანებულ გულწრფელ ბათუმელებზე.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამართლიანმა პროტესტმა სოციალურ ქსელში მასობრივი ხასიათი მიიღო. ამის საპირისპიროდ, ასპარეზზე გამოჩნდნენ სოციალური ქსელის უსახელო „გმირები“, ეს, ძირითადად, უინტერესო ხალხია, რომლებიც ამოფარებული არიან ყალბ, ეგრეთწოდებულ პროფაილებს და წერენ ყველაფერს და ყველაზე, ბუნებრივია, იმაზე მეტს, ვიდრე ჯანმრთელი გონება წარმოიდგეს. მათი ფუნქცია არის პიროვნებების დისკრედიტაცია და ამ მეთოდით ცდილობენ საინიციატივო ჯგუფების მიმართ უნდობლობის გაჩენას, რაც მართლაც ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრია მთელს ამ პროცესში.

თუ საინიციატივო ჯგუფებში შეიტანენ დაბნეულობას და მოახერხებენ მათ პასიურ რეჟიმზე გადაყვანას, მაშინ მიაღწევენ მხოლოდ საბოლოო მიზანს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ბულვარისთვის შინაარსის შეცვლა, მისი გადასხვაფერება, გაუცხოება, ფერების წართმევა, სულიერი ენერგიისგან დაცლა, ყველაფერ იმის წართმევა, რაც ასე ქარიზმატულს ხდის ჩვენს საუკუნოვან ხეივნებს და საბოლოოდ ჩვენს ქალაქს.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, სამოქალო აქტივიზმში გაწევრიანების მსურველთა რიგები ყოველდღიურად იზრდება და ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. დღეს იქმნება მომავალი დღისწესრიგის საფუძველი, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „ეს ქალაქი არის ჩვენი“, როგორადაც არ უნდა გამოვხატოთ ერთ წინადადებაში ჩვენი დამოკიდებულება, შინაარსი მაინც ერთია – დღეიდან გაჩნდა ღია და განცხადებული პრეტენზია ქალაქში მიმდინარე პროცესები შეუთანხმონ ქალაქის რეალურ მესაკუთრეებს, ბათუმელებს!

ზუსტად ეს გარემოება აშფოთებს ხელისუფლებას. მათ რიგებში უმალ გამოჩნდებიან „სხვაზე მეტის მცოდნეები“, რომელთაც არ მოსწონთ ასეთი დღისწესრიგი და იწყებენ მასთან ღიად ან ფარულად დაპირისპირებას. ეს არის ბრძოლა, სადაც რეალურად გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ეს არის ბათუმი! ქალაქი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჰყავს პატრონი.

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები, ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ისეთი მმართველობის შექმნას, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები. რომელიც არ არის აგრესიული, არამედ მოწოდებულია დიალოგისთვის. ქვეყნისთვის და ქალაქისთვის აუცილებელ საჭიროებებს აყალიბებს არა მარტო მონოტონურად, უღიმღამოდ, უინტერესოდ, არამედ ეფექტურად და ყველასთან ერთად. გადაწყვეტილებებს იღებს არა განკერძოებულად, არამედ დაინტერესებული მოქალქეების ჩართულობით. მიზანთა და იდეათა განვითარებაში ცნობს არა ვერტიკალურ, არამედ ჰორიზონტალურ პრინციპს.

როცა საქმე ეხება ქალაქის ყველაზე ნოსტალგიურ და ამავე დროს ყველაზე ცოცხალ ნაწილს – ბათუმის ბულვარს, როცა მოთხოვნებს აყენებს ქალაქში დომინანტი ძალა – ბათუმელები, როცა სამ(ასიდან) (სამ)ასივე ამბობს, რომ არასწორ გზაზე დგახარ და „განვითარების“ შენეული ხედვა დაწუნებულია, როცა სამი ხეივანი რეალურად არის სიმბოლო, რომელიც გულისხმობს, რომ ქალაქმა უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება და შენ (თუ თქვენ) ამ გადაწყვეტილებას აყოვნებ, ნიშნავს იმას, რომ ადექვატურად ვერ აღიქვამ პროცესს, რაც ქალაქში უფრო მეტ აგრესიას აჩენს. ახლა სამი საათია და ასეთ სამ საათს მრავალჯერ ჩაუვლია ჩვენს ქალაქში და ბევრი ასეთი გაუმართლებელი გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილებათა ავტორი უნახავს, რომელსაც საბოლოო ჯამში ბათუმმა მკაცრი პასუხი გასცა.

და ბოლოს, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს გარიგება და როგორი გავლენიანი ლობისტებიც არ უნდა ჰყავდეს მას, ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გრიპის ვირუსითან დაკავშირებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური პოლიკლინიკები ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან. მოსახლეობას შეუძლია მიმართოს (ან ბინაზე გამოიძახოს) იმ პოლიკლინიკას, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება.

პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები: 1. შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2 ტელ: +995 (0422) 27-92-47 2. შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4 ტელ: +995 (0422) 25-20-03, +995 (0422) 25-20-08, მობ: 599 40-60-44 3. შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17 მობ: 593-47-87-87 4. შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N30 ტელ: +995 (0422) 27-73-03 5. შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7 ტელ: +599 (0422) 24-05-03 6. შპს ,,უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” მის: ქობულეთი, თბილისის ქ.#31 მობ: 591 96-80-50, 577 10-67-64 7. სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” მის: ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31 მობ: 557 68-50-87 8. შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7 ტელ: +995 (0422) 25-87-01“.

მთავრობა ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას გეგმავს

ბათუმის ბულვარში დიოდთოვლობის გამო მოგლეჯილ ხეების ადგილას ახალ ხეებს ჩარგავენ – ამის შესახებ გასულ კვირას აჭარის მთავრობამ იმ ბრძანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ბუკნარის ტერიტორიიდან გიგანტური ხეების ამოღების კანონიერებაზე მიუთითებდა.

აჭარის მთავრობის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი უზრულველყოფს.

„ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება 2016 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დიდთოვლობის გამო ბათუმის ბულვარში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება მრავალწლოვანი ხე-მცენარეებით“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბათუმელები“ დიანტერესდა,  კონკრეტულად რა სახეობისა და რა ოდენობის ხეების შეტანა იგეგმება ბათუმის ბულვარში, რის შესახებაც მთავრობიდან წერილობით შემდეგი გვაცნობეს:

„ამჟამად  მიმდინარეობს კონსულტაციები პროექტში ჩართულ შესაბამისი დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებთან და ბულვარის ადმინისტრაციასთან თუ რა სახეობის, ზომისა და ასაკის ხე-მცენარეების გადმორგვა არის შესაძლებელი. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადარგვა მოხდება იგივე ადამინური და ტექნიკური რესურსის დახმარებით, რაც საშუალებას მოგვცემს ერთის მხრივს გამოყენებულ იქნეს უპრეცედენტო პროექტში ჩართული სპეციალისტების გამოცდილება, მეორე მხრივ დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები“.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო დიდთოვლობის დროს ბათუმის ბულვარში თოვლმა 8 ხე მოგლიჯა.

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის

20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს რაოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხა ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე დაიხარჯება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 1,5 მილიონი ევრო, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი – 1,814 მილიონი ევრო.

11236146_1017717814933198_25443846601571831_n

ასევე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა ოთარ ზოიძემ.

H1N1 ვირუსისგან პრევენცია ბათუმის საბავშვო ბაღებში

H1N1 ტიპის ვირუსისგან პრევენციის მიზნით ბათუმის საბავშვო ბაღებში გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. ყველა საბავშვო ბაღში შეტანილია სადეზინფექციო სითხე, ხდება ოთახების ხშირი განიავება, აღსაზრდელებს ხშირად ბანენ ხელებს. გაციებული თანამშრომლები და აღსაზრდელები ბაღებში არ დაიშვებიან. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მერიამ გაავრცელა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა.

 

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

ბუნდოვანი ბრძანება

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით (მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ბრძანების გამოცემაზე, თუმცა თავად ბრძანება აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დღემდე არ არის ატვირთული. შესაბამისად, ხელმიუწვდომელია მისი ზუსტი შინაარსი – ავტ.), რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რა პროექტი ხორციელდება ოზურგეთში (პროექტის სახელწოდება), რომელი კომპანია ახორციელებს ამ პროექტს, კერძო პირის საკუთრებაა თუ მუნიციპალური ან სახელმწიფო საკუთრება? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა. მთავრობიდან შემდეგი გვაცნობეს: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელსაც აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი… პროექტის  ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დენდროლოგიური პარკის მოწყობა… მას ექნება საზოგადოებრივი დანიშნულება და გახდება ტურისტულად და ეკოლოგიურად მიმზიდველი ადგილი…“

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის „მნიშვნელოვან კომპონენტად“ შეფასებული პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად  „ბათუმელები“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება თუ ბრძანება არ მიუღია. „ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. – მე როგორც ვიცი ეგ [პარკი] კერძო საკუთრებაა. შემოღობილია. და შემდგომ როგორ იქნება, არ ვიცი“.

 

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არჩილ ხაბაძემ ბრძანება არა კერძო პირის, არამედ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოსცა. ამონარიდი მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან: „პროექტი მოიცავს „წვერმაღალას“ და შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ხემცენარეების გადარგვა. მნიშვნელოვანია, რომ ხეების გადარგვის შემდგომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა შიდა სასოფლო გზები და გარე განათება, რომელიც გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს და ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა“.

 

„ბათუმელებმა“ ბრძანების ამ მონაკვეთის დაზუსტების მიზნით აჭარის მთავრობას დამატებით კითხვებით მიმართა. მაგალითად, გვაინტერესებდა, დენდროლოგიური პარკის გადაცემა იგეგმება მუნიციპალიტეტისთვის თუ მხოლოდ შიდა სასოფლო გზებითა და გარე განათებით ისარგებლებს მოსახლეობა? ან რა დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე მიაჩნიათ აჭარის მთავრობაში, რომ მოსახლეობას ამ სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა, მაშინ, როცა ტერიტორია კერძო საკუთრებაა? – ამ კითხვების პასუხად მთავრობამ შემდეგი განმარტა: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია, საუბარი იყო ციხისძირისა და ბუკნარის ტერიტორიაზე ხეების გადარგვის შემდგომ ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების მოწყობასა და მათ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემაზე“.

 

ხეების გადარგვის ფასი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლების გათვლებით, ვინც ხეების გატანას აჭარის რეგიონიდან გურიაში აქტიურად აპროტესტებენ, სამუშაოები, რომელიც ხეების გადასატანად ტარდება, „ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში დაახლოებით 3 მილიონი ლარი უჯდება“. მათივე ინფორმაციით, მართალია ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ხის გადარგვის შესახებ გამოიცა ბრძანება, მაგრამ ტერიტორიიდან სინამდვილეში დაახლოებით 30 ხის გატანა იგეგმება. „თუ ადგილზე მიხვალთ, ნახავთ, რომ ყველა გასატანი ხე მონიშნულია და ეს სამ ერთეულზე გაცილებით მეტია“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით: საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე კომპანია „ზიმო“ მუშაობს. შესაბამისად, პროექტის ფასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“„ზიმოს“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერაფერს იტყვის პროექტის საერთო ღირებულებაზე და ამის გასარკვევად სხვას უნდა მივმართოთ.

ირაკლი შანავას თქმით, კარგი ამინდის შემთხვევაში, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებათ გზის მოწყობითი სამუშაოების დასასრულებლად. მისივე მტკიცებით, სხვა ხეების მოჭრა მშენებლობის პროცესში გამორიცხულია. „ერთი პატარა ხე მოვჭარით და დაგვაჯარიმეს, თუ არ ვცდები 1700 ლარით“, – ამბობს ირაკლი შანავა. მისივე განმარტებით, გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტულ მასალებს კომპანია მოიპოვებს კარიერზე, რომლის ლიცენზიასაც თავად ფლობს.

რისკი, რაც ასაკოვანი ხეების გადარგვას ახლავს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნარგული ასანიძე ამბობს, რომ ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ამ კონკრეტული ხეების გადატანა მათივე სიცოცხლისთვის სახიფათოა:

„მერწმუნეთ, ხეების გადატანა ამ სეზონზე, მით უმეტეს ამ ასაკის ხეების, დიდი საფრთხის შემცველია: 200-წლოვანი ხე ისედაც მიძინების პერიოდშია. ის ამდენი ხანი ამ გარემოში იყო ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ეკოლოგ-ექსპერტი მაგაზე დადებით რეკომენდაციას არ გასცემდა. გულწრფელად მიკვირს, რატომ არ აძლევენ მას [ბიძინა ივანიშვილს] ამ რჩევას, მით უფრო თუ მას უყვარს გიგანტური ხეები. თუ დიდი ოდენობის ნიადაგი გადააყოლეს მცენარეებს (ამბობენ 140 ტონა ნიადაგი მიყვებაო), მაშინ ვვარაუდობ, რომ მცენარე შეიძლება გადარჩეს, რადგან მათი სიცოცხლის 60-70% ნიადაგზეა დამოკიდებული. მაგრამ ნიადაგის გარდა არსებობს სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დაღუპვა. იმედია, ბოტანიკოსები მუშაობენ ხეებისთვის ამ გარემოს შექმნაზე. შემოდგომაზე გამოჩნდება, გადარჩნენ თუ ვერა ეს მცენარეები“.

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს.

სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს.

შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.

სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან

20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

კონკურსში – „მე-ომბუდსმენი“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო თავდიშვილი და ელენე ჩავლეიშვილი (გუნდი „რა“), ხოლო მესამე ადგილი ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ გვარიშვილსა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამთა კახაბერიძეს ერგოთ (გუნდი „მთვარე“). მათ საჩუქრად ლეპტოპები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ სამახსოვროდ სერტიფიკატები, ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართველი ერის ისტორია“, ჩანთები და სხვა საჩუქრები მიიღეს.

„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით მეექვსედ გაიმართა.

პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი უკვე წარუდგინა. ესენი არიან: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. მათ შორის ერთ-ერთი არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 29 იანვრამდე უნდა წარუდგინოს.

ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს იმ პირთა სახელები და გვარებია, რომლებიც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ დარეგისტრირდნენ.

ბათუმის მერიის სამსახურები ახალ მისამართზე

ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანის ქუჩაზე გადავიდა მერიის სამსახურები: საფინანსო ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის, სოციალური და მერიის შიდა აუდიტი.

ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი.

ახალ შენობაში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობიდან სამუშაოდ გადავიდა მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი [მერის მოადგილის ორი თანამდებობიდან ერთი დღემდე ვაკანტურია. ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ბერიძემ ეს თანმდებობა 2015 წლის 13 ივლისს, სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით დატოვა].

რაც შეეხება მერს და ვიცე-მერს, ისინი რჩებიან ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში. აქვე რჩება მოქალაქეთა წერილების მიღების განყოფილებაც.

ბათუმის მერია, საჯარო რეესტრში, ბათუმში, ორბელიანის ქუჩა N10-ში მდებარე უძრავი ქონების მერიაზე გადაცემის რეგისტრაციას ითხოვს.

აღნიშნული ქონება [1149 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – საერთო ფართობით 829,3 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი [განუსხვისებელი] ქონების სახით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გადაეცა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, H1N1-ის გრიპის ვირუსით ორი პაციენტი კლინიკაში მკურნალობს ბათუმში, ორი კი უკვე გაწერელია საავადმყოფოდან.

H1N1-ის შემთხვების გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევებმაც. „თუ ადრე 230-მდე გამოძახება გვქონდა დღეში, ახლა 350-მდე გამოძახებაც გვაქვს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

20 იანვარს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის ხელმძღვანელებსა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება H1N1 ვირუსის თემაზე სასაუბროდ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მეორე ადამიანი გარდაიცვალა H1N1-ის ვირუსით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტი თანმხლები ქრონიკული დაავადების ფონზე გარდაიცვალა.

H1N1-ის ვირუსის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

გრიპის პირველივე ნიშნების შემთხევევაში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რომ არ მოხდეს დაავადების გართულება.

აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდა, ოთახის ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს დაყოვნებისაგან თავის არიდება და თუ ოჯახში დაავადებულია, სასურველია დაავადებულმა პირბადე გამოიყენოს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

H1N1-ის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით.

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არჩილ ხაბაძეს დღეს წარუდგენენ

დღეს, ექვსი საათისთვის სპეციალურმა კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ ორი კანდიტატი უნდა წარუდგინოს. მათგან კი ერთ-ერთს არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. კანდიდატების შესარჩევად უსკომ კონკურსი 2015 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა.

ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს იმ პირთა სახელები და გვარებია, რომლებიც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღბად დარეგისტრირდნენ.

კომისიას მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი რუსლან ქორიძე ხელმძღვანელობს. ამავე აპარატის წევრია ერთ-ერთი კონკურსანტი პარმენ ჯალაღონია. ის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

უსკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ამ დრომდე ამ თანამდებობაზე არჩილ მიქელაძე მუშაობდა.

უსკოს პირველი პირის ხელფასი 2390 ლარია. ის სახელმწიფო მანქანითაც გადაადგილდება.

ავტოსპორტის აწმყო აჭარაში

გური მუხიგული, გური ჩავლეშვილი და ვახო ხურციძე ავტოსპორტის აჭარის ნაკრების წევრები არიან. 2015 წელი მათთვის წარმატებული სეზონი აღმოჩნდა საქართველოს ჩემპიონატზე. 

 

 

ვახო ხურციძე
ვახო ხურციძე

ვახო ხურციძე

23 წლის დრიფტერი
საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი
ასპარეზობა: პროფესიონალთა კლასი
ავტომობილი: BMW E36
ძრავის მოცულობა: 4.6

 

 


გური მუხიგული
გური მუხიგული

გური (გურამ) მუხიგული 

29 წლის დრიფტერი
საქართველოს ჩემპიონი
ასპარეზობა: მოყვარულთა კლასი
ავტომობილი: BMW E30
ძრავის მოცულობა: 3.2

 

 


გური ჩავლეშვილი
გური ჩავლეშვილი

გური (გურამ) ჩავლეშვილი

29 წლის მრბოლელი
ასპარეზობა: წყვილთა რბოლა, მოყვარულთა კლასი
ავტომობილი: Honda Civic
ძრავის მოცულობა: 1.8

 

  საქართველოს ჩემპიონატები, როგორც დრიფტში ასევე წყვილთა რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ხუთ ეტაპად 2015 წლის გამავლობაში მიმდინარეობდა. ფინალური ასპარეზობები ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართა.
დრიფტის ჩემპიონატს ორგანიზებას „BMW Club Georgia“ უწევდა, ხოლო, წყვილთა რბოლას –  „Mitsubishi Club Georgia“.
ვახო ხურციძე პროფესიონალებს შორის დრიფტში (მოცურებული ავტომობილის მართვა) მესამე ადგილზე გავიდა. ის 14 წლიდან ჩაერთო ავტოსპორტში, გასულ წელს მოყვარულთა შორის გაიმარჯვა და პროფესიონალებში გადაინაცვლა: „ხუთი ექვსი წელია აქტიურად ვარ ავტო-სპორტში, ვიღებ აჭარის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ბოლო ორი წელია, კი საქართველოს მასშტაბითაც გამოვდივარ“ – ამბობს ვახო.
პირველი გამარჯვება აღმოჩნდა გური ჩავლეშვილისა და გური მუხიგულისთვის, მოყვარულთა კლასში.
გური ჩავლეშვილი: „2010 წლიდან ვასპარეზობ ავტოსპორტში. ვმონაწილეობდი აჭარა გურია, იმერეთის მასშტაბით, დასავლეთის ჩემპიონატებში. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა საქართველოს პირველობაზე“.
აჭარის ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის იური ლომთათიძის თქმით, ასეთი შედეგი სპორტსმენებს ავტოსპორტში აჭარიდან წლებია არ ჰქონიათ.
„80-იან წლებში საქართველოს ჩემპიონატი რომ ტარდებოდა მაშინ გვყავდა აჭარიდან საქართველოს ჩემპიონი. მას მერე მკვდარი იყო ყველაფერი [ავტოსპორტში]. ესენი გაიზარდნენ ჩვენთან ფედერაციაში, ბავშვები იყვნენ რომ მოვიდნენ. მერე თავიანთი ავტომობილები შეიძინეს, დიდი ფული დახარჯეს, ისინი საკუთარი სახსრებით მონაწილეობენ შეჯიბრებებში“.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა პრიზიორებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა, პირველ ადგილზე გასულებს ათას-ათასი ლარი, მესამე ადგილზე გასულს კი 600 ლარი.
თითოეული ეტაპზე მონაწილეობა ერთ მრბოლელს მინიმუმ 3000 ლარი, ხოლო ერთ სეზონზე 15 000 ლარი უჯდება. როგორც თვითონ ამბობენ მშობლებისა და მეგობრების ფინანსური დახმარებით ასპარეზობენ.
„წლიურად 20 000 ლარი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი თითო მრბოლელზე, საქართველოს ჩემპიონატისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის დეპარტამენტს იმისთვის, რომ ბოლო ეტაპზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს. თუმცა რაც მოიგეს, ამ ბიჯებს სამი იმდენი დახარჯული აქვთ“.
გარდა იმისა, რომ სიძვირით გამოირჩევა ეს სპორტი, სპორტსმენებს დამატებით ხარჯებიც აქვთ. რადგან ბათუმში შესაბამისი ავტოდრომი და სავარჯიშო ტრასა არ არსებობოს, სავარჯიშოდ რუსთავში უწევთ ჩასვლა და ტრასის ქირაობა. ამიტომ მიღწეული შედეგები თითქმის წინასწარი მომზადების გარეშე მოიპოვეს. ბათუმში არის ავტოდრომი თუმცა როგორც ავტომოყვარულები ამბობენ ის არ არის სავარჯიშოდ საკმარისი ადგილი.
ვახო ხურციძე: „სანამ შეჯიბრების მორიგი ეტაპი დაიწყება მანამდე, ერთი კვირით ადრე ჩავდიართ რუსთავის ავტოდრომზე. სამი ოთხი დღით ვვარჯიშობთ, დღეში საშუალოდ თითო საათით, და მეხუთე დღეს გამოვდივართ შეჯიბრზე. სინამდვილეში, საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც რომ ვივარჯიშოთ. პატარა ადგილი არ არის საკმარისი გვეყოს, რადგან მართვის სწავლას ჩვენ არ ვაპირებთ“.
„მინიმუმ 100-120 კილომეტრი საათით უნდა იმოძრაო და მერე დაიწყო მოცურებითი სიარული, ასეთი სპორტია დრიფტი“ – განმარტავს გურამ მუხიგული.
იური ლომთათიძის თქმით, მათ აქვთ ევროპაზე ასპარეზობის შანსი, თუმცა განსაკუთრებული მომზადება სჭირდება ავტომობილებს და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია.
მიუხედავად არსებული პირობებისა, ისინი მომავალ წელსაც აპირებენ ასპარეზობას.
გური ჩავლეშვილი: „ბევრი ადამიანია ვისაც შეუძლია ასპარეზობა, მაგრამ სწორედ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას“.
„ერთხელაც მობეზრდება მეგობარს ამდენი ფულის გაცემა, მამასაც მობეზრდება, ვეღარ – გაწვდება. მაგრამ სახელმწიფო ტაშს რომ უკრავს [როცა ჩემპიონი გახდება სპორტსმენი], ხომ უნდა დაეხმაროს მათ? მომავალ თაობას რა ვუყოთ? 67 წევრი მყავს ამ წუთში ფედერაციაში, მათ შორის 8 წლის ბავშვებიც. სანამ შემიძლია ვასწავლი, მაგრამ როგორ უნდა ვასწავლო ტრასის გარეშე? ერთი წელია ვეღარ ვავარჯიშებ მათ, ამიტომ იკარგებიან პერპექტიული ახალგაზრდები“ – ამბობს იური ლომთათიძე. მას სურს, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ტრასა მოეწყოს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ვარჯიში ასევე საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.
ტრასის გეგმა
ტრასის გეგმა
იური ლომთათიძე: „ტრასის მოწყობას დაახლოებით 1 მილიონ 880 ათას ლარი დასჭირდება. ტრასა მოეწყობა 20 ჰექტარზე და გათვლილი იქნება, როგორც ავტოსპორტისთვის, ასევე ა~ველოსპორტისა და მოტოსპორტისთვისაც. ეს იქნება ყველაზე იაფიანი ტრასა, რაც შეიძლება გავაკეთოთ აჭარაში, თავისი კომპლექტებით“.
ფედერაციას ტრასის მოწყობის პროექტი მომზადებული აქვს და 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგენს.
ვახო ხურციძე / გური მუხიგული / გიორგი მკრტიჩიანი
ვახო ხურციძე / გური მუხიგული / გიორგი მკრტიჩიანი
ვახო ხურციძის ავტომობილი BMW E36
ვახო ხურციძის ავტომობილი BMW E36
გური მუხიგული
გური მუხიგული
გური მუხიგულის ჯილდო
გური მუხიგულის ჯილდო

 

 

გური ჩავლეშვილი (მარჯვნივ)
გური ჩავლეშვილი (მარჯვნივ)
ფოტოები აღებულია ვახო ხურციძის, გური მუხიგულისა და გური ჩავლეშვილის Facebook-გვერდიდან

ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა გაიზარდა

აჭარის  ჯანდაცვის სამინისტრომ, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა ერთით გაზარდა. ნაცვლად 6 კურსისა, იგი წელს ფსიქოსომატური რეაბილიტაციის 7 კურსს დააფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული თითოეული კურსი – 10 დღეს მოიცავს. პროგრამის ბიუჯეტი კი 490,000 ლარს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომსახურება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით ანაზღაურდება.

პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები.
პროგრამა ითვალისწინებს – ფიზიკურ თერაპიას,  მეტყველების და ენის თერაპიას, ნევროლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის მეთვალყურეობას და ასევე, ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუ ბენეფიციარი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო მის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, დარჩენილ ნაწილს კი დაფარავს ბენეფიციარი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის 2,584 კურსი დაუფინანსდა 736 ბენეფიციარს.

#სამივე – აქცია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი”- ფეისბუქაქცია #სამივე დაიწყო, იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემხრობა ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივანის შენარჩუნებას.

იდეის ავტორი საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეა. მან აქციაში მონაწილეობისთვის საზოგადოებას რამდენიმე მარტივი პირობა შესთავაზა: „1. ვიღებთ ფოტოს, სადაც ჩანს სამი თითი (ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნების ასოციაცია) და ვდებთ ავატარზე. 2. ვიწვევთ სამ მეგობარს“.

აქციაში ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ. 19 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კომუნიკატორის“ წამყვანებმა პირდაპირ ეთერში დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და აქციაში მონაწილეობისთვის გამოიწვიეს, როგორც თავიანთი მაყურებელი, ასევე მეგობრებიც.

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე
#სამივე

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ პეტიციაც გამოაქვეყნა. პეტიციაზე ხელმომწერები არ ეთანხმებიან ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას. პეტიციას ხელს ამ დროისათვის 3 600 -ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

თითქმის ერთი თვეა საზოგადოება აპროტესტებს ხელისუფლების მცდელობას – გააუქმონ ბათუმის ძველი ბულვარის ერთ-ერთი ხეივანი. ხელისუფლება ამ ხეივანში ქვაფენილის ნაცვლად კორდის დაგებას გეგმავს, სადაც მოგვიანებით კაფე-ბარები უნდა განთავსდეს. ამ მიზნით ბულვარში კორდი შეტანილი ჰქონდათ კიდეც, თუმცა სამი დღის წინ „ბათუმელებმა“ ბულვარში დასაწყობებული კორდი ვეღარ იპოვა.

რატომ გაიტანეს კორდი ბულვარიდან ან ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მესამე ზოლში კორდის დაგების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შეცვალა? – ამ კითხვებზე ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება ისევ ძალიაში, ბულვარიდან კორდი კი იმის გამო გაიტანეს, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმდინარეს სამუშაოების შესრულებაში ხელი არ შეეშალოს.

ბათუმის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციას მერია 2016 წელს გეგმავს

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს მერია ქუჩების, გზებისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ქალაქის გარეუბნებში გეგმავს. პროგრამისთვის ბიუჯეტში წელს 23 მილიონზე მეტი ლარი გაითვალისწინეს.

2016 წელს უნდა დასრულდეს:

•ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე);
•აღმაშენებლის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების, აღმაშენებლის და აბაშიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის (ქუჩების) კეთილმოწყობის სამუშაოები;
•მწვანე კონცხის დასახლებაში ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი ქუჩების გაფართოება; მწვანე კონცხის დასახლებაში ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა;
•ფრიდონ ხალვაშის II ჩიხის კეთილმოწყობა; მარეთის ქუჩის კეთილმოწყობა;
•კონცელიძის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია და კონცელიძის ქუჩის #19-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა;
•იმერხევის ქუჩის კეთილმოწყობა;
•ოშკის ქუჩის კეთილმოწყობა;
•შატბერდის ქუჩის კეთილმოწყობა; გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება;
•ე.წ. “ჭაობის დასახლებაში” ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი;
•პუშკინისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა;
•აეროპორტის დასახლებაში ახალი ბულვარის მოპირდაპირედ ახალი ქუჩების მშენებლობა;

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე

„ტელეარხ 25“-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განცხადება გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით, არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები – არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა მენეჯმენტმა თანამშრომელთა გათავისუფლება და არა კონფლიქტის სხვა გზით მოგვარება; არხის მენეჯმენტმა და მლობელებმა პატივი უნდა სცენ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების მიერ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს “ტელეარხ 25-ის” ნათესავებზე ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტი. უნდა დადგინდეს აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი შპს “ტელეარხ 25-ის” წილების დათმობას და დამფუძნებლების ნათესავებისთვის ერთად ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის ფაქტს; საგამოძიებო პროცესების დაუსრულებლობამ შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს არხის მუშაობასა და განვითარებაზე;

უმნიშვნელოვანესია “ტელეარხ 25-ის” დამფუძნებლებზე განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოძიება. პროცესის გაჭიანურება აჩენს კითხვებს გამოძიების დასრულების ნების უქონლობასთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

2016 წლის 11 იანვარს, 10 დღიანი პაუზის შემდეგ, „ტელეარხ 25-ის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა განაახლა. საინფორმაციო გამოშვებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ „დიალოგის“ შეჩერების მიზეზი ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების სრული შემადგენლობის დათხოვნა გახდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან მხოლოდ ჟურნალისტები, ნინო ხელაძე, ჯაბა ანანიძე, ირმა ზოიძე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაია მერკვილაძე გაათავისუფლა. არხიდან დათხოვნილ თანამშრომლებს გათავისუფლების ბრძანება 2016 წლის 11 იანვარს ჩაბარდათ.

არხის მფლობელების და მენეჯმენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაია მერკვილაძის 2015 წლის 29 დეკემბრის ბრიფინგი, სადაც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ბედნიერი საქართველოსთვის“ – მზადება ფორუმისთვის და მურმან დუმბაძის ბრალდება პრემიერს

ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა დიდ ფორუმამდე, რომელსაც ახლადშექმნილი პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ გეგმავს, ორი თვეც არ რჩება: „ზამთარს არ გასცდება, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში ოფისიც ექნება“. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კი, რომელიც ამ პარტიას შეუერთდა, საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს პარტიის მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს. მან პარტიის უახლეს გეგმებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო მურმან, შეგიძლიათ უკვე დაგვისახელოთ საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიდან ვინ გაერთიანდება თქვენს გუნდში?

„დამფუძნებლებს შორის იქნებიან ცნობილი სახეები, რომელთა ვინაობასაც ჯერ ვერ დაგისახელებთ. სახე, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში საკუთარი სიტყვა არ უთქვამს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არ იქნებიან. სალიდერო პოზიციას დაიჭერენ ადამიანები, რომლებსაც წონა აქვთ პოლიტიკაში, რომლებსაც აინტერესებთ სახელმწიფოს მართვა იმნაირად, როგორც მათ ესმით. ეს არის ჩვენი პრინციპი. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ბევრი მოქალაქე გვიკავშირდება და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პარტიის დარეგიტრირების შემდეგ ისინი ჩვენთან გაწევრიანდებიან და ითანამშრომლებენ ბოლომდე.“

ყრილობაზე წარადგენთ პარტიის სამოქმედო გეგმას, რა იქნება მთავარი მესიჯები?

თავად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ უკვე გამოაქვეყნა პარტიის პროგრამის მიმოხილვითი ვერსია ქართულ და რუსულ ენებზე. ახლა პირველი დამფუძნებელი ყრილობის სამზადისია. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ, რომელიც კვირიკაშვილის სახით მოვიდა, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მესიჯი გაახმოვანა, რომელიც ჩვენი პარტიის მიმოხილვით ნაწილშია ჩაწერილი.

კონკრეტულად?

ეს არის გადასახადების თანმიმდევრული შემცირება, უსახლკარო ბავშვებისთვის სოციალური თავშესაფრების მოწყობა. ჩერნოვეცკი თავის პროგრამაში ამბობს, რომ უნდა შევამციროთ საბიუჯეტო ხარჯები, ჩინოვნიკების კომფორტი უნდა მოისპოს. მგონი, მესიჯების ის ნაწილი, რომელიც მიმოხილვით ვერსიაში იყო, კვირიკაშვილს კარგად აქვს შესწავლილი და მგონია, რომ ის ამ მესიჯებით სარგებლობს.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური ორგანიზაციიდან გეგმავენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა.

შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება- 2015 წლის დეკემბერი:

2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით: 

2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 48.45%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.

საქართველოს ყველა საგამოზიებო უწყება- იანვარ-დეკემბერი: 

2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.

შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით-იანვარ-დეკემბერი: 

2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.

კრწანისის პარკისა და ბობოყვათის რეზიდენციის გაცვლის პროცესი დასრულებულია

ბობოყვათის რეზიდენციისა და კრწანისის პარკის გაცვლის პროცესი საქართველოს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დასრულებულია. ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია საპატრიარქოს საკუთრებადაა დარეგისტრირებული, ხოლო საპატრიარქოსთვის თავის დროზე 1 ლარად გადაცემული 7 მილიონ კვ/მ-ზე მეტი მიწის 37 ნაკვეთი [მათ შორის კრწანისის პარკი] საჯარო რეესტრის მიხედვით, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ქონების გადაცემა-გაცვლაში სახელმწიფომ ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ქონება [150 ათას კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთი და 4600 კვ/მ შენობა-ნაგებობები] ისე დაკარგა, მასში 1 ლარიც არ აუღია. აღნიშნული ქონება სახელმწიფოს თავის დროზე შეფასებული ჰქონდა 34 მილიონ 425 ათას 492 ლარად და მის აუქციონზე გაყიდვას აპირებდა.

ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

სახელმწიფომ “ბობოყვათის რეზიდენციის“ სანაცვლოდ საკუთრებაში ეკლესიისგან შპს „კრწანისის პარკის“ 100% წილიც მიიღო [თუმცა თავიდან საპატრიარქო 25%-ის დათმობას აპირებდა].

[შპს „კრწანისის პარკი“ საქართველოს საპატრიარქომ, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება უშუალოდ არ აქვს, შპს „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგთან“ ერთად, 2014 წლის 5 აპრილს დააფუძნა].

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, 2015 წლის ბოლოს, შპს „კრწანისის პარკის“, უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შეტანილი იქნა შპს „თერძის“ კაპიტალში, ღირებულებით 0 [ნული] ლარი.

თავის მხრივ შპს „თერძის“ 100% წილიც სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია „თერძი“ დაფუძნებულია 2001 წელს და მისი საქმიანობის საგანია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სხვა წარმოება-დაწესებულებებისგან საყოფაცხოვრებო მომსახურეობაზე შეკვეთების მიღება და შესრულება: ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვა და რემონტი…“ კომპანიას ასევე უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ლაშა გოგნიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდსტურეს. 30 წლის ლაშა გოგნიაშვილი ახალ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი საქართველოს შს მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.

ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც ბესიკ ამირანაშვილი გადმოიყვანეს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. მაშინ ლაშა გოგნიაშვილი ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, ითვლება, რომ ლაშა გოგნიაშვილი ბესიკ ამირანაშვილის კადრია.

ლაშა გოგნიაშვილს 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.

უცნობია, რა დაადგინა ამ ფაქტთან დაკავშირებით რა დაადგინა გენერალურმა ისპექციამ.

ლაშა გოგნიაშვილი, ისევე როგორც ბესიკ ამირანაშვილი აჭარაში სამუშაოდ გადმოსვლამდე კახეთის სამხარეო სამმართველოში მუშაობდნენ.

სტუდენტების დაფინანსების კონკურსში განცხადებების მიღება თებერვალში დაიწყება

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები  სამინისტროში, 2016  წლის 17 თებერვლიდან  – 4 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:
 – 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
–  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

– ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.

დაფინანსება კი გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
–  სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
–  დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
–  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.

–  სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

დოკუმენტების ჩამონათვალი, კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება: 
სტუდენტმა – მაღალმთიანი აჭარიდან: (ქედა, შუახევი, ხულო) უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ე) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის  შედეგების შესახებ;

ვ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის,  სპეციალობისა და კურსის მითითებით.

 

სტუდენტმა – ობოლი (დედით, ან მამით, უდედმამო) უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ვ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის შედეგების შესახებ;

ზ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

თ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის,  სპეციალობისა და კურსის მითითებით.

 

სტუდენტმა – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი, ან მეტი შვილი) უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლისა და მისი და ძმების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ე) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის შედეგების შესახებ;

ვ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის,  სპეციალობისა და კურსის მითითებით.                      

 

სტუდენტმა – სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100 000-ზე) უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება რომ სტუდენტი ეკუთვნის სოციალურად დაუცველ ოჯახს

(ცნობა გაცემული უნდა იყოს აღნიშნული პროგრამის სააპლიკაციო ვადის ფარგლებში, 2016  წლის 17 თებერვლიდან  2016 წლის 4 მარტის ჩათვლით);

დ) დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ვ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის საშუალო შედეგების შესახებ;

ზ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

თ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის,  სპეციალობისა და კურსის მითითებით.

აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2015-2016 სასწავლო წლის პირველ  (შემოდგომის) სემესტრში, „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 500-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

„DS გრუპის“ მიერ დაზიანებული ჯავახიშვილის ქუჩა მალე გაიხსნება

ბათუმში, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ავტომანქანებისთვის გზა გადაკეტილია. მიზეზი საკანალიზაციო ქსელისა და გზის დაზიანებაა, რაც აქვე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირდება. სამშენებლო სამუშაოებს აქ კომპანია „DS გრუპი“ აწარმოებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 18 იანვარს, საღამოს, სამუშაოების მიმდინარეობისას,  ჯავახიშვილის ქუჩის სავალი ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიტბორა მშენებარე კორპუსის საძირკველი. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანალიზაციო მილის აღდგენის სამუშაოები.

„ეტყობა ახლოს მივიდნენ იმ საზღვართან, რაც მათ ღობით ჰქონდათ შემოსაზღვრული. გამოთხარეს ძირი გზას და ჩავარდა. საძირკველისთვის ამოთხრილი ადგილი წყლით რომ ივსებოდა ცოტა პანიკაში კი ჩავარდით, თუმცა შემდეგ დაზიანებული მილი გამოცვალეს. ქუჩა გადაკეტეს და ესაა, სხვა მხრივ მოსახლეობა არ დაზარალებულა“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯავახიშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანების დროს კომპანიას დაცული ჰქონდა უსაფრთხოების ზომები და ის მილსა და გზის აღნიშნულ მონაკვეთს თავად აღადგენს.

კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ქუჩის გადაკეტილი მონაკვეთი დაახლოებით 1 საათში გაიხსნება.

2015 წელს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის ნაწილი [მიწის ნაკვეთი] ბათუმის საკრებულომ საკუთრებაში აჭარას, აჭარის მთავრობამ კი კომპანია „DS გრუპს“ გადასცა. კომპანია სკვერის ადგილზე და მის მიმდებარედ მრავალსართულიან და მრავალფუნქციურ შენობას აშენებს.

ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთა
ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთა

 

ჯავახიშვილის ქუჩა

 

ჯავახიშვილის ქუჩა

 

ჯავახიშვილის ქუჩა

ჯავახიშვილის ქუჩა

 

ჯავახიშვილის ქუჩა

ჯავახიშვილის ქუჩა

ჯავახიშვილის ქუჩა

„ფოსტის“ ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას „მეტრო“ დაასრულებს

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებს. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა გააგრძელოს, მთელ ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა. ქონების მეპატრონედ კი თურქული „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მეპატრონის განცხადებით, ვადა გადაიწია.

რატომ გახდა აუცილებელი მშენებელი კომპანიის შეცვლა? – ამ კითხვაზე „ბათუმელებთან“ „აქთივ ბათუმის“ გენერალურმა მენეჯერმა მამუკა ზაქარაძემ განაცხადა, რომ „ეს კონფიდენციალურია. იყო რაღაც გაუგებრობა კომპანიებს შორის ვადებთან დაკავშირებით“.

ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმრო „პრინცესა“ და კაზინო შენდება.

ახალდაქირავებულმა კომპანია „მეტრო მეფ“-მა, რომელმაც ყოფილი ფოსტის ადგილზე მშენებლობა უნდა დაასრულოს, აქ არსებული მთელი ქონება, ანუ დამკვეთის – „აქთივ ბათუმის“ საკუთრება, იპოთეკით დატვირთა. იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის თხოვნით „მეტრო მეფ“-მა რეესტრს უკვე მიმართა [საუბარია ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარე 2225 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და 3448 კვ/მეტრ შენობა-ნაგებობებზე].

„ეს ხდება მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მხარეების  კომერციული საიდუმლოებაა და ასევე კონფიდენციალურია. რაც საჯარო ინფორმაციაა, გიდასტურებთ, რომ „აქთივ ბათუმი“ რჩება მესაკუთრედ და დაასრულებს მშენებლობას იმ ვადაში, რაც ნაკისრი აქვს ხელშეკრულებით. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროსა და კაზინოს გახსნის საბოლოო ვადა 2016 წლის აგვისტოა“, – განაცხადა მამუკა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, დროის გადაწევა პროექტის მასშტაბურობის გაზრდამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია და ცვლილებები შეთანხმებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.

შეკითხვით, თუ როდემდე და რის საფუძველზე გადაიწია ვადა,  ან ხომ არ დაუჯარიმებიათ კომპანია ვადების დარღვევის გამო, სამინისტროსაც მივმართეთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დეტალები, რაც გვაინტერესებს და რაც კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ, როგორც საჯარო ინფორმაცია.

სააქციო საზოგადოება „მეტრო მეფ“ რეგისტრირებულია 2015 წლის 2 ივლისს. კომპანიის შექმნა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სტამბოლში, ამავე წლის 15 ივნისს გადაწყდა. „მეტრო მეფ“-ის 55%-ს ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილი კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია“, ხოლო 45%-ს თურქეთის მოქალაქე საბრი ჯანდემირი ფლობს. ამ დროისთვის კომპანიის დირექტორები არიან რაულ კახაძე, საბრი ჯანდემირი და ფატმა თუღჩე აიაღ. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად კი კომპანიის ორი დირექტორის თანხმობაა საკმარისი.

ფატმა თუღჩე აიაღ, „ბათუმელების“ ინფორმაციით ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წარმომადგენელია. თავად გალიფ ოზთურქი კი, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე. „ბათუმელები“ წერდა, რომ მეტრო ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ სხვა ახალ პროექტში აპირებდა მოცულობითი ინვესტიციების ჩადებას, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში. ამ კუთხით ინვესტორი გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბათუმში სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლებთან თუ მესაკუთრეებთან.

გალიფ ოზთურქიმ საქართველოს სოლიდარობის ფონდში 1 მილიონ ლარამდე გადარიცხა. ბიზნესმენი უკვე შეხვდა  ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს. გალიფ ოზთურქი მრავალგზის შეხვდა ყოფილ პრემიერს – ირაკლი ღარიბაშვილსაც.

მშენებარე სასტუმრო „პრინცესა“
მშენებარე სასტუმრო „პრინცესა“

2016-01-18 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმის ბულვარის პოლიტიკური ფასი

ბათუმის ბულვარში დაგეგმილ თუ მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც ამ ეტაპზე თითქმის მილიონ ნახევარი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, საზოგადოება რეგულარულად აპროტესტებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ბულვართან დაკავშირებით თავის გეგმებზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მოქმედ ხელისუფლებას ისტორიული ბულვარის შეცვლის განზრახვისთვის? – პროცესებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე აფასებს.

ასლან, თქვენი აზრით, რატომ არის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს თავისი „კვალი“ დატოვოს ბათუმის ბულვარში, განსაკუთრებით მის ისტორიულ ნაწილში? 

ასლან ჭანიძე
ასლან ჭანიძე

ბულვარი პოპულარული ადგილია, თანაც არამარტო საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ალბათ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბულვარის გადაკეთება მოიტანს დიდ ეკონომიკურ შემოსავალს, ანუ ცდილობენ შემოსავალი გაზარდონ ბულვარის რეკონსტრუქციის ხარჯზე, რაც არსებითად არასწორია, რადგან ეს არ არის გრძელვადიანი შემოსავალი. ზოგადად კი, თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე, ქვეყანას არავითარ კარგ ეკონომიკურ ეფექტს არ მოუტანს.

თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებს ხელისუფლება ეკონომიკურ გათვლებს ახალ ბულვართან მიმართებაში, ისიც ხომ ზღვის სანაპიროს მიყვება? პრინციპში, ბულვარის ახალი კონცეფციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებიც ამას ითხოვენ.

კი, მაგრამ ძველ ბულვართან მდებარეობს არაერთი სასტუმრო, ასევე კერძო სექტორშიც ბევრი ფართობი ქირავდება ზაფხულობით, ანუ ტურისტების დიდი ნაკადი ძირითადად ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ახალ ბულვარში ჯერჯერობით ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, ამას 3-4 წელი მაინც დასჭირდება. შესაბამისად, ცდილობენ ის ტერიტორია დატვირთონ, სადაც ტურისტები იყრიან თავს. ბიზნესმენს, რომელსაც სთავაზობ ფულის დაბანდებას, ურჩევნია მოგება ეგრევე მიიღოს, დანახარჯი მალე ამოიღოს, ახალ ბულვარში, ჯერჯერობით, ეს შეუძლებელი იქნება.

ისე გამოვიდა, რომ ყველა ხელისუფლებამ სცადა უხეში ჩარევა ბულვარში. ამ ხელისუფლებამ კი სულაც საარჩევნო წელს გადაწყვიტა ბულვარის შეცვლა. თქვენი აზრით, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს მთავრობას ამ განზრახვისთვის?

წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც შიშის სინდრომი ძალიან მაღალი იყო, ბევრი ადამიანი გამოვიდა ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციაზე. ადამიანებმა ჯებირების მონგრევა ძალისმიერი მეთოდებით სცადეს. მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუში თქვა, რომ ბულვარში აშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ზღვაზე თავისი გასასვლელი ექნებოდა. მაშინ ხელისუფლება თვლიდა, რომ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მაშინ ისინიც კი მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ეს შეცდომა აისახა არჩევნების შედეგებზე: ყველას გვახსოვს, რომ ბათუმში სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და ამაში უმნიშვნელო როლი ბულვარის მიმართ გატარებულ პოლიტიკას ნამდვილად არ შეუსრულებია.

მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ გაანალიზა წინა ხელისუფლების შეცდომები და ვერც სწორი დასკვნები გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისთვის ეს იქნება ძალიან ძვირად გადასახდელი ფასი – ეს აუცილებლად აისახება არჩევნებზე.

საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, რომელსაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს. და მესამე – მე არ მგონია ისტორიულ ბულვარში ასეთი ჩარევა ადგილობრივ დონეზე იყოს გადაწყვეტილი. ეს ნაკარნახევი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლებიდან, აშკარაა – ამაში ვიღაცის ბიზნეს ინტერესები არის  ჩადებული, რომელსაც შესაძლებელია კავშირი ჰქონოდეს წინა პრემიერის გუნდთან. აბა სხვა რა ხდება – ბულვართან დაკავშირებით ინფორმაცებს ფლობს ყველა, გარდა თავად ბულვარის ადმიანისტრაციისა. ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, რა ხდება ბულვარის ტერიტორიაზე. ბულვარის თანამშრომლებისთვის კი ეს გეგმა მგონი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბილიკების გადათხრა დაიწყეს.

იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლებას არ ახსოვდა წინა ხელისუფლების ჩარევა ბულვარში და ამაზე საზოგადოების რეაქცია – სწორი არ იქნება. სავარაუდოდ, ახსოვთ, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ჩარევა. ეს რაზე მიუთითებს?

მე მგონი ზოგიერთი კონკრეტული თანამდებობის პირი მომავალში საკუთარ თავს იგივე ხელისუფლებასთან არ აიგივებს და წუთიერი დივიდენდის მიღებაზე ფიქრობს. შეიძლება თვლის, რომ ის არ იქნება ხელისუფლების ნაწილი მომავალში, ამიტომ ურჩევნია რაღაც  სარგებელი მიიღოს, არ ვიცი როგორია ეს სარგებელი – შექებაა, მადლობა თუ კონკრეტული ფულადი სარგებელი. აბა სხვა რა ახსნა შეიძლება მოუძებნო – ბათუმში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და დიდი თანხა გამოყეს იმისათვის, რომ ბულვარი შეცვალონ და ხალხი გააღიზიანონ. ვნახეთ ხომ, სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოებაში აგრესია. წარმოიდგნიეთ, რომ ბოტანიკურ ბაღში ყოველ ნაბიჯზე დაიდგას საქანელები, გაიხსნას კაფეები, ეს ხომ უცნაური იქნება არა?!

ამ განცხადებით ახალი იდეას ხომ არ აწვდით ხელისუფლებას?

რა ვიცი, ხეების ამოღება დაუწყიათ და შეიძლება ესეც გააკეთონ. თავის დროზე ჩემმა 10 წლის შვილმა დახატა პლაკატი და გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ბულვარის დასაცავად. ეს მისთვის არავის უთქვამს, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ის ამ ბულვარში თამაშობდა, ეს მისი სივრცე იყო.

არავინ ამბობს, რომ არ უნდა გააკეთონ კაფეები, მაგრამ არის უამრავი ადგილი, სადაც შეიძლება ამის გაკეთება. მაგალითად, თავის დროზე შუა ბულვარში ალიკა ინწკირველის კაფე რომ კეთდებოდა, ჩვენ  ეს გადაწყვეტილება გავაპროტესტეთ [ბიზნესმენ ინწკირველს შუაგულ ბულვარში მოქმედმა ხელისუფლებამ გამოუყო ფართობი რესტორნის გასახსნელად]. სამწუხაროდ,  აჭარის ეკონომიკის მინისტრი [დავით ბალაძე] მხოლოდ ახლა ამბობს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და ალბათ მოხდება მეპატროენესთან მოლაპარაკება და კომპენსაცია. რა გამოდის, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და ამის ფასი მე უნდა გადავიხადო? გადამხდელი ხომ მე ვარ. კეთილი ინებოს და ხელისუფლებამ დაშვებულ შეცდომებზე თავადვე აგოს პასუხი.

ბულვართან დაკავშირებით სიტუაციის დაძაბვის შემდეგ ცდილობენ პროცესი გადაიყვანონ მრგვალი მაგიდის ფორმატში, კომისიების შექმნაში, მაგრამ საზოგადოება სვამს კითხვას – როდესაც ბულვარის განვითარების კონცეფციას ამუშავებ, წარმოადგენ ვიდეო რგოლს, რომელშიც ამბობ, რომ ბულვარის სახე არ იცვლება და თან ალეას აუქმებ, კაფეს აკეთებ,  ამაზე მეტი სახეცვლილება რა უნდა იყოს,  ეს რას ნიშნავს?

მე არ ვიცი რა ეკონომიკური სარგებლის მიღებას აპირებს ხელისუფლება ამ კაფეებით, მაგრამ საკუთარი ისტორიის განადგურება ამ ხელისუფლებას არჩევნებზე ძვირი დაუჯდება.

გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს

დამნაშავე დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტში გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ პასუხი მასაც მოსთხოვეს – ის სამსახურიდან დაითხოვეს.

თემურ აბაშიძის ინფორმაციით ხულოს სასწარაფო დახმარების მძღოლად 11 წელია მუშაობს და ამ დრომდე მას სამსახურში პრობლემები არ შექმნია. 2015 წლის 26 ივნისს კი სამსახურის მანქანა, რომელის მძღოლადაც ის მუშაობდა, ავტოფარეხიდან გაიტაცეს და დააზიანეს. პოლიციამ სამართალდამრღვევი დააკავა და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

2016 წლის 1 იანვრამდე თემურ აბაშიძე ხულოს სასწრაფო სამედიცინო განყოფილების მძღოლად მუშაობდა, თუმცა ახალი წლიდან მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს: „მითხრეს, რომ მანქანა დაზიანდა, ამიტომ მე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი“.

საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის დავით ტორუას განმარტებით თემურ გაბაიძე დაუდევრად მოიქცა, მან სამსახურის მანქანაში დატოვა გასაღები, რითაც გამტაცებელმა ისარგებლა, ეს კი იმის მიზეზი გახდა, რომ სადაზღვეო კომპანიამ ზარალი არ აანაზღაურა. ამით სახელმწიფოს 9 000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

„ჩვენ შეგვეძლო ამის გამო მისთვის დისციპლინარული სასჯელი მიგვეცა, მაგრამ როცა ვნახეთ, რომ სულ რამდენიმე თვეში ისედაც დასრულდებოდა მასთან დადებული ხელშეკრულების ვადა, ამიტომ ის დაუდევრად მოქცევის მიზეზით არ გავათავისუფლეთ, თუმცა ეს შეგვეძლო. “

თემურ აბაშიძის თქმით ის, იმ დროს, მალევე მეორე გამოძახებაზე აპირებდა წასვლას, ამიტომ გასაღები მანქანაში დატოვა: „ თანაც მანქანა უკვე ჩვენ ავტოფარეხში იყო გაჩერებული, სულ ათ წუთში მოხდა ეს ამბავი. მოსამართლემ კი სასამართლო პროცესზე გასაღების მანქანაში დატოვება დანაშაულად არ მიიჩნია.“
სამსახურში აღსადგენად თემურ აბაშიძე სასამართლოში იბრძოლებს.

Exit mobile version