ირაკლი ჯაშის ინიციატივას უსკო-ს წევრების არჩევაზე, კომისია განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ თავმჯდომარის, ირაკლი ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლეს საბჭოში დღეს განიხილება. დეპუტატის ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომლის შემდეგაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე წევრის ასარჩევად 11-ის ნაცვლად, 7 დეპუტატის თანხმობა იქნება საკმარისი. ინიციატივას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს.

„ეს აბსურდია, მაგრამ არ ვიცი წინასწარ, რა დასკვნას დადებს კომისია მსჯელობის შემდეგ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე. მისი განმარტებით, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც, კანონპროექტი კენჭისყრისთვის, შესაძლოა, პლენარულ სხდომაზე მაინც გავიდეს.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უმრავლესობის არქონის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუჭირდება უსკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. უსკო-ს წევრობის ერთადერთი კანდიდატი ამჯერად მამუკა ჯაშია – კანონპროექტის ავტორის, ირაკლი ჯაშის შვილი, ხოლო უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – დავით ქარცივაძე.

იურიდიული კომისია დღეს, 25 მაისს, კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ინიციატორები კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე [„თავისუფალი დემოკრატებიდან“] და პეტრე ზამბახიძე [„ერთიანი ნაციონალოური მოძრაობიდან“] არიან. ინიციატივის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, უსკო-ს თავმჯდომარეობის მინიმუმ 2 კანდიდატი მაინც წარმოადგინოს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს იმ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც კანდიდატებს მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს. კანონპროექტის თანახმად, კომისიის ნახევარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უნდა შეავსოს: „ეს გაზრდის ნდობას ამ პროცესის მიმართ,“ – აცხადებს თემურ კახიძე.

 

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“.

საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი.

ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:

  • სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება;
  • რელიგიის როლი სახელმწიფოში და რელიგიური პლურალიზმი;
  • საჯარო სივრცის მნიშვნელობა კონსტიტუციური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

მათემატიკაში საატესტატო გამოცდა 5 600-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

24 მაისს  მათემატიკის გამოცდაზე 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86 პროცენტზე მეტმა.  ივა მინდაძის შეფასებით, გამოცდებზე ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა.

დღეს, 25 მაისს, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები  საატესტატო გამოცდას  ქიმიაში აბარებენ,  ივა მინდაძის განცხადებით, საბოლოო შედეგები გამოცდების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.  მისივე ინფორმაციით,   ჩაჭრილებს შორის ის  მე-12 კლასელებიც არიან, ვინც გასულ წელს ვერ ჩააბარეს და ამჯერად გამოცდაზე განმეორებით გავიდნენ.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაჭრილთა ზუსტ რაოდენობას ამ დროისთვის ვერ ასახელებს, თუმცა, ივა მინდაძე ამბობს, რომ  გამოცდების შედეგებს დაახლოებით ასამდე მოსწავლე აპროტესტებს: „100-მდე სხვადსხვა ტიპის წერილი გვაქვს მეილზე,  ზოგი ითხოვს, რომ დავუმატოთ ქულა, უფრო მეტი ითხოვს ბარიერის დაწევას, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის“.

გასულ წელს, მთლიანობაში საატესტატო გამოცდა  დაახლოებით 2 200-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა, მიმდინარე წელს კი,  მარტო მათემატიკაში ჩაჭრილთა რიცხვი დაახლოებით 5 600-ზე მეტია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გადასახადის გადამხდელი სამართალდამრღვევად ცნო

შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით „მას შემდეგ, რაც კონტროლის პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი და გადასახადის გადამხდელს, გ.შ.-ს, წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, გადასახადის გადამხდელმა წარდგენილ სამსახურებრივ მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი. შემდგომ ეს ფოტოსურათი, სამართალდამრღვევმა გადასახადის გადამხდელმა, მადისკრედიტებელ ტექსტთან ერთად, განათავსა სხვადასხვა ვებგვერდზე და თან დაურთო მოწოდება, რომ მეწარმეებს დაემახსოვრებინათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სახე და არ შეეშვათ სავაჭრო ობიექტზე“.

აღნიშნულ ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ინსპექტორის გადაწყვეტილებით,  „ზემოხსენებული გადასახადის გადამხდელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, – მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება,  იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტით – ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ასევე 500 ლარის ოდენობით.

ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ კი, ჯ.მ. თავად მივიდა პოლიციაში და თქვა, რომ ცოლმა, სიდედრმა და სიმამრმა სცემეს. გამოძიებისგან დაინტერესების შემდეგ გაირკვა, რომ ჯ.მ-სთან პრეტენზია თავად ბრალდებულებს ჰქონდათ.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს სწორედ ჯ.მ.-ს წინააღმდეგ დაასრულა საქმის განხილვა და მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 300 საათის ოდენობით შეუფარდა. “მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ ისინი შერიგდნენ და ერთად ცხოვრებას განაგრძობენ” – ამბობს “ბათუმელებთამ” ლაშა რომანაძე, იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი.

არასწრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობა სასჯელის სახით ითვალისწინებს 200 დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

ვის შეხვდება „იაფი სახლი”? – ჟურნალისტებისთვის დახურული სხდომა მერიაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს მერიაში ე.წ. ,,იაფი სახლით“ მოსარგებლეთა კრიტერიუმების დამდგენი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრზე შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი კონსულტანტის დახმარებით შემუშავებული მეთოდოლოგიის პრეზენტაცია წარადგინეს. მეთოდოლოგია კრიტერიუმების საბაზისო დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა.

სხდომას, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბათუმელები“ კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ თურმანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სხდომას თავადაც არ დასწრებია: „მე არ ვიყავი სხდომაზე, ქალაქში არ ვარ და ჩამოსვლა ვერ მოვახერხე.“

თამაზ თურმანიძემ არ იცის, ვინ მიიღო აღნიშნული სხდომის ჟურნალისტებისთვის დახურვის გადაწყვეტილება. 

13254833_1134211806639127_5029430255942072897_o

13247746_1134211913305783_2963113580304540136_o

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს.

ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის მიერ აღწერილ დოკუმენტში ვერ მოხვდა.

„ვერ დაფიქსირდებოდა ეს საწარმო, რადგან მისი კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი”, – განმარტა სასამართლო სხდომაზე ლელა ლაზარიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციის უფლების [სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება] მინიჭებას 293 კვ.მეტრ ფართობზე ითხოვდა, რომელზეც ირაკლი ჯაყელიძის სახლი დგას. ქონების სანაცვლოდ სახელმწიფო მოქალაქეს მხოლოდ 72 ათას ლარს სთავაზობს.

“ჩვენ გვესმის სახელმწიფო ინტერესი, მაგრამ ეს არ უნდა კეთდებოდეს პირადი საკუთრების ხელყოფის ხარჯზე. ჩვენ არ მოვითხოვთ უსაფუძვლო გამდიდრებას. უბრალოდ, ამ ადამიანმა უნდა მოახერხოს დარჩენილ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება, ან ახლის ყიდვა”, – მიმართა მოსამართლეს ვაჟა ხახუტაიშვილმა, რომელიც ირაკლი ჯაყელიძის კიდევ ერთი ადვოკატია.

თავიანთ გამოსვლებში ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს კანონის მოთხოვნას ქონების დეტალური აღწერის შესახებ, რაც ექსპროპრიაციისთვის აუცილებელი პირობაა. „დეტალური აღწერის გარეშე როგორ შეიძლება დავადგინოთ საბაზრო ან რეალური ფასი? დოკუმენტებით ჩანს, რომ აუდიტი ადგილზე არც კი მისულა, მას ფოტომასალა თავად გზების დეპარტამენტმა წარუდგინა და ამის საფუძველზე შეფასდა ქონება“, – თქვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ.

IMG_0005
სახლი, რომელზეც ექსპროპრიაციის უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლომ მიანიჭა

„ჩვენ გამოვიყენეთ ის მეთოდოლოგია, რასაც სხვა შემთხვევებშიც ვიყენებთ”, – განმარტა ლელა ლაზარიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“ვიდრე სამართლიან კომპენსაციაზე შეთანხმება არ მომხდარა, ექსპროპრიაციის უფლება მხარეს არ უნდა მიენიჭოს”, – მოითხოვა ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა: “მოსარჩელემ თავის გამოსვლაში არაერთხელ გაუსვა ხაზი დაუყონებლივ აღსრულებას. მათ უნდათ ძალით დაათმობინონ მოქალაქეს კერძო საკუთრება. პირად საუბრებში გვეუბნებიან, თანხა თუ მიუღებელია თქვენთვის, ხელახლა მიმართეთ სასამართლოსო”.

დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირაკლი ჯაყელიძის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.

“ძირითადად, როგოც ვხვდები, სადავო მაინც კომპენსაციაა. ადმინისტრაციული წესით ამის განხილვა არ ხდება. ამ კუთხით დავა შესაძლებელია სამოქალაქო წესით. რაც შეეხება საწარმოს, ექსპროპრიაციის ფარგლებში მისი ჩამორთმევა არ ხდება და შესაძლებელია მისი გადატანა”, – განმარტა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სხდომის დახურვის შემდეგ.

ირაკლი ჯაყელიძის ადვოკატები საქმის ისევ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებას აპირებენ: “მნიშვნელოვანია ქონების დეტალური აღწერა, რომ შესაძლებელი იყო მისი რაციონალურად შეფასება”, – უთხრა “ბათუმელებს”  ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის იმედოვნებს, რომ გზების დეპარტამენტი წინა ხელისუფლების პრაქტიკას არ გამოიყენებს და ხვალვე ჯაყელიძის სახლთან ბულდოზერები არ გამოჩნდებიან:

“თუ სახელმწიფო ამოვა იმ პრინციპიდან, რომ საკუთრების უფლება არის შეუვალი და საყოველთაოდ აღიარებული, ამ შემთხვევაში, გზების დეპარტამენტმა ისევ უნდა დაელაპარაკოს მხარეს კომპენსაციის შესახებ და თუკი თანხმობას ვერ მიაღწევს, მაშინ თავად მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით”.

IMG_0004
ვიდრე მოსმართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში იმყოფებოდა, ირაკლი ჯაყელიძე გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს ესაუბრა

 

ომბუდსმენთან შეხვედრაზე თემურ ქარცივაძე ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს

დღეს ბათუმში ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულად საურთიერთო და უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს.

სააგენტოს უფროსისა და მისი თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ქცევაზე „ფსიქოსერვისების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა დოლიძემ ისაუბრა, მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ თემურ ქარცივაძესთან კონტაქტი შეუძლებელია.

თემურ ქარცივაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიუსაფარი ბავშვების კონტექსტში ისაუბრეს.

სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაზეც, მათივე თქმით, ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს და, შესაბამისად, მათ მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება.

საკითხების ჩამონათვალში მოხვდა: იპოთეკარების, ე.წ. მუყაოს ქალაქის, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული, საკუთრების უფლების, სარფის საბაჟოზე შექმნილი რიგებისა და სხვა პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკითხებით დაინტერესებასა და რეაგირების მოთხოვნას შეჰპირდა.
დღესვე სახალხო დამცველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.
13301288_1206492536050787_4230039104009236610_o

ისტორიაში საატესტატო გამოცდა 2 100-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიაში საატესტატო გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდა 95-მა პროცენტმა ჩააბარა, 5-მა პროცენტმა კი ბარიერი ვერ დაძლია.

დღეს, 24 მაისს, ქართულენოვან სკოლებში  საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება. მათემატიკის გამოცდის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ისტორიაში გამოცდები გუშინ, 23 მაისს ჩატარდა.

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე.

დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.

წიგნის პრეზენტაცია „დემოკრატიის სკოლაში“

27 მაისს ბათუმის 1დემოკრატიის სკოლა“  წიგნის პრეზენტაციას გეგმავს. „პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ – ასე ჰქვია წიგნის ახალ სერიას, რომლის გამოცემა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) დაიწყო. „ეს არის გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებული. აღნიშნული ციკლიდან პირველი წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა,“-ინფორმაციას „დემოკრატიის სკოლა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცემაში შეკრებილი სტატიების უმრავლესობა სხვადასხვა დროს ავტორიტეტულ ჟურნალ Foreign Affairs-ში დაიბეჭდა და ისინი დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციაზე.

„აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალების უმრავლესობა აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ უცხო ენებს, რომლებზეც ეს სტატიები დაიწერა ან ითარგმნა, არ ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ ამ გავლენიან პუბლიკაციებს. სწორედ ამ დეფიციტის შევსების იდეა უდევს საფუძვლად NIMD-ის ინიციატივას.

წიგნში შეტანილ ტექსტებს თითო სპიკერი წარადგენს.

70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად

იტალიური წარმოშობის პანორამული [ე.წ. ეშმაკის] ბორბლისა და 6 მაისის პარკში მდებარე ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების შეძენაში, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 70 ათას ლარს გადაიხდის.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ატრაქციონები საჭიროებს გარკვეული ნაწილების შეცვლას: „აღნიშნული ატრაქციონები ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა იტალიიდან, კომპანია „VISA INTERNATIONAL SRL“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია იძლევა რეკომენდაციას და ტექნიკურ დავალებაში მიუთითებს, რომ არსებული ატრაქციონების სარემონტო სამუშაოების ჩატარება, დეტალების გამოცვლა, მიზანშეწონილია განხორციელდეს მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის სათადარიგო ნაწილების გამოყენებით“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ატრაქციონის ნაწილების იტალიაში შეძენას გეგმავს.

პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში

„ტელეარხი 25“-ის ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმების შესახებ [გასულ პარასკევს მისმა შტაბმა პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებაზე გაავრცელა განცხადება], ასევე გავიდა ორი ვრცელი ინტერვიუ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 2013 წელს გადაცემაში „В гостях у дмитра гордона“. არც ერთ მათგანს არ აქვს მითითებული, რომ ეს რეკლამაა, როცა ტელეარხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ოლიგარქთან სარეკლამო ხელშეკრულებით თანამშრომლობს. ტელევიზია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს, „საარჩევნო კოდექსით“ და “კანონით მაუწყებლობის შესახებ “ვალდებულია განათავსოს ტიტრიც -„პოლიტიკური რეკლამა“.

გია სურმანიძე
გია სურმანიძე
ბატონო გია, ლეონიდ ჩერნოვეცკის ინტერვიუები, რომლებიც თV 25-ის ეთერით გადაიცა, იყო თუ არა რეკლამა?

დიახ, ეს რეკლამაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადაიხადა პოლიტიკოსმა ამ ინტერვიუების ეთერში განთავსებისთვის?

კონფიდენციალურია ინფორმაცია, დავეკითხები იურისტებს, რამდენად გვაქვს ამის გათქმის უფლება. პირადად ჩემთვის ამ თანხის დასახელება არ არის ისეთი ამბავი, არ არის ეს ის თანხა, რომ რაღაც… საერთოდ, ვფიქრობ, რადგანაც გაჩნდა ამდენი კითხვა, ორშაბათს გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, იურისტებს უნდა დავეკითხო, მაქვს თუ არა ამის უფლება.

რატომ არ ჰქონდა შესაბამისი წარწერა – „რეკლამა“ ამ ინტერვიუებს?

მაგი შეიძლება ისეც გაკეთდეს და ასეც. პრინციპში უნდა იყოს ხო, მაგრამ… ხელშეკრულებით ვმუშაობთ… ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, როგორც სარეკლამო ინტერვიუზე, ისე სიუჟეტებზე, მაგრამ სიუჟეტები იქნება არა საინფორმაციოში, არამედ ეს იქნება _ სარეკლამო სიუჟეტები. მაგრამ მანამდე რაც იყო, საინფორმაციომ გააკეთა ინტერესიდან გამომდინარე და ის სხვა საკითხია. აწი უკვე იქნება ის, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს, და ჩვენ ხელშეკრულებით გვაქვს გაწერილი თუ რა, როგორ უნდა იყოს.

ანუ მომავალში ჩერნოვეცკისთან ინტერვიუებისა და სიუჟეტების ჩვენება სარეკლამო ხელშეკრულების საფუძველზე იგეგმება?

რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბატონ ლეონიდესთან, არამედ ნებისმიერ პარტიასთან, ვისაც სურვილი აქვს. ახლა წინასაარჩევნო ჩაწერები იქნება. ოფიციალურად უკვე გამოცხადდა, 8-ში [ივნისს] იწყება წინასაარჩევნო პერიოდი და ნებისმიერს ვთავაზობთ რეკლამას. წინასაარჩევნოდ უკვე ცალკე ფასები გვექნება.

ხომ არ დაინტერესებულა მარეგულირებელი ამ საკითხით – ვთქვათ იმით, რომ საქმე გვაქვს შეფარულ რეკლამასთან?

რაც შეეხება პირველ ინტერვიუს, რაც გაკეთდა, ჩვენი ინტერესი იყო, რადგან _ პიროვნება შემოდის აჭარაში, ფინანსურად ასე უზრუნველყოფილი ადამიანი, პლუს აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და ინტერესი იყო მაღალი, მაგრამ ამას მასიური ხასიათი თავისთავად არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სარეკლამო ჩაწერა და კომერციული წინადადება. შესაბამისად, უკვე დავიწყეთ კომერციული მომსახურება. პირველი ინტერვიუ ჩაიწერა ინტერესიდან გამომდინარე. ყველას ჰქონდა ინტერვიუ მაგ ადამიანთან.

პირველი ინტერვიუ ჩერნოვეცკის პრესსამსახურის მიერ არის ჩაწერილი. მისი ინიციატივა იყო, რომ მის პრესცენტრს ჩაეწერა ინტერვიუ და არა ჟურნალისტს? რატომ არ ჩაწერა არხმა ინტერვიუ?

ჩვენს ჟურნალისტსაც აქვს ინტერვიუ ჩაწერილი მასთან და ამ დღეებში მასაც შევთავაზებთ მაყურებელს.

ანუ მისი პრესსამსახურის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ არ იყო სარეკლამო?

არა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება, მასე რუსეთში 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუც გავუშვით. ჩვენ გვაქვს ამ ადამიანთან ხელშეკრულება, რომელიც კიდევ რამდენიმე თვეს მოქმედებს. გვაქვს ყველაფერი ოფიციალურად. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაწერა. არის ინტერვიუ, არის ჩვენი ჩაწერილიც, ჩასული იყვნენ ჩვენი ჟურნალისტებიც. ასე გადავწყვიტეთ, იყო რამდენიმე ვარიანტი ჩაწერილი, როგორც ჩვენი, ისე თავისი ჩაწერილი. ვიზუალურად და ხარისხის მიხედვით ვარჩიეთ ის გაგვეშვა. არ გვიფიქრია, ვინ იქნებოდა ამ სიტუაციაში, მთავარი იყო აზრი გადმოგვეცა.

ზოგადად, თქვენი ხედვა როგორია – უნდა უთხრას თუ არა მედიასაშუალებამ თავის მომხმარებელს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის რეკლამა?

კი, რა თქმა უნდა, უნდა უთხრას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს ამის. როცა დაიწყება წინასაარჩევნო პერიოდი, ვალდებულება გვაქვს ყველაფერი გადავაგზავნოთ მარეგულირებელში… ამას ყოველთვის ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ მინდა დავეკითხო იურისტებს და გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, რათა ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს.

საარჩევნო სუბიექტის რეკლამირებით და შესაბამისი წარწერის არ განთავსებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ დაარღვიეთ საარჩევნო კოდექსი?

წინასაარჩევნო პერიოდი არ არის ჯერ დაწყებული. აქედან გამომდინარე, არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, იურისტებს უნდა დავეკითხო მაქვს ვალდებულება თუ არ მაქვს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მე მაქვს ვალდებულება, რომ სარეკლამო სიუჟეტი იქნება თუ ინტერვიუ, მივანიშნო, რომ ეს სარეკლამოა, რომელსაც გავაკეთებთ შემდეგ ჩვენებაზე.

თქვენ ადრე ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალ სატელიტზე გადადიოდით, გადახვედით უკვე?

ჯერ ვერ შევიცვალეთ სატელიტი, მიდის მოლაპარაკება, ამ დღეებში ვაპირებ ბაქოში ჩასვლას ამ თემასთან დაკავშირებით და ალბათ იმ თვეში უნდა გადავიდეთ. მეორე სატელიტზე იმიტომ გადავდივართ, რომ იგი გაცილებით უფრო იაფია. ჩვენ ვთანამშრომლობდით `ობიექტივთან~, ახლა მათთან აღარ ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, შემოსავალიც შეგვიმცირდა და ამის გამო გვიდნა, რომ ნაკლებხარჯიან სატელიტზე გადავიდეთ.

თქვენ მაშინ ასევე აღნიშნეთ, რომ აპრილიდან ტელევიზია ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებისა და სერიალის მოამზადებას, ასევე, ტექნიკის შეძენასაც გეგმავდა, ამ მხრივ რა ხდება?

ტექნიკა შეკვეთილია, ველოდებით, თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ახალი ფორმატით გავალთ ეთერში. რაც შეეხება გადაცემებს, მიდის უკვე მუშაობა და ამ თვის ბოლოს ან იმ თვის დასაწყისში დავიწყებთ ყველაფერს განახლებულად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციით, თუ წინასაარჩევნო პერიოდამდე პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო ვიდეოზე არ იქნება მითითებული, რომ ის პოლიტიკური რეკლამაა, ტელეკომპანიების სარეკლამო ტარიფები იქნება არაგამჭვირვალე და ასევე, შესაძლოა, განსხვავებულიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს პლურალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასა და ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე. „აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საარჩევნო კოდქსში“ არსებული ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყებს მოქმედებას, სხვა პერიოდშიც უნდა მოქმედებდეს“, – წერია ანგარიშში.

ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში“. ინტერვიუს მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს.

რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ ყურაშვილის არგუმენტი ასეთია:

„საკუთხი ითვალისწინებსს კ2-ის კონტროლს. სიმაღლეში სხვაობა არ უნდა იყოს, დაახლოებით 30 პროცენტამდე ზრდა შეიძლება მერიის გადაწყვეტილებით. მეტი არ შეიძლება – ეს არის მაქსიმუმი. დღეს განუსაზღვრელ ოდენობამდე შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია არჩილ ხაბაძემ და შემდეგ მერმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვამბობთ, რომ სამოც პროცენტზე მეტის ზრდა უნდა იყოს აკრძალული. ვფიქრობდით, ამაზე გადაწყვეტილება ხომ არ მიეღო საკრებულოს, მაგრამ ეს იდეა ამოვარდა, რადგან ძალიან ბევრია განსახილველი წინადადება, საკრებულო კი თვეში ერთხელ იკრიბება, ამიტომ რთული იქნება. ვიფიქრეთ ასევე, ხომ არ გადაწყვიტოს საკრებულოს თავმჯდომარემ, მაგრამ ერთი ადამიანისთვისაც ბევრი იქნება – ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულოს ბიურომ. საბოლოოდ გადაწყვეტს მერი. ხაბაძეს ვართმევთ რეკომენდაციის უფლებას და ვაძლევთ საკრებულოს ბიუროს“.

რაც შეეხება საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილებას, თემურ ყურაშვილი ამბობს, რომ ეს მისი სურვილი იყო: „ზოგი არ არის [საკრებულოს წევრი], ზოგი შვებულებაშია და პრობლემა რომ არ შეიქმნას.“ თემურ ყურაშვილს უნდა, რომ საკითხის წარდგენის დროს დარბაზში სრული შემედგენლობით იყვნენ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მითუმეტეს, როცა არჩილ ხაბაძისთვის ამ უფლების ჩამორთმევას ისინიც ითხოვდნენ.

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა უკვე დამტკიცებულ სამშენებლო პროექტზე მშენებლისთვის შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლების მინიჭებას გულისხმობს. კოეფიციენტის დასაშვებ ნორმას ქალაქი ამა თუ იმ ზონაში ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული რეგულაცია ადგენს. ეს ნორმები ბათუმში განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. საქმე იმაშია, რომ მშენებელი კომპანიების უმეტესობას საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს. რაც უფრო ახლოსაა დაგეგმილი ან მიმდინარე პროექტი ზღვასთან, უფრო მეტად ცდილობს დეველოპერი, რომ შენობა, რომელსაც ის მომავალში გაყიდვის მიზნით აშენებს, მაქსიმალურად მაღლივი იყოს, ეს გასაყიდ ფართობს რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრით ზრდის, შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარით იზრდება შემოსავალიც.

უკვე დაწყებულ ან დაგეგმილ სამშენებლო პროექტზე k 2-კოეფიციენტის, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შეთანხმებას დეველოპერები ძირითადად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დახმარებით აღწევენ. არჩილ ხაბაძე მერიას შუამდგომლობით მიმართავს, შედეგად კი დეველოპერი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2 -ის) გაზრდაზე თანხმობას იღებს. თუმცა, არც ამ შემთხვევაშია დადგენილი ის სტანდარტები, თუ ვის შეიძლება მისცეს შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლება არჩილ ხაბაძემ და ვისი – არა.

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე რეკომენდაციით მიმართვის უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს იმავე საკრებულომ მიანიჭა, რომელიც ახლა მისი ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.

2013 წლის მარტში ამ მოწვევის საკრებულომ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებულ [2012 წლის ექტემბერში] დადგენილებაში – „ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ცვლილება შეიტანა.

ცვლილების შემდეგ დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი:

„მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა მაქსიმუმ 60 %-ით. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა შეუზღუდავად. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.“

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ ბევრი პროექტი აღმოჩნდა და შუამდგომლობის წერილიც მერიაში არჩილ ხაბაძის ხელმოწერით ბევრჯერ მიიღეს.

2013 წლიდან 2015 წლის აპრილამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოსა და მერიას კონკრეტული პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე, რაც უმეტესწილად დაგეგმილი ან მიმდინარე მშენებლობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, შუამდგომლობით 95-ჯერ მიმართა. 56 შემთხვევაში კი კომპანია უარით გაისტუმრა. შუამდგომლობების დოკუმენტებში არჩილ ხაბაძე მერიას კომპანიის თხოვნის გათვალისწინებას პროექტის ეკონომიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობით უსაბუთებს, რიგ შემთხვევებში კი, მთავრობის თავმჯდომარე მერისადმი გაგზავნილ სარეკომენდაციო მიმართვაში პროექტის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო

 

ბათუმის საკრებულოში, რესპუბლიკური პარტიის მმართველი კოალიციიდან გასვლის შემდეგ, სახელისუფლო კოალიციას სულ 11 წევრი ჰყავს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს, მთლიანობაში – 12 წევრი. შესაბამისად, თუ ოპოზიცია სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, არჩილ ხაბაძეს შენობების სიმაღლეში გაზრდის რეკომენდაციის უფლებას ჩამოართვამენ.

ამავე თემაზე: ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში არც დირექტორი ჰყავს და არც თანამშრომლები. „ჩვენ გვევალება მოვლა და რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომლებიც იქ უზრუნველყოფენ კონდიცირებას, რომ ქანდაკებები არ დაზიანდეს“, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ამ დრომდე მუზეუმის გახსნას, გია თავამაიშვილი განმარტავს, რომ მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა კოორდინაცია ვერ მოახერხეს: „რაღაც საკითხებია გასარკვევი არქიტექტორთა კავშირთან, რომელიც შენობის მესაკუთრეა და ასევე ბათუმის მერიასთან, რადგან ეს მუზეუმი არ არის უშუალოდ ჩვენს დაქვემდებარებაში. თუმცა ჩვენ გვაქვს მიზნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვუაროთ იმ მასალას, რაც განთავსებულია ცვილის მუზეუმში. უბრალოდ, ახლა ვერ გიკონკრეტებთ, რადგან არ არის ეს ყველაფერი ჯერ ქაღალდზე გადატანილი.

არქიტექტორთა კავშირის აჭარის განყოფილებასთან უნდა გვქონოდა მოლაპარაკება. ქალაქის მერიას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვუაროთ მუზეუმს. დიდი ხანია გახსნის საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ საკითხის სხვა სიბრტყეზე გადატანა. ქალაქის მერია და არქიტექტორთა კავშირი საუბრობდნენ ფართობზე, რომელიც მერიას უნდა გამოეყო“.

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, მოლაპარაკება არქიტექტორთა კავშირთან შენობის გადაცემაზე აქტიურ ფაზაშია და საკითხი ქონების მონაცვლეობაზე ბათუმის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. გოგა ლომაძე „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს თუ რა ქონებას შესთავაზებენ არქიტექტორთა კავშირს ცვილის მუზეუმის შენობის სანაცვლოდ.

ბათუმის ცვილის მუზეუმის პირველი სტუმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო. მუზეუმი 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, თუმცა მუზეუმი გახსნიდან ორ კვირაშივე დაიხურა. 2013 წლის ნოემბერში მუზეუმი გაძარცვეს, ხოლო ქანდაკებები დააზიანეს.

ცვილის ქანდაკებების მუზეუმი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში გახსნეს, სადაც მანამდე რესტორანი ფუნქციონირებდა. სახლი, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ცნობილ ვაჭარს, ლაზარე ბინიათოღლის, თამბაქოს მრეწველს ბათუმში, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია.

სამუზეუმო ექსპონატების – ცვილის ფიგურების შექმნისთვის 2012 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 658.431 ლარი დაიხარჯა. მათ შორის – ცვილის ფიგურების დასამზადებლად – 290.400 ლარი, ხოლო დეკორაციული სცენების მოსაწყობად – 219.362 ლარი.

„ბათუმის მუზეუმის“ გაყინული პროექტი

უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში კიდევ ერთი – „ბათუმის მუზეუმის“ გახსნაზე საუბრობენ. 2014 წელს ამ მუზეუმისთვის ბიუჯეტში ფულიც გაითვალისწინეს და მუზეუმის გახსნის მიზნით ძველი აბანოების შენობის გასარემონტებლად ტენდერიც გამოაცხადეს. სარემონტო სამუშაოებისთვის 500 000-მდე ლარი დაიხარჯა, თუმცა მუზეუმის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი მუზეუმის დირექტორად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსა და შემდეგ დირექტორის მოადგილეს ბიძინა აფხაზავას მოიაზრებდნენ. „ბათუმის მუზეუმის“ შექმნის იდეის ავტორიც ის იყო და მთავრობას ინიციატივის მოწონების შემთხვევაში მუზეუმისთვის საკუთარი კოლექციის ჩუქებასაც ჰპირდებოდა.

მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც ამ მუზეუმის გახსნა მოხერხდება: „ახლა მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც ინტერიერის მოწყობას უკავშირდება. ალბათ ამისთვის ტენდერი გამოცხადდება. ეს ხომ არ არის მუზეუმის რეაბილიტაცია.“

გია თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“ დაადასტურა ისიც, რომ მუზეუმის დირექტორად, მისივე თქმით, „დიდი კოლექციონერი ბიძინა აფხაზავა განიხილება, რომელიც ამ მუზეუმისთვის თავისი კოლექციის გადაცემას გეგმავს“.

აჭარის პოლიციაში დეტექტივების უფროსი ისევ შეიცვალა

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად ვახტანგ ტერაშვილი დაინიშნა. ცვლილება 16 მაისისთვის განხორციელდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციაში დეტექტივების სამმართველოს უფროსი უკვე მესამედ შეიცვალა. ტერაშვილის დანიშვნამდე სამმართველოს ხელმძღვანელობდა გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ამ თანამდებობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გადადგა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, ის სისტემამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიავლინა.

ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელი პირები რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც იცვლებიან. საზოგადოებისთვის უცნობია ცვლილებების მიზეზები. პოლიციელები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან აჭარაში, საზოგადოებრივ სივრცეებში თითქმის არ ჩანან [იშვიათი გამონაკლისი იყო ვალერი თელია, რომელიც მედიასთან კომუნიკაციის უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს და საზოგადოებასთანაც], ასევე თითქმის არაფერია ცნობილი მათი პროფესიული უნარებისა თუ განათლების შესახებ.

სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა

სარფის სანაპირო ზოლში [პლაჟის გასწვრივ] მიმდინარე სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოები კვარიათის მიმართულებით გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.

კომპანიას უფლება მიეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 28 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 4870 ლარს გადაიხდის.

კომპანიის მიერ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს.

სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, მარტო  პლაჟის გასწვრივ, დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა განხორციელდა. გარდა ამისა, ხდება ბეტონის კუბებისა და ტეტრაპოდების ჩამოსხმაც.

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ანრი დევაძე
ანრი დევაძე
წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ როდესაც მესამე კლასის მოსწავლეს სპორტის გაკვეთილებზე მასწავლებელი მაგიდის ჩოგბურთის თამაშს ასწავლიდა. თუმცა, სპორტი მისთვის ყოველდღიურობად მას შემდეგ იქცა, როდესაც სოფლის სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექცია გახსნეს.

„სოფელ ვაიოს სკოლაში, სადაც ვსწავლობ, ჩოგბურთის სექცია გახსნეს და მეც შევედი. ჩემთან ერთად ჯგუფში 7-8 თანასოფლელი მოსწავლე დადიოდა. აქ ერთი წელი ვსწავლობდი მაგიდის ჩოგბურთის თამაშს,“ – იხსენებს ანრი.

ვარჯიშის დაწყებიდან ხუთი წელი გავიდა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ტურნირებში დღემდე აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობდა. აპრილში ეროვნულ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ნაკრების წევრის ტიტულიც მოიპოვა. ეროვნული ნაკრების 12 სპორტსმენი ზაფხულში ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატზე, 12-15-წლიანთა კატეგორიაში იასპარეზებს. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ანრი იქნება.

აბობს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სკოლის მწვრთნელს, იმედა მახაჭაძეს მიუძღვის: „სოფელში სექციის გახსნისა და ვარჯიშის დაწყებიდან ერთ წელში ჩემმა მწვრთნელმა სავარჯიშოდ ბათუმში ჩამიყვანა. მას შემდეგ ბათუმში ვვარჯიშობ. რომ არა იმედა, ვფიქრობ, დღეს ეროვნული ნაკრების წევრი არ ვიქნებოდი – ძალიან დამეხმარა და გზა მაჩვენა. ახლაც კარგი მწვრთნელი მყავს, გიორგი სარხოიანი მავარჯიშებს.“

ანრი ახლა მე-10 კლასის მოსწავლეა და სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში სწავლობს. უნდა ეკონომისტი გამოვიდეს, ამიტომ მეცადინეობას ბევრ დროს უთმობს, რაც საშუალებას არ აძლევს ყველა დღე ვარჯიშს დაუთმოს – ბათუმში ჩავიდეს. ამას ყოველდღიურად მხოლოდ მაშინ ახერხებს, თუ ტურნირზე გასასვლელად ემზადება.

„ტურნირებამდე რამდენიმე დღით ადრე, თითქმის ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ, ბათუმში მივდივარ, ორ საათს ვვარჯიშობ და მერე გვიან ღამით ისევ სოფელში ვბრუნდები. მეორე დღის გაკვეთილების მომზადების შემდეგ, ღამის 12 საათზე თავისუფალი ვარ და შემიძლია დავიძინო. ზოგადად, ჩოგბურთში კვირის გარდა ყველა დღეს ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს ყოველ დღე არ გამოდის. როცა წასვლას ვერ ვახერხებ, დილით 7 საათზე ვდგები და გაკვეთილების დაწყებამდე სკოლაში ვვარჯიშობ. რთულია ერთდროულად სპორტიც და სწავლაც, მაგრამ თუ მოინდომებ, გამოვა. ზოგი ამბობს, სოფელში თუ ცხოვრობ, ვერაფერს მიაღწეო, მაგრამ ასე არ არის, ბარიერებს სიზარმაცე ქმნის“, – ამბობს ანრი, – „რთულია ბავშვობა დაუთმო ვარჯიშს და არა თამაშს, მაგრამ ბავშვობაში ეს სირთულე ჩემმა სპორტის მასწავლებელმა, იოსებ მახაჭაძემ დამაძლევინა.“

ამბობს, რომ ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო, რაც დღემდე მიუღია, ბოლო გამარჯვებამ მოუტანა – 1500 ლარი და ეროვნული ნაკრების წევრობა:

„ვეცდები კარგი შედეგი ვაჩვენო ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება მსოფლიოს, ჯერ ამაზე არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი გასვლა იქნება ევრპოპის ჩემპიონატზე და რა, როგორ იქნება, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია“.

ანრისთან ერთად, ეროვნული ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე მაღალმთიანი აჭარიდან თაკო და მაგდა რიჟვაძეებიც იასპარეზებენ.

სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც 55 ბრენდს და 7670 სასტუმროს აერთიანებს მსოფლიოში. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობის მფლობელი კომპანიის – „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, ყოფილი ფოსტის შენობაში სწორედ ამ ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მამუკა ზაქარაძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი საპრეზენტაციო ღონისძიებას ამზადებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება პომპეზური იქნება და მას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროს გახსნაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევას გეგმავენ, კომპანიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტისთვის ჯერჯერობით არ მიგვიმართავს. რა თქმა უნდა, პრეზენტაციას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან. სტუმრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გავასაჯაროვებთ“.

ახალი სასტუმრო 146-ნომრიანი იქნება. მათ შორის გათლისწინებულია 102 სტანდარტული, 41 დელუქსი, 2 ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერი. სასტუმროში საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზების, რესტორნების, ღამის კლუბის, ასევე სპა ცენტრის, აუზის, ვიტამინბარის და ადმინისტრაციული ოფისების მოწყობა იგეგმება.

ევროპის მოედანი, სასტუმრო და კაზინო ფოსტის ისტორიული შენობის ადგილას. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ევროპის მოედანი, სასტუმრო და კაზინო ფოსტის ისტორიული შენობის ადგილას. ცაგო კახაბერიძის ფოტო

სასტუმროსთან ერთად ექსპლუატაციაში შევა კაზინო „პრინცესაც“~, რომელიც, სავარაუდოდ, შენობის ისტორიულ ნაწილში განთავსდება. კაზინოს შენობას დაახლოებით 1 200 კვ/მეტრი დაეთმობა; კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, კაზინო სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უმასპინძლებს. კაზინოს სტუმრების განკარგულებაში უახლესი თაობის აპარატები იქნება. თუ რამდენი მაგიდა განთავსდება, ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია კომპანიას არ აქვს.

სასტუმროსა და კაზინოში ხუთასამდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. მენეჯმენტის ინფორმაციით, პერსონალის შერჩევა უკვე დაიწყო. „მსურველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ თავიანთი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე“, – ამბობს გენერალური მენეჯერი მამუკა ზაქარაძე.

კომპანიის გენერალური მენეჯერის განმარტებით, „კანდიდატებს გამოცდილებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შეარჩევენ. შემდეგ კი კომპანია შერჩეული კანდიდატების გადამზადებას გეგმავს“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი ფოსტის შენობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს ოფშორულ ზონაში ამავე წელს დაფუძნებულ კმპანიას „აქტივ ბათუმს“ 2 მილიონ 500 000 დოლარად მიყიდა. კომპანიის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლებაც იჩენს – რამდენჯერმე აპატიეს და გადაუწიეს ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროს გასხნის ვადები.
2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებდა. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა გააგრძელოს, მთელი ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა. ქონების მეპატრონე კვლავაც კომპანია „აქთივ ბათუმია“. „აქტივ ბათუმმა“ ახალი სასტუმროს ასაშენებლად ექვს მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი

როგორია საქართველოში არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინების სტატისტიკა, რას ითვალისწინებს სასჯელი და ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ნაადრევი ქორწინების პრევენცია ქვეყანაში? – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.

ეთერ თურაძე, ჟურნალისტი, დისკუსიის მოდერატორი: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ სხვა აღმკვეთი ღონისძიებები გამოიყენონ. პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს 189-ჯერ დაიწყო გამოძიება 140-ე მუხლით. რეგიონების მხრივ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო 19-ჯერ, ხოლო ქვემო ქართლი მოწინავე პოზიციას იკავებს, იქ 67-პირის მიმართ არის ძიება დაწყებული.

ბოლო დროს გაიზარდა შეტყობინებების რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებში, თუ სრულწლოვანი მამაკაცი ქორწინდება 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან. მაგალითად, 2015 წლის იანვარში მხოლოდ 2-ჯერ შევიდა შეტყობინება, ნოემბერში 38-მდე გაიზარდა, დეკემბერში კი 36 შეტყობინება დაფიქსირდა.

შესწავლილ იქნა სქესობრივი ურთიერთობის გზით პოტენციურ დაზარალებულთა ასაკი, 85 შემთხვევაში სრულწლოვანს სექსუალური კავშირი ჰქონდა 15 წლის პირთან, 53 შემთხვევაში – 14 წლის პირთან, 15 შემთხვევაში – 13 წლის პირთან, 6 შემთხვევაში – 12 წლის და 3 შემთხვევაში – 11 წლის პირთან. ამ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთი ადამიანი დაისაჯა თავისუფლების აღკვეთით, მას 8 წელი მიუსაჯეს. ბრალდებული ამ შემთხვევაში იყო 58 წლის, ხოლო დაზარალებული – 12 წლის. პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 52 შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო გარიგება.

თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“:
ამ პრობლემასთან შეხება პირველად რამდენიმე თვის წინ მქონდა, როდესაც ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში მცხოვრებმა პაქსაძეების ოჯახმა მომმართა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი არასრულწლოვანზე დაქორწინდა, მან მითხრა, რომ ჰქონდა არჩევანი – გადაეხადა ფულადი ჯარიმა ან წასულიყო ციხეში. ჯარიმა – 4000 ლარი. ჩვენ მოვიწვიეთ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამის შემდეგ, მეორე დღესვე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დაიწყებდნენ აქტიურ კამპანიას მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ამ კანონის არსებობის შესახებ. ახლა ვდგავართ გოგიტა ხიმშიაშვილის პრობლემის წინაშე, რომელიც გახლავთ რამდენიმეგზის ჩემპიონი მკლავჭიდში, ცხოვრობს ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე.

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

პროკურორის თქმით, მასაც ან ფული უნდა გადაეხადა, ან ციხეში ჩამჯდარიყო. ამ შემთხვევაშიც იგივე გავიარეთ, საქმე კვლავ წარმატებით დასრულდა. ჩემი აზრით, 2016 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაქორწინებული, მათ არ უნდა შეეხოს ეს კანონი და უნდა შემუშავდეს რეგულაცია. ადამიანი, რომელმაც იცის, რომ კანონი მას რაღაცას უკრძალავს, საწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენს, მითუმეტეს მაღალმთიან რაიონებში, სადაც უფრო კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. მე წინააღმდეგი ვარ იმათი დასჯის, ვინც უკვე დაქორწინებულია.

ჯუმბერ უნგიაძე, გინეკოლოგი:
შესაძლოა მოზარდს გარეგნულად ჰქონდეს ჩამოყალიბებული როგორც პირველადი, ისე მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის ზრდასრული. გოგოს სქესობრივად მომწიფების შემდეგ მისი მენჯის ძვლები იზრდება არაპროპორციულად, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნაადრევი გათხოვების. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ძალიან ცუდი, ამ გოგონებს მშობიარობისას გართულებები 11-ჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ გოგონებს. ესაა ტოქსიკოზები, წყლების ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედებების სისუსტე და რაც ყველაზე ცუდია – ფარული ტრავმები.
მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტრო მშობიარობისთვის იდეალურად მიიჩნევს 21-დან 25 წლის ჩათვლით ასაკს. ეს არის ყველაზე რაციონალური ასაკი იმისათვის, რომ მოხდეს დაფეხმძიმება.

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები


ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აჭარაში:
2010 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ბრძანება ბავშვთა დაცვის პროცედურების დამტკიცების თაობაზე, რომელშიც ყველა ტიპის ორგანიზაციას აქვს გარკვეული ტიპის ვალდებულებები. ეს გულისხმობს შეტყობინებას არასრულწლოვანთა დაქორწინების ფაქტების გამოვლინებაში. სამწუხაროდ, ეს კანონი ბოლომდე ვერ მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სამინისტრომ ვერ მოახერხა ყველა საჯარო სკოლის ინფორმირება. თუმცა ის სტატისტიკა, რაც არსებობს, სწორედ ამ კანონის მეშვეობით არსებობს.

სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა მოახდინონ ამ საკითხის პოპულარიზაცია და საზოგადოებამდე მიტანა, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება და მასთან სექსუალური კავშირი დანაშაულია.

მზიური ჯორღილაძე: რა თქმა უნდა, არასრულწლოვნები არ უნდა თხოვდებოდნენ, მაგრამ როცა ოჯახი ჰყავს და უკვე ორი შვილი, ოჯახის დაშლა მიუღებელია. თუ 2008 წელს ჰქონდათ ეს კანონი შემოღებული, რატომ არ იყო ძალაში. ჩემს დისშვილთან მიმართებაში, ბატონი თამაზი რომ ჩაერია, ეს ყველაფერი მოუხსნეს. აქამდე ვისაც კი ოჯახი აქვს შექმნილი და ჰყავთ შვილები, დაულოცოს სახელმწიფომ და კანონმა ის ოჯახები და სხვა პრობლემებს მიაქციონ ყურადღება, უკეთესი იქნება.

გიორგი გურგენიძე: ჩემი და არის არასრულწლოვანი და დაოჯახებული, მალე შვილს ელოდება. 4000 ლარს ვერ გადაიხდის მისი ოჯახი. მე მაინტერესებს, თუ კი მის ქმარს დააკავებენ, ვინ უნდა არჩინოს ოჯახი?

ციალა ქათამიძე: კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოხდა რაღაც პერიოდის წინ, როცა არ იყო ინფორმაცია ცნობილი, სავარაუდოდ დასრულდება ქმედების გამართლებით, მაგრამ კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს არავის პასუხისმგებლობისგან, მაშინ აზრი არ ექნება ამ კანონს.

ასლან ართმელაძე, სტუდენტი: 16 წლის გოგო, რომელიც თხოვდება და 16 წლის ბიჭი, რომელსაც ცოლი მოჰყავს, თვითონ გასაზრდელია და ბავშვს როგორ გაზრდის? ჩემს მშობელს, სანათესაოს სოფელში, უპრობლემოდ მიაჩნიათ, როცა 16 წლის გოგო/ბიჭი დაოჯახდება, იძახიან ეშველებათ რამე, ღმერთი მისცემს. არაფერი ეშველებათ, არ მისცემს ღმერთი. თუ ახალგაზრდამ არ ისწავლა, ატესტატი არ აიღო, თუ დიპლომი არ ექნება და მერე სამუშაოზე არ მოეწყო, მას ვერავინ არჩენს, ვერავინ გაზრდის.
ის ახალგაზრდები, რომლებმაც 16 წლის ასაკში ოჯახი შექმნეს, სკოლებში უნდა მივიდნენ და სხვებს უთხრან _ მე ეს შეცდომა დავუშვი და თქვენ აღარ დაუშვათ. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა _ სექსუალური თავისუფლება არ გვაქვს, ახალგაზრდებს არ აძლევენ უფლებას იარონ შეყვარებულებთან ერთად, ჰყავდეთ შეყვარებულები, ეს იწვევს აგრესიას და შემდეგ ისინი იპარებიან. სანამ მშობლები არ მიხვდებიან, რომ შვილებს სჭირდებათ შედარებით რბილი მიდგომა, 10-20 წლის შემდეგაც ვიკითხავთ, რა გვეშველება?

ნუგზარ ფუტკარაძე: ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მშობელი ვერ იქნება დამნაშავე, ეს პრობლემა მოდის განათლების სისტემიდან, რადგანაც მოზარდი იქ იღებს განათლებას და ინფორმაციას. ჩემი აზრით, სკოლაში უნდა იყოს სექსუალური ცხოვრების გაკვეთილები.

მარინა ბერიძე: უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ იქორწინებენ, თორემ თუ დარჩა მარტოხელა დედა, სახელმწიფოს მისი რჩენა უფრო გაუჭირდება. მარტოხელა დედა იცხოვრებს თავშესაფარში, ბიჭს ჩასვამენ ციხეში და აღარ გამრავლდება ერი.

სოფო კახაძე, სტუდენტი: 16 წლის ასაკში როდესაც ქმნი ოჯახს, არ გაქვს განათლება, სამსახური, ვის ხარჯზე აკეთებ ამას? მშობლების ხარჯზე და ყველაფერი სკოლას უნდა გადავაბრალოთ, მშობელმა კი მთელი პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას?

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

სალომე ფუტკარაძე, სტუდენტი: საინფორმაციო კამპანია უნდა ეწარმოებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სკოლას. 15-დან 18 წლამდე ასაკი – ეს ის პერიოდია, როცა მოზარდები არიან სკოლაში და სკოლა არის ინფორმაციის გავრცელების კარგი გარემო. როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს კანონი მიიღო, მაშინვე უნდა დაწყებულიყო სკოლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება. თუ სკოლებში გამოჩნდებოდა ბანერები დიდი წარწერით, რომ 16 წლამდე ქორწინება დანაშაულია და ამის გამო დაისჯებიან, ეს პრობლემაც შემცირდებოდა.

ედო მჟავანაძე, სტუდენტი:
არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევაში მხოლოდ ბიჭი ისჯება?

ციალა ქათამიძე: აქ არ არის საუბარი ქალსა და კაცზე. მამაკაცი ისჯება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქორწინდება არასრულწლოვან გოგონაზე.

ქეთევან წულუკიძე, მეათე კლასის მოსწავლე:
რამდენიმე დღის წინ ჩემი თანაკლასელი დაინიშნა და კანონის გათვალისწინებთ უწევს 2 წლით მოცდა. როცა ვკითხე, თუ რატომ გააკეთა ეს, მიპასუხა, რომ ჭორაობა აირიდა თავიდან. მე მაინტერესებს, ამის მაგალითზე, რამდენად გაამართლა ამ კანონმა?

ციალა ქათამიძე: მაგალითად, სახელმწიფო არასრულწლოვანს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა და მაინც მართავს მანქანას, ორმაგად აჯარიმებს და ამ ადამიანმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის დასჯადი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მიღებული კანონი სამართლიანი და სწორია. და ერთიც, რომელი თქვენგანი დაჯდება ტრანსპორტში, რომელსაც მართავს არასრულწლოვანი?!

თამუნა თაბუკაშვილი, დისკუსიის მონაწილე:
აქ არის ადამიანი, რომელიც უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და არის სოციალურად დაუცველი. მაინტერესებს, რა ელოდება ამ ბავშვს ამ შემთხვევაში და მის მეუღლეს და რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მარტოხელა დედა შემოდის?

ციალა ქათამიძე: სახელმწიფო არასრულწლოვნად მიიჩნევს კონკრეტული კატეგორიის ადამიანებს და ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები შეზღუდული, არ არიან ჩამოყალიბებული და ადვილია ძალადობა მათზე, ამიტომ სახელმწიფოს აქვს მტკიცე ნება და იტოვებს უფლებას, რომ აკრძალოს მათი სამართლებრივ და სხვა ტიპის ურთიერთობებში შესვლა.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისი:
გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკის მიხედვით ჩამოგითვლით ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალია 18 წლამდე ასაკის ბავშვების გათხოვების და მათი შემდგომ დედობის მაჩვენებელი: ნიგერია-76%; ცენტრალური აფრიკის რესპულიკა-68%; ჩადი-68%; ბანგლადეში-65%; მალი-55%; გვინია-52%; სამხრეთ სუდანი-52%; მალავი-50%; მოზამბიკი-48%.
საქართველო არ შედის ამ რიცხვში, მაგრამ ყველას ხომ გვქონდა რეაქცია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალში ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში.

დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი:

უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი და „ეროვნული ფორუმის“ წევრი, მერაბ აბაშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას მხარს უჭერენ.

„ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, უმაღლესი საბჭოს არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარების თაობაზე. მსგავსი საკითხის განხილვა დაწყებულია საქართველოს პარლამენტში. დღეს 12 საათზე გაიმართა კონსულტაციები დეპუტატებთან,  ასევე, კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვაში“- აცხადებს მერაბ აბაშიძე.

მისი თქმით, გერმანული მოდელი უფრო დემოკრატიულია ვიდრე არსებული და ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა ინტერესების რეალურ ასახვას.

„არსებული კანონით,  სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს  შესაძლებლობა მაჟორიტარული არჩევნების გზით, მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა. ეს პრაქტიკა ჩვენი აზრით არ არის დემოკრატიული . გერმანული მოდელი კი გულისხმობს, რომ პარტიამ რომლემაც დააგროვა 30 პროცენტი, ამ ოდენობის შესაბამისი რაოდენობის დეპუტატები ეყოლება პარლამენტში“-ამბობს გიორგი მასალკინი. მისი თქმით, თუ საქართველოს პარლამენტი გერმანულ მოდელს არ მიიღებს, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას რომ არჩევნები ამ მოდელით ჩატარდეს.

 

შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ” – უთხრა „ბათუმელებს“ ლანა კიკავამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. უწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ სურმანიძეს, სიგარეტის ავტომანქანიდან გადმოგდებისთვის, მხოლოდ შენიშვნა მისცეს.

„არ ვმალავ, მწეველი ვარ, მაგრამ ნაგავი მე არ გადმომიგდია მანქანიდან, მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი გადმოვაგდე. გთხოვთ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეთ და ნუ დამაჯარიმებთ” – მიმართა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ჯუმბერ სურმანიძემ. მისი თქმით, ის ელექტრიკოსად თბილისში მუშაობს და ბათუმში სასამართლო პროცესისთვის ჩამოსვლაც ხარჯი იყო.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ჯუმბერ სურმანიძემ მიმდინარე წლის 8 მაისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობის დროს, ავტომანქანის სალონიდან ქუჩაში გადმოაგდო სიგარეტის ნამწვავი. მან გარემოს ზედამხედველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილ ოქმს ხელი მოაწერა.

„თუკი პირი ეჭვს გამოხატავს დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მას წარვუდგინოთ ვიდეო მასალა, რომელსაც ინსპექტირების მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეო თვალი აფიქსირებს” – ამბობს ლანა კიკავა. მან მოსამართლეს სამართალდამრღვევისთვის ჯარიმის – 120 ლარის დაკისრება მოსთხოვა.

„დავუშვათ გამონაკლისი” – ამ ფრაზით დაასრულა საქმის განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.  მან ჯუმბერ სურმანიძე სამართალდამრღვევად სცნო და მხოლოდ შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა.

ანალოგიურ საქმეზე, 10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მოქალაქე მერაბ ცეცხლაძე 120 ლარით დააჯარიმა. 

 

28 ათასი ლარი 26 მაისის კონცერტისთვის

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  ბათუმში „საოცრებათა პარკში“,  ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება უფასოა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლებიც. კონცერტისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გამოყოფილი.

კონცერტზე ქართველი მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო ხალვაში, ლიზა ბაგრატიონი და სხვა მომღერლები იქნებიან მოწვეული. ასევე, მსახიობი მურმან ჯინორია. კონცერტი, როგორც მერიაში აცხადებენ, ფეიერვერკით დასრულდება.

კონცერტამდე, დაგეგმილია იუნკერების მემორიალის შემკობა ყვავილებით, სასულე ორკესტრის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება [ანონსი]

25 მაისს, 11 საათზე, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართება მოხსენება თემაზე – “ღია მონაცემები და ღია მონაცემებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა: კონცეფციები და გამოყენება”.

პრეზენტაცია შეიცავს ღია მონაცემების თეორიული ჩარჩოების მიმოხილვას – რამდენად შეიძლება ღია მონაცემების გამოყენება მონაცემებზე ორიენტირებულ ჟურნალისტიკაში ვიზუალიზაციის მეშვეობით და მონაცემთა გამოვლენის სხვადასხვა ინსტრუმენტს.

ასევე გაიმართება დისკუსია ინტერნეტ ცენზურის შედეგებსა და ჟურნალისტიკაზე, მონაცემების გაჟონვის შესახებ ქართული კონტექსტიდან.

მოხსენებას წაიკითხავს ერიკ ჯეკსონი, „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს პროგრამით იმყოფება.

დასწრება თავისუფალია.

 

 

ფოლკლორულ ფესტივალზე 14-მა ანსამბლმა გაიმარჯვა

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფოკლორულ ოლიმპიადაში 2098 შემსრულებელი  და 102 ანსამბლი მონაწილეობდა. „მეორე ეტაპზე  48 ანსამბლი და 1193 შემსრულებელი გავიდა, ხოლო ფინალში 21 ანსამბლი. საბოლოოდ, 14 გამარჯვებული ანსამბლი, – შვიდი სიმღერაში და 7 ქორეოგრაფიაში გამოვლინდა.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე 14 გამარჯვებული ანსამბლი გამოვლინდა
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე 14 გამარჯვებული ანსამბლი გამოვლინდა

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ ანსამბლებს სამინისტრო სასცენო კოსტიუმებითა და აქსესუარებით უზრუნველჰყოფს.  „გარკვეულ ნომინაციებზე წარდგენილ ანსამბლებს და შემსრულებლებს კი წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ“.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ხვალ, 24 მაისს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.

 

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე.

მალხაზ მ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობს. აქვე ზრდიდა შვილსაც. ოთახში დგას ორი სკამი და ორი საწოლი – ერთ-ერთში 10 წლამდე ბიჭს სძინავს.

მალხაზ მ. ამბობს, რომ ეს ბიჭი მისი დისშვილია – და მუშაობს და ბიჭს მასთან ტოვებს.

თავად მალხაზის 4 წლის შვილი ახლა ბებიასთან ცხოვრობს, მამას მასთან მიახლოება სასამართლომ აუკრძალა. მართალია, მას უკვე შეუძლია მეურვესთან ერთად მოინახულოს შვილი, მაგრამ, ჯერჯერობით, ამას მაინც ვერ ახერხებს: „ჩემი შვილი ახლა დედის მხარეს არის. რაც გამოვედი, იმის შემდეგ არ მინახია. ტელეფონზე მითხრა, ჩემთან რატომ არ მოდიხარო. მე ავუხსენი, რომ არ მიშვებდნენ მასთან – მანამ, სანამ საქმე არ იყო დამთავრებული, აკრძალული მქონდა მისი ნახვა. ახლა ცარიელი ხელით ხომ ვერ მივალ შვილთან. რაღაც სამუშაო გამოჩნდება, ვიმუშავებ და ვნახავ… მითხრა, მოტოციკლეტი მიყიდეო. დავპირდი, რომ ვუყიდი. ერთი- ორჯერ ვიყავი სამუშაოზე, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის“.

მალხაზ მ.-ის თქმით, იმ სკანდალის შემდეგ ბიჭი სულ პოლიციას ახსენებს: „პოლიცია მეუბნება არ წახვიდე მამასთანო, მეუბნებიან დაგიჭერთო. მაშინ სტრესი მიიღო – მე რომ მიმიყვანეს ბაღში, მაგ დროს დაესივნენ პოლიციელები და სოციალური მუშაკები. ისეთი ბავშვია, ხალხმრავლობას ვერ იტანს. რომ დაესივნენ, ატირდა, მამა მინდაო, მაგრამ ჩემთან მოკარების უფლება არ მისცეს. ვეუბნებოდი, მიმიშვით ბავშვს დავაწყნარებ-მეთქი. არ ქნეს“.

31 წლის მამაკაცის თქმით, მისმა 4 წლის შვილმა იცის, „რომ მამა ციხეში იყო: ისიც იცის, რომ ფულს მთხოვდნენ, 3 ათას ლარს, გირაოსთვის. მერე გირაოს ფული არ გადამიხდია, პირობითი მომისაჯეს ორი წელი“.

DSCN0070

მალხაზ მ.-ს სტაბილური სამუშაო არ აქვს – ის ბათუმში ჩამოდის და მუშად მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, თუ რამე დასატვირთი-გადმოსატვირთი გამოჩნდა. სეზონზე თურქეთში გადადიოდა თხილის საკრეფად, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამას ვეღარ შეძლებს. ამბობს, რომ ძველებურად ისედაც ვეღარ მუშაობს: „პატიმრობის შემდეგ ერთი-ორჯერ გავედი, მაგრამ გული მეღლება. პატარა ამბავი ხომ არ იყო – ჩემი შვილი გავლახე, სურათები გადაუღეს, ფეისბუქზე დადეს“.

რა უფრო რთულად გადასატანი იყო – საკუთარი შვილის ცემისთვის დაპატიმრება თუ ის, რასაც მის შესახებ მედიაში ყვებოდნენ? – მალხაზ მ. ამბობს, რომ „ეს არის ამბავი, რომელიც სულ მასთან დარჩება“: „იმაზე უფრო ვნერვიულობდი, რომ ჩემს შვილს ხელი დავარტყი და კიდევ იმაზე, რომ საქვეყნოდ სახელი შემელახა – ყველგან წერდნენ მანიაკი მამაო. ტელევიზორში რომ გამომაჩინეს, ქუთაისში ვიყავი ციხეში და პატიმრებთან ერთად ვუყურე, ბავშვის სახე არ უჩვენებიათ, ბუნდოვნად ჩანდა. სიდედრი ჩანდა, ჩემი დები, მეზობლები… პატიმრებმა მკითხეს, ბავშვი ჩვენც გვიცემია და ისე როგორ სცემე, რომ დაგიჭირესო…

ვიცი, რომ დავაშავე. ვიცი, რომ ბავშვი არ უნდა მეცემა, მაგრამ სხვებიც, ყველა არასწორად მოიქცა – პოლიცია, სოციალურები, გაზეთები, ტელევიზიები. ადამიანის ღირსების, სახელის ასე შელახვა საშინელებაა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება დაანგრია, არ ვიცი, რა დრო უნდა გავიდეს, რომ ეს დავივიწყო – ეს საშინელი გრძნობაა. რატომ მილახავ ადამიანობას – რატომ მიწერ, რომ ყოველთვის ასე ვექცეოდი შვილს, – ვსვამდი, ვლოთობდი. რომ ვლოთობდე, შვილს ფასიანში [ბაღში] მივიყვანდი?“

მალხაზ მ. იხსენებს რამაც დააკარგვინა იმ ღამეს თავის კონტროლი და ბიჭს სასტიკად რატომაც გაუსწორდა: „მასწავლებელმა ბაღში მითხრა, ქალი რომ იყო გეტყოდი, კაცს როგორ გითხრაო, თითით უზრდელობას უკეთებდა ბავშვსო, მისმა მშობლებმა რომ გაიგონ, მე რა ვიციო. ეს რომ მითხრა, ძალიან ავღელდი, საიდან უნდა ესწავლა პატარა ბავშვს-მეთქი და ვცემე. მე იმიტომ დამყავდა ფასიან ბაღში, რომ ზრდილობა ესწავლა… მასე რომ არ ავეღელვებინე მასწავლებელს, ეს ამბავიც არ დამემართებოდა. მერე კი ვინანე, მაგრამ… ბავშვი ყოველ დარეკვაზე მეუბნება, მეტს აღარ ვიზამო. ახლაც მეუბნება, რომ მასწავლებელმა მომატყუა“.

სხვათა შორის დასძენს, რომ იმ კომერციული ბაღისთვის თებერვლისა და მარტის თვის გადასახადი – 80 ლარი წინასწარ ჰქონდა გადახდილი, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. „მეც არ მომიკითხია. არ მივდივარ, რამე მიზეზი არ მომიგონოს, რომ მიუვარდი ან რამე“, – ყვება მალხაზი.

მალხაზ მ. დარწმუნებულია, რომ თავის შვილთან ნდობის მოპოვება არ გაუჭირდება და სტრესს ბიჭი მასთან უფრო ადვილად დაძლევს, ვიდრე სხვასთან ერთად: „დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ტელეფონზე რომ ველაპარაკები, მთხოვს – მოდი, მოდიო. მე ვუთხარი, შენ მოდი-მეთქი და მე როგორ მოვიდე პოლიცია დამიჭერსო. ასეთმა ხმაურმა უფრო დიდ სტრესში ჩააგდო ბავშვი. მართალია, კანონით უნდა დაიცვა ბავშვთა უფლებები, მაგრამ არც ასეთ პანიკაში არ უნდა ჩააგდო“.

საც

მალხაზ მ. ცდილობს გაიაზროს, რა შეემთხვა მას, მის შვილს და რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში სახელმწიფომ. „მე ეს სირცხვილი არ გამინელდება, არც ეს განცდა. სულ გულში მექნება… ის მანუგეშებს, რომ ბავშვს უნდა ჩემთან და მეც შევეცდები უკეთესი ურთიერთობა მქონდეს“, – ამბობს მამა, რომელსაც იმ შემთხვევაში მისცემენ შვილის დაბრუნების უფლებას, თუ სოციალური სამსახური ამას დასაშვებად ჩათვლის.

მალხაზ მ.-ს მეუღლე მეოთხე წელია გარდაეცვალა: „ავად იყო, წამალი შეწყვიტა – ორსულობის დროს არ შეიძლებოდა და მერე აღარ გააგრძელა მკურნალობა. მე თურქეთში ვიყავი, თვითონ საავადმყოფოში დაიღუპა. ბიჭი 17 თვის რომ გახდა, იმის მერე სულ მე ვზრდიდი… რაც ესიამოვნებოდა, ყველაფერს ვყიდულობდი, დედის მხარეც, მეც. მაგისნაირი ჩაცმული აქ არავინ დადიოდა. შეიძლება დამეყვირა, ცემა… პირველი შემთხვევა იყო, მასე რომ გავბრაზდი. ღამით ვცემე, საღამოს… როგორი სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა, რომ დაგენახა, გაგიკვირდებოდა, ნეტა რა უთხრა მასწავლებელმა, რომ მაგ დონეზე აღელდაო. სულ ერთად ვიყავით, ვჭიდაობდით, ვთამაშობდით. ძმაკაცი ვეგონე, მამაშვილური ურთიერთობა არ გვქონდა, მისი ტოლი ვეგონე, მისი ჭკუის. მე ვაცვამდი, მე ვაჭმევდი. მარტოხელა ვიყავი და საჭმელსაც მე ვაკეთებდი, მე ვბანდი“.

სხვა მშობელი რომ სცემდეს ბავშვს და თქვენ დაინახოთ, როგორი რეაქცია გექნებათ? – ამ კითხვის პასუხად მალხაზ მ. ამბობს, რომ „პატარაზე მოარტყა ან ყურზე მოქაჩა… ყველა აკეთებს“. მაგრამ თუ დაინახავს, რომ „დიდზე არტყამენ, ჩავერევი და ვეტყვი, ნუ შვრები-მეთქი. სოციალურ სამსახურს ან პოლიციას არ დავურეკავ“.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ძალიან ბევრი  ბავშვია ძალადობის მსხვერპლი. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ტენდენცია შემცირდეს? – მალხაზ მ.-ს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს. ერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეუძლია არის ის, რომ „პირველ ჯერზე [ძალადობის], ალბათ, უკეთესი იქნება მშობელმა გაფრთხილება მიიღოს და თუ არ გამოსწორდება, მერე მიხედოს კანონმა. მე რომ გავეფრთხილებინე და ასეთი ამბავი არ ატეხილიყო, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და ჩემი შვილისთვისაც. მეორე და მესამე ჯერზე თუ ხდება ეს, რა თქმა უნდა, უნდა დააკავო“.

მალხაზ მ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. მსჯავრდებულს 2 წლის განმავლობაში არ შეეძლება საზღვრის გადაკვეთა, ასევე რეგულარულად პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, შვილის ცემაში მხილებულ მამას ნაწილობრივ შეეზღუდა შვილის ნახვის უფლება – მას შვილთან დამოუკიდებლად, მეურვის გარეშე ურთიერთობის უფლება არ აქვს.

„ჩვენ დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, რომლის შემდეგაც ბავშვის მეურვე ბიძია გახდება. მან უნდა იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ბავშვი ამჟამად დედის მხრიდან ბებიასთანაა და კარგად გრძნობს თავს“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების სოციალურმა მუშაკმა თამარ ღუნიაშვილმა. მისი განმარტებით, მამას მას შემდეგ აღუდგება სრულად მშობლის უფლება, თუკი სააგენტოს რომელიმე დაინტერესებული მხარე მიმართავს. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვს ცხოვრება მოუწევს და გადაწყვეტილება ისევ სასამართლომ უნდა მიიღოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია მსჯავრდებულის ადვოკატი, მერი ცინარიძე: „ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რადგან ბავშვს დედა არ ჰყავს. ყველა მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ბავშვის ცემას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და მამის ურთიერთობა შვილთან არ არის საფრთხის შემცველი“.

პროკურორი გიორგი რამიშვილი ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამწლიანი პატიმრობაა.

მოწმეების დაკითხვა ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე

ქობულეთში გასული წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურატურა სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს, ზაზა ართმელაძეს უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„რატომ დაკითხეთ მოწმეები ღამის საათებში“? – ეს შეკითხვა დაცვის მხარის ადვოკატებმა თითქმის ყველა პოლიციელს დაუსვეს, ვინც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. პოლიციელები და დეტექტივ-გამომძიებლები განმარტავენ, რომ გვიან ღამით ადამიანები გადაუდებელი აუცილებლობის გამო დაკითხეს.

„რა აუცილებლობა იყო ღამით დაკითხულიყო, მაგალითად, სასტუმროს დამლაგებელი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს“? – კითხა მოწმე პოლიციელს, ომარ გოგმაჩაძეს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. პოლიციელის განმარტებით, ტრაგიკული შემთხვევის გამო, თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ზაზა ართმელაძის ადვოკატების მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებების დიდი ნაწილი კანონდარღვევით არის მოპოვებული, რის გამოც იგი არ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ.

მოწმე სამართალდამცველებმა აღწერეს, რა ინფორმაცია მიიღეს დაკითხული ადამიანებისგან. გამომძიებელ ოლეგ გოგიტიძის თქმით, მან ელექტროსადენებიც ამოიღო სასტუმროს მესამე სართულიდან, სადაც გარდაცვლილი ბავშვები იპოვეს.

2015 წლის 10 მაისს, ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული 2“-ის წევრი სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრალდებული ზაზა ართმელაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინა სასამართლო სხდომაზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

უმაღლესი საბჭოს სამი ფრაქცია აჭარის მთავრობის წინააღმდეგ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სამმა ფრაქციამ –  „თანასწორობა“, „მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა“  აჭარის მთავრობის იმჩიპმენტის პროცედურა დაიწყო.

ამის თაობაზე განცხადება დღეს, 23 მაისს  აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ გააკეთა.

„მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო დღეს, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის უმოქმედობისა და უუნარობისათვის, მხოლოდ საკუთარ ინტერსებზე მორგებული საკადრო პოლიტიკისა და კორუფციული გარიგებებისათვის, ასევე უმნიშვნელოვანესი ინვესტიციების განუხორციელობლობისათვის, შეჩერებული პროექტებისთვის, საკადრო პოლიტიკის გამო.  ასევე, უმაღლესი საბჭოს მიმართ არასწორი და არაგონივრული ნაბიჯების გადადგმისათვის და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის პარტიულ-ნათესაური ნიშნით წარმოდგენისათვის“- აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით კულმინაცია იყო მთავრობის თავმჯდომარისგან წამოყენებული კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევად, სადაც ნათესავი და პარტიის ყოფილი წევრი ან პარტიული აქტივისტი  (კვაჭაძე, ქარცივაძე, ჯაში) წარმოადგინა.

„გარდა ამისა, შეჩერებულია სტადიონი და თანხები მათ ანგარიშზე დევს, გაზიფიკაციის პროცესი ზემო აჭარაში დაწყებულიც კი არ არის, იპოთეკით დაზარალებულები რომ კვლავ აწყობენ აქციებს და ის რაც ხელისუფლებამ დაპირდა მათ, შეუსრულებელია, ეკომიგრანტების საკითხი უნდა მოგვარებულიყო და დაპირება არ შეუსრულეს და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მოსახლეობას შეეხება.

დოკუმენტი დღეს გავუგზავნეთ უმაღლესი საბჭოს ბიუროს, სადაც ჩამოწერილია ყველა მიზეზი რის გამოც გამოვუცხადეთ უნდობლობა“-აცხადებს ის.

პეტრე ზამბახიძის თქმით, მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი 16 ივნისის სხდომაზე განიხილება და კენჭისყრა ფარული იქნება.

„თავისუფალი საქართველოს“ და „ახალი მემარჯვენეების“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

დღეს 23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „ახალი მემარჯვენეების“  საკონსტიტუციო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სარჩელი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც ამბობდა, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში უნდა ჰქონოდა მხოლოდ იმ კატეგორიის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტზე მეტი და  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 4 პროცენტზე მეტი.

თუ პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც ბლოკის წევრები, უფასო პოლიტიკურ რეკლამას  იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ისინი იყვნენ ბლოკის პირველი ან მეორე წევრები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი მხოლოდ მეორე ნაწილში დაკმაყოფილდა.

პირველ ნაწილში, სადაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ამორჩეველთა ხმების 3 და 4 პროცენტის მიღებას,  გადაწყვეტილება ძალაში რჩება, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ  სარეკლამო სივრცე არის ამოწურვადი რესურსი და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვერ ექნება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელეთა პოზიცია და დაადგინა, რომ  პოლიტიკურ ბლოკში მონაწილე სუბიექტებს, არ აქვს მნიშვნელბა პირველი იქნება ის თუ მეათე, უფასო  ეთერის, (ყოველ სამ საათში 90 წამი) სარგებლობის უფლება აქვს.

„ამ თვალსაზრისით დიფერენცირება არ იყო გამართლებული და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა“- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საატესტატო გამოცდებზე 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები ქართულ ენასა და  უცხო ენაში დასრულებულია, მთლიანობაში 5 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი (5,5). ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძის შეფასებით, წელს უფრო მეტია  ჩაჭრილი მოსწავლეების რიცხვი, ვიდრე გასულ წელს იყო.

მოსწავლეები ამჟამად ოთხ გამოცდას აბარებენ. ქართული, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. ქართულ ენასა და უცხო ენაში გამოცდა უკვე ჩატარდა, დღეს 23 მაისს მოსწავლეები ისტორიას აბარებენ, ხვალ კი მათემატიკას.

„გარდა ამისა, ამავე პერიოდში  იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ვერ დაძლიეს მე-11 კლასის ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდები, აქვთ შესაძლებლობა, რომ  ეს გამოცდები ჩააბარონ წელს, ამას დაემატა ექსტერნებიც და ამათი ერთობლიობა შეადგენს 47 ათას მოსწავლეს“.

ივა მინდაძის ინფორმაციით, თითოეულ გამოცდას მოსწავლეების სხვადასხვა რაოდენობა წერს, „დაალოებით 42 ათასი წერს  ქართულს, ისტორიას და ა.შ. და ქიმიას და ფიზიკას, ცხადია, ამდენი არ წერს.

ქართულის გამოცდაზე 42 ათასზე მეტი მოსწავლე გავიდა, 1000 მოსწავლე კი არ გამოცხადდა გამოცდაზე. ქართულ ენაში 97-მა პროცენტმა გადალახა ბარიერი, 85-მა კი უცხო ენებში.

საატესტატო გამოცდები 25 მაისს დასრულდება და საბოლოო შედეგები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქედის გამგებელი: დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და გულშემატკივრების წინაშე

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და გამგეობის პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა.

„როგორც იცით 10 მაისს, ხობის „კოლხეთსა“ და ქედის „ბეთლემს“ შორის გამართულ მატჩში ქედის „ბეთლემი“ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა შედეგის წინასწარ დაგეგმვაში ამხილა, რის გამოც გუნდი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგიდან იქნა დაქვეითებული, დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო 4 ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მე, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვარ საშინლად იმედგაცრუებული მომხდარის გამო, მიუხედავად არა ერთი მცდელობისა გამგეობის მხრიდან, გუნდი შენარჩუნებულიყო და ღირსეულად ეასპარეზა პირველ ლიგაში, გავატარეთ ბოლო პერიოდში რეორგანიზაცია და ქმედითი ნაბიჯები, თუმცა შედეგი ამბიციური პირების გამო დღეს სავალალოა.

ვინაიდან მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელი და რეპუტაცია უმთავრესი ღირებულებაა დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, არავის ეპატიება მსგავსი საქციელის ჩადენა. ამ ეტაპზე ყოველგვარი შეფასებისაგან თავს შევიკავებთ, რადგან დღეიდან გამგეობამაც დაიწყო შიდა მოკვლევა. როგორც ცნობილია საქმეს იძიებს შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები და გპირდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული თანამშრომლობა მათთან.

მოკვლევის შემდეგ, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არავის მიმართ ვიქნებით ლოიალურები და დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონისა და ყველა იმ ქედელი გულშემატკივრის წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ქომაგობდნენ ქედის „ბეთლემს“ – განაცხადა დავით დუმბაძემ.

Exit mobile version