დღეს 23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „ახალი მემარჯვენეების“ საკონსტიტუციო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სარჩელი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც ამბობდა, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში უნდა ჰქონოდა მხოლოდ იმ კატეგორიის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტზე მეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 4 პროცენტზე მეტი.
თუ პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც ბლოკის წევრები, უფასო პოლიტიკურ რეკლამას იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ისინი იყვნენ ბლოკის პირველი ან მეორე წევრები.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი მხოლოდ მეორე ნაწილში დაკმაყოფილდა.
პირველ ნაწილში, სადაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ამორჩეველთა ხმების 3 და 4 პროცენტის მიღებას, გადაწყვეტილება ძალაში რჩება, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეკლამო სივრცე არის ამოწურვადი რესურსი და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვერ ექნება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელეთა პოზიცია და დაადგინა, რომ პოლიტიკურ ბლოკში მონაწილე სუბიექტებს, არ აქვს მნიშვნელბა პირველი იქნება ის თუ მეათე, უფასო ეთერის, (ყოველ სამ საათში 90 წამი) სარგებლობის უფლება აქვს.
„ამ თვალსაზრისით დიფერენცირება არ იყო გამართლებული და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა“- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.