სიახლეები

საკადრო პოლიტიკის დეტალები აჭარის შს სამმართველოში

09.04.2015 • 3481
საკადრო პოლიტიკის დეტალები აჭარის შს სამმართველოში

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილს, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს – მირიან თოფურია. ეს ის პოლიციელია, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. `გუნავას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი განცხადებით გაუშვეს სამსახურიდან თენგიზ გუნავას საქმის გამო, თუმცა, არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაწინაურებულია… ის დროებით იყო ჩამოშორებული სამსახურებრივ მოვალეობას და მერე დააწინაურეს”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ მირიან თოფურიასთან დაკავშირებით 2013 წლის 29 მაისს, `რუსთავი 2″-ის ეთერში.

 

მაშინ თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი კი დაკითხვისას იძულებით მიაღებინეს. საქმის გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც და დაადგინა, რომ პოლიციელების მიერ გუნავასთვის იარაღის ჩადება არ დადასტურდა.

დარღვევად დაფიქსირდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების არასწორად შევსება, დროს არასწორად მითითება. პროკურატურამ გუნავას წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში წერია, თუ რა როლი ჰქონდა გუნავას საქმეში მირიან თოფურიას.
დოკუმენტის მიხედვით, მირიან თოფურიამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე; თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკისა და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება. მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით.

 

შს სამინისტრომ მაშინ განმარტა, რომ იმ პოლიციელებს შორის, რომლებიც შს სამინისტრომ გაათავისუფლა გუნავას საქმეში არსებული დარღვევების გამო, მირიან თოფურია არ იყო.
2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თოფურია ბათუმში ჩამოსვლამდე შს სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მიწის ნაკვეთი (1400 კვ.მ) და სახლი (105 კვ.მ) აქვს სოფელ ზემო ნიჩბისში, საცხოვრებელი სახლი (70 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (1000 კვ.მ) – წაღვერში, სახლი (80 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (800 კვ.მ) – სოფელ ვაქირიში. მის ცოლს – ნინო ყანჩაველს საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისში, აღმაშენებლის გამზირი, №116, ფართობი – 160 კვ.მ.
აჭარის მთავარ სამმართველოში ახალი უფროსი ჰყავს დეტექტივების დეპარტამენტს. ეს თანამდებობა გიორგი რევაზიშვილს ჩააბარეს. მანამდე რევაზიშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. 2015 წლის 5 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რევაზიშვილს 10 000 ლარი აუღია სესხის სახით.


“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, რევაზიშვილი გამოირჩევა აგრესიულობით: 2013 წლის 21 ოქტომბერს მან საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილის რანგში “სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა”. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა რევაზიშვილის ქმედება ასე ახსნა: ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ ვინაობა, რის გამოც ისინი სამორიგეოდან გააძევეს. სინამდვილეში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები რევაზიშვილს სიტყვიერად უმარტავენ თავიანთ ვინაობას და აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებას, რომლითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სამმართვლოს უფროსად მამუკა კბილცეცხლაშვილი დაინიშნა. 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ასევე დეტექტივების განყოფილების უფროსი იყო. მას გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, სოფელ შეკვეთილში აქვს მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ) და სახლი დუშეთში, ტაბიძის ქუჩა #12-ში (100 კვ.მ); მიწის ნაკვეთი აქვს ასევე დუშეთში (400 კვ.მ), მის ცოლს კი ბინა – თბილისში.

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ზაქარია გურჩიანია. გასული წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გურჩიანი შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.  

 

აჭარის პოლიციაში ჩატარებული ყველა ცვლილება ბესიკ ამირანაშვილს უკავშირდება, როცა ის პოლიციის უფროსად გაამწესეს, ითქვა, რომ 15 ადამიანი ჩამოიყვანა კახეთიდან სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნად. თავის დროზე გავრცელებული ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის უფროსები არ გამოუცვლიათ ქედის, შუახევისა და ხულოს სამმართველოებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: