ორგანიზაციას ესაჭიროება ხელმოწერების შემგროვებლები ბათუმსა და ქობულეთში

ddddუფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართული მომავალი” აწარმოებს მსურველების მიღებას მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად ბათუმსა და ქობულეთში.

ანაზღაურება მაღალია! ანგარიშსწორება მოხდება ყოველკვირეულად!

მოთხოვნები: კეთილსინდისიერება, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება გამომუშავებით: 40 თეთრი თითო ხელმოწერა.

რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე:
listgeorgianfuture@gmail.com
მობ.: 551 39 22 11

იპოთეკით დაზარალებული პირები მთავრობის სახლის წინ შიმშილობენ

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იპოთეკით დაზარალებული პირების შიმშილობა გრძელდება. 20-მა ადამიანმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე შიმშილობენ და აჭარის მთავრობისგან ბანკთან შუამდგომლობას და დაბალპროცენტიან,  გრძელვადიან კრედიტებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა.

„მთავრობის სახლიდან 20 მეტრის მოშორებით მოგვთხოვეს პროტესტის გაგრძელება. პოლიციას ვუთხარი, რომ   მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მათ შორის იპოთეკით დაზარალებულ პირებსაც მეთქი“ – ამბობს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი დავით ბერიძე, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო მონიტორინგის ხელმძღვანელია.

იპოთეკით დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია, აჭარის მთავრობის შენობის წინ. ფოტო: როინ გუნდაძე.
იპოთეკით დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია, აჭარის მთავრობის შენობის წინ.
ფოტო: როინ გუნდაძე.

„საპროტესტო აქცია ყოველ დღე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს. მთავრობამ გვითხრა რომ სიები გამზადებულია და დამტკიცებულია უკვე ბანკებში გადასაგზავნად, მაგრამ რამდენი ხანია გამზადებულია? რატომ არ აგზავნიან? კარვებს გავშვლით და შიმშილობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“ – გვეუბნება აქციის მონაწილე, ირმა მიქელაძე.

აქციის მონაწილეები შიმშილობის გაგრძელებას პრობლემის მოგვარებამდე აპირებენ.
აქციის მონაწილეები შიმშილობის გაგრძელებას პრობლემის მოგვარებამდე აპირებენ.

70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10  წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს მანქანები უფასოდ გაირეცხება.

„მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის მთავარი მიზანი ის იყო, რომ გამარჯვებულს ავტოსამრეცხაო გაეკეთებინა, რომელიც მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უფასოდ მოემსახურება,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს ბათუმის მერიაში ზემოაღნიშნული ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს, მერიაში გვითხრეს, რომ მივწეროთ და წერილობით გვიპასუხებენ.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ საკუთარი ავტომანქანების გასარეცხად ბათუმის მერიამ 2862 კვ/მ მიწის ნაკვეთი გაასხვისა. დროებით გასხვისებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოიცავს იმ გზას და ეზოს, რომელსაც ყოფილი ავარიული და მის წინ მდებარე კორპუსის მცხოვრებლები იყენებდნენ.

როგორც ჩანს, მერიამ საკუთრებაში ისე დაირეგისტრირა ეს ნაკვეთი, რომ მის საზღვრებში არათუ საერთო ეზო, არამედ მომიჯნავე კორპუსებთან მისასვლელი გზებიც მოაყოლა. მთელი ეს ტერიტორია კი აუქციონზე გაიტანა და აღნაგობის უფლებით, აუქციონში გამარჯვებულ შპს „ტრივიჟენს“ 10 წლით გადასცა.

კომპანიის ხელმძღვანელის როინ ლამპარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ავტოსამრეცხაო მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უნდა მოემსახუროს, ვალდებულება აქვთ აუქციონზე დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა – თითქმის 30 ათასი ლარი ყოველწლიურად გადაიხადონ ბათუმის ბიუჯეტში. კომპანიას ვალდებულების პარალელურად, ბუნებრივია, ბიზნესის წარმოების უფლებაც აქვს, ანუ მოემსახუროს ნებისმიერ კლიენტს.

IMG_20160623_143008
მთელი ეს ტერიტორია [იქვე არსებული კორპუსის ეზოს ჩათვლით] მერიამ აუქციონზე პირობებით გაასხვისა
„ავარიული კორპუსის ამხანაგობას თავისი ტერიტორიის საზღვრები არასწორად, შეცდომით ჰქონდა დარეგისტრირებული – ფაქტობრივად, ამ ტერიტორიის საზღვარი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, გადის გვერდით მდგარი კორპუსის ძირში. როცა ავიღე ფინანსური და სამრეცხაოს მოწყობის ვალდებულება და დავიწყე მშენებლობა, მაგ კორპუსის მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა. მე მქონდა ჩემს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება, მაგრამ მოსახლეობამ ხელი შემიშალა. შემდეგ მერიიდან მოვიდნენ, წერილიც მომწერეს, რომ ასეთი მდგომარეობაა და ცვლილება გავაკეთოთო. რეესტრში საზღვრები შეიცვალა და გზა დავუთმეთ“.

რატომ აღმოჩნდა 70-ოჯახიან კორპუსთან მისასვლელი გზა და ეზო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და რატომ გასცა ის მერიამ კერძო კომპანიაზე? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიწის ნაკვეთი 2012 წლის აპრილშია დარეგისტრირებული. 2015 წლის სექტემბერში ის აღნაგობის უფლებით, ხოლო მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში, სერვიტუტით დაიტვირთა. სერვიტუტის საფუძველზე 553 კვ/მ ფართობს [კორპუსის სადარბაზოებში შესასვლელი ერთადერთი გზით] კორპუსის მოსახლეობა კვლავ ისარგებლებს.

მიუხედავად ამისა, 70-მდე ოჯახს ერთი ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი არ დარჩა. ავტომანქანებს ისინი ყოფილ საერთო ეზოში აჩერებენ, რომელიც უკვე კომპანია „ტრივიჟენს~ ეკუთვნის.

„ჯერ არ არის ეს ტერიტორია დატვირთული ჩვენ მიერ და მოსახლეობა იყენებს უფასო პარკინგისთვის, ანუ მოსახლეობას ვცემთ პატივს. ეს ჩემი კეთილი ნებაა,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.

აღნიშნული ტერიტორიაც სავარაუდოდ შემოიღობება. აღნაგობა მიწის მფლობელს აძლევს მასზე ნებისმიერი მშენებლობის წარმოების საშუალებას, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში. როინ ლამპარაძის თქმით, აქ ვულკანიზაცია და საბურავების მაღაზია უნდა გააკეთოს.

„მანქანა კი მოსახლეობას შეუძლია ქუჩაში გააჩეროს, მერიას მაგისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები – ამბობს როინ ლამპარაძე – მე შემიძლია ესეც შემოვღობო, რაღაც ეტაპზე მაგას გავაკეთებ“.

მოსახლეობა თუ დარჩენილი ტერიტორიის შემოღობვის წინააღმდეგ წავა, როინ ლამპარაძე პოლიციის ჩარევასაც არ გამორიცხავს და იქვე ამბობს, რომ „ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი, საზოგადოების ინტერესების დაცვით“.

„იდგა კორპუსი, რომელსაც თავისი მცხოვრებლები ჰყავდა, თავისი მანქანები და პრობლემა არ იყო… მესმის, რაც უფრო დიდი იქნება ეზო, უკეთესია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ეს საზღვარი დადგენილია საჯარო რეესტრში. ავარიული იყო ის შენობა და მერიამ სერიოზული ხარჯები გასწია – საბინაო ფონდიდან ბინები გავეცით და ა.შ. ახლა აქეთ შემოგვედავოს ვინმე ჩვენც გვასარგებლეო, არაა სწორი, თუმცა ნაწილობრივ ესეც დაკმაყოფილდა – ნაწილი ჩვენი საკუთრებისა სერვიტუტით დავტვირთეთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ.

ის, თუ რატომ გახდა სერვიტუტით დატვირთვა აუცილებელი და თავიდანვე რატომ გაიტანეს აუქციონზე მიწის ნაკვეთი ასეთი საზღვრებით – ამ კითხვაზე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

„ყველა კორპუსს მერია უდგენს საზღვრებს. მათ შორის მაგ კორპუსებს…  დადგენილი იყო თავიდანვე, ჩვენ არავის საკუთრებაში არ შევჭრილვართ, ახლა ორბელიანის ქუჩამდე ეზოს გაფართოვების სურვილი აქვს შეიძლება მოსახლეობას, მაგრამ ყველაფერს აქვს გონივრული ჩარჩოები“.

ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N107-ის მიმდებარედ 2862 კვ/მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის 2015 წლის აგვისტოს შესაბამისი ბრძანებით გამოცხადდა. წლიური სარგებლობის საწყის საფასურად კი 14 500 ლარი განისაზღვრა.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა მოაწყოს ავტოსამრეცხაო, „თავისუფალ მიწის ნაკვეთის ნაწილზე კი, სურვილის შემთხვევაში, დამატებით განათავსოს ავტოსალონის ქიმწმენდის/საბურავების მონტაჟის ობიექტები, ბარი ან/და სხვა მოსასვენებელი ადგილი, რომლის ესკიზური ვარიანტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან“.

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს კალენდარული წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე რიცხული პიკაპისა და ჯიპის ტიპის ავტომანქანების უსასყიდლო  რეცხვა – არაუმეტეს 100 ერთეული და სედანის ტიპის ავტომანქანების რეცხვა არაუმეტეს – 1000 ერთეული წელიწადში, ხოლო ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული სედანის ტიპის მანქანების რეცხვა – არაუმეტეს 760 ერთეული წელიწადში.

როინ ლამპარაძის თქმით, სამრეცხაო გაკეთებულია, ამჯერად აკეთებენ მოსასვენებელს, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მანქანებს, მათი მომსახურება ერთ კვირაში, პირველი ივლისიდან დაიწყება.

IMG_20160623_140928ავტოსამრეცხაო, კორპუსის მხრიდან უსახური თუნუქის ღობითაა შემოსაზღვრული. „იქედან ხან ქვებს ურტყამენ, ხან ფეხს და ხან მანქანას აჩერებენ უშნოდ და აფუჭებენ კედელს. ძვირადღირებული აპარატურა გვიდევს და ეს ღობე იქნება ჯერ, რომ არ დაგვიზიანონ ქონება. ახლა მაქ დაცვას ვერ დავაყენებ ფიზიკურად. რაც აქ კეთდება ყველაფერი კანონის დაცვით და მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვით კეთდება. ზედამხედველობაც იყო მოსული და დეტალურად ამოწმებდა პროექტს,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.

თუკი ქალაქში სამრეცხაოებზე არსებულ ფასებს გავითვალისწინებთ, მერიას და საკრებულოს ავტომანქანების რეცხვაში მაქსიმუმ 13 320 ლარი დაეზოგება.

ოფთალმოლოგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის მიმართულებით საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ოფთალმოლოგთა მაღალკვალიფიციურ გუნდს კიდევ ერთი ცნობილი ექიმი, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიშა ომიაძე შეემატა, რომელიც პაციენტებს რეგულარულად, თვეში ორჯერ, ყოველ მეორე კვირას მიიღებს და ჩაატარებს კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციებს ახალი მეთოდით, ნემსით ანესთეზიის გარეშე, წვეთების გამოყენებით.

მიშა ომიაძეს საქართველოში იცნობენ, როგორ ოფთალმოლოგს, რომელიც კატარაქტასა და გლაუკომაზე ოპერაციებს საკუთარი, ნაკლებტრავმული მეთოდით ატარებს. იგი ამჟამად თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ თვალის ეროვნულ ცენტრს და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს.

მიშა ომიაძის კონსულტაციები პაციენტებთან ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ძირითადად კატარაქტის, გლაუკომის, ბადურას, კერატოკონუსის პრობლემებსა და რეფრაქციულ ქირურგიას შეეხება.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალსა და „ნიუ ჰოსპიტალს“ შორის, რომელიც თბილისში მდებარეობს, დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თვეში ორჯერ ჩამოვალ ბათუმში, გავსინჯავ პაციენტებს და ჩავატარებ ოპერაციებს, კერძოდ: კატარაქტის ოპერაციას ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით და გლაუკომას – ექსპრესშუნტის იმპლანტაციით. გამოვიყენებთ იმ უახლოეს ტექნოლოგიებს, რაც მე დავნერგე თბილისში – კატარაქტის ოპერაცია კეთდება არა ნემსით გაუმტკივარებით, არამედ წვეთებით. პაციენტი ოპერაციის დასრულებიდან 10 წუთში ხედავს. ასევე, პაციენტს არ აეხვევა თვალი და შეუძლია თვალახელილი წავიდეს სახლში. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მხოლოდ ერთ თვალში აქვთ მხედველობა.

იმავე მეთოდით გაკეთდება გლაუკომის ოპერაცია შუნტის გადანერგვით, რომელიც მიკროინვაზიური პროცედურაა,“ – ამბობს მიშა ომიაძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური მიმართულება მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

რუტინული ოფთალმოლოგიური კვლევა: რეფრაქციის დადგენა (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი, პრესბიოპია); მხედველობის სიმახვილის დადგენა – სათვალის ან კონტაქტური ლინზის რეფრაქციის დადგენა; უკონტაქტო ტონომეტრია; ბიომიკროსკოპია; ოფთალმოსკოპია 90-გრადუსიანი ლინზით.

დამატებითი კვლევები: კერატომეტრია; პაქიმეტრია; A-Scan ბიომეტრია; B-Scan ბიომეტრია; ტონომეტრია გოლდმანის მეთოდით; გონიოსკოპია; ოფთალმოსკოპია კონტაქტური ფუნდუს ლინზით.

პედიატრიული ოფთალმოლოგია: რეტინოსკოპია; სიელმის დადგენა; ტონომეტრია მაკლაკოვის მიხედვით; რეფრაქციის დარღვევების კორექცია სათვალით, კონტაქტური ლინზებით; ოფთალმოლოგიური დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა; მშრალი თვალის სინდრომი, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, უვეიტი, გლაუკომა.

ოპერაციული მკურნალობა: ქუთუთოებისა და საცრემლე არხების (ენტროპიონი, ექტროპიონი, ქალაზიონი, დაკრიოცისტიტი, ფტოზი); პტერიგიუმი; კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია; გლაუკომა.

ლაზერული მკურნალობა: მეორადი კატარაქტა YAG ლაზერით; YAG ლაზერული ირიდოტომია; ავასტინისა და აილიას ინტრავიტრეალური (თვალშიდა) ინექციები დიაბეტური რეტინოპათიის, ასაკობრივი მაკულოდისტროფიის, ბადურის სისხლძარღვების თრომბოზის დროს.

გადაუდებელი მდგომარეობა: კონიუნქტივისა და რქოვანას უცხო სხეულის ამოღება ქუთუთოსა და თვალის კაკლის ჭრილობის დამუშავება და გაკერვა; გლაუკომის მწვავე შეტევა; ბადურის არტერიის ემბოლია.

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

გაზეთი „ბათუმელები“ #23 [ანონსი]

4 ივლისიდან გაზეთ „ბათუმელების“ 23-ე ნომერში წაიკითხავთ:

მთავარი თემა: რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან – კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის” აქვს გადაცემული მართვაში. „ბათუმელები” შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ.

პოლიტიკა: წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში – აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ახალი საკადრო პოლიტიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელებთან“ არმაზ ახვლედიანი საუბრობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი.

საერთაშორისო პოლიტიკა: ნატო შავ ზღვაზე, რუსეთი და საქართველო – ნატო შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად გააქტიურებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რისი გაკეთება მოუწევს საქართველოს, რომელსაც ზღვაში შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები აქვს და აჩენს თუ არა ეს დამატებით საფრთხეს რუსეთიდან?

ადამიანის უფლებები: ბრალდებული, ვის გასამართლებასაც ხალხი ლინჩის წესით ითხოვდა – 61 წლის დიმიტრი გ.-ს წინააღმდეგ მთავარი მოწმეები 12 წლის გოგონა და მისი 13 წლის ძმა იქნებიან. პროკურატურამ ვერ დაადასტურა თავდაპირველი ვერსია არასრულწლოვანთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, დაკავებულს ახლა მუქარაში სდებენ ბრალს.

საზოგადოება: მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა – შავი ზღვა, ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია- ასეთი შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევის შედეგბი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა.

თემა: როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები – ბათუმში ფეხითმოსიარულეებისათვის სივრცე თანდათან ვიწროვდება. ტროტუარებზე კაფეები და რკინის კონსტრუქციებია დადგმული, რაც ქვეითებს ავტომანქანის სავალ გზაზე გადასვლას, მოძრაობის წესების დარღვევას და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას აიძულებს.

ქალაქი: „აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც „ვოლგაში“ ცხოვრობს – 75 წლის თევდორე ზოიძე 4 წელია საკუთარ ავტომანქანაში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვიდა.

კულტურული მეხსიერება: აჭარული გოდრის ისტორია – გოდორი ზუსტად იმდენი იყო უწინ აჭარაში, რამდენი წევრიც თითოეულ ოჯახს ჰყავდა…“ – სულხან სალაძის საავტორო რუბრიკა.

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ბათუმში კარატეში ღია ტურნირი ჩატარდება

6-7 ივლისს, ბათუმში, ღია ტურნირი გაიმართება კარატეში.

აჭარის კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელის, გოჩა სურმანიძის თქმით, ბათუმში შვიდი ქვეყნის სპორტსმენებს ელოდებიან.

ორთაბრძოლები ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორებია აჭარისა და საქართველოს კარატეს ფედერაციები.

13509042_1136478313060066_7732642764301276161_n

6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება ორ-სამ დღეში დასრულდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება 2-3 დღეში დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით ძველი სკამები გარემონტების მიზნით აიღეს, გარემონტებული სკამების დამონტაჟება კი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

პარკში სულ 163 სკამი განთავსდება.

IMG_20160702_190654IMG_20160702_190920IMG_20160703_180640

კითხვები და პასუხები თანასწორობაზე

რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება?

თანასწორობის უფლება ნიშნავს თანასწორი, ანუ თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას, არსებითად უთანასწოროთა მიმართ კი პირიქით. თანასწორი მოპყრობის მაგალითია, როდესაც გასხვავებული რელიგიური შეხედულების ბავშვს საჯარო სკოლაში თანაბრად აქვს სწავლის უფლება.

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. ეს უფლება გულისხმობს ისეთი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის ვალდებულებას, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისთვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, უთანასწოროებს კი პირიქით.

რა ნიშნები აქვს დისკრიმინაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით? და რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია?

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად

  • რასისა
  • კანის ფერისა,
  • ენისა
  • სქესისა
  • რელიგიისა
  • პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა
  • ეროვნული
  • ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა
  • წარმოშობისა
  • ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა
  • საცხოვრებელი ადგილისა

მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი ხასიათის. მაგალითად, დისკრიმინციის ნიშანია სექსუალური ორიენტაცია, მოქალაქეობა და სხვა.

პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოადგენს თანასწორ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე.

არაპირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს კონკრეტულ კანონს, ნორმას და ქცევას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის დისკრიმინაციული, თუმცა დამდგარი შედეგი აშკარა დისკრიმინაციაა გარკვეული პირთა წრისთვის. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკურსში გასაუბრებისას აშკარად რთულ კითხვებს უსვამენ და არ ასაქმებენ სახელმწიფო სამსახურში.

როდის ითვლება განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად?

განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა. მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.

განსხვავება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუკი მას „ობიექტური და გონივრული გამართლება“ აქვს. ობიექტური და გონივრული გამართლების კრიტერიუმი შემდეგია:

განსხვავებული მოპყრობა, შეიძლება ობიექტური და გამართლებული იყოს, თუკი

  • მას გააჩნია კანონიერი მიზანი და
  • გამოყენებული საშუალებები კანონიერი მიზნის პროპორციულია.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, რომლის მიმართაც ირღვევა თანასწორობის უფლება? ეხება თუ არა თანასწორობის უფლების დაცვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუკი პირი მიიჩნევს, რომ მისი თანასწორობის უფლება ირღვევა ან იზღუდება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მათ დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის მოქმედებას ავრცელებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

„საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“

რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? და რა ვალდებულებებს აკისრებს პოლიციელს საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დასაცავად?

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები.

ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყროს თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს.

პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო განსხვავებულად უნდა მოეპყროს არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე.

საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

 

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს სარფში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა დაკავებულია.

„ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 166-ე მუხლით; ფეხსაცმლის სროლისა და სიტყვიერი შეურაცხმყოფის მიყენებისთვის. ვინ არის დაკავებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე, რაც მისმა მეუღლემ, მალვინა ღომიძემ, სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა.

13579819_1106480142758511_1216185478_o
სარფი. 3.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
სარფი. 3.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
ლევან ვარშალომიძე სარფში. 3.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

დღეს, 3 ივლისს, 13:00 საათზე, სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ. მას სარფის საბაჟოსთან დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები.

იმის შესახებ, რომ 3 ივლისს, ბათუმში ბრუნდებოდა, ლევან ვარშალომიძემ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გუშინ დაწერა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იქნება.

როგორ დახვდნენ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე

დღეს 3 ივლისს, 13:00 საათზე, სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ. მას სარფის საბაჟოსთან დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები.

ლევან ვარშალომიძის მომლოდინე ხალხი საბაჟოდან გამოსული ტრაილერების გადაადგილებას აფერხებდა, რის გამოც პოლიციას მათი წითელ ზოლში მოქცევა მოუხდა.

ლევან ვარშალომიძესთან შესახვედრად მოვიდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც. ვარშალომიძეს თან ახლდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, თეა ცეცხლაძე, რომელიც ვარშალომიძის პრესსპიკერი იყო, მისი მთავრობაში ყოფნის დროს.

სარფის საბაჟო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს დახვდნენ.
სარფის საბაჟო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს დახვდნენ.

ლევან ვარშალომიძე პარტიის მხარდამჭერებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა: „ახლა წავიდეთ სარფის გამშვები პუნქტიდან და ხვალიდან გავაგრძელოთ ბრძოლა“- განაცხადა მან.

 

სარფის საბაჟო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს დახვდნენ.
სარფის საბაჟო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს დახვდნენ. / ლელა დუმბაძის ფოტოები

შს სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოს გადმოკვეთის დროს, მას ფეხსაცმელი ესროლეს. აღნიშნული პირი ამ დროისთვის დაკავებულია.

აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა.
ეკა ბარამიძე

„იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან ნაგერვაძეს, რომელიც ამ საქმეში დაგვეხმარება და გოგონათა ვოკალური ანსამბლი ჩამოვაყალიბოთო,“ – იხსენებს ანსამბლის დღევანდელი ხელმძღვანელი მარინა ჯიჯავაძე, რომელმაც შესაბამისი ხმის მქონე რვა გოგონა თავის გარშემო შეკრიბა და ანსამბლიც ჩამოაყალიბა.

„თავიდან ათნი ვიყავით, ანსამბლის ცხრა წევრი და ჩვენი ხელმძღვანელი ქეთევან ნაგერვაძე. ქეთევანი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ანსამბლი წარმატებული ყოფილიყო, დაუღალავად მუშაობდა სიმღერების აღდგენაზე, მოჰქონდა როგორც ადგილზე სოფლებში არსებული, ასევე მაჭახლის ხეობაში მოპოვებული ჩანაწერები და თვითონ აკეთებდა ჩანაწერებს, სიმღერებს ვამუშავებდით და ყოველკვირეულად ჩვენს რეპერტუარს ახალი სიმღერები ემატებოდა, რაც პერიოდულად სცენაზეც გაგვქონდა. შეიძლება ითქვას, მან თითქმის ამოწურა აჭარული რეპერტუარი, არამარტო აჭარული, არამედ საქართველოს სხვა კუთხის, კახური, იმერული, გურული… ყველა კუთხის ქალთა სიმღერები გვაქვს დამუშავებული,“ – ამბობს მარინა.

ანსამბლს ამჟამად რვა წევრი ჰყავს, დაარსებიდან დღემდე ანსამბლს მარინა ჯიჯავაძესთან ერთად ლელა დუმბაძე, შორენა ჯიჯავაძე, ქეთინო ბარამიძე და ბულბული ბერიძე შემორჩნენ. უახლოეს პერიოდში კი ანსამბლის სხვა წევრები ანჟელა ბერიძემ, თინათინ და ლინდა დევაძეებმა ჩაანაცვლეს.

ანსამბლის ჩამოყალიბებიდან მეხუთე წელს ანსამბლს სახელი შეუცვალეს [თავდაპირველად „ხარატული“ ერქვა] მას შემდეგ, რაც ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, ია ბერიძე მოულოდნელად გარდაიცვალა – გოგონებმა მის პატივსაცემად ანსამბლს „იაგუნდი“ უწოდეს.

„ამ დროისთვის სამი სიმღერის აღდგენასა და დამუშავებაზე ვმუშაობთ. აი, მაგალითად, სიმღერა „თირინს“, რომლის აღდგენაზეც ვმუშაობთ, ასეთი ისტორია აქვს: სოფელ ოქტომბრელი კაცი შრომის პროცესში მღეროდა. ეს სიმღერა გარკვეულ სამუშაოს შესრულებისას სრულდებოდა, გვინდა ეს სიმღერა საკუთარ რეპერტუარში შევიტანოთ, ასევე ვმუშაობთ სიმღერა „მასპინძლურის“ აღდგენაზე“, – გვიყვება ანსამბლის ხელმძღვანელი.

ანსამბლის რეპერტუარში 55-მდე სიმღერაა, აქედან 20-მდე სიმღერა აჭარულია, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორია. „დილოვ ნანე~, „ნაი ნაი“, „ხერტლის ნადური“, „გელინო“ – ეს ის სიმღერებია, რომლითაც ანსამბლი მსმენელის წინაშე ფოლკლორულ ფესტივალებსა თუ ჩვეულებრივ ღონისძიებებზე გამოდის.

„ხერტლის ნადურის“ სამი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული, აქედან ერთი ვარიანტი ისაა, რასაც ქედის სოფლებში მღეროდნენ, მეორე კი შუახევში სრულდებოდა, ასევე „ნაინას“ ორი ვარიანტი გვაქვს აღდგენილი, „დილოვ ნანე“ – რომელიც ხორუმის გაცეკვებით სრულდება, „გელინო“, „ბაბუჩები“…

ჩვენს რეპერტუარში არსებული სიმღერების ნაწილი 50-60-იან წლებში ნანა ვალიაშვილის ექსპედიციით მოპოვებულ ჩაწერებზე დაყრდნობით აღვადგინეთ. მე სოფელ მერისიდან ვარ წარმოშობით, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში ამ სიმღერებს როგორ ასრულებდნენ ჩვენი ბაბუები სოფელში, მღეროდა მამაჩემიც. ბავშვი ვიყავი და არც აპარატი გაგვაჩნდა, რომ ის სიმღერები ჩაგვეწერა, სამაგიეროდ სიმღერები ნანამ ჩაწერა და ნინო რაზმაძემ მოგვაწოდა,“ – ამბობს მარინა. მისი თქმით, ძველი ჩანაწერის აღდგენა და რეპერტუარში შეტანა საკმაოდ რთულია, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ჩანაწერებში ხმის ჟღერადობა ხშირ შემთხვვეაში რთული აღსადგენია.

ანსამბლი სიმღერასთან ერთად ხალხურ ფოლკლორულ საკრავს იყენებს.

„მე კარგად მახსოვს, როგორ მღეროდა მამაჩემი ბანს… ბევრი რეპეტიციაა საჭირო, ფოლკლორს თავისებური მუშაობა სჭირდება, ხმების ჩანაცვლება რომ შევისწავლოთ, სულ რეპეტიციას გავდივართ. ჩვენი ძირითადი მუსიკალური საკრავი ჩონგური, ჭიპონი და ხალხური დიატონური ფანდურია, ბას-ფანდურსაც ვიყენებთ, თუმცა არა ფოკლორულ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. როცა ფესტივალზე გავდივართ, ვიცავთ ტრადიციული სიმღერის შესრულების მანერას,“ – ამბობს მარინა.

„იაგუნდმა“ ახლახან ქართული ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორი ტური გადალახა. ფესტივალის მესამე, დასკვნითი ტური 27, 28 და 29 ივლისს თბილისში გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ფოლკლორული ანსამბლი „იაგუნდი“
ფოლკლორული ანსამბლი „იაგუნდი“

29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს.

სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ.

სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ხარაულაში, ცხმორისში, გეგელიძეებში, ვარჯანისში, წონიარისში, ზესოფელში… სულ 30 სოფელშია მოწყობილი. მათი უმრავლესობა 2005-2006 წლებშია აშენებული. მოედნის კონსტრუქცია თითქმის ყველგან ერთნაირია, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ სტადიონებს დამცავ კედლებად თითქმის ერთ მეტრ სიმაღლეზე ხის ძელები, შემდეგ კი ლითონის მავთული აქვს გარშემორტყმული. 30 მოედნიდან ხელოვნური საფარი აქ მხოლოდ დაბა ქედაში არსებულ სპორტულ მოედანს აქვს.

ხელოვნური საფარის გარეშე არსებულ მოედნებზე თამაში მხოლოდ კარგი ამინდის დროსაა შესაძლებელი, რადგან საფარის გარეშე დარჩენილ მოედანზე წვიმის დროს წყალი გუბდება და ტალახდება. გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე იზრდება ჯანმრთელობის რისკები ბავშვებისთვის. პრობლემაა ისიც, რომ ათეული წლის წინ აშენებულ სტადიონებზე მოწყობილი ხის ძელები ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია და დღეს იმ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, რისთვისაც მოეწყო.

მწყობრიდან გამოსულია და შეკეთებას საჭიროებს სოფელ პირველ მასში არსებული სპორტული მოედანიც, აქ ხის ძელებიც დამპალია და მავთულიც დაზიანებულია ალაგ-ალაგ, მოედანს, ისევე როგორც სხვა სოფლებში, არც აქ აქვს ხელოვნური საფარი. ანალოგიურად საფარის გარეშეა სოფელ კვაშტაში არსებული მოედანიც. გასარემონტებელია სოფელ ძენწმანში, ზედა ბზუბზუსა და სხვა სოფლებში არსებული მოედნებიც.

ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გამგეობა წელს ხუთ მოედანს არემონტებს, სოფელ ცხომორისის ცენტრში კი ახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მოედნის ასაშენებლად აქ 17 699 ლარი დაიხარჯება.

„სოფელ დოლოგანში არსებული მოედნის რემონტზე 5 167 ლარი, ოქტომბერში – 13 265, ზვარეს ცენტრში მოწყობილ მოედნის რემონტზე – 13 960, დანდალოში – 11 684 და წონიარისის მოედნის რემონტზე 10 134 ლარი დაიხარჯება,“ – ამბობს ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გივი დევაძე.

სარემონტო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი მოედნის საყრდენი კედლის მზა ბეტონით ჩამოსხმას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია, დღემდე არც ერთი მათგანი არ გაურემონტებიათ. ადგლობრივ ხელისუფლებას დღემდე არც ხელოვნური საფარის მოწყობაზე უფიქრია.

ამის მიუხედავად ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მაინც წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სტადიონები იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გათვლების გარეშე გააკეთა. მისი თქმით, სოფლებში მოედნების მოწყობამდე არავის უფიქრია, იყო თუ არა ამის საჭიროება და არც ის გაუთვლიათ, ნაძვის ძელისგან გაკეთებული დამცავი კედელი მალე რომ დაზიანდებოდა.

სპორტული მოედანი სოფელ კვაშტაში
სპორტული მოედანი სოფელ კვაშტაში

„ისეთი სპორტული მოედნის რემონტზე, როგორიც სოფელ მეძიბნაში, სოფლის თავშია მოწყობილი და იქ ბურთი დღემდე არავის უთამაშია, საუბარი არ არის. ხოლო ისეთი მოედნები, როგორიცაა სოფლებში: აგარაში, ვაიოში, კვაშტაში, სადაც ბავშვები აქტიურად იყენებენ და თამაშობენ, დაგეგმილი გვაქვს გავარემონტოთ, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ორი მოედნის ხელოვნური საფარით უზრუნველყოფა და ათამდე მოედნის გარემონტება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია რიგ სოფლებში. ეტაპობრივად ის მოედნები გარემონტდება, რომლებიც გამოყენებადია. ვფიქრობ, მომავლისთვის სოფლების სტადიონების პრობლემა სრულიად მოგვარდება.

რაც შეეხება ნაძვის ძელებს, რომლითაც მინისტადიონებს აწყობდნენ, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ნაძვის ძელი 3-4 წელიწადში ლპება, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ვფიქრობთ, სადაც ძელებია გაკეთებული და ამ დროისთვის დაზიანებულია, იქ ბეტონის კედელი მოვაწყოთ, ან სხვა მყარი ნაწილით ჩავანაცვლოთ ძელები, წაბლის მასალა მყარი და უფრო გამძლეა, მაგრამ ვერ მოვაწყობთ, რადგან ძვირია. ამ დროისთვის სოფელ დოლოგანში ბეტონს ვაწყობთ ძელების ნაცვლად. რაც შეეხება ხელოვნური საფარის მოწყობას, ჯერ ის ფუფუნება არ გვაქვს, ყველა ხელოვნური საფარით დავფაროთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგებელი იმედოვნებს, რომ სოფლებში ბავშვებს მალე ხელოვნურსაფარიანი მოედნები ექნებათ, ხელოვნური საფარის მოწყობა არც ახალი მოედნის ხარჯთაღრიცხვაშია გაწერილი და არც იმ მოედნების სარემონტო სამუშაოებში, რაზეც ქედის გამგეობის ბიუჯეტიდან 54 210 ლარია გაწერილი [მთლიანობაში ხუთი მოედნის გასარემონტებლად].

გივი დევაძის თქმით, დაბაში არსებული სპორტული მოედნის ხელოვნური საფარით დაფარვა გამგეობას რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 30 000 ლარი დაუჯდა.

შსს: ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა – MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო.

„2 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე სახალისო შემეცნებითი ლექციები გაიმართება, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს შსს-ს სპორტული კლუბის – MIA Force იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები. კვირეულის ფარგლებში გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები ბავშვებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნა ბათუმში / ფოტო:შსს
საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნა ბათუმში / ფოტო:შსს

კვირეული ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა, სადაც დაინტერესებულ პირებს, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია  შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა გააცნო.

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა

ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას.

საქართველო ევროკავშირის მისიებში 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მონაწილეობს. 2014 წლის ივნისიდან საქართველო პირველად ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.

EUFOR RCA – ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიში ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 ს/მ) შესაბამისი ტექნიკით 2014 წლის ივნისში გაემგზავრა, ამავე წლის დეკემბერში ქვეითი ასეული ორმა ოცეულმა (85ს/მ) ჩაანაცვლა. დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში (ქ. ლარისა, საბერძნეთი).

EUAM Ukraine – ევროკავშირის მრჩეველთა მისია უკრაინაში

საქართველო EUAM Ukraine-ში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო. მისიის დაწყების გადაწყვეტილება 2014 წლის 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის რეფორმირების მიზნით მიიღო. მისიის მიზანია უკრაინაში პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ხელშეწყობა. უკრაინაში ადამიანური რესურსების სფეროში მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი 2015 წლის სექტემბრიდან მაისამდე მონაწილეობდა. ეს იყო საქართველოს პირველი გამოცდილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში.

EUMAM RCA – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მრჩეველთა მისია

2015 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს (სწრაფი რეაგირების ჯგუფი – Immediate Reaction
Team) 6-თვიანი როტაციის წესით. 2016 წლის აპრილში განხორციელდა ქართული კონტიგენტის როტაცია, რომელიც დარჩება ცენტრალურ აფრიკაში 2016 წლის ივლისამდე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA) 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისიის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.

EUTM Mali- მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია

2016 წლის იანვარში მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) 6 თვის ვადით მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC); მეკავშირე ოფიცრის როტაცია განხორციელდა 2016 წლის მაისში, სამხედრო ოფიცერი მალიში 2016 წლის ოქტომბრამდე.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა აღნიშნული შეთანხმების ეფექტურად განხორციელებას უწყობს ხელს. ჩვენი ჯარისკაცები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მსოფლიოს ცხელ წერტილებში მსახურობენ და ამით პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აძლიერებენ საქართველოს „ევროპულ გზას“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მაღალ დონეზე მომზადებული არმიისთვის საქართველო ყოველთვის გამორჩეულ მადლობას იღებს. ხშირად გვეუბნებიან, რომ ქართველი ჯარისკაცები მისაბაძი არიან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.

საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა. 2016 წლის 30 მაისს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დადებითად გადაწყდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA)საქართველოს ოცეულით ჩართვის საკითხი. წინ მომზადების ერთთვიანი დაძაბული პერიოდია, ოცეულის გადასროლის შემდეგ კი საქართველოს დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე ახალ მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფრიალდება.

ირინა ცერცვაძე
ევროკავშირში ინტეგრაციისა და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობის სამმართველო
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება

2016 წლის 1 ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს (DC FTA) მოიცავს. ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში მოეწერა.

ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ასოცირების შესახებ შეთანხმება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, მომხმარებელთა და საკუთრების უფლებების დაცვას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნით, საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზარი, 500 მილიონიანი მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობით, ყველაზე დიდი ბაზარია მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.

ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებულ აგრარულ პროდუქციაში წამყვან ადგილს იკავებს ახალი და ხმელი თხილი, ღვინო, ნატურალური ყურძნის წვენი და მინერალური წყლები.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების საფუძველზე, 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის კუთხით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში.

გასული 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება (სასამართლოს, პროკურატურისა და სისხლის სამართლის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება), სასჯელაღსრულება და პრობაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, უსაფრთხოების სფეროს რეფორმა, საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმები ევროპული მხარის მიერ დადებითად იქნა შეფასებული 2014 და 2015 წლებში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომებზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული კუთვნილების გამყარების, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობისა და ევროპული პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლების მიზანს ემსახურება.

ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი ჯერ კიდევ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ძალაში არ შევიდა 2014 წელს, წევრი ქვეყნების და არა ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციას განეკუთვნებოდა.

წელს კი, 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული მუხლები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან. აგრეთვე შემდეგ საკითხებთან: თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი; ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროების უმეტესობაზე ამოქმედებული იყო შეთანხმების დანართები, რომლებშიც ასახულია საქართველოს მიერ განსახორციელებელი საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებები.

2016 წლის 1 ივლისიდან ასევე ძალაში შევიდა შეთანხმების 2 დარჩენილი დანართი, რომლებიც განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას ეხება. ასოცირების შეთანხმების სექტორული კომპონენტი, დანართებითურთ, შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ძირითადად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

თინათინ ხიდაშელი: “დაპირებები შესრულებულია”

თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია – საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია;

JTEC – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია;

NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული; ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი – მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის; საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია; ქართველი ჯარისკაცები პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში;

DIB – ნატო-საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია;

შიგნითმეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად – ჩატარებულია უპრეცენდენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით; ქართული ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში; ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია – ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან; ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი; განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა. 2016 წელს კი 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს; ჰაუტვახტები გაუქმებულია; სპეცუბნები გაუქმებულია; თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია – კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან; სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში; აქ გმირები მსახურობენ – აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან – ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია; შემუშავებულია ახალი, 7-მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის; შემუშავებულია „არმიქარდი“ – ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის; სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება – ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში;

27 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის წინ განხორციელებულ პროექტებზე ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად წარმოადგინა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეული წარმატებები. მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ანგარიშის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

პროპაგანდასთან ბრძოლა – გამავრცელებლის წარმომავლობა

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს

V – გამავრცელებლის წარმომავლობა

გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ – უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული გამომცემელი, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ არ მოიპოვებ ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთი არასანდოა. ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.

დაბოლოს, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.

გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

“ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დავით პაპავა NOBLE PARTNER 2016-ის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა

როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?

სამხედრო კარიერა 1998 წლის აპრილში საქართველოში დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის სტატუსით 2000 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი რესურსების მართვის განყოფილებაში, ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2005 წელს იმიგრაციაში აშშ-ში წავედი. 2007 წლის იანვარში ჩავეწერე ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში.

თქვენი ამერიკული კარიერა…

როგორც უკვე გითხარით, 2007 წელს გვარდიაში ჩავეწერე. გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადება, ავიღე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის დიპლომიც. 560-ე სადაზვერვო ბრიგადასა და 221-ე სადაზვერვო ბატალიონის წევრი გახლდით. დაახლოებით, ორი წელი 108-2 ქვედანაყოფში ვიმსახურე. 2015 წლის ოქტომბერში ინსტრუქტორად დავინიშნე და მას შემდეგ სამხედრო სპეციალობას ვასწავლი.

საქართველოში რა პერიოდით გიწევთ ხოლმე ჩამოსვლა?

ახლა 2016 წლის მაისში ჩამოვედი. მანამდე 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. რაც იმიგრაციაში წავედი საქართველოში 3 ჯერ მომიწია ჩამოსვლა. სამივე ჩამოსვლა წვრთნებს უკავშირდება. ახლაც „ ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ვიმყოფები ვაზიანში.

კონკრეტულად რა გევალებათ წვრთნის ფარგლებში?

აქ გახლავართ სატრანსპორტო მომსახურების სერჟანტი. ვმუშაობ ლეიტენანტთან ერთად და ძირითადად ტრანსპორტის კოორდინაციას ვკურირებთ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთად. ეს ძალიან საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია.

როგორ შეაფასებდით ქართველ სამხედროებს? წვრთნებს, სადაც ისინი იღებენ მონაწილეობას?

ხშირად მითქვამს, რომ როდესაც ქართულ ჯარში დავიწყე სამსახური 1998 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და კორუფციული ინსტიტუტი. არაფერი არ ხდებოდა ჯარში. ახლა ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. ჯარი არის ძალიან კარგად მომზადებული და მოტივაცია არის მაღალი. ნათლად ჩანს, რომ ქართველი სამხედროები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.

როგორ შეაფასებდით „ღირსეულ პარტნიორ 2016“-ს?

ეს წვრთნა არამარტო საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის დონეს ამაღლებს, აქ არიან ჩამოსული ამერიკელები, ბრიტანელები. ეს მათთვისაც დიდი შესაძლებლობაა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. წვრთნების დაწყებისას ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები! ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ ნატოს ინტერესები დაიცვას მოკლე ვადაში, ეს ასეული იქნება ამისთვის მზად.

ხშირად გვსმენია სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოს წვრთნების შეფასებებისას…

ეროვნული მნიშვნელობის წვრთნებია! ქართული ასეული საერთაშორისო დონეზე იქნება სერტიფიცირებული. ეს ხომ ძალიან კარგია?! ქართველ სამხედროებს მინდა ვუთხრა – ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი წვრთნა (NOBLE PAღთNEღ 2016) არის ძალიან მაგარი. მშურს ქართველი სამხედროების, მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებისა, მაინც ქართულ ინტერესებს ემსახურებიან. ქართული ჯარი ჩემთვის სამაგალითოა.

noble partner..
NOBLE PARTNER 2016
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი: „მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ – ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლ“

თუ კი ოდესმე წარმატებულ სამხედრო კარიერაზე გიოცნებიათ, ქართველი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი ნამდვილად კარგი მაგალითია. სამაგალითოა მისი ფიზიკური მზაობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და გამოცდილების გაზიარების უნარი, რაც მას, როგორც ჯარისკაცს, პროფესიონალად აქცევს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, კომუნიკაციის უნარი და ფრანგული ენის ცოდნა, ქართული შეიარაღებული ძალების ტრადიციებისა და დასავლური მიდგომების კარგ ტანდემს ქმნის.

სამხედრო კარიერის დასაწყისი

„შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან ვმსახურობ. ეს პერიოდი, საქართველოსთვის საკმაოდ დაძაბული იყო. როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომმა ჩემს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა“, – ამბობს მალხაზ მერლანი.

ზუსტად ხედავდა თავის მომავალს… როგორც კი სკოლა დაამთავრა, სწავლა თავდავცვის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო.

მალხაზ მერლანი: „თავდაცვის აკადემიის მესამე გამოშვება ვარ. რთული იყო მაშინდელ სამხედრო სასწავლებელში ჩამოყალიბებულ სისტემასთან შეგუება. დღეს ყველაფერი შეიცვალა. აკადემიაში თანამედროვე და სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებაა. მაშინ აკადემია ორი წლის შექმნილი იყო. იყო ბევრი პრობლემა, თუმცა ჩემთვის მთავარი ის მოტივაცია იყო, რომელიც საომარი პროცესების შემდეგ უფრო და უფრო გამიმძაფრდა“.

სამხედრო აკადემია არტილერისტის მიმართულებით დაამთავრა. პოსტსაბჭოთა პერიოდში საარტილერიო სასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ჩაირიცხა. რუსული სამხედრო სტანდარტების გავლენა ძლიერი იყო, მაგრამ იმ დროის სამხედროებმა დასავლურ მიდგომებს ალღო მალე აუღეს, მალხაზ მერლანის თაობამ ტრანსფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი გამოიარა.

malxaz merlani 1
მალხაზ მერლანი

მალხაზ მერლანი: „გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობები და განვითარების დიდი სურვილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯი კი საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამიდან (GTEP) იწყება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც აკადემიის დამთავრების შემდეგ მოხდა და რამაც რეალურად განაპირობა ჩვენი ტრანსფორმაცია. აქედან დაიწყო კურსების და სწავლებების ნაკადი უცხოეთში“.

ინგლისური ენის კურსზე შეზღუდული ადგილების გამო ვერ მოხვდა, ალტერნატივა მალე გამოჩნდა: ინგლისური ფრანგულმა ჩაანაცვლა. ასე დაიწყო მალხაზ მერლანის კავშირი საფრანგეთთან.

შემდეგ იყო კომანდოს კურსი საფრანგეთში და პირველი პრაქტიკული ნაბიჯები დასავლური სისტემისკენ.

მალხაზ მერლანი: „ჩემთვის ეს იყო ტრანსფორმაციის პერიოდი, რამაც მთლიანად შემცვალა. გავიარე ყველა სამთო-კურსი, რაც ფრანგებს იმ დროს გააჩნდათ“.

ქართველი სამხედროს კვალიფიკაცია და დასავლური გამოცდილება 2005 წელს დაარსებული საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა.

მალხაზ მერლანი: „ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნულიდან დაწყებული საქმე 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანეთ. 2010 წელს სკოლამ ნატოს სტატუსი მიიღო და დღეს იქ სწავლებას არა მხოლოდ ქართველი სამხედროები, არამედ ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები გადიან. საჩხერის სამთო-მომზადების სკოლა დღეს ერთ-ერთი ფლაგმანია“.

სამშვიდობო მისიაში – მალის რესპუბლიკა

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2013 წელს უკვე ნამყოფი იყო. ამ დროს საქართველოს ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა. როდესაც დღის წესრიგში, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, მალში ჩართვის საკითხი დადგა, მალხაზ მერლანი ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, ვისი კანდიდატურაც თამამად განიხილეს.

მალხაზ მერლანი: „მალის სამშვიდობო მისიაში ჩემი წარგზავნის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივი ფრანგული ენის ცოდნაც იყო. ზოგადად, საქართველოში მოსახლეობამ უფრო მეტი იცის ნატოს ოპერაციებზე ვიდრე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებზე. შესაბამისად, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო უცნობი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი… მალში 5 თვე ვიმსახურე…“

როდესაც დგება საკითხი სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, უამრავი არგუმენტაცია არსებობს თუ რატომ? რა მნიშვნელობისა და ფასეულობისაა აღნიშნული ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჯარისკაცისთვის…

20160428 Medal Parade

მალხაზ მერლანს თავისი არგუმენტები აქვს: „პირველი მოტივი არის პრევენცია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იქიდან საიდანაც შეგვიძლია. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მეორე – არანაკლებ მნიშვნელოვანი: საკუთარი თავის გამოცდაა. ხშირად ვაცხადებთ, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, გვსურს ვიყოთ ნატოში, ევროკავშირში და ა.შ. სწორედ ეს მისიები წარმოადგენს იდეალურ საშუალებას იმისთვის, რომ ქვეყანამ და თითოეულმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი და შესაძლებლობი გამოცადოს – ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ამ სრულფასოვანი ერთობის წევრი გავხდეთ.

ფაქტი სახეზეა. ნატოს თუ  ევროკავშირის ეგიდით, ყველა მისიაში ძალიან კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობთ. ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს ხშირად უთქვამთ, რომ  ქართველი ჯარისკაცების გვერდში დგომა ყველაფერს ურჩევნიათ, რადგან სამაგალითოდ უშიშრები არიანო“.

მალის სამშვიდობო მისიაში მალხაზი მეკავშირე ოფიცრის ფუნქციას ასრულებდა…

მალხაზ მერლანი: ვიყავი პასუხისმგებელი ამ მისიის ხელმძღვანელობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

ცნობილია რომ, მისიის ფარგლებში, განსაკუთრებული წვლილის შეტანის გამო, ერთადერთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელს აძლევენ…

მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთაგან ეს პატივი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენელს, მალხაზ მერლანს ხვდა. მისიის გერმანელმა გენერალმა მერლანს შემდეგი სიტყვებით მიმათა: „ბატონო პოლკოვნიკო დიდი მადლობა, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის საუკეთესო დესპანი ხართ“.

მალხაზ მერლანი: „როდესაც შეიარაღებულ ძალებში მოვდივართ, ფიცს ვდებთ: „სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის და დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები“. საბედნიეროდ, ქართველი ჯარისკაცები მისიებში გაშვებას მუდმივად ითხოვენ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ეკონომიური ფაქტორი არ არის. ძალიან საამაყოა, რომ დღეს მისიაში მონაწილეობა პრესტიჟულია. „მე სამშვიდობო მისიაში ნამყოფი ვარ“, – ქართველი ჯარისკაცისთვის ნიშნავს, რომ მე ვარ სრულფასოვანი მებრძოლი“.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

მორიგი მითების სერია

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში პროპაგანდის შედეგად გაჩენილი  მითებისა და კითხვების  საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საფრთხეს უქმნის ჩვენი კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მცდარია

რეალურად, ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს. კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია.

123ევროკავშირის სიძლიერე და მიმზიდველობა სწორედ მის კულტურულ და ეროვნულ მრავალფეროვნებაშია. შესაბამისად, კულტურული მრავლფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, ევროკავშირის ცალკეული მიმართულებებით პოლიტიკის ფორმირების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ევროკავშირი აერთიანებს 28 სახელმწიფოს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ კულტურის სფეროში. ამის მიუხედავად, გერმანელები გერმანელებად რჩებიან, ფრანგები ფრანგებად, ესტონელები ესტონელებად და ა.შ. ასოცირების შესახებ შეთანხმება, პირიქით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კულტურული მიღწევებისა და უნიკალურობის პოპულარიაზაციას და ზოგადად, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, თავის მხრივ, საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რიმ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების ევროვნული იდენტურობის პატივისცემის აუცილებლობა.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან

თინათინ ხიდაშელი„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურში იდგნენ ყველგან, სადაც ამას მათი ქვეყანა მოითხოვს. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ, მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ, მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან. დღემდე მოქმედი წესით, ჩვენ მივმართავდით მთავრობას ყოველი გაწვევის წინ და ვეუბნებოდით, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე გვჭირდება. შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან არჩევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში გაივლიდნენ სამსახურს. ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად, მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. შესაბამისად, ნებისმიერ ჩემ შემდეგ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ დასმულ შეკითხვებს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში” უპასუხა. „ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგულება, რომელიც ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული ვარშავის სამიტის წინ, სისრულეში უნდა მოვიყვანოთ“.

„გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად: პირველი _ საქართველოს მიღებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტები. ამ დოკუმენტში ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ და მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია, რამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული. ასევე არსებობს ანალოგიური შინაარსის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ზუსტად იმავეს აცხადებს“.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხებზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: „ეს საკითხი ჯერ კიდევ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აისახა, როდესაც ჩაიწერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასასვლელად და გაწვევითი სამხედრო სამსახურის ჩასანაცვლებლად“. „ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სტრუქტურა გაცილებით უფრო ეფექტიანია ვიდრე ყოფილი წვევამდელებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები“. “ეფექტიანობა პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის რომელიც 4 წელი მსახურობდა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის სამხედრო პროფესია, გაცილებით მაღალია ვიდრე ახალწვეულის“. გარდა ამისა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის ახალ კონფეფციაზე, სადაც გაწერილი იქნება ზუსტად იმ რგოლის შევსება, რომელიც საზოგადოებასა და პროფესიულ ჯარს შორის ურთიერთ კავშიერს გულისხმობს, მისი აზრით, სწორედ კონცეფციაში იქნება გათვალისწინებული მოქალაქეებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში“.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

ბათუმში მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველის თქმით მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ მათ ორი მუშა გადაიყვანეს საავადმყოფიში, ერთი მუშა კი მაშველებმა გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.

შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამ ადგილას დეველოპერული კომპანია “დს გრუპი” მრავალსართულიან, მრავალფუნქციურ კორპუსს აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ლამინი G” ასრულებს.

ჩამონგრეული სართული. თედო ჯორბენაძის ფოტო
ჩამონგრეული სართული. თედო ჯორბენაძის ფოტო

ამავე თემაზე: როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს

კომპენსაცია მიწის რეგისტრაციის გარეშე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის არეალში

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გასცეს კომპენსაცია იმ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაც ფლობს ან სარგებლობს მოსახლეობა.

მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებით კომპენსაციას მოსახლეობა ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების გარეშე მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის.

აქამდე მოსახლეობას, კომპენსაციის მიღების მიზნით, ქონება, რომელიც პროექტის მოქმედების არეალში იყო და არამართლზომიერად ფლობდა, საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აუცილებლად უნდა დაერეგისტრირებინა.

„თუმცა იმის გამო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწის რეფორმა ჩატარებულია არასრულად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი არ არის დარეგისტრირებული, რაც ქმნის განსახლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის და, შესაბამისად, მშენებლობის პროექტის დროულად განხორციელების პრობლემას. ამასთან, ვერ ხერხდება უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო საარქივო დოკუმენტების სრულყოფილად მოძიება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, განსახლების გეგმა, მართალია არსებობს, თუმცა საქართველოს ელექტროსისტემამ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ ეს გეგმა [ანუ სია, თუ ვის ეკუთვნის კომპენსაცია] ავტონომიურმა რესპუბლიკამ გადაამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს მან კომპენსაცია.

საქართველოს მთავრობამ უკვე სთხოვა აჭარის მთავრობას, გადაამოწმოს დაურეგისტრირებელი ნაკვეთები და მათი მოსარგებლეებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციები, მონაცემები წარუდგინოს საქართველოს ელექტროსისტემას.

„გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ სათანადო გადამოწმებული მონაცემები, რომლის შემდგომაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემას“, – აღნიშნულია სულხან ზუმბურიძის მიერ არჩილ ხაბაძისთვის გამოგზავნილ წერილში.

თავის მხრივ, მონაცემების გადამოწმება აჭარის მთავრობამ შესაბამის მუნიციპალიტეტებს დაავალა.

„განსახლების გეგმის ნაწილი დამტკიცებულია, დარჩენილი ნაწილის დამტკიცება კი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება“, – განუცხადეს `ბათუმელებს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ `საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის [IBRD] დაფინანსებით მიმდინარეობს, ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს რეგიონებში ახალი ჰესების [„შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

ლევან ვარშალომიძეს „ნაციონალები“ სარფში დახვდებიან

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში ლევან ვარშალომიძე, ხვალ 3 ივლისს, ბათუმში ბრუნდება. ამის შესახებ ლევან ვარშალომიძე, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.

„უამრავი შეტყობინება მომდის სოციალურ ქსელში და პირად ნომერზე. მაღალი ინტერესის გამო გეტყვით, რომ ჩამოვდივარ 3 ივლისს, 12:30-13:00 საათზე, სარფის საბაჟო პუნქტი. შეხვედრამდე“.

ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებას ადასტურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები აპირებენ  ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოსთან დახვდნენ.

„პარტიის მხარდამჭერები და ის მოქალაქეები, ვისაც სურვილი ექნებათ, სარფში დავხვდებით. რატომ გადავწყვიტეთ იქ დახვედრა? პარტიის ხელმძღვანელი ჩამოდის და ჩვეულებრივი მოვლენაა, არაფერი განსაკუთრებული“-გვეუბნება რეზო ხარაზი.

მისი თქმით, მხარდამჭერების განსაკუთრებულ  მობილიზებას არ აპირებენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან ექსცესებს სარფში, – რეზო ხარაზი ამბობს, რომ „შესაძლებელია ვინმე გაბრიყვდეს და რაღაც სისულელეები გააკეთონ“.

ლევან ვარშალომიძე 2016 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია აჭარაში.

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა

დღეს, დილის 11 საათისთვის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მონაკვეთზე, კვარიათის ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეაფერხა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე პრობლემა მოხსნილია და ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო ქვების ჩამოცვენის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

ბოლოს გზის ამ მონაკვეთზე, 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ჩამოწვა მეწყერი.

კვარიათში გზის დამცავი და ნაპირგამაგრების სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს. „ზღვის სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაოებს განვაახლებთ“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ კომპანიაში.

IMAG0833
კვარიათი-სარფის გზა, 2.07.2016

ლითონის ბადემ მაგისტრალი ქვის ცვენისგან უნდა დაიცვას. ასე გამოიყურება დამცავი ბადე სარფის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე:

IMG_20160625_160416
სარფი

 

აქციის მონაწილე: ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას

2 ივლისს აჭარის პროკურატურის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ახლობლები, ასევე უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას: „ძალადობრივი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი პაპიძის და ირაკლი ჯაშის პატიმრობაში ყოფნას, რადგან მათი აზრით, ეს პირები პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი არიან. „მახარაძე როცა დააკავეს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ცენტრში შესამოწმებლად, ექსპერტიზამ დაადგინა რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ აწამა და 20-მდე დაზიანება მიაყენა სხეულზე. მეორე იყო ელგუჯა ხინიკაძე, ბიზნესმენი, მასაც დააბრალეს ნარკოტიკების მოხმარება და ისიც უკანონოდ დააკავეს. ეს ორი პირი, დღეს აღარ იმყოფება პატიმრობაში, თუმცა ასეთივე უკანონო პატიმრობაში ჰყავთ ჯაში და პაპიძეც. ამიტომ, ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას და მოვითხოვთ ამ პირების გათავისუფლებას“- აცხადებენ პატიმრების ახლობლები.

პროკურატურის შენობიდან აქციის მონაწილეებმა, სხვადასხვა ტრანსპარანტებით ხელში, მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

13548997_1105772166162642_439660884_o
საპროტესტო აქცია ბათუმში, 2.07.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

მოსახლეობა დაპირებულ კომპენსაციას ისევ მოითხოვს

სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და მირვეთის მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია, დღესაც მიმდინარეობს.  სოფლის მცხოვრებლები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ისგან  მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიაც და ხელისუფლებაც კომპენსაციის გაცემას დიდი ხნის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა არცერთმა არ შეასრულა.

აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს უფლებას არ აძლევენ ჰესის მშენებლობა გააგრძელონ. როგორც სოფელ კირნათის მაცხოვრებელი ზვიად ჯიხაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ და მოითხოვეს, კომპანიის წარმომადგენლებისთვის ობიექტზე შესვლის უფლება მიეცათ.

„მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები გამგეობიდან და კომპანიის თანამშრომლების შეშვება მოითხოვეს, რადგან ობიექტზე საქმე ფუჭდებაო. ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ მათ არ მივცეთ მუშაობის უფლება, რადგან კომპანია არ ასრულებს დანაპირებს. ჩვენი პროტესტი უნდა გახდეს მათთვის პრობლემა, ისე ჩვენი ყურადღების მომქცევი არ არიან“- გვეუბნება ის.

ზვიად ჯიხაძის თქმით, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. „ჯერ-ჯერობით ძალისმიერ მეთოდებს არ მიმართავენ, მაგრამ შემდგომში რა იქნება არ ვიცით. ამჯერად აქციაზე 50 ადამიანზე მეტნი ვართ, კიდევ იკრიბება ხალხი. მორიგეობა გვაქვს დაწესებული და ყოველდღიურად ვიკრიბებით“.

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს

როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად,  N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების შიმშილს არ ადასტურებენ.

“მთავარი ექიმი ი. სურმანიძე არის უყურადღებო… ვართ სხვადასხვა დაავადებებით დაავადებულები, სანამ არ გაგვეწევა სათანადო მკურნალობა, გამოკვლევების ჩატარება და არ შეგვახვედრებს [ექიმი] ნორმალურ ექიმ სპეციალისტებს, შიმშილობას არ შევწყვეტთ, ვიცით და ვაცნობიერებთ რომ შიმშილობა არ არის გამოსავალი და უფრო გაგვიუარესდება ჯანმრთელობა, მაგრამ იძულებული გაგვხადა მთავარმა ექიმმა უკიდურესი ზომისთვის მიგვემართა – შიმშილობისთვის” – წერია პატიმრების წერილში.

თემურ ქორიძის განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სამედიცინო დახმარების გაწევას სპეციალურ კლინიკაში ითხოვს, რისთვისაც სპეციალური პროცედურები არსებობს. „ეს არ არის ასე მარტივი პროცედურა. მანამდე ამავე მსჯავრდებულებს და მათ შორის ერთ-ერთს ძალიან ბევრი მომართვა აქვთ ჩვენთან გაკეთებული, ძირითადად იმ სისტემურ პრობლემებზე, რაზეც სპეციალური ანგარიშიც გაკეთდა და ამ ანგარიშში არის შესული  ის პრობლემები, რაზეც მათ აქვთ აქცენტები… ჩვენმა წარმომადგენლებმა აჭარაში, ნახეს ისინი. დეტელებზე საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ თქვეს  წერილობით განცხადებაში აქვთ მითითებული თავიანთი სათქმელი. ჩვენ შევთავაზეთ ის, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, კონკრეტული საქმე შევისწავლოთ თავისი გარემოებებით და ვნახოთ რა დარღვევებს აქვს ადგილი“ – ამბობს თემურ ქორიძე.

პატიმრებმა წერილის ასლი 35 ადრესატთან გააგზავნეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენთთან, უფლებათადამცველი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. „ძალიან ბევრ ფაქტს არ აღვწერთ, ისედაც საქმის კურსში ხართ წინა საჩივრებიდან, ჩვენ ვიცით არ ადარდებს მთავარ ექიმს დავიხოცებით თუ არა შიმშილობისგან, როცა თვითონ უნდა გვიწყობდეს ხელს რომ არ მივმართოთ უკიდურეს ზომას – შიმშილობას, როცა იცის ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადებებით ვართ დაავადებული. დანარჩენ სრულ ჩვენებას მოგცემთ რომ გვინახულებთ დაწესებულებაში და დარწმუნდებით რომ ინტრიგნები არ ვართ და მართლები ვართ. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს შეგვხვდებით მოგისმენთ, საქმეს გადასცემთ მთავარ პროკურატურას და სასამართლოს მერე ექსპერტიზით დავამტკიცებთ, რომ წამების მსხვერპლი ვართ და ავადმყოფ ადამიანებს არ გვაქცევენ სათანადო ყურადღებას. სულით და გულით გელით რომ შეგვხვდებით, ჩვენ შიმშილობის შეჩერებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს თქვენი… მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავარ  ექიმს ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობის დროს“ – წერენ პატიმრები.

სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი წლის განმავლობაში კანონპროექტიც კი არ მომზადებულა ცვლილებისთვის კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“.

„არა მხოლოდ ჩვენ, მთავრობაც დაგვპირდა ამას. საკანონმდებლო ინიციატივა რომ ყოფილიყო კომპეტენტური, მთავრობამ დაიწყო ამაზე მუშაობა. კომპლექსური საკითხია ეს,“ – ამბობს პარლამენტის წევრი „ეროვნული ფორუმიდან~ ანი მიროტაძე.

ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საზოგადოებას უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა სამი ბავშვის დაღუპვის შემდეგ და ერთადერთი პარლამენტარებს შორის, ვისი ჩაწერაც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ამჯერად მოახერხა. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი სამთავრობო უწყება მუშაობს ინიციატივაზე, ან რა ეტაპზეა კანონპროექტი, დეპუტატმა ასე გვიპასუხა: „არ ვიცი, რა ეტაპზეა. სავარაუდოდ მიმდინარეობს მუშაობა. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ გასული წლის 23 ივლისს, ანუ ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, არაფერი შეცვლილა სასტუმროებზე, სადაც ადგილების რაოდენობა 100-ს არ აჭარბებს. „ამ დადგენილებით განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. ეს ზრდის სტანდარტებს, მაგრამ იგი არ შეხებია ოჯახური ტიპის სასტუმროებს. კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება არ შესულა,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

კანონი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასტუმროს უსაფრთხოების კუთხით შემოწმებისა და სანქციების გატარების უფლებას, თუ ობიექტის სიმაღლე 20 მეტრზე მეტია, ხოლო საწოლის რაოდენობა 100-ს აჭარბებს. სააგენტოს შეუძლია შევიდეს საოჯახო ტიპის სასტუმროშიც, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში. შემოწმდა თუ არა ამ ფორმით რომელიმე სასტუმრო, ან რა სანქციები გატარდა – „ბათუმელებს~ ამ კითხვებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ უპასუხეს.

„ჩვენ მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა იმუშავა და სულ 70 ოჯახური ტიპის სასტუმროდან 25-მა შეასრულა მოთხოვნა,“ – გვარწმუნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. გამგეობის მონაცემები განსხვავდება იმისგან, რაც სულხან ოქროპირიძეს აქვს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს. მან გასული წლის ნოემბერში საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“ უთხრა, რომ იმ დროისთვის 70-დან მხოლოდ სამმა ოჯახურმა სასტუმრომ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. გამგებლის მოადგილე კი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გასული წლის ივლისში უკვე 18 სასტუმროს ჰქონდა შესრულებული რეკომენდაცია სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. სულხან ოქროპირიძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

„ბატონ სულხანს, შესაძლოა, არ ჰქონდა სრული ინფორმაცია. იცით რა, ეს ყოველდღიურად ცვალებადი ინფორმაციაა“, – ასე ხსნის ციფრებს შორის სხვაობას ქობულეთის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. კითხვაზე, როგორ შეიძლება უზრუნველყოს სასტუმრომ უსაფრთხოების ნორმები ერთ დღეში, გვპასუხობს: „საუბარია იმაზე, რომ მოაწყოს ელემენტარული სახანძრო სტენდი და ჰქონდეს ცეცხლჩამქრობები. ნორმების შესრულებაში ამას ვგულისხმობ, თორემ დეტექტორების დაყენებას ნომრებში ჩვენ ვერ მოვთხოვთ, ვერც სისტემის მოწყობას. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. სახანძრო სტენდს კი გავა უცებ და იყიდის“.

ქობულეთის გამგებლის მოადგილემ გვითხრა ისიც, რომ როცა ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან, მაგალითად, ქორეოგრაფიული ანსამბლები, გამგეობა რეკომენდაციას აძლევს იმ ოჯახურ სასტუმროს, სადაც მინიმუმ სახანძრო სტენდი აქვთ. „ბოლო შემოვლის დროს, ზაფხულის დადგომამდე, ეს ვუთხარით სასტუმროს მფლობელებს. მგონი, ამას გაუწევენ ანგარიშს,“ – ამბობს რატი მეგრელიძე.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, – ამ ნიშანს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იმ სასტუმროს ანიჭებს, რომელიც უსაფრთხოების საგანგებოდ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას შეძლებს. პროექტში აჭარის 350 სასტუმროდან 50 მონაწილეობს. აქედან 19-ს [11 სასტუმრო, 8 – რესტორანი] უკვე მიენიჭა ხარისხის ნიშანი. ეს ნიშანი არ მინიჭებია არც ერთ ოჯახური ტიპის სასტუმროს ქობულეთში.

„ქობულეთიდან ოჯახური ტიპის ერთი სასტუმროა ჩართული ჩვენს პროექტში, მაგრამ მან ჯერჯერობით კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი: „ამ პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითია. გასულ წელს გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის სასტუმროებთან, სამწუხაროდ, ოჯახური ტიპის სასტუმროებს დიდი დაინტერესება არ გამოუხატავთ. იმედია, დაინტერესდებიან, რადგან უსაფრთხოების კუთხით ხარისხის ნიშანი მნიშვნელოვანი გზავნილია ტურისტებისთვის. კრიტერიუმები სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. სასტუმროებს უნდა ჰქონდეთ ცეცხლმქრობები, საინფორმაციო ნიშნები, საევაკუაციო გეგმა და ასე შემდეგ. პროექტში ასევე ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, რადგან კრიტერიუმი მოიცავს კვებითი უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებსაც“.

2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული სამი მოზარდის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლა უსაფრთხოების წესების დარღვევაში ბრალდებული ზაზა ართმელაძე, ის სასტუმრო „არმაზის“ მესაკუთრეა. სასამართლოს უკვე მისცეს ჩვენება პოლიციელებმა. მათ აღწერეს, როგორ იპოვეს და გამოიტანეს ბავშვების ცხედრები დამწვარი სასტუმროს ნანგრევებიდან.

ფოტოზე: ხანძარი ქობულეთში. ფოტო არქივიდან.

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა კიდეც კამპანიას, თუმცა, რამდენად შემცირდა ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების რაოდენობა, ჯერ არავის დაუთვლია – პროცესი ნებაყოფლობითია. სამინისტროს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის კიდევ სამწლიანი ვადა აქვს.

პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, მაშინ როცა ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს გარემოში დაშლას და 12-24 თვეში სრულად იშლება. იმის გამო, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი ვიზუალურად თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკისგან, ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ „გუდვილის“, „ნიკორას“ და კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი უკვე ასეთ პარკებში ალაგებს შენაძენს.

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, ყოველდღიურად დაახლოებით 110 ათას მომხმარებელს ემსახურება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება მათ 2015 წლის ივლისში დაიწყეს და ამ ეტაპზე პროცესი დასრულებულია. ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენება “ნუგეშის”ქსელშიც, რომელიც „ნიკორას“ გასულ წელს შეუერთდა.

„გუდვილის“ ქსელის ბათუმის ხელმძღვანელი ირაკლი ხალვაში განმარტავს, რომ ბიოდეგრადირებადია არა მარტო ის დიდი პარკები, რომლებშიც სალაროსთან ალაგებენ პროდუქტს, არამედ ის თხელი პარკებიც, რომლებშიც ასაწონი პროდუქციაა დაფასოებული: „თხელი პარკებიც ბიოდეგრადირებადია. ჩვენთან ფერების მიხედვით არის, ბოსტნეულს აქვს მწვანე შეფერილობის პარკი, მზა კვებას – ყვითელი, თევზეულის განყოფილებას – ცისფერი, ხორცსა და ხორცპროდუქტებს – წითელი“. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილის“ მაღაზია 3000-3500 ასეთ პარკს გასცემს დღე-ღამეში.

საქართველოში მსხვილ კომპანიებს პროდუქტებისთვის პარკებით კომპანია „აა პლასტი“ ამარაგებს, რომელიც შიდა ბაზარზე პოლიეთილენის სფეროში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ბიწაძე ამბობს, რომ საქართველოში ბიოდეგრადანტის შემოტანა მათ გასული წლის თებერვლიდან დაიწყეს:

„ძირითადად ჩვენ ვართ ბიოდეგრადანტის შემომტანი საქართველოში. თვეში დაახლოებით 10 ტონა ასეთი პარკით ვამარაგებთ პარტნიორებს. თავიდან არ იყო ბევრი კომპანია ამით დაინტერესებული, ეს ფასსაც ზრდის, თუმცა რეკლამამ და ამ თემებზე საუბარმა შედეგი გამოიღო – ერთი წლის განმავლობაში დამკვეთები 10-12 კომპანიამდე გაიზარდა ჩვენთან. არიან კომპანიები, რომლებიც უცხოეთიდან ყიდულობენ ბიოდეგრადირებად პარკებს,“ – ამბობს ის.

როგორც „აა პლასტში“ გვითხრეს, ბიოდეგრადანტის შემცველ და უბრალო პოლიეთილენის პარკების ფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის:

„შედარებისთვის რომ გითხრათ, თუ იქამდე ერთი კილო პარკი, ბიოდეგრადანტის გარეშე 5 ლარი ღირდა, ბიოდეგრადანტით ეს პარკი 5 ლარი და 20 თეთრი იქნება, მაგრამ ქართულ ბაზარზე ბევრი მცირე მეწარმე მაინც თავს იკავებს,“ – ამბობს ლევან ბიწაძე. მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც პატარა კომპანიები თავს იკავებენ ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენისგან, ამ თემაზე საკმარისი ინფორმაციის არქონაა: „მეტი რეკლამირება სჭირდება ამ ყველაფერს, რადგან შიშიც არის ხოლმე, როცა ეს სიტყვა ესმით – „ბიოდეგრადირებადი“. რაღაც ქიმიური ჰგონიათ, ამიტომ მეტი ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო,“ – ამბობს ის.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ია ფრანგიშვილის ფოტო
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ია ფრანგიშვილის ფოტო

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი სააფთიაქო თუ სავაჭრო ქსელი იყენებს ბიოდეგრადირებად და ეკოლოგიურად სუფთა პარკებს, კვლავ მრავლადაა იმ მაღაზიათა რაოდენობა, სადაც ჯერ კიდევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ. მათ რიცხვშია „ფუდმარტის“ მარკეტებიც, სადაც ამბობენ, რომ აპირებენ პოლიეთილენის ჩანაცვლებას, მაგრამ ჯერ ზუსტ ვადას ვერ ასახელებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანი ამბობს, რომ პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა.

„ყველა კომპანიას ერთიანად ვერ გადავიყვანთ ბიოდეგრადირებად პარკებზე, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის ასეთი სტანდარტი დაკანონებული – ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლისა. შეიძლება ითქვას, ჩვენ ამბიციურ იდეას ვეჭიდებით,“ – ამბობს ის.

მაღაზიებში, სადაც ჯერ ისევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, ამბობენ, რომ ხშირად კლიენტის ინიციატივაა, რომ ყველა პროდუქტი ცალ-ცალკე პარკში ჩაულაგო. ხელვაჩაურში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტ „ნას-ილ-ბეს“ დირექტორი მირზა კახაბერიძე ამბობს, რომ პარკებში სეპარირებულად უნდა ჩალაგდეს – ქიმია, მშრალი და სველი საკვები პროდუქტები, სხვა შემთხვევაში ეს მომხმარებლის მხრიდან პოლიეთილენის გადაჭარბებულ და არამიზნობრივ მოხმარებად მიიჩნევა.

„ზეთთან თუ ძმარი და ტომატი მოთავსდება, ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ასევე, ცალკე შეიძლება ჩალაგდეს ის პროდუქტი, რაც თხელ პარკშია შეფუთული და არის რისკი, რომ პარკი გაიხეს. მაგრამ უმეტესად მაინც ყველაფერზე ცალკე ითხოვენ პარკს. ძირითადად დიდი პარკები მიაქვთ, რომელსაც შემდეგ სხვა ნარჩენებისთვის იყენებენ სახლში,“ – ამბობს მირზა კახაბერიძე.

ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკები არ არის იდეალური გამოსავალი ზღვებისა და ოკეანეებისვის. როგორც ახლახან გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის UNEP-ას მთავარმა მეცნიერმა ჟაკლინ მაკგლეიდმა ბრიტანულ გამოცემა “გარდიანთან” განმარტა, ბიოდეგრადირებადად წოდებული პლასტმასი, ისეთი, როგორიცაა სავაჭრო პარკები, გარემოში დაიშლება მხოლოდ 50 გრადუს ცელსიუსზე და ეს ვერ მოხდება ზღვებსა და ოკეანეებში, რადგან ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება, შესაბამისაც მასზე ვერ იმოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და პარკი არ დაიშლება.

ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად მიიჩნევა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს. მაღაზიებში ამბობენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ხელჩანთებით მიდიან პროდუქტების საყიდლად, ძალიან ცოტაა.

„ნარჩენების მართვის იერარქიის მიხედვით, #1 არის პრევენცია, ანუ თავიდანვე უნდა ავიცილოთ ნარჩენების წარმოქმნა. მათი განთავსება ამ პირამიდის საბოლოო პუნქტია,“ – განმარტავს ანა ბერეჟიანი. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე 2019 წლიდან უნდა გადავიდეს, იქამდე კი ეს ყველაფერი პილოტურ რეჟიმში, ნებაყოფლობით ხდება.

საქართველოში ნაჭრის ან სხვა მასალისგან დამზადებული ჩანთები, რომელიც საყიდლებზე წასვლისას შეიძლება გამოვიყენოთ, ძირითადად თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იყიდება, ბათუმში ასეთ ჩანთებს წიგნის ან სუვენირების მაღაზიაში თუ შეხვდებით.

 

“საქართველოს ბანკთან” დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ამ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება სხეულზე სამ ადგილას აღენიშნებოდა.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მხოლოდ 6 ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ამ დრის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღევისთვის სულ 6 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის 4 ნიშანში დგომის გამო, მხოლოდ ერთი – ტროტუარზე დგომისთვის და კიდევ 1 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია დღეს:

ბათუმში 80-იანი წლების უცხოელი როკვარსკვლავები იმღერებენ

3 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, 80-იანი წლების როკვარსკვლავები, – დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი, ტიმ ოუენსი და ბრაინ ჰაუ იმღერებენ. როკის გაორკესტრებულ ვერსიას ბათუმელი მუსიკოსი, ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, როკ-მუსიკოსებს აკომპანირებას გაუწევს მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი.

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსოკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. ვოკალისტებიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე და მუხრან ვახტანგაძე.

შაკო ღელეყვა, – ბას-გიტარა, ლევან აბშილავა, -დასარტყამი ინსტრუმენტი, თორმინე სირაძე, – გიტარა და ილია შავიშვილი, – გიტარა.

პროექტის ორგანიზატორი ბათუმის მუსიკალური ცენტრია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრებად გაიყიდება 20, 30, 40 და 100 ლარიანი ბილეთები. უცხოელი მუსიკოსების ჰონორარისთვის კი 17 000 ევროა გამოყოფილი.

 

აფიშა - „როკის ლეგენდები“ ბათუმში.
აფიშა – „როკის ლეგენდები“ ბათუმში.

 

 

 

ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია ფუნქციონირებს

ბათუმის ბულვარში, მოძრავი ამბულატორია ფუნქციონირებს.  მოძრავი ამბულატორიის სამუშაო საათებია 10-დან 22 საათამდე.


“სახალხო ხელისუფლების” წევრების საპროტესტო აქცია ენმ-ს ოფისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]

დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისთან, პოლიტიკურმა მოძრაობა “სახალხო ხელისუფლებამ”, პოლიტიკურ გაერთიანება “ჩვენ სამშობლოსთან ერთად”, საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მათ ენმ-ს ოფისთან, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სიკვდილი გააპროტესტეს და ნაციონალური მოძრაობის წევრები, მის გარდაცვალებში დაადანაშაულეს  – “ის იყო პირველი ვინც ამხილა მიხეილ სააკაშილი ფინანსურ კორუფციაში…  დღეს გულისტკივილს გამოვთქვამთ იმაზე, რომ ერთ ადამიანსაც კი – გინდ ხელისუფლების, გინდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არ მოსვლია თავში აზრად რომ ბოდიში მაინც მოეხადათ და სამძმარი ეთქვათ მისი ოჯახის წევრების წინაშე” – თქვა აჭარის “სახალხო ხელისუფლების” აქტივისტმა ნინო კვირიკაძემ.

Exif_JPEG_420

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი 29 ვნისს პარიზში, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა. 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული სულხან მოლაშვილი, ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ, საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკური მოძრაობა “სახალხო ხელისუფლების” წევრები მათთან ბიძნა ივანიშვილის დავალებით მივიდნენ – “ისინი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების თემას, პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებენ” – თქვა მან.

პოლიტიკური გაერთიანება სახალხო ხელისუფლების ლიდერი ლევან მამალაძეა. ისინი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას.


Exit mobile version