რეკლამა,სიახლეები

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ცხრა წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

06.12.2016 • 10043
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ცხრა წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა. რამდენი ოპერაცია გაკეთდა ამ დროის მანძილზე? – ამ და ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ქაშიბაძე გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჰოსპიტალში.

კახა ქაშიბაძე

– ბატონო კახა, ღვიძლის გადანერგვის სულ რამდენი ოპერაცია ჩატარდა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში?

– პირველი ოპერაცია 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა. იქედან დღემდე, ორი წლის მანძილზე, ჩავატარეთ ღვიძლის გადანერგვის ცხრა ოპერაცია და ვემზადებით მეათე ოპერაციისთვის. იმედი გვაქვს, 14 დეკემბრამდე შევძლებთ მეათე ოპერაციის ჩატარებასაც. მინდა გითხრათ, რომ ყველა ოპერაცია დასრულდა წარმატებით, დღეს ყველა პაციენტი არის ჯანმრთელი და აგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას.

– ყველაზე რთული ოპერაცია რომელი იყო აქედან?

– თავისუბურად რთული იყო ყველა ოპერაცია. ზოგიერთი პაციენტი იყო ძალიან მძიმე და ეს განაპირობებდა სირთულეს, ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია იყო ტექნიკურად რთულად შესასრულებელი, თუმცა ორ პაციენტს გამოვყოფდი, რადგან ორივეს მკურნალობა საკმაოდ გახანგძლივდა, ორივე მათგანს დამატებითი ჩარევა დასჭირდა. ამჟამად ორივე თავს კარგად გრძნობს, ერთი გემზე აპირებს სამუშაოდ წასვლას და მეორე კაფეს დირექტორად მუშაობს.

– როგორც ვიცით, საქართველოში მხოლოდ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია ჩატარებული ამ რაოდენობის ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია. სხვა ქალაქებშიც იყო მცდელობა?

– დიახ, თბილისში იყო გადანერგვის მცდელობა ოთხ დაწესებულებაში. ორი წარუმატებლად დასრულდა და ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთდა ოთხი ოპერაცია, საიდანაც სამი წარმატებულია და ერთი – წარუმატებელი.

– საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია და სამედიცინო პერსონალის რა რაოდენობა მონაწილეობს ამ პროცესში?

– შეიძლება ითქვას, მთელი კორპორაცია მონაწილეობს ამ პროცესში. ბევრი ადამიანია ჩართული დაწყებული ადმინისტრაციიდან, სააფთიაქო სამსახურიდან, ლაბორატორიებიდან და ასე შემდეგ. უშუალოდ ოპერაციის პროცესში დაახლოებით 30 ადამიანია ჩართული, მათ შორის საინჟინრო პერსონალიც კი. ოთხი ანესთეზიოლოგი და რვა ქირურგი მონაწილეობს ამ ოპერაციის პროცესში.

– თავიდან ოპერაციების გაკეთება დაიწყო უცხოელ სპეციალესტებთან ერთად. ამჟამად როგორ ხდება?

– დიახ, ახლაც მონაწილეობს ჩვენი ინდოელი კოლეგა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ამ ადამიანს გაკეთებული აქვს ღვიძლის გადანერგვის 2 000 ოპერაცია, მისი მონაწილეობაა იმის განმაპირობებელი, რომ ცხრავე ოპერაცია წარმატებული იყო ჩვენს ჰოსპიტალში. ინდოელი ქირურგის ჩამოსვლა ჩვენთვის გადაზღვევაა ყველა იმ შემთხვევითობისგან, რომელიც ოპერაციას შეიძლება თან ახლდეს.

– რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ძირითადად?

– სხვადასხვა ასაკის. იყო შემთხვევა, რომ 15 წლის გოგონა იყო პაციენტი და ასევე, 62 წლის მამაკაცი. სამწუხაროდ არსებობს ზედა ზღვარი, შეზღუდვა – 65-70 წლის შემდეგ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აღარ კეთდება. პაციენტები მოგვმართავენ სხვადასხვა რეგიონიდან.

– ოპერაციის საშუალო ფასი რა არის და როგორია ფასები მეზობელ ქვეყნებში?

– ეს ოპერაცია ჩვენთან ღირს დაახლოებით 125 000 ლარი. ღვიძლის გადანერგვა ასევე კეთდება აზერბაიჯანში და დაახლოებით იგივე ღირს. თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფასი 80 ათასი დოლარია, ბელორუსში – 135 ათასი დოლარი. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტს დააფინანსებს 50 000 ლარით და 25 000 ლარით – ბათუმის მერია. ასევე, თბილისის მერია აპირებს, რომ 70 პროცენტამდე დააფინანსოს ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტები და ამ მიმართულებით მუშაობენ ზუგდიდშიც. ამჯამად ტენდერი აქვს თბილისის მერიას გამოცხადებული, ჩვენ ვმონაწილეობთ და ველოდებით შედეგებს. ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შედეგი ამ მიმართულებით ჩვენს ჰოსპიტალს აქვს.

– ღვიძლის გადანერგვა ძვირადღირებული ოპერაციაა. ეს მოქმედებს მომართვიანობაზე? ანუ რეალურად უფრო მეტ პაციენტს სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, ვიდრე მოგმართავენ?

– რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ ცოტა 500 ადამიანს მაინც სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, რადგან ეს ოპერაცია წლების განმავლობაში არ კეთდებოდა. ასევე, ჩვენთან ძალიან გავრცელებულია C ჰეპატიტი, რომელიც აგრესიული ვირუსია და მესამეა ფინანსური ფაქტორი, რის გამოც პაციენტები თავს იკავებენ.

რეფერალურიმე მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ აქვთ C ჰეპატიტი და ჩაიტარეს ელიმინაციის პროგრამა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მორჩნენ. ვირუსის ელიმინაციით დაზიანებული ღვიძლი არ განიკურნება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ორგანიზმში არ იქნება ვირუსი და ღვიძლის შემდგომ დაზიანებას ვერ გააგრძელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, ელიმინაციის პროგრამა მას ამ საჭიროებას ვერ მოუხსნის, ამიტომ აუცილებელია დროულად მოვიდეს ჩვენთან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: