Batumelebi | პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა – Batumelebi
RU | GE  

პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა

რეზო ტაკიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ ის პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა, ხოლო ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ და სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილი, ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. ის დღემდე ამ თანამდებობას ინარჩუნებს.

„შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – უთხრა მოსამართლეს რეზო ტაკიძემ.

სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია ირაკლი შაქარიშვილს. 6 პოლიციელის ჩვენების მიხედვით კი, რეზო ტაკიძე სარფის საბაჟოზე არ დაუკავებიათ და ის წერილობითი შეტყობინების შემდეგ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელების თქმით, რეზო ტაკიძე გამოკითვის დროს გახდა აგრესიული, დაამტვრია პოლიციელის კომპიუტერი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს. ექსპერტიზით დადგენილი დაზიანებები სხეულზე, სამართალდამცველების მტკიცებით, რეზო ტაკიძეს დაკავების დროს მიადგა, წინააღმდეგობის გაწევის დროს.

„ეს ჩვენებები არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მოსამართლისათვის. დაუჯერებელია, პოლიციის შენობაში საკუთარი ფეხით მისულ ადამიანს გაეწია ისეთი სახის წინააღმდეგობა, რომ დაზიანებები გამოიწვია მისმა დაკავებამ, დაემტვრია კომპიუტერი და ასე შემდეგ. სარფის საბაჟომ უარი გვითხრა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე, რითაც დადასტურდებოდა, რომ რეზო საბაჟოზე დააკავეს და იქედან წაიყვანეს. ჯერ არ ვიცით, მოითხოვს თუ არა რეზო ტაკიძე ამ პოლიციელების მიმართ გამოძიების დაწყებას,” – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ტაკიძის ადვოკატმა, მერი ცინარიძემ.

რეზო ტაკიძეს სამოქალაქო წესითაც შეუძლია იდავოს პოლიციელების წინააღმდეგ – მიყენებული მორალური ზიანის გამო. მანამდე პროკურატურამ უნდა გადაწყვიტის, გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას.

ამავე გადაწყვეტილებით, რეზო ტაკიძე 300 ლარით დააჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხვისი ნივთის, კომპიუტერის დაზიანების გამო. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდა. სასამართლო დარბაზიდან ის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაათავისუფლა დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი