კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

07.12.2016 • 2444
როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ.

ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს ყველაზე მეტი თანხის – 2 მილიონ 435 700 ლარის დახარჯვას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე აპირებს. 1 მილიონ 408 000 ლარი ქედაში განათლებას, 1 506 100 ლარი კი კულტურის სფეროს მოხმარდება. ყველაზე ნაკლები თანხა _ 806 300 ლარი ჯანდაცვაზეა გამოყოფილი.

ქედა

ქედა

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას მოხმარდება. ფერდსამაგრი კედლების მოწყობისთვის გამგეობა 2017 წლისთვის ბიუჯეტიდან 600 000 ლარის გამოყოფას გეგმავს, 500 000 ლარი დაბა ქედაში, აკავრეთას უბანში ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს. ძვირადღირებულ პროექტებს შორისაა სოფელ ხარაულა-ჯალაბაშვილებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობისა და ზუნდაგის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობის პროექტი, რაზეც 170 000 ლარია გათვალისწინებული. სოფელ მეძიბნაში სამედიცინო პუნქტისა და სოფლის სახლის მშენებლობა-ინვენტარის შესაძენად 166 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ქედის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოციალური სახლის მშენებლობაც, რაზეც 230 000 ლარია გაწერილი.

2017 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმა-პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ვაჟა ბოლქვაძეს _ ქედის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მოვითხოვეთ გამგეობამ მომავალი წლის ბიუჯეტში სოფელ ახოში ბაგა-ბაღის მშენებლობა გაითვალისწინოს. ახო ქედაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, 220 კომლი ცხოვრობს. ამხელა სოფელი რჩება საბავშვო ბაღის გარეშე და ბაღს იქ აკეთებენ, სადაც ცოტა ხალხია. ასევე მოვითხოვე „აიპებში“ დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასი 30%-ით გაუზარდონ; შემუშავდეს ჩიყვისა და ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მიზნობრივი პროგრამა და სოციალურად დაუცველებს შესაბამისი მკურნალობა გაეწიოთ. გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. ასევე აუცილებელია ქედის გაზიფიცირება. დაბა ქედაში, აკავრეთასა და ეკნარას უბნებში, ბინებში მცხოვრებ მოსახლეობას საშეშეების მოსაწყობად ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოს“.

შუახევი

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტთან შედარებით 49 223 ლარით ნაკლებია შუახევის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. შუახევის მომავალი წლის  ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 8 მილიონ 177 ლარია. აქედან 265 300 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

შუახევის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე იმედოვნებს, რომ 2017 წელს მათი ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით გაიზრდება.

39916

შუახევი

„2017 წლის ბიუჯეტის გეგმით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მილიონ 593  ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა – 2 მილიონ 267 000 ლარი გარდამავალ პროექტზე, ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მშენებლობაზეა გაწერილი. ასევე დიდი თანხა _ ნახევარი მილიონი ლარი ფერდსამაგრი კედლების მოწყობას მოხმარდება. ამ თანხას აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მივიღებთ. 233 000 ლარი წყალსადენის სათავეებში საფილტრი დანადგარების მოწყობას მოხმარდება. მომავალი წლის ბიუჯეტი შესაძლოა გაიზარდოს, ფინანსთა სამინისტროდან წერილს ველოდებით“, – ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი და დასძენს, რომ მოსახლეობა შუახევში ბაგა-ბაღების, მინისტადიონების მშენებლობასა და გზების გამართვას ითხოვს.

„ბაღის გახსნას ითხოვენ როგორც ბუთურაულის, ასევე წყალსაყრისა და ქიძინიძეების თემებში. აქედან ერთ-ერთ თემში მოვაწყობთ ბაღს, თუმცა რომელ თემში, საბოლოოდ 10 დეკემბრამდე  გადაწყდება“, – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

საკუთარი შენიშვნები აქვს შუახევის საკრებულოსაც. ამ საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე ამბობს, რომ გამგეობას ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრების შენიშვნებით დაუბრუნა. მისი თქმით, ძირითადად შენიშვნები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.

„მოვითხოვეთ დაბის ტერიტორიიდან მუნიციპალურ საავადმყოფომდე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა, სოფელ ოქროპილაური-გორხანაულის გზაზე ბეტონის დაგება, სოფელ ინწკირვეთისთვის სოფლის სახლის მოწყობა, ჭყანისის ამბულატორიისთვის ავტომანქანის შეძენა, სოფელ ნიგაზეულსა და ჩანჩხალოში სასმელი წყლის მიყვანა. საკრებულოს, მთლიანობაში, 19-მდე შენიშვნა აქვს. ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სასმელი წყლით უზრუნველყოფას რამდენიმე მილიონი სჭირდება, რადგან წყალი 22 კილომეტრის სიშორიდან უნდა მოვიყვანოთ. ვფიქრობთ, 2017 წელს დავიწყოთ პროექტის განხორციელება და გაგრძელდეს მომავალ წელს. ჰესების მშენებლობის დროს, გვირაბის გაყვანისას, ამ სოფლებში სასმელი წყარო დაიკარგა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. მისი გათვლებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის მინიმუმ 600 000 ლარი უნდა გამოიყოს.

ხულო

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ 2017 წელს დაახლოებით 9-მილიონიანი ბიუჯეტიდან 3 305 000 ლარი ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება, 1 472 200 ლარი – განათლებას, ხოლო 1 650 970 ლარი – კულტურას. აქაც ყველაზე ნაკლები თანხა ჯანდაცვაზეა გამოყოფილი – სულ 688 600 ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა  – 571 000 ლარი მთა საჯოგიადან  ნეგოიმდე სასმელი წლის მიყვანაზე დაიხარჯება, 550 000 ლარი კი – დაბაში არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე. 180 000 ლარი ზემო ვაშლოვანში, 170 000 ლარი სოფელ ბეღლეთში და ამავე ოდენობის თანხა სოფელ ბოძაურში ბაღების მშენებლობას მოხმარდება.

ხულო

ხულო

ხულოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ კოჩალიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ხულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით 11 შენიშვნა ჰქონდათ: „მოვითხოვეთ, ყველა სოფელში, საჭიროებიდან გამომდინარე,  ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს ეტაპობრივად. რიგ სოფელში წყლის პრობლემაა, ზოგან სანიაღვრე არხების – ამის მიხედვით გავაკეთეთ შენიშვნები და გადავუგზავნეთ გამგეობას. ჩვენი მოთხოვნაა სოფელ რაგვთაში საბავშვო ბაღი მოეწყოს, აქ 34 ბავშვია და სოფელი საჭიროებს საბავშვო ბაღს. გვინდა ღორჯომში სახანძრო ავზი მოეწყოს და არსებული გარემონტდეს, ასევე, საციხურში – სანიაღვრე არხები, აგარაში კი სასოფლო გზა, დიოკნისში კულტურის სახლი მოეწყოს. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, ამ მიმართულებით 20 000 ლარის გამოყოფა მოვითხოვეთ, რომ ასთმით დაავადებულებისთვის წამლები შევიძინოთ“.

ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი, ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ გამგეობა მხოლოდ არგუმენტირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: