კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

06.12.2016 • 2873
ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი  ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებში დაიხარჯება.

სამომავლოდ გასაცემ ხელფასებთან დაკავშირებით მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს უმაღლესი საბჭო, ვინაიდან, `ზოგიერთ ორგანიზაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცვლელი რჩება მომუშავეთა რაოდენობა, შრომის ანაზღაურება მატულობს, ზოგ შემთხვევაში კი – იკლებს“. კანონპროექტის მიხედვით, უწყებებში, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სულ 3 600 კაცია დასაქმებული.

ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ბიურომ აჭარის მთავრობას შენიშვნებთან ერთად უკან დაუბრუნა. შენიშვნები წინა მოწვევის საბჭოს კომისიებმა შეიმუშავეს. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი კი საბჭოში აჭარის მთავრობამ ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს.

„წინა კომისიებში მოწვეული სტუმრის სტატუსით ახალარჩეული წევრებიც ვიყავით. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნებიც ასახულია დასკვნაში“, –  ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი რომანაძე, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“. ის უკვე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა: „ორკვირიანი ვადა აქვს მთავრობას, რათა შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტს გადახედოს. ამ პერიოდში კიდევ გავივლით კონსულტაციებს სამინისტროებთან“.

„ჩვენ წინა მოწვევის კომისიის სხდომაზე არ ვყოფილვართ. ჩვენმა კოლეგებმა შენიშვნები წერილობით წარადგინეს და ახლა ველოდებით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს. ამის შემდეგ გვექნება დამატებითი შენიშვნები“ , – აცხადებს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები არ იყო ასახული ბიუჯეტის პროექტში, შენიშვნები გვქონდა ციტრუსის პროგრამასთან დაკავშირებით, სოციალური სახლების მშენებლობასთან, „ოცნების ქალაქისა“ და ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. ასევე, ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაზე – მანქანები, ავეჯი და სხვა… ვნახოთ, რას გაითვალისწინებს მთავრობა და რას არა“, – ამბობს გია აბულაძე.

„აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ზოგ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავ დაწესებულებებს ეთხოვათ რიგი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნაში.

კომისიის დასკვნით ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ზოგიერთი ისეთი ქვეპროგრამის დაფინანსება, რომელიც წელს შესრულების დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდებოდა. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია „ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება“, რომელიც წელს 50 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, შესრულება კი წლიურ გეგმასთან მიმართებაში მხოლოდ 38,1% იყო. ამ პროგრამის ბიუჯეტი სამომავლოდ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტით – 565 ათას ლარამდეა გაზრდილი.

იურიდიული, ასევე საფინანსო კომისია მიიჩნევს, რომ აჭარაში მიმდინარე მზარდი სტიქიური პროცესების ფონზე, აუცილებლად უნდა გაიზარდოს სარეზერვო ფონდიც. მიუხედავად იმისა, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია, შემცირებულია სარეზერვო ფონდი. წელს ფონდი 4 მილიონი ლარი იყო, სამომავლოდ კი 1 მილიონ 575 ათასი ლარი იქნება. აღნიშნულ ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს.

შენიშვნებში ასევე აღნიშნულია, რომ მცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის [ე.წ. „იპოთეკარების“] პროგრამა. საბჭოს აზრით, მომავალ წელს ეს პროგრამა უნდა დაფინანსდეს იმდენით, რამდენითაც წელსაა დაფინანსებული: „შესაძლებელია პროგრამის ცვლილება იმ კუთხით, რომ იგი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის“. ამ პროგრამისთვის გასულ წელს იყო 129 ათასი, მიმდინარე წელს – 672 ათასი, ხოლო მომავალი წლისთვის 430 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„რა წინსვლაა ზემო რაიონებში ბუნებრივი აირით მომარაგებაზე? რა მდგომარეობაა ბათუმში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით? რა ელის ტრამპთაუერის მშენებლობის გაგრძელებას? რა ხდება გონიოს პოლიგონთან დაკავშირებით? პროგნოზით წელს იქნება დიდი ნალექი, იქნება ეროზიული პროცესებიც. თუ შეიძლება სარეზერვო ფონდის მატება, რატომ მცირდება იგი? მესამე წელია ვაკეთებთ გომარდულის გზას, რა მდგომარეობაა იქ?“ – ეს ის კითხვებია, რომლებიც აჭარის მთავრობის მისამართით უმაღლეს საბჭოში გაუჩნდათ.

აჭარის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება სამომავლოდ 63 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხას მუნიციპალიტეტებს გრანტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადასცემს. დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალსაც ასევე დაამტკიცებს აჭარის მთავრობა.

მიუხედავად ამისა, უმაღლეს საბჭოში მიაჩნიათ, რომ „წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, თუ რა პროექტების განსახორციელებლად ითხოვენ მუნიციპალიტეტები კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფას აჭარის ბიუჯეტიდან“.

მომავალი წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია. ალბათ სწორედ ამიტომ, მათზე გადასაცემი ტრანსფერი მიმდინარე წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი: 2015 წელს იყო 26,3 მილიონი, მიმდინარე ასევე საარჩევნო წელს – 46,3 მილიონი, ხოლო მომავალ წელს 63 მილიონია გაწერილი.

შენიშვნებში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადახედოს და გაითვალისწინოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის, ასევე კულტურის სფეროში მთელი რიგი ღონისძიებების დაფინანსების საკითხი.

უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა გაითვალისწინონ ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სასკოლო კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ერთი ცვლილება აუცილებლად შევა ბულვართან დაკავშირებით. ბათუმის საკრებულომ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო დაადგინა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკი ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარის დაფინანსების საკითხიც უნდა აისახოს, რაც მინისტრ რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, პროექტის კორექტირების დროს მოხდება. გასულ წელს ბულვარისთვის 11 მილიონზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 1 მილიონზე მეტი უშუალოდ ადმინისტრაციისთვის, სადაც 94 ადამიანია დასაქმებული.

აჭარის მთავრობისადმი გადაგზავნილ შენიშვნებში უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: