გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის კანონი არ ეხებათ.

ბათუმის საკრებულომ მერს, გიორგი ერმაკოვს, თანხმობა მისცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მუნიციპალიტეტებთან ერთად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ და სხვა უწყებებთან ერთად ბათუმის მუნიციპალიტეტი გახდეს ამ ორგანიზაციის პარტნიორი. ასეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა მთავრობაში აჭარის სოფლებისა და დაბების დასახლებებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ხელშეწყობის მიზნით ახსნეს. კომპანიამ წყალმომარეგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს უნდა უხელმძღვანელოს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება კომპანიის დასაფუძნებლად, ხოლო საპარტნიორო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტონ ერთობლივად.

შეთანხმების თანახმად, კომპანიის წილები ასე გადანაწილდება: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 26%; ბათუმის მუნიციპალიტეტი – 34%; ქედა – 4%; ხელვაჩაური – 11%; ხულო – 5%; ქობულეთი – 17%; შუახევი – 3%. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წილები მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, KFW -მ ამ ეტაპზე გამოყო ტრანში 20 მილიონი ევროს ოდენობით. აქედან 500 000 ევრო განკუთვნილია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის, რომელიც უკვე მიმდინარეობს. კვლევა დასრულდება 2017 წლის თებერვალში. შემდგომი ეტაპია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის გამოვლენა და საპროექტო სამუშაოები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია IGR Eptisa ატარებს, რომელსაც ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს გაფორმებული. სატენდერო წინადადების მიხედვით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს აჭარის სადაბო და სასოფლო მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. პროექტმა, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს გარემოს დაცვას წყლის რესურსების შენარჩუნების თვალსაზრისით.

„მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, KFW აჭარის მთავრობას მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის სამუშაოებში 2005 წლიდან უჭერს მხარს. ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო წყალმომარაგებისა და ჩამდინარი წყლის გაწმენდისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისთვის უკვე 115 მილიონზე მეტი ევროა დახარჯული.

ბათუმში გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის 1 კუბ/მ მოხმარებულ წყალზე ტარიფი 51 თეთრია, კომერციული ორგანიზაციებისთვის – 4 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის – 3,5 ლარია.

ბათუმის მერიამ შს სამინისტროს ქონება გადასცა

სახელმწიფო სტრუქტურებისგან ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას მისი განკარგვის ან გასხვისების მიზნით, ბათუმის საკრებულო, ძირითადად, ეთანხმება. ამჯერად საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანგისის დასახლებაში არასასოფლო სამურნეო ნაკვეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას, ადრე გადაცემული შენობის დაბრუნების სანაცვლოდ. ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და როგორც ბათუმის მერისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალბიუჯეტიან სამინისტროს მისი მოვლა-პატრონობა გაუჭირდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახანძრო და სამაშველო სამსახურის უძრავ-მოძრავი ქონება შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 გადაეცა. მათ შორის იყო სახანძრო სამსახურის შენობა ბათუმში, 26 მაისი ქუჩაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მეორე შენობა კი ხახულის ქუჩაზე #39-ში მდებარეობს და ავარიულ მდგომარეობაშია.

„შენობა მთლიანად სარემონტოა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის მიერ ბათუმის მერისადმი მიწერილ წერილში. თუმცა, ის ქონების უკან დაბრუნების და სანაცვლოდ სხვა ქონებას ითხოვს, სახანძროსთვის ახალი შენობის ასაშენებლად. შს სამინისტროში ასევე მიაჩნიათ, რომ დღეს არსებული შენობა ბათუმში სახანძრო სამსახურისთვის შეუსაბამო ადგილას მდებარეობს.

სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ბათუმისა და მის მიმდებარედ დასახლებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ბათუმის აეროპორტისა და სარფის მიმართულებით აშენდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა. შშს სამინისტრო ხელვაჩაური-სარფის გზის მიმდებარე ტერიტორიის მოთხოვნას სწრაფი რეაგირების აუცილებლობით ხსნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბათუმის მერს არწმუნებს, რომ სახანძროს ადმინისტრაციული შენობის განთავსება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მისცემს სამსახურს შესაძლებლობას მყისიერი რეაგირება მოახდინოს აეროპორტის, საბაჟო ტერმინალის, საბაჟო გამშვები პუნქტის, ხელვაჩაურის ცენტრის, გონიოსა და სარფის მიმართულებით ხანძრის ლიკვიდაციისა თუ სამაშველო-საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად.

ახალი შენობის ასაშენებლად სააგენტომ ბათუმის მერიისგან ანგისის დასახლებაში არსებული 3000 კვ.მეტრი არასასოფლო-სამურნეო ფართობი მოითხოვა. სააგენტოს უფროსის წერილში ნათქვამია ასევე, რომ თანხმობის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მზად არის ბათუმის მუნიციპალიტეტს უკან დაუბრუნოს შენობა ბათუმში, ხახულის 39-ში მასზე დამაგრებულ მიწის ფართობთან ერთად.

ბათუმის მერი არ არის უფლებამოსილი ქონების გადაცემა-უკანდაბრუნების საკითხი გადაწყვიტოს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს. გასულ სხდომაზე სწორედ საკრებულოს წევრებმა მიიღეს სააგენტოს უფროსის შეთავაზება დაიბრუნონ ის, რაც ავარიულია – ძველი შენობა და გადასცენ ადგილი, სადაც ახლის აშენება შეიძლება.
გასულ სხდომაზე საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 680 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 379 კვ.მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობა გადასცა შს სამინისტროს ანგისის დასახლებაში. აქედან 5 380 კვ.მეტრი მასზე დამაგრებული შენობით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკუთრებაში გადავა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში დარჩება 1300 კვ.მეტრი – ამ ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პირობით.
რას უპირებს მერია ხახულის ქუჩაზე მდებარე ავარიულ სახლს, ეს, ჯერჯერობით, გაურკვევლია.

ბლოგი – ერთი პრომო გოგონას ისტორია

ზოგჯერ დგება მომენტები, როდესაც გაურკვევლობაში ხარ. ცხოვრობ მარტო, თავს შენვე ირჩენ. გასულ წელს დაამთავრე უნივერსიტეტი და შენი პროფესიით მუშაობა კი ჯერ ვერ დაიწყე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ხან მიმტანად მუშაობდი სხვადასხვა კაფეში, ხან – ოფისმენეჯერად, ხან – დაბალკლასელებს ასწავლიდი ინგლისურს სახლში მისვლით.

რამდენიმე თვის წინ პრომო გოგონად დაიწყე მუშაობა და ფიქრობდი, რომ ამ წლის ბოლომდე ფულსაც შეაგროვებდი და სამსახურთან ახლოსაც იქირავებდი ბინას. გულზე დიდად არ გეხატება ახალნდელი სახლის პატრონი.

მაგრამ ყველა პრობლემა ცხოვრებაში უცებ მიჰყვება ხოლმე ერთმანეთს. ყველანაირი უარყოფითი ამბავი ერთიანდება და თითქოს შენ წინააღმდეგ იყრის თავს. ამ ორი დღის წინ კომპანიის დირექტორის კაბინეტში გაიგე, რომ სამსახური აღარ გაქვს. კომპანიას არცთუ ისე კარგი დღე ადგა და შემცირებაში მოჰყევი.

სახლში დაბრუნება არ გინდა, ერთი ჭიქა ყავის დალევა და ფიქრი გადაწყვიტე. ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო. ამ თვის კომუნალური გადასახადები როგორ გადაიხადო, როგორ დაფარო…

ნელი ტემპით სიარულის, ასფალტის ყურების შემდეგ, ერთ-ერთ კაფეს მიაშურებ, ინსტინქტურად ითხოვ ერთ ჭიქა ამერიკანოს და ჩანთიდან ერთგულ ბლოკნოტს იღებ – გინდა, რომ ყველაფერი გაწერო დეტალურად. კომუნალურები ამ თვის 12-ში გიწევს, მეგობარს რომ ესესხე ხელფასამდე, ის 20 ლარი + სიცივეები შემოგვეჩვია და ფეხსაცმელი გაქვს საყიდი. ჯამში 450-500 ლარი ნამდვილად გჭირდება.

უცებ, თითქოს რაღაც გენთება გონებაში. მობილურს ჯიბიდან იღებ, შედიხარ PlayStore-ში და სესხების კომპანიის აპლიკაციას ეძებ შენდაუნებურად. იწერ. რეგისტრირდები და სასურველ თანხას ითხოვ. საბანკო ანგარიშიდან 1 თეთრს რიცხავ იდენტიფიცირებისათვის და სანამ ყავა გრილდება, შენი სესხი დამტკიცებულია. უკვე ანგარიშზეც აისახა.

ახლა უკვე სხვა ფიქრები გიტრიალებს თავში. მატერიალური პრობლემები ერთი თვით მოხსნილია. მხოლოდ იმაზეღა გაქვს საფიქრალი, სახლში დროზე რომ მიხვიდე და სივი სხვადასხვა ვაკანსიაზე გადააგზავნო.

სწრაფი სესხი მარტივი გამოსავალია, როდესაც ფული ძალიან გჭირდება. როდესაც გაურკვევლობაში ხარ, არ იცი, ვის ესესხო. ან სულაც, გაუბედავი ხარ და მეგობრებისთვის/ახლობლებისთვის თანხის გამორთმევა გიმძიმს.

951337796168

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახლვლედიანი თანამდებობიდან გადადგა. მისივე თქმით, პარტია უახლოეს მომავალში საერთო კრებაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება ზაურ ახვლედიანმა მოუცლელობით ახსნა: „დრო არ მქონდა, რომ პარტიისთვის უფრო მეტი მემუშავა. გარდა ამისა, იყო რიგი საკითხები, რაც სხვაგვარად უნდა წასულიყო და არ წავიდა.“

ზაურ ახვლედიანის თქმით, ის ჯერჯერობით პარტიის დატოვებას არ გეგმავს: „ველოდები სიახლეებს, თუ ეს სიახლეები არ იქნება, შეიძლება წავიდე.“

კითხვაზე, ამ სიახლეების არარსებობას პარტიაში სხვას ხომ არ აბრალებთ, როცა თქვენ იყავით პარტიის თავმჯდომარე? – ზაურ ახვლედიანმა უპასუხა: „დიახ, საკუთარ წვლილსაც ვხედავ და სხვას არ ვაბრალებ.“

8 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ზაურ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“ ოფიციალურად განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლებმა საუბნო-საარჩევნო კომისიებში არათუ პარტიის ინტერესები არ დაიცვეს, არამედ მათ პარტიისთვის ხმაც კი არ მიუციათ.

ზაურ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს წევრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსია.

სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ნაცვლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოუსმინეს. პარტიულ ლიდერებს უსმინეს ლექტორებმა და რექტორმაც. რამდენიმე სტუდენტი უკმაყოფილო იმით დარჩა, რომ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ზოგიერთმა ამ ამბავში მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან უნივერსიტეტის ტრადიციული გამოყენება დაინახა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პოლიტიკური შეხვედრების დროს „მასოვკად“ იყენებდნენ აბაშიძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებიც.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ტიპის შეხვედრები,“ –  გვითხრა ქეთი აბაშიძემ. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც პარტიას შეხვდა სასტუმრო „ჰილტონში“. ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ ლექტორისგან, ომარ მახარაძისგან გაიგო და თავისი სურვილით წავიდა. ირწმუნება, რომ ლექციები ამის გამო არ ჩაშლილა: „უნდა ვიცოდე, ხმა ვის მივცე. თუ არ ვიცი, მათ შესახებ არჩევანი როგორ გავაკეთო? არჩევნებზე მისული ხომ არ უნდა ვკითხულობდე, საერთოდ ვინაა, ან მსგავსი პარტია თუ არსებობს და ასე შემდეგ…“ ქეთის ვკითხეთ, თავად თუ ჰქონდა კითხვის დასმის სურვილი და შესაძლებლობა.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ კითხვების დასმა მსგავს შეხვედრებზე საჭირო არ არის: „ლოგიკურია, ყველა პარტია ცდილობს, რომ მას მოუსმინონ, სადაც ბევრი კითხვა გაჩნდება, იქ დებატები წავა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეღარ ჩაატარებს პარტია…“

იურიდიული ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ია ბაკურიძე, როგორც თავად ამბობს, პარტიასთან შეხვედრაზე ინფორმაციის მისაღებად მივიდა: „უშუალოდ სტუდენტებთან იყო პარტიის შეხვედრა და არაერთი უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სტუდენტები. ჩემი სურვილით მივედი ამ შეხვედრაზე არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრებიც. შეხვედრის ფორმატზე წინასწარ არ მქონია ინფორმაცია…“

პარტიასთან შეხვედრა რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მოატყუეს. ზურაბ საგინაძე ერთ-ერთია, ვინც ადასტურებს, რომ ორი ლექცია პარტიასთან შეხვედრის გამო გაცდა. ზურაბ საგინაძის აზრით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის უნივერსიტეტზე უპირატესი მმართველ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა: „შეხვედრა დაწყებიდან 20 წუთში დავტოვე, რადგან ვიცოდი, რომ სამომავლო გეგმაზე უნდა ესაუბრათ კითხვა-პასუხის რეჟიმში. პარტიის წარმომადგენლებმა წარსულზე დაიწყეს საუბარი, რომ უნივერსიტეტი 2007 წლის ნოემბერში დაარბიეს და ასე შემდეგ… ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მოხდა ლექციების გაცდენის ხარჯზე. ლექცია გაგვიცდა 2-დან 4 საათამდე და როცა ლექტორმა, ომარ მახარაძემ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ძმამ, გვითხრა ამ შეხვედრის შესახებ, კახა ფალავანდიშვილი, ვისთანაც სემინარი უნდა გვქონოდა, უპრობლემოდ დაეთანხმა, ყველა წავსულიყავით… ვერავინ დამაჯერებს, რომ ამის შესახებ რექტორი ინფორმირებული არ იყო.

მერაბ ხალავშთან ბევრჯერ გვქონია შეხვედრა, მას აქვს განსხვავებული მიდგომა და ამბობდა, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, მაგრამ რაც მოხდა, ამ ღირებულებებზე გადაბიჯება იყო. ჩვენ გვინდოდა შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთანაც და პასუხის მიღება, მაგრამ თავს გვარიდებენ…. მეც ვიყავი ამ არჩევნების დროს ბურჭულაძის პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში და სხვებიც არიან პარტიებში, ამაში, მგონი, ცუდი არაფერია, მაგრამ სულ სხვაა, როცა პარტიის შეხვედრის ორგანიზებაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა ჩართული.“

„პარტიასთან ამ ფორმით შეხვედრამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტი არაა დამოუკიდებელი, ეს არის საგანგაშო. არ უნდა შეასრულოს უნივერისიტეტმა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხუშტურები,“ – ასეთია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, თემურ ირემაძის შეფასება. ის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტში დაგვიანებით მისულა: „როცა მივედი, რამდენიმე სტუდენტი პროტესტს გამოთქვამდა. მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ გამოიყენეს. ჩემი აზრით, სტუდენტის პასუხისმგებლობაა ამ პროცესში ყველაზე მთავარი. ძალდატანებით მოაწყვეს შეხვედრა-მეთქი, ამას ვერ გეტყვი, მაგრამ ხანდახან საკმარისად კრიტიკულები არ ვართ სტუდენტები… შეხვედრიდან მოსული ჩემი კურსელები ამბობდნენ, რომ ხათრი ვერ გაუტეხეს ლექტორებს და ამიტომ წავიდნენ.“

იყო თუ არა უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე დასწრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული? – უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაცია ამაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულა ლექციების გაცდენის გამო. შემთხვევას იურიდიული ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს.

ლექციების გაცდენა ჩვენთან საუბრის დროს უარყო იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, ომარ მახარაძემ. მისმა ძმამ, ადამ მახარაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა კი, ლექციების გაცდენა დაადასტურა. ის რექტორთან ერთად პარტიულ შეხვედრას ესწრებოდა: „ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში არიან ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები. მათ გაავრცელეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ. სხვა შემთხვევაშიც გაცდენილა ლექცია, როცა ვიღაც პიროვნება მოდის და ატარებს რაღაც სახის ღონისძიებას… ჩემი ძმა არ წარმოადგენს ადმინისტრაციას. ის არის ჩვეულებრივი ლექტორი და შესაძლოა გაავრცელა ინფორმაცია, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი. ადმინისტრაცია ამ ფაკულტეტზე ვარ მე და ჩემი მოადგილე. მე არაფერი მითქვამს სტუდენტებისთვის, ჩემი მოადგილე, თამთა ვარშანიძე ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. მთავარია, პოლიტიკა არ შემოვიდეს უნივერსიტეტში. თუ რომელიმე პარტია დაგეგმავს გარეთ შეხვედრას, რა პრობლემაა, სტუდენტებს და ლექტორებს თავიანთი პოლიტიკური გემოვნება აქვთ. მე გავიგე, რომ გაცდა ერთი ლექცია, ერთი სასემინარო. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ სტუდენტები პარტიასთან შესახვედრად წასულან. მეც მოგვიანებით გადავედი, სადაც ჩემი სტუდენტები იყვნენ…“

როცა პარტიასთან შეხვედრის გამო ცდება ლექციები, ხოლო სტუდენტებთან ერთად ჩნდებიან ფაკულტეტის დეკანი და რექტორი, აჩენს თუ არა ეჭვს, რომ უნივერსიტეტმა მმართველი პოლიტიკური ძალის დავალება შეასრულა? _ კითხვაზე სამართალმცოდნე ადამ მახარაძემ ასე გვიპასუხა: „გარედან ეს გონივრული ეჭვი გაჩნდებოდა, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები“.

ადამ მახარაძისთვის ლოგიკური აღმოჩნდა წარსულთან პარალელის გავლებაც: „მსგავსი დავალებები იყო წარსულში და მაშინ ორგანიზებულად კეთდებოდა ეს, მარტო ერთი და ორი ჯგუფი კი არ მიდიოდა. სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ და ვიცი, რაც არის ორგანიზებულობა. დავალება რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა პროფესორებიც იქნებოდნენ და სტუდენტებიც, 6 ათასი სტუდენტია სულ უნივერსიტეტში. იქ, „ჰილტონის“ დარბაზში კი, ბევრი ცარიელი ადგილი დარჩა“.

უნივერსიტეტის პროფესორს, სამართალმცოდნე ზურაბ კვირკვაიას ამ პროცესისგან შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სტუდენტებს პარტიასთან შეხვედრის შესახებ უფრო მოუწოდეს, ან მიანიშნეს, ვიდრე ინფორმაცია მიაწოდეს: „პირადად არ ვიმყოფებოდი იმ დღეს უნივერსიტეტში და, შესაბამისად, შეფასებებისას ვეყრდნობი მხოლოდ გადმოცემულ ინფორმაციას. ეს შეშფოთება მანკიერი წარსული გამოცდილების შედეგიცაა, რადგან ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ იყენებდნენ სხვადასხვა დროს სტუდენტებს პოლიტიკური მიზნებისთვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სტუდენტებისთვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გასცდა ინფორმირების ფარგლებს და ამან მონაწილეობისკენ მოწოდების თუ არა, მინიშნების ხასიათი მიიღო. ჰქონდა თუ არა ორგანიზებული ხასიათი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა შეხვედრაზე დასწრებას და რა ხარისხით, ამ თემაზე საუბარი მიჭირს. იმედს ვიტოვებ, ასე არ იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ არ ჩატარდა ცალკეული ლექციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღებელია მსგავსი მოქმედება, რადგან ეს ფაქტი, რამაც სტუდენტების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, არ ვფიქრობ, რომ შედის როგორც უნივერსიტეტის პრესტიჟის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ქვეყნის კიდევ უფრო მეტი დემოკრატიული განვითარების ინტერესებში.“

ფოტოზე: სტუდენტებთან შეხვედრა. ფოტო ზურაბ პატარაძის ფეისბუქგვერდიდან.

შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს.

ნათელა ბერიძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიანი ხის ძველი შენობის მეორე სართულზე, ორ ოთახში ცხოვრობს. ოთახებში მთელი არც იატაკია და არც სახურავი, შენობაში წვიმის წყალი ჩამოდის. იატაკის ფიცრები ნათელას ხის ჭოკებით აქვს გამაგრებული.

ძველ შენობაში ელექტროგაყვანილობა ხის ძელებზე ღიადაა გაყვანილი. ნათელა შიშობს, რომ, რადგან შენობაში წყალი ჩამოდის, შეიძლება სადენები დასველდეს და ხანძარი გაჩნდეს. სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, ეს თვითონაც კარგად იცის, მაგრამ მას წასასვლელი არსად აქვს.

„ერთხელ, ღამით, ნათურასთან გაეკიდა ცეცხლი. ხმაზე გამეღვიძა, გამოვრთე. ასე გადავურჩი ხანძარს. როცა წვიმს, შუქს ჩართულს ვერ ვტოვებ, მეშინია, ისევ არ გაეკიდოს“, – ამბობს ქალი.

ნათელა ბერიძე ამ შენობაში შვიდი წლის წინ შემოვიდა, როდესაც საკუთარი სახლი დაეწვა. მაშინ გირაოთი ერთი ოთახი ახლანდელი საცხოვრებელი ოთახის გვერდით აიღო, იქ ოთხი წელი იცხოვრა, ხოლო გირაოს ვადის ამოწურვის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცი, იმავე შენობაში მაშინდელმა შუახევის გამგებელმა, თამაზ დავითაძემ შემოასახლა.

„ხალხი აქედან გაჰყავდათ, მე კი შემომასახლეს. საკუთარი სახლიც მქონდა და ყველაფერი გამაჩნდა, მაგრამ ხანძარმა გამინადგურა, დავრჩი უსახლკაროდ. ერთი შვილი მყავს, გათხოვილია, არც მას აქვს შესაძლებლობა დამეხმაროს. ჩემი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლია, იატაკი რომ არ ჩაინგრეს, ძელებში ხეები მოვათავსე და სარდაფი მთიდან ჩამოტანილი ხეებით გამოვავსე. თუ იატაკი ჩავარდება, ძირს არ ჩავვარდები“, – ამბობს ნათელა.

სახლის შესასვლელთან, აივანზე რამდენიმე კილოგრამი უხარისხო და გადარჩეული კარტოფილი ყრია. ნათელა ბებო ამბობს, რომ ეს მისი ზამთრის მარაგია. რამდენიმე ქილა საწებელი და მურაბა ოთახის შესასვლელში აწყვია. ნათელას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და დღეში ერთხელ მუნიციპალურ სასადილოში უფასოდ იკვებება.

„რაც მაქვს, მთელ ზამთარს უნდა მეყოს. დღეში ერთხელ, შუადღით მუნიციპალურ სასადილოში ვჭამ. ესეც კარგია, საღამოს ან ჩაის ვსვამ, ან კარტოფილს ვიმზადებ. ასე გამაქვს თავი“, – ამბობს ნათელა.

მას არც ტელევიზორი აქვს, არც ელექტროღუმელი და მაცივარი. ზაფხულში საჭმელი რომ არ გაუფუჭდეს, წყალში ინახავს.

„თქვენც ხედავთ, არაფერი გამაჩნია შეშის ღუმელის გარდა. ღუმელი მაქვს, მაგრამ შეშა სარდაფიდან ვერ გამომაქვს, რომ არ ჩამოინგრეს იატაკი. მთიდან ჩამომაქვს ფიჩხი, მაგრამ სველს ძნელად ეკიდება. ტელევიზორიც კი არ მაქვს. რამდენიმე წლის წინ ძველი მაცივარი მაჩუქეს, მოვიტანე, მაგრამ რადგან იატაკი ძველია, მაცივარმა ვერ გაუძლო და ისიც სხვას ვაჩუქე. ზაფხულში საჭმელი რომ არ ამიმჟავდეს, წყალში ვდგამ და ისე ვინახავ“, – გვიყვება ნათელა.

ნათელას შემოსავალი, პენსიასთან ერთად, ის 50 ლარია, რასაც სახელმწიფო ქალს არსებობისთვის აძლევს. იგი ამბობს, რომ პენსიიდან და საარსებო შემწეობიდან თავისთვის 10 ლარს იტოვებს, დანარჩენს კი თბილისში სასწავლებლად წასულ შვილიშვილს უგზავნის.

„შვილიშვილს ბავშვობიდან მე ვზრდი, აქ ჩემთან ერთად მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე სტუდენტი გახდებოდა. შარშან თბილისში ჩააბარა და ახლა იქ ცხოვრობს, მეორე კურსის სტუდენტია. ფასიანზეა, მაგრამ სწავლის საფასურს მამამისი უხდის, არსებობისთვის საჭირო თანხას კი მე ვუგზავნი. არც მამამისს აქვს ფული, დანგრეული „მარშუტკა“ ჰყავს, მძღოლია, დედამისი კი – უმუშევარი. პენსიიდან ჩემთვის მხოლოდ 10 ლარს ვინახავ, დანარჩენს მას ვუგზავნი. იმ ათი ლარით შაქარს, ერთ ცალ საპონს, მარილს, ერთ ბოთლ ზეთს ვყიდულობ და ერთ თვეს მყოფნის. „კოფეს“ მე ვერ ვყიდულობ და ტკბილეულს“, – ამბობს ნათელა.

შენობის იმ ნაწილის გადასახურად, სადაც ასაკოვანი ქალი ცხოვრობს, გამგეობამ ექვსი ცალი თუნუქის ფურცელი მისცა, მაგრამ რადგან სახლის სხვენი დამპალია, ნათელას ნათესავებმა სახლის გადახურვა ვერ შეძლეს.

„სხვენი დამპალი და უსწორმასწორო რომ იყო, ვერ გადახურეს, ისევ ისე დატოვეს და ისევ მაწვიმს. არც აბაზანა მაქვს, არც წყალი სახლში და არც სამზარეულო ოთახი, მაგრამ რაც მაქვს, აქ რომ შიშით არ ვიძინებდე, კარგი იქნება. სახლი ზედ მთაზეა, ზამთარში ზვავი ჩამოდის და ხშირად ქვებიც ცვივა. აქვე, ახლოს, ხეები იყო, შარშან გამგებელს ვთხოვე და მოჭრეს, მაგრამ ქვის ცვენას რა შეაჩერებს?!“ – წუხს ნათელა.

სახლი სადაც ნათელა ბერიძე ამჟამად ცხოვრობს
სახლი, სადაც ნათელა ბერიძე ამჟამად ცხოვრობს.

გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით სარკეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის გამართვას ადგილობრივები თვითმართველობას პეტიციით სთხოვენ. გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ვისაც ეს მაგისტრალი ეკუთვნის, მოსახლეობის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. აქ ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება, თუ აჭარის მთაში საპატრულო პოლიცია იარსებებს.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მაღალმთიანი აჭარის მონაკვეთზე, წლის განმავლობაში ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით სრულდება. ორ ახალგაზრდა დაიღუპა ავტოავარიის შედეგად გასულ კვირასაც, ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, სოფელ გობრონეთთან. ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან მდინარე აჭარისწყალში ჩავარდა. სამი მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.

ზუსტად გზის იგივე მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ორი წლის წინაც.

საავტომობილო გზის ეს ნაწილი რთულ მონაკვეთადაა მიჩნეული და აქ ავტოავარიის შემთხვევები გაცილებით ხშირია. მსგავსი სირთულის მონაკვეთები ბათუმი-ახალციხის გზაზე იშვიათობა ნამდვილად არ არის – მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი ქედაში, სოფელ დოლოგანთან მდებარეობს, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე წელს სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სტატისტიკური მონაცემებით, ავარიები, ძირითადად, გადამეტებული სიჩქარით არის გამოწვეული. ასეთ ფონზე, საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური ბარიერები თუ რადარები თითქმის არ არსებობს.

ცენტრალურ მაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების მიზნით სარკეებისა და შესაბამისი ინფრაქტრუქტურის მოწყობას ქედის მოსახლეობა ახლა პეტიციით ითხოვს. პეტიცია, რომელსაც 300-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, ქედის საკრებულოში 26 აგვისტოს შევიდა.

„საავტომობილო გზების სახიფათო მონაკვეთებში არ არის სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები და საგზაო ნიშნები განთავსებული, რაც ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, – წერია პეტიციაში. პეტიციის ხელმომწერი და წარმდგენი სოფელ პირველ მაისის მკვიდრი ვლადიმერ თებიძე ამბობს, რომ გამგეობა ამ მოთხოვნის შესრულებას ქედელებს 2017 წლისთვის ჰპირდება.

„გამგეობამ გვიპასუხა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, თანხის გამონახვას შეეცდება და ამ პრობლემას თვითმართველობის პრიორიტეტში შეიტანს“, – ამბობს ვლადიმერ თებიძე.

გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან.
გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე კი ამბობს, რომ პრობლემა, რის მოგვარებასაც ადგილობრივები თვითმართველობისგან ითხოვენ,  მათ კომპეტენციას სცდება.

„ცენტრალური საავტომობილო გზა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად ჩვენ რაიმეს მოწყობას ვერ გადავწყვეტთ, ხოლო იმ შიდა საუბნო გზებზე, რაც ჩვენი საკუთრებაა თუ შემოვა პეტიცია საკითხს განვიხილავთ და თანხებს გამოვყოფთ“ – ამბობს გამგებელი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზა მეოთხე კატეგორიის მაგისტრალია და ის საქართველოს სააბტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, გზებზე ინფრაქსტრუქტურის მოწყობა დეპარტამენტის პრეროგატივაა, მოსახლეობის მოთხოვნას – საავტომობილო მაგისტრალზე ინფრასტრუქტურა მოეწყოს, ზურაბ სიხარულიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მაგისტრალის, მაღალმთიანი აჭარის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა გამართულია, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას ის საპატრულო ეკიპაჟის არარსებობით ხსნის.

„აქ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მძღოლების მოძრაობაა მოუწესრიგებელი, პატრული რომ არ არის, ამიტომ დადიან გადამეტებული სიჩქარით. საჭიროა პატრულის ეკიპაჟმა იმოძრაოს აღნიშნულ მონაკვეთზე. ამ მიმართულებით 2013-14 წლებში მდინარისა და ხევების მხარეს რკინ-ბეტონის პარაპეტები და ლითონის ბაგირები მოეწყო, გასულ კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე პირველია, შემთხვევის ადგილზე მონაკვეთის გასაფართოვებლად დეპარტამენტს წერილობით მივმართე, დაგეგმილი გვაქვს გავაფართოოთ გზა“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, დამცავი პარაპეტი არ იყო. აქ ამბობენ, რომ ავარია წინა დღითაც მოხდა. პარაპეტი სწორედ მაშინ გადავარდა ხევში, თუმცა ავტომობილი აღარ გადაჩეხილა. დამცავი პარაპეტი ჯერ არ აღუდგენიათ.

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე, რიგ ადგილებზე, გზის გაფართოებასა და ქვათაცვენის საფრთხის ასაცილებლად ბადეების მოწყობის საჭიროებაზე საუბრობს:

„მას შემდეგ, რაც გზაზე დამცავი პარაპეტები და ჯაჭვები მოეწყო, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილის გზიდან ხევში გადავარდნის ფაქტები. ამ მხრივ ნაბიჯები ისევ უნდა გადაიდგას. არის მონაკვეთები, სადაც გზების გაფართოებაა საჭირო. ქვათა ცვენის შესამცირებლად კი დამცავი ბადეები უნდა მოეწყოს. ბევრი რამ მძღოლებზეცაა დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ. ასევე, უნდა გამკაცრდეს ზომები იმათთვის, ვინც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში, ან გადამეტებული სიჩქარით მართავს“.

 

კომაროვის შაბათის სკოლა ბათუმში

ბათუმში კომაროვის მათემატიკური სკოლა მესამე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, შაბათ-კვირის სკოლაში 220 ბავშვი სწავლობს. კომაროვის შაბათის სკოლა აჭარაში ერთადერთია. ამ სკოლიდან თბილისის კომაროვის სკოლაში სულ ხუთი ბავშვი წავიდა სასწავლებლად. მთლიანად რეგიონიდან კი თბილისის კომაროვის სკოლაში ათი ბავშვი სწავლობს.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლის მენეჯერის, ზაურ სოლომონიძის თქმით, მათ სკოლაში მოსწავლეების ზრდას, სწავლების ხარისხი და მეთოდოლოგია განაპირობებს. შაბათის სკოლაში პირველ წელს 180 ბავშვი სწავლობდა, წელს კი 220 მოსწავლე სწავლობს.

რითი განსხვავდება კომაროვის სკოლის სისტემა საჯარო სკოლისგან და რატომ ვერ აღწევენ წარმატებას მოსწავლეები დამატებითი გაკვეთილების გარეშე?

ზაურ სოლომონიძის თქმით, შაბათის სკოლა რამდენიმე მიზანს ემსახურება. „პირველი მიზანი უნარების ჩამოყალიბებაა. დღევანდელი საჯარო სკოლის სისტემა მიიჩნევს, რომ უნარები სააბიტურიენტო საფეხურზე უნდა ისწავლებოდეს, რათა ბავშვმა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა. ეს არასწორია. უნარები ბავშვს იმისთვის სჭირდება, რომ კარგად ისწავლოს ლოგიკური აზროვნება.

ჩვენ ლოგიკური ამოცანებით ვავითარებთ მოსწავლეების უნარ-ჩვევას. როცა ბავშვი შაბათის სკოლის პროგრამას გადის, მისთვის ძალიან ადვილია შემდგომი ცოდნის მიღება, მას აღარ სჭირდება მე-12 კლასში დამატებითი მომზადება. მეორეა ის, რომ საჭიროა შეიქმნას პოლუსი. არავისთვის არ არის დასამალი, რომ თბილისში კომაროვის სკოლა არის მათემატიკური ცოდნის ცენტრი და სხვა სწავლებებისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“.

ზაურ სოლომონიძის თქმით, გარდა მეთოდისა, შაბათის სკოლის უპირატესობა საჯაროსთან მიმართებით იმაში მდგომარეობს, რომ საჯარო სკოლაში, სადაც კლასში მინიმუმ 30-35 მოსწავლე ზის, ერთი წუთიც კი არ მოდის ერთ ბავშვზე ინდივიდუალურად სამუშაოდ. შაბათის სკოლაში კი კლასში 15 მოსწავლე ზის. „ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ბავშვს მინიმუმ 4 წუთი ეთმობა, რაც საკმაოდ ბევრია“, – ამბობს სკოლის მენეჯერი.

მისი თქმით, შაბათის სკოლაში ის ბავშვები სწავლობენ, ვინც მათემატიკა გარკვეულ დონეზე იცის. „ჩვენ აქ არ ვასწავლით მათემატიკას, არამედ ლოგიკურ უნარებს. თუ ბავშვი კვადრატულ განტოლებას ხსნის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან იცის კვადრატული განტოლება. მთავარია, მან იცოდეს ამ ამოცანის ამოხსნის განსხვავებული მეთოდები“.

კომაროვის სკოლაში ბავშვები მე-3 კლასიდან კონკურსის გარეშე ირიცხებიან. ცოდნის შემოწმება კი მე-5, მე-6 კლასებში ხდება. „ეს არის გარდამტეხი პერიოდი. ჩანს, ბავშვს აქვს მიდრეკილება და მათემატიკური ნიჭი თუ არა“, – გვეუბნება ზაურ სოლომონიძე.

მისი თქმით, მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ რაში სჭირდება ცოდნა: „ჩვენ ვცდილობთ ბავშვს უნარები განუვითაროთ. მოსწავლე, რომელიც ჩვენს პროგრამას ძლევს, სხვა საგნებსაც წარმატებით სწავლობს“.

შაბათის სკოლა ფასიანია. თბილისის კომაროვის სკოლაში კი სწავლა უფასოა. იქ რეგიონებიდან ჩასული მოსწავლეები ცხოვრობენ პანსიონში, სადაც უფასო კვებაც აქვთ.

თბილისის კომაროვის სკოლის ოფიციალური სტატუსი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის  ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლაა.

სკოლის პიარსამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გიგანის ინფორმაციით, სკოლაში 1 100 მოსწავლე სწავლობს. შაბათის სკოლის ბავშვებისთვის კი, რომლებიც რეგიონებიდან ირიცხებიან, 50 ადგილია განკუთვნილი. „სკოლაში მიღება მე-7 კლასიდან იწყება და კონკურენცია ძალიან მაღალია. ერთ ადგილზე 7-8 ბავშვი მოდის. გამოცდებს განათლების ეროვნული ცენტრი ატარებს. ბავშვი, რომელიც ბარიერს ძლევს, კომაროვის სკოლაში ირიცხება და პანსიონით სარგებლობს“, – გვეუბნება გიორგი გიგანი.

სკოლას წარმატებები აქვს საერთაშორისო დონეზე. „ბოლო წლებში, საერთაშორისო ოლიმპიადებსა და შეჯიბრებში ძირითადად ოქრო გვაქვს აღებული. ბოლოს გოგონების გუნდი იყო წასული და ისინიც ოქროთი დაბრუნდნენ“, – გვეუბნება ის.

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები, ძირითადად, სამეცნიერო ან ტექნიკური მიმართულებით აგრძელებენ სწავლას და როგორც პიარის სამსახურში გვეუბნებიან, ძირითადად უცხოეთში.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლაში ფიზიკის მიმართულება არ არის. ზაურ სოლომიძე გვეუბნება, რომ ამ მიმართულების გახსნასაც აპირებს: „ვფიქრობ, შევძლებ კადრების მოძიებას და ახალი კადრების გაზრდას ფიზიკაში. მინდა ისეთი სკოლა გავაკეთო, როგორიც თბილისშია; პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით რომ შეეძლოთ ბავშვებს სწავლა. შენობა გვაქვს და იმედია ავტორიაზაციას გავივლით“, – გვეუბნება ზაურ სოლომონიძე.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლაში მხოლოდ შაბათ-კვირას სწავლობენ. დანარჩენ დღეებში კი  სკოლაში დამხმარე მეცადინეობა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება.

კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ლელა დუმბაძე
კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეები.
ფოტო: ლელა დუმბაძე

აშშ არჩევნების წინ

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის ისტორიაში 45-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი – აშშ-ს არჩევანის გაკეთება ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს. როგორია რეიტინგი წინასაარჩევნოდ და რა ცვლილებებს ელის ამერიკელი ამომრჩეველი?  – „ბათუმელები“ ამ და სხვა თემებზე ფსიქიატრს, „ნეტგაზეთის“ ბლოგერს, ია მერკვილაძეს ესაუბრა, რომელიც წლებია აშშ-ში, ნიუ იორკში ცხოვრობს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბოლო მონაცემებით ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს? და, ზოგადად, არჩევნების შედეგი ემთხვევა თუ არა რეიტინგს?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში (27 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტის – „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგი ორ კანდიდატს შორის ასე გადანაწილდა: დემოკრატი ჰილარი კლინტონი – 42%, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი – 34%.

როგორც წესი, რეიტინგები ემთხვევა არჩევნების შედეგებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, 2000 წელს ჯორჯ ბუშის გამარჯვება ერთგვარი მოულოდნელობა იყო და თანაც დღეისათვის პოლიტიკურ წრეებში უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილება „ამომრჩეველთა კოლეგიის“ არსებობის გამო, კერძოდ კი მისი არქაულობის შესახებ.

ამომრჩეველთა კოლეგია შეიქმნა მაშინ, როდესაც აშშ-ში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ადამიანებს საარჩევნო ყუთებამდე მისვლა უჭირდათ და ამიტომაც, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საკუთარ ხმას, საკუთარი ქუჩისა, ოლქის თუ შტატის  წარმომადგენელს ანდობდნენ. ბუში – ალ გორის დაპირისპირებაში ბუშმა გაიმარჯვა ამომრჩეველთა კოლეგიით, თუმცა სახალხო ხმა დემოკრატ კანდიდატს ეკუთვნოდა. აშშ-ის ყველა შტატზე სულ 538 ამომრჩეველია (კოლეგიის წევრი) და, ზოგადად, ის კანდიდატი იქნება გამარჯვებული, ვინც 270 და მეტ  ხმას მოაგროვებს. ამ არჩევნებზე წარმოდგენილია „ლიბერტარიანული პარტიაც“, თუმცა მისი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მედიის ყურადღება მისი კანდიდატის მიმართ, ფაქტობრივად, არ არსებობს.

რა ცვლილებებს ელის ამერიკელი ამომრჩეველი ტრამპის ან კლინტონის არჩევის შემთხვევაში? რა არის მათი მთავარი გზავნილები?

ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ე.წ. „ობამაქეა“, რომელიც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პროგრამაში წამყვანი პუნქტი იყო და რომელიც დაპირებისამებრ, როგორც ობამა ამბობდა, „სატელეფონო გადასახადზე იაფი უნდა ყოფილიყო“, ასეთი სულაც არ აღმოჩნდა. მან თავად სამედიცინო წრეებში, საშუალო ფენაში და არა მარტო, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იმ ადამიანს, ვისაც არ სურდა მასში ჩართვა, ყოველწლიურად 500 დოლარის ჯარიმას აკისრებდა, რაც იმთავითვე არღვევდა ამერიკულ ფუნდამენტალურ ღირებულებას – არჩევანის უფლებას.

ტრამპმა თავის პროგრამაში განაცხადა, რომ ის „ობამაქეასგან“ ქვეყანას გაათავისუფლებს. მისი პროგრამის სტაბილურობაზე რთულია საუბარი, რადგანაც საპრეზიდენტო კანდიდატის საჯარო სიტყვების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მას მერე, რაც ტრამპი წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთო, თავისი პროგრამის 19 პუნქტთან დაკავშირებით 109-ჯერ შეცვალა დამოკიდებულება, რაც, ბუნებრივია, მოყოყმანე ამომრჩეველის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს.

ცნობილია, რომ რესპუბლიკელებს „თეთრი ისტებლიშმენტი“ უჭერს მხარს. ტრამპი საუბრობს მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის აშენებაზე (ამაზე უფრო ადრე კლინტონიც საუბრობდა), ტერორისტული საფრთხის შემცირების გზით მუსლიმების აშშ-ში შემოსვლის შეზღუდვაზე (ობამას მმართველობის დროს აშშ არაბული ქვეყნებიდან უპრეცედენტოდ ბევრ მიგრანტს იღებს);  ჩინეთთან იმპორტის შეზღუდვაზე თავად ამერიკულ ბაზარზე საწარმოთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით და ასევე, მექსიკიდან მერიკული სამუშაო ადგილების დაბრუნებაზე.  რესპუბლიკელების პოზიცია აბორტებისა და ერთი და იგივე სქესის პირთა ქორწინების მიუღებლობის გამო ამერიკულ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს და მათ მოძველებული ე.წ. „ტრადიციული ღირებულებების“ მატარებელ პარტიის იმიჯს უქმნის.  ეს, ცხადია, ახალგაზრდა თაობის მხარდამჭერების სიმცირეს ნიშნავს. თუმცა, წლების წინ კლინტონი „მართებულად“ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას თავად აცხადებდა. ჰილარი კლინტონის მხრიდან, რომელიც თავის თავს ფემინისტს უწოდებს, ცოტა უცნაურია ამ თემაზე საუბარი, მისი მეუღლის, ბილ კლინტონის „რომანტიკულ თავგადასავლებს“ თუ გავიხსენებთ.

ცხადია, დემპარტიას შეუძლია მეინსტიმულ მოძრაობებს, გნებავთ, საზოგადოებრივ კონიუნქტურას, რომელიც პროგრესულ იდეებს ეფუძნება, ნაბიჯი აუწყოს. რესპუბლიკელები, როგორც იტყვიან – „მძიმე არტილერიაა“ ამ მხრივ. ბარაკ ობამას გამარჯვება რვა წლის წინათ, სწორედ სილიკონის ველის თაობასთან დამეგობრებით იყო გამოწვეული.

კომპიუტერული ტექნოლოგიები და ზოგადად სოციალური ქსელების მრავალფეროვნება გლობალიზაციის წამყვანი ფაქტორებია; დონალდ ტრამპი კი, ამ შემთხვევაში იმ კლასის ხმაა, რომელთა ბიზნესი გლობალიზაციის გამო დაზარალდა და რომელსაც უნდა ააღორძინოს ერთგვარი “ამერიკული ნაციონალიზმი” და ძველი ამერიკის, უფრო სწორედ, მისი ძველი სიდიადის დაბრუნება. აკი მისი სლოგანიც ასეთია – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”.

ორივე კანდიდატი მრეწველებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას გეგმავს. კლინტონს უნდა ბიუჯეტის ხარჯზე შექმნას 25-მილიარდიანი ფონდი (იგი მდიდრებისთვის კიდევ უფრო აპირებს გადასახადების გაზრდას), რომელიც მრეწველობას მხარს დაუჭერს, ტრამპი კი 500 მილიარდის ჩადებას აპირებს „ერის პურში“, ოღონდ დემპარტიისგან განსხვავებით არა გადასახადების გაზრდით, არამედ სახელმწიფო რეგულირების დონისა და გადასახადების შემცირებით. თუ კლინტონისა და ტრამპის პოზიცია სოციალურ დახმარებებსა და დეკრეტული შვებულებების, ავადმყოფობის გამო აღებული დღეების დაფარვისა და იარაღის კონტროლთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მსგავსია, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დემპარტია უკვე დიდი ხანია „იარაღის თავისუფალი გაყიდვის“ მოწინააღმდეგედ პოზიციონირებს. განსაკუთრებით ეს ნიუტაუნში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გახდა ცხადი.

ალბათ, აშშ-ის არც ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის თემით მანიპულირება არ ყოფილა ასეთი საჯარო, როგორც 2016 წლის არჩევნებზე. ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სწორედ მისი უწყების ინიციატივით დაიწყო ე. წ. „გადატვირთვა“. რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთთან საერთო ენის გამოძებნა, როგორც წესი, რთული კი არა, შეუძლებელი ამოცანაა. ამიტომაც კლინტონი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაჟინებით ითხოვს რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას; ერთგან ისიც კი თქვა, რომ „პუტინს სული არ აქვს, რადგან კგბ-ს აგენტი იყო“, ხოლო ტრამპს “პუტინის სათამაშო“ უწოდა.

აი, ტრამპი კი, რომელმაც, როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში კარგი მრჩეველიც არა ჰყავს, ლამის კლინტონის რვა წლის წინანდელი შეცდომის დაშვებას აპირებს და ბუშის არ იყოს, “ისევ უნდა მას (პუტინს) თვალებში ჩახედოს”. არადა, ობამა – მაკქეინის საპრეზიდენტო რბოლის დროს, სწორედ რესპუბლიკელი კანდიდატი იყო “პუტინის თვალებში” მონათესავე სულის ძიების ცხარე მოწინააღმდეგე. თუნდაც იმიტომ, რომ ცნობილია – ჯონ მაკქეინი ვიეტნამში „კაგებემ“ აწამა.

რუსეთთან მიმართებაში საგარეო კურსის განხილვისას, ასევე არ უნდა იყოს იგნორირებული ის, რომ სკანდალურად ცნობილ “კლინტონის ფონდს” კორუფციაში ადანაშაულებენ, კერძოდ კი ურანის მწარმოებელ რუსულ კომპანიასთან.  როგორც კი ამ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ატყდა მედიასკანდალი, ბილ კლინტნმა განაცხადა, რომ იგი “პირველი ჯენტლმენის” პოზიციის დაკავებამდეც დატოვებდა ამ ფონდის გამგეობის ხელმძღვანელის პოსტს.

ეს არჩევნები გენდერულად ყველაზე სენსიტიურია. კანდიდატების მედია ომში ყველაზე დიდ ტოქსიკური იარაღად გამოიყენება არა, ზოგადად, ქალთა უფლებებისადმი დამოკიდებულება, არამედ ქალის მიმართ დამამცირებელი სექსუალური ქარაგმები, ვერბალური მესიჯები, შეფასებები. კლინტონის ბიოგრაფიაში მონიკა ლევინსკის სკანდალიდან დაწყებული, ვიდრე არასრულწლოვანის გამაუპატიურებლის ადვოკატამდე, არაერთი გენდერულად მაკომპრომიტირებელი ფაქტია. თუმცა, ტრამპის მაჩოისტური „ბლაბლაბლა“ უფრო გამაღიზიანებელია ყურისთვის, ვიდრე კლინტონის წარსული, რომელიც ტრამპისგან განსხვავებით თეთრ სახლში უკვე ცხოვრობდა. მითუმეტეს, რომ აშშ, კერძოდ კი ჰოლივუდი დიდი ხანია ქალ პრეზიდენტს ნატრობს. ეს კარგად ჩანს რობ ლურის სატელევიზიო სერიალში Commander in Chief (2005-2006), სადაც აშშ-ის ქალი პრეზიდენტის როლს ჯინა დევისი თამაშობს.

ე.წ. „იმეილების სკანდალი“ რას ნიშნავს და რამდენად მოახდინა ამ ამბავმა გავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე? რატომ გაჩნდა ეს თემა მედიაში ხელახლა, თქვენი აზრით?

აშშ-ის ისტორიისთვის „იმეილების სკანდალი“ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო სკანდალად ითვლება, რადგანაც მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის, ფაქტობრივად, მესამე პირი საერთაშორისო მიმოწერას საკუთარი და არა სამსახურეობრივი იმეილიდან ახორციელებდა. ეპოქაში, როცა თინეიჯერ ჰაკერსაც [აღარ ვსაუბრობთ „ვიკილიქსის“ ავტორებზე] შეუძლია თავდაცვის უწყების საიტი გატეხოს, ხოლო ქვეყანა ყოველ დღე ტერორისტული საფრთხის ქვეშაა (FBI-იმ ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩევნების დღეს სამ შტატში, მათ შორის, ნიუ იორკში, ტერაქტია მოსალოდნელი), საკუთარი იმეილის გამოყენების „ქეისი“ სახელმწიფო კი არა, საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაულია. ამავე დროს, შეცდომის აღიარების მაგივრად, კლინტონმა ამ იმეილებს “შვილის ქორწინებისთვის” ან „გოლფის სათამაშო“ გზავნილები მიაწერა, რითაც საკუთარი თავი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

იმეილების საქმის განახლება განპირობებული იყო იმით, რომ კლინტონის პირად სერვერზე იპოვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას მისი ასისტენტის, ჰუმა აბედინის ქმრის, ენტონი უინერის კომპიუტერიდან გაგზავნილი წერილები. ენტონი უინერი ყოფილი კონგრესმენია, რომელმაც თავისი პოსტი დატოვა, როგორც ამას აქ უწოდებენ „მრავალჯერადი სექსტექსტინგის“ გამო, როცა თავის სასირცხო ადგილის ფოტოები რადენიმე ასეულ ქალს ერთად გაუგზავნა.

პირველი სკანდალის შემდეგ ფეხმძიმე ჰუმა აბედინი ქმარის გვერდით იდგა, როგორც მისი მხარდამჭერი. როცა უინერმა თავისი „ახირება“ კიდევ გაიმეორა, ცოლი მას გაშორდა. იმოქმედებს თუ არა ეს ჰილარის რეიტინგზე? – არა მგონია, რადგანაც ჰილარი დემპარტიის უპირობო ლიდერი თავიდანვე გახდა, იმის მიუხედავად, რომ გამოძიება ბენგაზისა და იმეილების თემაზე პროცესში იყო. ეს არჩევნები, ალბათ, ყველაზე იმიჯმეიკური და მედია ორთაბრძოლაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რომელი სოციალური ჯგუფები უჭერენ მხარს ტრამპს და რომელი – კლინტონს?

ყველაზე მეტი მხარდამჭერი კლინტონს ჰყავს აფრო –ამერიკულ თემში და როგორც ამბობენ, ლათინოსებშიც.  ასევე, ცხადია, სექსუალურ უმცირესობებში. მიუხედავად იმისა, რომ ობამამ დაპირებისამებრ ვერ შეძლო ქვეყნის ტერიტორიაზე მათთვის ლეგალური საბუთების მინიჭება, როგორც აქ ამას უწოდებენ  “ამნისტიის განხორციელება”. თუმცა მან მაინც გაატარა რამდენიმე ძირეული ცვლილება, მათ შორის, ე.წ. არალეგალურად მყოფთა შვილებისთვის სწავლის უფლებისა და დაფინანსების მოპოვების უზრუნველყოფა.

ტრამპის მხარდამჭერად თვლიან  საშუალო კლასს უმაღლესი განათლებით, რომლის ბიზნესი ანდა ბიზნესის მომავალი  ამერიკული “ეკონომიკური არასტაბილურობის” მსხვერპლი გახდა და მათ, ვისაც აღარ სჯერა ობამას  ძველი სლოგანის  –  „დიახ, ჩვენ შეგვიძლია”.

ამბობენ, რომ ობამას პოლიტიკის შედეგია ტრამპის მაღალი რეიტინგი. ეს თემა განიხილება აშშ-ში?

ცხადია, ობამას არაპრინციპული პოლიტიკის შემდეგ აღმოსავლეთში, ისრაელთან ბუნდოვანი დამოკიდებულება თუ შიდა ეკონომიკური პრობლემები, როცა ამერიკის ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს – 20 ტრილიონზე მეტ დოლარს მიაღწია, როცა ბიუჯეტის უზარმაზარი თანხები წამგებიანი კომპანიების/ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდა, ამერიკელებს უნდათ რეალური ცვლილებები, თუმცა, იმასაც გრძნობენ, რომ კლინტონი ობამას პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება, ანუ შემდეგი ოთხი წელი, ფაქტობრივად, ობამას მესამე ვადა იქნება. მეორე მხარეს კი არის  ტრამპი, რომელიც ეკონომიკის ორპროცენტიანი ზრდის პირობებში საუბრობს ისეთ გეგმაზე, რომელიც აშშ–ის ეკონომიკას 3–4 პროცენტით გაზრდის. იგი უცნაური ვარცხნილობის კოლორიტული მოთამაშეა, რომელიც მართლაც შევიდა აზარტში, ამავე დროს პრორესპუბლიკური ტელევიზიის ცნობადი ქალი ჟურნალისტის კითხვებმა დააფრთხო და რომელიც ისევე არაპოლიტკორექტულად საუბრობს, როგორც დიდი ტოლერანტობით ვერგამორჩეული კოვბოი არაგლამურულ ბარში ვისკიანი ჭიქით ხელში. არჩევნები აქ ტელეშოუების სცენარით მიმდინარე  სანახაობაა, პერსონათა იმიჯებისადმი განწყობაა  მნიშვნელოვანი და არა მათი რეალური პლატფორმა. ეს ბუნებრივია,  იმ ამომრჩევლებს ეხებათ, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა.

რა განწყობაა იმ ეთნიკურ ქართველებს შორის, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს აშშ-ში? თქვენი დაკვირვებით, ვის უჭერენ ისინი მხარს?

ქართველებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი ოჯახის წევრები და მეგობრები არალეგალურად იმყოფებიან შშ-ში ან ჩამოსვლას/დარჩენას აპირებენ, ცხადია, ტრამპის პოზიცია შემაშინებელია. იგი აშშ-ში უსაბუთოდ მყოფთათვის ერთგვარი „განკითხვის დღის“, ანუ დეპორტაციის ინიციატორად აღიქმება. საქართველოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე კი ოჯახის, საკუთარი თავის გადარჩენის შანსს ქართველები ემიგრაციას უკავშირებენ და თუ ადრე ეს საბერძნეთი ან რუსეთი იყო, ახლა ამგვარ „მაშველ რგოლად“ აშშ განიხილება. ამიტომაც ისინი კანადიდან, ფლორიდიდან, მექსიკიდან საზღვარს უკანონოდ კვეთენ და ხშირად საემიგრაციო ანდა ფედერალურ ციხეში ხვდებიან.  საქართველო მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს.

აშშ-ში დასრულდა ობამას პრეზიდენტობის ხანა. საზოგადოება კმაყოფილია მისი პრეზიდენტობით? რა არის ის, რამაც ყველაზე მეტად გაუცრუა იმედი მის ამომრჩეველს?

ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა გამოკითხვით, რომელიც ბარაკ ობამას “ყველაზე ცუდი პრეზიდენტის” ტიტულს ანიჭებს. მახსოვს, რომ პირველი აქტი, რომელსაც მან ხელი 2009 წელს მოაწერა, იყო დოკუმენტი თანაბარი ანაზღაურების შესახებ, თუმცა, მამაკაცისა და ქალის ანაზღაურებას შორის განსხვავება შტატების მიხედვით კვლავ არსებობს. ეკონომიკის მხრივ ობამას მმართველობის პერიოდი ვერ დაიკვეხნის დიდი აღმავლობითა და დაპირებების შესრულებით. არც გუანტანამოს ციხე დახურულა და არც ტერორიზმის საფრთხე შემცირებულა მშვიდობის დარგში ნობელიანტის “ტკბილად მოუბარი” პოლიტიკის მიუხედავად. კუბისათვის ემბარგოს მოხსნა და კომუნისტურ რეჟიმთან “საერთო ენის” გამოძებნის პოლიტიკა ამერიკელების დიდი ნაწილს არ მოსწონს, რადგანაც ამ ქვეყანაში ბევრი პოლიტპატიმარი ჰყავთ, ხოლო იქედან გამოქცეული დისიდენტები თუ აქტივისტები ისევ უბრალო გადასახადების გადამხდელების საზრუნავი გახდებიან.

ამერიკელების რაღაც ნაწილმა უკვე ხმა მისცა წინასწარ, 8 ნოემბრამდე, რადგანაც ეს დღე სამუშაო სამშაბათია და საქმე წინ წაიგდო. მალე ბიუ იოლაიმონის “ბანქოს სახლის” ახალი სეზონი დაიწყება და ამერიკელები უკვე მერამდენედ გაიფიქრებენ – რა კარგია, რომ ფრენკ ანდერუიდი მხოლოდ მხატვრული პერსონაჟია.

ფოტო: huffingtonpost.com  

ამავე თემაზე: ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა 

„სოფლებში სადაც ჰესები შენდება, მოსახლეობა დაუცველია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც სოფლებში ჰესის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, მოსახლეობის უფლებებს არ იცავს.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის. რადგან ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები დაუცველია. მსგავსი შემთხვევებია სოფელ ჩანჩხალოს, დიაკონიძეების, ღურტას და ყინჩაურის შემთხვევაში.

სანამ მოსახლეობა პროტესტით არ გამოვა, მანამდე არც კომპანია და არც სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას სოფლებში მიმდინარე პროცესებს. პროტესტის შემდეგ აღმოჩნდება რომ საფრთხეები თურმე მატულობს. სოფლებში იკლო მოსავალმა, წყლები დაშრა, ბზარები გაუჩნდა სახლებს, გაჩნდა ეკოლოგიური საფრთხეები. ამ ყველაფერზე სახელმწიფო დაზარალებული ოჯახისთვის 5 ათასი ლარის შეთავაზებით შემოიფარგლება, გამონაკლის შემთხვევებში კი 25-30 ათას ლარის კომპენსაციაზე მიდის საუბარი. ეს არ არის კანონიერი და სამართლებრივი მიდგომა“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძის თქმით, არჩევნებამდე მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც ახლა უკვე პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში არიან შესული, პირდებოდა მოსახლეობას რომ  მათ პრობლემებზე ექნებოდათ რეაგირება.  „მოსახლეობა ითხოვს, რომ ჩაერიონ ისინი ამ საკითხში და დაიცვან მათი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება მოსახლეობის პროტესტი“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„თავფარავნელის ბალადა“ – განახლებული ვერსია მუსიკალურ ცენტრში

18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება როკ-ოპერა „თავფარავნელის ბალადა“.  როკ-ოპერას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი.

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება როკ-ოპერის განხლებული ვერსია, თამაზ ჭილაძის მოტივების მიხედვით.

„თავფარავნელის ბალადა“  19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 – 7 ლარი იქნება.

 

აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად დამატებით კონკურსს აცხადებს

აჭარის  განათლების  სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის,  დამატებით კონკურსს აცხადებს.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -ს. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  სამინისტროში 2016  წლის 7 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, რესტორან launge vox-თან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის  განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

2017 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბათუმში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის აქსესუარებისა და ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი შედგა. შესყიდვის ღირებულება 256 730 ლარია.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასტან შპს „ჯეო სტრიმთან“ უკვე გააფორმა, ახალი ნაძვის ხის გარდა საახალწლო დღეებში ბათუმში დეკორატიული ანგელოზები, ირმები და თოვლის კაცებიც გამოჩნდებიან.

სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი იქნება. ნაძვის ხე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 16 ფენისგან, თითოეული ფენის სიმაღლე მინიმუმ 1.38 მ, ტოტების რაოდენობა მინიმუმ 1880, ტოტების სიგრძე მინიმუმ 150 სმ, ნაძვის ხის წონა მინიმუმ 1650 კგ, დაშორება ძირიდან ტოტებამდე არაუმეტეს 20 სმ უნდა იყოს.

მერიამ გასულ წლებში საახალწლო ნაძვის ხის აალების გამოცდილებაც გაითვალისწინა და სატანდერო პირობებში მიუთითა, რომ ნაძვის ხის წიწვები არაალებადი და წყალგამძლე უნდა იყოს.
მერიამ ნაძვის ხის გასაფორმებლად 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშორები შეუკვეთა. ოქრისფერი იქნება კენწეროზე დასამაგრებელი ვარსკვლავიც. ამ ყველაფერს 180 ცალი წითელი ბაფთა დაემატება. მერია ახალი წლისთვის შეისყიდის ასევე წითელ გირლაინდებს და მწვანე ლედ ნათურებს.

გარდა ამისა, მერია 186 ცალ კონუსის ფორმის ლურჯ და წითელ სათამაშოებს შეისყიდის ქუჩების გასაფორმებლად.

ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. მაშინ ეს საკითხი ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც განილიხილეს, საკრებულოს წევრები მიიჩნევდნენ, რომ ძველი ნაძვის ხე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა ტურისტული ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახებოდა. 2015-2016 წლებში კი ნაძვის ხის ძველი კარკასი ახალი ვერცხლისფერი გირლანდებით გააფორმეს.

ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015
ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015

საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი იაფი სახლის მშენებელი კომპანიის გაუჩინარებაზე

ბათუმის მერიამ ცელმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება შპს „კონვენტ ჯორჯიასთან“, რომელსაც ბათუმში ე.წ „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა. მშენებლობა შეჩერებულია. კომპანიამ კი, რომელმაც ბათუმის მერიის ოთხმილიონიანი ტენდერი მოიგო, არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. ბათუმის მერიას ამ კომპანიისთვის 1 894 785 ლარი ავანსად აქვს გადახდილი. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ვრცელი სტატია ორი კვირის წინ გამოაქვეყნა.

ხელშეკრულების გაფორმებისას, მასში პროექტის დამზღვევი პუნქტების გათვალისწინება მერიის მოვალეობაა, ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი კი, საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქცი. ამჯერად „ბათუმელები“ დაინტერესდა თუ რა ინფორმაციას ფლობენ ბათუმის საკრებულოში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მერია ბიუჯეტიდან ავანსად ჩარიცხული ფულის უკან დაბრუნებას. მითუმეტეს, რომ მსგავსი პრობლემების გამო მერიას ცუდი გამოცდილება დაუგროვდა.

როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი, ლაშა სირაბიძე „კონვენტ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა იცის, რომ კომპანიასთან მერიას პრობლემები შეექმნა:

ლაშა სირაბიძე: „ვინ გითხრათ, რომ გაუჩინარდა? – კომპანიასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მე გეტყვით მერიის დამოკიდებულებას. მერიას აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული ყველანაირი კანონის დაცვით. თუ ფირმის რაღაც ნაწილში არის პრობლემები, მერია მიიღებს ზომებს, რაც შესაძლებელია კანონის ფარგლებში. ან უჩივლებს ან შუწყვეტს ხელშეკრულებას… თუ შეწყვეტილია, სხვა ადეკვატურ ნაბიჯებს განახორციელებს. გასაგებია, რომ ავანსი გადახდილი აქვს. მე ავანსთან დაკავშირებითაც მოვიკითხე, არის უკვე გარკვეული სამუშაოები ჩატარებული, რომელიც დაითვლება და იმის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. რა თქმა უნდა დავიბრუნებთ ამ თანხას. თქვენ მგონი ინფრომაციას არ ფლობთ, ინფრომაცია არის ასეთი. საგარანტიო წერილია ერთ-ერთი სოლიდური ბანკიდან, ინგლისური ბანკიდან“.

 

„ბათუმი მოლი“ გაიხსნა

დღეს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #88- ში სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ გაიხსნა. პროექტი პარტნიორებთან ერთად კომპანია „სახლი ბულვარში“-მ განახორციელა.

სავაჭრო მოლში უკვე გახსნილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი.

„ბათუმი მოლის“ ტერიტორიაზე ფუნქიონირებს: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები, ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები. სვაჭრო ცენტრის მეოთხესართული მთლიანად ავეჯის მაღაზიებს ეთმობა. მარკეტინგის მენეჯერის ინფრომაციით წლის ბოლოსათვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა.

„ბათუმი მოლი“ ოთხსართულიანია და 18400 კვ-მ- ფართობს მოიცავს, საიდანაც 12500 კვ.მ. კომერციული ფართია, ხოლო 5900 კვ.მ ავტოსადგომისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც გათვლილია 220 ავტომობილზე. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. ცენტრის ყველა სართულს აკავშირებს ლიფტები და ესკალატორები.

სავაჭრო ცენტრის გახსნას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

„ბათუმი მოლი“ გაიხსნა ფოტო : თორნიკე თავაძე
„ბათუმი მოლი“ გაიხსნა
ფოტო : თორნიკე თავაძე

„ბათუმი მოლი“ გაიხსნა
„ბათუმი მოლი“ გაიხსნა

14971727_1489198647776223_2020104545_o

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

IMG_7141

გაზბეტონის ქარხანა საცხოვრებელ სახლებთან

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს. დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება, საკრებულო კი თანახმაა.

ბენზეს დასახლებაში ქარხნის მშენებლობით შპს „ვიქტორია გაზბეტონია“ დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი უკრაინის მოქალაქე ვიქტორია ვარლამოვაა. მისი პარტნიორი და კომპანიის 25%-ის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ბეგლარ ანუშიძე. რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ივნისშია დაფუძნებული.

ვიქტორია ვარლამოვა, მისივე თქმით, უკრაინაში სააფთიაქო ქსელის მფლობელია, მანამდე კი ის უკრაინაში გაზბეტონის ქარხანაში მუშაობდა და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება აქვს.
2013 წელს ბეგლარ ანუშიძე ფლობდა შპს „ეტაბალ გეომეტალის“ 10%-ს, კომპანიის 80 პროცენტი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა, ახლა კი ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. ბეგლარ ანუშიძე ამ დრომდე ფლობს ასევე შპს „BALKAN GEORGIA“30 პროცენტს, ამ კომპანიის დანარჩენ წილებსაც თურქეთის მოქალაქეები ინაწილებენ. რაც შეეხება ვიქტორია ვარლამოვასთან მის პარტნიორობას – ბეგლარ ანუშიძე ამბობს, რომ ერთმანეთი შემთხვევით, კაზინოში გაიცნეს და თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

კომპანიის დაფუძნების შემდეგ პარტნიორებმა დაიწყეს მოლაპარაკება საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გაზბეტონის ქარხნის აშენებაზე. „რამდენიმე ადგილი შემოგვთავაზეს, განვიხილავდით ასევე მიწის ნაკვეთს განთიადში, მაგრამ არ გამოვიდა. „ბითმაჟის“ ქარხნის ტერიტორიის შესახებ იქედან ვიცოდი, რომ აქვე ვცხოვრობ“, – გვიყვება ბეგლარ ანუშიძე.
მიუხედავად იმისა, რომ დასახლებულ ზონაში ქარხნის მშენებლობას, ამავე საკრებულოს მიერ დამტკიცებული რეგულაციები კრძალავს, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობას ბათუმის საკრებულო მაინც დათანხმდა. მეტიც, პროექტს საკრებულოს იმ წევრებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებსაც კომისიის სხდომაზე, ამ საკითხის განხილვისას, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

„რაც შეეხება ქარხნის მშენებლობას, რომელიც ბათუმის განაშენიანების ზონირების გეგმაში ცვლილებებს საჭიროებს, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დასაბუთებული იქნას ტექნიკურ -ეკონომიკური პარამეტრები და ზონირების ცვლილების აუცილებლობა ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნაში. ინფრასტრუქტურის კომისია კი თავის დასკვნაში მერიისგან ზონირების ცვლილებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის დასაბუთებას ითხოვდა: „წარმოადგინოს ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილება ზონირების ცვლილების მიზანშეწონილობაზე“.

საფინანსო კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავა სხდომას არ ესწრებოდა, მისი კომისიის ორმა წევრმა, ლაშა სირაბიძემ და ლევან კინწურაშვილმა კი საკითხს მხარი დაუჭირეს. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა რამიშვილმა და მისმა კომისიამ.

დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობის იდეა საკრებულოს ოპოზიციას არ მოსწონს. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ სხდომაზე თქვა, რომ ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე დევნილთა სახლები უნდა აშენდეს და არა ქარხანა.

იმისთვის, რომ ინვესტორმა ქარხნის მშენებლობის დასაწყებად ნებართვა მიიღოს, გარემოს დაცვის სამინისტროს თანხმობის გარდა, საჭიროა საკრებულომ საცხოვრებელი ზონა საწარმოო ზონად გადააკეთოს – თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა სამშენებლო რეგულაცია მოარგეს მშენებელს. მერიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ამ ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად.
ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორია 60 616 კვ/მ ფართობია. აქედან ინვესტორს 30 000 კვ/მ-ის ათვისება სურს. ინვესტორი თავის წერილში წერს, რომ მიწის შეძენა ნორმატიულ ფასზე ბევრად ნაკლებად – 20 ლარად უნდა. ინვესტორი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა ფასის დაკლებას დათანხმდება, „ეს იქნება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან“. ამ საკითხზე კითხვები გასჩენია საკრებულოს საფინანსო კომისიას. თენგიზ აფხაზავა თავის დასკვნაში წერს, რომ თამარის დასახლებაში 1კვ/მ ფართობის ნომინალური ფასი 108 ლარია, ინვესტორის მიერ მოთხოვნილი ფასი კი ამაზე 5,4-ით დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორისგან დასაქმების პირობა მიიღეს, ადგილობრივი მოსახლეობა „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. აქვე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ქარხნის ხმაური და გამონაბოლქვი მათ ცხოვრებას ნეგატიურად შეცვლის.

ბეგლარ ანუშიძე
ბეგლარ ანუშიძე
თამარის დასახლებაში, კორპუსში მდებარე ბინაში ცხოვრობს თავად ბეგლარ ანუშიძეც. ის ფიქრობს, რომ ქარხნის მშენებლობას იქ მცხოვრებთა მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება: „ვისაც ტერიტორიაზე ბარაკული შენობები აქვთ ჩადგმული, ბევრი იქ ცხოვრობს კიდეც. ჩვენ მათ არ შევეხებით. სხვებს კი დასაქმებას ვთავაზობ“.
ვიქტორია ვარლამოვა კი ამბობს, რომ გეგმავს თანამედროვე დანადგარის განთავსებას, რაც საერთოდ არ იწვევს ხმაურს და გამონაბოლქვს. ის ამბობს, რომ გაივლის ყველა ინსტანციას ქართული კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მისაღებად, რაც მსგავსი ტიპის ქარხნის გახსნისთვისაა საჭირო: „მე სხდომასაც ვესწრებოდი იმისთვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხები“.
კითხვაზე, რატომ არ სურს კომპანიას ქარხანა სამრეწველო ზონაში ააშენოს? – ინვესტორი პასუხობს, რომ შესაბამისი ნაკვეთი მთავრობამ ინდუსტრიულ ზონაში ვერ გამონახა. ინვესტორის ინფორმაციით, პროექტის უპირატესობა ის არის, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული მასალა ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც დანახარჯების დაზოგვას უზრუნვეყოფს. პროექტი ორასამდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.

ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორია, 60 616 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თამარის დასახლებაში, ბათუმის საკრებულომ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის ივლისში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენების პირობით უსასყიდლოდ გადასცა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ საფუძვლად დაუდო საქართველოს მთავრობის განკარგულება [#1162; 13/06/2012] დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის შესახებ. მიუხედავად ამისა, ყოფილი `ბითმაჟის~ ტერიტორიაზე სახელმწიფომ დევნილებისთვის კორპუსების აშენება გაურკვეველი მიზეზით ვერ შეძლო.

2016 წლის სექტემბერში კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ირაკლი ჩიდრაშვილმა ბათუმის მერიას წერილობით აცნობა, რომ ქონების შეძენით ინვესტორია დაინტერესებული. ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ გაზბეტონის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, სამაცივრე მეურნეობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და 7 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ინვესტორი სამომავლოდ ასევე გეგმავს ხის პადონების დამამზადებელი საამქროს მოწყობას, რომელიც დაამზადებს ტარას არამხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციის შესაფუთად, არამედ სარეალიზაციოდ. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ყუთების წარმოება, რომლებიც გამოიყენება ხილ-ბოსტნეულის შესაფუთად.
ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ტურისტულ ქალაქში, დასახლებულ ზონაში ქარხანა არ უნდა აშენდეს.
„მართალია, ადრე იქ „ბითმაჟის“ ქარხანა ფუნქციონირებდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ეს ტერიტორია საცხოვრებელი ზონაა. შესაბამისად, ადმინიტრაციული წარმოების პერიოდი, რომელიც საცხოვრებელი ზონის ინდუსტრიულ ზონად გამოცხადებას ითვალისწინებს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ტიპის ქარხნის აშენებას გეგმავენ, გავიაროთ კონსულტაციები გარემოს დაცვის ჭრილში, მითუმეტეს, რომ იქ დაწყებულია განაშენიანება. ასეთი ქარხნები ევროპულ ქვეყნებში ქალაქგარეთ, საცხოვრებელი ზონიდან დაშორებულ უბნებში კეთდება.

თუ დაიდება გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომ ეს არ იქნება საზიანო, ეს იქნება დასაფიქრებელი. თუმცა, მეორე საკითხიც გვაქვს – თუ ბათუმი, აჭარა არის ტურისტული ზონა და ამ მიმართულებით მიდის ქალაქის განაშენიანება, რამდენად გამართლებულია ასეთი სამრეწველო ზონის განვითარება?

ქალაქს უკვე მიღებული აქვს ზონირების რუკა. მე ვიცი, რომ ზონირების დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდა ყველა უწყება. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ ეს ზონა უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი. სამწუხაროდ, არ გვაქვს ქალაქის დაგეგმარების სტრატეგია. ბოლო ცვლილება მიუთითებს ხელისუფლების არასტაბილურ პოლიტიკაზე“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია

4 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლის შენობაში მამაკაცმა სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით დააზიანა.

ფაქტს იუსტიციის სახლის პრესსამსახურში ადასტურებენ:  “მოქალაქემ აგრესიული ქმედება გამოავლინა, დააკავეს ჩვენთან და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოძიება მიმდინარეობს. იმედია, სახელმწიფო ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება”.

სულ  ოთხი ჯიხურის შუშებია ჩამტვრეული.

როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ინციდენტს სამუშაო პროცესების შეფერხება არ მოჰყოლია.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოქალაქის პროტესტი ID ბარათში სამი ექვსიანის არსებობას უკავშირდებოდა, თუმცა იქ მომუშავეების თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან თავდამსხმელი საკონსულტაციოში არ მისულა და პირადობის დამზადება არ მოუთხოვია.

100 აბი „სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

3 ნოემბერს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული პ.ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,792 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში

ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ქვაფენილიანი ქუჩების საკითხის მოგვარებაზე იმსჯელოს. ასეთი ქუჩების უმეტესობა ამორტიზებულია, ზოგი მონაკვეთი ხშირად გამოდის მწყობრიდან; ამოცვენილი ქვები, როგორც ავტომანქანის მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს; გართულებულია ქვაფენილების წმენდაც თოვლიან ამინდში. ქუჩების მოვლა-შენახვაში ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 250 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ვფიქრობ, რომ ქვაფენილიან ქუჩებთან დაკავშირებით რაღაც პროექტი შედგება. ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებზე, ჩემი ინფორმაციით, ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს. არ ვამბობ, რომ ეს ქუჩები შეიცვლება, უბრალოდ, ახალი პროექტი გაკეთდება და, ალბათ, მოწვეული სპეციალისტები – პროექტის ავტორები, მოგვცემენ რჩევას, ქვაფენილების კუთხით რა შეიძლება გამოსწორდეს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ირაკლი დევაძემ, ბათუმის მერის წარმომადგენელმა ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში. მასთან აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის მისაღებად, მერიის პრესსამსახურმა გადაგვამისამართა. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი დევაძის თქმით, ამ ეტაპზე დეტალები მისთვის უცნობია, გარდა იმისა, რომ „ჩამოვა მონიტორინგის ჯგუფი, დააპროექტებენ აღნიშნულ ქუჩებს და ქალაქის მერთან და არქიტექტორთან ერთად გადაწყვეტენ, რა როგორ გაკეთდეს. შესაბამისად, შემდეგ დადგება დაფინანსების საკითხიც. ამ ეტაპზე წინასწარ ვერაფერს გათვლი“.

ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, როგორც ირაკლი დევაძე ამბობს, დღის წესრიგში იმ ქვაფენილიანი ქუჩების საკითხიც დადგება, რომლებიც ხშირად ზიანდება: „შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არის ქუჩები, რომლებიც კარგად არის გაკეთებული და იშვიათად ზიანდება. მაგალითად, გოგებაშვილი და რუსთაველი“.

ქვაფენილიანი ქუჩების მოვლა-პატრონობა – გარდა ამოცვენილი ქვების ადგილზე ჩალაგებისა _ მის მოხრეშვასაც გულისხმობს [რამაც ქვები წესით უნდა გაამაგროს]. ეს წვრილი ზომის ხრეში კი ხშირი წვიმების დროს სანიაღვრე ქსელში ხვდება, რაც აფერხებს წყლის გამტარიანობას.
გზებზე დაყრილი ხრეშის გამო ქუჩების დატბორვას გამორიცხავს ქალაქის მერის წარმომადგენელიც და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალიც“. სანიაღვრე ქსელის გამართულად მუშაობაზე სწორედ „ბათუმის წყალია“ პასუხისმგებელი.

„ეს ხრეში უნდა მოიყაროს აუცილებლად და ის ცხაურებში ხელს არ უშლის წყლის გატარებას. თანაც ხრეში წვიმაში არ იყრება, იყრება იმ შემთხვევაში, თუ ამინდია. რომელ ქუჩებსაც ვხრეშავთ, ამას ვატყობინებთ „ბათუმის წყალს“ და პარალელურად ისინი წმენდენ სანიაღვრე არხებს ამ ქუჩებზე. რაღაც ნაწილი, მართალია, ხვდება ცხაურებში, მაგრამ ეს ძლიერი წვიმის დროს… დატბორილი ძველი ბათუმი არ გინახავთ, ალბათ, თუ წარღვნა არ მოხდა და თუ მოხდა, ეს სტიქიაა უკვე, რასაც უნდა შეებრძოლო“, – აცხადებს ირაკლი დევაძე.

„კომპანიისთვის სანიაღვრე არხების გაწმენდის ინტესივობის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქუჩა ასფალტის საფარითაა დაფარული, თუ ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ტარდება და მოხრეშილ ქუჩებზე განსაკუთრებული პრობლემები არ არის“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში გასულ წელს მხოლოდ კომპანია „მონოლითი 2005“ მონაწილეობდა. კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა კიდეც და მერიამ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი 255 ათას ლარზე გააფორმა. ამ თანხის მიღების სანაცვლოდ კომპანიას ბათუმში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა დაევალა.
თავიდან განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა და თანხაც დაკორექტირდა.

მიმდინარე წლის მაისის თვეში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სადაც აღნიშნულია, რომ „ამოწურულია ტროტუარებზე დაგებული დაზიანებული ფილების შეკეთება-შეცვლის სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თუმცა ფილები საჭიროებს შეცვლა-შეკეთებას“. ამიტომ, ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთებისა და მოხრეშვისთვის გათვალისწინებული თანხა [შესაბამისად, ამ ქუჩებზე სამუშაოებისს მოცულობაც] შემცირდა და ტროტუარებისთვის იქნა გამოყენებული.

ბათუმი, ქვაფენილიანი ქუჩა
ბათუმი, ქვაფენილიანი ქუჩა

სექტემბრის თვეში კი აღმოჩნდა, რომ ამჯერად ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთებისთვის აღარ იყო საკმარისი თანხა, ამიტომ ისევ შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში და გადანაწილდა თანხები.
მთლიანობაში კომპანიამ, დღევანდელი მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი [ქვაფენილის ღირებულების გარეშე] – სულ 8 598 კვ.მ. ხოლო ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება – 23 586 კვ.მ-ის. ამ სამუშაოების შესრულებაში კომპანია 178 ათას ლარს აიღებს.

ირაკლი დევაძის თქმით, „მონოლითი“ მოვლა-პატრონობის მხრივ ძალიან ჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, მონიტორინგს კი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფი ახორციელებს“.

„ჯეროვნად შესრულებულს“ ვერ უწოდებ, მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოს. 8 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამუშაო ჯგუფმა ამ ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთი შეაკეთა, თუმცა შეკეთებული მონაკვეთები ისევ დაზიანებულია.
შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით, „მონოლითი 2005“-ისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 236 954 ლარი, ანუ იანვრამდე მხოლოდ 18 ათასი ლარის სამუშაოა შესასრულებელი.

როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად.

ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების“ პროგრამა:

რეგიონი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ის, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოპოვებას აფინანსებს სტუდენტებისთვის. ასაკობრივი ზღვარი მაგისტრატურაში 21-დან 35 წლამდეა, სადოქტოროზე კი – 45 წლამდე. პროგრამის მიხედვით, თითოეულ სტუდენტზე სემესტრულად მაქსიმუმ 12 500 ლარი გაიცემა. ეს თანხა სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც სწავლის გადასახადისთვის, ისე საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. აჭარაში ეს პროგრამა მესამე წელია ხორციელდება.

`წელს რვა სტუდენტი დავაფინანსეთ. 2014-ში საბაკალავრო საფეხურსაც ვაფინანსებდით, ახლა _ მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამა 2017 წლისთვისაც გაგრძელდება. ვგეგმავთ, ბენეფიციართა რაოდენობა გავზარდოთ“, – ამბობს სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია გოგიტიძე.

კიდევ ერთი გზა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ევროპაში უფასო განათლების მისაღებად Erasmus+-ის ორი ქვეპროგრამაა: Credit Mobility -3-12 თვიანი გაცვლით პროგრამა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომელთა ქართული უნივერსიტეტი ჩართული უნდა იყოს Erasmus+ პროგრამაში; ასევე Degree Mobility – სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება, ოღონდ ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული – კონკურსში მონაწილეობთ ინდივიდუალურად. გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია სწავლის დაფინასებისთვის იმ ქვეყნის საელჩოს მიმართოს, სადაც სწავლის გაგრძელება სურს. ლია გოგოიტიძის თქმით, საელჩოები საგრანტო კონკურსებს მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ხშირად აცხადებენ.

კიდევ ერთი საშუალება ევროპული განათლების უფასოდ მისაღებად, უფასო საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევა ან იქაური უნივერსიტეტის გრანტის მოპოვებაა.

არაინგლისურენოვანი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ განათლების უფასოდ ან ძალიან იაფად მიღება – გერმანიაა. ეს ინფორმაცია ეკუთვნის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრიტანულ კომპანია Quacquarelli Symonds (QS)-ს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლისა და, ზოგადად, უმაღლესი განათლების საკითხებშია სპეციალიზებული. გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომლებიც ძირითადად გერმანულენოვან სასწავლო პროგრამებს გთავაზობთ, უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა ბაკალავრიატში უფასოა. QS-ს ინფორმაციით, გერმანიაში ბაკალავრიატის სტუდენტებს მოეთხოვებათ ყოველ სემესტრში ნომინალური თანხის – 250 ევროს გადახდა, რაც ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს ხმარდება. გერმანიაში სამაგისტრო დონეზე სწავლა ფასიანია, მაგრამ გამონაკლისი ვრცელდება მათზე, ვინც გერმანიაშივე მიიღო ბაკალავრის ხარისხი და მაგისტრის ხარისხზე აგრძელებს სწავლას. QS-ს მონაცემებით, გერმანიაში ცხოვრების ხარჯი, საუნივერსიტეტო ხარჯებთან ერთად, წელიწადში დაახლოებით 10 520 აშშ დოლარია.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლებით გამოირჩევა, საფრანგეთია. Qშ-ს მონაცემებით, სტუდენტებს საფრანგეთში შეუძლიათ ისწავლონ სრულიად უფასოდ, ან ძალიან დაბალ ფასად. საფრანგეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ბაკალავრზე სტუდენტი წელიწადში 189 ევროს იხდის. გერმანიის მსგავსად, საფრანგეთშიც სასწავლო პროგრამების უმრავლესობა ეროვნულ ენაზეა, თუმცა ბოლო წლებში ინგლისურენოვანი პროგრამების რაოდენობაც იზრდება.

Qშ-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ცნობილია მაღალი ფასებით, იგი სტუდენტებისთვის მაინც ხელმისაწვდომი ქალაქია, ცხოვრების ხარჯები აქ წლიურად დაახლოებით 9 600 ევროა. შედარებისთვის, სამომხმარებლო ხარჯების რეგისტრირებულ მონაცემთა გლობალური ბაზის Numbeo-ს მონაცემებით, ლონდონში ცხოვრება ბევრად უფრო ძვირია. იქ სამომხმარებლო ხარჯები 20%-ით, ბინის ქირავნობის ხარჯები კი 80%-ით მაღალია, ვიდრე პარიზში.

ლია გოგიტიძე ამბობს, რომ სტუდენტებისთვის ყველაზე კარგი ქვეყნები განათლების უფასოდ ან იაფად მისაღებად, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია: პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა და ლატვია, სადაც სწავლისა და ცხოვრების დონე მაღალია, ფასები კი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი. „მაგრამ სტუდენტმა, ფასების გარდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს უნივერსიტეტის პროფილი, სწავლების ხარისხი და ა.შ. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ბევრნაირი დაფინანსების წყარო აქვთ“, – ამბობს ის.

იმის გათვალისწინებით, რომ არაინგლისურენოვანი ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს უმეტესად ინგლისურ ენაზე სთავაზობენ, აუცილებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ლია გოგიტიძის განმარტებით, სხვადასხვა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ენის ცოდნის დადასტურებას განსხვავებულად ითხოვს. ზოგჯერ საკმარისია ცნობის წარდგენა ბოლო უნივერსიტეტიდან, რომ სტუდენტს გავლილი აქვს უცხო ენის კურსი ან ითხოვენ ენის ცოდნის სპეციალური, მაგალითად, TOEFL-ის სერტიფიკატს.

TOEFL-ის ტესტისთვის მომზადება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად მასწავლებლებთან, ისე სხვადასხვა ცენტრში. ბათუმში TOEFL-ის მოსამზადებელ კურსი ასევე უფასოა – სწავლებას აჭარის განათლების ფონდი აფინანსებს [ბაგრატიონის ქუჩა, #121]. განათლების ფონდის უცხო ენების შემსწავლელი უფასო პროგრამის კოორდინატორის, თეონა ჩხაიძის თქმით, მათთან TOEFL-ის კურსი ოთხ თვიანია.

„მეცადინეობა კვირაში ტარდება ორჯერ, სამ-სამი საათით. რეგისტრაციას თუ ახლა გაივლით, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში დაგიკავშირდებიან წინასწარი ტესტირებისთვის, რადგან სანამ ჩვენთან დაიწყებთ სწავლას, აუცილებლად უნდა შემოწმდეს თქვენი ცოდნის დონე“, – განმარტავს ის. განათლების ფონდში ასევე უფასოდ არის შესაძლებელი ინგლისური ენის შესწავლა A1-დან B2 დონის ჩათვლით.

რაც შეეხება უშუალოდ TOEFL-ის ტესტირებას, მას საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, საგანმანათლებლო ტესტირებისა და შეფასების არაკომერციული ორგანიზაციის – Educational Testing Service (ETS)-ის სერტიფიცირებული ცენტრები ახორციელებს. ტესტირებისთვის რეგისტრაციაც, მათ ოფიციალურ ვებგვერდზეა [www.ets.org] შესაძლებელი.
ბათუმში Eთშ-ის სერტიფიცირებული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის განმარტებით, საიტზე რეგისტრირებული ადამიანებისთვის, ბათუმის უნივერსიტეტში, წინასწარ დაანონსებულ თარიღებში ტარდება გამოცდა, რომლის შედეგებიც 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი. გამოცდაზე გასვლის ღირებულება 165 აშშ დოლარია. TOEFL-ის სერტიფიკატის ვადა ორი წელია.

ლია გოგიტიძის რეკომენდაციით, უნივერსიტეტის შერჩევა აპლიკაციის შევსებამდე ორი წლით ადრე უნდა დაიწყოთ, რადგან ზოგიერთ უნივერსიტეტს სპეციფიური მოთხოვნები აქვს. „არის შემთხვევები, როცა უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს მოსამზადებელ კურსზე დაჯდომას, რომელიც შესაძლოა არ ფინანსდებოდეს, ამიტომ ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ზოგიერთმა სასწავლებელმა, შესაძლოა ეროვნული ენის ელემენტარული ცოდნა მოითხოვოს. ვურჩევ სტუდენტებს წელიწადნახევრით ადრე მაინც დაიწყონ ამ დეტალების დაზუსტება“, – ამბობს ის. ასეთი ინფორმაციის დასადგენად, თქვენ პირდაპირ კონტაქტზე უნდა გახვიდეთ შერჩეულ უნივერსიტეტებთან. ლია გოგიტიძის განმარტებით, საამისოდ უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების მოწვევის დეპარტამენტები ფუნქციონირებს.
როცა თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ აპლიკაციას შეავსებთ, უნივერსიტეტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით მოწვევას. ადგილობრივ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობისთვის, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სწორედ ამ მოწვევის წარდგენა დაგჭირდებათ.

ფოტოზე: კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა.

ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. მან ამჯერად თავად ბრალდებულის ჩვენება მოისმინა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, ხოლო სოფლის რწმუნებულის უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს. მალხაზ დიასამიძემ დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ დაუკავშირდა მეზობელი, გააცნო ორი ბიზნესმენი, რომლებსაც ხელვაჩაურში ფასიანი სასაფლაოს მოწყობა სურდათ:

„მეგონა, მართლა ბიზნესმენები იყვნენ. ვიფიქრე, სასაფლაო პრობლემაა და შემოვიყვანე ინვესტორები-მეთქი. თურმე ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ყოფილან… საბოლოოდ ეს ბიზნესმენები კონკრეტულ პირს შეუთანხმდნენ მიწის შეძენაზე. იქ უნდა მოწყობილიყო სასაფლაო, თავისი მუსიკით და ყველაფრით, რაც დაკრძალვას სჭირდება. მთელი კომპლექსი უნდა გაკეთებულიყო…“

„ჩვენ უკვე ვნახეთ ვიდეო ფირი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ სახინკლეშია გადაღებული. იქ თქვენ გეკითხებიან, ნებართვაზე პრობლემა ხომ არ არისო. თქვენ პასუხობთ, პრობლემა არ არის, ხომ გითხარითო. რა ნებართვაზე გქონდათ საუბარი?“ – ჰკითხა ბრალდებულს ადვოკატმა, სიმონ ასათიანმა. მალხაზ დიასამიძის მტკიცებით, სასაფლაოს მოწყობას გასული წლის აგვისტოში საერთოდ არ სჭირდებოდა რაიმე სახის ნებართვა ადმინისტრაციული ორგანოდან: „ჩემს პასუხში იგულისხმებოდა ის, რომ მოსახლეობისგან იყო ნებართვა, ხალხი არ იყო წინააღმდეგი სასაფლაოს მოწყობის და ეს შევუთანხმე ერგეს მოსახლეობას-მეთქი. ჯერ ერთი, ეს ჩემი ტერიტორია არც იყო [მალხაზ დიასამიძე სოფელ ზანაქიძეების რწმუნებულად მუშაობდა], მაგრამ დაველაპარაკე ხალხს, საერთო საქმე კეთდება რაიონისთვის-მეთქი“.

„ეს ვერ გათვალა ფინანსურმა პოლიციამ. ჩათვალეს, რომ ნებართვა მუნიციპალიტეტისგან აუცილებელი იქნებოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი სიმონ ასათიანი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის შესახებ დადგენილება ხელვაჩაურის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს მიუღია, ყოფილი რწმუნებული კი, ფინანსურმა პოლიციამ 13 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე დააკავა.

„სასამართლომ მოისმინა ხელვაჩაურის საკრებულოს იურისტის ჩვენება. მანაც დაადასტურა, რომ სასაფლაოს მოწყობას ნებართვა იმ პერიოდისთვის არ სჭირდებოდა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფინანსური პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვეენება, რომლებმაც თქვეს, რომ ბიზნესმენებად გაასაღეს თავი. გონივრული ეჭვი არსებობდა, ეს კაცი მანამდე სხვადასხვა საქმეზე ქრთამს რომ იღებდაო,“ – გვიყვება სიმონ ასათიანი.

რის გამო აიღო ყოფილმა რწმუნებულმა 1000 ლარი, რაც სახინკლეში გადაღებულ ვიდეო ფირზეა დაფიქსირებული? – „ეს იყო მიწის ეკალ-ბარდისგან გასაწმენდად გადახდილი თანხა,~ _ უთხრა მოსამართლეს მალხაზ დიასამიძემ. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ბიზნესმენები თავად შეუთანხმდნენ კონკრეტულ ადამიანს მიწის გასუფთავების შესახებ და დაჰპირდნენ, რომ 1000 ლარს გადაუხდინენ: „სახინკლეში მაგას მეუბნებიან, დაგიტოვებთ ამ ფულს და თქვენ გადაუხადეთ, ჩვენ გვერიდებაო…“

სასამართლო მორიგ სხდომაზე ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მცხოვრების ჩვენებას მოისმენს, ვინც სასაფლაოს მოწყობის საქმეში იყო ჩართული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მალხაზ დიასამიძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული დარწმუნებულია, რომ გამართლდება, რადგან „ეს იყო სპექტაკლი, რომელიც გამოაშკარავდა“.

მალხაზ დიასამიძე თვლის, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მხოლოდ იმიტომ იმუშავეს, რომ პრემია მიეღოთ და დაწინაურებულიყვნენ: „მაშინვე დამაკავეს და ქუთაისის ციხეში გამიშვეს. ისეთ პატიმრებთან შემიშვეს, 18-18 წელი რომ ჰქონდათ მისჯილი. ეტყობა, ეგონათ, შემეშინდებოდა, ოთხი ბავშვი ყავს და წამოვა საპროცესოზეო. ორი თვის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში აღარ ვარ“.

ფოტოზე: ყოფილი გამგებელი ადვოკატთან ერთად. ჯაბა ანანიძის ფოტო 

„ჯარა“ – აჭარაში გადაღებული ფილმი-ზღაპარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით,  მალე, კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება.  ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული.

jara

ფილმი გადაღებულია მერისში, დანდალოში, ჩირუხისა და დღვანის ხეობებში, დიდაჭარასა და ხულოში.

ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია.  ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება” – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ესაა „ტყეში ჩამოკიდებული ჯარადან ფუტკრების დანახული ბუნების მშვენიერება და უმოწყალობა; ადამიანები, მათი ჩარევა, მათთან მშვიდობიანი თანაარსებობა და კონფლიქტი. ცხოვრება ერთმანეთის სასარგებლოდ და საზიანოდ, ფუტკრის შრომა, მტაცებლების შიში. მენახირეები, დათვები, ადგილობრივი მეფუტკრეების ცხოვრება და სოფლის დღეები. ამბები სოფლებიდან, სადაც ძნელია გაიგო სად გადის ზღვარი ადამიანების საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის“ – ვკითხულობთ ფილმის ვებგვერდზე. 

ფილმის რეჟისორი ნიკა წიკლაურია. ფილმი ეკრანებზე, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

bu

 

 

ჟურნალისტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში – კონკურსი

„მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“ – ამ თემაზე შაბათს, 12 ნოემბერს,  ოთხი საათის განმავლობაში ჟურნალისტებთან იმუშავებს ლურჯი ფარის“ საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე.

„ლურჯი ფარის“ ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან შესახევედრად არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომმა” მოიწვია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ გამოწვევების გადასაწყვეტად, რის წინაშეც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობა დგას, ჟურნალისტების ჩართულობა მნიშვნელოვანია – საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ეროვნული და რეგიონული მედიის როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

მოგვიანებით, ამავე თემაზე გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარის (სტატია, სიუჟეტი, ტელე-ბლოგი, რადიო) ავტორი. კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თემებზე:

  • ნაკლებ ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ელემენტის დაცვის პროექტის პოპულარიზაცია;
  • მემკვიდრეობა, როგორც საჯარო სიკეთე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი;
  • ჟურნალისტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან მემკვიდრეობის კანონის დარღვევის შემთხვევებზე.

„ლურჯი ფარის“ ხელმძღვანელთან შეხვედრის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ დაზუსტდეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს სემინარში მონაწილეობა. შესაბამისად, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 577 41 85 25

 

შემოდგომა ბათუმში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი.

თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო
თორნიკე თავაძის ფოტო

სანქცია საარჩევნო კომისიისთვის, სადაც “ქართული ოცნების” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს

ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მაია ბლადაძეს და ამავე კომისიის მდივანს ბათუმის საოლქო კომისიამ ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს. ვიდეო მასალა კომისიის თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
უფლებამოსილების შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისგმებლობის ფორმაა. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 წლის განმავლობაში ვეღარ დასაქმდება.
ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო მაია ბლადაძის ფეისბუქგვერდიდან
ვიდეო მასალაზე სარჩელით საოლქო კომისიას დღეს “სამართლიანმა არჩევნებმა” მიმართა. ორგანიზაცია კომისიის ყველა წევრის მიმართ მოითხოვდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. რატომ გამოიყენა საოლქო კომისიამ სანქცია მხოლოდ თავმჯდომარის და მდივნის მიმართ – უცნობია. საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე „ბათუმელების” სატელეფონო ზარს არ პასუხობს, მდივანმა კი გვითხრა, რომ „სალაპარაკოდ არ სცალია“.
საოლქო კომისიას შეუძლია უფლებამოსილება შეუწყვიტოს საუბნო კომისიის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც მის მიერაა არჩეული. პარტიების მიერ დანიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით კი, ოლქმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

რა შემთხვევაში აუქმებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პირობას

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ამჯერად ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზეა“ დამოკიდებული _ ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლის უფლება, თუკი საქართველო ორმხრივი შეთანხმების წესებს დაარღვევს. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვიზალიბერალიზაციისგან ევროპაში დასაქმებას ელის? – „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს აკვირდება.

ბატონო ვანო, რა ეტაპზეა ამჟამად ვიზალიბერალიზაციის პროცესი?

ამჟამად ისევ მიდის დისკუსია ევროპარლამენტსა და ევროპის ქვეყნებს შორის ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზე“. რეალურად ეს მექანიზმი არსებობს 2013 წლის დეკემბრიდან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არაა მოქნილი, მისი ამოქმედება პრობლემურია. ეს საერთო წესია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს. ამჯერად მექანიზმის შეცვლაზე აღარაა საუბარი, არამედ ცვლიან ამოქმედების წესს, რომ უფრო მარტივად გამოიყენონ არსებული მექანიზმი.

კონკრეტულად რას გულიხმობს სწრაფი შეჩერების მექანიზმი, რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება?

ეს გულისხმობს გარკვეული პირობების დარღვევას. მაგალითად, თუკი გაიზარდა ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 3-4 პროცენტით გარკვეული პერიოდის მანძილზე, თუმცა არაა დაკონკრეტებული, ეს რა პერიოდი შეიძლება იყოს. ასევე, წერია, რომ ეს წესი ამოქმედდება, თუკი მკვეთრად იმატა ქვეყნიდან არალეგალურად დასაქმებულთა რაოდენობამ. ფართო ინტერპრეტაციის საგანია, რა შეიძლება ჩაითვალოს „მკვეთრ მატებაში“. ახლა მსჯელობის საგანია, ძირითადად, ვის უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, აამოქმედოს „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“.

აქამდე რომელ ქვეყნებთან მიმართებაში დადგა „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების საჭიროება?

აქამდე ლაპარაკი იყო, რომ ეს წესი უნდა ამოქმედებული, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში, როცა ძალიან გაიზარდა სერბეთიდან და ალბანეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ამ მექანიზმის ამოქმედებაზე აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ამას უნდა დათანხმებოდა ევროკავშირის თითქმის ყველა ინსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ამ პროცესში, მოქალაქეებმა ეს რისკები რომ გააცნობიერონ?

ხელისუფლება ორი დილემის წინაშე დგას. ერთი ის, რომ უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება აქტიურად, თუ რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უფლების არასწორად გამოყენებამ. მეორე მხრივ, ხელისუფლებას მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ უნდა შექმნას არასწორი მოლოდინები უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებაზე. შეჩერების მექანიზმის დახვეწას კიდევ რა ვადა დასჭირდება ზუსტად არავინ იცის. თუ გაიწელა ეს პროცესი, ამან შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს. ისიც უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ ვიზალიბერალიზციის პროცესის დასრულებას შეიძლება კიდევ დასჭირდეს დრო.

უვიზო მიმოსვლისგან ბევრი ელოდება დასაქმებას ევროპის ქვეყნებში. რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების იმედი?

ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანასთან ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში. საქართველო ევროკავშირთან ცალკე ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს ამ კუთხით. შეიძლება, ზოგადად გაცხადდეს ამასთნ დაკავშირებით… ჩვენ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ასეთი შეთანხმება გვაქვს: მაგალითად, საფრანგეთთან, თუ არ ვცდები, 2011 წელს დაიდო ხელშეკრულება, თუმცა რატიფიცირება საფრანგეთის მხრიდან არ მომხდარა და ეს დღემდე არ მოქმედებს. ეს გულისხმობდა სხვადასხვა პროფესიის მქონე 500-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას საფრანგეთში. მიზეზები უცნობია, რის გამო ვერ ამოქმედდა შეთანხმება საბოლოოდ. გვაქვს ასევე ხელშეკრულება გერმანიასთან, რაც, ძირითადად, ექთნების დასაქმებას გულისხმობს. არსებობს დასაქმების პირობა კონკრეტული კვოტებით ესტონეთშიც. ასე რომ, პატარ-პატარა პროექტები ლეგალურად დასაქმებისთვის არსებობს.

უვიზო მიმოსვლის უფლების მიღების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების საკითხის გააქტიურებას?

ლეგალურად დასაქმებას არ უკავშირდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ შეგვიძლია სხვაგვარად ვიაქტიუროთ. ფაქტია, რომ ევროპა ერიდება შრომითი მიგრანტების შეყვანას. ძალიან ბევრია სამუშაოა ამ მხრივ. მაგალითად, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოს საერთაშორისო მისიებს დაევალება მოიძიონ ვაკანსიებზე დეტალური ინფორმაცია და უნდა მოხდეს კვალიფიკაციის გადამოწმება. იგულისხმება გარკვეული ქსელის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს არალეგალურად დასაქმების რისკებს.

სექტემბერში ევროკომისარმა გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობების საკითხებში, იოჰანეს ჰანიმ თქვა, რომ ბევრი რამ პოლიტიკურ შეფასებაზეც არის დამოკიდებული. ამაში იგულისხმებოდა საპარლამენტო არჩევნების ხარისხი?

არჩევნების დროს არაერთი პოლიტიკოსი ცდილობდა საქართველოში, რომ ღიად დაეკავშირებინა უვიზო მიმოსვლა არჩევნებთან, მაგრამ აი, ამ ტიპის განცხადებების გარდა, რაც თქვენ ახსენეთ, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მინახავს, სადაც ჩანს მსგავსი პირდაპირი კავშირი. ვიზალიბერალიზაციის პროცესში მთავარი იყო იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის სხდომაზე საკითხის გატანას. კონკრეტულად როდის მოხდება, ზუსტად არ ვიცი. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. იმედია, უახლოეს პერიოდში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის უფლებას.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს

ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციაზე, რისთვისაც ტენდერი მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა. მერია კიდევ ერთი კომპანიისგან ვერ იბრუნებს ავანსად გადარიცხულ 250 ათასზე მეტ ლარს. გადახდილი და დასაბრუნებელი თანხების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გამცემი ბათუმის მერიაში არავინ აღმოჩნდა.

ერთ-ერთი კომპანია, ანუ მოვალე, რომელმაც მერიას ფული უნდა დაუბრუნოს, არის შპს „ტონი და კომპანი~. ბათუმის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის ხელშეკრულება 2013 წლის მარტში გაფორმდა „ჟილინის არხის~ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე. პროექტის მთლიანი ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარი იყო.
კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებთ 20 დღეში, ავანსის სახით, მერიამ 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. მომდევნო თვეებში კი [აგვისტოსა და ოქტომბერში] დამატებით 76 და 160 ათას ლარამდე, ჯამში – 1 526 076 ლარი. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. შესაბამისად, მერიამ გადარიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

„სასამართლომ მერიის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და კომპანიას 254 ათას 265 ლარის გადახდა დააკისრა. ეს თანხა კომპანიას მერიისთვის ჯერ არ დაუბრუნებია, საქმე აღსრულების პროცესშია“, – მხოლოდ ეს კომენტარი მივიღეთ მერიისგან პრესსამსახურის მეშვეობით.

„ბათუმელების~ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 7 ივლისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შპს „ტონი და კომპანის“ ბათუმის მერიის სასარგებლოდ 254 ათას 265 ლარისა და 65 თეთრის გადახდა დაეკისრა.

ბათუმის მერიამ სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა იმავე წლის 14 ივლისს. 19 ივლისს კი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება ბათუმის მერიის სასარგებლოდ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

როგორც „ბათუმელებმა~ გაარკვია, მერიამ „ტონი და კომპანისთვის“ გადარიცხული თანხიდან დაახლოებით 928 ათას ლარამდე უკან სადაზღვეო კომპანიისგან დაიბრუნა; მერიამ, საგარანტიოთი უკან დაიბრუნა ასევე 216 ათას ლარამდე პირგასამტეხლოც, ამოსაღები დარჩა 254 265 ლარი. დანარჩენი თანხის სამუშაო კი კომპანიას შესრულებული ჰქონდა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა.

თანხას მერია იძულებითი აღსრულებითაც ვერ იბრუნებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიას საკუთარ ბალანსზე ქონება აღარ ერიცხება. აპირებს თუ არა თანხის დაბრუნებას? – „ბათუმელებმა“ „ტონი და კომპანიასთან“ დაკავშირება ვერ შეძლო.

„გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი… თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ნებაყოფლობითი აღსრულება, მაშინ დაიწყება იძულებითი აღსრულება, მაგრამ თუ ოფიციალურად ქონება არ ერიცხება მოვალეს [ამ შემთხვევაში კომპანიას], ან ეს ქონება 10 წლის განმავლობაში არ გამოუჩნდა, მაშინ გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი“, – განმარტავს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

„ბათუმელებს“ მერიისგან არ გამოუთხოვია სტატისტიკა, მთლიანობაში რა ოდენობის თანხა აქვს ანალოგიური [ამოსაღები] წესით დასაბრუნებელი. თუმცა ცნობილია კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: მერია ამ დროისთვის უკვე მუშაობს ავანსად გადარიცხული, დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარის უკან დაბრუნებაზე. ეს თანხა მერიას ამოსაღები აქვს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან. კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მერიისგან თანხის მიღების შემდეგ გაუჩინარდა.

„ჟილინის არხი“ და „იაფი სახლი“ მერიის ის ბოლო პროექტებია, რომელთა განხორციელებით ქალაქმა უფრო იზარალა, ვიდრე სარგებელი ნახა. ასეთ ვითარებაში, ერთ წელზე მეტია, მერიაში ვაკანტურია მერის მოადგილის ის თანამდებობა, რომელიც, ძირითადად, მუნიციპალიტეტის ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს.
თვითმმართველობის კოდექსით მოადგილის დანიშვნის ექსლუზიური უფლება ქალაქის არჩეულ მერს აქვს. კითხვაზე, რატომ ვერ დაინიშნა მერის მოადგილე? – მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ „ვერ შეირჩა სათანადო კანდიდატი“.

ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა დაწესებულება, რომელშიც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ტიპის დაწესებულებებმა შესაბამისი ლიცენზია 2017 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიიღონ. დაწესებულება, რომელიც ლიცენზიის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. ცვლილება არ ეხება საპატრიაქროს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს და განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი ანდრო დადიანი, ცვლილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

განხილვის გარეშე მიღებული ლიცენზიის კანონი

„ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, – წერია სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში. ლიცენზირებას ექვემდებარება რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაარსებული სააღმზრდელო დაწესებულებებიც, სადაც ბავშვი, მოზარდი 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ეხება თუ არა ლიცენზირება მუსლიმი თემის მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს? – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი, ამირან დათეშიძე დადებითად პასუხობს.

„ამაში იგულისხმება რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის სამუფთოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონებიც. ოღონდ, თუ იქ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესი და ბავშვი არ რჩება 24 საათი, მაშინ ასეთ დაწესებულებებს არ ეხება ლიცენზირება. მაგრამ, თუ ბავშვი რჩება დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით, მაშინ ასეთი დაწესებულება ჩაითვლება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლად და საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას“, – აცხადებს ამირან დაშეთიძე.

ახალი კანონის მიხედვით, დაწესებულება, რომელიც მიიჩნევა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელად, უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. ამ სტანდარტების მიხედვით კი, შენობაში, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს 24 საათის განმავლობაში უხდებათ ყოფნა, ათზე მეტი ბავშვი არ უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, ერთ საძინებელ ოთახში მხოლოდ ორ ბავშვს უნდა ეძინოს და ერთ ბავშვზე, მინიმუმ 6კვ/მ ფართობი უნდა იყოს გათვალისწინებული. სტანდარტი მოითხოვს საძინებელში, კვების ობიექტებსა და სველი წერტილებში ჰიგიენური ნორმების დაცვას და დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებას.

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ განახორციელა, მუსლიმური სკოლა-პანსიონების უმეტეს ნაწილში, არასრულწლოვანი ბავშვები სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონით, ისინი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს და დაექვემდებაროს ლიცენზირებას. თუკი ასე მოხდება, მაშინ ლიცენზიის მოპოვების მიზნით, პანსიონებმა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტიც უნდა დააკმაყოფილონ. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთ ოთახში ვერ დაიძინებს ათი ან ათზე მეტი ბავშვი, რადგან სტანდარტი, ერთ ოთახში მხოლოდ ორი ბავშვის ცხოვრებას ითვალისწინებს.

„ბათუმელები“ ხულოში რელიგიური სკოლა-პანსიონების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. ერთ-ერთი პანსიონის ხელმძღვანელი შამილ კაკალაძე გვეუბნება, რომ პანსიონში არასრულწლოვნებიც არიან და ერთ ოთახში ათ და მეტ ბავშვს სძინავს: „მე როგორც მითხრეს, ლიცენზია საგანმანათლებლოს არ ეხება. შემდეგ თქვეს, ნორმები უნდა დადგინდესო. ჩვენ სამუფთო სამმართველოდან ველოდებოდით ინფორმაციას სტანდარტებთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეგვხმიანებიან“.

ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც ასევე პანსიონის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ სტანდარტები მისთვის ცნობილია და მზად არიან ყველა ნორმა დააკმაყოფილონ. „ჩვენთან მაღალი კლასის მოსწავლეები სწავლობენ და ცხოვრობენ პანსიონში. ინფრასტრუქტურაც ლიცენზიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში გვექნება“.

„პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი, ანდრო დადიანი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პანსიონი, რომელიც მუსლიმ თემს ეკუთვნის, არის გარდაბანში, სადაც 80 ბავშვი ჰყავთ: „ამ დაწესებულებამ ინფრასტრუქტურული საკითხები რომც მოაგვაროს, მათ ლიცენზიის მიღება მაინც გაუჭირდებათ, რადგან ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ეწინააღმდეგება ქვეყანაში ისეთი ტიპის ბავშვთა დაწესებულებების არსებობას, სადაც ათზე მეტი ბავშვი ცხოვრობს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ მუსლიმური პანსიონების მეპატრონეებმა, ან ისე უნდა გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა, რომ თითოეულ შონობაში ათ-ათი ბავშვი იმყოფებოდეს, ან ლიცენზიის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, შესაძლებელია დაჯარიმდნენ სამი ათასი ლარით, მოგვიანებით კი დაიხურონ.

ვის არ ეხება ლიცენზირება და რატომ?

ამირან დათეშიძის განცხადებით, სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება არ ეხება ბავშვთა იმ დაწესებულებებს, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ასევე, ლიცენზირება არ ეხება განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს და მინდობით აღზრდას. საკანონმდებლო ცვლილება არც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეხება. „მართალია, საპატრიარქოს დაწესებულებები ფართობის მხრივ ბავშვთა ზრუნვის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ, რადგან ამ სახლებში მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ, ისინი ახალი წესით ლიცენზირებას არ ექვემდებარებიან“, – გვეუბნება ამირან დათეშიზე.

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საპატრიქროს ვადა 2020 წლამდე აქვს მიცემული.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მიეცათ სხვა დაწესებულებებს სტანდარტის მისაღწევად ერთი წელი, საპატრიარქოს კი – ოთხი? – ამირან დათეშიძე ამბობს, რომ რადგან საპატრიარქოს დაწესებულებებში მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ, „განსხვავებული პირობები მათთვის ამიტომ იქნა შემოღებული“.

„საპატრიარქოს ბავშვთა დაწესებულებებს სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ამონიტორინგებს და ბავშვები სახელმწიფოს მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდნენ… მათთვის სხვა სტანდარტი მოქმედებს – სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზია მან 2013-2014 წლებში მიიღო“, – გვეუბნება ის.

რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს პოლიტიკა იმ სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართ, ვისაც მხოლოდ ერთი წელი მიეცა ლიცენზირების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად? არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი, ანდრო დადიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „პარლამენტმა გაუაზრებელი ცვლილება მიიღო“, რადგან „ლიცენზიის ნორმები ცალსახად არ უნდა გავრცელებულიყო ყველა ტიპის დაწესებულებაზე და ჯერ ამ დაწესებულებების შინაარსი უნდა შეესწავლათ“.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები, გასულ წელს, ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით გამოვიკვლიეთ. კვლევის არსი სწორედ ის იყო, რომ შეგვესწავლა რა განსხვავებები იყო ამ დაწესებულებებს შორის და აქედან გამომდინარე შეგვეთავაზებინა მიდგომები. პარლამენტმა არც კი განიხილა კანონპროექტი – ისე მიიღო, რა ფორმითაც დარეგისტრირდა“.

ანდრო დადიანის აზრით, ამის მიზეზი კერძო პირების მიერ დაარსებული პანსიონები იყო, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა.

„დაჯარიმების მიუხედავად, ვერ დახურეს ლეონიდ ჩერნოვეცკის ბავშვთა პანსიონი, მექანიზმი არ იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ისეთი კანონი უნდა მიეღო, რომელიც ჩიხში შეიყვანს სიტუაციას“, – გვეუბნება ის.

ეს ჩიხი კი, როგორც ანდრო დადიანი გვეუბნება, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ჩანაწერის მიხედვით, „ლიცენზირება ეხება მხოლოდ სააღმზრდელო და არა საგანმანათლებლო დაწესებულებებს“. თუმცა, კანონში არსებობს სხვა ჩანაწერიც – „ლიცენზიას ექვემდებარება ყველა, ვინც ბავშვზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავს“. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მაინც უნდა შეეხოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ბავშვები 24 საათის განმავლობაში რჩებიან, მათ შორის რელიგიური კონფესიების მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს.
ანდრო დადიანის ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში 35-ზე მეტი ბავშვთა ზრუნვის დაწესებულება შეისწავლა. ბავშვთა ზრუნვის სტანდარტს, აქედან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს.

„სახელმწიფომ პირდაპირ გადმოიღო ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვისაა განსაზღვრული [სახლები, სადაც 10-ზე მეტი ბავშვის შესახლება დაუშვებელია]. ეს არასწორია. ამ ტიპის ლიცენზირება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, წესით არ უნდა შეხებოდა რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მაგრამ, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი მიუსადაგა“, – გვეუბნება ანდრო დადიანი.
მისი აზრით, სახელმწოფოს რელიგიური სასწავლებლებისთვის დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი უნდა განესაზღვრა, რის შედეგადაც უნდა აკრძალულიყო ამ სასწავლებლების რეზიდენტულ ნაწილში 15 წლამდე ბავშვის მოხვედრა.

„კვლევის დროს ვნახეთ, რომ მედრესეებში 15-20-25 ბავშვი ერთ ოთახში წევს, 40 ბავშვზე ერთი ზედამხედველი მოდის, რაც ბავშვზე ზრუნვის სტანდარტში არ ჯდება. არც ლიცენზირებული პედაგოგები ჰყავთ. თუმცა რას ითვალისწინებს პედაგოგების ლიცენზირება, ესეც ბუნდოვანია.

გარდა ამისა, თუკი ჩვენ რელიგიურ დაწესებულებებს ლიცენზიას ბავშვზე ზრუნვის სტანდარტით მოვთხოვთ, მაშინ იგივე პირობებს უნდა დაექვემდებაროს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც“.

ანდრო დადიანის თქმით, საპატრიარქოს ასეთი სამი დაწესებულება აქვს: `დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლა-პანსიონი „ყაზბეგი“, მარტვილში – „სალხინო“ და საჩხრეში – „საირხე“. ესენი არა სააღმზრდელო, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ კანონში წერია – „ყველა დაწესებულება, სადაც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება~, ნიშნავს იმას, რომ კანონი ამ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც უნდა შეეხოს“.

ანდრო დადიანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების გამო, შესაძლებელია დაიხუროს შატილში არსებული სკოლა-პანსიონი, რომელიც 6 ბავშვს ემსახურება და ერთადერთი საგანმანათლებლო საშუალებაა ამ ბავშვებისთვის.

სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ?

ახალი საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხება განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს, სადაც ბავშვები ასევე, 24 საათის განმავლობაში არიან. ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ გამოიკვლია განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებიც. კირიტიკას ვერც იქ არსებული სიტუაცია უძლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაა, სახელმწიფო ამის საპირისპიროდ დებს ინვესტიციას დიდი ზომის ბავშვთა სახლებში“, – გვეუბნება ანდრო დადიანი, რომელსაც კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. – „დღეს აჭარაში – ჩაისუბანში, შუახევში, სალიბაურსა და მერისში, ოთხი დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებაა, რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს. აჭარის მთავრობამ 2015-16 წელს, 4 მილიონი ლარი დახარჯა თავიდან რომ აეშენებინათ ზოგიერთი ეს დაწესებულება. მაგალითად, შუახევში თავიდან ააშენეს 120 ბავშვზე შენობა. რატომ? როცა ვიკითხეთ, ვერ გვიპასუხეს. ჩაისუბანი 150 ბავშვზეა გათვლილი. ერთი ოთახი საცხოვრებლად 6-იდან 10 ბავშვზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის საწინაარმდეგო ინვესტიციას ახორციელებს.

სალიბაურში 208 ბავშვია, რაც წარმოუდგენელია, რადგან ეს სკოლა-პანსიონები, ფაქტობრივად, ბავშვთა სახლებია და იმ პრინციპით მუშაობენ, როგორც საბჭოთა ბავშვთა სახლები.

ანდრო დადიანის თქმით, ყველა ბავშვი, რომელსაც სოციალური მუშაკი პრობლემას ვერ უწყვეტს, სალიბაურის პანსიონში მიჰყავთ. „ესენი სტატუსით არ არიან ბავშვთა სახლები, მაგრამ დე ფაქტო ბავშვთა სახლებია, რადგან იქ, ძირითადად, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ“.

„პარტნიორობა ბავშვებისთვის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ ოთხ სკოლა-პანსიონში 475 ბავშვი ირიცხება. აქედან სამი პანსიონი აჭარაშია.

აპირებს თუ არა ბათუმის ოლქი პირველ უბანზე გადაღებული ვიდეოს შესწავლას

„ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ რატომ უნდა განვიხილოთ?” – ასე გვიპასუხა ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ კითხვაზე, როდის მოახდენდა ოლქი რეაგირებას პირველ უბანზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერზე?

ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ დღეს, 2 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მასალა დადო, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრები კენჭისყრის შენობაში “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვებას ზეიმობენ და ცესკოს უნიფორმებს აფრიალებენ. 

ცესკოს ინფორმაციით ეს შემთხვევა ოლქმა უნდა განიხილოს. “ცესკო რასაც გვეტყვის, იმის მიხედვით გავაკეთებთ,” – გვითხრა ციალა შავაძემ, თუმცა აღარ უპასუხა მორიგ შეკითხვას, რატომ არ ჩათვალა ოლქმა საჭიროდ ფაქტზე რეაგირება ცესკოს დავალების გარეშე.

ციალა შავაძემ რამდენიმე წუთში თავად დაგვირეკა ტელეფონზე და გვითხრა, რომ პირველ უბანზე გადაღებული ვიდეო ჯერ მხოლოდ მან ნახა და “როცა კომისიის სხვა წევრებიც ნახავენ, შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”. მან ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა, როდის განიხილავს ოლქი პირველი უბნის ამბავს.

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოლქი პირველი უბნის შემთხვევას არ განიხილავს?“ – ცესკოში გვითხრეს, რომ ოლქი რეკომენდაციას გაითვალისწინებს. „საოლქო საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს აღნიშნულ საკითხს, რაც კომისიას ჯერ არ დაუწყია. საუბარია საარჩევნო მოხელის ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით. თუკი ოლქი არ განიხლავს, ამაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ცესკოსაც აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება“ – გვითხრა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრესსპიკერმა.

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა.

“სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და არ შედგენილა შესწორების ოქმი.

მესამე სექტორის სარჩელებიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ყველაზე მკაცრი სანქცია – უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ ბათუმის 69-ე ოლქის 58-ე უბანზე გამოიყენა, სადაც წილისყრის პროცედურებთან ერთად დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. საოლქო კომისიამ ამ უბნის თავმჯდომარეს და მდივანს ვადამდე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი 8 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში ვეღარ დასაქმდებიან.

“სამართლიანი არჩევნების” 11 საჩივრიდან 7 სრულად დააკმაყოფილმა ოლქმა. საჩივრები, ძირითადად, კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევას, ორი კი შემაჯამებელ ოქმებში აუცილებელი რეკვიზიტების არარსებობას ეხებოდა. საოლქომ კომისიამ ამ შემთხვევებში დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა – გაფრთხილება გამოიყენა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” 5 საჩივრიდან სრულად 3 დააკმაყოფილა ბათუმის საოლქო კომისიამ. სამივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და კომისია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. საოლქო კომისიამ ბათუმის 70-ე ოლქის 86-ე უბანზე დაწერილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადაც ხმების ხელახლა გადათვლა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ კომისიის ერთ-ერთ რეგისტრატორს გაფრთხილება მისცეს.

ბათუმის საოლქო კომისიამ 20-მდე საჩივარი განიხილა.

 

 

საარჩევნო უბანზე ცეკვა-თამაშით ცესკო დაინტერესდა

ბათუმის 69-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვება კომისიის წევრებმა აღნიშნეს. კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ ცეკვა-მხიარულების ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა მინაწერით: “ჩვენი დიდი გამარჯვება… ეს ემოციაა გულწფელი ემოციაა იმ დიდი ბრძოლის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ… ოცნებამ გაიმარჯვა… სიმართლემ და ღირსებამ გაიმარჯვა… ეს მართლა ჯოჯოხეთია ბევრი არაკეთილის მსურველისთვის… ჩვენ გავიმარჯვეთ… მიყვარხართ”.

ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო: მაია ბლადაძის ფეისბუქ გვერდიდან

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თავად მაია ბლადაძეც. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ კომისია არჩევნების წარმატებით დასრულება აღნიშნა და საჯაროდ გამოხატული სიხარული პოლიტიკას არ უკავშირდება. მაია ბლადაძეს საკუთარ ფეიბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს წარწერა შევახსენეთ, სადაც ის აღნიშნავს:”ოცნებამ გაიმარჯვა”. მაია ბლადაძე ამბობს, რომ უბანს ამ დროისთვის შემაჯამებელი ოქმი უკვე გაფორმებული ჰქონდა და კომისიის წევრების უფლებამოსილება შეწყვეტილი იყო: “მე ვარ ადამიანი და მაქვს ჩემი ემოცია… სხვებმაც გამოხატეს ეს ემოცია და მაინცდამაინც ჩემი დაინახეთ? რატომ გინდათ, რომ ამაში პოლიტიკური ინტერესი დაინახოთ?”

“საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კომისიის წევრების უფლებამოსილება წყდება მას შემდეგ, როცა ოლქი შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს,” – განმარტავს მადონა ბერიძე, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორი. ბათუმის ოლქს შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოცემული არ აქვს. მადონა ბერიძის შეფასებით, პირველ უბანზე მომხდარი ფაქტით დარღვეულია საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრი დამოუკიდებელი უნდა იყოს: “თავად მაია ბლადაძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ კომისიის წევრებმა კანდიდატების გამარჯვება აღნიშნეს კენჭისყრის შენობაში. ასევე ისინი აფრიალებენ საარჩევნო მოხელეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებს… კონკრეტულად კომისიის თავმჯდომარე, მაია ბლადაძე რომ “ქართული ოცნების” გამარჯვებას აღნიშნავს, ამას ადასტურებს მისი ფეისბუქ პოსტი, რომელიც ვიდეოს ახლავს. საარჩევნო კოდექსის გარდა, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.”

“ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს,” – გვითხრა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისი შეფასებით, საკითხი ოლქმა უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს: “ვიდეოს მიხედვთ, რომელიც ჩვენ ვნახეთ, დარღვეულია საარჩევნო მოხელის ქცევის კოდექსი. ამ კოდექსის პრინციპების დაცვაზე თითოეული კომისიის წევრს აქვს ხელი მოწერილი. საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს ბათუმის საოლქო კომისიას”.

რა სანქციას გამოიყენებს ბათუმის ოლქი პირველი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების წინააღმდეგ – ჯერ უცნობია. საოლქო კომისიას შეუძლია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლოს, ან ხელფასი დაუკავოს საარჩევნო მოხელეებს. ასევე შესაძლებელია საარჩევნო მოხელის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, თუმცა პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს.

საარჩევნო მოხელის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი პირი 8 წლის განმავლობაში ვეღარ დასაქმდება საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის მოადგილეები იქნებიან: ლალი ფაფიაშვილი და თეიმურაზ ტუღუში. გადაწყვეტილება პლენუმმა ახლახანს მიიღო.

საკონსტიტიტუციო სასამართლოში შეკრებილმა პლენუმმა სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიაში კი, თეიმურაზ ტუღუში აირჩია. სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს.

პლენუმის დადგენილების მიხედვით, პირველი კოლეგიაში ლალი ფაფიაშვილის გარდა იქნებიან: მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა,  ხოლო მეორე კოლეგიაში თეიმურაზ ტუღუში, თამაზ ცაბუტაშვილი და ირინე იმერლიშვილი.

მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

„ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა მიმოწერები, ჩემთვის უცნობ პირთან. თითქოს მე ვწერდი ვიღაც მამაკაცს, ჩვენი შეხვედრის შესახებ“. დედის აზრით,  მისი სახელის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ.

„სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი, ინტერნეტში შევედი, მაგრამ „ფეისბუკი“ ვერ გავხსენი, რადგან პაროლი შეცვლილი იყო. რადგან ტელეფონში ცუდი ინტერნეტი მქონდა, გვიან ღამით მეზობელთან გადავედი, ბავშვებიც თან გამყვნენ და ისევ შევეცადე „ფეისბუკზე“ შესვლა. თავის დროზე მეილი და „ფეისბუკიც“ ჩემი ყოფილი ქმრის ბიძაშვილმა გამიკეთა, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ „ფეისბუკის“ გვერდი მან გატეხა.

„ფეისბუკში“ შესვლა როგორც იქნა მოვახერხეთ, სხვა პაროლი დავაყენე, მიმოწერა წავშალე და გამოვედი. მოგვიანებით  გადავწყვიტე, რომ საერთოდ გამეუქმებინა გვერდი უსაფრთხოების მიზნით. თუმცა, პარილი ისევ შეცვლილი დამხვდა. როგორც ჩანს, ვინც ანგარიში გამიტეხა ისიც ქსელში იყო და ჩემს ანგარიშთან ჰქონდა წვდომა.

ისევ შევცვალე პაროლი და ჩემი ფოტოები და მეგობრები გვერდიდან წავშალე. მთლიანად გაუქმება ვერ მოვახერხე, რადგან არ ვიცი, როგორ წავშალო გვერდი“, – აცხადებს ქალი.

11 წლის ნაცემი ბავშვის დედა გვეუბნება, რომ ის გვიან ღამით, ქმრის ბიძაშვილსაც დაუკავშირდა, რომ გაეგო მან ხომ არ გატეხა ფეისბუქის პირადი ანგარიში.

„რა თქმა უნდა, უარყო და მითხრა, ამ ნომერზე მეორედ აღარ დარეკოო. ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ქმარი ამას ვერ გააკეთებდა, რადგან მეილი და პაროლი მან არ იცოდა. სხვაგვარად კი ის ამას ვერ მოახეხებდა“, – გვეუბნება ის.

ქალი ამბობს, რომ პოლიციაში განცხადების დაწერას დღეს, 2 ნოემბერს აპირებს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სავარაუდო კიბერდანაშაულის შესახებ მათთან არ შესულა. „გამოძიება მხოლოდ მოქალაქის განცხადებით მიმართვის შემდეგ დაიწყება“.

კიბერდანაშაული სსსკ-ის 158-ე მუხლის მიხედვით ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-იდან 5 წლამდე.

 

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. წინა მოწვევის პირველი სხდომა ირაკლი ჯაშმა გახსნა. მან ლექსი მაშინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. ჯაშისგან განსხვავებით, დავით თედორაძე პოეტია და აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, თუმცა ის ლექსის წაკითხვას პირველ სხდომაზე არ აპირებს

“ლექსს მე ვკითხულობ მწერალთა კავშირში, საზოგადოებასთან… უმაღლესი საბჭო ლექსის წაკითხვის ადგილი არ არის. რა ფორმით გავხსნი, გადაწყვეტილი არ არის. ამაზე ჯერ არავისთან მისაუბრია,” – უთხრა დავით თედორაძემ “ბათუმელებს”. ის  უმაღლეს საბჭოში პარტია “ქართული ოცნების” სიით შევიდა. მანამდე დავით თედორაძე ბათუმის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენდა. წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ „ალიანსის“ ღირებულებების ერთგული რჩება. 

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგს გამოაცხადებს. უსკოს შეჯამებისთვის კენჭისყრის დღიდან 19 დღეს აქვს, თუმცა პარმენ ჯალაღონია, უსკოს თავმჯდომარე, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ საბოლოო შედეგს კომისია 18 ნოემბრამდე ბევრად ადრე გამოაცხადებს: “ეს დამოკიდებულია ოლქების შემაჯამებელ ოქმებზე და საჩივრების განხილვაზე”. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე სწორედ პარმენ ჯალაღონია გააცნობს საზოგადოებას არჩევნების შედეგს. ჯალაღონიას შემდეგ დაიკავებს ტრიბუნას დავით თედორაძე, რის შემდეგაც სხდომა გახსნილად ჩაითვლება.

უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 14 “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, ხუთი – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. თითო-თითო წევრით იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი “პატრიოტთა ალიანსი” და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”. აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო მომავალ წელს 4 მილიონ 846 ათას ლარს დახარჯავს. 

 

 

Exit mobile version