მთავარი,სიახლეები

რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

07.11.2016 • 2832
რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს.

ნათელა ბერიძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიანი ხის ძველი შენობის მეორე სართულზე, ორ ოთახში ცხოვრობს. ოთახებში მთელი არც იატაკია და არც სახურავი, შენობაში წვიმის წყალი ჩამოდის. იატაკის ფიცრები ნათელას ხის ჭოკებით აქვს გამაგრებული.

ძველ შენობაში ელექტროგაყვანილობა ხის ძელებზე ღიადაა გაყვანილი. ნათელა შიშობს, რომ, რადგან შენობაში წყალი ჩამოდის, შეიძლება სადენები დასველდეს და ხანძარი გაჩნდეს. სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, ეს თვითონაც კარგად იცის, მაგრამ მას წასასვლელი არსად აქვს.

„ერთხელ, ღამით, ნათურასთან გაეკიდა ცეცხლი. ხმაზე გამეღვიძა, გამოვრთე. ასე გადავურჩი ხანძარს. როცა წვიმს, შუქს ჩართულს ვერ ვტოვებ, მეშინია, ისევ არ გაეკიდოს“, – ამბობს ქალი.

ნათელა ბერიძე ამ შენობაში შვიდი წლის წინ შემოვიდა, როდესაც საკუთარი სახლი დაეწვა. მაშინ გირაოთი ერთი ოთახი ახლანდელი საცხოვრებელი ოთახის გვერდით აიღო, იქ ოთხი წელი იცხოვრა, ხოლო გირაოს ვადის ამოწურვის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცი, იმავე შენობაში მაშინდელმა შუახევის გამგებელმა, თამაზ დავითაძემ შემოასახლა.

„ხალხი აქედან გაჰყავდათ, მე კი შემომასახლეს. საკუთარი სახლიც მქონდა და ყველაფერი გამაჩნდა, მაგრამ ხანძარმა გამინადგურა, დავრჩი უსახლკაროდ. ერთი შვილი მყავს, გათხოვილია, არც მას აქვს შესაძლებლობა დამეხმაროს. ჩემი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლია, იატაკი რომ არ ჩაინგრეს, ძელებში ხეები მოვათავსე და სარდაფი მთიდან ჩამოტანილი ხეებით გამოვავსე. თუ იატაკი ჩავარდება, ძირს არ ჩავვარდები“, – ამბობს ნათელა.

სახლის შესასვლელთან, აივანზე რამდენიმე კილოგრამი უხარისხო და გადარჩეული კარტოფილი ყრია. ნათელა ბებო ამბობს, რომ ეს მისი ზამთრის მარაგია. რამდენიმე ქილა საწებელი და მურაბა ოთახის შესასვლელში აწყვია. ნათელას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და დღეში ერთხელ მუნიციპალურ სასადილოში უფასოდ იკვებება.

„რაც მაქვს, მთელ ზამთარს უნდა მეყოს. დღეში ერთხელ, შუადღით მუნიციპალურ სასადილოში ვჭამ. ესეც კარგია, საღამოს ან ჩაის ვსვამ, ან კარტოფილს ვიმზადებ. ასე გამაქვს თავი“, – ამბობს ნათელა.

მას არც ტელევიზორი აქვს, არც ელექტროღუმელი და მაცივარი. ზაფხულში საჭმელი რომ არ გაუფუჭდეს, წყალში ინახავს.

„თქვენც ხედავთ, არაფერი გამაჩნია შეშის ღუმელის გარდა. ღუმელი მაქვს, მაგრამ შეშა სარდაფიდან ვერ გამომაქვს, რომ არ ჩამოინგრეს იატაკი. მთიდან ჩამომაქვს ფიჩხი, მაგრამ სველს ძნელად ეკიდება. ტელევიზორიც კი არ მაქვს. რამდენიმე წლის წინ ძველი მაცივარი მაჩუქეს, მოვიტანე, მაგრამ რადგან იატაკი ძველია, მაცივარმა ვერ გაუძლო და ისიც სხვას ვაჩუქე. ზაფხულში საჭმელი რომ არ ამიმჟავდეს, წყალში ვდგამ და ისე ვინახავ“, – გვიყვება ნათელა.

ნათელას შემოსავალი, პენსიასთან ერთად, ის 50 ლარია, რასაც სახელმწიფო ქალს არსებობისთვის აძლევს. იგი ამბობს, რომ პენსიიდან და საარსებო შემწეობიდან თავისთვის 10 ლარს იტოვებს, დანარჩენს კი თბილისში სასწავლებლად წასულ შვილიშვილს უგზავნის.

„შვილიშვილს ბავშვობიდან მე ვზრდი, აქ ჩემთან ერთად მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე სტუდენტი გახდებოდა. შარშან თბილისში ჩააბარა და ახლა იქ ცხოვრობს, მეორე კურსის სტუდენტია. ფასიანზეა, მაგრამ სწავლის საფასურს მამამისი უხდის, არსებობისთვის საჭირო თანხას კი მე ვუგზავნი. არც მამამისს აქვს ფული, დანგრეული „მარშუტკა“ ჰყავს, მძღოლია, დედამისი კი – უმუშევარი. პენსიიდან ჩემთვის მხოლოდ 10 ლარს ვინახავ, დანარჩენს მას ვუგზავნი. იმ ათი ლარით შაქარს, ერთ ცალ საპონს, მარილს, ერთ ბოთლ ზეთს ვყიდულობ და ერთ თვეს მყოფნის. „კოფეს“ მე ვერ ვყიდულობ და ტკბილეულს“, – ამბობს ნათელა.

შენობის იმ ნაწილის გადასახურად, სადაც ასაკოვანი ქალი ცხოვრობს, გამგეობამ ექვსი ცალი თუნუქის ფურცელი მისცა, მაგრამ რადგან სახლის სხვენი დამპალია, ნათელას ნათესავებმა სახლის გადახურვა ვერ შეძლეს.

„სხვენი დამპალი და უსწორმასწორო რომ იყო, ვერ გადახურეს, ისევ ისე დატოვეს და ისევ მაწვიმს. არც აბაზანა მაქვს, არც წყალი სახლში და არც სამზარეულო ოთახი, მაგრამ რაც მაქვს, აქ რომ შიშით არ ვიძინებდე, კარგი იქნება. სახლი ზედ მთაზეა, ზამთარში ზვავი ჩამოდის და ხშირად ქვებიც ცვივა. აქვე, ახლოს, ხეები იყო, შარშან გამგებელს ვთხოვე და მოჭრეს, მაგრამ ქვის ცვენას რა შეაჩერებს?!“ – წუხს ნათელა.

სახლი სადაც ნათელა ბერიძე ამჟამად ცხოვრობს

სახლი, სადაც ნათელა ბერიძე ამჟამად ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: