კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

04.11.2016 • 2383
სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა.

ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. მან ამჯერად თავად ბრალდებულის ჩვენება მოისმინა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, ხოლო სოფლის რწმუნებულის უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს. მალხაზ დიასამიძემ დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ დაუკავშირდა მეზობელი, გააცნო ორი ბიზნესმენი, რომლებსაც ხელვაჩაურში ფასიანი სასაფლაოს მოწყობა სურდათ:

„მეგონა, მართლა ბიზნესმენები იყვნენ. ვიფიქრე, სასაფლაო პრობლემაა და შემოვიყვანე ინვესტორები-მეთქი. თურმე ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ყოფილან… საბოლოოდ ეს ბიზნესმენები კონკრეტულ პირს შეუთანხმდნენ მიწის შეძენაზე. იქ უნდა მოწყობილიყო სასაფლაო, თავისი მუსიკით და ყველაფრით, რაც დაკრძალვას სჭირდება. მთელი კომპლექსი უნდა გაკეთებულიყო…“

„ჩვენ უკვე ვნახეთ ვიდეო ფირი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ სახინკლეშია გადაღებული. იქ თქვენ გეკითხებიან, ნებართვაზე პრობლემა ხომ არ არისო. თქვენ პასუხობთ, პრობლემა არ არის, ხომ გითხარითო. რა ნებართვაზე გქონდათ საუბარი?“ – ჰკითხა ბრალდებულს ადვოკატმა, სიმონ ასათიანმა. მალხაზ დიასამიძის მტკიცებით, სასაფლაოს მოწყობას გასული წლის აგვისტოში საერთოდ არ სჭირდებოდა რაიმე სახის ნებართვა ადმინისტრაციული ორგანოდან: „ჩემს პასუხში იგულისხმებოდა ის, რომ მოსახლეობისგან იყო ნებართვა, ხალხი არ იყო წინააღმდეგი სასაფლაოს მოწყობის და ეს შევუთანხმე ერგეს მოსახლეობას-მეთქი. ჯერ ერთი, ეს ჩემი ტერიტორია არც იყო [მალხაზ დიასამიძე სოფელ ზანაქიძეების რწმუნებულად მუშაობდა], მაგრამ დაველაპარაკე ხალხს, საერთო საქმე კეთდება რაიონისთვის-მეთქი“.

„ეს ვერ გათვალა ფინანსურმა პოლიციამ. ჩათვალეს, რომ ნებართვა მუნიციპალიტეტისგან აუცილებელი იქნებოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი სიმონ ასათიანი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის შესახებ დადგენილება ხელვაჩაურის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს მიუღია, ყოფილი რწმუნებული კი, ფინანსურმა პოლიციამ 13 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე დააკავა.

„სასამართლომ მოისმინა ხელვაჩაურის საკრებულოს იურისტის ჩვენება. მანაც დაადასტურა, რომ სასაფლაოს მოწყობას ნებართვა იმ პერიოდისთვის არ სჭირდებოდა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფინანსური პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვეენება, რომლებმაც თქვეს, რომ ბიზნესმენებად გაასაღეს თავი. გონივრული ეჭვი არსებობდა, ეს კაცი მანამდე სხვადასხვა საქმეზე ქრთამს რომ იღებდაო,“ – გვიყვება სიმონ ასათიანი.

რის გამო აიღო ყოფილმა რწმუნებულმა 1000 ლარი, რაც სახინკლეში გადაღებულ ვიდეო ფირზეა დაფიქსირებული? – „ეს იყო მიწის ეკალ-ბარდისგან გასაწმენდად გადახდილი თანხა,~ _ უთხრა მოსამართლეს მალხაზ დიასამიძემ. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ბიზნესმენები თავად შეუთანხმდნენ კონკრეტულ ადამიანს მიწის გასუფთავების შესახებ და დაჰპირდნენ, რომ 1000 ლარს გადაუხდინენ: „სახინკლეში მაგას მეუბნებიან, დაგიტოვებთ ამ ფულს და თქვენ გადაუხადეთ, ჩვენ გვერიდებაო…“

სასამართლო მორიგ სხდომაზე ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მცხოვრების ჩვენებას მოისმენს, ვინც სასაფლაოს მოწყობის საქმეში იყო ჩართული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მალხაზ დიასამიძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული დარწმუნებულია, რომ გამართლდება, რადგან „ეს იყო სპექტაკლი, რომელიც გამოაშკარავდა“.

მალხაზ დიასამიძე თვლის, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მხოლოდ იმიტომ იმუშავეს, რომ პრემია მიეღოთ და დაწინაურებულიყვნენ: „მაშინვე დამაკავეს და ქუთაისის ციხეში გამიშვეს. ისეთ პატიმრებთან შემიშვეს, 18-18 წელი რომ ჰქონდათ მისჯილი. ეტყობა, ეგონათ, შემეშინდებოდა, ოთხი ბავშვი ყავს და წამოვა საპროცესოზეო. ორი თვის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობაში აღარ ვარ“.

ფოტოზე: ყოფილი გამგებელი ადვოკატთან ერთად. ჯაბა ანანიძის ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: