მთავარი,სიახლეები

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

02.11.2016 • 3362
თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

„ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა მიმოწერები, ჩემთვის უცნობ პირთან. თითქოს მე ვწერდი ვიღაც მამაკაცს, ჩვენი შეხვედრის შესახებ“. დედის აზრით,  მისი სახელის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ.

„სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი, ინტერნეტში შევედი, მაგრამ „ფეისბუკი“ ვერ გავხსენი, რადგან პაროლი შეცვლილი იყო. რადგან ტელეფონში ცუდი ინტერნეტი მქონდა, გვიან ღამით მეზობელთან გადავედი, ბავშვებიც თან გამყვნენ და ისევ შევეცადე „ფეისბუკზე“ შესვლა. თავის დროზე მეილი და „ფეისბუკიც“ ჩემი ყოფილი ქმრის ბიძაშვილმა გამიკეთა, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ „ფეისბუკის“ გვერდი მან გატეხა.

„ფეისბუკში“ შესვლა როგორც იქნა მოვახერხეთ, სხვა პაროლი დავაყენე, მიმოწერა წავშალე და გამოვედი. მოგვიანებით  გადავწყვიტე, რომ საერთოდ გამეუქმებინა გვერდი უსაფრთხოების მიზნით. თუმცა, პარილი ისევ შეცვლილი დამხვდა. როგორც ჩანს, ვინც ანგარიში გამიტეხა ისიც ქსელში იყო და ჩემს ანგარიშთან ჰქონდა წვდომა.

ისევ შევცვალე პაროლი და ჩემი ფოტოები და მეგობრები გვერდიდან წავშალე. მთლიანად გაუქმება ვერ მოვახერხე, რადგან არ ვიცი, როგორ წავშალო გვერდი“, – აცხადებს ქალი.

11 წლის ნაცემი ბავშვის დედა გვეუბნება, რომ ის გვიან ღამით, ქმრის ბიძაშვილსაც დაუკავშირდა, რომ გაეგო მან ხომ არ გატეხა ფეისბუქის პირადი ანგარიში.

„რა თქმა უნდა, უარყო და მითხრა, ამ ნომერზე მეორედ აღარ დარეკოო. ვფიქრობ, ჩემი ყოფილი ქმარი ამას ვერ გააკეთებდა, რადგან მეილი და პაროლი მან არ იცოდა. სხვაგვარად კი ის ამას ვერ მოახეხებდა“, – გვეუბნება ის.

ქალი ამბობს, რომ პოლიციაში განცხადების დაწერას დღეს, 2 ნოემბერს აპირებს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სავარაუდო კიბერდანაშაულის შესახებ მათთან არ შესულა. „გამოძიება მხოლოდ მოქალაქის განცხადებით მიმართვის შემდეგ დაიწყება“.

კიბერდანაშაული სსსკ-ის 158-ე მუხლის მიხედვით ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-იდან 5 წლამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: