მთავარი,სიახლეები

სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

08.11.2016 • 2114
სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ნაცვლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოუსმინეს. პარტიულ ლიდერებს უსმინეს ლექტორებმა და რექტორმაც. რამდენიმე სტუდენტი უკმაყოფილო იმით დარჩა, რომ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ზოგიერთმა ამ ამბავში მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან უნივერსიტეტის ტრადიციული გამოყენება დაინახა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პოლიტიკური შეხვედრების დროს „მასოვკად“ იყენებდნენ აბაშიძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებიც.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ტიპის შეხვედრები,“ –  გვითხრა ქეთი აბაშიძემ. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც პარტიას შეხვდა სასტუმრო „ჰილტონში“. ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ ლექტორისგან, ომარ მახარაძისგან გაიგო და თავისი სურვილით წავიდა. ირწმუნება, რომ ლექციები ამის გამო არ ჩაშლილა: „უნდა ვიცოდე, ხმა ვის მივცე. თუ არ ვიცი, მათ შესახებ არჩევანი როგორ გავაკეთო? არჩევნებზე მისული ხომ არ უნდა ვკითხულობდე, საერთოდ ვინაა, ან მსგავსი პარტია თუ არსებობს და ასე შემდეგ…“ ქეთის ვკითხეთ, თავად თუ ჰქონდა კითხვის დასმის სურვილი და შესაძლებლობა.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მიიჩნევს, რომ კითხვების დასმა მსგავს შეხვედრებზე საჭირო არ არის: „ლოგიკურია, ყველა პარტია ცდილობს, რომ მას მოუსმინონ, სადაც ბევრი კითხვა გაჩნდება, იქ დებატები წავა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეღარ ჩაატარებს პარტია…“

იურიდიული ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, ია ბაკურიძე, როგორც თავად ამბობს, პარტიასთან შეხვედრაზე ინფორმაციის მისაღებად მივიდა: „უშუალოდ სტუდენტებთან იყო პარტიის შეხვედრა და არაერთი უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სტუდენტები. ჩემი სურვილით მივედი ამ შეხვედრაზე არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრებიც. შეხვედრის ფორმატზე წინასწარ არ მქონია ინფორმაცია…“

პარტიასთან შეხვედრა რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მოატყუეს. ზურაბ საგინაძე ერთ-ერთია, ვინც ადასტურებს, რომ ორი ლექცია პარტიასთან შეხვედრის გამო გაცდა. ზურაბ საგინაძის აზრით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის უნივერსიტეტზე უპირატესი მმართველ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა: „შეხვედრა დაწყებიდან 20 წუთში დავტოვე, რადგან ვიცოდი, რომ სამომავლო გეგმაზე უნდა ესაუბრათ კითხვა-პასუხის რეჟიმში. პარტიის წარმომადგენლებმა წარსულზე დაიწყეს საუბარი, რომ უნივერსიტეტი 2007 წლის ნოემბერში დაარბიეს და ასე შემდეგ… ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მოხდა ლექციების გაცდენის ხარჯზე. ლექცია გაგვიცდა 2-დან 4 საათამდე და როცა ლექტორმა, ომარ მახარაძემ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ძმამ, გვითხრა ამ შეხვედრის შესახებ, კახა ფალავანდიშვილი, ვისთანაც სემინარი უნდა გვქონოდა, უპრობლემოდ დაეთანხმა, ყველა წავსულიყავით… ვერავინ დამაჯერებს, რომ ამის შესახებ რექტორი ინფორმირებული არ იყო.

მერაბ ხალავშთან ბევრჯერ გვქონია შეხვედრა, მას აქვს განსხვავებული მიდგომა და ამბობდა, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, მაგრამ რაც მოხდა, ამ ღირებულებებზე გადაბიჯება იყო. ჩვენ გვინდოდა შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთანაც და პასუხის მიღება, მაგრამ თავს გვარიდებენ…. მეც ვიყავი ამ არჩევნების დროს ბურჭულაძის პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში და სხვებიც არიან პარტიებში, ამაში, მგონი, ცუდი არაფერია, მაგრამ სულ სხვაა, როცა პარტიის შეხვედრის ორგანიზებაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა ჩართული.“

„პარტიასთან ამ ფორმით შეხვედრამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტი არაა დამოუკიდებელი, ეს არის საგანგაშო. არ უნდა შეასრულოს უნივერისიტეტმა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხუშტურები,“ – ასეთია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, თემურ ირემაძის შეფასება. ის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტში დაგვიანებით მისულა: „როცა მივედი, რამდენიმე სტუდენტი პროტესტს გამოთქვამდა. მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ გამოიყენეს. ჩემი აზრით, სტუდენტის პასუხისმგებლობაა ამ პროცესში ყველაზე მთავარი. ძალდატანებით მოაწყვეს შეხვედრა-მეთქი, ამას ვერ გეტყვი, მაგრამ ხანდახან საკმარისად კრიტიკულები არ ვართ სტუდენტები… შეხვედრიდან მოსული ჩემი კურსელები ამბობდნენ, რომ ხათრი ვერ გაუტეხეს ლექტორებს და ამიტომ წავიდნენ.“

იყო თუ არა უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე დასწრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული? – უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაცია ამაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულა ლექციების გაცდენის გამო. შემთხვევას იურიდიული ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს.

ლექციების გაცდენა ჩვენთან საუბრის დროს უარყო იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, ომარ მახარაძემ. მისმა ძმამ, ადამ მახარაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა კი, ლექციების გაცდენა დაადასტურა. ის რექტორთან ერთად პარტიულ შეხვედრას ესწრებოდა: „ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში არიან ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები. მათ გაავრცელეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ. სხვა შემთხვევაშიც გაცდენილა ლექცია, როცა ვიღაც პიროვნება მოდის და ატარებს რაღაც სახის ღონისძიებას… ჩემი ძმა არ წარმოადგენს ადმინისტრაციას. ის არის ჩვეულებრივი ლექტორი და შესაძლოა გაავრცელა ინფორმაცია, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი. ადმინისტრაცია ამ ფაკულტეტზე ვარ მე და ჩემი მოადგილე. მე არაფერი მითქვამს სტუდენტებისთვის, ჩემი მოადგილე, თამთა ვარშანიძე ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. მთავარია, პოლიტიკა არ შემოვიდეს უნივერსიტეტში. თუ რომელიმე პარტია დაგეგმავს გარეთ შეხვედრას, რა პრობლემაა, სტუდენტებს და ლექტორებს თავიანთი პოლიტიკური გემოვნება აქვთ. მე გავიგე, რომ გაცდა ერთი ლექცია, ერთი სასემინარო. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ სტუდენტები პარტიასთან შესახვედრად წასულან. მეც მოგვიანებით გადავედი, სადაც ჩემი სტუდენტები იყვნენ…“

როცა პარტიასთან შეხვედრის გამო ცდება ლექციები, ხოლო სტუდენტებთან ერთად ჩნდებიან ფაკულტეტის დეკანი და რექტორი, აჩენს თუ არა ეჭვს, რომ უნივერსიტეტმა მმართველი პოლიტიკური ძალის დავალება შეასრულა? _ კითხვაზე სამართალმცოდნე ადამ მახარაძემ ასე გვიპასუხა: „გარედან ეს გონივრული ეჭვი გაჩნდებოდა, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები“.

ადამ მახარაძისთვის ლოგიკური აღმოჩნდა წარსულთან პარალელის გავლებაც: „მსგავსი დავალებები იყო წარსულში და მაშინ ორგანიზებულად კეთდებოდა ეს, მარტო ერთი და ორი ჯგუფი კი არ მიდიოდა. სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ და ვიცი, რაც არის ორგანიზებულობა. დავალება რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა პროფესორებიც იქნებოდნენ და სტუდენტებიც, 6 ათასი სტუდენტია სულ უნივერსიტეტში. იქ, „ჰილტონის“ დარბაზში კი, ბევრი ცარიელი ადგილი დარჩა“.

უნივერსიტეტის პროფესორს, სამართალმცოდნე ზურაბ კვირკვაიას ამ პროცესისგან შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სტუდენტებს პარტიასთან შეხვედრის შესახებ უფრო მოუწოდეს, ან მიანიშნეს, ვიდრე ინფორმაცია მიაწოდეს: „პირადად არ ვიმყოფებოდი იმ დღეს უნივერსიტეტში და, შესაბამისად, შეფასებებისას ვეყრდნობი მხოლოდ გადმოცემულ ინფორმაციას. ეს შეშფოთება მანკიერი წარსული გამოცდილების შედეგიცაა, რადგან ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ იყენებდნენ სხვადასხვა დროს სტუდენტებს პოლიტიკური მიზნებისთვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სტუდენტებისთვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გასცდა ინფორმირების ფარგლებს და ამან მონაწილეობისკენ მოწოდების თუ არა, მინიშნების ხასიათი მიიღო. ჰქონდა თუ არა ორგანიზებული ხასიათი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა შეხვედრაზე დასწრებას და რა ხარისხით, ამ თემაზე საუბარი მიჭირს. იმედს ვიტოვებ, ასე არ იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ არ ჩატარდა ცალკეული ლექციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღებელია მსგავსი მოქმედება, რადგან ეს ფაქტი, რამაც სტუდენტების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, არ ვფიქრობ, რომ შედის როგორც უნივერსიტეტის პრესტიჟის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ქვეყნის კიდევ უფრო მეტი დემოკრატიული განვითარების ინტერესებში.“

ფოტოზე: სტუდენტებთან შეხვედრა. ფოტო ზურაბ პატარაძის ფეისბუქგვერდიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: