მთავარი

რა შემთხვევაში აუქმებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პირობას

03.11.2016 • 1762
რა შემთხვევაში აუქმებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პირობას

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ამჯერად ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზეა“ დამოკიდებული _ ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლის უფლება, თუკი საქართველო ორმხრივი შეთანხმების წესებს დაარღვევს. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვიზალიბერალიზაციისგან ევროპაში დასაქმებას ელის? – „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს აკვირდება.

ბატონო ვანო, რა ეტაპზეა ამჟამად ვიზალიბერალიზაციის პროცესი?

ამჟამად ისევ მიდის დისკუსია ევროპარლამენტსა და ევროპის ქვეყნებს შორის ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზე“. რეალურად ეს მექანიზმი არსებობს 2013 წლის დეკემბრიდან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არაა მოქნილი, მისი ამოქმედება პრობლემურია. ეს საერთო წესია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს. ამჯერად მექანიზმის შეცვლაზე აღარაა საუბარი, არამედ ცვლიან ამოქმედების წესს, რომ უფრო მარტივად გამოიყენონ არსებული მექანიზმი.

კონკრეტულად რას გულიხმობს სწრაფი შეჩერების მექანიზმი, რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება?

ეს გულისხმობს გარკვეული პირობების დარღვევას. მაგალითად, თუკი გაიზარდა ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 3-4 პროცენტით გარკვეული პერიოდის მანძილზე, თუმცა არაა დაკონკრეტებული, ეს რა პერიოდი შეიძლება იყოს. ასევე, წერია, რომ ეს წესი ამოქმედდება, თუკი მკვეთრად იმატა ქვეყნიდან არალეგალურად დასაქმებულთა რაოდენობამ. ფართო ინტერპრეტაციის საგანია, რა შეიძლება ჩაითვალოს „მკვეთრ მატებაში“. ახლა მსჯელობის საგანია, ძირითადად, ვის უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, აამოქმედოს „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“.

აქამდე რომელ ქვეყნებთან მიმართებაში დადგა „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების საჭიროება?

აქამდე ლაპარაკი იყო, რომ ეს წესი უნდა ამოქმედებული, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში, როცა ძალიან გაიზარდა სერბეთიდან და ალბანეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ამ მექანიზმის ამოქმედებაზე აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ამას უნდა დათანხმებოდა ევროკავშირის თითქმის ყველა ინსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ამ პროცესში, მოქალაქეებმა ეს რისკები რომ გააცნობიერონ?

ხელისუფლება ორი დილემის წინაშე დგას. ერთი ის, რომ უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება აქტიურად, თუ რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უფლების არასწორად გამოყენებამ. მეორე მხრივ, ხელისუფლებას მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ უნდა შექმნას არასწორი მოლოდინები უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებაზე. შეჩერების მექანიზმის დახვეწას კიდევ რა ვადა დასჭირდება ზუსტად არავინ იცის. თუ გაიწელა ეს პროცესი, ამან შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს. ისიც უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ ვიზალიბერალიზციის პროცესის დასრულებას შეიძლება კიდევ დასჭირდეს დრო.

უვიზო მიმოსვლისგან ბევრი ელოდება დასაქმებას ევროპის ქვეყნებში. რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების იმედი?

ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანასთან ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში. საქართველო ევროკავშირთან ცალკე ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს ამ კუთხით. შეიძლება, ზოგადად გაცხადდეს ამასთნ დაკავშირებით… ჩვენ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ასეთი შეთანხმება გვაქვს: მაგალითად, საფრანგეთთან, თუ არ ვცდები, 2011 წელს დაიდო ხელშეკრულება, თუმცა რატიფიცირება საფრანგეთის მხრიდან არ მომხდარა და ეს დღემდე არ მოქმედებს. ეს გულისხმობდა სხვადასხვა პროფესიის მქონე 500-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას საფრანგეთში. მიზეზები უცნობია, რის გამო ვერ ამოქმედდა შეთანხმება საბოლოოდ. გვაქვს ასევე ხელშეკრულება გერმანიასთან, რაც, ძირითადად, ექთნების დასაქმებას გულისხმობს. არსებობს დასაქმების პირობა კონკრეტული კვოტებით ესტონეთშიც. ასე რომ, პატარ-პატარა პროექტები ლეგალურად დასაქმებისთვის არსებობს.

უვიზო მიმოსვლის უფლების მიღების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების საკითხის გააქტიურებას?

ლეგალურად დასაქმებას არ უკავშირდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ შეგვიძლია სხვაგვარად ვიაქტიუროთ. ფაქტია, რომ ევროპა ერიდება შრომითი მიგრანტების შეყვანას. ძალიან ბევრია სამუშაოა ამ მხრივ. მაგალითად, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოს საერთაშორისო მისიებს დაევალება მოიძიონ ვაკანსიებზე დეტალური ინფორმაცია და უნდა მოხდეს კვალიფიკაციის გადამოწმება. იგულისხმება გარკვეული ქსელის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს არალეგალურად დასაქმების რისკებს.

სექტემბერში ევროკომისარმა გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობების საკითხებში, იოჰანეს ჰანიმ თქვა, რომ ბევრი რამ პოლიტიკურ შეფასებაზეც არის დამოკიდებული. ამაში იგულისხმებოდა საპარლამენტო არჩევნების ხარისხი?

არჩევნების დროს არაერთი პოლიტიკოსი ცდილობდა საქართველოში, რომ ღიად დაეკავშირებინა უვიზო მიმოსვლა არჩევნებთან, მაგრამ აი, ამ ტიპის განცხადებების გარდა, რაც თქვენ ახსენეთ, რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მინახავს, სადაც ჩანს მსგავსი პირდაპირი კავშირი. ვიზალიბერალიზაციის პროცესში მთავარი იყო იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის სხდომაზე საკითხის გატანას. კონკრეტულად როდის მოხდება, ზუსტად არ ვიცი. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. იმედია, უახლოეს პერიოდში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის უფლებას.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: