Batumelebi | გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში – Batumelebi
RU | GE  

გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის კანონი არ ეხებათ.

ბათუმის საკრებულომ მერს, გიორგი ერმაკოვს, თანხმობა მისცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მუნიციპალიტეტებთან ერთად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ და სხვა უწყებებთან ერთად ბათუმის მუნიციპალიტეტი გახდეს ამ ორგანიზაციის პარტნიორი. ასეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა მთავრობაში აჭარის სოფლებისა და დაბების დასახლებებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ხელშეწყობის მიზნით ახსნეს. კომპანიამ წყალმომარეგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს უნდა უხელმძღვანელოს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება კომპანიის დასაფუძნებლად, ხოლო საპარტნიორო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტონ ერთობლივად.

შეთანხმების თანახმად, კომპანიის წილები ასე გადანაწილდება: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 26%; ბათუმის მუნიციპალიტეტი – 34%; ქედა – 4%; ხელვაჩაური – 11%; ხულო – 5%; ქობულეთი – 17%; შუახევი – 3%. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წილები მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, KFW -მ ამ ეტაპზე გამოყო ტრანში 20 მილიონი ევროს ოდენობით. აქედან 500 000 ევრო განკუთვნილია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის, რომელიც უკვე მიმდინარეობს. კვლევა დასრულდება 2017 წლის თებერვალში. შემდგომი ეტაპია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის გამოვლენა და საპროექტო სამუშაოები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია IGR Eptisa ატარებს, რომელსაც ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს გაფორმებული. სატენდერო წინადადების მიხედვით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს აჭარის სადაბო და სასოფლო მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. პროექტმა, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს გარემოს დაცვას წყლის რესურსების შენარჩუნების თვალსაზრისით.

„მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, KFW აჭარის მთავრობას მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის სამუშაოებში 2005 წლიდან უჭერს მხარს. ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო წყალმომარაგებისა და ჩამდინარი წყლის გაწმენდისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისთვის უკვე 115 მილიონზე მეტი ევროა დახარჯული.

ბათუმში გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის 1 კუბ/მ მოხმარებულ წყალზე ტარიფი 51 თეთრია, კომერციული ორგანიზაციებისთვის – 4 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის – 3,5 ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი