Batumelebi | გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან – Batumelebi
RU | GE  

გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით სარკეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის გამართვას ადგილობრივები თვითმართველობას პეტიციით სთხოვენ. გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ვისაც ეს მაგისტრალი ეკუთვნის, მოსახლეობის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. აქ ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება, თუ აჭარის მთაში საპატრულო პოლიცია იარსებებს.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მაღალმთიანი აჭარის მონაკვეთზე, წლის განმავლობაში ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით სრულდება. ორ ახალგაზრდა დაიღუპა ავტოავარიის შედეგად გასულ კვირასაც, ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, სოფელ გობრონეთთან. ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან მდინარე აჭარისწყალში ჩავარდა. სამი მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.

ზუსტად გზის იგივე მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ორი წლის წინაც.

საავტომობილო გზის ეს ნაწილი რთულ მონაკვეთადაა მიჩნეული და აქ ავტოავარიის შემთხვევები გაცილებით ხშირია. მსგავსი სირთულის მონაკვეთები ბათუმი-ახალციხის გზაზე იშვიათობა ნამდვილად არ არის – მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი ქედაში, სოფელ დოლოგანთან მდებარეობს, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე წელს სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სტატისტიკური მონაცემებით, ავარიები, ძირითადად, გადამეტებული სიჩქარით არის გამოწვეული. ასეთ ფონზე, საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური ბარიერები თუ რადარები თითქმის არ არსებობს.

ცენტრალურ მაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების მიზნით სარკეებისა და შესაბამისი ინფრაქტრუქტურის მოწყობას ქედის მოსახლეობა ახლა პეტიციით ითხოვს. პეტიცია, რომელსაც 300-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, ქედის საკრებულოში 26 აგვისტოს შევიდა.

„საავტომობილო გზების სახიფათო მონაკვეთებში არ არის სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები და საგზაო ნიშნები განთავსებული, რაც ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, – წერია პეტიციაში. პეტიციის ხელმომწერი და წარმდგენი სოფელ პირველ მაისის მკვიდრი ვლადიმერ თებიძე ამბობს, რომ გამგეობა ამ მოთხოვნის შესრულებას ქედელებს 2017 წლისთვის ჰპირდება.

„გამგეობამ გვიპასუხა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, თანხის გამონახვას შეეცდება და ამ პრობლემას თვითმართველობის პრიორიტეტში შეიტანს“, – ამბობს ვლადიმერ თებიძე.

გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან.

გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე კი ამბობს, რომ პრობლემა, რის მოგვარებასაც ადგილობრივები თვითმართველობისგან ითხოვენ,  მათ კომპეტენციას სცდება.

„ცენტრალური საავტომობილო გზა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად ჩვენ რაიმეს მოწყობას ვერ გადავწყვეტთ, ხოლო იმ შიდა საუბნო გზებზე, რაც ჩვენი საკუთრებაა თუ შემოვა პეტიცია საკითხს განვიხილავთ და თანხებს გამოვყოფთ“ – ამბობს გამგებელი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზა მეოთხე კატეგორიის მაგისტრალია და ის საქართველოს სააბტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, გზებზე ინფრაქსტრუქტურის მოწყობა დეპარტამენტის პრეროგატივაა, მოსახლეობის მოთხოვნას – საავტომობილო მაგისტრალზე ინფრასტრუქტურა მოეწყოს, ზურაბ სიხარულიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მაგისტრალის, მაღალმთიანი აჭარის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა გამართულია, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას ის საპატრულო ეკიპაჟის არარსებობით ხსნის.

„აქ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მძღოლების მოძრაობაა მოუწესრიგებელი, პატრული რომ არ არის, ამიტომ დადიან გადამეტებული სიჩქარით. საჭიროა პატრულის ეკიპაჟმა იმოძრაოს აღნიშნულ მონაკვეთზე. ამ მიმართულებით 2013-14 წლებში მდინარისა და ხევების მხარეს რკინ-ბეტონის პარაპეტები და ლითონის ბაგირები მოეწყო, გასულ კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე პირველია, შემთხვევის ადგილზე მონაკვეთის გასაფართოვებლად დეპარტამენტს წერილობით მივმართე, დაგეგმილი გვაქვს გავაფართოოთ გზა“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, დამცავი პარაპეტი არ იყო. აქ ამბობენ, რომ ავარია წინა დღითაც მოხდა. პარაპეტი სწორედ მაშინ გადავარდა ხევში, თუმცა ავტომობილი აღარ გადაჩეხილა. დამცავი პარაპეტი ჯერ არ აღუდგენიათ.

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე, რიგ ადგილებზე, გზის გაფართოებასა და ქვათაცვენის საფრთხის ასაცილებლად ბადეების მოწყობის საჭიროებაზე საუბრობს:

„მას შემდეგ, რაც გზაზე დამცავი პარაპეტები და ჯაჭვები მოეწყო, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილის გზიდან ხევში გადავარდნის ფაქტები. ამ მხრივ ნაბიჯები ისევ უნდა გადაიდგას. არის მონაკვეთები, სადაც გზების გაფართოებაა საჭირო. ქვათა ცვენის შესამცირებლად კი დამცავი ბადეები უნდა მოეწყოს. ბევრი რამ მძღოლებზეცაა დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ. ასევე, უნდა გამკაცრდეს ზომები იმათთვის, ვინც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში, ან გადამეტებული სიჩქარით მართავს“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი