მთავარი,სიახლეები

აპირებს თუ არა ბათუმის ოლქი პირველ უბანზე გადაღებული ვიდეოს შესწავლას

02.11.2016 • 1697
აპირებს თუ არა ბათუმის ოლქი პირველ უბანზე გადაღებული ვიდეოს შესწავლას

„ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ რატომ უნდა განვიხილოთ?” – ასე გვიპასუხა ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ კითხვაზე, როდის მოახდენდა ოლქი რეაგირებას პირველ უბანზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერზე?

ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ დღეს, 2 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მასალა დადო, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრები კენჭისყრის შენობაში “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვებას ზეიმობენ და ცესკოს უნიფორმებს აფრიალებენ. 

ცესკოს ინფორმაციით ეს შემთხვევა ოლქმა უნდა განიხილოს. “ცესკო რასაც გვეტყვის, იმის მიხედვით გავაკეთებთ,” – გვითხრა ციალა შავაძემ, თუმცა აღარ უპასუხა მორიგ შეკითხვას, რატომ არ ჩათვალა ოლქმა საჭიროდ ფაქტზე რეაგირება ცესკოს დავალების გარეშე.

ციალა შავაძემ რამდენიმე წუთში თავად დაგვირეკა ტელეფონზე და გვითხრა, რომ პირველ უბანზე გადაღებული ვიდეო ჯერ მხოლოდ მან ნახა და “როცა კომისიის სხვა წევრებიც ნახავენ, შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”. მან ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა, როდის განიხილავს ოლქი პირველი უბნის ამბავს.

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოლქი პირველი უბნის შემთხვევას არ განიხილავს?“ – ცესკოში გვითხრეს, რომ ოლქი რეკომენდაციას გაითვალისწინებს. „საოლქო საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს აღნიშნულ საკითხს, რაც კომისიას ჯერ არ დაუწყია. საუბარია საარჩევნო მოხელის ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით. თუკი ოლქი არ განიხლავს, ამაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ცესკოსაც აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება“ – გვითხრა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრესსპიკერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: