მთავარი,სიახლეები

კომაროვის შაბათის სკოლა ბათუმში

07.11.2016 • 7531
კომაროვის შაბათის სკოლა ბათუმში

ბათუმში კომაროვის მათემატიკური სკოლა მესამე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, შაბათ-კვირის სკოლაში 220 ბავშვი სწავლობს. კომაროვის შაბათის სკოლა აჭარაში ერთადერთია. ამ სკოლიდან თბილისის კომაროვის სკოლაში სულ ხუთი ბავშვი წავიდა სასწავლებლად. მთლიანად რეგიონიდან კი თბილისის კომაროვის სკოლაში ათი ბავშვი სწავლობს.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლის მენეჯერის, ზაურ სოლომონიძის თქმით, მათ სკოლაში მოსწავლეების ზრდას, სწავლების ხარისხი და მეთოდოლოგია განაპირობებს. შაბათის სკოლაში პირველ წელს 180 ბავშვი სწავლობდა, წელს კი 220 მოსწავლე სწავლობს.

რითი განსხვავდება კომაროვის სკოლის სისტემა საჯარო სკოლისგან და რატომ ვერ აღწევენ წარმატებას მოსწავლეები დამატებითი გაკვეთილების გარეშე?

ზაურ სოლომონიძის თქმით, შაბათის სკოლა რამდენიმე მიზანს ემსახურება. „პირველი მიზანი უნარების ჩამოყალიბებაა. დღევანდელი საჯარო სკოლის სისტემა მიიჩნევს, რომ უნარები სააბიტურიენტო საფეხურზე უნდა ისწავლებოდეს, რათა ბავშვმა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა. ეს არასწორია. უნარები ბავშვს იმისთვის სჭირდება, რომ კარგად ისწავლოს ლოგიკური აზროვნება.

ჩვენ ლოგიკური ამოცანებით ვავითარებთ მოსწავლეების უნარ-ჩვევას. როცა ბავშვი შაბათის სკოლის პროგრამას გადის, მისთვის ძალიან ადვილია შემდგომი ცოდნის მიღება, მას აღარ სჭირდება მე-12 კლასში დამატებითი მომზადება. მეორეა ის, რომ საჭიროა შეიქმნას პოლუსი. არავისთვის არ არის დასამალი, რომ თბილისში კომაროვის სკოლა არის მათემატიკური ცოდნის ცენტრი და სხვა სწავლებებისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“.

ზაურ სოლომონიძის თქმით, გარდა მეთოდისა, შაბათის სკოლის უპირატესობა საჯაროსთან მიმართებით იმაში მდგომარეობს, რომ საჯარო სკოლაში, სადაც კლასში მინიმუმ 30-35 მოსწავლე ზის, ერთი წუთიც კი არ მოდის ერთ ბავშვზე ინდივიდუალურად სამუშაოდ. შაბათის სკოლაში კი კლასში 15 მოსწავლე ზის. „ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ბავშვს მინიმუმ 4 წუთი ეთმობა, რაც საკმაოდ ბევრია“, – ამბობს სკოლის მენეჯერი.

მისი თქმით, შაბათის სკოლაში ის ბავშვები სწავლობენ, ვინც მათემატიკა გარკვეულ დონეზე იცის. „ჩვენ აქ არ ვასწავლით მათემატიკას, არამედ ლოგიკურ უნარებს. თუ ბავშვი კვადრატულ განტოლებას ხსნის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან იცის კვადრატული განტოლება. მთავარია, მან იცოდეს ამ ამოცანის ამოხსნის განსხვავებული მეთოდები“.

კომაროვის სკოლაში ბავშვები მე-3 კლასიდან კონკურსის გარეშე ირიცხებიან. ცოდნის შემოწმება კი მე-5, მე-6 კლასებში ხდება. „ეს არის გარდამტეხი პერიოდი. ჩანს, ბავშვს აქვს მიდრეკილება და მათემატიკური ნიჭი თუ არა“, – გვეუბნება ზაურ სოლომონიძე.

მისი თქმით, მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ რაში სჭირდება ცოდნა: „ჩვენ ვცდილობთ ბავშვს უნარები განუვითაროთ. მოსწავლე, რომელიც ჩვენს პროგრამას ძლევს, სხვა საგნებსაც წარმატებით სწავლობს“.

შაბათის სკოლა ფასიანია. თბილისის კომაროვის სკოლაში კი სწავლა უფასოა. იქ რეგიონებიდან ჩასული მოსწავლეები ცხოვრობენ პანსიონში, სადაც უფასო კვებაც აქვთ.

თბილისის კომაროვის სკოლის ოფიციალური სტატუსი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის  ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლაა.

სკოლის პიარსამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გიგანის ინფორმაციით, სკოლაში 1 100 მოსწავლე სწავლობს. შაბათის სკოლის ბავშვებისთვის კი, რომლებიც რეგიონებიდან ირიცხებიან, 50 ადგილია განკუთვნილი. „სკოლაში მიღება მე-7 კლასიდან იწყება და კონკურენცია ძალიან მაღალია. ერთ ადგილზე 7-8 ბავშვი მოდის. გამოცდებს განათლების ეროვნული ცენტრი ატარებს. ბავშვი, რომელიც ბარიერს ძლევს, კომაროვის სკოლაში ირიცხება და პანსიონით სარგებლობს“, – გვეუბნება გიორგი გიგანი.

სკოლას წარმატებები აქვს საერთაშორისო დონეზე. „ბოლო წლებში, საერთაშორისო ოლიმპიადებსა და შეჯიბრებში ძირითადად ოქრო გვაქვს აღებული. ბოლოს გოგონების გუნდი იყო წასული და ისინიც ოქროთი დაბრუნდნენ“, – გვეუბნება ის.

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები, ძირითადად, სამეცნიერო ან ტექნიკური მიმართულებით აგრძელებენ სწავლას და როგორც პიარის სამსახურში გვეუბნებიან, ძირითადად უცხოეთში.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლაში ფიზიკის მიმართულება არ არის. ზაურ სოლომიძე გვეუბნება, რომ ამ მიმართულების გახსნასაც აპირებს: „ვფიქრობ, შევძლებ კადრების მოძიებას და ახალი კადრების გაზრდას ფიზიკაში. მინდა ისეთი სკოლა გავაკეთო, როგორიც თბილისშია; პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით რომ შეეძლოთ ბავშვებს სწავლა. შენობა გვაქვს და იმედია ავტორიაზაციას გავივლით“, – გვეუბნება ზაურ სოლომონიძე.

ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლაში მხოლოდ შაბათ-კვირას სწავლობენ. დანარჩენ დღეებში კი  სკოლაში დამხმარე მეცადინეობა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება.

კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ლელა დუმბაძე

კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეები.
ფოტო: ლელა დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: