სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს.

ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის დაუყოვნებლივ მოწყობის რეკომენდაცია მისცეს. მეწყერი ქათამაძეების სახლთან წლის დასაწყისში, 4 თებერვალს განვითარდა.

„ღამის ათი საათი იქნებოდა, როდესაც მეწყერი წამოვიდა. ფერდობიდან ჩამოსული მიწა სახლს მოადგა და საძირკველი დაფარა. მაშველებმა მეზობლად გადასვლა მირჩიეს, თუმცა იმ ღამეს სახლში დავრჩით. მიწის ქვეშ ჩაიმარხა ის სანიაღვრე არხი, რითაც მთიდან წყალი მქონდა გამოყვანილი. გარდა ამისა,  მიწა დაიბზარა ბაღჩაში და დაიწია კიდეც. 24 წელია აქ ვცხოვრობთ, მაგრამ სახლთან სტიქია არასდროს განვითარებულა“, – გვიყვება ემზარ ქათამაძე.

გეოლოგების დასკვნის თანახმად, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისთვის ეზოდან მიწის მასის გატანისა და ფერდსამაგრი სამუშაოების გარდა საჭიროა ზედაპირული წყლების არხებში მოქცევა. სამუშაოები პროექტის მიხედვით, ინჟინერ-კონსტრუქტორების რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეწყრული პროცესების შემდგომი გააქტიურება საფრთხეს შეუქმნის საცხოვრებელი სახლის მდგრადობას. „პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოჯახის დროებით, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“, – წერია გეოლოგიურ დასკვნაში.

ამ დასკვნის დაწერიდან თითქმის ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ქათამაძეებმა საკუთარი ძალით ვერც ფერდობიდან ჩამოსული მიწის გატანა შეძლეს და ვერც დამცავი კედლის მოწყობა. სტიქიის განვითარებიდან დღემდე კი თითქმის ათი თვე არის გასული. ამ პერიოდში ოჯახმა ორი შენობა გამოიცვალა, ბოლოს კი – ერთი კვირის წინ  ისევ საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ.

„როცა სტიქია განვითარდა, მუნიციპალიტეტს თხოვნით მივმართე. გამგეობამ გეოლოგიური დასკვნის გარეშე ვერ ვიმოქმედებთო. მათთან შეთანხმებით ერთი კვირის შემდეგ სოფლის ყოფილ დაწყებით სკოლაში, ხის ერთსართულიან შენობაში ორი ოთახი დაგვითმეს, რომელსაც არც სხვენი ჰქონდა, არც წყალი და არც საპირფარეშო. ორი ოთახიდან ერთი საძინებლად ვაქციეთ, მეორეს კი საძინებელთან ერთად, სამზარეულოსა და სააბაზანოს ფუნქცია ერთდროულად ჰქონდა. შენობის საძირკველი და კიბეები გავამაგრე, წინა ნაწილი გადავხურე“, – გვიყვება ემზარი.

15227927_1173903669372004_561871830_n
ქათამაძეების საკარმიდამო / სოფელი ტაკიძეები

ემზარი ყოფილი სკოლის შენობაში, რა თქმა უნდა, ცოლ-შვილთან ერთად გადავიდა. „იქ ცხოვრება განსაკუთრებით რძალს გაუჭირდა, ორსულად იყო, შენობა არ თბებოდა, წყალი ჩვენ არ გვქონდა და მინიმალური საცხოვრებელი პირობები, შენობაში ქვეწარმავლები შემოდიოდნენ. თებერვლიდან ოქტომბრამდე იქ დავრჩით. როცა არჩევნები მოახლოვდა, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელში ამოსულმა გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ,  მაჟორიტარმა კანდიდატებმა – ხვიჩა შარაშიძემ და ანზორ ბოლქვაძემ გვითხრეს, ბავშვი რომ დაიბადება, ამ შენობაში არ მოიყვანოთ, სახლი დაიქირავეთ და ქირას ჩვენ გადავიხდითო. შვილიშვილი ოქტომბერში დაიბადა და ჩვენც  ნათესავის სახლში ოქტომბერში გადავედით. სახლის მეპატრონისთვის 300 ლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა გამგეობამ  სახლის ქირა არ გადაგვიხადა… 40 დღე დავრჩით იქ. ბოლოს კი ჩვენს დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავუბრუნდით“, – ყვება ემზარის ცოლი ციალა.

ემზარის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან დამცავი რკინა-ბეტონის საფარი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა გაეკეთებინა, თუმცა მას მშენებლობა ჯერ არც დაუწყია.

„ვიცი, ტენდერს დრო სჭირდება, მაგრამ თითქმის ერთი წელი? მეუბნებიან მოითმინეო. რამდენხანს მოვითმინო? ერთხელ რომ მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი, იმის შემდეგ არავინ გამოჩენილა. მე არ ვითხოვ 300 ლარს ყოველთვიურად, არ ვითხოვ ბინას, მე ვითხოვ უსაფრთხო ადგილზე გადამიყვანონ, ვიდრე დამცავ კედელს გააკეთებენ. ახლა ზამთარია, წვიმა დაიწყება, ჩამოთოვს და აქ ჩვილი ბავშვი როგორ ვაცხოვრო?“

ქათამაძეების ხუთსულიან ოჯახში მხოლოდ ციალა მუშაობს, ის ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიას ალაგებს – დღეში 7 ლარს უხდიან. ამბობს, რომ სექტემბერში 13 დღე იმუშავა და 100 ლარი აიღო, ციალას ხელფასთან ერთად, რომელიც საარსებო მინიმუმს არ აღემატება, ოჯახის შემოსავალი რძის ნაწარმია, რომელსაც ციალასგან ხიჭაურის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ყიდულობენ.

„სამი ძროხა მყავს, ზოგჯერ რძეს ვყიდი, ზოგჯერ – ყველსა და მაწონს, ბავშვისთვის საკვები მომაქვს, აბა, ჩემი ხელფასი რას გვეყოფა. შვილი სტუდენტია, სტუდენტია ბარბარეს დედაც. ჩვენი მთელი სიმდიდრე ეს ხის სახლია. ამის მიუხედავად, მაინც 167 000 ქულა მოგვანიჭეს“, – ამბობს ციალა.

ემზარი პროფესიით იურისტია, ერთ დროს შუახევის სასამართლოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სასამართლო გაუქმდა, უმუშევარი დარჩა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ქათამაძეების მსგავსად შუახევში ორი ოჯახია და ორივე ქირით გამგეობას უსაფრთხო ადგილზე ჰყავს გადაყვანილი.

გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ ქათამაძეებს გამგეობა თვის განმავლობაში ბინის დასაქირავებლად 200 ლარს გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამ თანხით ბინის ქირაობას ვერ შეძლებს, გამგეობა ფართობს თვითონ გამოუნახავს.

ამ ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.

„ემზარ ქათამაძის ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ფინანსურად გამგეობა უზრუნველყოფს. მათ ქირას პირველი ნოემბრიდან გადავუხდით“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

ქობულეთში შვილი სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა დაფიქსირდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი რ. ბეჟანიძე სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა. მომხდარის შესახებ „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მეზობლები მოუყვნენ.

„ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლილი იყო, ცოლი არ ჰყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- გვიყვება ციხისძირის მკვიდრი, ცირა ბ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გოდერძი იხსნება, გომარდული – არა

ზამთრის კურორტი „გოდერძი“ 10 დეკემბერს გაიხსნება. სახელმწიფო შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ამ კურორტს ბაკურიანის „დიდველთან“ და გუდაურთან ერთად გახსნის. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „გოდერძს“ კომპანიის ხელმძღვანელთან, სანდრო ონოფრიშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გახსნიან. კურორტის გახსნაზე სპორტული სკოლების „ქედლებისა“ და „დანისპარაულის” ბავშვები სახალისო შეჯიბრებებს მოაწყობენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაიხსნება აჭარის კიდევ ერთი ზამთრის კურორტი – გომარდული. კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება დღემდე აჭარის მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. მოთხოვნა მიწის დავალიანების, 400 ათასი ლარის ჩამოწერა ან გადავადებაა.

„ვიდრე პასუხს არ მივიღებთ აჭარის მთავრობისგან, კურორტის გახნის უფლება არ გვაქვს. თავიდან ვიცოდით, რომ მიწის გადასახადს 15 წელი არ გადავიხდიდით, შემდეგ მოგვთხოვეს. ჩვენი ერთ-ერთი აქციონერი ხვიჩა შარაშიძეა, პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“. ის დაგვპირდა, რომ შეგვახვედრებს ზურაბ პატარაძეს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯემალ დარჩიძე, სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ დირექტორი.

გომარდულთან დაკავშირებით ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ 18 ნოემბერს თქვა, რომ პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს პერიოდში შეეცდებოდა: „გომარდულის პრობლემა ცნობილია ჩემთვის. ამ პროექტში მუშაობდა ერთ-ერთი ჩვენი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე. უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა ბიზნესჯგუფთან, ვინც უშუალოდ დაიწყო ეს პროექტი და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ. ჩვენ ვიმსჯელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩამოეწეროთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო დონის კურორტს.“

თუკი დავალიანების პრობლემა მოგვარდება, მოახერხებს თუ ვერა გომარდული ამოქმედებას? – კითხვაზე ჯემალ დარჩიძემ გვიპასუხა, რომ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი: „ძირითადი ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია, ჩვენ იქ ზედამხედველიც გვყავს… თუკი მთავრობის ნება იქნება, შესაძლებელია კურორტის ამოქმედება ამ ზამთარში“.

 

პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა

რეზო ტაკიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ ის პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა, ხოლო ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ და სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილი, ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. ის დღემდე ამ თანამდებობას ინარჩუნებს.

„შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – უთხრა მოსამართლეს რეზო ტაკიძემ.

სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია ირაკლი შაქარიშვილს. 6 პოლიციელის ჩვენების მიხედვით კი, რეზო ტაკიძე სარფის საბაჟოზე არ დაუკავებიათ და ის წერილობითი შეტყობინების შემდეგ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელების თქმით, რეზო ტაკიძე გამოკითვის დროს გახდა აგრესიული, დაამტვრია პოლიციელის კომპიუტერი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს. ექსპერტიზით დადგენილი დაზიანებები სხეულზე, სამართალდამცველების მტკიცებით, რეზო ტაკიძეს დაკავების დროს მიადგა, წინააღმდეგობის გაწევის დროს.

„ეს ჩვენებები არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მოსამართლისათვის. დაუჯერებელია, პოლიციის შენობაში საკუთარი ფეხით მისულ ადამიანს გაეწია ისეთი სახის წინააღმდეგობა, რომ დაზიანებები გამოიწვია მისმა დაკავებამ, დაემტვრია კომპიუტერი და ასე შემდეგ. სარფის საბაჟომ უარი გვითხრა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე, რითაც დადასტურდებოდა, რომ რეზო საბაჟოზე დააკავეს და იქედან წაიყვანეს. ჯერ არ ვიცით, მოითხოვს თუ არა რეზო ტაკიძე ამ პოლიციელების მიმართ გამოძიების დაწყებას,” – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ტაკიძის ადვოკატმა, მერი ცინარიძემ.

რეზო ტაკიძეს სამოქალაქო წესითაც შეუძლია იდავოს პოლიციელების წინააღმდეგ – მიყენებული მორალური ზიანის გამო. მანამდე პროკურატურამ უნდა გადაწყვიტის, გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას.

ამავე გადაწყვეტილებით, რეზო ტაკიძე 300 ლარით დააჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხვისი ნივთის, კომპიუტერის დაზიანების გამო. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდა. სასამართლო დარბაზიდან ის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გაათავისუფლა დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ.

ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს ყველაზე მეტი თანხის – 2 მილიონ 435 700 ლარის დახარჯვას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე აპირებს. 1 მილიონ 408 000 ლარი ქედაში განათლებას, 1 506 100 ლარი კი კულტურის სფეროს მოხმარდება. ყველაზე ნაკლები თანხა _ 806 300 ლარი ჯანდაცვაზეა გამოყოფილი.

ქედა
ქედა

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას მოხმარდება. ფერდსამაგრი კედლების მოწყობისთვის გამგეობა 2017 წლისთვის ბიუჯეტიდან 600 000 ლარის გამოყოფას გეგმავს, 500 000 ლარი დაბა ქედაში, აკავრეთას უბანში ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს. ძვირადღირებულ პროექტებს შორისაა სოფელ ხარაულა-ჯალაბაშვილებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობისა და ზუნდაგის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობის პროექტი, რაზეც 170 000 ლარია გათვალისწინებული. სოფელ მეძიბნაში სამედიცინო პუნქტისა და სოფლის სახლის მშენებლობა-ინვენტარის შესაძენად 166 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ქედის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოციალური სახლის მშენებლობაც, რაზეც 230 000 ლარია გაწერილი.

2017 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმა-პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ვაჟა ბოლქვაძეს _ ქედის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მოვითხოვეთ გამგეობამ მომავალი წლის ბიუჯეტში სოფელ ახოში ბაგა-ბაღის მშენებლობა გაითვალისწინოს. ახო ქედაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, 220 კომლი ცხოვრობს. ამხელა სოფელი რჩება საბავშვო ბაღის გარეშე და ბაღს იქ აკეთებენ, სადაც ცოტა ხალხია. ასევე მოვითხოვე „აიპებში“ დასაქმებულ თანამშრომლებს ხელფასი 30%-ით გაუზარდონ; შემუშავდეს ჩიყვისა და ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მიზნობრივი პროგრამა და სოციალურად დაუცველებს შესაბამისი მკურნალობა გაეწიოთ. გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. ასევე აუცილებელია ქედის გაზიფიცირება. დაბა ქედაში, აკავრეთასა და ეკნარას უბნებში, ბინებში მცხოვრებ მოსახლეობას საშეშეების მოსაწყობად ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოს“.

შუახევი

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტთან შედარებით 49 223 ლარით ნაკლებია შუახევის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. შუახევის მომავალი წლის  ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 8 მილიონ 177 ლარია. აქედან 265 300 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება.

შუახევის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე იმედოვნებს, რომ 2017 წელს მათი ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით გაიზრდება.

39916
შუახევი

„2017 წლის ბიუჯეტის გეგმით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მილიონ 593  ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა – 2 მილიონ 267 000 ლარი გარდამავალ პროექტზე, ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მშენებლობაზეა გაწერილი. ასევე დიდი თანხა _ ნახევარი მილიონი ლარი ფერდსამაგრი კედლების მოწყობას მოხმარდება. ამ თანხას აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მივიღებთ. 233 000 ლარი წყალსადენის სათავეებში საფილტრი დანადგარების მოწყობას მოხმარდება. მომავალი წლის ბიუჯეტი შესაძლოა გაიზარდოს, ფინანსთა სამინისტროდან წერილს ველოდებით“, – ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი და დასძენს, რომ მოსახლეობა შუახევში ბაგა-ბაღების, მინისტადიონების მშენებლობასა და გზების გამართვას ითხოვს.

„ბაღის გახსნას ითხოვენ როგორც ბუთურაულის, ასევე წყალსაყრისა და ქიძინიძეების თემებში. აქედან ერთ-ერთ თემში მოვაწყობთ ბაღს, თუმცა რომელ თემში, საბოლოოდ 10 დეკემბრამდე  გადაწყდება“, – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

საკუთარი შენიშვნები აქვს შუახევის საკრებულოსაც. ამ საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე ამბობს, რომ გამგეობას ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრების შენიშვნებით დაუბრუნა. მისი თქმით, ძირითადად შენიშვნები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.

„მოვითხოვეთ დაბის ტერიტორიიდან მუნიციპალურ საავადმყოფომდე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა, სოფელ ოქროპილაური-გორხანაულის გზაზე ბეტონის დაგება, სოფელ ინწკირვეთისთვის სოფლის სახლის მოწყობა, ჭყანისის ამბულატორიისთვის ავტომანქანის შეძენა, სოფელ ნიგაზეულსა და ჩანჩხალოში სასმელი წყლის მიყვანა. საკრებულოს, მთლიანობაში, 19-მდე შენიშვნა აქვს. ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სასმელი წყლით უზრუნველყოფას რამდენიმე მილიონი სჭირდება, რადგან წყალი 22 კილომეტრის სიშორიდან უნდა მოვიყვანოთ. ვფიქრობთ, 2017 წელს დავიწყოთ პროექტის განხორციელება და გაგრძელდეს მომავალ წელს. ჰესების მშენებლობის დროს, გვირაბის გაყვანისას, ამ სოფლებში სასმელი წყარო დაიკარგა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. მისი გათვლებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის მინიმუმ 600 000 ლარი უნდა გამოიყოს.

ხულო

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ 2017 წელს დაახლოებით 9-მილიონიანი ბიუჯეტიდან 3 305 000 ლარი ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება, 1 472 200 ლარი – განათლებას, ხოლო 1 650 970 ლარი – კულტურას. აქაც ყველაზე ნაკლები თანხა ჯანდაცვაზეა გამოყოფილი – სულ 688 600 ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა  – 571 000 ლარი მთა საჯოგიადან  ნეგოიმდე სასმელი წლის მიყვანაზე დაიხარჯება, 550 000 ლარი კი – დაბაში არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე. 180 000 ლარი ზემო ვაშლოვანში, 170 000 ლარი სოფელ ბეღლეთში და ამავე ოდენობის თანხა სოფელ ბოძაურში ბაღების მშენებლობას მოხმარდება.

ხულო
ხულო

ხულოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ კოჩალიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ხულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით 11 შენიშვნა ჰქონდათ: „მოვითხოვეთ, ყველა სოფელში, საჭიროებიდან გამომდინარე,  ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს ეტაპობრივად. რიგ სოფელში წყლის პრობლემაა, ზოგან სანიაღვრე არხების – ამის მიხედვით გავაკეთეთ შენიშვნები და გადავუგზავნეთ გამგეობას. ჩვენი მოთხოვნაა სოფელ რაგვთაში საბავშვო ბაღი მოეწყოს, აქ 34 ბავშვია და სოფელი საჭიროებს საბავშვო ბაღს. გვინდა ღორჯომში სახანძრო ავზი მოეწყოს და არსებული გარემონტდეს, ასევე, საციხურში – სანიაღვრე არხები, აგარაში კი სასოფლო გზა, დიოკნისში კულტურის სახლი მოეწყოს. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, ამ მიმართულებით 20 000 ლარის გამოყოფა მოვითხოვეთ, რომ ასთმით დაავადებულებისთვის წამლები შევიძინოთ“.

ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი, ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ გამგეობა მხოლოდ არგუმენტირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამამართლებელი განაჩენი ქურდობის საქმეზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ფანცულაია. მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და მიმდინარე წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გამოძიება ბრალდებულს არაერთგზის ქურდობას და სხვის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ივლისში ახლო ნათესავის ბინაში შევიდა და ლეპტოპი მიისაკუთრა.

“გამოძიების ეტაპზე მთავარმა მოწმემ გამომძიებელს უთხრა, რომ მისი საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, მაგრამ იგივე მოწმემ მოგვიანებით დაცვის მხარეს გვითხრა, რომ თვითონ იცოდა, ლეპტოპი რომ ალექსანდრეს შეიძლებოდა წაეღო და ბინაში შესვლაც შეთანხმებული იყო. მოწმემ თქვა, რომ ლეპტოპი მის დას ეკუთვნოდა და მან მიმართა შემთხვევის დროს პოლიციას,” – გვიყვენბა გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების იურისტი.

დადგება თუ არა საქმეში გამოკითხული მთავარი მოწმის პასუხისმგებლობის საკითხი – გვანცა თურმანიძე და სხვა დამოუკიდებელი იურისტები ამას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რამდენად ჩათვლის გამოძიება, რომ ჩვენება არსებითად შეიცვალა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე ფანცულაიას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის შეთავაზებას ზაალ მიქელაძე არ ადასტურებს

რამდენიმე წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აჭარის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებენ ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების კანდიდატურებს კი მთავრობაში ჯერ კიდევ განიხილავენ.

„ბათუმელების“ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. ზაალ მიქელაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორია აჭარაში.

თავად ზაალ მიქელაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას შეთავაზება მინისტრის თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია.
ზაალ მიქელაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მე-17 ნომერი იყო.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ცხრა წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა. რამდენი ოპერაცია გაკეთდა ამ დროის მანძილზე? – ამ და ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა ქაშიბაძე გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჰოსპიტალში.

კახა ქაშიბაძე

– ბატონო კახა, ღვიძლის გადანერგვის სულ რამდენი ოპერაცია ჩატარდა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში?

– პირველი ოპერაცია 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა. იქედან დღემდე, ორი წლის მანძილზე, ჩავატარეთ ღვიძლის გადანერგვის ცხრა ოპერაცია და ვემზადებით მეათე ოპერაციისთვის. იმედი გვაქვს, 14 დეკემბრამდე შევძლებთ მეათე ოპერაციის ჩატარებასაც. მინდა გითხრათ, რომ ყველა ოპერაცია დასრულდა წარმატებით, დღეს ყველა პაციენტი არის ჯანმრთელი და აგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას.

– ყველაზე რთული ოპერაცია რომელი იყო აქედან?

– თავისუბურად რთული იყო ყველა ოპერაცია. ზოგიერთი პაციენტი იყო ძალიან მძიმე და ეს განაპირობებდა სირთულეს, ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია იყო ტექნიკურად რთულად შესასრულებელი, თუმცა ორ პაციენტს გამოვყოფდი, რადგან ორივეს მკურნალობა საკმაოდ გახანგძლივდა, ორივე მათგანს დამატებითი ჩარევა დასჭირდა. ამჟამად ორივე თავს კარგად გრძნობს, ერთი გემზე აპირებს სამუშაოდ წასვლას და მეორე კაფეს დირექტორად მუშაობს.

– როგორც ვიცით, საქართველოში მხოლოდ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია ჩატარებული ამ რაოდენობის ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია. სხვა ქალაქებშიც იყო მცდელობა?

– დიახ, თბილისში იყო გადანერგვის მცდელობა ოთხ დაწესებულებაში. ორი წარუმატებლად დასრულდა და ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაკეთდა ოთხი ოპერაცია, საიდანაც სამი წარმატებულია და ერთი – წარუმატებელი.

– საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია და სამედიცინო პერსონალის რა რაოდენობა მონაწილეობს ამ პროცესში?

– შეიძლება ითქვას, მთელი კორპორაცია მონაწილეობს ამ პროცესში. ბევრი ადამიანია ჩართული დაწყებული ადმინისტრაციიდან, სააფთიაქო სამსახურიდან, ლაბორატორიებიდან და ასე შემდეგ. უშუალოდ ოპერაციის პროცესში დაახლოებით 30 ადამიანია ჩართული, მათ შორის საინჟინრო პერსონალიც კი. ოთხი ანესთეზიოლოგი და რვა ქირურგი მონაწილეობს ამ ოპერაციის პროცესში.

– თავიდან ოპერაციების გაკეთება დაიწყო უცხოელ სპეციალესტებთან ერთად. ამჟამად როგორ ხდება?

– დიახ, ახლაც მონაწილეობს ჩვენი ინდოელი კოლეგა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ამ ადამიანს გაკეთებული აქვს ღვიძლის გადანერგვის 2 000 ოპერაცია, მისი მონაწილეობაა იმის განმაპირობებელი, რომ ცხრავე ოპერაცია წარმატებული იყო ჩვენს ჰოსპიტალში. ინდოელი ქირურგის ჩამოსვლა ჩვენთვის გადაზღვევაა ყველა იმ შემთხვევითობისგან, რომელიც ოპერაციას შეიძლება თან ახლდეს.

– რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ძირითადად?

– სხვადასხვა ასაკის. იყო შემთხვევა, რომ 15 წლის გოგონა იყო პაციენტი და ასევე, 62 წლის მამაკაცი. სამწუხაროდ არსებობს ზედა ზღვარი, შეზღუდვა – 65-70 წლის შემდეგ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აღარ კეთდება. პაციენტები მოგვმართავენ სხვადასხვა რეგიონიდან.

– ოპერაციის საშუალო ფასი რა არის და როგორია ფასები მეზობელ ქვეყნებში?

– ეს ოპერაცია ჩვენთან ღირს დაახლოებით 125 000 ლარი. ღვიძლის გადანერგვა ასევე კეთდება აზერბაიჯანში და დაახლოებით იგივე ღირს. თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფასი 80 ათასი დოლარია, ბელორუსში – 135 ათასი დოლარი. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტს დააფინანსებს 50 000 ლარით და 25 000 ლარით – ბათუმის მერია. ასევე, თბილისის მერია აპირებს, რომ 70 პროცენტამდე დააფინანსოს ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტები და ამ მიმართულებით მუშაობენ ზუგდიდშიც. ამჯამად ტენდერი აქვს თბილისის მერიას გამოცხადებული, ჩვენ ვმონაწილეობთ და ველოდებით შედეგებს. ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შედეგი ამ მიმართულებით ჩვენს ჰოსპიტალს აქვს.

– ღვიძლის გადანერგვა ძვირადღირებული ოპერაციაა. ეს მოქმედებს მომართვიანობაზე? ანუ რეალურად უფრო მეტ პაციენტს სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, ვიდრე მოგმართავენ?

– რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ ცოტა 500 ადამიანს მაინც სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, რადგან ეს ოპერაცია წლების განმავლობაში არ კეთდებოდა. ასევე, ჩვენთან ძალიან გავრცელებულია C ჰეპატიტი, რომელიც აგრესიული ვირუსია და მესამეა ფინანსური ფაქტორი, რის გამოც პაციენტები თავს იკავებენ.

რეფერალურიმე მინდა მივმართო მოსახლეობას, თუ აქვთ C ჰეპატიტი და ჩაიტარეს ელიმინაციის პროგრამა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მორჩნენ. ვირუსის ელიმინაციით დაზიანებული ღვიძლი არ განიკურნება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ორგანიზმში არ იქნება ვირუსი და ღვიძლის შემდგომ დაზიანებას ვერ გააგრძელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, ელიმინაციის პროგრამა მას ამ საჭიროებას ვერ მოუხსნის, ამიტომ აუცილებელია დროულად მოვიდეს ჩვენთან.

 

აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელეტროენერგია არ მიეწოდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვს. ხულოში, შუახევში და ქედის ცენტრში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს, მაღალმთიან სოფლებსა და გოდერძის უღელტეხილზე კი ერთ მეტრს აღწევს.

ხულოში და შუახევში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგებლების ინფორმაციით „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სოფლებში დამატებითი ბრიგადები გაგზავნა და ისინი ელეტროენერგიის აღდგენაზე უკვე მუშაობენ.

გამგებლების ინფორმაციით ცენტრალურ გზებზე მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანები შეუფერხებლად მოძრაობენ, შიდა გზები კი ერთხელ უკვე გაწმინდეს და ამ დროისთვის ისევ მუშაობს ტექნიკა. შუხევში თოვლის საფარის გამო ჩაკეტილია ორი სოფლის გზა, მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით ამ სოფლებში გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია.

თოვლის საფარს სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შაუშლია, ხულოში არ მუშაობს მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი , რადგან ელეტროენერგიის არ ქონის გამო გამორთულია გათბობა, არ მუშაობს ასევე ორი საბავშვო ბაღი ქედაში, რადგან მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს.

სოფელი თხილვანა.  ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე
სოფელი თხილვანა.
ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე

ბრეზენტი სახურავისთვის – როგორ ეხმარება მერია მრავალშვილიან ოჯახს

5 შვილის დედა სოფო უშიკიშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის მერიისგან დაზიანებული სახურავის შეკეთებას უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ითხოვს. ქალაქის მერია მრავალშვილიან ოჯახს ჯერჯერობით მხოლოდ იმით დაეხმარა, რომ ბრეზენტის ნაჭერი მისცა.

დაზიანებული ჭერი
დაზიანებული ჭერი

„დაახლოებით სამი თვის წინ ძლიერი წვიმის დროს დაზიანდა სახურავი, განცხადება რამდენჯერმე დავწერე მერიაში. ქალაქის ვიცე-მერს პირადად შევხვდი, არჩევნების შემდეგ დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ მხოლოდ ბრეზენტი მომიტანეს – დროებით გადააფარე სახურავზეო. ესეც არ ეყო, წყალი ჩამოგვდის, ბავშვები ავად გამიხდა. მერიისგან თუნუქის ნაჭრებს ვითხოვ სახლის გადასახურად, ან ფულით მაინც დამეხმარონ, 800 ლარი ეყოფა, სოციალურად დაუცველები ვართ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფო უშიკიშვილი.

მისივე თქმით, მერიის თანამშრომელმა მას შესთავაზა ქირით გადასულიყვნენ დროებით და ოჯახი ასეც მოიქცა, თუმცა შემდეგ ქირის თანხა არავინ გადაიხადა: „გადასახდელი თანხა რომ არ გაზრდილიყო, მესამე დღეს ისევ ჩვენს სახლში დავბრუნდით. ვისთანაც ქირით ვიყავით, ის ჩვენ გვთხოვს ახლა ფულს“.

სექტემბერში ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ განაცხადა, რომ სოფო გოგუამ [გოგუა სოფო უშიკიშვილის მეუღლის გვარია – ავტ.]  ჯერ კიდევ იანვრის თვეში ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ მიმართა, თუმცა ეს საკითხი „ბათუმის კორპუსის“ კომპეტენციაში არ შედიოდა: „ბათუმის კორპუსმა“ მათ უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ვერ ეხმარება კერძო საკუთრებაში მცხოვრებლებს, ამისთვის მან ბათუმის მერს უნდა მიმართოს“. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ ამ ოჯახს დაეხმარებოდნენ.

სოფო უშიკიშვილის დახმარების საკითხის გარკვევა „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში ისევ სცადა, თუმცა ამჯერად მერიიდან „ბათუმის კორპუსში“ გადაგვამისამართეს.

„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის ზურაბ ნაკაიძის განმარტებით, „ბათუმის მერიასთან არსებობს მუდმივმოქმედი კომისია და ის წყვეტს დახმარების საკითხს. თუ კომისია და მერია გადაწყვეტს, მაგალითად, სტიქიის შედეგად დაზარალებულის დახმარების საკითხს, შემდეგ გვიგზავნიან ჩვენ ოქმს. ჩვენი სამსახური ძირითადად ამხანაგობებთან თანამშრომლობს. გვაქვს სხვადასხვა პროექტი. ამასთან, ჯერ მაღლივი, მრავალსართულიანი სახლების ამხანაგობებს ენიჭებათ უპირატესობა და ბოლოსაა იტალიური ეზოები, ეს გამართლებულიცაა, ვინაიდან კორპუსების შემთხვევაში უფრო მეტ ოჯახს ვეხმარებით“.

სოფო უშიკიშვილს „ბათუმის კორპუსი“ არ ეხმარება, თუმცა ზურაბ ნაკაიძე საკითხის გარკვევას დაგვპირდა: „ისე, იტალიურ ეზოში სტიქია საიდან უნდა მოხდეს? წყალდიდობას გულისხმობთ? ძლიერ წვიმას? – სტიქიის განმარტებაში ძლიერი წვიმა არ შედის. შესაძლოა იყოს, მაგალითად, ძლიერი ქარი, თუმცა სახურავის 30% მაინც უნდა ახადოს, რომ სტიქიაში ჩაითვალოს და დავეხმაროთ.  მაქ თუ ჩაინგრა სახურავი, კომისიამ უნდა განიხილოს“.

„ბათუმის კორპუსი“ ქალაქის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზარალებულ 60-ზე მეტ ოჯახს ეხმარება. ამ ოჯახებისთვის მერიამ თანხა წინასაარჩევნო პერიოდში გამოყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, როცა გამაგრებისთვის კედელია ასაშენებელი ან სხვა ასეთი სამუშაოებია ჩასატარებელი, პროექტს ადგენს კეთილმოწყობის სამსახური და შემდეგ ცხადდება ტენდერი: „სადაც მოსახლეობის კარ-მიდამოს და სახლს ემუქრებოდა საშიშროება და იყო შესაბამისი პროექტები, ეს პროექტები გადმოეცა „ბათუმის კორპუსს“, სადაც გზის გამაგრებითი სამუშაოები იყო გასაკეთებელი, ის დარჩა კეთილმოწყობას“.

„ბათუმის კორპუსს“ მთლიანობაში 1,2 მილიონი ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული და სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულმა სამსახურმა მომავალი წლისთვის ბათუმის მერიას 11 მილიონი ლარით დაფინანსება მოსთხოვა, თუმცა ბიუჯეტის პროექტში, ზურაბ ნაკაიძის თქმით, მხოლოდ 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული: „გვაქვს მზა პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება. საქართველოს ბიუჯეტიდან მერიას უნდა გამოეყოს ტრანსფერი და გადმოგვეცემა ჩვენ.“

ამ ეტაპზე „ბათუმის კორპუსს“ სამი მზა პროექტი აქვს, რომელთა განხორციელებას 1 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება.

„აკაკი შანიძის N28-ში ხუთსართულიანი კორპუსია გასამაგრებელი; ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაში მდებარე სახლში, რომელიც გაალამაზეს თავის დროზე, დაადგეს გუმბათი, მაგრამ ავარიულია და წყალი ჩადის მოსახლეობას; ასევე რუსთაველის N41-ში ბამბუკის მოაჯირებიანი სახლი რომ არის,  მაქ ეს მოაჯირები უნდა გამოიცვალოს, დამპალია და სახურავიდანაც წყალი ჩადის,“ – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.

მისივე თქმით, „სტიქიას წინასწარ ვერ გაითვალისწინებ. მერიას აქვს სარეზერვო ფონდი და საჭიროების შემთხვევაში იქედან მოხდება დაფინანსება.“

დეკემბრის თოვლიანი დილა ნამლისევში [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში თოვლის საფარი 35 სანტიმეტრს აღწევს.

5

სოფლის მოსაცდელი. ეკა ბარამიძის ფოტო
სოფლის მოსაცდელი. ეკა ბარამიძის ფოტო
დათოვლილი სოფელი. ეკა ბარამიძის ფოტო
დათოვლილი სოფელი. ეკა ბარამიძის ფოტო

7

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
დათოვლილი სტადიონი. ეკა ბარამიძის ფოტო
დათოვლილი სტადიონი. ეკა ბარამიძის ფოტო
ნამლისევის სკოლა. ეკა ბარამიძის ფოტო
ნამლისევის სკოლა. ეკა ბარამიძის ფოტო

15327478_1189281331167571_5953153934290442616_n

სოფლის მეჩეთი. ეკა ბარამიძის ფოტო
სოფლის მეჩეთი. ეკა ბარამიძის ფოტო

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.

ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. ამავე  წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 ლარზე გაფორმდა და სამუშაოები 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის ავთანდილ ბურკაძის განცხადებით, ხელშეკრულებაში, სავარაუდოდ, შევა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადა დაახლოებით მომავალი წლის ზაფხულამდე გადაიწევს: „ეს ცვლილება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ალბათ  არ შეეხება. დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს ახლა“.

სამუშაოების ვადის გადაწევა დირექტორის თქმით, პროექტში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია: „მომავალი წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპანია გაჩერებული იყო გარკვეული პერიოდი ობიექტური მიზეზების გამო. არასწორად იყო პროექტი გაკეთებული და თავიდან გადაზომვები გაკეთდა, სხვა სამუშაოებიც დაემატა“.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მშენებელი კომპანია „მამისონზე“ უკვე ქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხულია 1,3 მილიონზე მეტი ლარი, აქედან 400 ათასი ლარი ავანსად.

ბათუმის ახალი სასაფლაო / მშენებარე ადმინისტრაციული შენობა
ბათუმის ახალი სასაფლაო / მშენებარე ადმინისტრაციული შენობა

„ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა – სამუშაოების დასრულებისთვის“ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 443 ათას 52 ლარია გათვალისწინებული. ახალ სასაფლაოზე მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია „სასაფლაოებს“ არ აქვს. სამსახურში ამბობენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით  შესაძლო ცვლილების საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

ბათუმში საფლავისთვის ტერიტორიის გამოყოფა და დასაფლავებაც ფასიანია. არსებული ტარიფებით ქალაქში [ფერიაში] ადგილის გამოყოფა 150 ლარი, დასაფლავება კი 100 ლარი ღირს. თუ ჭირისუფალს გააჩნია ადგილი, ის მხოლოდ დასაფლავების 100 ლარს იხდის. ამასთან, დასაფლავება აუცილებლად „ბათუმის სასაფლაოების“ მუშა-მესაფლავეების მიერ უნდა მოხდეს. „ფაქტობრივად ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე ადგილები არც არის. სასაფლაო დახურულია. ერთი ესაა, ხე თუ მოიჭრება ან მაგიდას აიღებს ვინმე და ასე გამოინახება ადგილი“.

ახალი სასაფლაოს მშენებლობის გარდა ქალაქის ბიუჯეტიდან „სასაფლაოების მოვლა-პატრონობის“ პროგრამაც ფინანსდება. პროგრამა ითვალისწინებს საფლავებზე მისასვლელი ბილიკების დაგვა-დასუფთავებას; გამწვანებას; ამორტიზებული ხეების მოჭრას; საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით უზრუნველყოფას; ბალახის, ბუჩქებისა და ხეების მოვლას; სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენას და სხვ.

ამავე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ურეხის სასაფლაოზე. პროგრამის ფარგლებში ხდება  მათი რეგისტრაცია და ნომრის მინიჭება. მომავალი წლისთვის გეგმით გათვალისწინებულია 20 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ერთი მიცვალებულის დაკრძალვისთვის მერია 300 ლარს, ანუ სულ 6 ათას ლარს გამოყოფს.

მოხდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. „ბათუმის სასაფლაოები“ მომავალ წელს 4 ელექტრომობილსა და 3 ჯიპიარესის აპარატსაც შეიძენს.

ბათუმის სასაფლაოებში 66 შტატით და 5 შტატგარეშე თანამშრომელია. მათი შრომის ანაზღაურება 2017 წელს 460 ათას 400 ლარითაა განსაზღვრული.

პროგრამა 529 ათას 100 ლარით უშუალოდ ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

შემოერთებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის [შემოღობვა და სხვ.] სამუშაოებს ამ ეტაპზე შპს „მშენებელი“ ახორციელებს. მასთან „ბათუმის სასაფლაოებს“ ხელშეკრულება 255 ათას 860 ლარზე აქვს გაფორმებული. კომპანია სამუშაოებს მიმდინარე თვეში დაასრულებს.

ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში
ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში

ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი  ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებში დაიხარჯება.

სამომავლოდ გასაცემ ხელფასებთან დაკავშირებით მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს უმაღლესი საბჭო, ვინაიდან, `ზოგიერთ ორგანიზაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცვლელი რჩება მომუშავეთა რაოდენობა, შრომის ანაზღაურება მატულობს, ზოგ შემთხვევაში კი – იკლებს“. კანონპროექტის მიხედვით, უწყებებში, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სულ 3 600 კაცია დასაქმებული.

ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ბიურომ აჭარის მთავრობას შენიშვნებთან ერთად უკან დაუბრუნა. შენიშვნები წინა მოწვევის საბჭოს კომისიებმა შეიმუშავეს. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი კი საბჭოში აჭარის მთავრობამ ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს.

„წინა კომისიებში მოწვეული სტუმრის სტატუსით ახალარჩეული წევრებიც ვიყავით. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნებიც ასახულია დასკვნაში“, –  ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი რომანაძე, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“. ის უკვე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა: „ორკვირიანი ვადა აქვს მთავრობას, რათა შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტს გადახედოს. ამ პერიოდში კიდევ გავივლით კონსულტაციებს სამინისტროებთან“.

„ჩვენ წინა მოწვევის კომისიის სხდომაზე არ ვყოფილვართ. ჩვენმა კოლეგებმა შენიშვნები წერილობით წარადგინეს და ახლა ველოდებით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს. ამის შემდეგ გვექნება დამატებითი შენიშვნები“ , – აცხადებს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები არ იყო ასახული ბიუჯეტის პროექტში, შენიშვნები გვქონდა ციტრუსის პროგრამასთან დაკავშირებით, სოციალური სახლების მშენებლობასთან, „ოცნების ქალაქისა“ და ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. ასევე, ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაზე – მანქანები, ავეჯი და სხვა… ვნახოთ, რას გაითვალისწინებს მთავრობა და რას არა“, – ამბობს გია აბულაძე.

„აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში ზოგ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავ დაწესებულებებს ეთხოვათ რიგი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნაში.

კომისიის დასკვნით ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ზოგიერთი ისეთი ქვეპროგრამის დაფინანსება, რომელიც წელს შესრულების დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდებოდა. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია „ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზაციული განვითარება“, რომელიც წელს 50 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, შესრულება კი წლიურ გეგმასთან მიმართებაში მხოლოდ 38,1% იყო. ამ პროგრამის ბიუჯეტი სამომავლოდ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტით – 565 ათას ლარამდეა გაზრდილი.

იურიდიული, ასევე საფინანსო კომისია მიიჩნევს, რომ აჭარაში მიმდინარე მზარდი სტიქიური პროცესების ფონზე, აუცილებლად უნდა გაიზარდოს სარეზერვო ფონდიც. მიუხედავად იმისა, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია, შემცირებულია სარეზერვო ფონდი. წელს ფონდი 4 მილიონი ლარი იყო, სამომავლოდ კი 1 მილიონ 575 ათასი ლარი იქნება. აღნიშნულ ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს.

შენიშვნებში ასევე აღნიშნულია, რომ მცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის [ე.წ. „იპოთეკარების“] პროგრამა. საბჭოს აზრით, მომავალ წელს ეს პროგრამა უნდა დაფინანსდეს იმდენით, რამდენითაც წელსაა დაფინანსებული: „შესაძლებელია პროგრამის ცვლილება იმ კუთხით, რომ იგი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის“. ამ პროგრამისთვის გასულ წელს იყო 129 ათასი, მიმდინარე წელს – 672 ათასი, ხოლო მომავალი წლისთვის 430 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„რა წინსვლაა ზემო რაიონებში ბუნებრივი აირით მომარაგებაზე? რა მდგომარეობაა ბათუმში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით? რა ელის ტრამპთაუერის მშენებლობის გაგრძელებას? რა ხდება გონიოს პოლიგონთან დაკავშირებით? პროგნოზით წელს იქნება დიდი ნალექი, იქნება ეროზიული პროცესებიც. თუ შეიძლება სარეზერვო ფონდის მატება, რატომ მცირდება იგი? მესამე წელია ვაკეთებთ გომარდულის გზას, რა მდგომარეობაა იქ?“ – ეს ის კითხვებია, რომლებიც აჭარის მთავრობის მისამართით უმაღლეს საბჭოში გაუჩნდათ.

აჭარის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება სამომავლოდ 63 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხას მუნიციპალიტეტებს გრანტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადასცემს. დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალსაც ასევე დაამტკიცებს აჭარის მთავრობა.

მიუხედავად ამისა, უმაღლეს საბჭოში მიაჩნიათ, რომ „წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, თუ რა პროექტების განსახორციელებლად ითხოვენ მუნიციპალიტეტები კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფას აჭარის ბიუჯეტიდან“.

მომავალი წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია. ალბათ სწორედ ამიტომ, მათზე გადასაცემი ტრანსფერი მიმდინარე წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი: 2015 წელს იყო 26,3 მილიონი, მიმდინარე ასევე საარჩევნო წელს – 46,3 მილიონი, ხოლო მომავალ წელს 63 მილიონია გაწერილი.

შენიშვნებში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადახედოს და გაითვალისწინოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის, ასევე კულტურის სფეროში მთელი რიგი ღონისძიებების დაფინანსების საკითხი.

უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა გაითვალისწინონ ბათუმის N6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სასკოლო კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ერთი ცვლილება აუცილებლად შევა ბულვართან დაკავშირებით. ბათუმის საკრებულომ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო დაადგინა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკი ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარის დაფინანსების საკითხიც უნდა აისახოს, რაც მინისტრ რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, პროექტის კორექტირების დროს მოხდება. გასულ წელს ბულვარისთვის 11 მილიონზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 1 მილიონზე მეტი უშუალოდ ადმინისტრაციისთვის, სადაც 94 ადამიანია დასაქმებული.

აჭარის მთავრობისადმი გადაგზავნილ შენიშვნებში უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებას.

რა შემთხვევაში უწყვეტს სახელმწიფო მოსწავლეს ვაუჩერულ დაფინანსებას

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ბათუმის საჯარო სკოლებში  დაახლოებით 150 მოსწავლე ჩარჩა კლასში. გაცილებით მეტი – 273 მოსწავლე ჩარჩა იმავე კლასში გასულ წელს.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ მოსწავლე კლასში ჩარჩება, მას სახელმწიფო ვაუჩერულ დაფინანსებას უწყვეტს. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური თავად მოსწავლემ უნდ გადაიხადოს.

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა მოსწავლე გათხოვილი იყო, ყოველ წელს ირიცხებოდა კლასში, თუმცა არ დადიოდა სკოლაში. ამ ბავშვს სამინისტრომ მოსთხოვა, რომ გადაეხადა გადასახადი, თუ სწავლის გაგრძელება სურდა. თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომელიც მას შევთავაზეთ. მას შეეძლო არ გადაეხადა გადასახადი და გამოცდები ექსტერნად ჩაებარებინა. ასეთ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე არ დადის სკოლაში, მაგრამ გამოცდებს ექსტერნად აბარებს, გადასახადს აღარ იხდის,“ –  გვეუბნება თეა ვადაჭკორია.

ვაუჩერის წლიური ღირებულება 480-500 ლარია.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოსწავლეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლევს საშუალო საფეხურს, დაფინანსება უწყდება. მეოთხე წელს კი სამეურვეო საბჭომ უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას სწავლის დასაფინანსებლად. დაუფინანსებლობის შემთხვევაში, მოსწავლემ სწავლა რომ  გააგრძელოს, თავად უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური.

გოჩა დავითაძის თქმით, გასულ წელს თვითმმართველობამ ათი მოსწავლის სწავლა დააფინანსა, თუმცა წელს ამისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.

ოთხი ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩელტის ყოფილი  სკოლის შენობაში 2008  წლიდან  დღემდე სხვადასხვა დროს  სტიქიით დაზარალებული და შვიდი უსახლკარო ოჯახი შეასახლეს.

2016 წლის 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცა. მათგან სამი ოჯახი, ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.  სკოლაში ამჟამად  4 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი საცხოვრისის გამოყოფას სთხოვენ.

გივი ღვინიანიძის ოჯახიც მეწყერმა დააზარალა.  ყოფილი სკოლის შენობაში  ის ოჯახით ცხოვრობს.

2008 წელს შემდეგ ამ შენობაში ვცხოვრობთ.  პირობები არის ძალიან მძიმე, შენობაში ნესტია, რის გამოც ჩემი ძმა ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა.   2016 წლის 30 ნოემბერს აჭარის მთავრობამ ბინები გადასცა 50 ეკომიგრანტ ოჯახს და ამ შენობაში მყოფი სამი ოჯახიც გაასახლეს, როდესაც  გამგებელს ვკითხე, თუ რატომ  არ გადაგვიყვანეს ჩვენც ახალ ბინაში, მან მიპასუხა, რომ  დაელოდე და მოგვიანებით დაგეხმარებითო. როდემდე ველოდოთ?“-გვეუბნება ის.

გივი ღვინიანიძე ამბობს, რომ  ძველ შენობაში  სადაც ამჟამად ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ქვეწარმავლები, ორთავა მწერები და ვირთხები  არიან.

„სამი წლის შვილი მყავს და ყოველ დღე შიშით ვიღვიძებ რომ დაკბენილი არ დამხვდეს.

აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახებს სოციალურ სახლში გადაეცემათ ბინები.

„ურეხში სოციალური სახლი შენდება  და როგორც ვიცი ამ ოჯახების გადაყვანაც  განიხილება.  როცა მშენებლობა დასრულდება, მაშინ მოხდება ამ ოჯახების დაკმაყოფილებაც“-აცხადებს ის.

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით კი, აღნიშნული ოთხი ოჯახი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით კი, ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში დარჩენილი ოჯახები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

„ესენი არ არიან ეკომიგრანტები, კრიტერიუმების მიხედვით კი, ბინები ეკომიგრანტებს გადავეცით“-გვეუბნება ხელვაჩაურის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  რატომ არ განიხილა კომისიამ გივი ღვინიანიძის განცხადება, რომელიც ამბობს რომ სტიქიის შედეგად დაზარალდა? გამგებელი ამბობს: „მე არ ვიცი ღვინიანიძის ოჯახი არის თუ არა 1-2 კატეგორიის დაზარალებული. თუ ეკომიგრანტია, მაშინ უნდა მოგვმართოს განცხადებით და განვიხილვათ ამ საკითხსაც“-გვეუბნება ის.

ჩელტის ყოფილი სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოთხი ოჯახი ცხოვრობს
ჩელტის ყოფილი სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოთხი ოჯახი ცხოვრობს

 

 

 

მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ

13 წლით თავისუფლების აღკვეთა არჩილ ფეტიძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. მას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, გაჩერებულ მანქანაში შვიდი ტყვიით ირაკლი აბუსერიძის მკვლელობა დაუდასტურდა. მოსამართლის განაჩენი ბრალდებულს არ მოუსმენია. სასამართლოს დიდ დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ და განაჩენის მოსმენისთანავე უკმაყოფილება გამოთქვეს – მათი აზრით, არჩილ ფეტიძე გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგივე არჩილ ფეტიძე სრულიად უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. მას სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლის დარღვევისთვის ჰქონდა ბრალი წარდგენილი. „ვერ დავეთანხმები ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაკავების დროს მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს,“ – თქვა მოსამართლემ, ვიდრე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა. პროკურატურის ვერსიით, არჩილ ფეტიძემ გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმესთან დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა სამართალდამცველებს, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა.

ამ ნაწილზე ბრალდებულის ადვოკატმა, მარინა ფხალაძემ, თავის დასკვნით სიტყვაში ყველაზე მეტი ისაუბრა: „არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ ორი პოლიციელის სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას. ერთმა პოლიციელმა სასამართლოში დაკითხვის დროს გვითხრა, რომ მანქანიდან იცნო ფეტიძე, დაუძახა, გაჩერდიო. მეორე ამბობს, პირდაპირ მივედითო და აგრესიული გახდა, როცა დაკავების შესახებ ვუთხარითო… როგორ წარმოგიდგენიათ, მანქანიდან გადასძახოს პოლიციელმა გაჩერდიო, როცა იცის, რომ ადამიანს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად… პროკურატურას არ ჩაუტარებია არც ერთი სხვა საგამოძიებო მოქმედება, მაგალითად, შეიძლებოდა იგივე საშაურმეს მომსახურე პერსონალის დაკითხვა.“

„თქვენც გქონდათ უფლება, დაგეკითხათ საშაურმეს თანამშრომლები. ჩვენ ვენდობით ჩვენს პოლიციელებს,“ – მიმართა ადვოკატს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ საკამათო სიტყვის დროს. ადვოკატმა შეახსენა, რომ ბრალმდებელს აქვს მტკიცების ტვირთი, უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს ბრალის კანონიერება: „ამის მიუხედავად, ჩვენ ვთხოვეთ საშაურმეს თანამშრომლებს ელაპარაკათ, მაგრამ უარი მივიღეთ. სამწუხაროდ, პროკურატურის მოთხოვნისგან განსხვავებით, დაცვის მხარის თხოვნაზე ადამიანები ნაკლებად რეაგირებენ, არავის უნდა პროკურატურასთან დაპირისპირება…“

პროკურორსა და ადვოკატს შორის პაექრობა მკვლელობის ნაწილშიც შედგა. პროკურორი, ძირითადად, მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო, მათ შორის, გარდაცვლილის ქვრივის, ბელა ჭყონიას ჩვენებას. ის მკვლელობის ფაქტის უშუალო თვითმხილველია. ადვოკატმა პროკურორს ის მოწმეები ჩამოუთვალა, რომლებიც ასევე ბრალდების მხარემ დაკითხა და პროკურორს დასკვნით სიტყვაში აღარ უხსენებია: „ეს მოწმეები ამბობენ, რომ მათ მანქანასთან მდგომი სხვა პირი არ დაუნახავთ. მაშინ სად შეიძლებოდა მდგარიყო იგივე მოწმე მირანდა ქ., რომელიც ამბობს, რომ პირისპირ უყურებდა მკვლელს, როგორ შეყო ხელი მანქანაში და ესროლაო…“

დაცვის მხარემ აქცენტი რამდენიმე გარემოებაზე გააკეთა: ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სროლა განხორციელდა შორი მანძილიდან. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი, ირაკლი აბუსერიძეს მანქანის საქარე მინა ჩამოწეული ჰქონდა, მკვლელმა ხელი მანქანაში შეყო და ისე გაისროლა.

იმავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს, ასევე ბრალდებულის სხეულზე არ აღმოჩნდა დენთის კვალი. გარდა ამისა, გამოძიებამ დღემდე ვერ იპოვა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მკვლელობა განხორციელდა.

პროკურატურამ სასამართლოს აჩვენა ქუჩაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს, რომ არჩილ ფეტიძე რუსთაველის ქუჩის ავტობუსის გაჩერებიდან ფეხით გადაადგილდება პარკის ცენტრალური შესასვლელისკენ. კადრებში არ არის დაფიქსირებული უშუალოდ გასროლის ფაქტი. მკვლელობის ადგილი ამ ქუჩაზე არსებულ ვიდეოკამერების ობიექტივში ვერ მოხვდა.

„ფაქტია, რომ მკვლელობა მოხდა, მაგრამ არც ერთი მტკიცებულებით პირდაპირ არ დგინდება, რომ დანაშაული ჩაიდინა არჩილ ფეტიძემ,~ _ ეს ადვოკატ მარინა ფხალაძის ბოლო სიტყვა იყო. ადვოკატის საპასუხოდ პროკურორმა, ფრიდონ ქარცივაძემ ბრალდებულის წარსულზე გააკეთა აქცენტი: „მე ძალიან გამიკვირდებოდა, ის დღეს რომ გამოცხადებულიყო სასამართლოში. მაინტერესებს, აქვს თუ არა მონანიების გრძნობა… ის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირია უკვე დიდი ხანია. ბოლოს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების გამო იხდიდა სასჯელს და 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიით გამოვიდა. მას ნასამართლეობის მთელი ბუკეტი აქვს“.

არჩილ ფეტიძე ირაკლი აბუსერიძის მეზობელი იყო. ის სასჯელს იმ საქმეზეც იხდიდა, სადაც ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებდა: 2011 წელს აბუსერიძემ დაჭრა დანით არჩილ ფეტიძე და ამისთვის სასჯელიც მოიხადა. არჩილ ფეტიძემ მაშინ გამოძიებას არ დაუდასტურა, რომ აბუსერიძემ დაჭრა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ფეტიძე აბუსერიძის ოჯახისგან რეგულარულად ცდილობდა ფულის გამოძალვას. თავდაპირველადაც კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა.
ირაკლი აბუსერიძე სამშენებლო კომპანია „ზიმო 7~-ის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისმა დედამ, მანანა ნამგალაძემ, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია, მკვლელობის ბიზნესთან კავშირი „ბათუმელებთან“ გამორიცხა.

„ნუ ინერვიულებთ, ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ მას გავასაჩივრებთ,“ – მიმართა გარდაცვლილის ახლობლებს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ განაჩენის მოსმენის შემდეგ. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აბუსერიძის ახლობლებმა დარბაზში სიტყვიერად შეურაცხყვეს ადვოკატი მარინა ფხალაძე.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებას არჩილ ფეტიძე, რომელსაც განზრახ მვლელობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური 15 წლის ნაცვლად, 13 წელი მიესაჯა. მან პირველ სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შემდგომ სასამართლო პროცესებს ის აღარ დასწრებია.

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში 10 წლის ბაჩუკი ბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები ბათუმის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

10 წლის ბაჩუკი საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაიბადა, მას უკვე გაუკეთდა ერთი ოპერაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში და ამჟამად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.

ბაჩუკის ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარების გარეშე ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას ვერ შეძლებს.

საქველმოქმედო საღამოზე ბილეთის ფასი 10 ლარია.

ბაჩუკის დასახმარებლად ასევე ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE52LB0211154880747000 – ეთერ სალაძე

ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

დღეს 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კენჭი უყარეს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე წარდგენილი.

ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ჯერ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ფარული იყო. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხუთი წევრითაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში.

ზურაბ პატარაძე 14 ხმით, „ქართულმა ოცნებამ“  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე  დაამტკიცა.  ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტმა წარადგინა, მოგვიანებით კი აჭარის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა.

ზურაბ პატარაძემ კანონის მიხედვით, არჩევიდან ათ დღეში, უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა რომ  ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, მე წინასაარჩევნო პერიოდში თავი შევიკავე და არ მივედი ამ ლოკაციაში რადგან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჩაგვეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში. ჩვენ არ შევქმნით კომისიას კომისიისთვის, გადახედილი იქნება თითოეული ოჯახის საქმე და იქ სადაც რომელიმე ოჯახს შეეხება კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსება დავაფინანსებთ, ვისაც სოციალური დახმარება შეეხება, იმასაც დავეხმარებით. ეკომიგრანტი იქნება თუ  სხავა სოციალური პრობლემის მქონე ოჯახი, ყველა აუცილებელ ზომებს მივიღებთ და ეს ოჯახები იქნებიან კომპენსირებული“.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესის დარეგულირებაში.

ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს 5 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს.

„ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია ბულვარი რომ იქ ასსართულიანი სახლები ჩავდგათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს საზოგადოებას სურს. ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე და აუცილებლად შევინარჩუნებთ ბულვარს იმ სახით, როგორც აქამდე გვქონდა“.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, აღდგენილი იქნება „რვაფეხაც“, რისთვისაც თანხებს ფონდი „ქართუ“ გამოყოფს.

 

 

აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული

შუახევის გამგებლის ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი.

ბესიკ ბაუჩაძის თქმით, გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი. გადაადგილება შესაძლებელია გოდერძის უღელტეხილის მიმართულებითაც.

„ახლა გვაქვს შტაბის სხდომა, შეკრებილი ვართ სხვადასხვა სამსახურები, – სამაშველო, პოლიცია, საგზაო, „ენერგო პრო-ჯორჯია“  და განვიხილავთ საკითხებს. გვაქვს გარკვეული სოფლები სადაც გადაადგილების პრობლემებია, თუმცა ტექნიკა მობილიზებულია. შეფერხება გვაქვს შორეულ სოფლებში ნაღვარევის მიმართულებით, ბრილის, ინწკირვეთის, წაბლანის და შუბნის მიმართულებით, სადაც თოვლის საფარი დაახლოებით 90 სმ-ია“.

ქედის გამგებლის დავით დუმბაძის ინფორმაციით, ქედაში თოვლის საფარის სიმაღლე  დიდი არ არის, 40 სმ აღწევს, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა შექმნილი იყო მერისში, თუმცა გამგებლის თქმით, ეს პრობლემა მოგვარდა.

უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს

დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც განიხილავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის , ზურაბ პატარაძის კანდიდატურას ამავე თანამდებობის დასაკავებლად. სხდომაზე  კანდიდატურა უნდა განიხილონ შემდეგ კი კენჭი უნდა უყარონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურის დამტკიცებას.

უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება.

უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის [მეორე ტური ჩატარდა 30 ოქტომბერს] არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა 29 ნოემბერს წარუდგინა.

აჭარის წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 15 ივლისს აირჩია.

იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ

პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ.

ანა ბერძენიშვილი
ანა ბერძენიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი  თ.ო. ბრალდებულია გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეშიც. მანქანა ბრალდებულის ყოფილი მეუღლის საკუთრება იყო.

„ყველამ იცის, რომ მისი ჩადენილია ეს დანაშაული, უშუალო მოწმეები არსებობენ. გარდა ამისა, არაერთგზის არის დაჯარიმებული საპატრულო პოლიციის მხრიდან“, – აცხადებს ანა ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, ანა ბერძენიშვილისავე ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით, მეუღლეზე მოძალადე ბრალდებულ თ.ო-ს, 2016 წლის ივნისსა და ოქტომბერშიც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ორგზის, როგორც სხეულის დაზიანების, ასევე ოჯახში ძალადობისა და სხვისი ქონების დაზიანების გამო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში სცემა ყოფილ მეუღლესა და მის დედას, არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით: „მას ამ დანაშაულის გამო ჰქონდა სასჯელი შეფარდებული, თუმცა არ იყო პატიმრობაში. ამის შემდეგ, მას სასამართლომ ისევ შეუფარდა პატიმრობა. ის არც მეორე შემთხვევაში დაუპატიმრებიათ.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ბრალდებული სამგზის არის ცნობილი დამნაშავედ სასამართლოს მიერ, ის კი არ იმყოფება პატიმრობაში. ის დღისით-მზისით, ქუჩაში ყველას დასანახად თავს ესხმის ყოფილ მეუღლეს და ძალადობს მასზე“.

ანა ბერძენიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ არაერთგზის მიმართა შს სამინისტროს და საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ფაქტზე უწყებაში არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ: „დამნაშავე, რომლის მიმართაც განაჩენი არის დამდგარი, ქუჩაში თავისუფლად დადის და ახალ დანაშაულს სჩადის. სახელმწიფოს მხრიდან დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული მოქალაქე თავს ესხმის ადამიანებს…

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის საგამოძიებო სტრუქტურებს, პოლიციელებს, საპატრულო ინსპექციას და მის ეკიპაჟს სპეციალურად ჩაუტარდათ ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის შემთხვევაში, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მოძალადის საქციელს. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ შს სამინისტროსა და მის შესაბამის სტრუქტურებში ამ პირს ჰყავს მფარველები. სწორედ ამიტომ არ აკავებენ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჩვენ მივმართეთ გენინსპექციასაც, რომელმაც ასევე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ერთი მხრივ სახელმწიფომ აღიარა ქალთა მიმართ ძალადობა, მეორე მხრივ კი, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ამ ძალადობას. პირიქით, ახალისებს მოძალადეს. უნდა მოხდეს ამ პირის დაუყოვნებლივ დაკავება და, ბუნებრივია, იმ პირების გამოვლენა, რომლებიც ხელს აფარებენ მის დაკავებას კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აცხადებს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის განმარტებით, მან ამ კონკრეტულ ძალადობასა და კანონდარღვევაზე საქმის კურსში ჩააყენა შს მინისტრიც: „მე, პირადად, სამჯერ მივწერე შს სამინისტროს წერილი მინისტრის სახელზე, თუმცა პასუხი არც მისგან  მიგვიღია. სამაგიეროდ, მივიღეთ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული, – ცეცხლი წაუკიდა მანქანას“.

მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ მიერ გაკეთებელ განცხადებას პასუხობს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობას სთხოვენ, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „ბათომის“ განცხადებით, „არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე  შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართის მანიპულირებით“.

სააგენტოს უფროსი მირანდა ჩარკვიანი  „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „თაღლითური სქემები ბუნებაში არ არსებობს“ და სამართლებრივ საკითხებზე დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება ჭორაობაა. „თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს და ჰაერზე არ უნდა იჭორაოს“, – აცხადებს ის.

მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, მისი და სააგენტოს საქმიანობის შეფასება შესაძლებელია, რადგან ყველა დოკუმენტური მასალა საჯაროა და ყველა დონის შესწავლას ექვემდებარება.

„იმ შემთხვევაში თუკი ვინმეს სურვილი აქვს შეისწავლოს ეს გარემოებები და მასალები,  ნებისმიერთან ვთანამშრომლობდი და ვითანამშრომლებ… რაც შეეხება ჩემი და სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შეფასებას, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არ უნდა ვილაპარაკო მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან არც ერთი ხელმძღვანელი მარტო არ საქმიანობს.  ამის შეფასებისთვისაც არსებობს ძალიან მარტივი და ფაქტობრივ გარემოებებზე აგებული გზა, უბრალოდ, უნდა აიღოს დაინტერესებულმა ადამიანმა და შეადაროს 2011-2016 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, პროექტები და გააკეთოს დასკვნა, – პროგრესია სააგენტოს საქმიანობაში თუ რეგრესი.

მარტივად რომ ვთქვათ, 2011-2015 წლებში ექვსი ობიექტია რეაბილიტირებული, წელს კი 7 ობიექტის რეაბილიტაციას ვასრულებთ. გარდა რეაბილიტაციის პროექტებისა, მოხდა ძეგლების ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია და კიდევ ბევრი პროგრამა განხორციელდა. მაგრამ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენის საკითხია, ძირითადად რეაბილიტაციის პროგრამებზე ვიმუშავეთ“.

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ მას თანამდებობის დატოვების პრობლემა არ აქვს, თუმცა ეს საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი:

„გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს ჰგონია, რომ ჩემთვის თანამდებობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სინამდვილეში ასე არ არის. ყველამ იცის, რომ ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი და ბევრ საქმეს ვაკეთებდი. შესაბამისად, რა სტატუსით გავაკეთებ ამ საქმეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის თანამდებობის დატოვება და წასვლა, რადგან ზუსტად ვიცი, ხვალვე ისევ ვიქნები იგივე დოზით რეალიზებული ადამიანი, როგორც აქამდე ვიყავი.

თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ. მე მყავს ზემდგომი ორგანოები, მყავს მინისტრი, მე არასდროს დამირღვევია სუბორდინაცია სამსახურში, სადაც ვმუშაობდი და რა რეჟიმშიც არ უნდა ვიყო, წასვლის თუ დარჩენის, ბუნებრივია, იმ ადამიანებთან შეთანხმებით იქნება, ვისაც ეხება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მათი კომპეტენციაა, რომ პირველმა მათ გამოაცხადონ მათი გადაწყვეტილების შესახებ. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ გავაკეთო საბოლოო გადაწყვეტილების განცხადება. უბრალოდ, ვაფიქსირებ, რომ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მე ვთვლი, რომ ვარ კარგი მენეჯერი, ზოგადად. თუ ბათუმს ჰყავს უფრო ეფექტური მენეჯერი ამ საკითხების, რა თქმა უნდა, შეუძლიათ შესთავაზონ კომპეტენტურ პირებს და მოაწყონ განხილვა“.

მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა. 

 

საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი ბათუმში[ანონსი]

დღეს, 4 დეკემბერს, 16 საათზე, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში [ბონის კულტურის სახლი] მაიაკოვსკის ქ. 55გ, გაიმართება საქველმოქმედო, საბავშვო კონცერტი „ერთმანეთისთვის“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი სოფო ხალვაში და სტუდია „ბასტი ბუბუ“, ანსამბლები „გაზაფხული“ და „ზღვის შვილები“, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ბენდი „ხარება“ და 26-ე საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები.

ორგანიზატორთა განცხადებით,  „კონცერტზე შემოსული თანხა მოხმარდება ელექტრონული ეტლის შეძენას დავით ფუტკარაძისთვის.

ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი ფუნქციონირებს. სკოლის სახელოსნოებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა ხდება. კონცერტზე მოსული სტუმრებისთვის მოეწყობა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ ულამაზესი ნივთები და თავიანთი წვლილი შეიტანონ საქველმოქმედო საღამოში.

კონცერტიდან მიღებული შემოსავლებით ასევე დაგეგმილია სპეციალური მობილური ამწის შეძენა ინკლუზიური ცენტრის ბავშვებისთვის, რაც გაუადვილებს მათ კიბეებზე გადაადგულებას როგორც შენობებში, ისე ექსკურსიებზე თუ გასვლით ღონისძიებებზე“.

კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის“ ინიციატივით ტარდება.

შტორმით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის

,,შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, გუშინ ღამით ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილი იყო ქვიშა და ნატანი: „გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო. კერძოდ, სუფთავდება შტორმული პროცესების შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურები და შპს „სანდასუფთავება“. მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა“.

15356803_10209409264560869_745322180_n
ბათუმის ბულვარი / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

გუშინ, შტორმი იყო ქობულეთშიც.  თამარ მეფის გამზირზე, მეშვიდე სკოლასთან შტორმის შედეგად ზღვის ტალღები სანაპიროზე გადმოვიდა. 

ქობულეთში, თამარ მეფის გამზირის გასწვრივ დროებითი ნაპირდაცვისთვის 2,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შტორმი ქობულეთში / ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
შტორმი ქობულეთში / ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის გამგებელი: შტორმი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში,  თამარ მეფის გამზირზე, მეშვიდე სკოლასთან შტორმის შედეგად ზღვის ტალღები სანაპიროზე გადმოვიდა. მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„ისეთი წვიმა არ არის, რომ დატბორვის საშიშროება იყოს, არხები, რომლებიც ზღვაში შედის, სილითაა ამოვსებული და ვწმენდთ. გამგეობა მუშაობს, ახლაც ვიყავით გასული, 112, სამაშველო – ყველა ხაზზეა, ამ ეტაპზე მოსახლეობის გაყვანის საჭიროება ნამდვილად არ არის,” – ამბობს სულხან ევგენიძე.

ფოტო: კადრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან

 

აჭარაში 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგიონულ ოფისში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიზეზი უამინდობაა.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 828 აბონენტს, ხოლო აჭარის მაღალმთიანეთში [ქედა, შუახევი, ხულო] _ 1600 აბონენტს. მაღალმთიანეთში პრობლემა თოვლმა შექმნა, დაზიანებულია გადამცემი ხაზები… ხელვაჩაურშიც და მაღალმთიანეთშიც გასულია ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – განაცხადეს კომპანიაში.

„ბათუმელები“  აჭარაში სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ არსებული უამინდობის გამო მათთან გამოძახება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ხულო, სოფელი თხილვანა / 3.12.2016 / როლანდ გუნდაძის ფოტო
ხულო, სოფელი თხილვანა / 3.12.2016 / როლანდ გუნდაძის ფოტო

2 388 ათოსანი საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის 2 388 მოსწავლეს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ათი, დამრგვალების გარეშე. აჭარის სკოლებიდან კომპიუტერი 260-მა ათოსანმა მოსწავლემ მიიღო.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, რადგან თუ გასულ წელს კომპიუტერი 1984-მა მოსწავლემ მიიღო, წელს ეს ციფრი ორი ათასზე მეტია.

„პროგრამის ძირითადი არსი არის ის, რომ მოსწავლეებში გაიზარდოს სწავლის მოტივაცია და სიბეჯითე უფრო დაფასდეს. ამიტომაც, თამასა საკმაოდ მაღალია და კომპიუტერს იღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანს ათიანზე სწავლობენ,“ – გვითხრეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

კომპიუტერებს სსიპ  „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის   განვითარების სააგენტო“  იძენს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამუნა მინდიაშვილის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ სასაჩუქრე ნოუთბუქების შესაძენად ორი მილიონ 791 100 ლარი დახარჯა, გასულ წელს კი – ერთი მილიონ 565 856 ლარი.

„წელს 82 კომპიუტერით მეტი შევიძინეთ, რადგან გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა სკოლებმა დაგვიანებით მოგვაწოდეს მონაცემები და 14 კომპიუტერის დამატება მოგვიხდა, რაც დროში გაიწელა. ნოუთბუქები არის  „ლენოვოს“  ფირმის. წელს გაუმჯობესებული მოდელები შევიძინეთ,“ –  გვეუბნება ის.

სასაჩუქრე ნოუთბუქები მხოლოდ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული.

კომპიუტერების შესყიდვა სამინისტროს პროგრამის  – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება.

ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს

გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ოსტროვის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მფლობელის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას წინასწარ განზრახვით წაუკიდეს.

სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ცეცხლი დაზარალებული პირის მეზობლებმა წყლით ჩააქრეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 167 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას  ცეცხლის წაკიდებით. „დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ განაცხადეს, რომ ამ ინციდენტის შედეგად დაზარალდა ქალი – მის მანქანას ცეცხლი ყოფილმა ქმარმა წაუკიდა.

 

14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ  „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“.

„სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა არც გოგონები მეგობრობენ ჩემთან. წიგნებს მიხევენ ან თავში მირტყამენ“, – ამბობს გოგონა.

ის ამბობს, რომ ბულინგის შემთხვევებზე დამრიგებელსა და დირექტორსაც არაერთხელ მიმართა, თუმცა მათ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.  „დირექტორს ველაპარაკეთ, თუმცა მეორე დღეს, როცა ნათია სკოლაში მივიდა, ბავშვებმა ისევ დაუწყეს დაცინვა. ჩამორჩენილოო ეძახდნენ“, –  გვეუბნება გოგოს დედა.

მოზარდი და მისი დედა მხოლოდ სალიბაურის სკოლაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა „ბათუმელებმა“ მოგვიანებით გაარკვია, რომ გოგონა ამ სკოლაში 2015 წლის თებერვლის შემდეგ აღარ ირიცხება. ის ამჟამად 22-ე საჯარო სკოლაშია რეგისტრირებული.

„როგორც კლასის ხელმძღვანელისგან ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო ვეღარ დადიოდა სკოლაში. მამა არ უშვებდა, სახლში უმცროს ბავშვებს აზრდევინებდა. კლასის ხელმძღვანელი ოჯახში მივიდა რვაჯერ,  ბავშვი რომ წამოეყვანა, თუმცა მშობელმა არ გამოატანა, ჩასაცმელი არ აქვსო“, –  გვეუბნება სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე. ამ სკოლას პანსიონის ლიცენზიაც აქვს.

დირექტორის თქმით,  „მოზარდი, მგონი, ბათუმის 22-ე სკოლაში გადაიყვანეს. ჩვენ 2015 წლის თებერვალში შევუჩერეთ სტატუსი, რადგან სკოლაში არ დადიოდა“.

„ბათუმელების“  კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მოზარდი ბულინგის მსხვერპლი იყო? –  დირექტორი ამბობს, რომ  „ხუმრობა ოჯახშიც ხდება და მიზანმიმართულად კლასელი ამას არ გაუკეთებს“. თუმცა, მოგვიანებით თვითონვე დასძინა, რომ სკოლაში  „უარესებიც ხდება“.

„თავში წიგნის ჩარტყმას რაც შეეხება, ის გოგო მისი დაქალია. მეგობრები არიან და როცა ეუბნები ასე რატომ აკეთებს, გეუბნებიან, რომ  „თამაშობენ“.  რა თქმა უნდა, ვუხსნით, რომ ეს ძალადობაა, მაგრამ ზოგიერთი მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბავშვების ნაწილი აგრესიულია და მათ ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრიც სჭირდებათ, თუმცა მშობლებს ექიმთან მაინც არ მიჰყავთ ის გოგონა, რომელიც ამბობს, რომ დასცინოდნენ, სკოლაში  სულ სამჯერ იქნება მოსული და ვინ მიაყენებდა შეურაცხყოფას?“  –  გვეუბნება დირექტორი.

დირექტორი გვიყვება, რომ სკოლას ამ მოზარდის უფროსი დაც ხშირად აცდენდა, შემდეგ კი არასრულწლოვანი გათხოვდა.  „მშობლები არც მას უშვებდნენ სკოლაში.  24 საათი სახლში ჯდომას გათხოვება ამჯობინა. ან ამუშავებდნენ, ან ბავშვებს აზრდევინებდნენ. ეს იყო მიზეზი. ჩვენ ვეუბნებოდით მშობლებს, რომ ვალდებულები იყვნენ ცხრა კლასამდე ბავშვისთვის მიეცათ  განათლება, თუმცა სკოლაში მაინც არ უშვებდნენ“.

14 წლის მოზარდი სკოლაში სიარულის ნაცვლად, საოჯახო საქმეებითაა დაკავებული
14 წლის მოზარდი სკოლაში სიარულის ნაცვლად, საოჯახო საქმეებითაა დაკავებული

დირექტორი ირწმუნება, რომ მოზარდების მდგომარეობის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოც იყო ინფორმირებული.  „სოცმუშაკებმა მოიყვანეს ამ სკოლაში ეგ ბავშვები“.

„ბათუმელები“  22-ე საჯარო სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა. გიორგი რუხაძე გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ გოგონა 2015 წლის თებერვალში ნამდვილად ჩაირიცხა მის სკოლაში. ის დაზუსტებით ვერ გვეუბნება, სკოლაში სისტემატურად დადიოდა თუ არა.

„მოზარდი 14 წლისაა, თუმცა ჩვენთან მეექვსე კლასში ჩაირიცხა. როგორც ჩანს, სალიბაურის სკოლაშიც ჩარჩა კლასში. იმ წელს, როგორც ვიცი, დადიოდა, მაგრამ სექტემბრიდან აღარ მოსულა. დამრიგებელმა მითხრა, რომ მის ოჯახს ვერ დაუკავშირდა. როგორც ვიცი, დღესაც ეძებს ამ ბავშვს“, –  გვეუბნება დირექტორი.

გოგონას დედა ექვს შვილთან ერთად, „ოცნების ქალაქში“  ცხოვრობს და მათი პოვნა რთული საერთოდ არ არის.

„კლასში დასცინოდნენ, ჩამორჩენილო, უსწავლელოო ეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემს შვილს ასთმა აქვს, შეტევა ზოგჯერ სკოლაშიც ემართება. მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ავსულიყავი და ჩემი შვილი წამომეყვანა. სკოლამ სასწრაფო არ უნდა გამოიძახოს?“ – ამბობს დედა.

სალიბაურის სკოლის დირექტორი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოზარდი შენობაში მარტო არასდროს იმყოფებოდა და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოსაც იძახებდნენ:  „ჩვენ ბავშვს წამლით ვერ დავეხმარებით. როცა უთავდებოდა წამალი, ვურეკავდით მშობელს და ვაიძულებდით, რომ წამალი მოეტანა.“

ნათიას ტყუპი და-ძმა ჰყავს. ისინი წელს პირველ კლასში უნდა წასულიყვნენ, თუმცა როგორც დედა გვეუბნება, უსახსრობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ შეიყვანა.

„ვერ ვუყიდე ჩასაცმელი. სულ პატარა წლინახევრის მყავს, ბრონხებში ჩირქი ჰქონდა დაგროვილი და ძლივს გადამირჩა. რადგან ქალაქში არ ვართ ჩაწერილი და მერია უკანონო მცხოვრებლებს გვეძახის, სახელმწიფო პროგრამებით არ მეხმარებიან. როცა წვიმს, ეს ტერიტორია საშინლად იტბორება და ბავშვები ხშირად ცივდებიან. წვიმაში  სკოლაში ვერ დადიან. ჩვენი მდგომარეობა ხელისუფლებას არ აინტერესებს“, – ამბობს დედა.

რაც შეეხება უფროსი გოგონას გათხოვებას, დედა ამბობს, რომ ის მოიტაცეს. „პოლიციაში არ გვიჩივლია, რადგან ჩემი შვილი აქ მომეყვანა, სხვისი კი ციხეში ჩამესვა, არ გვინდოდა“, –  თქვა მან.

14 წლის მოზარდი და მისი ოჯახი ე.წ. „ოცნების ქალაქს“ აფარებენ თავს. მათ ქოხში ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა.

“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ

დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს:

ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში. მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას.

შენობას 2008 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით [ბრძ.#3/165] მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, 2016 წლის 13 აპრილს ამ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა ფარნავაზ მეფის #51-ში მდებარე შენობას, რომელსაც ისედაც ჰქონდა ძეგლის სტატუსი.

გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართების მანიპულირებით.

გთხოვთ, შეისწავლოთ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის საკითხი. ქალაქ ბათუმისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ისტორიული შენობის დაცვა და გადარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა საბოლოოდ გაქრება.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობაა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ამის ნაცვლად წლების მანძილზე სააგენტო იცავს მხოლოდ მენაშენეების ვიწრო ინტერესებს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ხარჯზე.

სააგენტოს ხელმძღვანელის ვალდებულებაა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გამოვლენა, აღნუსხვა, დოკუმენტაცია, კონსერვაციის მდგომარეობის შეფასება, დაცვისათვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება და არა მენაშენეებთან გარიგება–მოლაპარაკება და ურბანული მემკვიდრეობის ახალმშენებლობებით ჩანაცვლება.

სამწუხაროდ, ბოლო წლებია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მათ შორის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, სწორედ ქალაქის აქტიური განახლების პოლიტიკას ემსახურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სათანადოდ ვერ ან არ აღიქვამს სააგენტოს დანიშნულებასა და საკუთარ თანამდებობრივ პასუხისმგებლობას; მისი საქმიანობა მიმართულია არა რეგიონის და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ, არამედ საზიანოდ.

მოვითხოვთ, რომ მირანდა ჩარკვიანი გათავისუფლებული იქნას დაკავებული თანამდებობიდან და მისი საქმიანობა იქნას შესწავლილი შესაბამისი უწყებების მიერ.” – აღნიშნულია პრესრელიზში. 

ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი

მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური მაგისტრალი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, სწორედ დეპარტამენტია პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობაზე.

გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე ადასტურებს, რომ უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზა მათ დაქვემდებარებაშია, გზის გასწვრივ კი ნარჩენები უნებართვოდაა დაყრილი.

IMG_20161123_161048

„ღამის თევას ვერ დავიწყებთ მაქ და შლაგბაუმს ვერ გააკეთებ… კონტროლით ყველამ უნდა აკონტროლოს – საზოგადოებამ, ხალხმა… რაღაც-რაღაცები აღმოჩენილი გვაქვს, ვინ რას ყრის და ვიღებთ ზომებს, თუმცა ჯერ ვერ დავასახელებ ვერავის, გასარკვევია სიტუაცია… გვქონდა ჭორის დონეზე – ესენი ყრიანო, ჩავუსაფრდით ერთ დღეს, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ალბათ გააფრთხილეს. ახლა მინდა ისე გამოვიჭირო, რომ ფოტოებიც გადავუღო და დავაჯარიმო. დაჯარიმების ფაქტი ჯერ არ გვქონია“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

დირექტორის თქმით, მართალია, გზა მისი დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, თუმცა „გზაზე უშუალოდ არაფერია დაყრილი, გვერდით ტერიტორია კი ქალაქისაა და პრინციპში, ქალაქმაც უნდა მიაქციოს ყურადღება“.

„ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები როცა მიმდინარეობს, მშენებელი კომპანია ნარჩენებისა თუ ნაგვის გატანაზე ხელშეკრულებას დებს სანდასუფთავების სამსახურთან. თუ ამ ნარჩენებს ყრიან გზაზე და ეს შემჩნეული იქნება ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მაშინ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომა – კანონდამრღვევი  დაჯარიმდება“, – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

გზის ზემოაღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სწორედ ამ ტერიტორიის დაბინძურებისთვის – მიწის დაყრის გამო გასულ წელს გზის მშენებელი ჩინური კომპანია დააჯარიმეს. „რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გავუშვებ ჯგუფს ადგილზე და გავარკვევთ“, – აცხადებს ზაალ მამუჭაძე.

გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, წლის ბოლომდე ამ გზის სავალ ნაწილს ორმულად შეაკეთებენ, მომავალი წლიდან კი საშუალება იქნება გზის მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში პერიოდულად ასფალტის საფარიც გადაეგოს იქ, სადაც დაბზარული და დაზიანებულია არსებული საფარი. ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია საქართველოს საავტომბილო გზების დეპარტამენტთან და შესაბამისი პროექტიც მზად არის.

IMG_20161123_161101

ვისია ბათუმის ბულვარი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი მეპატრონის ხელში და არც ის, მართლა ეყოლება თუ არა მას ახალი პატრონი. ასევე უცნობია, რას უნდა ელოდეს გასაუქმებლად გამზადებული ორგანიზაციის 94 თანამშრომელი.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელიც ამ დრომდე ბულვარის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ბულვარის დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ გაითვალისწინა, მერიამ კი ბულვარის სამართავად თავისი ააიპ-ი შექმნა. დირექტორის დანიშვნისა და თანამშრომლების შერჩევის პრეროგატივაც ახალ დაწესებულებაში მერიას ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ფინანსთა სამინისტრომ თავის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარის სამართავად თანხა აღარ გაითვალისწინა,

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ცისკარ გოგიტიძისთვის უცნობია, ვის დაქვემდებარებაში იმუშავებს მომავალი წლის იანვრიდან. „ეს საკითხი ჯერ გადასაწყვეტია“, – ამბობს ის. შესაბამისად, ბულვარის დირექტორმა არ იცის, ვისთან ერთად უნდა შეადგინოს ბულვარის მართვა-განვითარების მომავალი წლის გეგმა და არც ის – იქნება თუ არა მომავალში ეს ყველაფერი მისი  ვალდებულება.

შეთანხმების შემდეგ, რომ 2017 წელს ბულვარი ბათუმის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდებოდა, მერიამ ბულვარის სამართავად ახალი აიპი – „ბათუმის ბულვარი“ შექმნა. 2017 წლის ბიუჯეტში ამ დაწესებულებისთვის მერიას 3 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სსიპ „ბათუმის ბულვარში“ დირექტორის ჩათვლით 94 პირია დასაქმებული, მათგან უმეტესობა სამსახურში კონკურსის გავლით დაინიშნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ბულვარის მართვაში გადაცემის შემდეგ  სამინისტროს სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აღარ დასჭირდება და, სავარაუდოდ, ორგანიზაციის ლიკვიდაცია განხორციელდება.

„ლიკვიდაციის შემდეგ თანამშრომლები ავტომატურად გათავისუფლდებიან. არ ვიცი როგორ გადაწყვეტს მერია, გადაიყვანს ამ ადამიანებს თავის ორგანიზაციაში, თუ ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს და ისინი მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა ყველა ის სამსახური, რაც ახლა აქვს სამინისტროს სიპს, ალბათ მერიის აიპსაც დასჭირდება“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მართვაში ბულვარის გადასვლაზე მზაობა ორმა უწყებამ მთავარ საფინანსო დოკუმენტების პროექტებში ასახა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, გასულ პარასკევს, ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე ისევ იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ბულვარის დაბრუნების საკითხი ეჭვქვეშ ორი მიზეზის გამო დააყენეს. საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენად საკმარისია სამი მილიონი ლარი ბულვარის სამართავად, როცა გასულ წელს ბულვარის დაფინანსება  11 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს ბულვარის  სასამართლო დავებზე მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი მიქელაძის თქმით, აჭარის ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ კომპანიებს შეუსრულებელ ვალდებულებებსა და 160 ათას ლარს ედავება. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მერიამ ბულვარი მანამდე არ უნდა დაიბრუნოს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება.

უმრავლესობის არგუმენტებს არ ეთანხმება საკრებულოს ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბულვართან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საკრებულომ უნდა მიიღოს და არა ფინანსთა სამინისტრომ ან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება დაფინანსებას, ბულვარის მართვისა და მოვლა-პატრონობისთვის 11 მილიონი ლარი მხოლოდ 2016 წელს იყო გათვალისწინებული; ამ თანხიდან 10 მილიონი ლარი ბულვარის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჰქონდათ გაწერილი. სწორედ დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია ბულვარის დამცველების პროტესტი გასულ წელს. ამას შემდეგ ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხის გააქტიურება მოჰყვა. 2015 წელს ბულვარის ბიუჯეტი ჯამში 6 მილიონი ლარი, 2015 წელს კი 4 მილიონი ლარი იყო.

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხს ბათუმის საკრებულომ მხარი 2014 წლის აპრილში დაუჭირა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. მაშინ დავით ბალაძე აცხადებდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში ის ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო ბულვარის ადმინისტრაციაც.

შენიშვნა: სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 28 ნოემბერს. 2 დეკემბერს კი ბათუმის საკრებულომ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკი ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარის დაფინანსების საკითხიც უნდა აისახოს.

ამავე თემაზე:

ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

საზოგადოება “ბათომი” ზურაბ პატარაძეს მიმართავს [ანონსი]

შაბათს, 3 დეკემბერს, 13 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოება “ბათომი” ბრიფინგს გამართავს ბათუმში, ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე ისტორიულ შენობასთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით.

შენობა ფარნავაზ მეფის ქუჩის #57-ში  მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ნაწილია. “ბათომი” მიიჩნევს, რომ შენობის დანგრევა დანაშაულია და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას. 

 

როგორ აღნიშნეს შიდსის მსოფლიო დღე ბათუმში გაეროს მოსახლეობის ფონდმა და „თანადგომამ”

გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისმა შიდსის მსოფლიო დღე – პირველი დეკემბერი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით აღნიშნა.

დღეს, 2 დეკემბერს, „თანადგომის“ ოფისში ტრენინგი ჩაუტარდათ ბათუმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, აჭარაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრია. საქართველოს მასშტაბით ინფიცირების 6067 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 697 – აჭარაში.

„დღევანდელი შეხვედრა ეხმიანება შიდსის მსოფლიო დღეს და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ ერთად ვატარებთ ტრენინგს აივ პრევენციის პრაქტიკული მიდგომების შესახებ, რაც გულისხმობს და მოიცავს ძირითადად პრევენციის სერვისებთან ხელმისაწვდომობის გაზრდას, ძალადობის აღკვეთას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია აივ ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად,“ – აღნიშნა ნატალია ზაქარეიშვილმა.

ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორის, ლია ჯინჭარაძის თქმით, აივ ინფიცირებისა და შიდსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და კერძოდ აჭარისთვის, იმდენად რამდენადაც რეგიონში ყოველწლიურად მზარდია აივ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა: „ის ადამიანები, ვინც რისკ ჯგუფებთან ვმუშაობთ, მუდმივად ვცდილობთ , რომ გავეცნოთ ახალ ხედვებს, ახალ მიდგომებს, პრევენციის საკითხებს. დღეს ჩვენ ვეცადეთ ჩვენი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, რაც დაგვეხმარება შესაბამის რისკ ჯგუფებთან მუშაობის დროს“.

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო
ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო
ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო
ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო
ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო
ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

შეხვედრა შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გუშინ, პირველ დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგმომამ“ კინოთეატრ „აპოლოშიც“ აღნიშნეს, სადაც მხატვრული ფილმი – „ბავშვები“ აჩვენეს და ფილმის შემდეგ დისკუსიაც გაიმართა.

ღონისძიების ავტორების განმარტებით, ფილმის ჩვენების მთავარი მიზანი მოზარდებში ცნობიერების ამაღლება იყო აივ ინფექციის პრევენციის შესახებ.

ნატალია ზაქარეიშვილის განმარტებით, აივ შიდსის პრევენციის საკითხებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, რათა მათი ჩართულობით და მათი ინფორმირებულობით შესაძლებელი გახდეს მათივე თანატოლებში სწორი ინფორმაციის და სწორი აქცენტების გავრცელება:

„ახალგაზრდების ეროვნული კვლევის მონაცემების მიხედვით საქართველოში 19-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 17.4% ფლობს სწორ ინფორმაციას აივ ინფექციის გადამცემი გზების შესახებ, ხოლო 15- 19 წლის მოზარდებს შორის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – 14%. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და იცოდნენ სარისკო ქცევების, ასევე რისკებისა და არსებული სერვისების შესახებ“.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ასეთ პროცესებში, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების. ის სტიგმა, რაც საზოგადოებაში არსებობს შიდსთან და აივ ინფექციასთან დაკავშირებით, უნდა მოიხსნას. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ამ თემების ირგვლივ, უფრო მეტი გავაკეთოთ მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სენი და ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სოფიო ბაკურიძემ, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა.

კინოჩვენება "აპოლოში". როინ გუნდაძის ფოტო
კინოჩვენება “აპოლოში”. როინ გუნდაძის ფოტო

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 4508 მამაკაცია, 1557 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისის განცხადებით, ორგანიზაცია სტრატეგიულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს აივ პრევენციის გაძლიერებას. ამავდროულად, ხელს უწყობს საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას აივ/შიდსის პრევენციის შესახებ და მათი ჩართულობით, სწორი გზავნილების გავრცელებას მათ თანატოლებში.

UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი შიდსის მსოფლიო დღეს, 2016 წლის პირველ დეკემბერს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„დიდი ხანია, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ შიდსის პრევენცია სერიოზულ ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. იმედი იმისა, რომ შიდსის ეპიდემიის გავრცელებას შევაჩერებთ, ვერ გვექნება, როცა აივ-ით ყოველდღიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი ინფიცირდება.

აივ/შიდსის მკურნალობამ, რომელიც 2016 წელს 18 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა, მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა და ახალი ინფექციების გავრცელების რისკი შეამცირა, მაგრამ მხოლოდ მკურნალობა აივ-ის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

ჩვენ ვიცით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს უკეთესი შედეგის მისაღებად: მთავრობებმა, საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაზარდონ ინვესტირება ისეთი ინტერვენციების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქცევის შეცვლას, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Exit mobile version