კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი

03.12.2016
ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი

მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური მაგისტრალი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, სწორედ დეპარტამენტია პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობაზე.

გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე ადასტურებს, რომ უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზა მათ დაქვემდებარებაშია, გზის გასწვრივ კი ნარჩენები უნებართვოდაა დაყრილი.

IMG_20161123_161048

„ღამის თევას ვერ დავიწყებთ მაქ და შლაგბაუმს ვერ გააკეთებ… კონტროლით ყველამ უნდა აკონტროლოს – საზოგადოებამ, ხალხმა… რაღაც-რაღაცები აღმოჩენილი გვაქვს, ვინ რას ყრის და ვიღებთ ზომებს, თუმცა ჯერ ვერ დავასახელებ ვერავის, გასარკვევია სიტუაცია… გვქონდა ჭორის დონეზე – ესენი ყრიანო, ჩავუსაფრდით ერთ დღეს, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ალბათ გააფრთხილეს. ახლა მინდა ისე გამოვიჭირო, რომ ფოტოებიც გადავუღო და დავაჯარიმო. დაჯარიმების ფაქტი ჯერ არ გვქონია“, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

დირექტორის თქმით, მართალია, გზა მისი დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, თუმცა „გზაზე უშუალოდ არაფერია დაყრილი, გვერდით ტერიტორია კი ქალაქისაა და პრინციპში, ქალაქმაც უნდა მიაქციოს ყურადღება“.

„ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები როცა მიმდინარეობს, მშენებელი კომპანია ნარჩენებისა თუ ნაგვის გატანაზე ხელშეკრულებას დებს სანდასუფთავების სამსახურთან. თუ ამ ნარჩენებს ყრიან გზაზე და ეს შემჩნეული იქნება ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მაშინ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომა – კანონდამრღვევი  დაჯარიმდება“, – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

გზის ზემოაღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სწორედ ამ ტერიტორიის დაბინძურებისთვის – მიწის დაყრის გამო გასულ წელს გზის მშენებელი ჩინური კომპანია დააჯარიმეს. „რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გავუშვებ ჯგუფს ადგილზე და გავარკვევთ“, – აცხადებს ზაალ მამუჭაძე.

გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, წლის ბოლომდე ამ გზის სავალ ნაწილს ორმულად შეაკეთებენ, მომავალი წლიდან კი საშუალება იქნება გზის მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში პერიოდულად ასფალტის საფარიც გადაეგოს იქ, სადაც დაბზარული და დაზიანებულია არსებული საფარი. ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია საქართველოს საავტომბილო გზების დეპარტამენტთან და შესაბამისი პროექტიც მზად არის.

IMG_20161123_161101

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: