14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს


„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ  „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“.

„სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა არც გოგონები მეგობრობენ ჩემთან. წიგნებს მიხევენ ან თავში მირტყამენ“, – ამბობს გოგონა.

ის ამბობს, რომ ბულინგის შემთხვევებზე დამრიგებელსა და დირექტორსაც არაერთხელ მიმართა, თუმცა მათ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.  „დირექტორს ველაპარაკეთ, თუმცა მეორე დღეს, როცა ნათია სკოლაში მივიდა, ბავშვებმა ისევ დაუწყეს დაცინვა. ჩამორჩენილოო ეძახდნენ“, –  გვეუბნება გოგოს დედა.

მოზარდი და მისი დედა მხოლოდ სალიბაურის სკოლაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა „ბათუმელებმა“ მოგვიანებით გაარკვია, რომ გოგონა ამ სკოლაში 2015 წლის თებერვლის შემდეგ აღარ ირიცხება. ის ამჟამად 22-ე საჯარო სკოლაშია რეგისტრირებული.

„როგორც კლასის ხელმძღვანელისგან ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო ვეღარ დადიოდა სკოლაში. მამა არ უშვებდა, სახლში უმცროს ბავშვებს აზრდევინებდა. კლასის ხელმძღვანელი ოჯახში მივიდა რვაჯერ,  ბავშვი რომ წამოეყვანა, თუმცა მშობელმა არ გამოატანა, ჩასაცმელი არ აქვსო“, –  გვეუბნება სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე. ამ სკოლას პანსიონის ლიცენზიაც აქვს.

დირექტორის თქმით,  „მოზარდი, მგონი, ბათუმის 22-ე სკოლაში გადაიყვანეს. ჩვენ 2015 წლის თებერვალში შევუჩერეთ სტატუსი, რადგან სკოლაში არ დადიოდა“.

„ბათუმელების“  კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მოზარდი ბულინგის მსხვერპლი იყო? –  დირექტორი ამბობს, რომ  „ხუმრობა ოჯახშიც ხდება და მიზანმიმართულად კლასელი ამას არ გაუკეთებს“. თუმცა, მოგვიანებით თვითონვე დასძინა, რომ სკოლაში  „უარესებიც ხდება“.

„თავში წიგნის ჩარტყმას რაც შეეხება, ის გოგო მისი დაქალია. მეგობრები არიან და როცა ეუბნები ასე რატომ აკეთებს, გეუბნებიან, რომ  „თამაშობენ“.  რა თქმა უნდა, ვუხსნით, რომ ეს ძალადობაა, მაგრამ ზოგიერთი მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბავშვების ნაწილი აგრესიულია და მათ ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრიც სჭირდებათ, თუმცა მშობლებს ექიმთან მაინც არ მიჰყავთ ის გოგონა, რომელიც ამბობს, რომ დასცინოდნენ, სკოლაში  სულ სამჯერ იქნება მოსული და ვინ მიაყენებდა შეურაცხყოფას?“  –  გვეუბნება დირექტორი.

დირექტორი გვიყვება, რომ სკოლას ამ მოზარდის უფროსი დაც ხშირად აცდენდა, შემდეგ კი არასრულწლოვანი გათხოვდა.  „მშობლები არც მას უშვებდნენ სკოლაში.  24 საათი სახლში ჯდომას გათხოვება ამჯობინა. ან ამუშავებდნენ, ან ბავშვებს აზრდევინებდნენ. ეს იყო მიზეზი. ჩვენ ვეუბნებოდით მშობლებს, რომ ვალდებულები იყვნენ ცხრა კლასამდე ბავშვისთვის მიეცათ  განათლება, თუმცა სკოლაში მაინც არ უშვებდნენ“.

14 წლის მოზარდი სკოლაში სიარულის ნაცვლად, საოჯახო საქმეებითაა დაკავებული

14 წლის მოზარდი სკოლაში სიარულის ნაცვლად, საოჯახო საქმეებითაა დაკავებული

დირექტორი ირწმუნება, რომ მოზარდების მდგომარეობის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოც იყო ინფორმირებული.  „სოცმუშაკებმა მოიყვანეს ამ სკოლაში ეგ ბავშვები“.

„ბათუმელები“  22-ე საჯარო სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა. გიორგი რუხაძე გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ გოგონა 2015 წლის თებერვალში ნამდვილად ჩაირიცხა მის სკოლაში. ის დაზუსტებით ვერ გვეუბნება, სკოლაში სისტემატურად დადიოდა თუ არა.

„მოზარდი 14 წლისაა, თუმცა ჩვენთან მეექვსე კლასში ჩაირიცხა. როგორც ჩანს, სალიბაურის სკოლაშიც ჩარჩა კლასში. იმ წელს, როგორც ვიცი, დადიოდა, მაგრამ სექტემბრიდან აღარ მოსულა. დამრიგებელმა მითხრა, რომ მის ოჯახს ვერ დაუკავშირდა. როგორც ვიცი, დღესაც ეძებს ამ ბავშვს“, –  გვეუბნება დირექტორი.

გოგონას დედა ექვს შვილთან ერთად, „ოცნების ქალაქში“  ცხოვრობს და მათი პოვნა რთული საერთოდ არ არის.

„კლასში დასცინოდნენ, ჩამორჩენილო, უსწავლელოო ეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემს შვილს ასთმა აქვს, შეტევა ზოგჯერ სკოლაშიც ემართება. მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ავსულიყავი და ჩემი შვილი წამომეყვანა. სკოლამ სასწრაფო არ უნდა გამოიძახოს?“ – ამბობს დედა.

სალიბაურის სკოლის დირექტორი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოზარდი შენობაში მარტო არასდროს იმყოფებოდა და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოსაც იძახებდნენ:  „ჩვენ ბავშვს წამლით ვერ დავეხმარებით. როცა უთავდებოდა წამალი, ვურეკავდით მშობელს და ვაიძულებდით, რომ წამალი მოეტანა.“

ნათიას ტყუპი და-ძმა ჰყავს. ისინი წელს პირველ კლასში უნდა წასულიყვნენ, თუმცა როგორც დედა გვეუბნება, უსახსრობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ შეიყვანა.

„ვერ ვუყიდე ჩასაცმელი. სულ პატარა წლინახევრის მყავს, ბრონხებში ჩირქი ჰქონდა დაგროვილი და ძლივს გადამირჩა. რადგან ქალაქში არ ვართ ჩაწერილი და მერია უკანონო მცხოვრებლებს გვეძახის, სახელმწიფო პროგრამებით არ მეხმარებიან. როცა წვიმს, ეს ტერიტორია საშინლად იტბორება და ბავშვები ხშირად ცივდებიან. წვიმაში  სკოლაში ვერ დადიან. ჩვენი მდგომარეობა ხელისუფლებას არ აინტერესებს“, – ამბობს დედა.

რაც შეეხება უფროსი გოგონას გათხოვებას, დედა ამბობს, რომ ის მოიტაცეს. „პოლიციაში არ გვიჩივლია, რადგან ჩემი შვილი აქ მომეყვანა, სხვისი კი ციხეში ჩამესვა, არ გვინდოდა“, –  თქვა მან.

14 წლის მოზარდი და მისი ოჯახი ე.წ. „ოცნების ქალაქს“ აფარებენ თავს. მათ ქოხში ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com